ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
19 ოქტომბერი, 2015


ბამბაქულას თავგადასავალი (სახეცვლილება, რისი შემძლეა ბამბაქულა)

    ს ა ხ ე ც ვ ლ ი ლ ე ბ ა 

        ერთ დღეს ბამბაქულა რაღაც უცნაურ გუნებაზე დადგა. ხასიათის შეცვლა გარეგნულადაც შეეტყო: სულ ერთიანად შავმოიისფროდ ჩაკუპრული, მოღუშვით გამოიყურებოდა. ისე გადასხვაფერდა, ნიავმაც ძლივსღა იცნო.
        - ეს რა დაგმართია, სულ სხვა ფერი გადევს, - უთხრა გაოცებულმა. და, როგორც გულშემატკივარმა მეგობარმა, მისი გამხიარულება სცადა.
      - მოდი ერთი გაგაქროლო, ხასიათზე მოხვალ.
      ბამბაქულამ არც ახლა გასცა ხმა. მრისხანედ კოპებშეკრული მძიმე-მძიმედ ეშვებოდა ძირს, მიწისაკენ. ნიავმა ლაღი სიცილით მაინც გადახვია მკლავი და გაქროლება მოუნდომა.
      - თავი დამანებე, შენთვის არა მცალია, - შეუღრინა ბამბაქულამ.
      - ნეტავი რა საქმე გამოგიჩნდა ასეთი? - გაოცდა ნიავი.
      ბამბაქულას ნიავისთვის ერთხელ არ შეუხედავს, მოღუშული, საქმიანი იერით ეშვებოდა მიწისკენ.
      - რა ფარსაგი სჭირს - იფიქრა შეშფოთებულმა ნიავმა და ხასიათზე მოსაყვანად ისევ მოინდომა შეთამაშებოდა ბამბაქულას. მთელი ძალით დაჰქროლა, მაგრამ ბამბაქულა ისე დამძიმებულიყო, ადგილიდან ვერ დაძრა.
      რაკი არაფერი გამოუვიდა, მიანება თავი.
      ფერშეცვლილი და მოღუშული ბამბაქულა კი ეშვებოდა და ეშვებოდა დაბლა. თანაც სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა და მძიმდებოდა, უფრო საშიშ იერს იღებდა. თითქმის ხის კენწეროებს შეეხო, როცა მისი ფერშეცვლილი სხეულიდან წვიმის წვეთები წამოვიდა.
      ბამბაქულა საქმიანი იერით დაეკიდა ჰაერში, წვიმა თქეშად ეღვრებოდა კალთებიდან.
        კარგა ხანს ეკიდა ასე, უძრავად.
      - ვაიმე, სულ მთლად დავილიე. - აღმოაჩინა უეცრად.
      მართლაც პატარა თეთრი ბაფთის ტოლაღა დარჩენილიყო.
      გადაეფინა ხის ტოტზე ნამდვილი ბაფთასავით და გაყუჩდა.
      მალე ნიავიც გაჩნდა, ერთი დაუქროლა და ბუმბულივით აიტაცა ბამბაქულა.
      - უჰ, რა მსუბუქი ხარ, სულ ცოტა ხნის წინ კი რა მძიმე იყავი, - უთხრა ნიავმა.
      ბაფთისტოლა ბამბაქულას ლაპარაკის თავი სადღა ჰქონდა, მორჩილად მიჰყვა ნიავის ქროლვას. გზადაგზა კი ნაწვიმარი მიწიდან ადენილ ტენს ისრუტავდა, ისევ ივსებოდა და ფუვდებოდა.

                      რისი  შემძლეა ბამბაქულა


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები