| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: საბავშვო 23 ოქტომბერი, 2015 |
თ ვ ი თ მ ფ რ ი ნ ა ვ თა ნ შ ე ხ ვ ე დ რ ა
ცის კაბადონზე სეირნობისას ბამბაქულა ხან რას გადაეყრებოდა და ხან რას. თუ გუნებაზე იყო, საუბარს გაუბამდა, თუ არა და ჩუმად, უხმოდ გაცურდებოდა გვერდზე. რამდენჯერმე თვითმფრინავიც შეხვედრია, მაგრამ ბამბაქულა დიდ ყურადღებას არ აქცევდა. ძალიან სწრაფად დაფრინავენ, თანაც ისე ხმაურობენ, მათთან ლაპარაკი შეუძლებელიაო, ამბობდა. არც თვითმფრინავები რჩებოდნენ ვალში, გვერდით ისე ჩაუქროლებდნენ, ზედაც არ შეხედავდნენ ხოლმე. ანდა თუ ბამბაქულა წინ დაუხვდებოდათ, პირდაპირ შუაზე კვეთდნენ და ფრენას აგრძელებდნენ. ეს ცოტა არ იყოს, სწყინდა ბამბაქულას, მაგრამ თავს იმით ინუგეშებდა, არ მიცნობენ, ვინცა ვარ, თორემ აუცილებლად გზას დამითმობდნენო. ჰოდა, აი ერთ მშვენიერ დღეს ბამბაქულამ გადაწყვიტა თავისი თავი გაეცნო თვითმფრინავისთვის. სთხოვა თავის მეგობარ ნიავს, ერთი ისე გამაქროლე, თვითმფრინავს არ ჩამოვრჩე და მასთან საუბარი შევძლოო. ნიავმაც მაშინვე შეუსრულა თხოვნა - თვითმფრინავის გვრდით გააქროლა ბამბაქულა. - მიცნობ, მე ვინა ვარ? - ჰკითხა ბამბაქულამ, როგორც კი თვითმფრინავს გაუსწორდა. - როგორ არ გიცნობ, ღრუბელი ხარ, - უთხრა თვითმფრინავმა. - უბრალო ღრუბელი? - თეთრი, მსუბუქი ღრუბელი, - დააზუსტა თვითმფრინავმა. - ვხედავ, კარგად გცნობივარ, - წაიბუტბუტა შეურაცხყოფილმა ბამბაქულამ. - ნუთუ ჩემი სახელი ბამბაქულა არასოდეს გაგიგონია? - მე ბევრი რამ მინახავს და გამიგონია, - ღირსეულად უპასუხა თვითმფრინავმა. - ჩემს თვალს არაფერი გამოეპარება. დღისით თუ ღამით, ნისლში თუ მშრალ ამინდში ყოველთვის ერთნაერად ვხედავ. ზეპირად ვიცი რამდენი ქალაქია დედამიწაზე, ვიცი ყოველგვარი მარშრუტი, რომელ ქალაქში როგორ ჩავიდე. ვიცი ჰაერის შედგენილობა, ტენიანობა, ქარის მიმართულება. შენ საით გაცურდები, ისიც კი წინასწარ შემიძლია გამოვიცნო. თვითმფრინავი აღარ ამთავრებდა თავისი ცოდნის საგანძურის ჩამოთვლას, ბამბაქულამ დააპირა კიდეც, გასცლოდა ამ მეტიჩარას, მაგრამ თვითმფრინავის ბოლო სიტყვებმა შეაჩერა. - ბამბაქულა . . . ბამბაქულაც გამიგონია სადღაც, ასე მეჩვენება . . . მოიცა, მოიცა . . . - თვითმფრინავი მეტი დაძაბულობისგან ერთიანად თრთოდა. - ჰო, გამახსენდა, სალონში ერთი პატარა ბიჭი მიზის, იმისგან გავიგონე. დედიკოს ეკითხებოდა ბამბაქულას ამბავს. - სადაა ახლა ის ბიჭუნა? - მღელვარებით შეეკითხა ბამბაქულა. სწორედ შენს მხარეს, ილუმინატორთან ზის. ბამბაქულა ილუმინატორთან მივიდა, გამჭვირვალე მინას თეთრ ბამბასავით აეკრა და მართლა დაინახა პატარა ბიჭუნა. ბიჭუნას მაგრად ეძინა. - ნეტავი გაიღვიძოს და დამინახოს, - სიამაყით წამოიძახა ბამბაქულამ. - ახლა მაინც ხომ მიცნობ? - ჰკითხა თვითმფრინავს. თვითმფრინავს მისი არაფერი გაუგონია. მიწაზე დასაჯდომად ემზადებოდა და მთელი ყურადღება იქით ჰქონდა მიმართული. ბამბაქულა აღარ მოშორდა ილუმინატორს. დაინახა ფართო, ნათელი სალონი. რბილ სავარძელში მგზავრები ისხდნენ, ბიჭუნას გარდა არავის ეძინა. - იცით, მე ვინა ვარ? - იმათაც უთხრა ბამბაქულამ. - მე ბამბაქულას მეზახიან, ზღვის ტალღებზე მძინავს, ნიავთან ერთად დავქრივარ აღმა-დაღმა, ხანდახან იაჟუჟუნებთან ჩამოვდივარ სათამაშოდ. თუ არ გჯერათ, აი, პატარა ბიჭი გაიღვიძებს და ყველაფერს გიამბობთ. ბამბაქულას სიტყვები არავის გაუგონია, ყველა დაძაბული ელოდა თვითმფრინავის დაჯდომას, მხოლოდ ერთმა მოიხედა მისკენ მოუთმენელი სახით და შეშფოთებით თქვა: „ოჰ ეს წყეული ნისლი, თვითმფრინავს ხელი არ შეუშალოს დაჯდომაში!“ - ბამბაქულა ისევ პატარა ბიჭუნას მიაჩერდა, ოღონდ ერთი თვალი მომკრას, აუცილებლად მიცნობსო. მაგრამ ბიჭუნას ისევ ეძინა. მერე თვითმფრინავი დაბლა დაეშვა და ბამბაქულას ისღა დარჩენოდა, მოსცილებოდა ილუმინატორს. - ვერ დამინახა . . . - ბუტბუტებდა გულდაწყვეტილი. ბიჭუნას ისევ გულიანად ეძინა, თვითმფრინავის დაჯდომამდე არ გაუღვიძია. როგორც კი თვალი გაახილა, ილუმინატორიდან თეთრად გაპენტილი ფაფუკი ღრუბელი დაინახა. - ბამბაქულა! - სიხარულით წამოიძახა ბიჭუნამ და ხელი მისკენ გაიწოდა, მაგრამ ბამბაქულას მისი ხმა არ გაუგონია. ნეტა გაეგონა! ვინ იცის, როგორ გაიხარებდა.
ვ ა რ დ ი ს ფ ე რ ი ბ უ შ ტ ი
ნიავს სადღაც შეაგვიანდა. ბამბაქულას ძალიან ,მოსწყინდა. მარტოდმარტო იჯდა ლურჯად მოკრიალებული ცის კაბადონზე. ნეტავი ან ნიავი დაბრუნდებოდეს დროზე, ან ვინმე გამოჩნდებოდეს, თორემ მეტი აღარ შემიძლიაო, ბუტბუტებდა თავისთვის და თან ამთქნარებდა. უცბად, სად იყო და სად არა, ცაში ვარდისფერი საჰაერო ბუშტი გამოჩნდა. ნება-ნება მოფრინავდა და ძაფის ნაწყვეტს მოაკონწიალებდა. ვარდისფრად მოღაჟღაჟე სახეზე შმაკური იერი ეხატა. ბამბაქულას ძალიან მოეწონა მისი ეშმაკური იერი. - მოდი, ერთად ვითამაშოთ, - შესთავაზა ვარდისფერ ბუშტს. - არა მცალია, - მიუგო ვარდისფერმა ბუშტმა, თან შეუჩერებლად მიიწევდა ზევით. - სად მიიჩქარი? - გამოვიპარე და დროზე უნდა დავიმალო. - ვის გამოეპარე? ვარდისფერმა ბუშტმა ძაფის ნაწყვეტით სადღაც ქვევით მიუთითა. გადაიხედა ბამბაქულამ და ორი გოგონა დაინახა, გულდაწყვეტილები შემოჰყურებდნენ მაღლა-მაღლა მიმქროლავ ბუშტს. - ჩემი გულისთვის წაკინკლავდნენ, არა მე და არა მეო, - მხიარულად ხითხითებდა ვარდისფერი ბუშტი. - მეც დრო ვიხელთე და ორივეს დავუძვერი ხელიდან. ეს კი აღარ მოეწონა ბამბაქულას: - ვერ ყოფილხარ კარგი მეგობარი. ვინ იცის, როგორ უნდოდათ შენთნ თამაში, შენ კი გამოეპარე. - თუ ჩემთან თამაში უნდოდათ, უნდა გამფრთხილებოდნენ კიდეც, - უფრო მხიარულად ახითხითდსა ვარდისფერი ბუშტი და კმაყოფილებისგან ჰაერში თითისტარივით დაბზრიალდა. ბამბაქულა ამან კიდევ უფრო გააბრაზა. თათები ფართოდ გაშალა და წინ გადაეღობა: - ახლავე უკან დაბრუნდი! - ამხელა გზა იმისთვის გამოვიარე, რომ ისევ უკან დავბრუნდე ? - გულიანად გაეცინა ვარდისფერ ბუშტს და სცადა გზა აექცია მისთვის. ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა, როგორც ეგონა. ბამბაქულა ჩუმად მიეპარა და თავისი ფაფუკი თათები ღონივრად შემოხვია. ვარდიფერ ბუშტს არც კი უგრძვნია რაიმე, ისევ ისე კმაყოფილი იღიმებოდა. მაგრამ მალე ღიმილი მანჭვად ექცა, კმაყოფილებით გაბუშტული ლოყები დაეჩუტა, სულ ერთიანად დაიჭმუჭნა და დამძიმდა. - უჰ, როგორ ცივა, წამოიძახა მუშტისტოლად მობუზულმა. - მე ვიცი სადაც გათბები, - უთხრა ბამბაქულამ და დაბლა, იქითკენ უბიძგა, სადაც ის ორი გოგონა იდგა მოწყენილი. ვარდისფერ ბუშტს ხმა აღარ ამოუღია, უყოყმანოდ დაეშვა ძირს. ბამბაქულა ფხიზლად უთვალთვალებდა. დაინახა როგორ ჩაუვარდა პირდაპირ ხელებში გოგონებს. ისინიც მაშინვე წაეტანნენ და სიხარულისგან ისეთი ხმამაღალი კისკისი ატეხეს, მაღლა ცაზე მოდარაჯე ბამბაქულამაც მკაფიოდ გაიგონა. ისიც შეამჩნია, რომ ვარდისფერ ბუშტსაც სიამოვნებით გაეღიმა გოგონების სიცილზე, ჩანდა, მასაც გაუხარდა მათთან დაბრუნება. - არც ისე ცუდი მეგობარი ყოფილა ვარდისფერი ბუშტი, შეიძლება მასთან თამაში, - ჩაილაპარაკა ბამბაქულამ და თვითონაც მათკენ აიღო გეზი. უნდოდა შეერთებოდა მხიარულად მოთამაშე გოგონებს და ვარდისფერ ბუშტს, მაგრამ ამ დროს საიდანღაც ნიავი გაჩნდა და ბამბაქულა ისევ ზევით აიტაცა. - ეს რა უდროო დროს გამოჩნდი, - აბუზღუნდა ბამბაქულა, მაგრამ მაინც მიჰყვა ნიავის ქროლვას, ისევ ლურჯი ცის კაბადონს მიაშურა. სანამ თვალს მიეფარებოდა, თეთრი თათი გამაფრთხილებლად დაუქნია გოგონებს, აღარ წაკინკლავდეთ, თორემ მე აქ არ ვიქნები და ვარდისფერ ბუშტს ვიღა დაგიბრუნებთო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. შემიყვარდა ბამბისქულა :) შემიყვარდა ბამბისქულა :)
1. პირველი არა და მეორე კარგი იყო. პირველი არა და მეორე კარგი იყო.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|