ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
8 ნოემბერი, 2015


ყურშა და ულვაშა (ყურშას ფიქრები, ულვაშას ფიქრები)

                                            ყურშას  ფიქრები

      - ისედაც ცალი ყურით მისმენს, იმ ყურსაც მაშინვე სხვა მხარეს მიაბრუნებს, როგორც კი სიზმრის ბილიკს ვახსენებ. არ მოსწონს ამაზე ლაპარაკი. ნეტავ რატომ? ვერაფერი გამიგია . . . არადა, რა კარგი იქნებოდა ჩემთვის თათი გამოეწოდებინა, ერთად გვევლო სიზმრების იდუმალ ბილიკებზე.
      დავყნოსავდი, გავიგებდი, რა სუნი ასდით სიზმრებს. ჩემი აზრით, ყველა ერთნაირი არ იქნება. ჩვენს დიდ ეზოში და მის გარეთაც ყველაფერს თავისი სუნი აქვს. სიზმრებს შორისაც იქნება  განსხვავება, ნამდვილად ვიცი, ნაირნაირ სურნელებათა მთელი თაიგული დამხვდებოდა სიზმრების ბილიკზე. მათ შორის ჩემი პატრონის, შუქრი ძიას სიზმარს გამოვარჩევდი, ამაში ეჭვიც არ მეპარება.
      შევაბიჯებდი მის სიზმარში, როგორც ამას ულვაშა ახერხებს, დაველაპარაკებოდი ჩემს საყვარელ პატრონს, ვეტყოდი, რომ არავინ მყავს მასზე ძვირფასი, რომ ყოველ წამს მზად ვარ, მოვკვდე მისი გულისთვის.
      რას მიქვია კუდის ქიცინი და მწვანიანზე დავლურის ჩამოვლა? სიტყვიერად უნდა შემეძლოს ჩემი გულმხურვალე განცდების გაზიარება საყვარელი პატრონისთვის. საზღვარი არ ექნებოდა ჩემს სიხარულს და ბედნიერებას, ვერც ერთი ძაღლი ვერ შემედრებოდა ამ მხრივ.
      იმასაც ვეტყოდი, ღვიძლი ძმები რომ ვართ. ცოტა არ იყოს, ბუნდოვნად მახსოვს ჩვენი ძმობის ამბავი, (ვაღიარებ) მხოლოდ სავსემთვარეობისას მახსენდება შედარებით ცხადად.
      მან კი სრულიად დაივიწყა. ვცდილობ, შევახსენო; თვალებში შევყურებ ხოლმე დიდხანს, იქნებ ჩემს თვალებში მაინც ამოიკითხოს რაიმე. ტყუილი იმედია, ვერაფერს კითხულობს. ეეჰ, მართლაც რამდენი რამის თქმა მინდა მისთვის, ძალიან მაკლია გულს, რომ ვერა და ვერ ვახერხებ. . .
      რა კარგი იქნებოდა, ცალი ყური მაინც აღარ შეებრუნებინა ულვაშას, როდესაც სიზმარზე ჩამოვუგდებ სიტყვას. მერე კიდევ: თავის  „მიაუსაც“ მეტისმეტად დიდ ფასს ადებს. სულ ჩუმადაა, რამდენიც არ უნდა ველაპარაკო,  ერთ მიაუსაც არ იტყვის ხოლმე, არ ემეტება ჩემთვის. სხვებისთვის კი არ ენანება თავისი „მიაუ“, შემიმჩნევია. იმ დღეს შევესწარი, მეზობელ კატას შეხვდა ღობის ძირას, იმდენი მიაუ თქვა, ვერც კი დაითვლიდი.
      ადამიანებსაც ძალიან მოსწონთ „მიაუ“. გული უჩუყდებათ მისი გაგონებისას. ჩემს ყეფაზე კი არავის უჩუყდება გული. პირიქით, ხმა ჩაიწყვიტეო, ყველა ერთხმად მიყვირის. ჯერ-ჯერობით არ მიმართლებს, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავ. უნდა ვეცადო დაველაპარაკო ულვაშას, ბოლოს და ბოლოს, თანშეზრდილი მეგობრები ვართ. იქნებ ამიხდეს ნატვრა, ორივე ყურით მომისმინოს, სიზმრების ბილიკისკენ გამიკვალოს გზა. . .

                                    ულვაშას  ფიქრები

      ის საძაგელი ძაღლი თავისას არ იშლის. იბოდიალებს, იბოდიალებს და ბოლოს მაინც სიზმრების ბილიკს მიადგება. ძალიან უნდა იქითკენ გამიტყუოს და მერე კვალში ჩამიდგეს, ვერ ეღირსება . . . მეტი საქმე არ მაქვს, ყურშას სიზმრისკენ გავუძღვე. სიზმრების ბილიკს მე ვფლობ, მხოლოდ მე. ვერცერთი სულიერი იქ თათს ვერ დაადგამს ჩემს გარდა. რაღა თქმა უნდა, არც ყურშაა გამონაკლისი. მაინც ასე რატომ ჩამციებია, არ მესმის. ვერა და ვერ ხვდება, სულ ტყუილად რომ ირჯება. მე ხომ არ ვეკითხები, როგორ მიდი-მოდის თავისი ცხვირის წყალობით მზის მიღმა მხარეს, (ულვაშა ჩავლილ თუ მომავალ დროს ასე უწოდებს) ჰო, მზის სხივების სურნელს გრძნობს, ისინიც მზის მიღმა მხარეს მიუძღვებიან, იქ, სადაც არ არსებობს გუშინდელი და მომავალი დღე . . .  ყველა დღე ერთადაა თავმოყრილი.  ყურშა  სამი დღის შესაყარზე თვლემს ხოლმე. (თვითონ ასე უწოდებს) მე ამას მაშინვე ვხვდები, ისეთი ნეტარი იერი აქვს ამ დროს.
      ჰოდა, იაროს, რამდენიც მოესურვება მზის მიღმა თუ გამოღმა. მე ხომ არ ვაცივდები, თან გამიყოლოს მზის სხივების კვალდაკვალ.
      ასეთი რამ არაფრად მჭირდება. მზის სხივები თვითონ მომძებნიან და მომეფერებიან, რატომღა უნდა ვდიო . . .
      არადა, ვერ ისვენებს. აუჩემებია, ჩემს პატრონს უნდა დაველაპარაკოო, უნდა გავაგებინო, რა გულმხურვალედ მიყვარსო. ისიც უნდა ვუთხრა, სამი დღის შესაყარს როგორ მიწვდესო; რა სისულელეა. ადამიანს  არ უნდა გააგებინო ჩვენი საიდუმლო ბილიკების შესახებ, თორემ ყოველგვარი ფასი დაგვეკარგება მის თვალში. ჩვენი რიდი და ხათრი აღარ ექნებათ.
    თან ეს აკვიატება: ღვიძლი ძმები ვართო. რა აღარ მოუვა თავში მაგ დაბდურს. აბა, რა არის მათ შორის საერთო, რითი გვანან ერთმანეთს.
    მითუმეტეს, არც მე მგავს ადამიანი, ამაზე ვერც კი იოცნებებს.  მას ერთადერთი ღირსება აქვს, რაც სხვა ცოცხალ არსებებს არ აქვთ: მან ცეცხლი მოიშინაურა; მე კი ჩემი მხრით, თვითონ ადამიანი მოვიშინაურე. აბა, სხვა რაღა დამრჩენოდა, ცეცხლი ძალიან მიყვარს. სასიამოვნოა მისი სითბო, ფერითაც ლამაზია. რომელიმე სხვა ცხოველს, ვთქვათ, დათვს რომ მოეშინაურებინა ცეცხლი, მეც დათვს მოვიშინაურებდი და არა ადამიანს. თანაც როგორ მეტრაბახება ეგ დაბდური, ჩემს პატრონს ვუყვარვარო. ეს მართლაც მეტისმეტია, ყურშასათვისაც კი. იმიტომ როდი მოვიშინაურე ადამიანები, რომ მაგისთანა დაბდურები უყვარდეთ. ადამიანებს მე ვუყვარვარ, მხოლოდ მე და სხვა არავინ.  განა ვერ ვამჩნევ, რა გულაჩვილებული იერი აქვთ, როცა მეფერებიან ფუმფულა ბეწვზე. ჩემი კრუტუნის გაგონებისას ხომ ლამის გული მისდით ნეტარებისგან.
      თანაც რა სასაცილოები არიან ხანდახან ადამიანები. იმ დღეს შევესწარი, ჩემი დიასახლისი უყვებოდა თავის სტუმარ ქალს, სიზმარში კატა ვნახეო, თავზე მადგა და მელაპარაკებოდაო. გულში მეცინებოდა ამის გაგონებისას. მე ხომ იმ ღამით მისი საწოლის გვერდით პატარა ტუმბოზე ავხტი, კატაბალახას ნაყენს ვყნოსავდი. (აი, რას აქვს მართლაც მეტად საამური სუნი). ჰოდა, სიზმარშიც სწორედ ამიტომ მნახა. მე ვიცი როგორ შევაღწიო ადამიანის სიზმარში. ვცნობ სიზმრის იდუმალ ბილიკებს. ეს დიდზე დიდი საიდუმლოა, რასაც არავის გავუმხელ. რა თქმა უნდა, არც ყურშას. რამდენიც არ უნდა მეხვეწოს, ამ საიდუმლოს ვერ გამომტყუებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები