ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჯანყარაშვილი
ჟანრი: პროზა
11 ნოემბერი, 2015


ნოემბრისფერი, ანუ დედა

ალბათ, ვცხოვრობთ სამნი , მე , დედა და სევდა - ერთმანეთის. დედას შავი თმა აქვს, მოყავისფრო , წყლიანი თვალები; მაჯებზე იმდენი ლურჯი ზოლი ეტყობა და თან ისეთი სიმკვეთრით , ზოგჯერ ყურებაც მიჭირს. ხალებს ვუთვლი-ხოლმე ხელებზე; ვერც წარმოიდგენთ, ისე უხდება. დედას ზურგით მოაქვს მთელი თავისი 39 წელი და კიდევ კარგი , წელში არ მოიხარა ნოემბერივით და ერთი სულის შებერვაღა არ დამრჩა. მუდმივად მარჯვენა ხელს ეყრდნობა, თითქოს ასე უფრო უმსუბუქდება ფიქრები , თვალებს დაბლა ხრის და ზის ასე საათობით. ზოგჯერ მეშინია , ფიქრებში არ დარჩეს და ვექაჩები, ვექაჩები იქამდე, სანამ არ გამომყვება.

,,19 წლის ვარ და დედა მქვია" - ასე იწყებდა თავის ერთ ნაწერს 20 წლის წინ. დედას ნაწერებს უკვე დიდი ხანია მტვერი დაედო, თითქმის ჭერზე გასულ კარადაში უწყვია და არასდროს მაკითხებს. სახლიდან რომ მიდის, ვპარავ ხოლმე , მაგრამ ვერ ვკითხულობ. მესმის , უცნაურია, მაგრამ ვერ - ისეთი საშინელი შეგრძნებაა მისი დარდის თვალებში გაჩხერა. ისეთი მტკივნეულია, როცა იგებ , რატომ ბრაზობს, რატომ უწყლიანდება თვალები , რატომაა ასე ჩუმად სულ. არც ჩემზე დაწერილ ლექსებს ვკითხულობ ხოლმე. მეშინია, თუ წავიკითხავ, სულ არ გამოვეცალო. ნეტავ დედას ყველაზე მეტად რისი ეშინია?

7 წლის წინ, პირველად რომ გამიტაცა საკუთარმა ემოციებმა, დედამ დღიურში მიმიწერა : ,,ერთადერთი ხარ, შენს გვერდით ვარო". მაშინ დიდხანს ვიჯექი ფეხებმოკეცილი იატაკზე და ვკითხულობდი და ვკითხულობდი ამ მინაწერს. მერე დღიური დავკარგე, მაგრამ დღემდე მახსოვს, წითელი კალმით ეწერა ის ფრაზები , მომრგვალო ასოებით, პატარა დაშორებებით. რატომ ვკარგავთ ხოლმე ძვირფას რამეებს?

მას შემდეგ დედას არაფერი დაუწერია ჩემთვის, არც მე - მისთვის. ხომ ვამბობ, ცუდი გოგოები ვართ-მეთქი. ვსხედვართ საათობით ცარიელ სახლში , სადაც ყველაფერი დგას სიმშვიდის გარდა. ვსხედვართ და ვსვამთ ჩაის , ხშირად ან ზედმეტად ხშირად. რამე თუ მაწუხებს და სხეულზე სიმძიმე დამყვება,დედა ისტერიულად იცინის-ხოლმე. ალბათ, ჩემი დარდის ეშინია. თვალები რომ მიმწვანდება და მიწყლიანდება, გავრბივარ და არ მომდევს. იცის,მის იქით მაინც არ გავიქცევი.

დედა ჩემი ნოემბერია. დედა ის ცაა, ჩამოცვენილ ვარსკვლავებს რომ ვუთვლი. დედა ღიმილია -აი, ისეთი , საინტერესო წიგნს რომ კითხულობ და მომენტალურად გადაგეკვრება ყურიდან ყურამდე. დედა ჩემი დარდია – დარდი იმიტომ, რომ ძალიან მინდა, ბედნიერი იყოს. მინდა, საკუთარი თავისთვის იბრძოლოს. მინდა, მაშინ გაიქცეს, როცა გაქცევაა საჭირო და იქნებ, აღარც დაბრუნდეს. მინდა, არ ეშინოდეს დედას მომავალი დღეების. მინდა, ერთმანეთისები ვიყოთ.

ახლაც ზის და მარჯვენა ხელს ეყრდნობა. ალბათ, მეორმოცე წლისაც ეშინია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები