| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 19 ნოემბერი, 2015 |
ვარსკვლავბიჭუნას ძალიან უყვარდა დედამიწა, დიდხანს დაჰყურებდა და ელაციცებოდა შორიდან. ბოლოს კი გადაწყვიტა, სტუმრად წვეოდა თავის რჩეულ ცთომილს. ოღონდ გზას ხელცარიელი როდი დასდგომია... სულით და გულით ენება ზეციურ სტუმარს საჩუქრებით დაემშვენებინა ხელი და ციურ მნათობებს სთხოვა შემწეობა ამ საქმეში. მნათობები გულისხმიერად მოეკიდნენ მის სათხოვარს, დედამიწა მათაც ძალიან უყვარდათ. - ამაზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია, - უთხრა თვალსევდიანმა მთვარემ და ბროლივით გამჭვირვალე ცრემლებით აუვსო ხელისგულები. - მე ჩემს გულიან სიცილს გაგატან. ვიცი, მოეწონებათ, - შეჰღიმა მზემ. - არც ჩვენ დაგტოვებთ გულნაკლული, - აწკრიალდნენ ვარსკვლავები და ვარსკვლავთა მტვერი დააყარეს თავზე. ყოველი მხრით უხვად დაჯილდოებული ეწვია დედამიწას ვარსკვლავბიჭუნა. უმშვენიერეს ქალაქში ამოჰყო თავი. არანაირი სიკეთე არ აკლიაო, სწორედ აქაურობაზე ითქმოდა. ხალხიც მხიარული და ენამჭევრი ჩანდა. ერთი შეხედვისთანავე შეატყობდით, ცხოვრების ავკარგი რომ ესმოდათ. მშვენიერების ამოცნობა და შეფასება მათთვის სულ უბრალო რამ უნდა ყოფილიყო. ეს მაშინვე ინიშნა ვარსკვლავბიჭუნამ და ძალიანაც ესიამოვნა. - გამარჯობათ, დედამიწის მკვიდრნო, ციურ მნათობთა საჩუქრები მოგიტანეთ! ამ სიტყვებთან ერთად ვარსკვლავბიჭუნამ მთვარის ცრემლებით ავსებული ხელები გაიწოდა წინ, მზის სიცილი თვალებში ედგა, მთელ სხეულზე შარავანდედივით დაჰფენოდა ვარსკვლავთა მტვერი. მაგრამ სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა: შემხვედრმა ადამიანებმა ზედაც არ შეხედეს მის გამოწვდილ ხელებს, არც მზის სიცილისთვის მიუქცევიათ ყურადღება და არც ვარსკვლავთა მტვერი შეუნიშნავთ. გაოცდა ვარსკვლავბიჭუნა, ყურადღებით შეათვალიერა შემხვედრთა სახეები. ალბათ მხედველობა ღალატობთო, გაივლო გულში მათი არაფრისმქთმელი იერის დანახვისას. აღარ შეჩერებულა, სხვა ქუჩაზე გადაინაცვლა და იქაც სცადა შემხვედრთა ყურადღების მიქცევა. - მნათობათა საჩუქრები მოგიტანეთ, - უთხრა მოსეირნე ხალხს და მათაც გაუწოდა საჩუქრებით ავსებული ხელები. აქაც ამაოდ დაშვრა. გული მაინც არ გასტეხია, კვლავ გააგრძელა ქალაქის ქუჩებში სიარული. ნახეთ, რა ძვირფასი საჩუქრები მომიტანია თქვენთვისო, ასე ეუბნებოდა განურჩევლად ყველას, ვისაც კი გადაეყრებოდა. ყველგან გულგრილობის გაუვალი კედელი დახვდა წინ. მთელი დღე სიარულში დააღამა. ბოლოს ერთ პატარა ბაღში შეისვენა, დაღონებული ჩამოჯდა მერხზე. ეს რა უჩვეულო რამ ხდებაო, ფიქრობდა გაოცებით. რატომ ვერ ხევავენ აქაურები, თუ რაოდენ ძვირფასი საჩუქრებით მოვსულვარ მათთანო. ამის ფიქრებში გაატარა მთელი ღამე. განთიადის მოახლოებისას ცაზე ღრუბლები წამოიშალნენ. ვარსკვლავბიჭუნას არაფერი გაუგია, კვლავ თავის საგონებელში იყო ჩაფლული. უცბად თავზე წვიმის წვეთი დაეცა. ვარსკვლავბიჭუნამ თავი ასწია, ახლაღა დაინახა ღრუბელი. - ასე რას დაუღონებიხარ? - ჰკითხა ღრუბელმა. იგი საცაა წვიმად უნდა დაღვრილიყო და ასეთ დროს ღრუბელი მუსაიფის ხასიათზეა ხოლმე. თითო-ოროლა წვეთსაც იმ მიზნით გამოიმეტებენ, რა არის ვინმეს ყურადღება მიიპყრონ. ვარსკვლავბიჭუნამ უამბო თავისი გასაჭირი. - ალბათ თვალში არ მოსდით ჩემს მიერ მოტანილი ნობათი, - გულნაკლულად ამბობდა იგი, - მითხრან მაინც თუ ასეა. - მკაცრად ნუ განსჯი მათ, - უთხრა ღრუბელმა, - ისინი ხომ მიწიერნი არიან, მათი მხედველობაც მიწიერია. არ შეუძლიათ ციურ მნათობთა საჩუქრების დანახვა იმ სახით, რა სახითაც შენ მათ სთვაზობ. - მაგაზე სრულებით არ მიფიქრია, - თქვა ვარსკვლავბიჭუნამ და ღრუბელს რჩევა ჰკითხა, როგორ მოვიქცეო. - მომეცი მთვარის ცრემლები, ჩემს წვეთებში გავურევ, მაშინ კი ნამდვილად დაინახავენ ადამიანები. ვარსკვლავბიჭუნას ჭკუაში დაუჯდა ღრუბლის სიტყვები, ხელები მისკენ გაიწოდა. ღრუბელმაც თავისი ბარაქიანი კალთით მაშინვე შეისრუტა მთვარის ცრემლები. კიდევ უფრო გაივსო, მთელ ქალაქს გადაეფოფრა. - მზის სიცილს რაღა მოვუხერხო? - იკითხა თავისთვის ვარსკვლავბიჭუნამ. სიტყვა არც კი დაემთავრებინა, ნაზი საუბარი მოესმა იქვე, ყურისძირში. თურმე ყვავილები გამოეხმაურნენ. - ჩვენ მოგვაბარე მზის სიცილი. ჩვენზე უკეთ ვერავინ გაამჟღავნებს მზის ამ მშვენიერ საჩუქარს. ვარსკვლავბიჭუნამ დიდი სიამოვნებით გაუნაწილა ყვავილებს მზის საჩუქარი და ახლა ვარსკვლავთა მტვერზე დაიწყო ფიქრი. - კარგი იქნებოდა, აქაც დამხმარებოდა ვინმე, - თქვა მან ხმამაღლა. სად იყო და სად არა, ნიავმა ჩამოიქროლა. თან მოიტანა იმ წვიმის სურნელი, რომელიც საცაა უნდა მოსულიყო. - მე შემიძლია მთელ ქალაქს მოვფინო ვარსკვლავთა მტვერი, ყველა მის ბინადართან მივიტანო იგი, - აჩურჩულდა ნიავი. ვარსკვლავბიჭუნამ ნიავის მსუბუქ ფრთებს მიანდო ვარსკვლავთა მტვერი. მანაც მაშინვე აიტაცა და გააქანა ფრენაფრენით. ამის შემდეგ კი ლოდინის მეტი აღარაფერი დარჩენოდა ვარსკვლავბიჭუნას. ცოტათი გულზე მოეშვა, შემწეები რომ აღმოუჩინა ციურ მნათობთა საჩუქრებს, მაგრამ მაინც ძალიან ღელავდა. როგორც იქნა გათენდა. ღამის სიბნელე გაიფანტა. ერთი შეხედვით ეს დილა რაიმე განსაკუთრებულს არაფრით ჰგავდა, ნაცრისფერებით უხვად იყო დახუნძლული. გათენებისთანავე დაიწყო წვიმა. ქალაქელებმა მოწყენილი სახეებით გაიხედეს ფანჯრებში, წვიმა დილით არავის უხარია. მაგრამ სულ მალე უჩვეულო რამ მოხდა: ფანჯრებში მაცქერალ ქალაქელებს სახეები შეეცვალათ, გულაჩუყებული იერი მიიღეს. წვიმა რაღაც განსაკუთრებულად კეთილხმოვანი და მშვენიერი ეჩვენათ. უფრო მეტი ყურადღებით შეხედეს და მთვარის ცრემლები ამოიცნეს მასში. - აი, თურმე რაში ყოფილა საქმე, - თქვეს ქალაქელებმა და ხელისგულები შეაგებეს არაჩვეულებრივად მშვენიერ წვიმის წვეთებს. ყველა კმაყოფილი იყო, ოდნავადაც არ ადარდებდათ, თუ რაიმეში შეაფერხებდათ წვიმიანი ამინდი. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, არავინ გაბრაზებულა წვიმის მოსვლის გამო. ისინიც კი, შემთხვევით გარეთ რომ დარჩნენ და დასველდნენ. მთელი ქალაქი რომ დაგევლოთ, ერთ უკმაყოფილო სახეს ვერ ნახავდით. ყველაზე უჩვეული კი ის იყო, რომ მთვარის ცრემლები მათ ერთმანეთშიც დაინახეს. ამ აღმოჩენამ კიდევ უფრო აუჩუყა გული ქალაქელებს, ზოგიერთებს ცრემლიც კი მოადგა თვალზე. ვინ მოსთვლის, რამდენი გაბუტული ადამიანი შერიგდა იმ დღეს, მეზობლები, მეგობრები, ნათესავები... იმის ნაცვლად, რომ სადავო საკითხები გამოექექათ, მთვარის ცრემლების ძებნას იწყებდნენ ერთმანეთის თვალებში და როცა პოულობდნენ, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს მართლაც სასწაულს ჰგავდა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო... მალე გადაიღო წვიმამ. ყვავილები გაბრწყინდნენ ასკეცი სილამაზით და ფერადოვნებით, როგორც საერთოდ იციან წვიმის შემდეგ... და გულაჩუყებულმა ადამიანებმა ვერაფრით ვერ შეძლეს ჯერ ღიმილის, შემდეგ კი გულიანი სიცილის შეკავება: მათ ცხადად დაინახეს მზის სიცილი ყვავილთა ფერადოვან ფურცლებზეც და აფეთქებულ კოკრებზე. მერე ერთმანეთი შეათვალიერეს გაბადრული სახეებით და აი კიდევ ერთი აღმოჩენა, ერთმანეთშიც დაინახეს მზის სიცილი. ამან მეტი სილაღე და მხიარულება შემატა ამდენ ხალხის ბედნიერ სახეს. იცინოდნენ იმდენს და ისე გულიანად, რომ მეტი აღარ შეეძლოთ. ასე რომ, მთვარის ცრემლებმა და მზის სიცილმა უკვე გაიკვლიეს გზა ადამიანებისკენ ღრუბლის და ყვავილების დახმარებით. ახლა ნიავის ჯერი იყო, მანაც არ დააყოვნა, სულ ფრენაფრენით ჩამოიქროლა და მთელი ქალაქის თავზე მიმოფანტა ვარსკვლავთა მტვერი. აქ კი მართლაც განსაცვიფრებელი ამბები დატრიალდა... ჯერ იყო და ცის ლურჯი თაღი რაღაც არაჩვეულებრივი დიდებულებით გაბრწყინდა. ყურადღებით დააკვირდნენ ქალაქელები ამ არაჩვეულებრივ სილურჯეს და ცხადია, არც ვარსკვლავთა მტვრის დანახვა გასძნელებიათ. ეს კიდევ არაფერი, თვით ვარსკვლავებიც კი გაარჩიეს ცის ლურჯ თაღზე, მიუხედავად იმისა, რომ მზეს გაჰქონდა კაშკაში. დიდი თუ პატარა ერთნაირად მოიხიბლა ამ საოცარი სანახაობით. იმდენ ხანს იყურებოდნენ მაღლა, მზიანვარსკვლავიანი ცისკენ, სანამ კისრები არ ასტკივდათ. როგორც იქნა, დაბლა დაიხედეს, ერთმანეთი შეათვალიერეს და... აქაც ახალი საოცრება: ყველა მათგანს ვარსკვლავის მტვერი ეფინა, ამის წყალობით კი მეტად დიდებული სანახავნი იყვნენ, თითქოს შარავანდელი დაჰფენიათო. თითქოს ახლა აეხილათ თვალები, სულ სხვანაირად წამროუდგნენ ერთმანეთს. - რომ იცოდე, რა სანახვი ხარ, - ეუბნებოდა ერთი მეორეს. - ერთი შენს თავზე დაიხედე, - ღებულობდა პასუხად. ორი კალმოსანი შეხვდა იმ დღეს ერთმანეთს, ვინ მოსთვლის, რამდენი კალამი გაეცვითათ ერთმანეთის ძაგებაში, მელნის რამდენი ტბა დაეშროთ. მათ მაშინვე დაამტვრიეს კალმები და ერთი სალანძღავი სიტყვაც კი აღარ დასცდენიათ ერთმანეთის შესახებ იმის შემდეგ, რამეთუ ცხადად დაინახეს, ვარსკვლავთა ერთნაირი მტვერი ეფინა ორივეს... კიდევ ბევრი სასწაული მოხდა იმ დღეს, ძნელია მათი ჩამოთვლა... ყველა უსაზღვროდ ბედნიერი იყო, რადგანაც გულუხვად დაეჯილდოვებინა ისინი ციურ მნათობებს. ამ მხრივ თურმე არ არსებობს გამონაკლისები. ისეთს ვერავის ნახავთ, ციურ მნათობთა მადლი არ ეფინოს. ეს კი სიმდიდრეთა შორის უდიდესი სიმდიდრეა. ამიტომ გრძნობდა იმ ქალაქის მოსახლეობა თავს ასე ბედნიერად. ასე რომ, ის ქალაქი მდიდართა ქალაქი იყო, საქმეს თუ ამ კუთხით შევხედავთ. ყველა ფლობდა ციურ მნათობთა საჩუქრებს, ანუ, ყველა უსაზღვროდ მდიდარი იყო, ერთის გარდა... ეს ერთი გამონაკლისი ვარსკვლავბიჭუნა გახლდათ. მას აღარ ჰქონდა არც მთვარის ცრემლები, არც მზის სიცილი და არც ვარსკვლავთა მტვერი ეფინა, ეს ყოველივე ხომ ღრუბელს, ყვავილებს და ნიავქარს უბოძა... მაგრამ გულნაკლული სრულებითაც არ დარჩენილა. მსგავსიც კი არაფერი ყოფილა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. და აი რატომ: როგორც ზეციური მადლით მოსილ არსებას, ვარსკვლავბიჭუნას შეეძლო ნებისმიერ ადამიანის გულში დაედო ბინა, შეეძლო მათი განცდების, სევდისა თუ სიხარულის გათავისება და გაზიარება. ამდენად, იგი უბედნიერესი იყო ბედნიერთა შორის და უმდიდრესი მდიდართა შორის, რადგანაც სათითაოდ ყველა ადამიანის მშვენიერ სიხარულში ედო წილი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. საბავშვოსა და სადიდოს შორსაა. ავტორი კი უდაოდ კარგი ადამანია. კეთილი, საბავშვოსა და სადიდოს შორსაა. ავტორი კი უდაოდ კარგი ადამანია. კეთილი,
2. ვარსკლავბიჭუნას მეტი ვერაფერი მოვიწონე.
წვიმა რაღაც განსაკუთრებულად კეთილხმოვანი და მშვენიერი ეჩვენათ. უფრო მეტი ყურადღებით შეხედეს და მთვარის ცრემლები ამოიცნეს მასში.-ვერ მოვიწონე ვარსკლავბიჭუნას მეტი ვერაფერი მოვიწონე.
წვიმა რაღაც განსაკუთრებულად კეთილხმოვანი და მშვენიერი ეჩვენათ. უფრო მეტი ყურადღებით შეხედეს და მთვარის ცრემლები ამოიცნეს მასში.-ვერ მოვიწონე
1. მომეწონა ქალაქიც , ვარსკვლავბიჭუნაც და ზღაპარიც.
ლამაზია.
მომეწონა ქალაქიც , ვარსკვლავბიჭუნაც და ზღაპარიც.
ლამაზია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|