ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
24 ნოემბერი, 2015


ოქროსფერი რექვიემი

      ვიღაც ჩია ტანის კაცი ისე სასაცილოდ მიკელანობდა, უნებლიედ მიიქცია მისი ყურადღება. ეს უფრო ხტუნვას ჰგავს, ვიდრე სიარულსო, გაიფიქრა. სკუპ-სკუპით გადადის ფეხიდან ფეხზე, ასე მაინც სად ეჩქარება, ლამის ასფალტზე გაგორდეს . . .
      ჩია ტანის კაცი აფთიაქის წინ შედგა, ჯიბეებში რაღაც მოიძია. ლევანიც იქვე შეჩერდა, გულის  წვეთების ყიდვას აპირებდა აფთიაქში. სანამ კარებში შეაბიჯებდა, ერთი წამით მოიხედა, ნეტავი იმ სასეირო ფიგურას როგორი ცხვირ - პირი ამშვენებსო. რაღაც ძალიან ნაცნობი მოეჩვენა, უფრო ყურადღებით დააცქერდა: ვინ უნდა იყოს?  ღმერთო, გამახსენე . . .
      სანამ ამ ფიქრებში იყო გართული, თვითონ ჩია ტანის კაცმა შესძახა:  ყინტორ, შენ ხარ?
      ხმა დაეხმარა, გამაღიზიანებლად გაწვრილებული ფალცეტი. აბა, სხვას ვის ექნებოდა ამისთანა ხმა:
      - ცხვირა, შე ძველო . . .
      დიდი ამბით გადაეხვივნენ ერთმანეთს. ლევანი ცდილობდა არ დაერღვია ეთიკის ნორმები, ამ დროს კი ლამის თვალებით შეჭამა თავისი ყოფილი თანაკლასელი: ეეჰ, ირაკლი, ირაკლი. ეს რა დამართია შენს სიფათს! ნიკაპი და ცხვირი ისე მიახლოებია ერთმანეთს, ცოტაც და ჩვენსავით ჩაეხვევიან. ადრეც ამჟღავნებდნენ ერთმანეთისკენ დიდ მისწრაფებას, მაგრამ ასეთნაირად?  ამის წარმოდგენა მაშინ სად შემეძლო, როცა სასკოლო დაფაზე ცარცით ვხატავდი შენს ცხვირს. ზედ მოთხილამურეებს მივახატავდი ხოლმე, ვითომ ტრამპლინი იყო . . .
      ირაკლის მხრიდან საპასუხო ჩაციებული მზერა რომ იგრძნო, უსიამოვნოდ გაიხედა გვერდზე. ნეტავი მე როგორიღა ვჩანვარ მის თვალში, ეკალივით გაკენწლა ამ ფიქრმა. რაო, როგორი უნდა ვჩანდე . . . ზუსტად ისეთივე, რომლის დანახვაც მე თვითონვე აღარ მინდა. რაც კი შემიძლია, თვალს ვარიდებ საკუთარ სახეს. სარკე ისე დგას ჩემს საწოლ ოთახში, შუქის კონა პირდაპირ ხვდება. როცა არ უნდა ჩაიხედო, ერთი ბუნდოვანი ლაქა ჩანს მხოლოდ, მეტი არაფერი . . . რითი უნდა ჰგავდეს ეს ბუნდოვანი ლანდი შენს ძველ ძმაკაცს, რომელსაც სწორედ შენ შეარქვი მეტსახელად ყინტორა, მაღალი კისრის გამო . . . რა უნდა იყოს მათში საერთო . . . როგორ მიკვირდა პატარაობისას, როცა პატარა ბავშვზე იტყოდნენ, ზედგამოჭრილი მამაო, კიდევ უფრო უარესი, თუ ბაბუამისს მიამსგავსებდნენ. ვერავითარ მსგავსებას ვერ ვპოულობდი მათ შორის. ხანში შესული ადამიანები მაშინ ჩემს თვალში ბუნდოვან ლანდებს ჰგვანდნენ. ხანდახან არც კი მეგონა, ცოცხალი არსებები თუ იყვნენ. დრო გადიოდა, იფანტებოდა ბუნდოვანება. ნელ-ნელა ამოცურდნენ ბურუსიდან, შევძელი მკაფიოდ მათი დანახვა . . . ახლა კი მე თვითონ ვიქეცი ბუნდოვან ლანდად . . . გვერდზე მიიხედე, თუ ღმერთი გწამს, ხომ ხედავ, მეც აღარ გიყურებ, მე ისევ იმ ირაკლის შევყურებ, იმ ცხვირა იშკილბაზს . . . ყველასთვის რაღაც უნდა გეხიმანკლა, რაღაც უცნაური უნდა გეთქვა . . .
      - იქ ვილაპარაკოთ! - მოესმა ირაკლის გაწვრილებული ფალცეტი, ისევ იხილა მისი აცა- ბაცა სიარული; რა სასაცილოდ მიკელანობს, კოჭლობით მაშინაც კოჭლობდა. რა შედარებაა, ხანდახან ვერც კი შეამჩნევდი; ცუდად შეხორცებულ მოტეხილობას აბრალებდა, მაგრამ მთელ კლასში ყველამ ვიცოდით, დამლაგებლის შვილისგან (მეზობლები იყვნენ) რომ დაბადებიდან დაჰყვა ცალი ფეხი მოკლე . . . რაო, რა სთქვა? . . . იქ ვილაპარაკოთ, ახლა მიმეჩქარებაო. თუ არ ვცდები, ბოტანიკური ბაღი ახსენა.
      ლევანიმ სცადა ისევ მოეძებნა ირაკლის ჩია ფიგურა ხალხის ტალღაში, მისი ნასახიც არსად ჩანდა.
      თავი დანანებით გადააქნია, ბაღებში სიარული შეჯავრდა, რაც ბუნდოვან ლანდს დაუწყო ყურება საკუთარი გამოსახულების ნაცვლად. ქალაქის ქუჩებში სიარული ერჩივნა. ქალაქში თითქმის არ იგრძნობა წლის დროთა ცვალებადობა. ასფალტი და შენობები იერს დიდად არ იცვლიან, მათთან ერთად თითქოს დროც გაჩერებულა. ბუნების წიაღში ყველაფერი სხვანაირადაა, განუწყვეტლივ გეჩხირება თვალში ეს გაუთავებელი წრე-ბრუნვა; ჯერ საპატარძლოებივით გამოპრანჭული, აყვავებული ხეები, მერე ჩონჩხებივით გაშიშვლებული ტოტები . . . ეს ძალიან აღიზიანებდა ლევანს. თვით ქალაქის ქუჩებშიაც კი არიდებდა თვალს საცოდავად გახოკილ ხეებს.
      ყველაზე უარესი მაინც შემოდგომა იყო: ოქროსფერი ფოთლებით საზეიმოდ შემოსილი ხეები გასასვენებლად გაპატიოსნებულ მიცვალებულს  აგონებდნენ. „რა საჭიროა ამდენი ძოწი და ოქროსფერი.“ ბრაზინად ბუზღუნებდა და ფეხს გამობიჯებით აბიჯებდა ნაირფერი ფოთლების სურნელოვან ხალიჩას; . . . მაინც არ მოუთმინა გულმა და ბოტანიკურ ბაღს მიაშურა მეორე დღეს, ძალიან უნდოდა ირაკლის ნახვა. მონატრებოდა ძველი მეგობარი, მასთან ენის მოქავება, ძველი სასეირო ამბების გახსენება. მერამდენედ უსაყვედურა თავის თავს, მისამართის გამორთმევა როგორ ვერ მოვიფიქრეო. ვიცი, რომ ძველ ბინაში დიდი ხანია აღარ ცხოვრობს, სკოლის დამთავრებისთანავე გადავიდა სადღაც . . . მთელი ათი წუთი ვილაპარაკეთ და ერთი სიტყვაც აღარ მახსოვს, იმ ბოტანიკური ბაღის გარდა, ისე გამაკვირვა მისმა ცხვირპირმა.
      ვერც ტელეფონით გააწყო რამე, რომ დაკავშირებოდა ირაკლის და შეხვედრის ადგილი შეეცვალათ. გამუდმებით ვიღაც უცნობებს აწყდებოდა, რომლებსაც ირაკლის შესახებ არაფერი გაეგონათ. ერთგან ისიც კი უთხრეს, შარშან ამ დროს გარდაიცვალაო. ამის გაგონებაზე ლევანმა ცივად დადო ყურმილი, იმის გამოკვლევაც არ უცდია, მის ძმაკაცზე იყო ლაპარაკი, თუ ვიღაც სხვაზე.
      არც ის იცოდა, ბაღის რომელ კუთხეში დაუნიშნა შეხვედრა ირაკლიმ. ბოტანიკური ბაღი დიდია, მისი გულისათვის მთელ ბაღს ხომ არ შემოვივლიო, ხვნეშოდა ლევანი და მძიმედ მიაბიჯებდა. თანაც ამ შუა ოქტომბერში მოუწია აქ ამოსვლა, როცა გამოუკლებლად ყველა ფოთოლი წითელ - ყვითლადაა შეფერილი და თავის ძველისძველ მესაფლავეს, შემოდგომის ქარს ელოდებიან თვინიერად; დამარბენინებს აღმა - დაღმა, თვითონ კი არსად ჩანს. იქნება გამეხუმრა! ხუმრობა, იცოცხლე, მაგის მოგონილია, რომელი ერთი გავიხსენო . . . ერთხელ მახსოვს, არითმეტიკის გაკვეთილზე პატარა საანგარიშო მანქანები დაგვირიგეს, ფერად - ფერად ნათურებიანი, ბრჭყვიალა კალკულატორები; ახალი წლის წინა დღეები იყო, ირაკლიმ დიდის ამბით აწია ხელი და მეტისმეტად სერიოზული სახით იკითხა, თუ შეიძლება საახალწლო ნაძვის ხეზე კალკულატორი ჩამოვკიდოთო.
      იმ წუთში მართლა სიამოვნებით ჩამოკიდებდა ხეზე ჩვენი მასწავლებელი. ძლივს - ძლივობით დააწყნარა კლასი და იმ ეშმაკის ფეხმა ისევ აურია. სიცილის მეტი აღარაფერი გაგვიკეთებია გაკვეთილის ბოლომდე . . . როგორ ჰგავს გველს, შეიძლება შეგეშინდეს კიდეც ფეხის დაბიჯება.
      გველივით დაგრეხილ ფესვს, აქაოდა არ მეშინიაო, ფეხსაცმლის ჭვინტი დაუდევრად წაჰკრა ლევანმა, ერთი წამით წონასწორობა დაკარგა, ძლივს შეიმაგრა თავი.
      დავღლილვარო, გაიფიქრა. მხოლოდ ახლა შეიგრძნო, გულისცემა გახშირებოდა. მიიხედ - მოიხედა, ასე ორმოცდაათიოდე ნაბიჯზე ხის მერხი შეამჩნია და მისკენ ნელი ნაბიჯით გაემართა. მწვანედ შეღებილ მერხზე ოქროსფერი ფოთლები ეფინა, თითქოს საგანგებოდ დაეფინა მისთვის ვიღაცას.
      ლევანმა შვებით მოიკალათა მერხზე, თავი უკან გადასწია საზურგეს მიწოლილმა, ირგვლივ ჩამორიგებულ ხეთა კენწეროებს ახედა . . .
      სახტად დარჩა, ოქროსფერი სინათლის ისეთი ჩანჩქერი ჩამოეღვარა თავზე, საიდანღაც თავისთავად ამოტივტივდა „ძოწით საზეიმოდ შემოსილი მიცვალებული“, მაგრამ იქვე შეასწორა: არა, მიცვალებულს აღარ გვანან ეს ხეები, ესენი უფრო სინათლის ქანდაკებებს ჰგვანან, ეს განსაკურებით სწორედ ყველაზე ახლობელი ხის შესახებ ითქმის, პირდაპირ თავზე რომ დამყურებს. სულ ერთიანად ოქროსფერი სინათლისაგან ნაქსოვი ქანდაკებაა.
      ერთი ფოთოლი მაინც ერიოს სხვა ფერის. არც ისე ბევრი უნდა იყოს  ასე ერთიანად ოქროსფერი ხეები. უმეტესობას სხვადასხვა ფერები ურევია: მწვანე, ძოწისფერი, ცეცხლისფერი . . .
      მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად მოათვალიერა იქაურობა ყურადღებით, ერთიანად გაყვითლებულ ხეებს დაეძებდა. მართლაც აქა - იქ ჩანდა ასეთი ოქროვანი კარვები, მას რომ ადგა თავზე.
      ბოლოს ისევ ყველაზე ახლობელ ხეს დაუბრუნდა, ნამდვილ სინათლის ქანდაკებას. თვალი ოქროსფერ ფოთლებს გაუშტერა და უეცრად, თვითონაც ვერ გაიგო, როგორ მოუვიდა, ორივე ხელი ფართოდ გაშალა და მთელი გულით გაიცინა: ჰა, ჰა, ჰა . . .
      საკუთარმა ხმამ გამოარკვია, ხელები სასწრაფოდ დაუშვა და შეცბუნებულმა მიიხედ - მოიხედა, შემთხვევით ვინმემ ხომ არ დამინახაო.
      კაციშვილი არ ჭაჭანებდა ირგვლივ. თუმცა ერთი სულიერი მაინც აღმოჩნდა ამ სასეირო სიცილის მოწმე; ძაღლი იყო, მისგან ორიოდე ნაბიჯზე იდგა და უცნაურად აბრჭყვიალებული თვალებით მისჩერებოდა. უშნოდ გაბურძგნულ ჭუჭყიან ლანდს ჰგავდა ამ ოქროსფერი სინათლის ფონზე.
      უსიამოვნოდ შეეჩხირა თვალში ეს ჭუჭყიანი მოჩვენება, აქედან დაიკარგეო, გაბრაზებით დაუყვირა. ძაღლი არც შერხეულა, არც თვალი მოუცილებია მისთვის. ლევანი მერხიდან წამოხტა, ქვას დასწვდა. ძაღლი ზანტად მიბრუნდა და კოჭლობით წაძუნძულდა. ერთი - ორჯერ კიდევ შეუძახა ლევანმა, დაიკარგეო, ქვაც მიაყოლა და მიბრუნდა, რათა საგანგებოდ მისთვის ოქროსფერი ფოთლებით მოფენილ მერხზე დამჯდარიყო.
      დააგვიანა. იქ უკვე დაესწრო ვიღაცას. დაახლოებით მისივე ხნის იქნებოდა, მანიკიურიანი მოვლილი ხელები მერხის საზურგეზე დაეწყო, ისე მკვიდრად იჯდა, ალბათ კარგა ხანს აღარ ადგებოდა იქიდან. ლევანმა გაბრაზებით აარიდა თვალი და ისევ გაუყვა სურნელოვანი ოქროსფერი ხალიჩით მოფენილ ბილიკს. აზრადაც არ მოსვლია, იმ უცნობს მისჯდომოდა გვერდით. ის ოქროსფერი ფოთლები მისთვის იყო დაფენილი, მხოლოდ მისთვის. სხვას ვერ გაუზიარებდა. ეჭვმაც გაჰკრა გულში, შემთხვევით ეგეც ხომ არ  იყო ჩემი სასეირო გატუტუცების მოწმეო.
      კარგა ხანს მოუწია სიარული, სანამ ისეთივე ოქროსფრად აბრიალებულ ხეებს მიაგნებდა. მწვანე  მერხიც იქვე იდგა, მისთვის საგანგებოდ დაფენილი ოქროსფერი ფოთლებით.
      სასწრაფოდ დაეშვა მერხზე. დამჯდარმა მძაფრად შეიგრძნო გაძლიერებული გულისცემა, ყურებიც უწიოდა. მგონი ზედმეტი მომივიდა, არ უნდა მევლო ამდენიო, გაიფიქრა, ჯიბეში ჩაიყო ხელი წამლის ამოსაღებად და უსიამოვნოდ შეიჭმუხნა ცარიელი ფლაკონის დანახვისას. ჰო, მართლა, სწორედ აფთიაქთან არ შეხვდა ის ეშმაკის ფეხი? გადაავიწყდა წამლის ყიდვა . . . დამშვიდდი, დაისვენე, რა გეჩქარება? - ჩაულაპარაკა საკუთარ გულს, თან ხელისგულით მასაჟს იკეთებდა მკერდზე, - ხომ ხედავ, უწამლოდ დავრჩენილვართ, ფრთხილად . . .
    თავი უკან გადასწია და სცადა სხეული მოედუნებინა. გულისცემა თანდათან შენელდა. ჰო, ასე უფრი მშვიდად. მთავარია, არ აღელდე, არაფრის შეგეშინდეს, ყოველივე რიგზე იქნება. ერთი კარგად დავისვენოთ და ამასობაში თუ ის ეშმაკის ფეხი არ გამოჩნდა, ნელ - ნელა გავუყვეთ შინისკენ.
      ასე ემუსაიფებოდა საკუთარ გულს, თან სინათლისგან ნაქსოვი ხეების ცქერით ტკბებოდა: მათ ყურებას არაფერი სჯობია, ამხელა ბედნიერება რატომ უნდა მოაკლო საკუთარ თავს რაღაც ახირების გამო. აწი აღარ აარიდებს თვალს ოქროსფერ ხეებს. თვალი უნდა გაუმაგრო და მერე აღარაფერი მოგეჩვენება საშიში . . . ოქროსფერი კენწეროები დახატულივით მოჩანს ლურჯი ცის ფონზე, მზის სხივები ოქროს სვეტებად ჩამოშვებულა ხეებს შორის . . .
      ბოლოს მისი ყურადღება ოქროსფერი ფოთლების ცვენამ მიიქცია. სიარულის დროს ამას ვერ ამჩნევდა, ახლა კი, მოსვენებით მჯდარს, თვალში ეცა, თუ როგორი ჰაეროვანი, ნარნარი ფარფატით ეშვებოდნენ ძირს. ნახევრად თვალმილულული, ნეტარებით შეჰყურებდა ფოთლების ცეკვა - ტრიალს, თან ჰკვირვობდა, რა სხვადასხვანაირად ბზრიალებენ ჰაერშიო. არც ერთის მოძრაობა არ ჰგავს მეორეს, ერთი ნახე, როგორ მიფრინავს ეს ფოთოლი, რა ზუსტია მისი მოძრაობა. სპირალიდან სპირალზე ინაცვლებს, თითქოს კოსმოსური ხომალდი იყოს, მეორე ნახევარწრეებს ხაზავს, მესამე კი რაღაც რთულ, ამოუცნობ მოძრაობას ასრულებს, ცეკვა - ცეკვით მიფრინავს. ერთიმეორის მიყოლებით წყდებიან სინათლისგან ნაქსოვ ხეებს და მიფრინავენ. სადაც შემთხვევით მოუხდებათ, იქ ეშვებიან, მაგრამ ეს შემთხვევითობა უმშვენიერეს ხალიჩას ქარგავს. რომელი მხატვარი შეძლებს ამ შემთხვევითობაზე უმშვენიერესი სურათის დახატვას?
      და საერთოდ, რატომ ყვითლდებიან ფოთლები?
      თავის მეხსიერებას დაუწყო ჩხრეკა ლევანმა; თუ არ ვცდები, პატივცემულმა ბოტანიკოსებმა ეს მოვლენა ქლოროფილის დაშლით ახსნეს. მერე მაგ დაშლამ გამახარა ასე უზომოდ? დარცხვენით ახლაც გაეცინა, რა გულიანად გადაიხარხარა. ისე მოულოდნელად დაიძრა ის სიხარული სადღაც სიღრმიდან, შეკავება ვერ შეძლო. არ ელოდა . . . აბა ისეთი რა იპოვა იმ მერხთან, ასე რომ გახარებოდა. არა, მე მგონი, რაღაც უფრო მეტი, უფრო მნიშვნელოვანი დავინახე, რაც პატივცემულ ბოტანიკოსებს გამორჩათ მხედველობიდან . . . ყვითელი ფერი კი არა, სინათლე დავინახე, რაღაც საოცარი ნათელი.
      მხოლოდ სიზმარში ვნახე ერთხელ ასეთი სინათლე: მომაკვდავს ვუთევდით ღამეს მე და ჩემი დაი. ერთი წუთით ჩამთვლიმა და მაშინ ვნახე, . . . სინათლე . . . სინათლე . . . სხვა დროსაც გახსენებია ლევანს ეს სიზმარი და ყოველთვის ასე ზედიზედ იმეორებდა ამ სიტყვას, ამით გამოხატავდა, თუ რა საოცარი სინათლე იხილა მაშინ. ცხადში რომ მენახა, ალბათ დამაბრმავებდა კიდეც. ადამიანი ვერ აღიქვამს განათებას რაღაც გარკვეული ზღვარის შემდეგ; ცარიელ სცენას ეცემოდა ის უსაშველოდ დიდი სინათლის ღვარი . . . არაფერი არ იძროდა ირგვლივ, მხოლოდ ერთი წერტილი მოძრაობდა სადღაც შორით. ძაღლი იყო, კოჭლობით მორბოდა. ძალიან ჩქარობდა, ძალიან. თვალის ერთ დახამხამებაში მოირბინა ჩემთან, სულ ახლოს მოვიდა . . . შევკრთი და გამომეღვიძა. ხელი ჩავავლე ჩემს დას, იმასაც ჩასძინებოდა სავარძელში. გავაღვიძე, მომაკვდავისკენ არც გამიხედავს. ისედაც ვიცოდი, ის რაღაცა უკვე მოვიდა . . . დაგწყევლოს ღმერთმა!  გველნაკბენივით წამოხტა, ისევ ის უშნოდ გაბურძგნილი, კოჭლი ძაღლი დაინახა. უჩუმრად წამოპარვოდა რბილ, ოქროსფერ ხალიჩაზე. ერთი ყვირილით და აურზაურით გამოენთო ლევანი, ოცდაათიოდე ნაბიჯით მისდია. რაც კი ხელში მოჰყვა, გოროხი იქნებოდა თუ მოტეხილი ტოტი, ყველაფერი მიაყარა.
      - ღმერთმა დაგწყვლოს, რას გადამეკიდე - უკვე ჩვეული ხმით თქვა და მოტრიალდა მერხისკენ. დაახლოებით შუა გზაზე იქნებოდა, გულის არეში უჩვეულო სიმძიმე იგრძნო. დიდი ძალით დაქაჩა ძირს ამ სიმძიმემ. ლევანი შედგა, მიხვდა, მერხამდე მისვლა გაუჭირდებოდა. სინათლისაგან ნაქსოვი ხე იქვე იდგა, ფრთხილად, თითქოს რაღაცას ეპარებოდა, , ისე გადადგა ის ორი ნაბიჯი, ნელა ჩაიმუხლა ოქროსფერ სურნელოვან ხალიჩაზე. არ უნდა წამოვმხტარიყავი ასე სწრაფად - საყვედურობდა თავის თავს, - ჩამაცივდა ის საზიზღარი მოჩვენება, სიფრთხილე დამავიწყდა; ახლავე  ისევ დავისვენებ და ყველაფერი რიგზე იქნება.
      ზურგით ხეს მიეყრდნო, თვალები მილულა და გაყუჩდა. ელოდა, როდის გაუვლიდა ის უსიამოვნო სიმძიმე გულის მხარეს. მაგრამ სიმძიმე არ აპირებდა შემსუბუქებას. ნელნელა ჩამოცოცდა მარცხენა მხარზე, გაუყვა მკლავს და ხელში ქვასავით ჩაუვარდა. ისე მკაფიო იყო ეს შეგრძნება, თითები ცარიელი ხელის გულს შეახო, მაგრამ სიმძიმე შეუპოვრად იდო იქ.
      - ნუ აღელდები, მთავარია, არ იღელვო - დაარიგა საკუთარი თავი ამ უჩვეულო სიმძიმით შეფიქრიანებულმა. - ეს ალბათ შიშია, დამიმძიმა კიდურები . . . რა თქმა უნდა, საგანგაშო არაფერია, მაგრამ თუ ვინმემ გამოიარა, მაინც შევეხმიანები . . .
      ნელა გაახილა თვალები, რათა მხედველობიდან არ გამორჩენოდა ვინმე შეგვიანებული მოსეირნე. ცა უკვე მიმკრთალებულიყო ოქროსფერი კენწეროების მიღმა, ხეებს შორის აღარსად ჩანდა მზის სხივების კონები, მაგრამ ირგვლივ ისევ ისე ბრიალებდა ოქროსფერი სინათლე. თითქოს მართლა ანათებდნენ ფოთლები. ანდა . . . რატომაც არა . . . ალბათ მართლა ანათებენ, უკანვე ასხივებენ იმ სინათლეს, რაც თავის დროზე მიიღეს მზისგან. ყველა ფოთოლში მზე ანთია, ნამდვილი მზე. ბუნებას უკანვე უბრუნებენ მათში ჩასახლებულ მზეებს, იმიტომაც გამახარა მათმა დანახვამ; მზე დავინახე, მათში ჩასახლებული, იმიტომაც ბერდებიან ასე ლამაზად. მათ რომ შეეძლოთ სარკეში ჩახედვა, ალბათ არ აარიდებდნენ თვალს თავიანთ გამოსახულებას, - ნაღვლიანად გაეღიმა ლევანს ამის წარმოდგენაზე.
      ფოთოლცვენასავით ლამაზი სიბერე, ადამიანს რატომ არ უნდა შეეძლოს ასე ლამაზად დაბერება . . . სად ფოთოლი და სად ადამიანი, მაგრამ ადამიანიც ხომ ღებულობს მზისგან ასეთივე ნათელს. მერე, სადაა ეს ნათელი, რა სახით შეიძლება იჩინოს თვაი . . . მისი მიგნება რომ შეგვეძლოს, მასინ აღარ შეგვაშინებდა სიბერის ლანდი; ალბათ ფოთლებმა რაღაც იციან ჩვენზე მეტი, მისი წყალობით ახერხებენ, სინათლე ისევ სინათლედ აქციონ. იმ რაღაცას ადამიანი ვინ იცის, როდის მიწვდება . . .
      რაღაც ცივი შეეხო მარცხენა ხელზე, ნელა მოაბრუნა თავი, „არავითარი მკვეთრი მოძრაობა“ - შეახსენა თავს. ის ჭუჭყიანი გაბურძგნილი ძაღლი დრუნჩით ეხებოდა მის მარცხენა ხელს. „ალბათ კბენას უპირებს და ვეღარ ახერხებს“ - გაიფიქრა და თვითონვე გაუკვირდა საკუთარი სიმშვიდე. „ყოჩაღ - შეაქო საკუთარი თავი, - არაფერზე არ უნდა აღელდე, შენ ახლა სრული სიმშვიდე გესაჭიროება. სიმშვიდე და დადებითი ემოციები. ყველა და ყველაფერი უნდა გიყვარდეს, მთელი სამყარო, ყველანაირი სულიერი.“
      - საცოდავი, თურმე რა დღეში ყოფილა - თქვა ლევანმა, როცა შეამჩნია, რა მძიმედ და ხიხინით სუნთქავდა ძაღლი, მთელი ტანით ცახცახებდა ყოველ ამოსუნთქვაზე, - ბებერი უნდა იყოს; იქნება კვდება, სიკვდილის ეშინია, უნდა, რომ სულიერი არსება იყოს მის გვერდით; არა, აქ რაღაც სხვა ამბავია, ცხოველები განმარტოებით ელოდებიან აღსასრულის საათს. იქნებ პატრონმა გამოაგდო და ახლა მე მიმამსგავსა. რა გქვია? ჰკითხა და პრიალაფრჩხილებიანი ხელი ჭუჭყიან ბეწვზე გადაუსვა. - მე ახლა ყველა სულერი მიყვარს, ასეა საჭირო. მარცხენა ხელი გაუნძრევლად ესვენა იმ სიმძიმიანად; - ასე კარგად არასოდეს მიგრძვნია თავი . . . ნეტავი მართლა მაცოდინა შენი სახელი. ერთხელ ჩვენც გვყავდა ძაღლი,  ჩვენ: მე, დედას, მამას და ჩემს დას . . . ასე მგონია, უსასრულოდ დიდი ხანია, რაც ამქვეყნად ვცხოვრობ, მაგრამ ეს შემთხვევა მკაფიოდ მახსენდება. თეთრი ფერის იყო და ბროლია დავარქვით. თავზე ვევლებოდით მე და ჩემი დაი, დიდის ამბით ვწვრთნიდით. ჩვენში დარჩეს და, საკმაოდ უნიჭო გამოგვადგა ჩვენი ბროლია. გადაგდებული ჯოხის მოტანასაც კი ვერ მივაჩვიეთ. დღეს ისწავლიდა, ხვალ ისევ ავიწყდებოდა. მაგრამ ერთი დიდი ნიჭი მაინც აღმოაჩნდა: სიყვარულის ნიჭი. რაღაც სასწაულს ჰგავდა მისი სიყვარული; დაგვინახავდა თუ არა, გაეკვრებოდა მიწას. მთელი სხეული უთრთოდა, კუდს აქიცინებდა და მოლოდინით სავსე თვალებს არ მაშორებდა. რა თავდადება, რა უანგარო სიყვარული ჩანდა ამ მზერაში! საკმარისი იყო, ერთი ცალყბად დამეძახა, რომ მაშინვე ორი თავის სიმაღლეზე ამხტარიყო ჰაერში. მომვარდებოდა და თათებით მომებღაუჭებოდა ტანსაცმელზე, იგრიხებოდა, იკვანწებოდა . . . პირდაპირ აღარ იცოდა, რა ექნა, როგორ გამოეხატა ზღვა სიხარული . . .
      - მომშორდი! - ვუყვირებდი. ისიც მაშინვე გამეცლებოდა. ისევ გაეკვრებოდა მიწას და მომაჩერდებოდა ნდობით, თაყვანისცემით და უსაზღვრო სიყვარულით სავსე თვალებით. ეგ იყო სულ . . . მეტი არაფერი ეხერხებოდა.
      იმსჯელეს ჩვენმა მშობლებმა ბროლიას უვარგისობაზე. განაჩენი მოკლე იყო: თავიდან უნდა მოგვეშორებინა.
      მეზობლის ბიჭს, ჯუმბერის დაუძახეს, მე თოკი ჩავაბი ბროლიას და ეზოს გადაღმა, ხევში ჩავიყვანე. ხტუნვა - ხტუნვით, თამაშ - თამაშით მომყვებოდა. იქ ხეზე მივაბი ბროლია. ჩაიმუხლა ჯუმბერმა და თოფი დაუმიზნა. ძალზე მოუსვენრად აწრიალდა ბროლია, ლამის იმ სიმაღლეზე ხტებოდა, რის საშუალებასაც თოკი აძლევდა . . .
      - ასე ვერ დავუმიზნებ. ცოტა ახლოს დაუდექი, იქნება დაწყნარდეს - მითხრა ჯუმბერიმ
      მეც მივედი და უფრო ახლოს, თითქმის გვერდით დავუდექი. შედარებით დაწყნარდა ბროლია, თუმცა მაინც მოუსვენრად წრიალებდა.
      დაუმიზნა ჯუმბერიმ, ესროლა და მოარტყა . . . ასე იყო საჭირო, ჩემს მშობლებს არ შეეშლებოდათ არაფერი . . . არც მე მეშლება . . . ჩვენ, ყველანი საშინლად ჭკვიანები ვართ, ბროლია, იქნებ მართლა ბროლია გქვია. ბეწვი შენც თეთრი ფერის გექნებოდა ოდესღაც . . . ჩვენ ყველაფერი ვიცით, ჩვენი ყოვლისმომცველი ჭკუით, ყველაფერი დათვლილი და გამოანგარიშებული გვაქვს; რაკი ერთხელ ვისწავლეთ თვლა, იმის შემდეგ სულ ვითვლით და ვითვლით. ვითვლით ნაბიჯებს, ვითვლით გულისცემას . . . თუ დაგვჭირდა, ამ ოქროსფერ ფოთლებსაც დავითვლით. მზეები, ყოველ ფოთოლში რომ ანათებენ, თავისთვად ცხადია, მხედველობაში არ მიიღება. ის მზეები რომ აღმოგვეჩინა, იქნებ ჩვენში მყოფ მზისთვისაც მიგვეგნო.
      ერთი უყურე, განა მართალი არ ვიყავი? ყველა ფოთოლში მზე ანთია, ნამდვილი ჩახჩახა მზე, ოქროსფერი ფოთლები კი არა, თვითონ მზეები მოფრინავენ ჩემსკენ, წყდებიან სინათლისგან ნაქსოვ ხეებს და მოფრინავენ, თანაც რა ლამაზად, რა სხვადასხვანაირად;  მზეები ინაცვლებენ სპირალიდან სპირალზე, ნახევარწრეებს აღწერენ, რაღაც რთულ, ამოუცნობ მოძრაობებს ასრულებენ, დასასრული არ უჩანს მათ ცეკვა - თამაშს . . . ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი, შემოდგომის ოქროსფერი ფოთლებივით; რა საოცარია, როგორ ვახერხებ ამდენი მზის ერთად დანახვას; ერთი მზის დანახვასაც ძლივს უძლებს ადამიანის თვალი.
      მხოლოდ სიზმარში ვნახე ერთხელ ასეთი სინათლე . . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები