ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
1 დეკემბერი, 2015


მოხუცი ექიმბაში


მთის მწვერვალი რაც უფრო მაღალია, მით უფრო დიდი ჩრდილი ახლავსო, მძიმე ხვნეშით დაასკვნა მოხუცმა იაკობმა... ვერა და ვერ დააღწია თავი ამ უსაშველოდ დიდ, ზღაპრული ურჩხულივით გაფოფრილ ჩრდილს, რომელიც ზურგიდან წამოსდგომოდა, იაკობის ბებერ ძვლებს კი მზის სხივი უნდოდა, სითბო ენატრებოდა. ადრიანი დილით დაადგა ამ გზას. სიგრილე კარგია სიარულის დროს, მაგრამ დილის სუსხმა ცოტა გადამეტებულად აგრძნობინა თავი. უკვე შემოდგომის პირი იყო, მთებში კი ნაადრევად იცის აგრილება.
სიჩქარეს და სულსწრაფობას მაინცდამაინც დიდ პატივს არ სცემდა მოხუცი იაკობი. ყოველთვის დინჯად, აუჩქარებლად ირჯებოდა. სიარულიც ნელი იცოდა. ამ დროს ათასი ფიქრი გაუვლიდა ხოლმე თავში და გარშემო შემოჯარულ მთებს თუ ხეებს ადამიანივით ემუსაიფებოდა. ,,მერე რაო, ვითომ ხმას არ იღებენო, მართლა ასე ხომ არ გგონია? - ჩაცინებით შეეკამათებოდა ხოლმე ვიღაცას გულში, მე მათ ათასს რამეს ვეკითხები, ისინიც მპასუხობენ. ძალიან კარგად, გასაგები ენით მპასუხობენ. ხან მემუქრებიან, ხან მეფერებიან. ერთი მეორეს როდის შეცვლის, ვერასოდეს გაიგებ. აგერ, ახლა ეს მთა ისე ამყად რომ დამცქერის, რა აბუჩად მიგდებს, რომ იცოდეთ. მეუბნება: ვინა ხარ, შე საცოდავო მღილო, ძლივს რომ მოღოღავ ჩემს ფერდობებზე. თანაც მიბრაზდები და წუწუნებ, ამხელა ჩრდილი რად გაქვსო. მერედა, რისთვის დგახარ ჩემს ჩრდილში, რაო... გზა აქეთ მიდევსო, ბაქარის ვაჟი ავად გამხდარაო, მერედა, ეგ რა ჩემი საქმეა შენ თვითონ რაღაზე იწუხებ თავს? მადლობას თუ გეუბნება ვინმე... თუმცა როგორ არა, დიდად მადლიარნი არიან, დიდი მკურნალის სახელი დაგიგდია მთაში. მაგრამ შენისთანა ბევრი მინახავს და ხალხს კი ჭირი არ დაჰკლებია. თუ ვინმეს გადაარჩენ, ამით ვითომ დიდ სიკეთეს სჩადი? ბოლოს ხომ მაინც უნდა მოკვდეს. ჰოდა, რა დიდი სიკეთეა სიკვდილის ვადის გახანგძლივება? შეიძლება, უფრო უარესი სიკვდილითაც კი მოკვდეს. შეიძლება, ისიც კი ინატროს, ნეტავი მაშინ მოვმკვდარიყავიო და შენ წყევლა-კრულვა შემოგითვალოს. გახსოვს მოხუცი ზეინაბი? რამდენი გწყევლა, სიკვდილს აღარ დაგაჯერა, ათასი სიკვდილი გისურვა... შენც აღარ ეკარებოდი ახლოს, მაგრამ ამბავი ხომ მოგიტანეს... აი, იმას თუ შეძლებდი, ვინმესთვის უკვდავება მიგენიჭებინა, ეს უკვე სულ სხვა საქმე იქნებოდა. მაგრამ ამის უნარი ვინ მოგცა, თვითონაც მოკვდავი მღილი ხარ...~
- არც შენ ხარ უკვდავი, მთაო, - ნიშნისმოგებით თქვა მოხუცმა იაკობმა და ჩრდილს თავი დააღწია კიდეც, უკან მოიტოვა ხეობის მთელ სიგრძე-სიგანეზე გაფოფრილი ცივი ურჩხული. როგორც კი მზის გულზე გამოვიდა, მოხუცი იაკობი შედგა, მთელი ტანით გაიზმორა და მზეს მიუფიცხა ბებერი სხეული. ,,არც შენ ხარ უკვდავი~, გაიმეორა და მშვიდი ღიმილით გამოჰხედა მთას, არც ისე მაღალი რომ ჩანდა აქედან, სოფლის დასაწყისიდან. მთამ ვეღარაფერი უპასუხა. თავისთვის ჩაიცინა იაკობმა და სოფლისკენ მიმავალ ბილიკს დაადგა. მზის სხივები უხვად აღვრიდნენ სითბოს ზურგზე, მზრუნველობით ეფერებოდნენ. მისი ბებერი სხეულის არცერთ უჯრედს არ ტოვებდნენ უყურადღებოდ. თითქოს მზრუნველი დედა ახალშობილ ჩვილს ახვევსო, თავით ფეხებამდე ერთიანად გაახვიეს რბილი და თბილი სხივების ბადეში.
- მომეფერეთ, მომეფერეთ, - ბუტბუტებდა მოხუცი იაკობი. - ჯერ იყო და, მთა გასრესას მიპირებდა, მემუქრებოდა. ახლა თქვენ მეფერებით. მომეფერეთ.
მზით გამთბარი, ერთიანად აღაჟღაჟებული მიადგა ბაქარის სახლს. ვიღაც ქალი გამოეგება, შავი ქსოვილით პირახვეული. მდაბლად თავდახრილი შეუძღვა სახლში, ბნელ ოთახში შეიყვანა და თვითონ მაშინვე გაერიდა იქარუობას. მზისგან თვალებაჭრელებული იაკობი ვერაფერს ხედავდა. ცოტა ხნით მაგრად დახუჭა თვალები, რათა სიბნელეს შესჩვეოდა. დახუჭული ქუთუთოების წინ წითელი კაშკაშა რგოლები რიალებდნენ. იაკობი ელოდა, როდის გაქრებოდნენ. წითელი რგოლები თანდათან დაპატარავდნენ, სიკაშკაშეც დაეკარგათ, თანდათან ბნელში ჩაიძირნენ. მოხუცმა იაკობმა თვალები გაახილა...
ირმის ტყავებით გაწყობილ ტახტთან მიმდგარიყო. ტახტზე სულ ახალგაზრდა ყმაწვილი იწვა, სახეზე ოდნავ ღინღლშეფრქვეული. მოქნილი, მაღალი კისერი გვერდზე გადაეგდო, გრძელკილოიანი თვალები მიელულა. შვილის ნუკრი გაახსენდა მოხუც იაკობს, დაჭრილი და სასიკვდილოდ ყელგადაგდებული. რაღაც უცნაური ჩრდილი დაუნახა ყმაწვილს სახეზე აქ ვერ წვდებოდა იმ მაღალ მთის ჩრდილი, მაგრამ რაღაც უსაშველოდ დიდი, მთაზე განუზომლად უფრო დიდი ჩრდილი დაჰფენოდა სახეზე და შუბლზე. თვალი ვეღარ მოსწყვიტა ყმაწვილს. პირველად არ ხედავდა მსგავს სურათს, მაგრამ ცხადად, ასე აშკარად ჯერ არასდროს ეხილა სიკდვილის ანგელოზის ჩრდილი, მომაკვდავის სახეზე დაცემული. თანაც რა პირმშვენიერი იყო ეს ყმაწვილი და რა თვინიერად გადეგდო თავი სიკვდილის ანგელოზის ლეგა ფარდებქვეშ...
წელში მდაბლად მოიხარა მოხუცი იაკობი, მოწიწებით სცა თაყვანი სიკვდილის აჩრდილს, ყმაწვილის სახეზე გამოსახულს და თქვა ხმამაღლა:
- მოვედი, რათა თაყვანი მეცა შენთვის.
ერთხანს გაირინდა მდაბლად ქედმოდრეკილი, ,,მოვედი, რათა თაყვანი მეცა შენთვის~, გულშიც გაიმეორა ეს სიტყვები, და მხოლოდ ამის შემდეგ გამართა წელში. დიდის რიდით კვლავ გაუსწორა თვალი ყმაწვილის სახეზე დაფენილ არაამქვეყნიურ აჩრდილს. ყმაწვილი ოდანავადაც არ შერხეულა მთელი ამ ხნის მანძილზე, ისევ ისე ყელგადაგდებული იწვა. არც თვალები გაუხელია, სიკვდილის სასთუმალზე თავმიდრეკილს.
- აღსრულდეს ნება შენი, - წაიბუტბუტა მოხუცმა იაკობმა, კვლავ ეთაყვანა და დიდი კრძალვით დაიხია უკან.
ისევ ის ქალი შეეფეთა, ჩუმი, პირახვეული. იაკობს არაფერი უკითხავს მისთვის, სთხოვა, ხელი დამაბანინე და რაიმე მაჭამე, წინ გრძელი გზა მიდევსო. ქალმა ხელი დააბანინა და მერე დიდ, ნათელ ოთახში შეიყვანა.
ისეთივე გრძნობა დაუფლა მოხუც იაკობს, როგორიც ამ დილით, გზაზე, როცა მზის მოალერსე სხივებში გაეხვია მაღალი მთის ჩრდილიდან გამოსული: ბნელი პატარა ოთახის სიღრმეში, ირმის ბეწვიან ტახტზე, უსაშველოდ დიდი ჩრდილი იყო გაფოფრილი, ჩრდილი რაღაც მეტისმეტად დიდის, უხილავის და აუწონელის. აქ კი, მის გვერდით, ასე ახლოს, ერთი თხელი კარის იქით, სიცოცხლე ჩქეფდა მთელი ძალით. ოთახში შუაცეცხლი ენთო, სამფეხზე შემოდგმულ დიდ ქვაბში სურნელოვანი საჭმელი ქაფქაფებდა. ცეცხლთან შორიახლოს სამი მთიელი ვაჟკაცი მოკალათებულიყო ნოხზე. სამივე ჩოხებში იყო გამოწყობილი, ბეწვიანი ფაფახები გვერდით ედოთ. ერთი მაშინვე შეიცნო იაკობმა, თვითონ ბაქარი იყო, ყმაწვილის მამა, დანარჩენი ორნიც, ძმადნაფიცები იქნებოდნენ. მათი ვინაობა არ აინტერესებდა იაკობს, მთელი ყურადღება დიდი, ქაფქაფა ქვაბისკენ გადაიტანა, შავპირსაბურავიანმა ქალმა ტაბლა გაამზადა და ქვაბს მარჯვედ ამოურია. მთელი ოთახი საჭმელის სურნელებით გაიჟღინთა. იაკობს პირზე ნერწყვი მოადგა. ქალმა ჯამი პირთამდე აავსო და იაკობს მიართვა პირველად, როგორც სტუმარს და უხუცესს. იაკობს სიამოვნებით გაეღიმა.
რბილი, ჩვილი ბატკნის ხორცი პირში დნებოდა, ნებიერად, მოსვენებით იჯდა რბილ ბალიშზე და უგემრიელეს საჭმელს მიირთმევდა.
- ძალიან გემრიელია, - ხმამაღლა აღნიშნა კიდეც და ოთახში მყოფებს გაბრწყინებული თვალებით გადახედა. მათაც თავი მდუმარედ დაუქნიეს თანხმობის ნიშნად.
სიამოვნებით ტკბებოდა მოხუცი იაკობი სიცოცლის ამ უხვი წყაროთი, რომელსაც ამ ქოხში წააწყდა.
როცა გემრიელად მიირთვა კარგა მოზრდილი ჯამი და ქორფა კიტრიც დააყოლა, მერეღა მიიხედ-მოიხედა ყურადღებით, გაკვირვებით შეათვალიერა შუა ცეცხლთან მჯდარი ვაჟკაცები. ბაქარი უძრავად იჯდა, თავი მძიმედ დაეხარა, მისი დაღარული შუბლი თითქოს ქვისგან გამოეკვეთათ.
ასეთი არასოდეს ენახა იაკობს ბაქარი, მსგავის გარინდება არა სჩვეოდა მთაში სახელდაგდებულ, ხელგამომავალ ვაჟკაცს. შვილზე დარდი მძიმე ტვირტივით დასწოლოდა მხრებზე და თითქოს მეტყველების უნარიც წაერთმია მისთვის. იგი ელოდა რას იტყოდა მკურნალი, თან შეკითხვისაც ეშინოდა...
ის ორი ვაჟკაციც უხმოდ იჯდა. მათი თვალიერება უფრო ესიამოვნა მოხუც იაკობს. ბევრად უფრო ახალგაზრდები იყვნენ ბაქართან შედარებით. მათ ძარღვიან სხეულებში მთიდან დაქანებული ჩანჩქერის ძალა და მოქნილობა იგრძნობოდა. ერთ მათგანს ნახმლევი აჩნდა სახეზე, მაგრამ ოდანავადაც არ ამახინჯებდა. ნამდვილი მთის მგლები იყვნენ. მათი გამჭვალავი, მახვილი მზერა თითქოს ცეცხლს აკვესებდა. სიცოცხლე, სიცოცხლე ჩქეფდა მასში! ძალზე ძნელი წარმოსადგენი იყო, თუ ოდესმე ისინიც გადაუგდებდნენ ყელს სიკვდილის ანგელოზს იმ ყმაწვილის დარად, გვერდით ოთახში რომ კვდებოდა.
- არჩვზე სანადიროდ მივდივართ ხვალ, შენ ბიჭს მეტად უყვარდა არჩვზე ნადირობა. ნანადირევს მოვუყვანთ, იქნება გახალისდეს, - თქვა ერთმა მათგანმა, სახეზე ნახმლევი რომ აჩნდა.
თითქოს ამას ელოდაო, მეორემ მაშინვე მიაგება:
- მე რომ ვიყო, დავავლებდი ხელს და თან წავიყვანდი. თოფის ხმაზე იქნება თვალი გაახილოს.
ბაქარმა მძიმედ ჩაიქნია თავი.
- ხელში აყვანილი დამყავდა ყველგან, როგორც უწინ, ბალღობისას. მისი თვალი ვერაფერმა მიიზიდა. არც სული და არც სხეული ჩემი აღარაა მაგისი.
სიჩუმე ჩამოვარდა. იგრძნო მოხუცმა იაკობმა. მეტად აღარ შეიძლებოდა მისი დუმილი, თუმცა კი არ უყვარდა ლაპარაკი მაშინ, როცა ავადმყოფის მკურნალობას ვერ მოჰკიდებდა ხელს. გუნებაში გაბრაზდა კიდეც ამ მოურიდებელ ხალხზე. მთაში იცოდნენ მოხუცი იაკობის ამბავი: თუ არაფერს იტყოდა ავადმყოფზე, არც არაფერი უნდა ეკითხათ, ცხადია, ეს ამათაც კარგად ეცოდინებოდათ. მიუხედავად ამისა, მაინც აქეთ-იქიდან უვლიდნენ, მიკიბ-მოკიბვით ლაპარაკობდნენ და აიძულებდნენ ხმა ამოეღო.
- აღსრულდეს ნება ღვთისა. სიკვდილისგან ხელდებულია, კაცთაგან აქ არავის აქვს ხელი, - თქვა მოკლედ.
ბაქარს თითქოს უფრო დაუმძიმდა შუბლი, კრინტი არ დაუძრავს. იმ ორმა მთიელმა ნაკვერჩხლებივით ანთებული თვალები მიაპყრეს მოხუც იაკობს, სახენახმლევმა პირდაპირ მიახალა:
- შენ შენი სცადე, მოხუცო. აქ რისთვის მოგიხმეს, ხომ იცი... მკურნალის სახელი დაგიგდია.
- ის ყმაწვილი სრულიად ახალგაზრდაა, თითქმის ბავშვი და უკვე ხელი მიუწვდინა სულების საუფლოს, - სრულიად მშვიდად ჩაილაპარაკა იაკობმა, - ეს მისი საქმეა. ხელს ვერ შევუშლი, ნება არა მაქვს.
- ესე იგი, სიკვდილი უნდა ვაცადოთ?
- ჰო, - თავი დაუქნია იაკობმა.
ორივემ დამცინავად გაიღიმა და ერთმანეთს გადახედეს.
- უცნაურ რამეს ბრძანებ, მოხუცო, - ახლა მეორე ალაპარაკდა, მის ხმაში თითქოს ფოლადმა დარეკა. - რა წესია სიკდვილისთვის თავის გადაგდება... მძიმედ დაჭრილს ღამე უფსკრულის პირას მითენებია, ყოველ წუთს გული მიმდიოდა სისხლისგან ნახევრად დაცლილს, თოფს მაინც ხელს არ ვუშვებდი, მეშინოდა ნადირს არ დავეგლიჯე გულწასული. დილით ძმადნაფიცმა მომაგნო თოფის ხმაზე. - მან თავი სახენახმლევისკენ გადააქნია, - კარგი დასტაქარივით მიექიმა. მაგას რომ არ ეშველა ჩემთვის...
- ჰეი, მცდარია შენი მსჯელობა, ყმაწვილო!.. - ხმამაღლა შესძახა მოხუცმა იაკობმა. - ძმადნაფიცმა მიშველაო, ამბობ... რომელი ძმადნაფიცი გიშველიდა, თვითონ რომ არ გეშველა საკუარი თავისთვის. შენ არ გინდოდა სიკვდილი, მაშინაც კი, როცა გონებას კარგავდი, შენი სული და სხეული იბრძოდა სიცოცხლისთვის. სიკვდილი ქორივით გაჯდა მხარზე, მაგრამ მაინც ვერ გეკარებოდა. თავი არ გადაგიგდია სიკვდილისათვის. ამან გიშველა...
იაკობის სიტყვებს სიჩუმე მოჰყვა, რომელიც კარგა ხანს გაგრძელდა.
- მაშ, არ უნდა ვცადოთ? - უფრო დინჯად იკითხა სახენახმლევმა.
- მე ჩემი ვთქვი, - მშვიდად უპასუხა იაკობმა, - იკითხე მთაში, გეტყვიან, მუდამ ასე ვიქცევი. თუ გული უარს მეტყვის ავადმყოფის მკურნალობაზე, ვიცი... იქ უძლურია ჩემი ხელოვნება. ვერაფერსაც გავაწყობ და სახელსაც გავიტეხ.
ისევ გაჩუმდნენ, მხოლოდ ცეცხლი ტკაცუნებდა.
- მეზობელ სოფელში ერთი შემლოცველი ყოფილა. კაცს გავაგზავნი ვინმეს. ანდა მე თვითონ წავალ. ჯადოსანიაო, ამბობენ, - ბაქარს მიმართა სახენახმალევმა.
ბაქარს თავიც არ აუწევია, ამ ხნის მანძილზე იაკობისთვის თვალში წესიერად არც შეუხედავს. სახენახმლევის სიტყვებზე თავი ოდნავ ასწია და იაკობს თვალებში შეხედა. ერთი წამით გაუსწორა თვალი და ისევ დახარა. კიდევ უფრო მძიმე ნაოჭი ჩაუწვა შუბლზე. არც მაშინ აუწევია თავი, როცა მოხუცმა იაკობმა საღამო მშვიდობისა უსურვა და გარეთ გავიდა.
მზე გადახრილიყო. მისი სხივები ახლა კიდევ უფრო ალერსიანი გამხდარიყო და უფრო ეტკბილა მოხუც იაკობს. დასვენებულმა და დანაყრებულმა გახედა თავის გასავლელ გზას. საკმაოდ შორი იყო ეს გზა. იმ მაღალი მთის გვერდით უნდა გაევლო და ისევ მის ჩრდილში ამოჰყოფდა თავს. მერე საღამოს ბინდიც მოუსწრებდა გზაში. ბოლოს სიბნელეშიც უნდა ევლო.
ჯერჯერობით კი მზე ანათებდა. თითქოს სიბნელე არც კი არსებულიყოს. შემოდგომის სიახლოვით ჩამტკბარ-ჩაშაქრებული სხივებს უხვად უგზავნიდა მოხუც იაკობს. ,,ჰო, მომეფერეთ, მომეფერეთ~, - ეჩურჩულებოდა მოხუცი იაკობი თბილ, მოალერსე სხივებს, - სანამ ჩემთან ხართ, მომეფერეთ, მერე კი სიბნელე და სიცივე დამემუქრება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები