ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
13 დეკემბერი, 2015


მზეონა და მზე


გამარჯობა, მზეო!
ფანჯრის მინებზე მზის სხივები შემოიჭრა. ჯერ სარკე ააბრჭყვიალა ათასფერად, მერე კი პატარა, საბავშვო საწოლზე გადაინაცვლა და საბანზე ნათელი ლაქა გამოსახა. მზეონა ამ დროისათვის უკვე გაღვიძებული იყო, ოღონდ ადგომას არ ჩქარობდა. ბალიშზე ნებივრად მიწოლილს, ხელში ფერადსურათებიანი ჟურნალი ეჭირა და ათვალიერებდა. რა გინდოდა, სულო და გულო, იმ ჟურნალში რომ არ ყოფილიყო დახატული: მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ყვავილები, ზღაპრული ფასკუნჯები, ჯადოქრები, არაჩვეულებრივი ციხე-კოშკები და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენიო რამ. მზეონას თვალები ცნობისმოყვარეობისგან გაფართოებოდა.
მაგრამ ბოლოს, რა საინტერესოც არ უნდა ყოფილიყო უხვად დასურათხატებული ჟურნალი, მზეონა მაინც შეამჩნია ის ნათელი ლაქა, რომელიც მზის სხივებმა მოჰქარგეს მის პატარა საბანზე. შეიძლება ასე იმიტომ მოხდა, რომ საბნის პირი წითელი აბრეშუმისა გახლდათ და მზის სხივებზე ძალიან ლამაზად აციაგდა. ამასთან ერთად, ის ნათელი ლაქა ისე ახლოს მიცოცდა მზეონასთან, ლამის ხელზე დაასკუპდა, სულ ცოტა დააკლდა...
ერთი სიტყვით, მზეონამ შეამჩნია მზის სხივებით გამოსახული ნათელი ლაქა, შეამჩნია და მაშინვე წაეტანა, როგორც ახალ სათამაშოს წაეტანებოდა ხოლმე. ხელი ისე დაადო სხივებით განათებულ ადგილს, თითქოს მისი აღება უნდაო.
ნათელი ლაქა მაშინვე ხელიდან გაუსხლტა მზეონას, ზემოთ გადაინაცვლა და ხელი გაუნათა.
მზეონამ ხელი ასწია, ნათელი ლაქა ისევ საბნის წითელ აბრეშუმზე აციაგდა.
ისევ დააფარა ხელი მზეონამ, თან თითები მაგრად მოკუმშა, თითქოს პეპელა დაიჭირაო.
ნათელი ლაქა ისევ გაუსხლტა და ხელს ზემოთ მოექცა.
ასე განმეორდა რამდენჯერმე. მზეონამ ვერა და ვერ მოიხელთა მზის სხივებით მოქარგული ნათელი ლაქა და ბოლოს გაოცებულმა ასე უთხრა მზეს, რომელიც ფანჯრიდან უყურებდა მთელ ამ ამბავს:
მზეო, მზეო,
ვერ დაგიჭირეო!
მზეს საპასუხოდ არაფერი უთქვამს, მხოლოდ გულიანად გაუღიმა და ამჯერად თავისი სხივები ციფერბლატს მიაბჯინა იმის ნიშნად, რომ ადგომის დროაო.
მზეონაც მიხვდა, სასწრაფოდ წამოხტა თავისი პატარა საწოლიდან, ხელ-პირი დაიბანა, ისაუზმა და მაშინვე ხატვას შეუდგა. მზეონას ძალიან უყვარდა ხატვა, თუ რაიმე თვალში მოუვიდოდა, მაშინვე მის დახატვას შეეცდებოდა ხოლმე. ამიტომ უამრავი ნახატი დაუგროვდა. რაღა არ იყო გამოსახული ამ ნახატებზე: ფისოები, ბავშვები, ყვავილები და კიდევ კიდევ ბევრი რამ, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანდა.
და როგორც წესი, ყველა ნახატს მზე ამშვენებდა და ანათებდა, ფურცლის რომელიმე კუთხეში მიხატული დიდი, ჩახჩახა მზე. კუდაპრეხილი ფისოები როცა თამაშობდნენ, მზე უყურებდა და სიცილით კვდებოდა მათ ოინბაზობაზე. ბავშვი სკოლაში მიიჩქაროდა, მზე კარგი მეგზურივით მიჰყვებოდა გვერდით. ყვავილებს ხომ მზე დაჰნათოდა, მათთან ერთად ხარობდა და იფურჩქნებოდა.
ყველა ეს ნახატი, უკვე დასრულებული თუ ახლახანს დაწყებული, გვერდით გადადო მზეონამ. აიღო დიდი, სუფთა ფურცელი, ოქროსფერი ფანქარი მოიმარჯვა და მზე დახატა, მხოლოდ და მხოლოდ მზე. სხვა აღარაფერი დაუხატავს იმ ფურცელზე. თუმცა რაღას დახატავდა, ადგილი აღარც კი დარჩა. თვითონ მზე ძლივს დაეტია, ისეთი დიდი და ბრიალა დახატა იგი მზეონამ. ირგვლივაც უამრავი სხივები დაუხატა, მთელს ფურცელზე მიმოაბნია. მზეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სხივები ნამდვილად ვიწროდ გრძნობდნენ თავს. ერთი სული ჰქონდათ, როგორმე გადასცდენოდნენ ქაღალდის თეთრ კიდეს და თავისუფლად გაენავარდათ.
მზეონამ დიდის ამბით დაამაგრა კედელზე თავისი დახატული მზე, სწორედ იმ ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს, საიდანაც მზე იჭვრიტებოდა ხოლმე... ძალიანაც კმაყოფილი დარჩა: ისე ჩანდა, თითქოს ახლა ორი მზე ანათებდა მზეონას ოთახს. სინათლეც კი მოემატა იქაურობას. თვითონ მზეც აშკარად კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, ისეთი გაბადრული სახით იყურებოდა ფანჯრიდან, თითქოს მადლობის ნიშნად გულიანად უღიმოდა პატარა მხატვარს. ეს კმაყოფილი იერი მთელი დღე არ მოსცილებია მზეს სახიდან, მაშინაც კი, როცა ცისკიდურს მიუახლოვდა და ნელ-ნელა მიეფარა თვალს.
იმ საღამოს კი, როცა სულ მთლად ჩამობნელდა, აი რა მოხდა: მზეონა უკვე დასაძინებლად ემზადებოდა, სათამაშოები კოხტად მიალაგ-მოალაგა, ნახატებსაც თავისი ადგილი მიუჩინა, ის-ის იყო თვალები დახუჭა კიდეც თავის პატარა საწოლში მყუდროდ მოკალათებულმა, რომ კაკუნის ხმა შემოესმა.
მზეონამ თვალები გაახილა და რას ხედავს: ფანჯრის რაფაზე მზე დიდი ოქროსფერი ბურთივით დასკუპებულა და მინებში ღიმილით იყურება.
_ ფანჯარა გამიღე, მზეონა, _ სთხოვა მზემ, თან ფრთხილად შეეხო მინას, კაკუნის ხმა განმეორდა.
მზეონა მაშინვე წამოხტა და ფანჯარა ფართოდ გამოაღო. მზე ისე ნარნარად შემოფრინდა ღია ფანჯრიდან, ერთი შეხედვით საჰაერო ბუშტი გეგონებოდა. პირდაპირ მზეონას პატარა საწოლს მიაშურა და აუჩქარებლად მოიკალათა საბნის წითელ აბრეშუმზე, სწორედ ამ ადგილას, რომელსაც ამ დილით ასე ლამაზად აციაგებდა თავისი ოქროვანი სხივებით.
_ ჩემს სხივებს თავისუფლად შეუძლიათ ფანჯრის მინებში შეღწევა, თვითონ კი არ შემიძლია, _ დინჯად აუწყა მზემ თვალებგაფართოებულ მზეონას და ნამდვილი ბურთივით გაგორდა წითელ აბრეშუმზე.
_ დედიკო ნებას არ მაძლევს, ფანჯარა ღია დავტოვო ღამღამობით. უკვე აგრილდა და გაცივდებიო, _ დამნაშავესავით წაიბუტბუტა მზეონამ.
_ ვიცი, ყველაფერი ვიცი, _ სიტყვა ჩამოართვა მზემ და თან გულიანად გაუღიმა. _ მე ხომ ყველაფერს კარგად ვხედავ ცის თაღიდან. ისიც კარგად დავინახე, თუ როგორ ცდილობდი ამ დილით, ჩემი სხივებისთვის ჩაგევლო ხელი. როცა ვერაფერი მოახერხე, მე შემომხედე და ვერ დაგიჭირეო, მითხარი. ჩემი სხივები ამ დროს სიცილით კვდებოდნენ.
_ სად იან ახლა შენი სხივები, თან რატომ არ წამოიყვანე? _ ჰკითხა მზეონამ.
_ სძინავთ, _ მიუგო მზემ და თვითონაც გემრიელად დაამთქნარა _ სხივებიც რომ წამომეყვანა, ახლოსაც ვერ გამეკარებოდი, მათი მხურვალება დაგწვავდა. წესით ახლა მეც უნდა მეძინოს, მაგრამ ცოტა ხნით გადავდე, შენთან სტუმრობა მომეხასიათა.
მზეონას თვალები სიხარულით გაუბრწყინდა. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო; თვითონ ცხრათვალა მზე, მნათობთა მნათობი ეწვია სტუმრად და საამისოდ ღამის უძილოდ გატეხვასაც არ დაერიდა. ასეთი რამ კი მზეონას ჯერ არასდროს არ გაეგონა, თუნდაც ყველაზე ფერადოვან ზღაპარშიც.
მზეს არ გამოჰპარვია ეს ყველაფერი, თვითონაც ალერსიანად შეჰღიმოდა მზეონას და დაუმატა, თუ გახსოვს, ამ დილით უპასუხოდ რომ დავტოვე შენი სიტყვებიო.
მახსოვსო, თანხმობის ნიშნად თავიც დაიქნია მზეონამ.
_ ო, როგორი მოუცლელი ვარ, მზეონა, რომ იცოდე, _ შუბლი მზრუნველობით შეეჭმუხნა მზეს, თუმცა ალერსიანი ღიმილიც განუყრელად თან ახლდა _ ვინ მოსთვლის, რამდენი რამ ხდება მთელი დღის განმავლობაში, მეც საქმე აღარ მელევა. აგერ, ბავშვები სკოლაში გარბიან, გზა ხომ უნდა გავუნათო? იქით ფისოები თამაშობენ, ხომ იცი, როგორ უყვართ მზის გულზე თამაში და კოტრიალი. ყვავილები ხომ ყველა ეზოში და ყველა აივანზე იფურჩქნებიან და ყველა მათგანისთვის ჩემი სხივებია აუცილებელია. მერე კიდევ შენ იწყებ ხატვას... რას აღარ გადავეყრები, სანამ ცისკიდურს მივუახლოვდებოდე. ყველაფერში მე მიდევს წილი. ყველას ჩემი სხივები უნდა გავუგზავნო, გზა გავუნათო, გავათბო, გავამხნევო. უამრავი საქმე მაქვს, აუწონავი და უთვალავი, ამიტომ უბრალოდ ვერ ვასწრებ, რომ ვინმეს შევეხმიანო. მაშინაც კი, როცა ჩემთან გასაუბრებას მოინდომებენ.
_ თურმე რა მოუცლელი ყოფილხარ, მზეო. _ შუბლი თვითონაც მზრუნველობით შეეჭმუხნა მზეონას, როცა მზის დავიდარაბიანი დღე წარმოიდგინა.
_ თუმცა, ადრე თუ გვიან, მე მაინც ვახერხებ, უპასუხოდ არ დავტოვო არცერთი სიტყვა, თუ ვინმე ჩემთან დალაპარაკებას შეეცდება, _ საზეიმოდ აუწყა მზემ და პირდაპირ თვალებში შეხედა მზეონას თავისი ნათელი მზერით._ ასეთი რამ ჯერ არასდროს არ მომხდარა და არც მოხდება, ეს ხომ უზრდელობაა... აი ახლა, როცა თავისუფალი ვარ საზრუნავისგან და ჩემს სხივებსაც ტკბილად სძინავთ, სწორედ იმ მიზნით გესტუმრე, ჩემი დუმილის მიზეზი რომ ამეხსნა შენთვის. ამასთან ერთად, მინდოდა ახლოდან მენახა ის ნახატი, რომელიც ამ დილით დახატე. მართლაც მშვენიერი ნახატია.
_ რა კარგია, თუ ასე მოგწონს ჩემი ახალი ნახატი, _ სიხარულით ტაში შემოკრა მზეონამ.
_ უფრო მეტიც, _ დინჯად აგრძელებდა მზე _ შემიძლია დარწმუნებით გითხრა, რომ ეს ნახატი ყველა იმ ნახატზე უმჯობესია, რაც კი აქამდე დაგიხატავს. მე ხომ ისინი ყველა მაქვს ნანახი.
_ რა უცნაურია, _ გაიკვირვა მზეონამ _ მე ხომ ის ძველი ნახატებიც ძალიან ლამაზად გავაფერადე, ყველგან ოქროსფერი მზე დავხატე.
_ შენ ამ დილით ხელი გამოიწოდე ჩემსკენ და ახალი ნახატიც მის შემდეგ დახატე, _ აუხსნა მზემ და კიდევ უფრო გულიანად შეჰღიმა მზეონას _ ის მხატვარი, რომელიც ჩემთან დალაპარაკებას შეეცდება, როგორც წესი, ყველაზე უკეთესად ხატავს ხოლმე. ამაში უნდა მერწმუნოთ, მზეონა. მე ხომ არა მარტო შენი ნახატები, ყველა მხატვრის ნახატებიც მაქვს ნანახი, უჩემოდ ჯერ არცერთი ნახატი არ შექმნილა დედამიწაზე.
ამის თქმისას მზემ თავი ვეღარ შეიკავა და გემრიელად დაამთქნარა. მზეონამაც დაამთქნარა მასთან ერთად.
_ უკვე ძილის დროა. უნდა დავიძინოთ, თორემ ხვალ არცერთს არაფრის თავი არ გვექნება. ვერც შენ დახატავ რაიმეს, ვერც მე ვიქნები ათასნაირი დავიდარაბიანი ამბების მეგზური და მონაწილე.
თქვა თუ არა ეს სიტყვები, მზემ მაშინვე მილულა თვალები და დასაძინებლად მოემზადა. მზეონაც მაშინვე აძვრა საწოლზე და გაოცებული დარჩა: მართალია, მზე დიდი ოქროსფერი ბურთივით იყო მის პატარა საწოლში ჩაგორებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადგილი მაინც ბევრი იყო. ისე თავისუფლად მოიკალათა მზეონამ, თითქოს საწოლი სულაც ცარიელი ყოფილიყო.
დაღლილ მზეონას მალე ჩაეძინა. ძილის წინ ჩაესმა, მზე როგორ ჩურჩულებდა: მე მუდამ შენს გვერდით ვიქნები, მზეონა. ერთი წამითაც არ იფიქრო, რომ დამავიწყდე, ან ვერ გხედავდე. ის ნუ დაგაეჭვებს, ჩემი სხივები მოუხელთებელი რომ არიან შენთვის. ხვალ დილით ერთხელ კიდევ შეგეხმიანები მისალმებისას, მერე კი აღარ ვიცი მოვახერხებ კიდევ. ხომ გითხარი მოუცლელი ვარ...
მზეონას მეტი აღარაფერი გაუგონია, თუმცა აღარც მზეს უთქვამს რაიმე, თვითონაც ჩაეძინა. დილით კი, გაახილა თუ არა თვალი, მზეონამ მაშინვე მზე დაინახა, ფანჯრის მინებს იქით მოგიზგიზე, ცაზე დიდებულად მსუფევი, თურმე დაესწრო მზეონასთვის გაღვიძება.
წითელ აბრეშუმზე წინანდებურად ლამაზად ციაგებდა მზის სხივებით გამოსახული წითელი ლაქა. მზეონამ შეხედა იმ ნათელ ლაქას, მაგრამ მისთვის ხელის ჩავლება აღარ უცდია, თვითონ მზეს გაუსწორა თვალი.
_ გამარჯობა, მზეო! _ მიესალმა მზეონა.
_ გამარჯობა, მზეონა! _ შეეხმიანა მზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები