| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: საბავშვო 17 დეკემბერი, 2015 |
დილიდანვე არაჩვეულებრივი სქელი ნისლი გადაეფარა ცას თუ მიწას. ნისლის თეთრი, ფაფუკი ფთილები ბამბასავით ეკვროდა ფანჯრის მინას. რამდენიც არ ეცადა მზეონა, ამ თეთრი ფთილების გარდა ვერაფერს ვერ მოჰკრა თვალი. თვით მზეც აღარ სჩანდა, მზის ელვარე, ცეცხლისმფრქვეველი ბადროც კი ჩაენთქა და მიემალა ამ უჩვეულო ხშირ ნისლს. ბოლოს მზეონას მობეზრდა თეთრი ნისლის ფანჯრიდან თვალთვალი და ეზოში მოინდომა გასეირნება. _ ფრთხილა იყავი, _ გააფრთხილა ბებიამ, _ ისეთი ხშირი ნისლია, შეიძლება საკუთარ ეზოშიც დაიკარგო. მზეონა შეჰპირდა, არ დავიკარგებიო და ეზოში ჩაცუნცულდა. ეზოში სეირნობა ბევრად უფრო საინტერესო გამოდგა, ვიდრე ამ, სქელი ნისლის შორიდან ჭვრეტა. მზეონას ეგონა, სადღაც ზღაპრულ მხარეში მოვხვდიო. რამდენიმე ნაბიჯს ისე გადაადგამდა, სრულებით ვერაფერს ხედავდა, ნისლის თეთრი ფთილების გარდა. მოულოდნელად ამ თეთრ ნისლში რაღაც მკრთალი, მაღალი ლანდი წამოიმართა. კიდევ ორიოდე ნაბიჯიც და ეს მკრთალი ლანდი, მაღალ, ბარაქიანად გაფოთლილ ხედ გადაიქცა. მზეონამ თავისი პატარა თითები მოუცაცუნა ხეს დანაოჭებულ ქერქზე, თითქოს უნდოდა საბოლოოდ დარწმუნებულიყო, რომ მაღალი ლანდი ნამდვილად ხედ გადაიქცაო და ახლა სხვა მიმართულებით გასწია, რათა სხვა ხეებიც აღმოეჩინა. ასე თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ აღმოაჩინა მზეონამ ყველა ხე, რომელიც ამ პატარა ეზოში ხარობდა. ყველა მათგანს კარგად იცნობდა მზეონა. ვინ მოსთვლის, რამდენჯერ ამძვრალა სათითაოდ ყველა მათგანზე. და ახლა, როცა ასეთ სქელ ნისლში პოულობდა მათ, ასე ეგონა, ძველ მეგობრებს შევხვდიო და გულით ხარობდა ხოლმე. იმ ხესაც მიაგნო მზეონამ, რომელზედაც საქანელა ჰქონდა ჩამობმული. ერთი წუთით შედგა და დაფიქრდა, საქანელაზე ხომ არ ექანავნა. ეს მისი საყვარელი გასართობი იყო; მთელი ძალით გაქანდებოდა და გახარებული შესცქეროდა მზის ოქროსფერ, ბრწყინვალე ბურთს, რომელიც მაღლა ხის ტოტზე იყო დასკუპებული. სწორედ იმ ტოტისკენ მიექანებოდა მზეონა და ეგონა, საცაა მზეს მივწვდებიო, მაგრამ საქანელა მაშინვე უკან გამოქანდებაო, მზეც იმავე მანძილით იხევდა უკან და თან ეშმაკურად ახამხამებდა თავის ელვარე, ოქროსფერ წარმწამებს. მზეონას მეტი რაღა დარჩენოდა, ისევ ხელახლა მიექანებოდა იმ ტოტისკენ, რომელზეც ასე გამაღიზიანებლად ბრწყინავდა მზის ოქროსფერი ბურთი. ამ ფიქრებში გართულმა მზეონამ ის-ის იყო ხელი ჩაავლო კიდეც საქანელას ნამიან თოკებს, მაგრამ უეცრად ბებოს დარიგება გაახსენდა, ნისლში ქანაობა არ შეიძლება, გაცივდებაო და ისევ სეირნობა არჩია, კვლავ საკუთარი ეზოს შესწავლა გააგრძელა, რომელიც ასეთ იდუმალ, გამოუცნობ სამყაროდ ექცია რძესავით თეთრ ხშირ ნისლში. ყვავილების ბუჩქებიც აღმოაჩინა მზეონამ, უფრო სწორად, დაეჯახა იმ ბუჩქებს. თვითონ ისევ მაღალ, მკრთალ ლანდებს დაეძებდა და სქელ ნისლში, რომლებიც მიახლოებისას მაღალ ხეებად უნდა ქცეულიყვნენ და ამ დროს ვარდის ბუჩქს გადააწყდა. როგორც მზეონამ შეამჩნია, ყვავილებს ნისლი სულაც არ აწუხებდათ. მართალია, ცოტა ფერი გაკრთობოდათ, მაგრამ მათი ფერადი ფურცლები კიდევ უფრო წვენსავსენი გამხდარიყვნენ. ერთი იმასღა ელოდნენ, მზეს მალე გამოენათებინა, რათა წინანდელზე უფრო ცინცხალ ფერებად ანთებულიყვნენ. მოულოდნელად დიდი თეთრი ბურთი შეამჩნია მზეონამ, წითელი ვარდის ბუჩქთან მოგორებულიყო. _ უჰ, ბურთი ეზოში დამრჩენია, _ თქვა მზეონამ. წინა საღამოს მართლაც გვიანობამდე ითამაშა თავისი დიდი თეთრი ბურთით და თამაშით დაღლილს ეტყობა დაავიწყდა მისი თან წაღება, როცა ბებიამ დაუძახა. ის-ის იყო ხელები გაიწოდა თეთრი ბურთისკენ, რომ ვიღაცის ხმა შემოესმა: _ კიდევ კარგი, რომ ბოლოს მაინც მიპოვნე, მზეონა, თორემ უკვე ვფიქრობდი, ალბათ აღარავინ მომაგნებს-თქო. გაოცებულმა მზეონამ ცოტა უფრო მეტი დაკვირვებით დაათვალიერა თეთრი ბურთი და სიხარულით აღმოაჩინა, რომ თურმე თეთრი ბურთი კი არა, ნისლისგან ფერდაკარგული მზე იყო ვარდის ბუჩქთან დაგორებული და სწორედ ის ელაპარაკებოდა. _ აქ საიდან გაჩნდი, მზეო. _ ჰკითხა მზეონამ და შეეცადა თავისი შეცბუნება დაემალა. ცოტა არ იყოს, შერცხვა, მზე ბურთად როგორ მივიღეო. ისინი ხომ ძველი მეგობრები იყვნენ, ვინ მოსთვლის, რამდენჯერ დაუხატავს მზის სახე, თუმცა გასამტყუნი მაინც არ იყო მზეონა, მას ხომ ჯერ არასდროს ენახა ამ ზომამდე ფერდაკარგული მზე. სქელ ნისლს სულ ერთიანად ჩაენთქა ოქროვანი ელფერი, მისი ნასახიც კი არ დაეტოვებინა. _ ნისლში დავიკარგე, _ აუწყე მზემ მზეონას. _ ისეთი სქელი ნისლია, გზა ვერაფრით ვერ გავიკვლიე. ბევრი ვიხეტიალე ასე უგზო-უკვლოდ, ბოლოს კი თურმე შენს ეზოში ამომიყვია თავი. _ მაგას რა სჯობია! _ სიხარულით წამოიძახა მზეონამ. _ ერთად ვითამაშოთ, მაღალ ხეებს ერთად აღმოვაჩენთ, საქანელაზეც ერთად ვიქანავებთ, როცა ნისლი გაიფანტება და მზე გამოვა... თქვა თუ არა ეს ბოლო სიტყვები, მზეონამ უცბად შეწყვიტა ლაპარაკი და მზეს შეხედა. მზე ყურადღებით შემოჰყურებდა თავისი ნათელი, პირდაპირი მზერით. ორიოდე წამს ორივენი დუმდნენ. _ დიახ, ბევრს ვითამაშებთ, როცა მზე გამოვა ნისლიდან, _ ჩაილაპარაკა მზემ _ მაგრამ მზე ნისლში დაიკარგა და გზას ვეღარ იკვლევს ცის თაღისკენ. შენ უნდა მიშველო, მზეონა, რათა ისევ დავუბრუნდე ჩემს ზეციურ ბილიკს. _ მე რა შემიძლია, როგორ უნდა გიშველო? _ გაიკვირვ მზეონამ. _ არ ვიცი, _ ამოიოხრა მზემ _ რაიმე მოვიფიქროთ ერთად. მზე გაჩუმდა, მეტი აღარაფერი უთქვამს. აშკარად საგონებელში ჩავარდნილი ჩანდა. მზეონაც დაფიქრდა, მართლაც თავსატეხი ამოცანის წინაშე დადგა. გულით უნდოდა ეშველა გასაჭირში ჩავარდნილი მეგობრისთვის და ძალიან განიცდიდა, რომ ვერ ახერხებდა ამას. ცოტა დააკლდა, კინაღამ ცრემლები მოადგა თვალზე. აღარც მზე იღებდა ხმას, ფერი კიდევ უფრო გაუკრთა. უცბად მზეონას ერთმა აზრმა გაუელვა. _ როდესაც საქანელაზე ვქანაობ, შენ ხის ტოტზე ჩამომისკუპდები ხოლმე. _ უთხრა გახარებულმა მზეს _ მე კარგად მახსოვს ის ტოტი. ხან ვუახლოვდები საქანელით, ხან ისევ ვშორდები. _ თუ ასეა, წამიყვანე და იმ ტოტზე შემომსვი, _ სთხოვა მზემ _ იქედან უკვე შევძლებდი ცისკენ გზის გაკვლევას. ჩემი სხივებისა ნუ გეშინია, ასეთ სქელ ნისლში ვერ დაგწვავენ. მზეონამ სიტყვის დამთავრებასაც არ აცხალა მზეს და ისე მსუბუქად აიტაცა, თითქოს მართლა ბურთი ყოფილიყო იგი. აიტაცა და მაშინვე იმ მაღალი ხის საძებრად გასწია, რომელზეც საქანელა ჰქონდა ჩამობმული. ისე სწრაფად მიაგნო იმ ხეს, თითქოს ეს თეთრი, გაუმჭვირვალე ნისლის ფოთლები სულაც არ არსებულიყვნენ. ცხადია, იმიტომ, რომ გულით უნდოდა ეშველა მზისთვის. საქანელაზე მოხერხებულად მოიკალათა მზეონამ, ცალი ხელი ნამიან თოკს ჩასჭიდა, მეორეთი მზე ჰყავდა ჩახუტებული. მართალია, ბებომ მკაცრად დაუშალა საქანელაზე ქანაობა, მაგრამ საქმის ვითარება რომ სცოდნოდა, ალბათ აღარც ბებო იტყოდა უარს. მზეონამ მიწას მაგრად დაჰკრა ფეხი. საქანელა გაქანდა. მზეონა მთელი სხეულით დაიძაბა, უნდოდა მალე მიწვდენოდა იმ ტოტს, რომელზეც მზე იყო ხოლმე დასკუპებული. ამასაც სულ მალე მიაღწია: საქანელა ისე მაღლა აიჭრა, სწორედ მზეონას ცხვირწინ აღმოჩნდა ის ტოტი. მზეონამაც მაშინვე მზე ჩამოასკუპა მასზე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. " რომელზეც ასე გამაღიზიანებლად ბრწყინავდა მზის ოქროსფერი ბურთი." - გამაღიზიანებლად რატომ? კარგი ტიპია მზე
რაღაც უცებ დამთავრდა :) თითქოს დროში იყო ავტორი შეზღუდული
კარგია რომ ასეთი კარგი მზიანი დღე მოგვცა დღეს მზეონამ, თორემ რა გაუძლებდა ნისლს?
4
" რომელზეც ასე გამაღიზიანებლად ბრწყინავდა მზის ოქროსფერი ბურთი." - გამაღიზიანებლად რატომ? კარგი ტიპია მზე
რაღაც უცებ დამთავრდა :) თითქოს დროში იყო ავტორი შეზღუდული
კარგია რომ ასეთი კარგი მზიანი დღე მოგვცა დღეს მზეონამ, თორემ რა გაუძლებდა ნისლს?
4
1. დასაწყისი კარგი იყო, შეიძლებოდა ნისლის უკეთ წარმოსახვა. დასაწყისი კარგი იყო, შეიძლებოდა ნისლის უკეთ წარმოსახვა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|