| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: საბავშვო 27 დეკემბერი, 2015 |
როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, მზეონა ძალიან ხშირად ხატავდა მზეს. ხანდახან მზის გვერდით მთვარესაც მიახატავდა ხოლმე, ოღონდ ყოველთვის ახალ მთვარეს, ნამგლის პირივით გალწობილს. ყოველთვის ასე იქცეოდა, რათა მზე და მთვარე არავის არ შეშლოდა ერთმანეთში. ერთხელ კი, როგორღაც მოიფიქრა და მზის გვერდით სავსე მთვარე მიახატა, რაღა მაინცდამაინც ახალი მთვარე უნდა დავუხატო მზეს ყოველთვის გვერდითო. ნახატზე მზე და მთვარე ორივე ერთნაირად მრგვალი იყო, ოღონდ მზეს ოქროსფერი სხივების შარავანდედი ახლდა, რომელსაც ლამის ნახევარი ფურცელი ეჭირა. მთვარის შუქის შარავანდედი უფრო მოკრძალებული იყო, თანაც მზის ბადროსაგან განსხვავებით, ოქროსფრად როდი გაჰქონდა გიზგიზი. შედარებით მკრთალი ფერით გამოირჩეოდა. როგორც ჩვეული იყო, ეს ახალი ნახატიც თავისი ოთახის კედელზე გააკრა მზეონამ. უნდოდა ყველას ენახა იგი და ცხადია, პირველ რიგში მზეს და მთვარეს. უცბად რაღაც უცნაური ჩაკისკისების ხმა გაისმა. მზეონამ თავი ასწია და რას ხედავს: ფანჯრის რაფაზე მზეწვია დასკუპებულა, კედელზე გაკრულ ახალ ნახატს შეჰყურებს და სიცილით კვდება. _ ეს რა დაგიხატავს, მზეონა. _ უთხრა მზეწვიამ, როცა ბოლოს სული მოითქვა სიცილისგან. _ რა, ვეღარ სცნობ? მზე და მთვარე დავხატე. _ შეაგება პასუხად მზეონამ, თან ეჭვით გადახედა მზეწვიას, ნეტავი რა აცინებსო. _ მერე, ერთად ვის უნახავს მზე და სავსე მთვარე. ლამის ერთმანეთს ჩაეხუტონ, ისე ახლოს დაგისკუპებია ოროივე. მზეონამ ისე დაკვირვებით შეხედა საკუთარ ნახატს, თითქოს მართლა რაიმე ახლის დანახვა უნდაო. დიახ, მართლაც ძალზე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან მზე და სავსე მთვარე, თან ისე ლამაზად და დიდებულად სუფევდნენ ცის კაბადონზე, რომ მზეონა ამ ნახატის შესახებ ცუდის გაგონებას ვერაფრით ვერ მოითმენდა. _ ალბათ რაღაც გეშლება, მზეწვიავ, _ უდარდელად გაიცინა მზეონამ _ მზე და სავსე მთვარე გამუდმებით დასეირნობდნენ ცაზე და შეიძლება ერთხელ მაინც არ შეხვდნენ ერთმანეთს. _ მე არაფერი მეშლება, _ მოუთმენლად შეესიტყვა მზეწვია, თან გაცხარებით იწყო სიარული ფანჯრის რაფაზე, _ მზისა და მთვარი შეხვედრის ამბებს ვერავინ მასწავლის. განა ტყუილად მქვია სახელად მზეწვია. ჩემზე კარგად არავინ იცის, თუ როგორ დასეირნობს მზე ცის ბილიკზე, როდის ამოდის და როდის ჩადის, ვის ხვდება და ვის არა... მზე მხოლოდ ახალ მთვარეს ხვდება, თანაც რაც უფრო მიუახლოვდებიან ერთმანეთს, მთვარე მით უფრო გალწობილია ხოლმე. მზეწვიას გაცხარებამ მზეონა შეაფიქრიანა. ჯერ თვითონ არასოდეს დაფიქრებულიყო იმაზე, თუ როგორ და ვის ხვდება მზე თავის ბრწყინვალე, ოქროვან ბილიკზე. ვინ იცის, იქნებ მართალია მზეწვია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მზეწვიას მზეონას დიდი ხნის მეგობრობა ჰქონდა, პურის ნამცეცებს უყრიდა ხოლმე ფანჯრის რაფაზე. მზეწვიაც კენკავდა პურის ნამცეცებს და ამ დროს ცალი თვალი მუდამ მზეონას ახალი ნახატისკენ ეჭირა. ჩანდა, რომ ძალიან კმაყოფილი იყო, მოსწონდა მზეონას ნახატები. ახლა კი, რახან ასეთი გაცხარებით გამოთქვა თავიოსი შენიშვნა, ალბათ ჰქონდა კიდეც საამისო მიზეზი მზეწვიას. მზეონას ხმა აღარ ამოუღია, თავჩაღუნული და ჩაფიქრებული იდგა ფანჯარასთან. აღარც მზეწვიას უთქვამს რაიმე, გულმოდგინედ აკენკა ფანჯრის რაფაზე დაყრილი ნამცეცები, მადლობა გადაიხადა და გაფრინდა. გულდაწყვეტილმა მზეონამ ნახატის ჩამოხსნა დააპირა კედლიდან, ხელიც კი გაიწოდა მისკენ, მაგრამ გადაიფიქრა და ისევ დაუშვა ხელი, რადგან ძალიან დაენანა იგი, როგორ უხდებოდნენ ერთმანეთს მზე და სავსე მთვარე, არავის არ უშლიდა ხელს მათი ერთად ყოფნა. ამრიგად ნახატი ისევ დარჩა თავის ადგილას, კედელზე, ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს, მზეონას არც შემდგომ დღეებში უხლია მისთვის ხელი, ოღონდ ცოტა არ იყოს, გული ეთანაღრებოდა. მზეწვიას ნათქვამი სიტყვები ერთი წუთითაც არ შეორდებოდა გონებიდან. რაც არ უნდა ეკეთებინა, ახალი ნახატის ხატვისას, გართობა-თამაშის დროს თუ ბებოს სათვალეების ძებნისას (ბებოს სათვალე ძელზე ხშირად ეკარგებოდა ხოლმე), მზეწვიას დამცინავი კისკისი ჩაესმოდა ყურში და გულნატკენი ფიქრობდა, ნუთუ მართლა არასოდეს არ ხვდებიან ერთმანეთს მზე და სავსე მთვარეო. ერთხელ მზეონამ ქაღალდის გემების კეთება წამოიწყო. ამ გეგმებს მერე მომცრო გუბურაში შეაცურებდა ხოლმე, რომელიც მახლობელიო ბაღის ფართო ეზოში კამკამებდა. ეს გასართობი ძალიან უყვარდა მზეონას, გულით ხარობდა, როცა მისი გემის გუბურის ერთი ნაპირიდან მეორემდე აღწევდა, საამისოდ ერთი პატარა წკიპურტი სჭირდებოდა, მეტი არაფერი. ჯერ ისევ შუადღე იყო და მზე მაღლა იდგა, როცა გუბურას ესტუმრა მზეონა. ისე გაერთო, არც კი გაუგია, როგორ მოსაღამოვდა. მზე დასალიერს მიუახლოვდა, მისი ოქროსფერი, ელვარე ბადრო გუბურაში აირეკლა და თვალებში შეუჭყიტინა მზეონას, როცა მან ის-ის იყო წკიპურტი ჰკრა გემს და მისთვის თვალის მიდევნება სცადა. გემი მოსცილდა ნაპირს, გადასერა გუბურა და მეორე მხარეს მიეახლა. მზეონამ სწრაფად შემოურბინა გუბურას, რათა კვლავ წკიპურტი ეკრა გემისთვის და უცბად სავსე მთვარეც დაინახა გუბურაში. და მზეონამ საკუთარი თვალით დაინახა ერთად მყოფი მზე და სავსე მთვარე. მზეს ჯერ კიდევ ვერ მოესწრო ჩასვლა, ახლადამოსულ სავსე მთვარეს კი უკვე დაეკავებინა თავისი ადგილი ცის კაბადონზე. გუბურის სხვადასხვა მხარეს სუფევდნენ წყლის სიღრმეში, ანუ ზუსტად იმ მანძილზე, რა მანძილზეც ქაღალდის გემი გაივლის ხოლმე. ეს კი, ალბათ ყველა დამეთანხმება, არც ისე დიდი დაშორებაა მნათობთა პირობაზე. მზეონამ თავი ანება ქაღალდის გემს, გუბურის ნაპირას ჩაიმუხლა, რათა უფრო კარგად ეჭვრიტა ორივე მნათობისთვის. ორივე მშვენივრად ჩანდნენ წყლის სიღრმეში, ერთმანეთთან ასე ახლო მყოფნი და ერთმანეთს ხელს სულაც არ უშლიდნენ, რათა თავიანთი სხივთა კონები ეფრქვიათ. ერთს ოქროვანი, მეპრეს უფრო მკრთალი ფერისა. და ამ დროს, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მათი ხმაც გაიგონა მზეონამ, მნათობები მშვიდად მუსაიფობდნენ. რაზე მუსაიფობდნენ მნათობნი? ეჰ, განა ასე ადვილია მათი ნაამბობის აღწერა! ვის შეუძლია იმ არაჩვეულებრივად ფერადოვან სანახაობათა აღნუსხვა და გადმოცემა, რაც მათ ერთმანეთს გაუმჟღავნეს იმ მშვიდი მუსაიფის დროს. ალბათ აქაც ყველა დამეთანხმება, რომ ეს ფრიად საძნელო საქმე იქნებოდა და ვინ იცის, მთხრობელის უგერგილობის გამო იქნებ პეწიც სულ მთლად დაჰკარგოდათ. მაგრამ თუ ვინმეს ძალიან დააინტერესებს მნათობთა ნაამბობი, მაშინ ვურჩევთ მზეონას ნახატები დაათვალიეროს. მან დიდი ყურადღებით მოისმინა მზისა და მთვარის მუსაიფი და ასევე დიდი გულმოდგინებით შეუდგა მათი შინაარსის გადმოცემას თავის ფერადოვან ნახატებში. მზეონა ახლაც აგრძელებს ხატვას მნათობთა ნაამბობის შესახებ, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ მორჩება ამ საქმეს. მაგრამ რამდენადაც ჩვენი მოთხრობის შინაარსი მოითხოვს, ორიოდე ფრაზას მაინც გაგიმხელთ მნათობთა ნაამბობიდან, რაც მზეონამ თავისი ყურით მოისმინა. _ რომ იცოდე, როგორ მომენატრე, _ ასე მიმართა სავსე მთვარემ მზეს, _ ჩვენ ხომ ძალზე იშვიათად ვხედავთ ერთმანეთს. მხოლოდ ასეთ პატარა გუბურაში თუ შევხვდებით, ისიც თვეში ერთხელ. _ და კიდევ მზეონას ნახატებშიც ვხვდებით ერთმანეთს, _ თქვა სიხარულისგან თვალებგაბრწყინებულმა მზემ. _ სწორედ მან დაგვხატა ორივენი ერთად. _ მართალი ხარ, ჩემი თვალით ვნახე ის ნახატი, მზეონას თავისი ოთახის კედელზე აქვს გაკრული _ დაუდასტურა მთვარემ. ო, რა სიამაყე იგრძნო მზიანამ, როცა ზემოთ აღწერილი სიტყვები გაიგონა მნათობთაგან! სახეგაცისკროვნებულმა მიმოავლო თვალი ირგვლივ, აბა ვინმე თუ უსმენსო მნათობთა მუსაიფს. მზეწვია დაინახა, ხის ტოტზე შემოსკუპული. სწორედ იმ მზეწვია, რომელმაც ნახატი დაუწუნა, აქაოდა მზე და სავსე მთვარე ერთად ვის უნახავსო. _ აკი ერთმანეთს არ ხვდებიანო მზე და სავსე მთვარე! _ ნიშნისმოგებით შესძახა მზეონამ მზეწვიას. მზეწვიამ ცალი თვალით ჩაიხედა გუბურის სიღრმეში, შეათვალიერა მზე და სავსე მთვარე, ერთმანეთთან ასე ახლოს მყოფნი. თქმით კი არაფერი უთქვამს მზეონას სიტყვების პასუხად. ცხადია, იმიტომ, რომ არაფერი ჰქონდა სათქმელი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დიდი მადლობა!! მეც გილოცავთ თქვენ და ყველას! ბედნიერება და შემოქმედების მუზა არ მოგკლებოდეთ დიდი მადლობა!! მეც გილოცავთ თქვენ და ყველას! ბედნიერება და შემოქმედების მუზა არ მოგკლებოდეთ
3. ნუნუ-ნონა, და ყველას ვინც ახლა აქ ხართ, ახალ წელს გილოცავთ, სიხარული და ნათელი დაგბედებოდეთ. მართლა შემოქმედები ხართ ვინც აქ ხართ ახლა.
ამ ჭიქა შამპანურს და ამ სადღეგრძელოს თქვენ გიძღვნით, ბედნიერი წელი გქონოდეთ. :) აგრიდებოდეთ ყველა ფსევდოინლექტუალის კომენტარები და რჩევა-გარჩევები, თქვენ იცით, რომ მკითხველი გულით გრძნობს როცა არ ატყუებენ. ეს მისთვის ყველაზე მთავარია. მკითხველის სიყვარულს გისურვებთ.
ნუნუ-ნონა, და ყველას ვინც ახლა აქ ხართ, ახალ წელს გილოცავთ, სიხარული და ნათელი დაგბედებოდეთ. მართლა შემოქმედები ხართ ვინც აქ ხართ ახლა.
ამ ჭიქა შამპანურს და ამ სადღეგრძელოს თქვენ გიძღვნით, ბედნიერი წელი გქონოდეთ. :) აგრიდებოდეთ ყველა ფსევდოინლექტუალის კომენტარები და რჩევა-გარჩევები, თქვენ იცით, რომ მკითხველი გულით გრძნობს როცა არ ატყუებენ. ეს მისთვის ყველაზე მთავარია. მკითხველის სიყვარულს გისურვებთ.
2. კარგი გოგოა მზეონა :)
ნაწერს კორექტურა სჭირდება კარგი გოგოა მზეონა :)
ნაწერს კორექტურა სჭირდება
1. ლამაზი,სასიამოვნო წაკითხია. ძალიან მომეწონა. ლამაზი,სასიამოვნო წაკითხია. ძალიან მომეწონა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|