 | ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: საბავშვო 5 იანვარი, 2016 |
ყველა გზა მწვანე ტყისკენ მიდის
ძალიან ჩქარობდა მახარე, ცხვირ-პირს იჭმუხნიდა და სწრაფად მიუყვებოდა ქალაქის ქუჩებს, აქ ღიმილისთვის ნამდვილად არ ეცალა. ხალხს თუ მანქანებს მარჯვედ უქცევდა გვერდს, თან ფერად-ფერადი აბრებით აჭრელებულ მაღაზიებს ათვალიერებდა, რათა სასურველი მაღაზის არ გამორჩენოდა. ბოლოს შეამჩნია ერთი მაღაზია, რომელზეც `ფერადი საღებავები~ ეწერა. მაღაზია ხალხით იყო სავსე. როგორც ჩანს, საღებავები ბევრს სჭირდებოდა ამ ქალაქში. მახარე მოთმინებით დაელოდა, სანამ ამდენი ხალხი იყიდდა თავისთვის საჭირო საღებავებს და მერე ზრდილობიანად ჰკითხა გამყიდველს: ალისფერი, ბუნებრივი საღებავი თუ გაქვთო. მაგრამ გამყიდველი აბა რისი გამყიდველი იქნებოდა, რომ ისეთი პაწაწინა არსებისთვის მიექცია ყურადღება, როგორიც კამფეტის ბრჭყვიალაქუდიანი ბიჭი იყო. მან ზედაც არ შეხედა მახარეს, მომდევნო მუშტარს, ვიღაც ზონზროხა კაცს ჰკითხა, რა გნებავთო. ზონზროხამ მაშინვე გაშალა ბადურები, თითქოს მთელი მაღაზიის ყიდვას აპირებსო. მახარე დაელოდა, სანამ ზონზროხა კაცი აავსებდა თავის ბადურებს და ისევ გაუმეორა გამყიდველს თავისი შეკითხვა. გამყიდველი ახლა ვიღაც ქალს შეაჩერდა სახეში, რომელსაც ორჯერ მეტი ბადურები წამოეღო თან. ასე კარგახანს გაგრძელდა. არც გამყიდველი, არც მყიდველი, არავინ ზედაც არ უყურებდა მახარეს, თითქოს არც კი ესმოდათ მისი ზრდილობიანი თხოვნა, ცოტა ხნით მეც მომისმინეთო. ბოლოს, როგორც იქნა, ერთმა ჭაღარაულვაშებიანმა კაცმა მიაქცია ყურადღება: _ აქ რას ეძებ, ნამცეცა ბიჭო? _ ალისფერ საღებავს ვეძებ, რომელსაც ალისფერი ყვავილისგან ამზადებენ, _ სხაპასხუპით მიაყარა გახარებულმა მახარემ, რადგან ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ რაღაცა ჰკითხა... _ დათუნას ტორტი უნდა გამოუცხონ ბებიებმა დაბადების დღისთვის. თუ კრემის ვარდები ალისფერი არ იქნება, დათუნა ტორტს პირსაც არ დააკარებს, ხელოვნური საღებავის ხმარებაც არ შეიძლება, რადგან დათუნას ალერგია აქვს. ჭაღარა კაცი ღიმილით უსმენდა, ბოლო სიტყვებზე თავი გადააქნია. _ როგორ თქვი? დათუნა ტორტს პირს არ დააკარებსო? _ ნამდვილად არ დააკარებს, _ დარწმუნებით თქვა მახარემ. _ ოჰ, ოჰ, ეს საშინელება იქნება, _ თქვა ჭაღარამ _ პატარა ბიჭებს ტორტი ძალიან უყვართ. მით უმეტეს, სადღეობოდ გამომცხვარი, როცა ანთებული სანთლები აქვს ჩამაგრებული და სულის ერთი შებერვით უნდა ჩააქრო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენს ქალაში დიდი ხანია აღარ იშოვება ალისფერი საღებავი, რომელსაც ალისფერი ყვავილისგან ამზადებენ. _ რატომ აღარ იშოვება? _ იკითხა შეწუხებულმა მახარემ. ჭაღარამ მხრები აიჩეჩა. _ მაგაზე ვერაფერს გეტყვი, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ვერსად ვერ იშOოვი, სანთლითაც რომ ეძებო. _ იქნებ სადმე, სხვა მაღაზიში, სადაც უფრო ზრდილობიანი გამყიდველი იქნება... _ წამოიწყო მახარემ. _ ტყუილი იმედია, _ დარწმუნებით უთხრა მოხუცმა, _ ამ ქალაქში ვერცერთ გამყიდველთან ვერ იშოვი ალისფერ საღებავს. მახარე დაფიქრდა, შოკოლადისფერი წარბები შეჭმუხნა. _ თუ ასეა, მწვანე ტყეში წავალ იმ ალისფერი ყვავილის მოსაძებნად, _ თქვა ორიოდე წუთის ფიქრის შემდეგ, _ დათუნას ბებიებისგან გამიგია, ალისფერი ყვავილი ტყეში ხარობსო... _ მერედა შენ, ასეთი პატარა არსება, როგორ შეძლებ მწვანე ტყეში წასვლას მის საშოვნელად? იგი ხომ შორსაა აქედან... _ მაშინ დათუნა პირს არ დააკარებს ტორტს _ დაღონებით თქვა მახარემ _ ბებიებსაც წნევა აუწევთ და ვინ იცის რა მოხდება. ამის გაგონებაზე ჭაღარამ კიდევ ერთხე გადააქნია თავი. _ თუ ასეა, გასწი ტყეში ნამცეცა ბიჭო. იქნებ მართლა იშოვო ალისფერი ყვავილი, ასე მონდომებით რომ ეძებ. ოღონდ ფრთხილად იყავი, ხიფათს არ გადაეყარო.
როგორ ცდილობდა მახარე საკუთარი სახელის გამართლებას
მახარე ისევ გაუყვა ქალაქის ქუჩებს, რაც შეეძლო ჩქარობდა, მაგრამ მალე მიხვდა, რა სწრაფადაც არ უნდა ევლო, ძალიან დააგვიანდებოდა მწვანე ტყემდე მიღწევა, ამისთვის მანქანა იყო საჭირო. რა თქმა უნდა, ისეთ პატარა არსებას, როგორიც თვითონ იყო, მანქანას არავინ გაუჩერებდა, ამაში მწარე გამოცდილებით ბევრჯერ დარწმუნდა. ამიტომ მახარემ ტროტუართან ცოტა ხნით შეჩერებული მანქანების მძღოლებთან ამჯობინა გამოლაპარაკება. _ თუ შეიძლება, მწვანე ტყეში წამიყვანეთ, _ მეტად ტკბილი ხმით სთხოვა მახარემ მშვენიერი, კრიალა მანქანის მძღოლს. _ ალისფერი ყვავილი უნდა ვიპოვო, თურმე ქალაქში არ იშოვება. ამას რომ ამბობდა, თავისი ბრჭყვიალა ქუდი მოიხადა და ჰაერში შეათამაშა, რათა მძღოლს დაენახა. მძღოლმაც შენიშნა იგი და თვალები აღტაცებით აუციმციმდა. _ რა ლამაზი სათამაშოა, ძალიან მოუხდება ჩემი მანქანის საქარე მინას, _ წამოიძახა მან და კარები გააღო. _ მე სათამაშო არა ვარ, მე მახარე ვარ, _ დინჯად აუხსნა მახარემ _ მწვანე ტყეში მინდა წასვლა. _ ბიჭოს, ლაპარაკობს კიდეც, _ თქვა გახარებულმა მძღოლმა და ხელი მისკენ გაიწოდა. მახარემ ძლივს მოასწრო მისი ხელიდან გასხლტომა. ბევრი იარა მახარემ, ბევრი ეცადა, მაგრამ ვერცერთი მანქანის მძღოლის დაყოლიება ვერ შეძლო. ყურსაც არავი იბერტყავდა მის ლაპარაკზე. ერთხელ კინაღამ მანქანის კარებში მოჰყვა, რომელიც ცხვირწინ მიუჯახუნა მძღოლმა. ერთმა უშველებელმა მანქანამ კი, საშინელი გრუხუნით გადაუარა თავზე. ხმაურისგან გაბრუებულ მახარეს ეგონა, უკვე დამთავრდა ჩემი მოგზაურობა, ისე რომ არც დამიწყიაო. კიდევ კარგი, ბორბლები ასცდნენ, გვერდით, სულ ახლოს ჩაუქროლეს. მძღოლმა უკან მოიხედა, ყურებამდე გაიღრიჭა და მახარეს ანიშნა, რას იზამ, ძალიან პატარა არსება ხარ და დროზე ვერ შეგამჩნიეო. არადა, მახარეს არ გამოჰპარვია, რომ იგი მძღოლმა შეამჩნია და საგანგებოდ ამოუმატა სისწრაფეს, დამუხრუჭება არც კი უფიქრია. _ ეეჰ, _ ამოიოხრა მახარემ. _ როგორც ჩანს, არც ისე ადვილია ალისფერი ბუნებრივი საღებავის შოვნა, რითაც კრემის ვარდებს ისე ღებავენ, ნამდვილი გეგონება. მაგრამ უკან დაბრუნება ერთი წამითაც არ უფიქრია, გზა გულადად განაგრძო, სცენაზე მახარე ვიყავი, ახლაც მახარე ვარ, ასეთ კარგ სახელს გამართლება სჭიდებაო, ფიქრობდა გულში და ალაქის ხმაურიან ქუჩებს მიუყვებოდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა. მეც გილოცავთ. ყველას ვულოცავ! მადლობა. მეც გილოცავთ. ყველას ვულოცავ!
1. შობას გილოცავთ. შობას გილოცავთ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|