| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: საბავშვო 17 იანვარი, 2016 |
მოგზაურობა წარსულში
რობიკომ ხელახლა ჩართო ძრავა. მანქანა ადგილიდან დაიძრა, ნელ-ნელა ემატა სიჩქარეს. სიჩქარის მაჩვენებელზე ისარმა ციფრ 50-ს მიაღწია. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი უკვე მაქსიმალური სიჩქარით მიჰქროდნენ. აქ რობიკომ რკინის მარწუხი და რომელიღაც ღილაკს შეეხო. სიჩქარის მაჩვენებლის გვერდით ეკრანი აინთო, მასზე ელვისსისწრაფით მოჰყვებოდნენ ერთმანეთს ციფრების სვეტები. თვალები ორბიტებში დაუტრიალდნენ რობიკოს, რაც დაძაბულ გონებრივ მუშაობაზე მიუთიტებდა. რობიკო დროში სამოგზაუროდ ემზადებოდა, ამისთვის კი უამრავი განტოლების ამოხსნა იყო საჭირო. მალე მათ ირგვლივ რაღაც უცნაური ამბები დატრიალდა. ასფალტით დაფარული გზა, რომელზეც ისინი მიჰქროდნენ, სადღაც გაქრა, ჯერ არაფერი ჩანდა, ნაირფერადი გაურკვეველი კორიანტელის გარდა, რომელიც სპირალივით ბრუნავდა მანქანის ირგვლივ. მერე ის სპირალიც გაჰქრა და მოგზაურებმა მწვანედ დაბურულ ტყეში ამოყვეს თავი. _ სადა ვართ? _ იკითხა გაოცებულმა მახარემ. _ ზუსტად იქ, სადაც ვიყავით, _ გამოეხმაურა რობიკო. _ კი, მაგრამ ასფალტიანი გზა ? _ წარსულში მის ადგილას ტყე იყო. ამ დროს ხვრინვის ხმა შემოესმათ, თურმე ქოლგოსანს ჩასძინებოდა. _ ქოლგოსანო, გაიღვიძე, წარსულში ვართ უკვე, _ შესძახა მახარემ. ქოლგოსანმა ბარაქიანი ამოხვრინვა დაუბრუნა პასუხად. თეთრი, მსუბუქი წვერ-ულვაში ბუმბულივით უფრიალებდა. შავმა ღრუბელმა ითავა მისი გაღვიძების საქმე, წარრრრრსულში ვარრრთ! ისე დასჭექა, რომ ქოლგოსანი ნახევარ ადლზე შეხტა და გამოეღვიძა. _ რა საჭიროა ამდენი აურზაურის ატეხა, ისედაც გავიღვიძებდი, _ აბუზღუნდა იგი, პირველი გადახტა მანქანიდან. მახარე და შვი ღრუბელიც გადმოვიდნენ და იქაურობას დაუწყეს თვალიერება. საოცარი სილამაზე სუფევდა მათ ირგვლივ. სიმწვანე ისე ბარაქიანად ბიბინებდა, თავის დღეში რომ ენახათ. ათასფერ ყვავილებს მოერთოთ იქაურობა. მათ შორის, ფერის სიმვეთრით გამოირჩეოდა ალისფერი ყვავილი, სწორედ ის, რისგანაც ძალზე ჭახჭახა ფერის ალისფერ ბუნებრივ საღებავს ამზადებენ. _ ოჰ, რა სილამაზია! _ თვალები აღტაცებით აუციმციმდა მახარეს. _ ნეტავი შემეძლოს ამ ალისფერი ყვავილების წვიმით მორწყვა, _ ამოიოხრა შავმა ღრუბელმა. _ ერთი ორად გავალამაზებდი... ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, ძახილი მოესმათ. _ რაღას უყურებთ, წავედით./.. ქოლგოსანი ეძახდათ. მას დრო ა დაუკარგავს, სასწრაფოდ ამოიოხრა მიწიდან ალისფერი ყვავილის ნერგი და ახლა უკვე მანქანაშI იყო მოკალათებული. რაც შეეხება რობიკოს, იგი საერთოდ არ გადმოსულა მანქანიდან. მახარე და შავი ღრუბელიც შეძვრნენ მანქანაში. რობიკომ ძრავა ჩართო, მანქანა მწვანე ხავერდივით რბილ მოლზე გაგორდა. ფერადი სპირალი ისევ დატრიალდა მათ ირგვლივ, მომცრო ეკრანზე ციფრები ელვისისწრაფით კვლავ ცვლიდნენ ერთმანეთს. მალე ფერადი სპირალიც გაქრა, ისინი ისევ იმ ასფალტიან გზაზე იდგნენ, საიდანაც მოგზაურობა დაიწყეს. _ მოვედით, _ ახმაურდა ქოლგოსანი _ ახლა ამ ნერგს მწვანე ტყეში დავრგავ, რათა ისევ იხმაროს. ყვავილს კი მოვწყვეტ და მისგან ალისფერ ბუნებრივ საღებავს დავამზადებთ. მე ვიცი, როგორ მზადდება იგი. ქოლგოსანს არავინ გამოხმაურებია. ყველანი რაღაც ეტისმეტად სევდიანი გამომეტყველებით შეჰყურებდნენ იმ ნერგს, რომელიც მას ასე მოწიწებით ეპყრა ხელთ. გაოცებულმა ქოლგოსანმა თვითონაც დახედა ნერგს და ნახა, რომ სულ ერთიანად გამხმარიყო, უსიცოცხლო ღეროები ეპყრა ხელთ. _ ნეტავი რა დაემართა? _ გაოცებით იკიტხა ქოლგოსანმა, _ ასე მალე როგორ გახმა... ამ შეკითხვის გაგონებისას რობიკომ ჭადრაკის დაფასავით აჭრელებული თავი მოაბრუნა და მწვანე უჯრას შეახო რკინის მარწუხი. მწვანე უჯრაში მცენარეების შესახებ ჰქონდა ცნობები. ზუსტად ერთი წამი სდუმდა რობიკო, თან თვალებს ატრიალებდა, მერე კი ასეთი რამ თქვა: _ ახლა უკვე ცნობილია, თუ რატომ გახმა მწვანე ნერგი. ეს მხოლოდ ჩვენთვის გავიდა ძალიან ცოტა დრო, თორემ ნერგისთვის თითქმის მთელი საუკუნე გავიდა. ეს ხომ მწვანე მცენარეა, მუდამ ცვალებადი, ცოცხალი არსება, საკუთარი დროის რიტმი გააჩნია, რომელიც არ ემთხვევა ჩვენი მოგზაურობის დროის რიტმს. ამიტომაცც გახმა, თუ ცემს განმარტებაში ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ ჩემი ამოხსნილი განტოლებები შეამოწმოთ.
მოგზაურობა მომავალში
რობიკოს ახსნა-განმარტება ყველამ კარგად გაიგო, განმარტებების შემოწმებაზე თავი არავის გამოუდვია, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. მანქანაში ყველამ მოიწყინა. _ ამას არაფრით არ ველოდი, _ ბუტბუტებდა ქოლგოსანი. _ ეს, ჩემო წვიმავ, _ ხვნეშოდა შავი ღრუბელი. მახარეს დარდისგან ფერი სულ დაკარგოდა. _ რაღა გვეშველება, _ ბუტბუტებდა იგი ოდნავ გასაგონი ხმით. _ დათუნა ტორტს პირსაც არ დააკარებს. რობიკო რაღაც ანგარიშებში იყო გართული, მას არც კი გაუგონია თანამგზავრების წუწუნი. ყველაზე პირველი ისევ ქოლგოსანი გამოერკვა. _ ახლა ისღა დაგვრჩენია, მომავალში ვეძებოთ ალისფერი ყვავილი, _ თქვა მან. _ დროში მოგზაურობა ხომ მომავალსაც გულისხმობს წარსულის გარდა. ასე არაა რობიკო? _ ეს ისეთივე ცხადია, როგორც ორჯერ ორი. _ მიუგო რობიკომ და სატერფალს ფეხი დააჭირა. მანქანა დაიძრა ადგილიდან. ყველანი ისევ მოკალათდნენ სავარძლებზე. სახე ყველას იმედმა გაუნათა, შავი ღრუბლის გარდა, იგი ისევ ბუზღუნებდა: `ეჰ, ჩემო წვიმავ, სადა ხარ...~ მალე ნაცნობი ფერადი სპირალი დატრიალდა მათ ირგვლივ, ოღონდ ჩვენმა მგზავრებმა შეამჩნიეს, რომ იგი ახლა საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავდა. ცოტა ხანში ასფალტიანი გზის ნაცვლად ხავერდივით მობიბინე მწვანე ველზე ამოყვეს თავი, რომელიც ათასფერ ყვავილებს შეემკოო. მათ შორის ალისფერი ყვავილიც ღაღანებდა. _ ისევ წარსულში მოვხვდით? _ იკითხა შეცბუნებუილმა მახარემ. _ ეს ნამდვილად მომავალია, იმ ასფალტიანი გზის მომავალი. ეს მე არ შემეშლება, გაანგარიშება ზუსტად მიჩვენებს _ მკვეთრი ხმით გამოეპასუხა რობიკო. ქოლგოსანმაც მაშIნვე დაადასტურა, რომ ნამდვილად მომავალში იმყოფებოდნენ. _ შეხედეთ ამ ხეებს, _ მიუთითა მან ტანსრულ, მწვანით უხვად გაბადრულ ხეებზე. _ ისინი წარსულში ასე დიდები არ იზრდებოდნენ, უფრო ტანმორჩილნი იყვნენ, მწვანე მოლიც უფრო რბილია და მაღალი. ალისფერი ყვავილებიც თითქოს ზეიმობენ, ისეთი გალაღებული იერი აქვთ. თანაც რა ლამაზად არიან შეხამებული გარემოს. აშკარად ეტყობათ, მზრუნველი ხელი და თVალი. მათთვის საგანგებოდაა შერჩეული ადგილი, მე ამას ძალიან კარგად ვამჩნევ. მახარემ უფრო მეტი ყურადღებით მიიხედ-მოიხედა და თვითონაც უამრავი განსხვავება შენიშნა წარსულის და მომავლის ორ სურათს შორის. _ ერთი რამ მაკვირვებს, _ თქვა მახარემ. _ ასფალტიანი გზა სადღა გაქრა? თუ იქნებ აღარც სჭირდებათ ასფალტი, ისეთი მანქანები აქვთ მომავალში. _ ჩვენ მაგას შემდეგ გავარკვევთ, როცა სამაგისო დრო გვექნება, _ მოუჭრა ქოლგოსანმა. _ ახლა უკან უნდა დავბრუნდეთ, რაც შეიძლება სწრაფად. ძალიან მეჩქარება იმ ალისფერი ყვავილის დარგვა ჩვენს ტყეში. თუ ჩვენ არ გავახარებთ ალისფერ ყვავილს, არც ეს მშვენიერი სურათი გვექნება მომავალში. თანაც, ხომ იცით, დათუნა პირს არ დააკარებს ტორტის ნაჭერს, თუ ალისფერი კრემით არ იქნება დამშვენებული... ყველანი დაეთანხმდნენ ქოლგოსანი, იმანაც მწვანე ნერგი წყლით სავსე ქილაში მოათავსა და ისევ რობიკოს ოსტატობას მიანდეს მანქანის მართვა. კვლავ დატრიალდა ფერადი სპირალი მათ ირგვლივ, ოღონდ მას ახლა აღარავინ აქცევდა ყურადღებას, ყველანი მწვანე ნერგს მისჩერებოდნენ. ნერგი მშვენივრად გამოიყურებოდა, მწვანედ გადიოდა ღაღანი. ოღონდ მასზე თვალმიპყრობილმა მოგზაურებმა ერთი უცნაურობა შეამჩნიეს: ნერგი როგორღაც იცვლებოდა მათ თვალწინ, თვალსა და ხელს შუა. ფოთლებმა განსხვავებული ფორმა მიიღეს, ყვავილის ფერიც როგორღაც შეიცვალა... და როცა ჩვენმა მოგზაურებმა ისევ ასფალტიან გზაზე ამოყვეს თავი, იმ დროისთვის სულ სხვა მცნარის ნერგი შერჩათ ხელში, რომელსაც თოვლივით თეთრი ყვავილი ამშვენებდა. _ ეს რა დაემართა ჩვენს ალისფერ ყვავილს, _ ერთხმად წამოიძახეს ქოლგოსანმა და მახარემ. _ ეჰ, ჩემო წვიმავ. _ ამოიოხრა შავმა ღრუბელმა. ციფრებით თავგამოტენილმა რობიკომ ცოტაოდენი დაფიქრების შემდეგ მწვანე უჯრაში ამაზეც იპოვა პასუხი: _ მწვანე მცენარე ოცხალი არსებაა, მუდამ ცვალებადია. იგი განუწყვეტლივ გადადის ერთი ფორმიდან მეორეში, მასში მყოფი ნივთიერებები ნეშომპალის სახით ხვდებიან ნიადაგში. მერე ისევ სხვა მცენარეების შემადგენელ ნაწილად იქევიან. ესაა ფორმის და შინაარსის განუწყვეტელი ცვალებადობა. დღეს რომ ალისფერი ყვავლია, ხვალ შეიძლება თოვლისფრად მოგვევლინოს ამ მრავალჯერადი გადასვლის შედეგად... და პირიქით. ჩვენ ამ ცვლილებების მოწმნი გავხდით. _ საშველი აღარ ყოფილა, _ მოიხვნეშა ქოგოსანმა. _ ვეღარ ვიპოვით ალისფერ ყვავილს. _ კი, მაგრამ ჩვენ ეს-ესაა საკუთარი თვალით ვნახეთ მომავალში ალისფერი ყვავილი _ შეეკამათა მას მახარე _ ესეიგი აუცილებლად ვიპოვით. _ მაგაში მართალი ხარ, _ დაეთანხმა გახარებული ოლგოსანი. _ ეს სულ დამავიწყდა, ვიპოვით ალისფერ ყვავილს, მაგრამ როგორ?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კი, მალე დამთავრდება. იქამდე სხვასაც მოვასწრებთ :)) კი, მალე დამთავრდება. იქამდე სხვასაც მოვასწრებთ :))
1.
ნამდვილად კარგად გაერთობიან ბავშვები. თებერვლის 15-ში კატინეს ჩამოიყვანს დედამისი, უნდა წავუკითხო, მისი ემოციები მაინტერესებს. მერე მოგწერ აქ.
მაგ დროისთვის დაასრულებ მახარეს ამბავს? :)
ნამდვილად კარგად გაერთობიან ბავშვები. თებერვლის 15-ში კატინეს ჩამოიყვანს დედამისი, უნდა წავუკითხო, მისი ემოციები მაინტერესებს. მერე მოგწერ აქ.
მაგ დროისთვის დაასრულებ მახარეს ამბავს? :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|