| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 1 თებერვალი, 2016 |
- მე ერთხელ ძალიან მაგრად გამიმართლა . . . ასეთი სიტყვები ანკესივითაა, აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას. აბა, ვინ არ ოცნებობს ასეთ რამეზე? მეც ძალაუნებურად მივუგდე ყური. ვიღაც ჭრელშარფიანი მამაკაცი ყვებოდა თავის ამბავს, ხის მერხზე ჩამომჯდარი. - აეროპორტში ვიყავი, საქონელს ველოდებოდი. სტიუარდესა მყავდა ერთი შეგულებული. გამოაცხადეს, რეისი იგვიანებსო. მოსაცდელ დარბაზს მივაშურე, იქ მებუფეტესთან მქონდა რაღაც ანგარიშები გასარკვევი. ჰოდა, აი, ასე, მივდივარ, მივაბიჯებ ჩემს გზაზე, კარგად ვიცნობ იქაურობას, ფიქრი არაფრისა მაქვს. ჩემს წინ ვიღაც ახალგაზრდა კაცი მიაბიჯებდა. ოცდაათ წელს ცოტათი თუ იქნებოდა გადაბიჯებული, მეტის არა . . . კარგად იყო ჩაცმული, უფრო მეტიც: ძალიან კარგად; ეს მაშინვე მეცა თვალში. ხომ იცით, უპირველეს ყოვლისა ტანსაცმელს ვამჩნევთ ხოლმე. მოყვანილობითაც კოხტა იყო, ტანფეხი კარგად აწყობილი, არც სიმაღლე ჰკლებია, საშუალო სიმაღლის მაინც იქნებოდა. ოციოდე ნაბიჯი აშორებდა ჩემგან და ასე მივაბიჯებდით. ვხედავ, ნაბიჯი შეანელა ცოტათი. ჯიბიდან რაღაც ამოიღო, ალბათ საფულე მეთქი - მაშინვე ვივარაუდე. ასედაც აღმოჩნდა, რაღაცა დაითრია საფულედან, მაგრამ რა, ამის დანახვა აღარ შემეძლო, მე ხომ მას ზურგიდან შევყურებდი . . . ალბათ ფულის რამდენიმე კუპიურა ცალკე გადადო - მეთქი, გავივლე გულში, ესეც სწორად მიფიქრია. საფულე ისევ ჯიბეში ჩაიდო; უფრო სწორად, ეგონა, რომ ჩაიდო, ძირს დაუვარდა. ზედ დატანებაზე მეც წამოვეწიე, კინაღამ შევეჯახე; ცოტა დამაკლდა . . . ჭრელშარფიანმა მამაკაცმა წამით შეისვენა, გვერდით მსხდომთ გადახედა. მის გარდა სამი მამაკაცი იჯდა, დაახლოებით ერთი ხნისანი, სამოცს მიტანებულნი. სიამოვნებით დააფიქსირა ჭრელშარფიანმა, ყურადღებით რომ უსმენდნენ და ისევ განაგრძო: - არავის შეუმჩნევია ეს ამბავი ჩემს გარდა. ამაში მაშინვე დავრწმუნდი. გეზად მოვავლე თვალი ირგვლივ, არავინ იყურებოდა ჩვენსკენ. ფეხი მაშინვე დავადგი საფულეს, ამას ვერავინ დამასწრებდა, მე ხომ სულ ახლოს ვიყავი მასთან. ავიღე საფულე . . . ცხადია ჯერ ცხვირსახოცი დავაგდე ძირს. ცხვირსახოცთან ერთად მივაყუჩე ჯიბეში . . . დავინახე, ახალგაზრდა კაცი როგორ შევიდა მოსაცდელ დარბაზში, უკან ერთხელაც არ მოუხედავს, არაფრის ეჭვი არ გასჩენია, სახე არ დამინახავს მისი . . . კვლავ შეყოვნდა ჭრელშარფიანი, თითქოს რაღაცაზე წამით თვალი შეაჩერაო, მალევე გამოერკვა და განაგრძო: - აღარ შევსულვარ მოსაცდელ დარბაზში. საჩქაროდ გავეცალე იქაურობას, ტუალეტში ვდურთე თავი . . . გავჩითე საფულე; თვითონაც ერთ რამედ ღირდა. ძვირფასი ტყავისა იყო, კოხტა, მოხერხებული, როგორც თვით სამოსელი იმ ახალგაზრდა კაცისა, ფულიც იდო შიგ, არა უშავდა რა, სრულიად საკმარისი იმისთვის, კაცს რომ დროსტარებით გული ეჯერებინა. ფულის გარდა ლატარიის ბილეთები იდო, ორი ბილეთი . . . ჭრელშარფიანმა კითხვის თვალით გადახედა გვერდით მსხდომთ, ხომ გაიგეთ, რაც ვთქვიო. ჩანს კმაყოფილი დარჩა მათი სახის იერით, უფრო ხალისიანად განაგრძო: - ჰო, ლატარიის ორი ბილეთი იდო. დიდად არ გამხარებია მათი დანახვა. მე ხომ არ ვიცოდი, მომგებიანნი იქნებოდნენ თუ არა, ასეთი რამეები არასოდეს მიზიდავდა. სასწორზე იღბალის შეგდება ყოველთვის საეჭვო საქმეა. ნაღდი საქმე მიყვარდა, ფული, საქონელი, ისევ ფული . . . ერთი ფიქრი ისიც კი გავიფიქრე, ეს საფულე ისევ მის პატრონს ხომ არ დავუბრუნო მეთქი. ფული არც ისე ბევრია, დიდად ვერ დახარბდები, ლატარიის ბილეთები კი მეტად საეჭვო საქმეა. შეიძლება წინასწარ გაყიდული საქმე იყოს. ლატარიის ბილეთებით რომ ჩალიჩობდნენ, კარგად ვიცოდი. ისეთი ბილეთებით, ძვირფას მანქანებს რომ იგებენ. თქვენც გეცოდინებათ ალბათ. - მოიგეს ბილეთებმა? - ჰკითხა ვიღაცამ სულსწრაფად. მერხის ირგვლივ ხალხი შეიყარა, მსმენელები შემოგვემატნენ. - ჰო, მოიგეს, - ოდნავი დაყოვნებით თქვა ჭაღარა ულვაშიანმა. - რა მოიგეს? - მანქანები. - როგორ? ორივემ მანქანა მოიგო? - ჰო, ორივემ, მაგრამ აბა, მაშინ ამის შესახებ რა ვიცოდი. საფულე ისევ ჯიბეში დავმალე, გამოვედი ტუალეტიდან, მოვათვალიერე იქაურობა. აღარსად ჩანდა კოხტად ჩაცმული ახალგაზრდა კაცი. ცოტა ხნის მერე თვითმფრინავი აფრინდა; როგორც მერე დავასკვენი, სწორად იმ თვითმფრინავში უნდა მჯდარიყო. საფულის დაკარგვა ჯერ არ ჰქონდა შემჩნეული. მან ხომ წვრილმანი ხარჯებისათვის ფული ცალკე გადადო. საფულის დაკარგვას მაშინ შეამჩნევდა, როცა მასთან დაკავშირებული ფაქტის წინაშე დადგებოდა. - მანქანები გამოიტანე? - არა, რისი მანქანები. თვითონ ლატარიის ბილეთები გავყიდე, თითოეული სამმაგ ფასში. არც ისე ცოტანი არიან, ვისაც ასეთი შენიღბვა ურჩევნია. - ამ დღეში რამ ჩაგაგდო? წამით ყურადღებას ვითხოვ: მინდა აგიხსნათ, რა იგულისხმება ამ სიტყვების მიღმა: „ამ დღეში რამ ჩაგაგდო“. . . ეს საუბარი მოწყალების სახლის ეზოში შედგა . . . იქ, სადაც უფასო საკვებს არიგებენ. ამბის მთხრობელიც ერთ-ერთი იმათგანი იყო, ხსენებული სახლის მუშტარი, ისე, როგორც სხვები, ამ საინტერესო ამბის მოსასმენად შემოჯარულები. თანაც ზუსტად ამ დროს, მოხდა რაღაც ისეთი, რაც წინ წაუძღვა შემდგომ მოვლენებს. მისი წყალობით რაღაც გაირკვა; ვიღაცამ, იქაურობის ხშირმა სტუმარმა, ყურში ჩამილაპარაკა შემდეგი სიტყვები, ისე, რომ სხვებს არ გაეგონათ: - ერთი შეხედე, შეხედე, რა დღეშია ეს უბედური ... მოწყალების სახლში დადის, დღეს არ აცდენს, ალბათ სული შიმშილით ამოხდებოდა, აქაურობისთვის რომ არ მოეგნო. ერთ დროს კი, ჰაი, რას გრიალებდა, ბზესავით ჰქონდა ფული . . . შევხედე ამ სიტყვების მთქმელს, ვიღაც უცნობი შემრჩა ხელში. ის კი ჭრელშარფიანს არ აშორებდა თვალს, ჩემთვის არც კი შემოუხედავს, ისე მითხრა დამატებით ორიოდე სიტყვა: - ერთი პერიოდი მაინც ძალიან აიწყვიტა, ჰალსტუხივით იცვლიდა ქალებს და მანქანებს, ახლა კი ნახე . . . უცნობდა თქვა თავისი სათქმელი, მიტრიალდა და თავისი გზით წავიდა ქირქილით. მართალი გითხრათ, დიდად არ გამკვირვებია მისი საქციელი. უყვართ ზოგზოგებს სრულიად უცნობებისთვის რაიმეს გაზიარება. გულს დაცლიან ხოლმე რაიმე ტვირთისგან. ნაცნობებს ერიდებიან საამისოდ. სხვა დროსაც მქონია მსგავსი შემთხვევა. ვიღაცამ მკლავში ხელი ჩამავლო, ავადმყოფ კაცზე მიმითითა, ძლივს რომ მიჩანჩალებდა ქუჩაში. აშკარად ეტყობოდა, პარეზით იყო შეპყრობილი. ვაიმე, ამას რას ვხედავო! რომ იცოდე, ერთ დროს რა ვაჟკაცი იყო, რა ვაჟკაცი - მოთქვამდა ქალი და მკლავზე ხელს მიჭერდა, თუმცა, თვითონ ამას ვერც კი გრძნობდა, მეტისმეტად იყო აღელვებული. ალბათ ოდესღაც უყვარდა ის კაცი, ჰოდა, განცდები ვეღარ დამალა და პირველსავე შემხვედრს გაუზიარა როდესაც ასე გასაცოდავებული იხილა თავისი დიდი სიყვარულის საგანი. მოწყალების სახლის ეზოში რაღა თქმა უნდა, ბევრად მარტივად იყო საქმე. გრძნობების აფეთქებასთან არ გვქონია შეხება. ვიღაცამ გული დაცალა ძველი ტვირთისაგან, წიხლი ჩააზილა ისედაც დაცემულს და მიწაზე გართხმულს . . .აბა, ასეთ სიამოვნებას როგორ დაიკლებდა. ერთი ის იყო გასაკვირი, დაბარებულივით რომ გამომეცხადა, რათა ჭრელშარფიანი მოხუცი კაცის სიტყვები დაედასტურებინა, ანუ, უცნობთა შორის უპირველესის. აქედან უკვე ასე ვუწოდებ ჭრელშარფიან მოხუცს, ლამის ქადაგად დაცემულს მოწყალების სახლის ეზოში, სადაც ხის მერხები ჩამოერიგებინათ მისი მსგავსი ბოგანო ხალხისათვის. ძველი, მძიმე ტვირთისაგან გულის დამცლელს მეორე უცნობის ადგილი ერგო. მესამე უცნობიც გამოჩნდება, თავის დროს ელოდება.
- ყოველთვის ამ დღეში კი არ ვიყავი, ახლა რომ მხედავთ, - ამბობდა უპირველესი უცნობი, - იყო დრო, სულ სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი . . . ფულის მუღამი ვიცოდი . . . ხომ იცით, ამ ქვეყნად ფულია ყველაფერი. ადვილად წინ ვერავინ გადამირბენდა. სანამ ვინმე რაიმეს მოიფიქრებდა, მე უკვე გადაფიქრებული მქონდა. ჰო, ასე იყო, ნაღდად არაფერი მიჭირდა, როდესაც ის საფულე ვიპოვე. ფულს ფული მიემატა, მეც ფრთები უფრო ფართოდ გავშალე უწინდელთან შედარებით, თუმცა არც მანამდე ვიკლებდი რაიმეს. - დიდმა ფულმა თვალის აჭრელება იცის - ჩაილაპარაკა ხელჯოხიანმა მოხუცმა. უშუალოდ მთხრობელის გვერდით მჯდომ მოხუცს ხელჯოხი ეპყრა ხელთ, საკმაოდ მოცვეთილი, თუმცაღა კარგად შენახული, ჩუქურთმებით შემკული; - თანაც იოლად მოსულმა ფულმა - ხმა შეაწია მეორე მოხუცმა, მესამემ უხმოდ დაიქნია თავი. - ხომ გითხარით, ფულის ხამი არ ვყოფლვარ- მეთქი - ფიცხად შეესიტყვა ჭრელშარფიანი. ჩანდა მისთვის მტკივნეულ საკითხს შეეხნენ, საფულის პოვნა ნამდვილად დიდი შენაძენი იყო, მაგრამ თავგზა არ დაუბნევია ჩემთვის. საქმეს ძველებურად მივყვებოდი. ერთი ის იყო, ფსონები გავზარდე, თუმცა არაფერი გადამიმლაშებია. ყოველთვის სიფრთხილეს ვამჯობინებდი. ამითი ვიყავი ცნობილი, ისეთი არაფერი გამიკეთებია, რაც უცხო ხილივით იქნებოდა. არ მითამაშია, არ წამიგია კარტში, არც ვინმე ქალს გადავკიდებივარ, ქონება მასზე არ გადამიგია. ქალებს ჩემს ცხოვრებაში თავისი ადგილი ჰქონდათ მიჩენილი, იქედან ერთი ნაბიჯის გადმოდგმის ნებასაც არ ვაძლევდი რომელიმეს. - ამ დღეში რამ ჩაგაგდო? - ლამის ერთხმად ჰკითხეს გვერდით მსხდომებმა. - მეც არ ვიცი . . . დღემდე ვერ გამიგია, რა მოხდა, რა დატრიალდა ჩემს თავზე. ცდა ნამდვილად არ დამიკლია. ბევრი ვიწვალე, ვირბინე . . . თქვენც ხომ იცით, როგორ ხდება, კიდევ ცოტაც და, აი, ახლა გამიმართლებს, ეძებ, ცდილობ, ვის აღარ აწუხებ, არა და არ გიმართლებს, ყველაფერი ხელიდან გისხლტება გასაპნულივით . . . ერთი რომ დაიწყო, წავიდა და წავიდა, ვეღარაფრით შევაჩერე . . . - ძნელია უკუღმა დატრიალებული ჩარხის შემობრუნება - ფიქრიანად ჩაილაპარაკა ხელჯოხიანმა მოხუცმა. - თუ შეუძლებელი არაა, - გააგრძელა მეორემ, მესამემ დაუდასტურა, ასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდებაო . . . - როგორც ჩანს, ნამდვილად ასეა, რაც მე ვიწვალე და ვირბინე, რაღა არ ვცადე, ყველგან ხელი მომეცარა . . . - ცოდვა დაგიდვია თავზე, ამიტომაც ჩავარდი ამ დღეში _ თქვა ვიღაცამ ირგვლივ შემოჯარულთაგან, იმას კვლავ სხვა ვიღაცა გამოეპასუხა, უცნობთაგან უპირველესს ხმის ამოღებაც აღარ დააცადა. კარგი ერთი, რომელ ცოდვაზე ლაპარაკობ. იპოვა, ხომ არ წაურთმევია ვინმესთვის. - იპოვა და არ გაამხილა . . . (ირგვლივ შემოხვეულ ხალხში კითხვა - პასუხი გაიმართა, უცნობთაგან უპირველესს არც კი უყურებდნენ) - კაცი ხომ არ მოუკლავს; ვიცნობ ზოგ ზოგებს, სისხლის ტბა რომ დააყენეს. ყელი გამოსჭრეს სრულიად უდანაშაულო ადამიანებს, მერე რა, ვინ არიან? ფულში ბანაობენ, ხახვივით შერჩათ ყველაფერი. რაღა ამას მოეკითხა ცოდვა . . . - ერთი ბილეთი მაინც მიეცა . . . - ჰო, ერთი ბილეთი მაინც მიეცა; ჯუნგლის კანონით, თუ ნანადირევს წაართმევ შენზე სუსტს და უღონოს, თავი და კუდი დაუტოვეო. - ჰო, მართლა, რაიმე საბუთისნაირი თუ იდო საფულეში? - გაახსენდა ვიღაცას. - არანაირი - იყო პასუხი. - ჰოდა, ვერც მოახერხებდა ერთი ბილეთის მიცემას, თან სარისკოც იქნებოდა, შეიძლება თავი გაეცა. - მე თუ მკითხავთ, საფულის დაბრუნება სჯობდა ყველაფერს . . . - ამ შემთხვევაში მართლაც ასეა, ვერაფერი არგო იმ საფულემ . . . - საუკუნო ძმას შეიძენდა, ღვიძლ ძმაზე უკეთესს. - მართალს ამბობ, რაღას არ გააკეთებდა მისთვის, ვინ იცის. - ჰოდა, იქნებ აღარ ჩავარდნილიყო ამ დღეში . . . - თუ ბედად ეწერა, სულ ერთია, მაინც ვერ აიცდენდა . . . უცბად ისეთი შეუვალი ხმა გაისმა, ყველა თავისკენ მიახედა, ეს იყო კრიალოსანით აღჭურვილი ქალბატონი. - ტაძრისთვის უნდა შეეწირა ნაპოვნი საფულე, მხოლოდ მაშინ აიცდენდა ამ დღეში ჩავარდნას. ამან კითხვა - პასუხის ახალი ტალღა გამოიწვია. – „მაგითი ვითომ რა?“ - ამბობდა ერთი, - „დამკარგავს რაიმე შეემატებოდა?“ – „- მპოვნელი ცოდვას მოიხსნიდა თავიდან“, - „კი, მაგრამ ღმერთი ვინმე მექრთამე ჩინოვნიკი ხომ არ არის, რომ საქმე ჩააწყო“. . . ძალიან გაფიცხდნენ ყველანი, როგორც ჩანს, უზენაესი მსაჯულის თემა ყველას აწუხებდა; ალბათ არავინ დარჩენილა ისეთი, თავისი აზრი რომ არ გამოეთქვა . . . საუბარმა კინაღამ სხვა მიმართულება მიიღო, (კრიალოსანით აღჭურვილი ქალბატონის დიდი წვლილი იყო ამაში) ხელჯოხიანმა მოხუცმა დააბრუნა ძველ კალაპოტში. კარგა ხანს ჩუმად მყოფი კვლავ გამოელაპარაკა უცნობთაგან უპირველესს: - როგორც ჩანს, უბრალო დამთხვევა იყო საფულის პოვნა და შენი დაღუპვა. - ჰო, მე ასე მგონია, რაც მეწერა, ის მოხდა. დანარჩენებიც მიჩუმდნენ, გაახსენდათ უცნობთაგან უპირველესის არსებობა, კვლავ მისკენ შებრუნდნენ. - ფრთები უფრო ფართოდ გაგაშლევინა ერთ ხანს, ეს იყო სულ, არავითარი კვალი არ დაუტოვებია. ამ დროს კი ვინ იცის, დამკარგავს როგორ დააკლდა. - აბა, რა გითხრათ . . . ისეთს არ ჰგავდა, ერთი დარტყმა რომ მიწასთან გაასწორებს. - მაგას ნუ იტყვი, - შეეკამათა ვიღაცა წვერგაბურძგვნილი, - გააჩნია, როგორ შეხვდები დარტყმას. შეიძლება უმძიმეს მახეს დაუძვრე უვნებლად, შეიძლება თან გადაჰყვე უბრალო წაბორძიკებას. ამ მოსაზრებას ყველა ერთსულოვნად დაეთანხმა, მათ შორის ხელჯოხიანი მოხუციც, თან ერთგვარად შეაჯამა მოსმენილი. - რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, საბოლოოდ მაინც გაურკვეველი რჩება საკითხი, ვერაფერს გაარკვევ, ვერც დაზუსტებ . . . საფულის მპოვნელს ვხედავთ. ვიცით, რა მდგომარეობაშია, დამკარგავის შესახებ არაფერი ვიცით. მპოვნელმა ნაღვლიანად ჩაიქნია თავი. - ჰო, არაფერი ვიცით, . . . ნეტავი სად არის, რას აკეთებს ახლა, ცოცხალი თუა. - თავი ჩამოიხრჩო! თოფის გასროლის მსგავსი ეფექტი მოახდინა ამ ორმა სიტყვამ. თუმცაღა, სრულიად მშვიდი ხმით იყო წარმოთქმული. ვიღაც ერთმა იმთგანმა თქვა, მოწყალების სახლის ხშირმა სტუმარმა, მოცვეთილი სამოსით, უპოვრის აბგით და ა. შ. ჩანს, მოგვიანებით შემოემატა იქაურობას, საკითხის არსშიც გარკვევა მოასწრო და მხოლოდ ამის მერე ჩაერია საუბარში. აქედანვე ვიტყვი: ეს გახლდათ მესამე უცნობი, პირველ ორს რომ მიემატა, ამოუდგა მხარში. მაინც რა უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს მათი გამოცხადება . . . თუმცა, რა აღარ ხდება ამქვეყნად. ორიოდე წამით ყველა დადუმდა, მოსმენილის გააზრებისთვის დრო დასჭირდათ. „უი, რას ამბობთ, საცოდავი . . .“ - აქა - იქ წაილაპარაკეს ზოგზოგებმა. პირველი ისევ საფულის იღბლიანი მპოვნელი გამოერკვა, ირგვლივ შემოჯარულ ადამიანებში თვალებით მოძებნა იმ ფატალური სიტყვების მთქმელი. - მას თუ იცნობდით? - ვიცნობდი. - როგორი სახე ჰქონდა? მე ხომ მისი სახე არ დამინახავს . . . - როგორღაც ერთგვარი დამორცხვებით დაუმატა. - აბა, როგორ გითხრათ, საკმაოდ სანდომიანი სახე ჰქონდა, ცოცხალი, მეტყველი თვალები . . . - მეც ასე ვიფიქრე . . . - კოხტად ჩაცმა - დახურვა უყვარდა, დიდ ყურადღებას აქცევდა საკუთარ გარეგნობას. საერთოდ კარგ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე. - ეს ზურგიდანაც ეტყობოდა. - მოიცა ერთი, თუ ღმერთი გწამს, რა დროს სახეა, - ჩაერია ხელჯოხიანი მოხუცი, - ამბობ, თავი ჩამოიხრჩოო, ნამდვილად იცი? - მესამე უცნობს მიმართა მან. - ნამდვილად. - თვითონ ნახე? - არა, მე არ მინახავს. - აბა, საიდან იცი? - ვიცნობდი ჩამოხრჩობილს. - ნათესავი ხომ არ იყო შენი? - არა, თანაკლასელები ვიყავით, თანაც მეზობლები. ქუჩის ერთ მხარეს ის ცხოვრობდა, მეორე მხარეს - მე. ჩვენი ოჯახებიც იცნობდნენ ერთმანეთს. - ვინ ნახა ჩამოხრჩობილი? - სასტუმროს დამლაგებელმა, სასტუმროს ნომერში ჩამოიხრჩო თავი, აქედან შორს. . . - მესამე უცნობმა უცხო ქალაქი დაასახელა, რომელსაც აქ არ მოვიყვანთ, არაფრად გვჭირდება. - რისთვის ჩამოიხრჩო თავი? - ლატარიის ბილეთების დაკარგვის გამო . . . - წერილი თუ დატოვა, ან კედელზე მინაჩხაპნი? - დატოვა. - რა ეწერა? - სიცოცხლე მომბეზრდაო, - წერდა. ოჯახს ეთხოვებოდა, პატიებას თხოვდა. - ლატარიის ბილეთები თუ იყო ნახსენები? - არა, არ ყოფილა. - აბა, საიდან იცი, რომ მაინცდამაინც ლატარიის ბილეთების გამო ჩამოიხრჩო თავი? - დროში ზუსტად ემთხვევა. აეროპორტში საფულე დაკარგა. ჩავიდა დანიშნულების ადგილას, დადგა ფაქტის წინაშე, გამოსავალი ვეღარ მოძებნა. - ეს არაფერს ამტკიცებს. - თანაც, ხომ გითხარით, ოჯახებიც კარგად ვიცნობდით ერთმანეთს. გავიგეთ, რაც მოხდა, სხვადასხვა წყაროებიდან. - იქნებ ჩამოახრჩვეს, შუბლზე იარაღი დაადეს, წერილი ამ გზით დააწერინეს. - ასეთი ეჭვი თავიდანვე გაჩნდა, მაგრამ რაღას გავაწყობდით. უცხო ქალაქში, სასტუმროს ნომერში . . . მეტისმეტად ძნელი საქმე იყო. ოჯახს მაგის თავი არ ჰქონდა. - ერთი სიტყვით, ოჯახს ასეთი ვერსია მიაწოდეს - თქვა ხელჯოხიანმა მოხუცმა, მის მიღმა კი საქმე აღარ წასულა. - ასე იყო - თავი დაუქნია მესამე უცნობმა, რაღაც კი სცადეს, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ნელ ნელა სხვებიც ჩაერივნენ საუბარში. პირველმა გაოგნებამ გადაუარათ. უწინარეს ყოვლისა, გაოცება გამოითქვა, ეს რა უცნაური შეხვედრის მოწმენი გავხდითო, ასეთ რამეს ყოველდღე ნამდვილად ვერ ნახავო, მერე ისევ ახლახანს მოსმენილ ამბავს მიუბრუნდნენ. გაცვეთილბერეტიანმა და თვითონაც ბერეტივით მრგვალმა ქალბატონმა თქვა, თავი არ უნდა დაეზოგათ, მაგ საქმეს ბოლომდე უნდა მიყოლოდნენო. სხვები თავს დაეჭვებით აქნევდნენ; უცხო ქალაქში, სასტუმროს ნომერში . . . მეტისმეტად საძნელო საქმეა. გაცხარებით მსჯელობდნენ, ყველა თავის აზრს იცავდა. ისე გაერთნენ, არც კი შეუმჩნევიათ, თუ როგორ გამოერიდა იქაურობას პირველი უცნობი, საფულის იღბლიანი (?) მპოვნელი, მიდიოდა, მიიძურწებოდა თავჩაღუნული. რაც შეეხება მესამე უცნობს, ფატალური სიტყვების წარმომთქმელს, მან, ეტყობა, ბევრად ადრე დატოვა იქაურობა. ყოველ შემთხვევაში, მისი ალი-კვალი არსად ჩანდა. ასე რომ, ჩემს ნაცნობ უცნობთაგან არცერთი აღარ ჭაჭანებდა მოწყალების სახლის ეზოში, სადაც ხის მერხები ჩამოერიგებინათ. ამის მიუხედავად შეუნელებლად გრძელდებოდა გაცხარებული სჯა - ბაასი. რა ვიცი, რა აღარ თქვეს, რა აღარ გაიხსენეს, ასე ვიზამდი, ისე ვიზამდი, ფულს ამ გზას ვუჩვენებდი, ლატარიის ბილეთებს იმ გზას. საზღვარი აღარ უჩანდა ნაირ - ნაირ ვარიანტებს. როდესაც იმდღევანდელი ამბავი მახსენდება, ასე მგონია, ისევ ისე მსჯელობენ. საფულის პოვნის მართლაცდა თავისებურმა ამბავმა, (საფულისა, სადაც ფულის გარდა ლატარიის ორი ბილეთი იდო) მეტისმეტად გააცხოველა იქ მყოფთა წარმოსახვა. მოწყალების სახლის სტუმრებმა საუკეთესო სიზმრები იხილეს ცხადად, ვერა და ვერ დამშვიდებულიყვნენ. თუმცა, ერთი პატარა შემთხვევის გადმოცემა მგონი მაინც ღირს. ვიღაც მოლეულმა ქალბატონმა, განგებას მამაკაცის ხმით რომ დაეჯილდოვებინა, (საოცარი იყო, მაინც სად იტევდა ამ ხმას) ასეთი რამ უთხრა უცნობთაგან უპირველესს: შენ მის სახეს მაშინ ნახავ, (ცხადია, საფულის დამკარგავი ჰყავდა მხედველობაში), როდესაც ღმერთთან მიხვალო. უცნობმა პასუხი დაუგვიანა (ამის მერე სულ მალე გაეცალა იქაურობას), მის ნაცვლად ვიღაც შეეხმიანა ირგვლივ შემოჯარულ მსმენელთაგან: - როცა ღმერთთან მივა, ღმერთის სახეს ნახავს. - ჰოდა, ისიც იქ იქნება . . . ახლა კი, მოდგა დრო (ეს სიტყვა მეტად ჭკვიანურ წიგნებში ამომიკითხავს), ყოველივე ზემოთთქმული ერთ სიბრტყეზე დავალაგო, მერე კი ჩიტის საფრენი სიმაღლიდან დავხედო, ხომ არ გეჩვენებათ ხანდახან (მკითხველს მივმართავ) თითქოს სტადიონივით ფართო მოედანზე დააბიჯებდეთ, რომელზედაც რაღაცაა დახატული, თუნდაც ადამიანის სახე. მთლიანობაში მისი დანახვა შეუძლებელია, მეტისმეტად ახლოსაა თქვენთან, მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს ხედავთ, თითქოს რებუსს დაჰყურებდე. მის ამოსაცნობად, ანუ ნახატის მთლიანობაში დასანახად ჩიტის საფრენი სიმაღლეა საჭირო. ჩემმა ნაცნობმა უცნობებმა, ჯერ ცალ-ცალკე, მერე სამივემ ერთად, რაღაც რებუსის მსგავსი ხლართი აღწერეს ჩემს ირგვლივ. მათი დამაკავშირებელი ძაფი ხომ მე ვიყავი. შეიძლება აქაც ამოვიდეს რაიმე, გამოუცნობ ნახატს რომ გაგვახსენებს. მკითხველს მოვუხმობ თანამგზავრად, ერთად დავხედოთ ამ რებუსს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. :) მორალი გასაგებია. მომეწონა. 5. :) მორალი გასაგებია. მომეწონა. 5.
1. შესანიშნავი თხრობა გაქვთ, საინტერესო ფრაზებია, მომეწონა სჯა ბაასი, კარგია, თუმცა ლატარიის ორი ბილეთიდან ერთი მოგებული ყოფილიყო ჯობდა.
მეც რამოდენიმეჯერ მიპოვნია საფულე მცირე თანხით , , შიგ ტელეფონის გადახდის ქვითარი იდო, მაგით მოვძებნე პატრონი, მადლობაც არ გადაუხდია, მეორედ მაღაზიაში ჩემს წინ მდგომს დარჩა მოვაბრუნე , ისიც ისე წავიდა.
თუ დაინახე, ან რამე საბუთი დევს კი უნდა დააბრუნო, სხვა შემთხვევაში არ დავაბრუნებდი.
შესანიშნავი თხრობა გაქვთ, საინტერესო ფრაზებია, მომეწონა სჯა ბაასი, კარგია, თუმცა ლატარიის ორი ბილეთიდან ერთი მოგებული ყოფილიყო ჯობდა.
მეც რამოდენიმეჯერ მიპოვნია საფულე მცირე თანხით , , შიგ ტელეფონის გადახდის ქვითარი იდო, მაგით მოვძებნე პატრონი, მადლობაც არ გადაუხდია, მეორედ მაღაზიაში ჩემს წინ მდგომს დარჩა მოვაბრუნე , ისიც ისე წავიდა.
თუ დაინახე, ან რამე საბუთი დევს კი უნდა დააბრუნო, სხვა შემთხვევაში არ დავაბრუნებდი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|