ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
5 თებერვალი, 2016


ნოე (წარღვნა, უღალატო მეგობარი)

წარღვნა

ასეთ გადაუღებელ წვიმას კარგი არაფერი შეიძლებოდა მოჰყოლოდა; მან არამარტო მდინარეები აამღვრია და კალაპოტიდან ამოაგდო, ადამიანთა ცხოვრების ჩვეული დინებაც სრულიად შეცვალა. დაცარიელდა ფართო სახელოსნო, აღარ ისმოდა ქვაზე საჭრეთლის ფხაჭუნი, ხელოსანთაგან აქ აღარავინ ირჯებოდა. საკუთარ ოჯახებს მიაშურეს. რაიმე უნდა ეღონათ, თვაიც გადაერჩინათ და სახლეულიც. ეს უცნაური წვიმა გადაღებას აღარ აპირებდა, ერთიმეორეზე უარესი საგანგებო ამბები მოდიოდა ყოველი მხრიდან; წყალმა ესა და ეს დასახლება წალეკა, ამდენი და ამდენი ადამიანი დაიხრჩო...
ერთადერთი, ნოე შემორჩა აქაურობას. წასასვლელი არსად ჰქონდა, ეს ფართო სახელოსნო იყო მისი ოჯახიც, თავშესაფარიც და საარსებო წყაროც. გადაუღებელმა წვიმამ მის ცხოვრებასაც დაატყო ხელი; აღარც ხელოსნები, აღარ მუშტრები, აღარც მომსვლელი და წამსვლელი. რაღა თქმა უნდა, საარსებო წყაროც დაიშრიტა ყოველივე ამის კვალობაზე.
- ეეჰ, მგონი საქმე ვერ უნდა იყოს კარგად - ჩაილაპარაკა ნოემ თავისთვის. ამ სიტყვებში, უწინარეს ყოვლისა, ის იგულისხმება, რომ ხმიადის ბოლო ლუკმა ჯერ კიდევ გუშინ დილით გაღეჭა, სასმელი კი ვეღარ მოიძია ხმიადზე მისაყოლებლად. აქედან გამომდინარე, არც დღევანდელი დღე ჰპირდებოდა რაიმე სანუგეშოს. ერთხანს უძრავად იდგა შუა სახელოსნოში, ცდილობდა მოესაზრებინა, სად შეიძლებოდა კოფილიყო რაიმე კბილგასაკრავი.
ვერავერი მოისაზრა ისეთი, ოდნავ მაინც საიმედო მოსჩვენებოდა, ნოე მაინც დაიძრა ადგილიდან, სახელოსნოს ერთერთ კუთხეს მიაშურა, სადაც ათასგკვარი რამერუმე იყო დახვავებული, მათ შორის სხვადასხვანაირი ჭურჭლეულობაც; დოქები, კეცები... იწყო ნოემ იქაურობის ჩხრეკა, ყოველივე ძირისძირობამდე გადაქექა, ერთი ნატეხი ხმიადი ვერ მოიძია. ბოლოს დოქებს მიადგა. დიდი ეჭვი ჰქონდა, რომ ყველა მათგანი ცარიელი უნდა ყოფილიყო, ერთიც არ დაუტოვებია შეუმოწმებელი. დოქს ჯერ კარგად შეანჯღრევდა, მერე გადმოაბურნებდა, იქნებ ცოტაოდენი ღვინო გადმოდინდესო. ამაოდ გაისარჯა, ერთ წვეთ ღვინოსაც კი ვერ გამორჩა რომელიმეს.
უნაყოფო ძიებისგან ნირწამხდარი ნოე ხის მერხზე ჩამოჯდა, სახელოსნოს შესასვლელთან ახლოს. წვიმის ხმა ისმოდა მიხურული კარების მიღმიდან, სახურავიდანაც წვიმის გაბმული ზუნი ჩამოდიოდა, ნოესაც ცხვირპირი ჩამოსტიროდა. ო, როგორ მოაბეზრა თავი ამ ხმებმა, ენატრებოდა მზის სხივი, მისი ჩახჩახა სინათლე. ყოველ საღამოს იმ იმედით იძინებდა, იქნებ გათენებისას მზის ნათელი დავინახოო. არა და არ უსრულდებოდა იმედი, მზე მგონი სამუდამოდ მიიმალა ტყვიისფერ ღრუბელთა მიღმა, რომელთა სტომაქებიდან წვიმის უწყვეტი თქეშები მოედინებოდნენ. ცხადი იყო, იმედის ამარა დარჩენა აღარ შეიძლებოდა, დრო აღარ ითმენდა, რაიმეს მოფიქრება იყო საჭირო.
იჯდა ნოე, რა ვიღონოო, ეკითხებოდა საკუთარ თავს (აბა, ვინ ჰყავდა გვერდით, ვისთვის ეკითხა). ვერაფერი ვერ მიიღო პასუხად...
მართლაც რომ თავმოუბმელი ხარო, უსაყვედურა ფრიად შეჭირვებულმა ნოემ საკუთარ თავს.
ამ დღეებში მყოფს მოულოდნელად წყალობა დაადგა თავზე, ნოეს მისი დანახვა ისე გაუხარდა, თითქოს ღმერთი გამოცხადებოდეს.
წყალობამ კარი ჯიქურ შემოაღო. შეჩერდა, წამით თვალი გაუსწორა ნოეს. თავპირზე ხარის ფართო ტყავი ეფარა. - აღარ მეგონა, თუ ვინმე იყო აქ, - თქვა წყალობამ, - თუმცა...
წყალობამ აღარ გააგრძელა. არ თქვა, წასასვლელი მაინც არსად გაქვსო. თავპირიდან მოიცილა ხარის ფართო ტყავი, სულ ერთიანად სველი. იქვე, კართან მიაფინა, ცოტა მაინც შეშრესო. ტყავის ირგვლივ მობანავე წყალმა იწყო ჟონვა, სამოსზეც მიისვმოისვა ხელი წყალობამ, ზედ შერჩენილი წვიმის წვეთები ჩამოიბერტყა. შეძლებისდაგვარად წესრიგში მოიყვანა საკუთარი თავი (წესრიგი უყვარდა წყალობას, ეს ნოემ კარგად იცოდა), მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოჯდა მერხზე, მუხლს ქარი ამოაღებინა.
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა, წვიმის, გაბმული ზუნით შევსებული. ნოემ, ნეტავი შემეძლოს, წყალობას რაიმეთი ვუმასპინძლოო, გულში გაივლო.
წყალობაც თავის საფიქრალს ფიქრობდა, თავი დაბლა დაეხარა. ბრგე კაცი იყო, ხშირი ჭაღარა წვერულვაში მეტად დარბაისელ იერს აძლევდა. გამოხედვა გამსჭვალავი ჰქონდა. ნამდვილ პატრიარქს ჰგავდა უძრავად მჯდარი წყალობა, სამყაროს ბედიღბალზე ჩაფიქრებულს.
ცოტა ხანში სიჩუმე დაირღვა, წყალობა ალაპარაკდა.
- ჩემი წილი ცხოვრება გავლიე უკვე, - უფრო თავის ფიქრებს გამოეხმაურა წყალობა, - არც შენ მყავხარ გუშინდელი ღლაპი, - წყალობამ თავი მოაბრუნა, ნოეს მზერა მიაპყრო, - თუმცა ჩემზე ახლაგზრდა კი ხარ. ტანითაც თხელი აღნაგობისა ხარ... ახლა ყველაფერი ერთ სასწორზე იწონება; განვლილი ცხოვრება, სული, სხეული...
ნოე ამ სიტყვებმა დააფრთხო, ამ ზომამდე საგონებელში ჩავარდნილი წყალობა ჯერ არასოდეს ენახა. რა ხდება ისეთიო, იკითხა გაუბედავად.
- ხომ არ დაყრუვდი? - თქვა წყალობამ, - წვიმის ხმა აღარ გესმის? აღარც აპირებს მგონი გადაღებას.
ნოეს ხმა აღარ გაუღია, ისეთი ვერაფერი მოიფიქრა, სათქმელად რომ ღირებული ყოფილიყო და გაჩუმება არჩია. ისევ წყალობამ გააგრძელა ლაპარაკი.
- ამჯერად მგონი გამართლდა მათი სიტყვა... მჩხიბავებზე და მუცლით მეზღაპრეებზე გეუბნები... კალიებივით იყვნენ ყველგან მოდებული... ქვეყნის აღსასრული დადგაო, ღმერთი მალე დასჯის ცოდვილ ადამიანებსო, გაიძახოდნენ. ჩემს ბავშვობაშიც მინახავს მაგ ჯურის მაწანწალები. ისინიც ქვეყნის აღსასრულით აშინებდნენ ხალხს. გავიდოდა დრო, გაბითურდებოდა მათი სიტყვა, მაშინვე სადღაც ჰქრებოდნენ, თვალსაც ვეღარ მოკრავდი. ახლა კი, აჰა, რა ხდება... ქალაქის გაღმა უბნები უკვე დატბორა წყალმა. იქ უფრო დაბლობი ადგილებია. ჩვენ ცოტათი შედარებით შემაღლებულზე ვართ, მაგრამ აქეთაც მოიწევს წყალი...
წყალობა წამოდგა, სახელოსნოს ერთერთ კუთხეს მიაშურა, რაღაცის ძებნა დაიწყო.
- აჰა, ამას ვეძებდი! - თქვა ათიოდე წუთის შემდეგ, და საჭრეთელიანი ხელი მაღლა ასწია, - ნეტავი თან წამეღო, არ მომიწევდა აქ ამოსვლა...
ნოემ ამის გაგონებისას ტყავის ქამარზე მოისვა ხელი, სადაც საჭრეთელი ჰქონდა დამაგრებული.
საჭრეთელს ხელოსნები საკუთარ მარჯვენასავით იყვნენ შეჩვეულები, ეს ნოემაც კარგად იცოდა, ამიტომ არ გაკვირვებია წყალობას საქციელი.
წყალობამ საჭრეთელი ჯიბეში ჩაიდო, დაფიქრებულმა მოავლო თვალი სახელოსნოს. მგონი აქაურობას ემშვიდობებაო, გაივლო ნოემ გულში. ათიოდე წამი იდგა წყალობა, მერე შემოსასვლელს მიაშურა, სადაც ხარის ტყავი ეფინა, ოდნავ შემშრალი. აიღო ტყავი, თავპირზე წამოიფარა, წასასვლელად გაემზადა. გამოაღო კარი, სანამ გარეთ გააბიჯებდა, ნოესკენ მოიხედა.
- აქ უნდა დარჩე? - ჰკითხა ნოეს. მის ხმაში არ ისმოდა არც გაოცება, არც რაიმე სხვა გარკვეული განცდა.
ნოემ მხრები აიჩეჩა, თქმით არაფერი უთქვამს. წყალობა იდგა, ფიქრობდა.
- ისეა საქმე, ვერ იტყვი, სად სჯობია ყოფნა, - თქვა ბოლოს წყალობამ, - ვერავის ვერაფერს ურჩევ. ეს ოხერი წვიმა გადაღებას არ აპირებს. წყალი საით წავა და წამოვა, არავინ იცის. შეიძლება აქამდეც ამოაღწიოს, თუ ასე გაგრძელდა. თუ გინდა, წამოდი ჩვენთან ერთად, რამდენიმე კაცი შევამხანაგდით. ზოგი ტივს კრავს, ზოგმა ნავი იშოვნა. ზოგი კიდევ, რა ვიცი, რას აღარ დაებღაუჭა. ყველაფერს ერთმანეთზე გადავაბამთ თოკის ხლართებით, წყლის მოწოლას ერთად იქნება როგორმე გავუძლოთ, მივეშველებით, ვისაც გაუჭირდება. შენთვისაც მოიძებნება ადგილი, ტივი საკმაოდ დიდია...
ნოე მაშინვე დაფაცურდა, სახელოსნოში დიდხანს მარტო ყოფნამ საკმაოდ გააბეზრა, წყალობას სიტყვებმაც გვარიანად შეაფუცხუნა. ბევრი კი არაფერი ჰქონდა მოსაძიებელი, წამში გაემზადა. ცხვრის ტყაპუჭი გამოძებნა, უსახელოებო, მწყემსური... ამ გადაუღებელ წვიმას გვარიანი სიგრილეც მოჰყვა... კუთხეში მიყრილი ხარახურიდან ხარის ტყავის რუმბი გამოაძვრინა თავზე წამოსაფარებლად. რა იცოდა მაშინ, თუ რაოდენ ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევდა ეს რუმბი... დღეკეთილობის დროინდელი; ერთერთმა მუშტარმა გულუხვად დააჯილდოვა ხელოსნები, მათი ნამუშაკარით კმაყოფილმა, მათაც კარგი ქეიფი გასწიეს... რა სანატრელი მოეჩვენა ახლა ნოეს ის დღეები... თურმე რა კარგი ყოფილა, როდესაც მზე ანათებს ცაზე, ჩვენ კი ამას თითქოს ვერც კი ვამჩნევთო, გაიფიქრა...
ერთად დაეშვნენ მაღლობიდან ქალაქისკენ. ფეხქვეშ ტალახი ჭყაპუნებდა, თავპირზე გადმოხურულ ტყავებს წვიმის ნაკადები ჩამოსდიოდათ. წყალობამ თავი ნოესკენ მიაბრუნა, ისევ წამოიწყო ლაპარაკი:
- რაღა თქმა უნდა, კიდობანი სჯობდა ყველაფერს. ვეღარ მოვასწარით კიდობნის შეკვრა... მეტი წინდახედულება გვმართებდა. გვეგონა, ბოლოს და ბოლოს გადაიღებდა ეს ოხერი წვიმა, რაღა დროსია ამაზე ლაპარაკი, ყველაფერი უპოვარი და უპოვარი შეიქნა, თან საშინლად გაძვირდა... იქით, დაბლობისკენ, უკვე შეკრეს კიდობანი... შენც გეცოდინება, სადაც მდიდართა უბნებია, სწორედ იქ... თანაც რა კიდობანი... მსგავსი არაფერი მინახავს... დიდი სახლის ოდენაა. თან რა საიმედოდ შეკრული... სახურავიც გაუკეთეს, ციური მნათობებით მოხატული... ერთი სიტყვით, არაფერი აკლიათ... ნამდვილად უშველიან თავს, თუ რაიმე ჭია არ შეუჩნდათ... ხომ იცი, ასედაც ხდება; ხანდახან სწორედ ყველაზე საღ, საუკეთესო ნაყოფს გაუჩნდება ჭია და ბოლომდე გამოხრავს... უკვე ტივტივებენ წყალში...
ნოე ყურადღებით უსმენდა წყალობას, ამის ნიშნად ხანდახან თავს დაუქნევდა ხოლმე. დიდი, ფრიად კეთილმოწყობილი კიდობნის შესახებ თვითონაც ჰქონდა ყური მოკრული. ჯერ კიდევ მაშინ ლაპარაკობდნენ მასზე, სანამ წყალი ცოფიანი ნადირივით შემოუტევდა ქალაქს და მის შემოგარენს. უყვართ ბედისგან განებივრებულებს საკუთარი თავი, სიცოცხლე ფრიად ეძვირფასებათ, სანამ ჩვენისთანა უბრალო ხალხი თავის მოიქექავდეს, მათ უკვე ყველაფერი გახაზირებული და მოგვარებული აქვთ.
უცბად წყალობა შედგა, ნოეს მიუბრუნდა.
- ცოტათი გზის გამრუდება მოგიწევს. ზევახს ვალი აქვს ჩემი. მიაკითხე, ჩემი სახელით დაელაპარაკე, იქნებ რაიმე გამოგატანოს. ხომ იცი, რა დროა, ყველას საკუთარი თავი გასჭირვებია...
გასაგები იყო წყალობას სიტყვები. ყველა თავის წილ სანოვაგეს დაჰკანკალებს თავზე, ვერც გაამტყუნებ... აბა, რა უნდა მოსთხოვო ხის გეჯაზე თუ ტივზე შესკუპებულ ადამიანს, როცა ყოველივე წყალს მიაქვს... ნოეს ხმაც არ დაუძრავს, მაშინვე სხვა მხარეს მიბრუნდა, ზევახის კარმიდამოსკენ აიღო გეზი. იცოდა მისი გზა-კვალი, წყალობას უწინ ორჯერ თან ახლდა მასთან სტუმრობისას.
- იჩქარე, არ გაგასწროს ზევახმა. მგონი ეგეც იმ დიდი კიდობნის მუშტარია, - მოაძახა წყალობამ, ეს იყო ბოლო სიტყვა, რაც მისგან ნოემ გაიგონა.
წყალობა მალე მიეფარა თვალს წვიმის ბუნდოვანი ფარდის მიღმა. ნოე მარტოდმარტო გაუდგა წყალტალახიან ბილიკს. ტყავის ხამლებში წყალი ჭყაპუნებდა, მაგრამ ნოე ამას არ დაგიდევდათ, ცდილობდა, როგორმე თავპირი და მხრები შეენარჩუნებინა მშრალი, ჯერჯერობით ამას ახერხებდა ფართო რუმბის წყალობით, ცხვრის უსახელოებო ტყაპუჭი სასიამოვნოდ უთბობდა გვერდებს. წვიმდა, წვიმდა განუწყვეტლივ, წვიმის წყლის რუები მოწანწკარებდნენ ყოველი მხრიდან, წყლის გუბეებმაც არაერთხელ გადაუღობეს გზა ნოეს. ამ ყოფით მიატანა მისთვის კარგად ნაცნობ ხევთან, რომლის მიღმაც ზევახის კარმიდამო ეგულებოდა. წინდაწინ ფიქრობდა, ხევი ალბათ ადიდებული დამხვდებაო... დაბრკოლებად არ მექცესო.
ასედაც იყო, ერთი თვალის გადავლებით ძლივსღა იცნო იქაურობა ნოემ; მოზრდილი მღვრიე მდინარე მოედინებოდა იმ პაწია რუს ნაცვლად, თვით ბუღურასაც რომ ვერ დაუსველებდა ფეხებს.
აქ შეყოყმანდა ნოე. გულში გაივლო, ხომ არ აჯობებს, ზემოთ ავუყვე ხევს, სადაც ნაპირებს შორის ბოგირია გადებულიო. ათიოდე წამი იფიქრა და მერე ისევ წყალში გატოპვა ამჯობინა, წყლის მღვრიე ნაკადი ღონივრად ეხლებოდა კანჭებზე. კარგა დიდი ჯაფა დაადგა, სანამ გაღმა ნაპირზე გააღწევდა. კიდევ კარგა ხანს იჭყაპუნა წყალტალახში, სულ უფრო და უფრო ხშირად ხვდებოდა წყლით სავსე გუბეები... როგორც იქნა, ზევახის კარმიდამოს მიატანა.

უღალატო მეგობარი

უცნაური სურათი წარმოუდგა თვალწინ ნოეს; ფართო საზიდარი მოგორავდა წყალტალახში, ღონიერი კამეჩები ჩაებათ მისთვის. მსახურთა მთელი ჯგრო საზიდარს ხელს აშველებდა ყოველი მხრიდან, უმძიმდათ კამეჩებს მისი თრევა... რა აღარ იყო დახვავებული საზიდარზე; ნაკრაულებიო, კალთებიო... ყოველივე ამას ტყავები ეფარა ზემოდან. თვითონ ზევახი საზიდარის შუაში დაბრძანებულიყო, ყველაზე შემაღლებულ ადგილას, კარავივით გაშლილი ტყავი იფარავდა წვიმისგან. ღიპიანი, ჩამრგვალებული კაცი იყო, სამკეცი ღაბაბით და ჭყუტა თვალებით. ძირფასი სამოსელი ეცვა, ოქროქსოვილით გაწყობილი, თვითონაც ერთერთ მოზრდილ ნაკრაულს ჰგავდა, საგანგებოდ შეფუთულს, ყოველი მხრით საიმედოდ დაცულს. კარგად ახსოვდა ნოეს ზევახის დაბრაწული ლოყები, გაზულუქებული ბავშვის ნებიერი იერი... ზევახი ისევ ზევახი იყო, ოღონდ იერი ცოტა არ იყოს, შეცვლოდა, მისი გამოხედვა გაზულუქებულ ბავშვს ნაკლებად გაგახსენებდა.
_ აღარაფერი შემრჩა, - ამოიხვნეშა ზევახმა, როდესაც ნოემ სიტყვასიტყვით გადასცა წყალობას დანაბარები, - ხომ გესმის... სრულიად არაფერი... ყოველივე განიავდა, რაც კი გამაჩნდა. ზოგი რამ წყალმა წაიღო, ზოგიც კიდევ რა ვიცი, ვინ და როგორ...
მერე ცოტა დაფიქრდა ზევახი, თავისი სიტყვების და მძიმედ დატვირთული საზიდარის შეუსაბამობა თუ ეხამუშა. ხელი მოაფათურა ნაკრაულებსა და კალათებს შორის, მოზრდილი დოქი ამოძვრინა და ნოეს ჩამოაწოდა.
- აჰა, წაიღე. ვიცი, ამისთანები უყვარს წყალობას. სხვას ვერაფერს მოგიხერხებ. დიდი ზარალი ვნახე, დიდი... აღარაფერი შემრჩა.
ჩამოართვა ნოემ დოქი, ცალყბად მიუგდო მადლობა ზევახს და გამოტრიალდა. უკმაყოფილოდ მოაჩვენა თავი, თუმცა გულში ნაამები იყო, ღვინო მაინც ყველაფერს სჯობდა, თანაც ამისთანა ნესტიან ამინდში... რაიმე კბილგასაკრავს ისედაც ვიშოვნი ალბათ სადმეო, იმედვონებდა. ბევრად ძნელია, კარგი ღვინო მოიგდო ხელში... იცოდა ნოემ, ცუდი ღვინო არ ექნებოდა ზევახს.
უცნაური იყო; კარგა მოზრდილი გახლდათ ის დოქი, თუმცა ნაბიჯი როდი დაუმძიმა ნოეს. პირიქით, ბევრად უფრო მსუბუქად მოჭყაპუნებდა წყალტალახში. ასე ეგონა, ღონიერი მეგობარი ამომიდგა მხარშიო, სიმხნევე და სიხალისე შეემატა. სული მისდიოდა, ჭაშნიკი გაესინჯა ღვინისთვის, ჯერჯერობით თავს იკავებდა. ამ თავსხმაში რა გემო უნდა ჩავატანოო. ცალკე წალობასი ერიდებოდა, უმადურობად ჩამეთვლებაო. არც კი გაუგია, ისე მიადგა ხევს, რომელიც სულ ახლახანს გამოტოპა ზევახის კარმიდამოსკენ მიმავალმა. გადახედა იქაურობას, სრულებით აღარ მოეწონა; ხევში წყალი ძალიან მომატებულიყო ამ ცოტა ხნის მანძილზე.
კი არ მოედინებოდა, უკვე მძიმედ მოქშუოდა მღვრიე, ტალახისფერი ნაკადი, აშკარად სახიფათო იყო მასში შესვლა.
ვეღარ შებედა ნოემ მომძლავრებულ მღვრიე ნაკადს, შემოვლა არჩია, ზემოთკენ აუყვა გზას, სადაც ბოგირი ეგულებოდა. კარგა ხანს მოუწია წყალტალახში ტოპვამ, ფეხი წამდაუწუმ უცურდებოდა აღმართებზე, ხევი თანდათან ვიწროვდებოდა და ღრმავდებოდა, რაც უფრო მაღლა მიიწევდა გზა. ცალკე იმასაც შიშობდა ნოე, ვაითუ ბოგირი ადგილზე აღარ დამხვდესო...
...კიდევ კარგი, ბოგირი ადგილზე დახვდა... შიშით შედგა მასზე ფეხი, მთელი სხეულით ერთიანად დაჭიმულმა... დოქი გულში ჩაიკრა, ემანდ ხელიდან არ გამივარდესო. ო, როგორ მოქშუოდა წყალი სადღაც ქვემოთ... ნოე ცდილობდა, არ ჩაეხედა იქითკენ, ფრთხილად, მოზომილად ადგამდა ნაბიჯებს. როგორც იქნა, დასრულდა ბოგირი. ნოემ და დოქმა ორივემ მშვიდობიანად გააღწიეს იქითა ნაპირზე.
შვებით ამოისუნთქა გაღმა გასულმა ნოემ, ახლა უკვე თავქვე დაეშვა. რაც აღმართში იარა, დაღმართით უნდა ჩამოევლო, ამ გზას ქალაქამდე უნდა მიეყვანა, სადაც წყალობა ელოდებოდა... სულ რაღაც ასიოდე ნაბიჯის გავლა მოასწრო და წყლის მღვრიე ნაკადმა გადაუღობა გზა, საიდანღაც ახლადშობილმა. მოსინჯა ნოემ შედგა ფეხი მასში, იქნებ გავაღწიო... მაშინვე მოცელა წყალმა, ძლივს შეიმაგრა თავი, კინაღამ წაიქცა...
სხვა საშველი არ იყო, ამ ნაკადისთვის გვერდი უნდა აევლო, ამიტომ ისევ შეღმართს შეუყვა ნოე... რამდენიმე ნაბიჯიც და, წყალტალახის ნაკადმა გადაუღობა გზა... ისიც მოსინჯა ნოემ, იქნებ გავაღწიოო, კვლავ უშედეგოდ.
გვარიანად შეფიქრიანდა ნოე, არ ვიცი, ამ ფერდობს როგორ გადავურჩებიო. წყლის მღვრიე ნაკადები თვალსა და ხელს შუა იბადებოდნენ, ყოველი მხრიდან მოედინებოდნენ. თვალდათვალ იკრებდნენ ძალას, სულ უფრო და უფრო წყალუხვნი და ძარღვიანი ხდებოდნენ. ნოე აქეთ-იქით აწყდებოდა, რათა როგორმე თავი დაეღწია მათგან, ამ დროს ძალაუნებურად ისევ მაღლა მიიწევდა. მღვრიე ნაკადები სწორედ ქალაქისკენ მიმავალ გზას უღობავდნენ, სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა მათთვის გვერდის აქცევა... შეიძლება ითქვას, რომ წყლის მღვრიე ნაკადები ფეხდაფეხ მისდევდნენ ნოეს ცოფიანი ნადირებივით, თავქვე დაშვებას არ ანებებდნენ. ნოეც სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა მთის ფერდობზე, დაბლა დაშვების ნაცვლად.
მალე სახელოსნოსაც გაუსწორდა. გახედა ნოემ, თავზარი დაეცა, წყალტალახას მთელი ტბა ჰყოფდა მისგან და ამ ტბაში ყოველი მხრიდან ჩაედინებოდნენ წყლის მღვრიე ნაკადები.
- ეეჰ, მგონი დავრჩით წყალგამოღმა, - დოქს უთხრა ნოემ... აბა, სხვა ვინღა ჰყავდა გვერდით... ახედა მთის ფერდობს... იქ, სულ მაღლა, მომრგვალებულ კორტოხზე, პატარა გადმოხურული უნდა ყოფილიყო, როგორც ახსოვდა. მწყემსები აფარებდნენ თავს გაავდრებისას. ქვის სამტეხლოს მუშებიც ისვენებდნენ, რათა სული მოეთქვათ მძიმე სამუშაოს დროს.
სხვა გზა არ იყო, ნოემ გადმოხურულისკენ აიღო გეზი. დოქი კვლავ გულში ჰქონდა ჩაკრული, მძიმე ნაბიჯით შეუყვა აღმართს, გვარიანად დაღალა წყალტალახში ტოპვამ. აღმართი სულ უფრო ციცაბო ხდებოდა, ფეხიც წამდაუწუმ ცურავდა წყალტალახით გასიპულ ბილიკზე. ერთი ხნობა ნოემ ისიც კი იფიქრა, ვაითუ კორტოხამდე ვერ ავაღწიოო. დიდი წვალების და წყალტალახში ფართხალის მერე, როგორც იქნა, შეძლო ლამის შეუძლებელი, ააღწია მის კორტოხამდე.
გულით გაიხარა ნოემ, როდესაც გადმოხურული სრულიად უვენებელი იხილა. მკვიდრად ნაგები სახურავი ხის მსხვილ მორებზე იყო დანდობილი...
გადმოხურულის შუა ადგილას სიმშრალე კი შენარჩუნებულიყო, რაც განსაკუთრებით ეამა ნოეს. თავპირიდან მაშინვე მოიშორა წვიმით გაჟღენთილი რუმბი, ხის ჯირკზე გადაფინა, ცოტათი იქნებ შეშრესო. მშრალი ელაგა ხის რამდენიმე ჯირკიც, ჩამოსაჯდომად რომ იყენებდნენ აქაურობის სტუმრები.
ამის შემდეგ კი, უწინარეს ყოვლისა, დოქზე იზრუნა ნოემ; ყველაზე მყუდრო, სწორი ადგილი შეურჩია. ირგვლივ ქვებიც შემოუწყო, არ გადაყირავდესო. დოქი მაგრად, საიმედოდ იყო თავდაცული, მაინც სიფრთხილე ამჯობინა. თვითონაც დოქის გვერდით ჩაიმუხლა, დაღლილ-დაქანცულმა, სული მოითქვა და თვალშიც უფრო დამშვიდებით გამოიხედა. აქ უწინაც არაერთხელ იყო ნამყოფი, აქედან ხელისგულივით ჩანდა ქალაქი და მისი შემოგარენი. სახელოსნოს კი ეს გადმოხურული შეიძლება ითქვას, პირდაპირ თავზე დაჰყურებდა. გადმოხურულის სახურავზე წვიმას გაჰქონდა შხაპუნი, მღვრიე ნაკადების ყრუ ხმები მოისმოდა ყოველი მხრიდან.
წყალგაღმა დაგვრჩა წყალობაო, ისევ დოქს შეეხმიანა ნოე, ვერა და ვერ მივაღწიეთ მასთან... თუმცა ვინ იცის, სად სჯობია ახლა ყოფნაო, თავის თავს უთხრა, დოქისთვის აღარ მიუმართავს. ეს სიტყვები უწინ სმენოდა წყალობასგან, როცა დელგმა არ ემუქრებოდა ქვეყანას წალეკვით.
- შენა ხარ დამნაშავე, შენი ბრალია, მარტოდმარტო რომ შევრჩი ამ კორტოხს. თუმცა რა უნდა მოგკითხო, ჭკუით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნი...
ნოემ ხელი სიყვარულით მოუტყაპუნა დოქს ფერდებზე, პირზე ღიმილი მოუვიდა, მაინც კარგი ვინმე ხარო, ჩაულაპარაკა. ნაღდად ვიცი, ცუდ ღვინოს არ იკადრებდა ზევახი.
წამოდგა, გადმოხურულის სახურავს შეავლო თვალი, რაღაც პატარა ნაკრაულები კონწიალობდნენ ხარიხებზე. ერთში ხმიადის ნატეხები აღმოჩნდა, მეორეში ცოტაოდენი ლეღვის ჩირი... აქ თავშეფარებულთა საუზმის ნარჩენები, რაღა თქმა უნდა, იმდროინდელი, როდესაც სახელოსნოში მუშაობა დუღდა...
არა უშავსო, თქვა ნოემ, სამაგიეროდ, ღვინო გვაქვს მეფური...
თავი მოხსნა დოქს, ნეტარებით შეისუნთქა დოქის ყელიდან მოდენილი სურნელი, მერე მოიყუდა.
- ასედაც ვიცოდი! - თქვა გაბრყწინებული სახით, როცა დოქი დაბლა დაუშვა, - მართლაც მეფეთა საკადრისი ღვინოა. აბა ცუდ ღვინოს როგორ აკადრებდა ზევახი საკუთარ თავს.
კვლავ მოიყუდა დოქი, ბარაქიანად მოსვა. თბილმა ტალღამ დაუარა მთელ სხეულში, გულს გაეთამაშა... გაფიჩხებული ხელფეხი გაუთბო, მართლაც დიდად სანეტარო განცდა იყო, რომელსაც კარგად იცნობდა ნოე, უწინაც არაერთხელ შეთამაშებია ღვინიან დოქს... მაგრამ ახლა სულ სხვა იყო, მეტისმეტად დიდი ფასი ედო მისთვის ამ ერთ დოქ ღვინოს.
რაღა თქმა უნდა, სახსენებელიც არ იქნებოდა იმ ვალთან, რაც ზევახს ემართა წყალობასგან, მაგრამ ამჯერად ჩემთვის ნამდვილად მისწრებააო, გაივლო გულში ნოემ და კვლავ დაეწაფა სანეტარო სასმელს.
- რაო, რა გითხარი, - გააგრძელა ნოემ დოქთან მუსაიფი კიდევ ერთი ბარაქიანი ყლუპის შემდეგ. - ჭკუა დაგიწუნე, არა? ნეტავი რად გინდა ჭკუა, შენ ხომ ჭკუაზე ბევრად მეტი ხარ...
კიდევ რამდენიმე ყლუპი და ნოე სრულიად გარდაიქმნა. გათბო, გალაღდა... გულზედაც მოეშვა, აგრერიგად აღარ აწუხებდა წვიმის გაბმული შხაპუნი, აღარც წარღვნისა ეშინოდა მაინცდამაინც.
- რაღა მომერევა, როდესაც შენ მყავხარ გვერდით, - გულდაჯერებით უთხრა ნოემ დოქს, ძალღონის მოზღვავებას გრძნობდა მთელ სხეულში - ვიცი, არ მიღალატებ, ბოლომდე ჩემთვის დაიხარჯები.
როგორც იქნა, მისაყოლებელიც გაახსენდა, როდესაც ღვინით კარგად მოიჯერა გული. მოკბიჩა ხმიადი. ლეღვის ჩირიც მიაყოლა... არც ისე გახეშეშებული იყო ეს მწირი საჭმელი, სინესტეს კარგად დაერბილებინა ორივე.
მერე ისევ ღვინოს დაეწაფა, პირგაბადრულმა გააგრძელა დოქთან მუსაიფი, ისევ წყალობა გაიხსენა: ,,რა ჭკვიანი კაცია (მე კი არ მგავს), ისიც კი მოაღორა ამ წუთისოფელმა. უფრო ადრე უნდა ეფიქრა თავის გადარჩენაზე, ერთი კარგი კიდობნის შეკვრას ნამდვილად შეძლებდა, მეც წავახმარდი ხელს...~
- შენ გაგიმარჯოს, - მიმართა ნოემ წყალობას, სადღაც სხვაგან რომ ებრძოდა წყალტალახს, ღვინიანი დოქი მაღლა ასწია... - შენც გიყვარს ღვინო, კარგად ვიცი...
ისევ და ისევ მოდიოდა წვიმა, გადმოხურულის თავზე განუწყვეტლივ შხაპუნობდნენ წვიმის წვეთები, ყოველი მხრიდან მოისმოდა გავეშებული ღვარცოფების ყრუ შხუილი. ნოეს ახლა ეს ყოველივე აინუნშიაც აღარ მოსდიოდა, მიაგნო ნეტარების წყაროს, ამქვეყნად ყოველივე გაფერმკრთალდა ამ ერთი მომცრო დოქის გვერდით, როცა მის წიაღში მეფეთა საკადრისი ღვინო აღმოჩნდა. რაც გინდა თქვი და, მართლაც კარგი ვინმე ხართ, ეუბნებოდა ნოე ღვინიან დოქს და სიყვარულით უტყაპუნებდა ხელს ფერდებზე, ამქვეყნად არაფერი მეგულება შენზე ძვირფასი და სანატრელი, თუმცა ერთი ნაკლი შენცა გაქვს, ძალიან მალე იცლები...
ნოემ დოქი აიღო, შეაჯანჯღარა, ყური მიუგდო მისი წიაღიდან მოდენილ ხმას, სახეზე უკიდურესი ყურადღება ეხატა ამ დროს.
- იმდენიც არაფერი, - ჩაილაპარაკა ბოლოს და ხელი დაბდა დაუშვა, - თუმცა რაღაც ნამდვილად მოგაკლდა. აკი ვთქვი, ერთი ნაკლი შენცა გაქვს... ეეჰ, უნაკლო არაფერია ამქვეყნად.
ნოემ თავი სევდიანად გადააქნია, უნდოდა, ისევ მოეყუდებინა დოქი, ხელიც კი შეუთამაშდა სურვილით ატანილს, მაგრამ თავი შეიკავა.
- ისევ ისე წვიმს, - ჩაულაპარაკა დოქს ნოემ, - გვერდით კი არავინაა, შენს მეტი... აჯობებს, ცოტა ხნით თვალი მოვარიდოთ ერთმანეთს.
ცოტა ხნით გაჩუმდა, ფიქრებს გაჰყვა...
- მოშურნე თვალიც რომ მოგდევს, - უთხრა ბოლოს დოქს ნოემ, - ვინ არ იცის შენი ფასი... სწორედ შენგან დაიწყო ყველაფერი...
თავისი ბავშვობის დროინდელი თავგადასავალი გაახსენდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები