ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
21 თებერვალი, 2016


ნოე (მონატრება, უცნაური ხმა)

მონატრება

გულისგამწყალებლად გაჭიანურდნენ დღეები. ისევ ისე წვიმდა, განუწყვეტლივ, თანაბარზომიერად. წვიმის წვეთები ჭმუჭნიდნენ წყლით გადავსებულ სივრცეს, წვიმა შხაპუნობდა კიდობნის სახურავზე, რომელიც ერთ წვეთსაც კი არ ატარებდა, ყველაფერი გამორჩეულად მკვიდრი და საიმედო იყო მეფის სასახლესავით ფართო კიდობანზე. ნოე ამაში დღითი დღე რწმუნდებოდა. მართლაც ძალიან გამიღიმა ბედმა, ამ კიდობანს რომ გადავეყარეო, ფიქრობდა. ვინ იცის, მერამდენეჯერ იხსენებდა, თუ როგორ ამოფოფხდა თოკის კიბეზე, როგორ გადააბიჯა სანატრელ სიმშრალეში, მაგრამ ამის გახსენება სულ უფრო და უფრო ნაკლებად ახარებდა. საქმე იმაშია, რომ მეტისმეტად გაბეზრდა მარტომყოფობით, წარღვნამდელი დრო მოენატრა. თურმა რა ბედნიერი ვყოფილვარ მაშინ და არც კი ვიცოდიო, ამბობდა გუნებაში. ადამიანები იყვნენ ჩემს გვერდით, მათი ხმა მესმოდა, ხან ავს მეტყოდნენ, ხან კარგს, ხანდახან ძალიანაც გამამწარებდნენ (ასედაც მომხდარა)... რაც მთავარია, მარტო არ ვყოფილვარ, ყოველთვის ვხვდებოდი ვიღაცას, ნაცნობს ან უცნობს. რა იქნებოდა, ამ კიდობანშიც დამხვედროდა ვინმე ძეხორციელი... იმას მაინც ეცოცხლა, ერთადერთი სიტყვა ,,ტიკი~ რომ თქვა...
მსგავსი ფიქრები სულ უფრო და უფრო ხშირად აწუხებდნენ ნოეს. მიადგებოდა მოაჯირს, თვალით მოჩხრეკდა წყალნისლოვან სივრცეს, იქნებ რაიმე ისეთი დაენახა, რასაც ადამიანებთან საერთო ექნებოდა; ნავი, კიდობანი, ტიკი ან რაიმე ამდაგვარი. კიდევ უკეთესი, თუ ხმელეთის ნაპირი გამოჩნდებოდა.
სანუგეშოს არაფერს სთავაზობდა წარღვნით წალეკილი სივრცე, არსად არაფერი ჩანდა, წყლის და ნისლის გარდა. ნოე თვალს არიდებდა ამ გულისშემაღონებელ სანახაობას ისევ ღია ბანისკენ მიბრუნდებოდა. თავისდა უნებურად, იქაც ძეხორციელს დაეძებდა მისი თვალთამზერა. რა თქმა უნდა, არც ბანზე ჭაჭანებდა ვინმე, მხოლოდ მამალი დააბიჯებდა დარბაისლურად და ნოეს ცალი თვალით ზვერავდა.
ნოემ თავს გაიქნევდა, ცდილობდა გაეფანტა შავბნელი ფიქრები, ცოტა ხნით წარღვნამდელ დროში გადასახლდებოდა, რა ბევრი რამით იყო იგი მიმზიდველი... თუნდაც მწვანე ბალახზე სეირნობა ვთქვათ, მყარი მიწა ფეხქვეშ... და ადამიანები. ათასი ჯურის და სახის ადამიანები. ყველანი როგორღაც უაღრესად სასურველნი გამხდარიყვნენ ნოესთვის. ისინიც კი, ვისთანაც რაიმე სასიამოვნო მოგონება სულაც არ აკავშირებდა. თავდაპირველად ეს ძალიან აოცებდა ნოეს, თუმცა მერე შეეჩვია, ჩვეულებრივ ამბად ჩათვალა. შეიძლება ითქვას, რომ წარღვნამდელი დროის კარგიც და ცუდიც ლამის ერთნაირად ენატრებოდა მარტომყოფობით შეჭირვებულ ნოეს.
უმადური  არ უნდა იყო ადამიანი, შეახსენებდა თავის თავს ნოე. თან მამალს დაუტევდა გაბრაზებით, რა არხეინად გრძნობს თავსო, დიდად მოწყალე გამოდგა ჩემს მიმართ განგება... ცოფიანი ნადირივით მდია ნიაღვარმა და ვერაფერი დამაკლო, თავშესაფარი მეღირსა, თანაც როგორი... სამეფო სასახლესავით ფართო და მდიდარი. ძალიან კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ რა... მარტოდ ყოფნამ ფასი დაუკარგა. არადა, თითქოს მარტო არა ვარ, რამდენი ცოცხალი არსებაა ირგვლივ.
ეს ბოლო სიტყვები სხვადასხვა ჯურის ცხოველებს ეკუთვნოდა, ღია ბანზე გალიებში რომ სახლობდნენ. რომელიმე მათგანს ხანდახან თვალებში ჩააცქერდებოდა ხოლმე მარტოობით გაბეზრებული ნოე. თითქოს ცდილობდა, რაიმეთი საინტერესო ნაპერწკალი დაეჭირა მათ გამოხედვაში, სულ მალე მათგან პირს იბრუნებდა გაწბილებული. რაღა თქმა უნდა, თავისებური სიცოცხლით ცოცხლობდნენ გალიის მკვიდრნი, მათაც სულ ედგათ, ნოეს ხმა ესმოდათ, თავისებურად ეხმიანებოდნენ კიდეც, რაღაც გონებისმიერი ნაპერწკალი მათ თვალებშიაც ღვივოდა, მაგრამ რა შორს იყო იმისგან, რასაც ადამიანის თვალი, ადამიანის გამოხედვა ერქვა. თუნდაც წყალობას გამსჭვალავი გამოხედვა ვთქვათ... ცხადია, ყველა ვერ დაიტრაბახებს ამით, მაგრამ ადამიანის თვალი მაინც სულ სხვაა... ეეჰ, თურმე ადამიანს ისევ ადამიანი სჭირდება ყველაზე მეტად. უწინ ეს არ ვიცოდი, არასდროს ვყოფილვარ ასე დიდხანს მარტო...
ძმაბიჭებთან ქეიფს ხომ არაფერი შეედრებოდა ამქვეყნად... აი, რა ენატრებოდა ნოეს ყველაზე მეტად. ეს მართლაც ყველაფერზე აღმატებული ბედნიერება იყო, რაც კი ძეხორციელს შეიძლებოდა განეცადა. რა სჯობია ღვინით სავსე თასის აწევას, ცინცხალ წინწკლებს რომ ისვრის და შორიდანვე გეთამაშება... იტყვი ფერადოვან სადღეგრველოს, სავსე თასს პირთან მიიტან, მთელი მკერდით ჩაისუნთქავ ღვინის სურნელს და ნელნელა მოსვამ სანატრელ სასმელს. მაშინვე ცეცხლი დაგივლის მთელ სხეულში, ირგვლივაც ყოველივე გადასხვაფერდება, თითქოს ფერადოვანმა სადღეგრძელომ ხორცი შეისხაო.
მართლანი არ ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ნოეს ღვინო აქამდე არ გახსენებია. როგორ არა... აბა, რა დაავიწყებდა ღვინოს, ანუ ღმერთების საჩუქარს, როგორც თვითონ უწოდებდა ამ დიდებულ სასმელს. ერთი რამ კი უნდა აღინიშნოს: გარემოებამ ყოველთვის თქვა თავისი სათქმელი; მეტისმეტმა შეჭირვებამ მისი თვალიდან ცოტა ხნით მაინც მოაფარა ღვინის ხიბლი. ღვინისთვის ნამდვილად არ სცხელოდა ნოეს, როდესაც წყალმცენარესავით ტივტივებდა წყალში, გაბერილ რუმბზე ჩაფრენილი. არც მაშინ, როცა კიდობანზე დაადგა ფეხი წყლიდან ამოფოფხებულმა. ყველაზე უფრო სიმშრალე ენატრებოდა მაშინ ნოეს, მშრალი და მყარი საყრდენი იყო მისთვის ყველაფერზე აღმატებული ბედნიერება. მერე კი, როდესაც კარგად დაისვენა, ღვინოც გაიხსენა. ღვინო ნამდვილად მოუხდებოდა იმ ყუათიან საჭმელს, ღია ბანზე მოკალათებული რომ მიირთმევდა, მით უმეტეს, რომ წყალმა საკმარისად მოაბეზრა თავი. ვაითუ სისხლი გამიწყალდესო, შიშობდა ნოე. მისი აზრით, მხოლოდ ღვინო უშველიდა ამ საქმეს.
იწყო ნოემ ღვინის ძებნა, ეჭვიც არ ეპარებოდა, აუცილებლად ვიპოვიო. როგორ შეიძლებოდა ღვინო არ ყოფილიყო ყოველგვარი სიკეთით სავსე კიდობანზე, ბევრი ეძება, ჩხრიკა, სათავსოები გადაქექა, მაგრამ ღვინოს ვერსად მიაგნო.
ცარიელ ჭურჭელს კი მრავლად გადაეყარა, დოქებს, ხელადებს, ტიკებს... წვეთი ღვინოც კი არ იყო რომელიმე მათგანში ჩარჩენილი, ღვინის სუნი კი აშკარად ასდიოდათ.
- როგორც ჩანს, ამ კიდობნის ბინადრებს ჩემზე არანაკლებად უყვარდათ ღვინო, გულნაკლულად თქვა ნოემ. მეტი რა ჩარა იყო, ისევ წყალი დააყოლა საჭმელს. ყელში გადასცა და ხველებით კინაღამ დაიხრჩო.
ფარხმალი მაინც არ დაუყრია ნოეს, ისევ ცდილობდა ღვინის მოძებნას, საგულდაგულოდ ჩხრეკდა ყველაფერს.
არცერთი კუთხე-კუნჭული არ დატოვა გაუჩხრეკავი, ყველაზე ბნელ მიუვალ სათავსოებში ჩაძვრა, საგანგებოდ  შენიღბული სამალავები გადაქექა, არა და არა! ღვინის ნასახსაც კი ვერ მიაგნო.
სამაგიეროდ, რა საგანძური არ ნახა იმ სამალავებში, რა ოქრო-ვერცხლი, თვალმარგალიტი, იშვიათი უძვირფასესი ნივთები... ბევრი მათგანის დანიშნულებას ვერც კი ხვდებოდა.
- ვინ იცის, იქნებ ზევახის ოქროც ერიოს ამაში, - თქვა ნოემ და ხელი ამოურია ოქროთი სავსე ზარდახშას. ოქრო ვერა და ვერ გაიმეტა ზევახმა, ღვინით სავსე დოქი გამოატანა ოქროს ნაცვლად. კიდევ კარგი, რომ ასე მოეწყო საქმე, იმ ღვინომ ძალიანაც აამა ნოეს. როგორ უფრთხილდებოდა, მაინც წაჰგვარა ღვარცოფმა ის დოქი შიგ ჩარჩენილი რამდენიმე ყლუპი ღვინით. ,,ეეჰ, რა ღვინო იყო, რა ღვინო~, თავი დანანებით გადააქნია ნოემ ამის გახსენებისას.
ერთადერთი იმედი ისევ ვაზის ნერგი იყო, ღია ბანზე რომ ხარობდა. ნოე გულში ელოლიავებოდა იმედს, ამ ნერგს ოდესმე მიწაზე დავრგავო. ნერგი გაიზრდებოდა, ყურძენს დაისხამდა და დაამწიფებდა. ნოე იმ ყურძნიდან ღვინოს დაწურავდა, ასეთი ფიქრები ძალიან ესალბუნებოდა მის სულს და გულს.
თუმცა იმასაც ეჭვობდა უკვე, ალბათ მიწაზე ადგილი აღარსად დარჩა ნერგის გასახარებლად, ყველაფერი წყალმა დაფარაო.
საქმეზედაც გული აიცრუა... ხელი არ აუღია კიდობნის მოვლა-პატრონობაზე, მაგრამ ძველებური გულმოდგინებით ვეღარ ირჯებოდა. ის კი არადა, დილით თვალის გახელა ეზარებოდა გაღვიძებისას, რა უნდა დაენახა; მძიმედ დაგრაგნილი ყომრალი ღრუბლები და წვიმით დაჭმუჭნილი წყალნისლოვანი სივრცე. თუ უწინ ეჭვობდა, მგონი სამყაროს აღსასრული დადგაო, ახლა ეს ეჭვი ლამის რწმენად ექცა. ფიქრობდა, ალბათ ყოველივე წყალმა წალეკა, ცოცხალი აღარავინ დარჩაო. ძალზე მკვიდრია ეს კიდობანი, მაგრამ სანამდე იტივტივებს? როცა იქნება, ამის აღსასრულიც დადგება. ჯანდაბას ყველაფერი, ღვინო მაინც მქონდეს, კიდობანზე სულაც არ ვინაღვლიდი... აღსასრულის წინ მეტს არაფერს ვითხოვ.
იქამდე მივიდა, ის დროც კი მოენატრა, როცა მთის კორტოხზე იყო შერჩენილი, ყოველი მხრით ავად აყმუვლებული ნიაღვრები უტევდნენ. ,,ღვინო იყო მაშინ ჩემს გვერდით, მამხნევებდა, მაცოცხლებდა... მაშინ ბევრად უფრო ბედნიერი ვიყავი~...

უცნაური ხმა

ინახად იჯდა ნოე, თავი ჩაექინდრა, სახეც ვაგლახად დაღრეჯოდა. მეტისმეტად გააბეზრა მარტომყოფობამ და უღვინობამ, ერთად აღებულმა. გულგატეხილობაც მოეძალა. გაფაციცებით აღარ ზვერავდა წყალნისლოვან სივრცეს, იქნებ რაიმე სანუგეშო დავინახოო, ანუ რაიმე ისეთი დავინახო, რაც ადამიანს გამახსენებსო. მღვრიე წყალი და ყომრალი ღრუბლები, სხვა არაფერი ჩანდა, რამდენჯერად არ უნდა გადაეხედა კიდობნის მოაჯირს მიღმა. ნოეს სულშიაც შეაღწიეს იმ ყომრალმა ღრუბლებმა და გუნება დაუმძიმეს. წვიმის გაბმული შხაპუნისაგან ხომ გულზე ეფერებოდა... ასეთი სიცოცხლე ნამდვილად არ ღირსო, ფიქრობდა. ალბათ სჯობდა, დროზე მომღებოდა ბოლო, მეც ერთი იმათგანი ვყოფილიყავიო... წყალში მოტივტივე ცხედრებს იხსენებდა...
ნოემ უწადინოდ გაღეჭა ლუკმა, გულზე დაადგა, წამოახველა. ხელი თასისკენ წაიღო, წყალი დააყოლა, სახე კიდევ უფრო დაეღრიჯა. ,,ღვინო, ერთი ყლუპი ღვინო...~ ამოთქვა და თასი ძირს დაანარცხა. თასი ნამსხვრევებად იქცა. ნოეს ყურიც არ გაუბერტყია, თავჩაქინდრული იჯდა ისევ. ,,ეეჰ, აღარაფერს აღარ აქვს აზრი, ნამდვილად ქვეყნის აღსასრული დადგა...~ ჩაილაპარაკა თავისთვის.
როდის-როდის წაიღო ისევ ხელი საჭმელისკენ, კვლავ გაღეჭა ლუკმა, ისევ ისე უწადინოდ.
უცბად რაღაც მოხდა, რაღაც შეიცვალა...
ნოეს მოეჩვენა, თითქოს რაღაც უცხო ხმა მომესმაო, ღეჭვა შეწყვიტა, დააყურა.
ჰო, ნამდვილად შეიცვალა რაღაც, მაგრამ რა? ნოე ამას ვერ მიმხვდარიყო, იჯდა და უსმენდა იმ უცხო ხმას.
უნებურად ხელადას გაჰკრა ხელი. ხელადა გადაყირავდა, წყალი წანწკარით დაიღვარა. ამან ნოე მიახვედრა, რა იყო ის უცხო ხმა... ის სიჩუმე იყო.
მგონი, წვიმას გადაუღია, აღარ ისმის მისი მომაბეზრებელი შხაპუნი, ნანატრი სიჩუმე გაბატონებულა მთელ კიდობანზე.
იცოცხლეთ, ნოე ცქაფად წამოხტა ფეხზე. სასწრაფოდ მიიჭრა მოაჯირთან, გადაიხედა... ჰო, ნამდვილად აღარ წვიმს, მღვრიე წყლის ზედაპირი მოსწორებულა, აღარ იჭმუჭნება წვიმის წვეთებისგან.
თვალს და ყურს აღარ ენდო ნოე... ვერ იჯერებდა ამ დიდ ბედნიერებას. ორივე ხელი მოაჯირს მიღმა გაიწოდა, რათა მოესინჯა, აბა, მართლა თუ შეწყდა წვიმაო.
ორიოდე წვიმის წვეთი დაეცა ხელებზე ნოეს... ნამდვილად აღარ წვიმს, წვიმის წვეთები თქეშად აღარ მოგორავენ კიდობნის სახურავზე. ის ორი წვეთი ნაწვიმრობის ნიშანია ნაწვიმარზე ჩამოდენილი წვეთებია...
- იქნებ ღმერთმა აღარ გაწიროს ქვეყანა დასაღუპად, - თქვა ნოემ ხმამაღლა. გამოცდელად დაჰყურებდა სარკესავით მოსწორებულ მღვრიე წყლის ზედაპირს. აღარსად ჩანდნენ საძულველი წვიმის წვეთები, ერთი კი არ გაჭაჭანებულა სადმე... ყოველ შემთხვევაში, ნოეს თვალსაწიერზე.
სხვა მხრივ თითქოს არაფერი შეცვლილა, ცის თაღზე კვლავინდებურად იგრაგნებოდნენ ყომრალი ღრუბლები, ცისკიდურსაც ნისლოვანი ფარდები ბურავდნენ და მაინც, ნოეს მოეჩვენა, თუ მართლა ასე იყო, ცოტათი უკან დაიხიეს ნისლოვანმა ფარდებმა, ცისკიდურიც თითქოს უფრო გაფართოვდა.
ერთ წამში გაქრა უკვალოდ გულგატეხილობა... ხუმრობა საქმე ხომ არაა, წვიმა შეწყდა... აღარც კი ეგონა ნოეს, ოდესმე ამას თუ მოესწრებოდა. იქნებ ამ სასიკეთო ნიშანს ბევრი სხვაც მოჰყვესო, გაივლო გულში. ბევრ რამეს გულისხმობდა ამაში; ღრუბლების გაფანტვას, მზის გამონათებას, ვინმე ძეხორციელთან შეხვედრას... და რაღა თქმა უნდა, ღვინით სავსე თასის აწევას... თუკი მე გადავურჩი ამ წარღვნას, ალბათ სხვაც შეიძლებოდა გადარჩენილიყოო, ასე ვარაუდობდა.
მკლავშიაც მგონი ათი კაცის ღონე მიეცა, იმედის სხივი აუკიაფდა თვალებში. ძველებურად გულიანად მოეკიდა საქმეს, ღია ბანზე ყოველივეს თავისი ადგილი მიუჩინა, გალიებიც დაასუფთავა... თან ხშირხშირად ათვალიერებდა ყომრალი ღრუბლებით დაფარულ ცას, რა იქნება, ეს ღრუბლები ჩქარა გაიფანტოსო, ნატრობდა, მეტად უღიმღამო სანახაობა იყო; ერთიანად ნაცრისფერი ცა, მღვრიე წყლით ავსებული შორეთი.
ის დღე ისე დაღამდა, ღრუბლები არ გაფანტულან, თუმცა თანდათან შეთხელდნენ, ეს აშკარად ჩანდა. შებინდების წინ კი მკრთალი ფერადოვანი რკალი გამოისახა ღრუბლების კალთაზე, ეს ცისარტყელა იყო. მისმა დანახვამ ნოეს იმედები გაუცხოველა, ნამდვილად გამოდარებას აპირებსო, თქვა. უკეთესის მოლოდინით აღსავსემ მილულა თვალი იმ ღამით კიდობნის მოხატული სახურავის ქვეშ, რა ბედნიერება იყო; აღარ ჩაესმოდა საძულველი წვიმის შხაპუნი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები