| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 25 თებერვალი, 2016 |
მზე
ოქროსფრად მოელვარე სინათლის სვეტი დაინახა ნოემ თვალის გახელისთანავე. ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი მიხვდა, ამ სინათლის სვეტს საერთო არაფერი ჰქონდა კიდობნის სახურავზე მოხატულ მნათობებთან. საჩქაროდ წამოხტა, მოაჯირთან მიიჭრა, თვალი მოავლო უსასრულოდ გაფართოებულ ცისკიდურს. თვალსაწიერზე ლიცლიცებდა წყალი, მოწმენდილ ცას კამკამი გაჰქონდა, ცასა და წყალს შორის მზის ელვარე ბურთი ეკიდა. - შენს მობრძანებას გაუმარჯოს, ჩემო ძმაო და მეგობერო, - მიესალმა ნოე მზეს. ხელები ფართოდ გაშალა გულიანად გაუღიმა, როგორც ნამდვილ ცოცხალ არსებას, ისე შეეხმიანა. ამ დროს ერთი წამით თავში გაუელვა, რა უცნაურად ვიქცევიო. მზეს, როგორც ცოცხალ არსებას, ისე ვესაუბრებიო, მაგრამ ამ უცნაურობის განსჯას აღარ გამოკიდებია. სად ეცალა, მზეს ვერ წყვეტდა თვალებს. მეტად დიდებული რამ იყო სანახავად, მეწამულით უხვად დაფერილი, ძველი ნაცნობივით გულიანად მომღიმარი. თან რა ალერსიან სხივებს აფრქვევდა... ნოეს მთელ ტანში ჟრუანტელი უვლიდა ამ მოალერსე სხვებისგან. სხვა ყოველივე გადაავიწყდა ამქვეყნად, ქანდაკებასავით უძრავად იდგა ღია ბანზე, მონუსხულივით შეჰყურებდა მზის ელვარე ბურთს. თურმე როგორ მომნატრებიხარო, ამბობა. ასე მანამდე გაგრძელდა, სანამ მზის ელვარე ბურთი რამდენიმე ბურთად არ იქცა... ნოემ მოწყვიტა მზერა ამომავალ მნათობს, თვალი ირგვლივ მიმოავლო... ჯერ ვერაფერს ხედავდა აჭრელებული თვალებით, მერე კი დაინახა... ო, როგორ შეცვლილიყო ყოველივე; სადღა იყო ის უღიმღამო, ყომრალი ფერები, ნოეს ასე რომ მოაბეზრეს თავი. ღრუბლებთან ერთად ისინიც გამქრალიყვნენ. ცინცხალი, გამჭვირვალე ფერები ზეობდნენ ყველგან, საითაც არ უნდა გაგეხედა; ცის თაღს ლურჯ-სადაფისფრად გაჰქონდა კამკამი, კრიალი, რომელსაც სალათისფერი ერწყმოდა. ცისკიდურს ვარდისფერი ზოლი ეფინა. ნათელი ეფინა კიდობანს, მეფის სასახლესავით ფართოდ გაშლილს, თითქოს სინათლის სამოსით შეიმოსაო. თვით საზიზღარი მღვრიე წყალიც კი, ირგვლივ ყოველივე რომ დატბორა, აღარ იყო წინანდებურად უსიამო სანახავი. იმასაც კი ნათელი მოეფინა. მზის სხივები ათამაშდნენ და აბრჭყვიალდნენ წყლის მოსარკულ ზედაპირზე, ალისფერ-ოქროსფერი მეტობდა ამ ბრჭყვიალში, ამომავალი მზის ფერი. რასაც მე ახლა შევყურებ, მკვდრის გაცოცხლებას ჰგავსო, თქვა ნოემ ხმამაღლა, მის ხმაში გაოცება ისმოდა... რა უღიმღამო და უფერული იყო ირგვლივ ყველაფერი... ცაში თუ წყალზე... მკვდრისფერი ბატონობდა ყველგან. მზემ ერთი ჰკიდა თვალი და მაშინვე გააცოცხლა ყველაფერი. მერე დაფიქრდა, ოდესმე თუ მინახავს მზის ასეთი დიდებული ამოსვლაო. ბევრი ვერაფერი გაიხსენა ამდაგვარი. ,,მზე ამოვიდა, მზე ჩავიდა~. ამ სიტყვებს მიღმა არ მიდიოდა ნოეს ალღო-გუმანი. არ შეუმჩნევია, რა მაცოცხლებელ სხივებს აფრქვევდა თურმე ეს მოელვარე ბურთი, სახელად მზე... მამლის ყივილი ჩაესმა ნოეს, საყოველდღეო საქმე ეძახდა. აქცია ზურგი ნაირგვარი ფერების გამოფენას, ასე სასურველს და მონატრებულს. შეუდგა ყოველდღიურ ფუსფუსს, ცოტათი ნაგვიანევად. ხალისიანად ირჯებოდა, გული იმედებით ჰქონდა სავსე, ,,გადარჩა, გადარჩა ჩიტის ბუდე~, იმეორებდა გულში... გაახსენდა, როგორ ციმციმ დაუშვა ქარიშხალმა ჩიტის ბუდე მიწაზე, ერთადერთი დაჭორფილი კვერცხით... ,,დღეს მზემ გამოანათა, როცა იქნება, ხმელეთსაც დავინახავ...~ ღია ბანზეც ყოველივე გადასხვაფერდა... ყოველივე ხარობდა, სულიერი თუ უსულო, ყველაფერში მზის სხივი ერია... ნოე ხალისიანად მიმოდიოდა. სიხარულით სავსე გულით მსახურებდა ყოველთვის... თან თვალი გამუდმებით მზისკენ გაურბოდა, თითქოს ეშინოდა არ დამეკარგოსო. მარტოსულად აღარ გრძნობდა თავს. სიცოცხლით სავსე არსება იყო მის გვერდით რომელიც კეთილი თვალით შემოჰყურებდა, ათბობდა და ამხნევებდა. რა გემრიელი იყო საუზმე, რომელსაც მზის სხივი დაჰნათობდა... და რაღარ თქმა უნდა, უფრო გემრიელი იქნებოდა, თუ... აქ ნოემ გაბრაზებით გაიქნია თავი, ფიქრი უკუჰყარა. შეეშინდა, ვაითუ ლუკმა ყელში აღარ გადამივიდესო... მზემ საშუადღეოდ შეიმაღლა, ალისფერი ბურთი ოქროსფერ ბურთად იქცა. ცარგვალიც უფრო ჩამუქდა, სადაფისფერმა ლურჯ ფერს დაუთმო ადგილი. ნოემ ახლა ამ სილურჯეს გაუსწორა თვალი, დიდი ხნის მონატრებულ ფერს, მზის ელვარე ბურთს უკვე თვალს ვეღარ უმაგრებდა თვალდახუჭული ეფიცხებოდა მის მაცოცხლებელ სხივებს. ნოეს ლამის ზარხოში მოჰგვარეს ამ სხივებმა. ნაშუადღევს მეტისმეტად დაცხა, ნოემ მოხატულ სახურავს შეაფარა თავი, იქ დაემალა მზის მცხუნვარებას. ნეტარებით აღსავსე ისვენებდა, თვალსაც მილულავდა ხოლმე, თუმცა მალევე ახელდა, რათა კვლავ დაენახა მზის სანატრელი ნათელი და ლურჯი, ლურჯი ცა. გადაიხარა მზე, დღეც გასრულდა. ნოემ მზის ჩასვლა იხილა, არანაკლებ დიდებული და ფერადოვანი, ვიდრე მზის ამოსვლა იყო. - მალე ისევ შევხვდებითო. - უთხრა ნოემ მზეს. თვალს უკვე თავისუფლად უსწორებდა ალისფრად დაფერილ მნათობს. მზემ პასუხად მრავლისმეტყველად შემოხედა და ნელა ჩაეშვა წყლით გადავსებული ცისკიდურის მიღმა. მისი მეწამული არილი კარგა ხანს ენთო მიმკრთალებულ ცაზე. ბოლოს ეს არილიც აიკრიფა და უცბად ნოემ ახალი მთვარე დაინახა, გალწობილი, ვერცხლისფრად მოკიაფე. - შენც გაგიმარჯოს ღამის მაჭანკალო, - მიესალმა ნოე მთვარეს. თვითონაც არ იცოდა, რატომ უწოდა ასე. თურმე შენც ძალიან მომნატრებიხარო, დაუმატა ბოლოს, იგრძნო, რარიგ სიამოვნებდა მთვარის ჭვრეტა. ახლა იმაზე დაფიქრდა ნოე, უწინ მთვარე თუ დამინახავსო. მთვარე როგორ არ დამინახავს, შეეკამათა საკუთარ თავს, ოღონდ არ მახსოვს, ოდესმე კარგად თუ შემითვალიერებია. ერთს შევავლებდი თვალს და მორჩა... ახლა კი თვალი ვეღარ მომიშორებია მისთვისო. თვალს მიეფარა ორივე მნათობი, როგორც დღის, ისე ღამის... ბინდმაც თანდათან იძალა და ნოეს ახალი საჩუქარი გაუმზადა; ვარსკვლავებმა გამოჭყიტეს თვალები. ჯერ ერთმა გაიბრწყინა ჩამუქებულ ცაზე, იმას მეორეც მალე მიჰყვა, თითქოს ეტოქებაო. კიდევ ცოტაც და, ვარსკვლავთა ბრწყინვალე მარაქა დაეფინა ღამეული ცის კალთებს ყოველი მხრით. - თქვენც გაგიმარჯოთ, ძმაბიჭებო! - ხმამაღლა შესძახა ნოემ ვარსკვლავებს, - ძალიან გამიხარდა თქვენი დანახვა. სრულ სიმართლეს ამბობდა, თვალები ვარსკვლავებივით უბრწყინავდნენ სიხარულისგან. - ვისზე ნაკლებნი ხართ, როგორ აკვესებთ თვალებს, - აგრძელებდა ნოე ვარსკვლავებთან მუსაიფს. არა, არ მოსჩვენებია ნოეს. ვარსკვლავები უჩვეულოდ გაბრწყინდნენ ამ სიტყვების გაგონებისას. ის კი არადა, ერთმა, სხვებზე სულწასულმა, მნათი ცეცხლოვანი რკალი მოხაზა ცაზე. - აი, თქვენი საპასუხო სალამიც, - თქვა ნოემ მოწყვეტილი ვარსკვლავის დანახვისას. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები იმ საოცარ, მართლაცდა ზღაპრულ დღეს, მკვდარივით დაეძინა ამდენი შთაბეჭდილებებით დაღლილს. მომდევნო დილითაც მზის სხივების ბრწყინვალე ნიშატი დაინახა ნოემ თვალის გახელისთანავე, ახალი დღის ოქროვანი კარიბჭე... მერე კი მიჰყვნენ ერთმანეთს ოქროსფრად დაფერილი, მშვენიერი დღეები. ცა რახან ერთი მოიწმინდა, ციცქნა ღრუბელიც კი აღარ გაკარებია მის ლურჯ გუმბათს. მზე სუფევდა მთელი დღის განმავლობაში მთელი თავისი ბრწყინვალებით, ათბობდა და ახარებდა ნოეს, ასე მონატრებულს მზის ნათელს. ღამით მთვარე ცვლიდა მზეს, რომელიც თანდათან ივსებოდა. გალწობილი მნათი რკალი ჯერ ნახევარ კომშს დაემსგავსა, მერე მთლად გაივსო. გაბადრული სახით გადმოიხედა მიმკრთალებული ციდან. ვერცხლისფერი სხივებიც ბარაქიანად დააფრქვია მოლიცლიცე წყალს და მასში შეცურებულ კიდობანს. ვარსკვლავებიც მეტისმეტად ეშმაკურად აკვესებდნენ თვალებს თითქოს რაღაცას პირდებოდნენ ნოეს, მაგრამ ამის თქმას არ ჩქარობდნენ, თანაც რა სხვადასხვანაირები ყოფილან, ნოე პირდაპირ გაოცებული იყო... ერთი ალისფრად ბრდღვიალებდა, მეორეს ცისფრად გაჰქონდა ბრჭყვიალი... სხვა კიდევ ოქროსფრად... საზღვარი აღარ ჰქონდა ამ ნაირფერებს. ერთი სიტყვით, ზეციური სილამაზის სასწაულები, ნოეს, შეიძლება ითქვას, ბღუჯაბღუჯა ეფერებოდა თავზე, როგორც დღისით, ისე ღამით. ციური მნათობები თითქოს ცდილობდნენ, რაც შეიძლება ლამაზაც წარმოეჩინათ თავი... უკვირდა ნოეს, ამ საოცარ სილამაზეს, ციურ მნათობთა ბრწყინვალებას უწინ (ანუ წარღვნამდე) რატომ ვერ ვამჩნევდიო. წარღვნის შემდეგ თვალები რაღამ ამიხილაო. ბევრი იფიქრა ამაზე და ბოლოს თავისი აზრი გაუზიარა ციურ მნათობებს. - ღრუბლებმა დამანახეს თქვენი თავი. იმდენხანს დაგმალეს, სანამ ძალიან არ მომენატრეთ, მონატრებულზე კი თქვენი დანახვა ღვინოსავით მეამა... ეს უმაღლესი შეფასება იყო ნოესგან, თუ ვინმე (მათ შორის მნათობიც) ამის ღირსი გახდებოდა. მერე თავის თავს ჰკითხა ნოემ, ნეტავი თუ შევძლებდი მნათობთა სილამაზის დანახვას, ღრუბლებს იმდენხანს რომ არ მოეფარებინათ ჩემი თვალისგანო. ბევრი იფიქრა, მაგრამ პასუხი ვერ იპოვა ამ კითხვაზე. თავი ისე იგრძნო, თითქოს რომელიღაცა მეტად იდუმალი კიდობნის წიაღში იხეტიალა და იქ ისეთ საოცარ ნივთებს წააწყდა, რომელთა დანიშნულებაზეც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.
კარის მეზობლები
,,გადარჩა, გადარჩა ჩიტის ბუდე~... ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდა ნოე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ღრუბლები გაიფანტა. თვალწინ ედგა, როგორ ციმციმ დაუშვა ჩიტის ბუდე ქარიშხალმა მიწაზე, ერთადერთი დაჭორფლილი კვერცხით. როცა იქნება, მე და ჩემი კიდობანიც (უკვე ასე მოიხსენიებდა მას) დავეშვებით მიწაზეო. აღარ წვიმს, მზემაც გამოანათა, ერთი ესღა დარჩა, და ვიცი, მოწყალე ღმერთი ამასაც აღასრულებსო. იმედის სხივი უკიაფებდა თვალებში, როცა წყლით გადალიცლიცებულ შორეთს გაჰყურებდა, ეჭვიც აღარ ეპარებოდა, მოწყალე ღმერთი ბოლო სურვილსაც შეუსრულებდა, სამშვიდობს გაიყვანდა და ვინმე ძეხორციელსაც შეახვედრებდა. მანამდე კი ციურ მნათობებთან მუსაიფით იქცევდა თავს... რახან ერთხელ დაელაპარაკა მათ, აღარც მოუშლია... თუმცაღა თავდაპირველად ცოტათი ეჩოთირებოდა. დაიმაორცხვებდა ხოლმე ვიღაცის თუ რაღაცის წინაშე. მერე და მერე შეეჩვია, ემუსაიფებოდა მნათობებს, ხმის გამცემს დანატრებული, თავს მარტოსულად აღარ გრძნობდა, დიდ კმაყოფილებას განიცდიდა ამ დროს. სიცოცხლის აშკარა ნიშნები დაიანახა მათში ნოემ... ანუ, ცოცხალი ნაპერწკალი, რომელიც ყველა მნათობში ღვივოდა. ნოე ასე მსჯელობდა; ნაპერწკლიანი გამოხედვა მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალ არსებებს აქვთ. მკვდარს, უწინარეს ყოვლისა, თვალი ემღვრევა, ნაპერწკალი უქრება თვალშიო. ჰოდა, ერთი მითხარით, მნათობებზე უფრო ნაპერწკლიანი გამოხედვა ვის ავქსო?.. ეკითხებოდა ვიღაცეებს, თვითონაც არ იცოდა, ვის... ცოცხალ ნაპერწკალს, რაღა თქმა უნდა, მზე ამჟღავნებდა ყველაზე ცხადად. მზე თვით სიცოცხლის განსახიერება იყო, მხურვალე, ალერსიანი და ნათელი... აბა, რა დაავიწყებდა ნოეს იმ სასწაულს, რაც საკუთარი თვალით იხილა: უღიმღამო, ნაცრისფერი სამყაროს საოცარი გარდასახვა, თითქოს მკვდარი გაცოცხლდაო... მზემ თავისი სხივებით სიცოცხლე შთაბერა ყოველივეს, უკვალოდ გააქრო უღიმღამო ნაცრისფერები. ვარსკვლავებიც როგორ აჭყეტდნენ თვალებს, თითქოს ცდილობდნენ მზეს არ ჩამოვრჩეთო. ამაო სულაც არ ყოფილა ეს მცდელობა, ცხადზე უცხადესად ჩანდა მათში მღვივარი ცოცხალი ნაპერწკალი. არც მთვარე ყოფილა გამონაკლისი ამ მხრივ, მიუხედავად თავისი სიფერმკრთალისა. ისიც ცოცხლობდა, მეტად თავისებური, სევდიან-ცრემლიანი სიცოცხლით ცოცხლობდა. ეს თავისებურებაც სიცოცხლის ერთერთი ნიშანი იყო. კარის მეზობლებს აგონებდნენ მნათობები ნოეს. სწორედაც რომ კარის მეზობლები არიანო, ამასაც უმტკიცებდა ვიღაც უხილავ მსაჯულს. კარის მეზობლებივით ჩამომისხდებიან ღია ბანზე, თვალებში შემომციცინებენ, სალაპარაკოდ მაქეზებენ, აბა, როგორ არ დაელაპარაკები... თანაც რა კარგი მოსმენა იცოდნენ მნათობებმა, უკლებლივ ყველამ. ერთიანად ყურადღებად იქცეოდნენ ხოლმე, ოღონდ კი ნოეს რამე ეთქვა მათთვის... არცერთ მის სიტყვას ძირს არ აგდებდნენ... ხანდახან წყალობა ახსენდებოდა ნოეს... გაიფიქრებდა, ნეტავი წყალობა თუ დაელაპარაკებოდა ჩემსავით მნათობებსო. ცოტაოდენი დაფიქრების მერე გადაწყვიტა, რომ წყალობაც ზუსტად მასავით მოიქცეოდა; როგორ შეიძლება, რომ წყალობას, ასეთ ჭკვიან, თვალმახვილ კაცს, ვერ დაენახა ის, რისი დანახვაც შეძლო ნოემ, თავმოუბმელად წოდებულმა; მნათობებში მღვივარი ცოცხალი ნაპერწკალი... ჰოდა, წყალობაც გაუბამდა მუსაიფს ციურ მნათობებს, ნოეს ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა. თუმცა ერთი ნაკლი თქვენცა გაქვთო, უთხრა ერთხელ ნოემ ციურ მნათობებს... (რაღა თქმა უნდა, ჯერ მზეს, მერე კი სხვებსაც...) სიტყვის შეწევნა არ იცითო. მხოლოდ მდუმარებაა თქვენი პასუხი, რაც არ უნდა ვთქვაო. მნათობებმა ხმა არ გაიღეს პასუხად... რაღა თქმა უნდა, თანხმობის ნიშნად. ნოესაც, სხვა რა გზა ჰქონდა, ურიგდებოდა ამასაც, თავისი კარის მეზობლების შეუვალ მდუმარებას. მით უმეტეს, ისიც კარგად დაინახა, რომ მნათობთა მდუმარება სულაც არ ყოფილა უბრალო რამ... რაღაც სხვა იყო. ეს იყო თავისებურად მეტყველი, ნათელმოსილი მდუმარება... და ეს მეტისმეტად ცხადად ჩანდა საიმისოდ, რომ ნოეს ვერ შეემჩნია. სხვანაირად არც შეიძლებაო, ამბობდა გულში ნოე, მნათობები ხომ შუამავლები არიან ღმერთსა და ადამიანს შორის, ამიტომ მათი მდუმარებაც ჩვეულებრივზე აღმატებული უნდა იყოს, ვერავის და ვერაფერს შეადარებო...
მდუმარების ექო
ერთ ვარსკვლავიან ღამეს ნოემ საოცარი სანახაობა იხილა... საქმე იმაშია, რომ კიდითკიდემდე განფენილი წყალი (ნოესთვის იმზომამდე საძულველი, რომ ყოველნაირად თვალს არიდებდა) თანდათან შეიცვალა ამინდის გამოკეთების კვალობაზე; შედარებით დაიწმინდა, აღარ იყო წინანდებურად ტალახისფერი. დინებაც თითქმის აღარ იგრძნობოდა, წყლის ზედაპირიც დამშვიდდა, ლამის სარკესავით გლუვი გახდა, ნიავის დაქროლვა თუ შეარხევდა ოდნავ ამ სიგლუვეს. იმ ღამით მთვარეც სადღაც გადაიკარგა, მისი რძისფერი შუქი აღარ ერთვოდა ღამეულ სიბნელეს. ნიავიც არ ქროდა, ჰაერი სრულიად წყნარი იყო, წყლის მოსარკულმა, უძრავმა ზედაპირმა მართლაც სარკესავით აირეკლა ვარსკვლავებით მოჭედილი ცარგვალი, ამდენად, მათ შორის განსხვავება სრულიად წაიშალა საითაც არ უნდა გაგეხედა, ყველგან ვარსკვლავები ციმციმებდნენ ზევით, ქვევით, მარცხნივ, მარჯვნივ... ვერ გაიგებდი, სად იყო ცა, სად იყო წყალი, კიდობანი ვარსკვლავებით ავსებულ სივრცეში გამოეკიდა. ნოე გაოგნებული დარჩა, ასეთი რამ ჯერ არასდროს ენახა. თვითონაც ხომ ვარსკვლავებით ავსებულ სივრცეში გამოეკიდა საკუთარ კიდობანთან ერთად... თავს ძალიან უცნაურად გრძნობდა. კარგა ხანს ქანდაკებასავით უძრავად იდგა ნოე ღია ბანზე, თვალებს ფართოდ აჭყეტდა, ამ საოცარი სანახაობის ხიბლი ბოლომდე რომ შეეგრძნო, მერე ქედი მდაბლად მოიდრიკა, და ახლა უკვე ვარსკვლავებს კი არა, ღმერთს დაელაპარაკა, ვარსკვლავებს მიღმა უხილავად მსუფევს. - არ ვიცი, ვინა ხარ, რა სახე გაქვს, - ასე მიმართა მოხიბლულმა ნოემ ღმერთს, - ერთი სიტყვაც კი არასდროს მსმენია შენგან, არც თვალი მომიკრავს ოდესმე შენთვის, ის კი ნამდვილად ვიცი, საქმეს მარჯვედ რომ აბამ თავს. ვერავინ დაგწამებს თავმოუბმელობას (ჩემგან განსხვავებით), ეს ყოველივე ხომ შენი შექმნილია... მზე, მთვარე, ვასკვლავები... მთვარეს ახლაც ატყვია შენი ხელის ნათითურები... გაყუჩდა ნოე ამ სიტყვების მერე. მიჩვეული იყო, როცა ვარსკვლავებს ეხმიანებოდა, მერე მათი მდუმარებისთვის უნდა მოესმინა, ეგზომ მრავლისმეტყველი რომ ეჩვენებოდა. მისი აზრით, ღმერთის მდუმარების მოსმენასაც შეძლებდა. თუმცა ამჯერად ყოველივე განსხვავებულად წარიმართა, ნოეს რაღაცნაირი ორჭოფობა დაეტყო, თავიც არაერთელ მაგრად მოიქექა. მიხვდა, ღმერთის მდუმარება. მნათობთაგან განსხვავებით, ასე ადვილი მოსასმენი არ უნდა ყოფილიყო. მნათობები სინათლის კონებს ასხივებდნენ, რაც მათ მდუმარებას შარავანდედივით გარს ევლებოდა და უჩვეულოდ მრავლისმეტყველს ხდიდა. ღვთიურ მდუმარებასაც უნდა ჰქონოდა თავისი ნათელი, ანუ, ღვთიური ნათელი, მაგრამ, მისი დანახვა მე არ შემიძლია, სამაგისო ნიჭი არ მომდევსო, აღიარა ნოემ. ერთხანს კიდევ იფიქრა, თავიც ერთხელ კიდევ მოიქექა და გადაწყვიტა, ამ საქმეში ისევ მნათობთა მარაქა დამეხმარებაო. მნათობნი ხომ ცასა და მიწას შუა სუფევდნენ, როგორც ღმერთის შუამავლები... ღმერთის მდუმარება მათ გვერდს ვერ აუვლიდა... ამდენად, ნოემდე მაინც მოაღწევდა რაღაც, თუნდაც მდუმარების ექო. ასე მსჯელობდა ნოე და მოწიწებით უსმენდა ღმერთის მდუმარების ექოს, მნათობთა მდუმარებაზე არკლილს.
მძიმე ფლოქვი
თავისი ფათერაკიც გაიხსენა ნოემ კარის მეზობლებთან საუბრისას. დაწვრილებით ამცნო სმენად ქცეულ მნათობებს, თუ როგორ გაიტაცა ღვარცოფმა და რა იღბლად გადაეყარა ამ დიდებულ, მეფის სასახლესავით ფართო და საიმედო კიდობანს, ეს მაშინ, როცა უკვე აღარაფრის იმედი აღარ ჰქონდა. - თქვენ, ვიცი, ვერაფერს დაინახავდით, ცა ერთიანად ღრუბლებით იყო დაფარული, - უამბობდა ნოე ციურ მნათობებს, - არც კი ვიცი, რამდენ ხანს ვეგდე წყალში. ჩემი ხელფეხი კანგაცლილი მცენარის ფესვებს დაემსგავსა, ყოველ წამს აღსასრულს ველოდი. უამრავი ცხედარი მოჰქონდა წალს, ბავშვებიც ერივნენ მათ შორის, ღიად დარჩენილ თვალებში გაოცება შერჩენოდათ... არ ვიცი, ასე რატომ განრისხდა ღმერთი... აქ ნოე შეყოვნდა. როგორც ყოველთვის, ახლაც მოეძალა შეცბუნების, უხერხულობის თუ მეტად გაურკვეველი დამნაშავეობის განცდა. სიტყვა ვეღარ დასძრა... სმენად ქცეულნი დუმდნენ მნათობები, ნათელი მზერით სალაპარაკოდ აქეზებდნენ ნოეს. მაგრამ ვაი რომ სიტყვა ვეღარ გააგრძელა ნოემ, ოჩანი ხარი (ანუ მისი საფიქრალი) ახლაც უიმედოდ გაიხირა შუა ხვრელში. კვლავ ცხადად შეიგრძნო ნოემ საკუთარი უმწეობა. ვერც საკუთარ თავმოუბმელობას მოუხმო შემწედ, როგორღაც დაიმორცხვა მნათობთა ბრწყინვალე მზერის წინაშე. სხვაც ვერაფერი გაარიგა, თუმცაღა არაერთხელ მაგრად მოიქექა თავი... - თქვენ, ალბათ ვერც მოტივტივე ცხედრებს დაინახავდით, ღრუბლები დიდხანს არ გაფანტულანო, - ესღა თქვა ბოლოს. მნათობებმა, როგორც წესი, დუმილი შეაგებეს პასუხად, და არასდროს მოსჩვენებია ასე მრავლისმეტყველი ნოეს მნათობთა ნათელმოსილი მდუმარება. კარის მეზობლებთან საუბრის შემდეგ, ღმერთსაც გაუმხილა თავისი საფიქრალი ნოემ, მნათობთა მიღმა უჩინრად მსუფევს. - ისედაც ყველაფერი გეცოდინება, ღრუბლები ხელს ვერ შეგიშლიდნენ მნათობებისგან განსხვავებით, - ასე დაიწყო ნოემ თავისი სიტყვა. მოჰყვა, თუ როგორ ტივტივებდნენ ცხედრები მღვრიე წყალში, როგორ ეხლებოდნენ მის ნავტიკს... მათ შორის ბავშვებიც ერვინენ... ბავშვები რად უნდა დაღუპულიყვნენო, შესჩივლა ღმერთს ნოემ. შენ ხომ ყველა მათგანის სუნთქვა იცი, ხელისგულზე გეფინა მათი გულები... აქ ნოეს სიტყვა ყელში გაეჩხირა. ახლაც მოულოდნელად გამოეცხადა ოჩანი ხარი, მაგრამ სვრელს შუა როდი გაიხირა... არა! ხარმა ნოეს შუბლზე დააბჯინა მძიმე ფლოქვი. დაუმძიმდა გუნება ნოეს. სიტყვის თქმას ვინღა დაეძებდა, სულის მოთქმაც კი გაუძნელდა... წყალწაღებულივით ისევ თავის თავმოუბმელობას ჩაეჭიდა. - ჩემი თავმოუბმელობაც გეცოდინება, - გააგრძელა სიტყვა ნოემ, - ვინ უნდა იცოდეს შენზე უკეთ, - დაუმატა ბოლოს და როგორც იქნა, მოითქვა სული. ოჩანმა ხარმაც გააგრძელა გზა სვრელის ბოლოსკენ. ასე გაექცა ნოე ოჩანი ხარის მძიმე ფლოქვს და, სიმართლე რომ ითქვას, ღმერთის მდუმარების ექოსაც. ამჯერად მეტად დაუმძიმდა მისი მოსმენა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ბავშვები რად უნდა დაღუპულიყვნენო, შესჩივლა ღმერთს ნოემ. შენ ხომ ყველა მათგანის სუნთქვა იცი, ხელისგულზე გეფინა მათი გულები...
5. ბავშვები რად უნდა დაღუპულიყვნენო, შესჩივლა ღმერთს ნოემ. შენ ხომ ყველა მათგანის სუნთქვა იცი, ხელისგულზე გეფინა მათი გულები...
5.
1. რა ლამაზი კადრები იყო ამ თავებში.
როგორი ღრმა არსება ხდება ნოე თანდათან.
რა ლამაზი კადრები იყო ამ თავებში.
როგორი ღრმა არსება ხდება ნოე თანდათან.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|