ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
5 მარტი, 2016


ნოე (სიზმარი, დიდზე დიდი კიდობანი, წყაროს წყალი)

სიზმარი

გულიანად გამოიძინა ნოემ ნამსუსრევზე, ძილში გაატარა არა მარტო მთელი ღამე, დილის უმეტესი ნაწილიც. მზე უკვე მაღლა იდგა, სიზმარი რომ ნახა.
სიზმარშიც ინახად იჯდა, ლხინობდა ციურ მნათობთა ბრწყინვალე გუნდით გარემოსილი. ტიკჭორაც ხელთ ეპყრა, თავისი ბედნიერი ნაპოვნი, რაღაც მანქანებით რომ ისევ ავსებულიყო. მოულოდნელად წყალობა გამოეცხადა, გულით გაიახარა ნოემ ძველი მეგობრის ხილვით, შენც მომენატრე და შენთან ერთად თასის აწევაცო, უთხრა. ჩამოუსხა ღვინო ტიკჭორიდან, გადაკვრა დიაღაც უყვარდა წყალობას (ნოეზე უკეთვის უნდა ცოდნოდა ეს ამბავი), ღვინით სავსე თასს ღიმილით შეაგებებდა ყოველთვის ხელს, თვალებშიაც მხიარული ჭინკები უხტოდნენ ამ დროს.
ახლა კი უცნაურად მოიქცა წყალობა... იმდენად უცნაურად, თავის თავს სრულებით აღარ ჰგავდა; ხელი გამოიწოდა, მაგრამ განა იმისთვის, ღვინით სავსე თასისთვის შეეგებებინა... არა! წყალობამ ხელი თავზე დაადო ნოეს (ამ ხელის სიმძიმე ცხადად შეიგრძნო ნოემ), თვალებში სუსხიანად ჩახედა.
- თაყვანი ეცი შენს ღმერთს, - უთხრა ასევე სუსხიანი ხმით.
ეს სიტყვებიც უცნაურად მოეჩვენა ნოეს. ღმერთის თავყანისცემა მე არავისგან არ მესწავლებაო, პასუხად თქვა. ღმერთს მთელი გულით და სულით ვეთაყვანები, დაილოცოს მისი ძალა და განგება.. მის წინაშე ბევრჯერ მომიდრეკია მუხლი, მისი სადღეგრძელოც ამიწევია... მერედა რამდენჯერ, თვლა არც კი აქვს... ცხელ გულზე რაღაც წამომცდა ერთხელ, მაგრამ ვიცი, გამიგებს და მაპატიებს... ყველაფერს აჯობებს, ეგ თასი ჩამომართვა და შენც შეაწიო სადღეგრძელო მაღალ ღმერთს. ამით ღმერთსაც აამებ და მეც ძალიან გამიხარდება...
წყალობამ ისევ აირიდა ღვინით სავსე თასი და გაიმეორა, თაყვანი ეცი შენს ღმერთსო.
- მოესწრება ეგ ამბავი, - ამბობს ნოე და სავსე თასს დაჟინებით უწვდის წყალობას. - ჯერ ეს თასი დაცალე... ჩემს თავსაც შეეშვი...
არა და არ გამოართვა თასი წყალობამ, სუსხი წამითაც არ გამქრალა მისი თვალებიდან... ყურიც არ ათხოვა ნოეს სიტყვებს, ჩემს თავს შეეშვიო... პირიქით, უფრო დამძიმდა წყალობას ხელი. იმდენად დამძიმდა, მეტად შემაწუხებელი გახდა. სცადა ნოემ, როგორმე თვითონვე გარიდებოდა ამ სიმძიმეს, არ გამოუვიდა, წყალობას ხელი კვლავ მძიმე აწვებოდა თავზე. ისევ და ისევ ცდილობდა ნოე ამ სიმძიმისგან განთავისუფლებას, და სულ ამაოდ, მეტად უსიამო, მტანჯველი განცდა დაეუფლა, მთელი სხეული უმძიმეს ტვირთად ექცა...
როგორც იქნა, გაეღვიძა.
იმას კი მიხვდა, სიზმრად მინახავს ეს სატანჯველიო, მაგრამ გრძნობდა, მტანჯველი განცდა უცვლელად რომ გამოჰყოლოდა სიზმრიდან და ეს უკვირდა ძალიან. ცხადია, წყალობაც გამქრალიყო სიზმართან ერთად, მისი ხელი აღარ ედო კეფაზე, სიმძიმე კი ისევ იდო იქ, რაღაც მეტად უსიამოვნო სიმძიმე, მთელ სხეულს რომ ადამბლავებდა.
ნეტავი რა ამბავია ჩემს თავსო, გაიფიქრა ნოემ. თვალი ფართოდ ჭყიტა, მიმოიხედა... ყველაფერი რაღაც უცნაურად გადაფერდებული მოეჩვენა, გვერდზე გადახრილიყვნენ კიდობნის მოაჯირი, მოხატული სახურავი, გალიები... აღარაფერი აღარ იყო თავის ჩვეულ ადგილას. თვით მზესაც კი მოენაცვლებინა ადგილი. აი არ სუფევდა, სადაც წესით უნდა ყოფილიყო, მისი სხივები რაღაც მეტად ირიბად ეფინა კიდობნის ღია ბანზე.
ამასთან ერთად, თავიც სულ უფრო და უფრო აუტანლად სტკიოდა ნოეს, თვალებში უკვე ბურუსი ჩაუდგა, ამ გადაფერდებულ ბანსაც ძლივსღა ხედავდა. ხომ არ მეჩვენება ეს ყველაფერიო, ისიც კი იფიქრა. ნამთვრალეობა უცხო ხილი სულაც არ ყოფილა მისთვის, მაგრამ ასეთ დღეში არასოდეს ჩავარდნილა.
ძლივსძლივობით აამოძრავა დაბუჟებული ხელი, სცადა, თავთან მიეტანა, მოესინჯა, რა სიმძიმე ტანჯავდა ასე უსაშველოდ. ხელი კიდობნის მოაჯირს შეეხო... იეჭვა ნოემ, არაფერიც არ მეჩვენება, რაღაც ნამდვილად მოხდაო... წამოხტომა სცადა, მაინცდამაინც არ გამოუვიდა, გვერდულად გადავარდა, ყირა უფრო ეთქმოდა მის წამოხტომას.
როგორც იქნა, მოიმაგრა ფეხი, მიიხედმოიხედა ნამთვრალევი, ბურუსჩამდგარი თვალებით, ხედავს, ღია ბანი ნამდვილად აყირავებულა, ყველაფერი, რაც დამაგრებული არ იყო: ხალიჩები, ჭურჭელი, საჭმელის ნამუსრევი თუ ათასი ხარახურა, მოაჯირთანაა მიყრილი. მოაჯირს მიღმა კი (ნოემ გადაიხედა და თვალს ძლივს დაუჯერა) აღარ ლილიცებს საძუველი წყალი...
ნოემ წამით თვალი დახუჭა, ნამთვრალევზე ხომ არ მეჩვენებაო... ერთხელ შეემთხვა რაღაც ამდაგვარი, მაჭრის წრუპვამ შორს გაიტყუა მაჭრობისთვეში... ანდა, ისევ სიზმარში ხომ არ ვარო, ისიც კი იეჭვა. გაახილა თვალი, ნამდვილად აღარსადაა წყალი, გამქრალა ღამის სიზმარივით.
ნამთვრალეობა მაშინვე გამოუნელდა ნოეს... მთლიანად თუ არა, უმეტესწილად მაინც... მგონი გვეშველაო, ჩაილაპარაკა, კიდობნის ყველა ბინადარს გულისხმობდა საკუთარ თავთან ერთად... გაოცება ეტყობოდა სახეზე, ჯერ ისევ უჭირდა დაეჯერებინა, რასაც თვალი ხედავდა. ხსნა და გადარჩენა ცოტა სხვანაირად წარმოედგინა. მისი აზრით, ან კიდობანი უნდა მიდგომოდა სადმე ნაპირს, ანდა საკუთარი თვალით ეხილა წყლის დამცრობა და უკუქცევა. აბა, მაშინ რა იცოდა (თუმცა მალე მიხვდა), რომ ღვინიანმა ციკჭორამ მოუწყო ეს ოინი, თვალიდან მოაფარა მართლაცდა მეტად საამური და დიდებული სანახაობა, როგორ თვალდათვალ მაღლდებოდნენ და შლიდნენ მხრებს ცისკიდურზე ალანდული მთათა მწვერვალები...
სიხარულით ამსუბუქებული ნაბიჯით, ლამის ცეკვას რომ ჰგავდა, მთელ ღია ბანს ჩამოუარა ნოემ. მოათვალიერა შემოგარენი, რა ხდება და როგორაო. ხედავს: კიდობანი მიწაზე დგას, სანატრელ, მყარ მიწაზე... ოღონდ ცოტა არ იყოს, აყირავებულად, ეს იმიტომ რომ მთის დამრეც ფერდობზე შეჩერებულა. ჩანს, მთელი ღამე გადაყირავებულ კიდობაზე მეძინაო, ნოემ მოისაზრა, ძილში მოაჯირს თავით დავჯახებივარ, წყალობას მძიმე ხელიც იმიტომ ვნახე სიზმარშიო.
- საგანგებოდ სწორ ადგილს, აბა, ვინ შეურჩევდა კიდობანს, - თქვა ნოემ ხმამაღლა, მთელი ქვეყნის და მზის გასაგონად, ღიმილით რომ გადმოჰყურებდა მის გაწამაწიას. - მე არ შემწევდა სამაგისო ძალა... კიდობანი იქ უნდა შეჩერებულიყო, სადაც წყალი მიაგდებდა. კიდევ კარგი, ყოველივე მშვიდობიანად დასრულდა.
ნოემ შორეულ ცისკიდურს გაუსწორა თვალი... რა კარგია, აღარსადაა საძულველი წყალი. ცისკიდურს მთაგრეხილი მიუყვება, მეორე მხარეს მთები თანდათან დაბლდებიან, მთებს დაბლობი ენაცვლება.
...და ყოველივე სველია, სველი... მზის სხივებზე თვალისმომჭრელად ბრჭვიალებს ეს სისველე. აქა-იქ პატარპატარა ტბორებიც მოჩანან სარკესავით მოელვარე ზედაპირებით.
შეჰყურებდა ნოე მონატრებულ მიწიერ სანახებს. მის თვალწინ იბადებოდა ქვეყანა, იბადებოდა ერთიანად სველი, შიშველი და ნაოჭებით დაღარული, მაგრამ ყოველმხრივ სრული და მშვენიერი. არაფერი სჯობდა მისს ჭვრეტას...
ნოე ნეტარებით მიეფიცხა მზის სხივებს, მრავლისამღმქმელი ღიმილით რომ გადმოჰყურებდა ახალშობილ ქვეყანას: სველი ხარ და ერთიანად შიშველი? ეს ნუ განაღვლებს. შეგიშრობ მაგ სისველეს, ოქროვანი სხივების სამოსით შეგმოსავ, შენს ძარღვებში წითელ ღვინოსავით ცხელ სისხლს ავაჩქეფებ... ასე ჰპირდებოდა მზე ახალშობილ ქვეყანას, და ეს ნოესაც ეხებოდა, რაღა თქმა უნდა.
ჰო, მართლა ღვინო!..
ახალშობილ ქვეყანას ნამდვილად მოუხდებოდა ერთი კარგი სადღეგრძელო... ნოემ ტიკჭორა მოიძია. ისიც გაახსენდა, რომ პური ჯერაც არ გაეტეხა, მზე კი ლამის საშუადღეოზე იყო წამოსული.
თვალი მოავლო აყირავებულ ბანს, სადაც ეგულებოდა, ტიკჭორა იქ აღარ ჩანდა, ისიც მოაჯირთან ჩაცურებულიყო, სხვა რამერუმეებთან ერთად. ნოე სასწრაფოდ მიიჭრა ტიკჭორასთან, რამდენადაც ამის საშუალებას აყირავებული ბანი აძლევდა. აიღო (სამწუხაროდ, მეტად მსუბუქად აჰყვა ხელს), შეანჯღრია. ჭყაპუნის ხმა არ გაუგია, საეჭვო სიჩუმე იდგა ტიკჭორის წიაღში. ნოემ თავი სევდიანად გადააქნია, გადმოაპირქვავა ტიკჭორა, თავი მიუმარჯვა, რამდენიმე წვეთი ღვინო გადმოდინდა, თასის ფსკერი წითლად შეიფერა, ეს იყო სულ...
მწარედ ამოიოხრა ნოემ, ამ რამდენიმე წვეთი ღვინით ვეღარ ადღეგრძელებდა ახალშობილ ქვეყანას. ეეჰ, მართლაც მეტისმეტი მომსვლიაო, უსაყვედურა საკუთარ თავს, რა იქნებოდა, ერთი თასი ამ დილისთვის დამეტოვებინაო?
- შენი ბრალიცაა, მეტისმეტად მომანატრე თავი, - უთხრა ღვინოს ნოემ, უფრო სწორად, წითლად შეფერილ თასის ფსერს, პირი ოდნავ გაისველა რამდენიმე წვეთით, ერთხელ კიდევ მწარედ ამოიოხრა ამ დროს და ზურგი აქცია ცარიელ ტიკჭორას. ბევრი საზრუნავი გაუჩნდა. გადაყირავებულ კიდობანს მიხედვა სჭირდებოდა. 
სიარულიც ჭირდა გადაყირავებულ ბანზე, ნოე ფრთხილად მოზომილად ადგამდა ნაბიჯებს, ფეხი რომ არ მოცურებოდა.
უწინარეს ყოვლისა, ვაზის ნერგი მოინახულა... ამით დაიწყო ნოემ იმდღევანდელი საქმიანობა, როცა კიდობანი ბოლოს და ბოლოს, მიწაზე დადგა, ნერგს ნამდვილად არაფერი უჭირდა, პირველი, რასაც გავაკეთებ მიწაზე გადასვლით, ის იქნება, რომ ვაზის ნერგს მიწაზე გადავრგავო, კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი აღთქმა. თუმცა მაინცდამაინც მხიარული იერი არ ჰქონია ამ დროს...
რამდენი წელი უნდა ელოდოს, სანამ ნერგი გაიზრდება, ყურძენს დაისხმამს, იქიდან ღვინო დაიწურება... ეეჰ, მეტი რა ჩარაა, ვერაფერს გააწყობ...
თუმცაღა, არც ისაა გამორიცხული, სადმე წააწყდეს ვაზის კორომს... ჯერ ხომ არ ვიცი, სადა ვარ, რა ადგილას... იქნებ ამ მხარეშიც ხარობს ვაზი... რა იცი რა ხდება, ღმერთის მოწყალებას ხომ საზღვარი არ აქვს. სწორედ იქ დაგაჯილდოვებს, სადაც ყველაზე ნაკლებად ელი...
ახლა კი ნამდვილად გადარჩა ჩიტის ბუდეო, გაუზიარა თავისი აზრი ნოემ კარის მეზობლებსაც გადარჩა ერთადერთი დაჭორფლილი კვერცხი, ბუდე მშვიდობიანად დაეშვა მიწაზე, მართალია, ოდნავ გადახრილად, ამით არაფერი დაშავებულაო. კარის მეზობლებმაც მდუმარედ დაუდასტურეს, ოდნავადაც არ ეუხერხულებოდათ გადახრილი ბანი, როგორც უწინ, ახლაც არ აცილებდნენ ნოეს ბრწყინვალე, გამგებ თვალთამზერას.
საფიქრალი მოემატა ნოეს, კიდობნის გადაფერდებამ ბევრი ახალი საზრუნავი გაუჩინა. საწოლის ხელახლა გამართვა მოუხდა თავისთვის, მოაჯირზე თავმიჭყლეტილს რომ აღარ სძინებოდა. ამ საქმეს ადვილად გაართვა თავი, კიდობნის წიაღი ხომ ამოურწყავი საბადო იყო, თუკი რაიმე დასჭირდებოდა.
მერე გადაფერდებულ გალიებსაც მიაკითხა, კარგა ხანს უტრიალა, სცადა მათი გასწორება, ანდა გადაფერდების შემცირება მაინც.
ეს ბევრად უფრო ძნელი საქმე გამოდგა. გალიების ბინადრები არ აცდიდნენ, მოუსვენრად წრიალებდნენ, ნოეზე ნაკლებად როდი მონატრებოდათ ფართო სივრცე და მშრალი მიწა ფეხქვეშ. ნოემაც ხელი ჩაიქნია.
- ცოტა ხანს კიდევ გაუძელით, მალე გეშველებათ, მზე მალე გააშრობს მიწას - ანუგეშა მან აწრიალებული ცხოველები.
რაც შეეხება საფრინველეს, აქ არაფრის გასწორება არ იყო საჭირო. ფრინველები დარბაისლურად ჩამომწკრივებულიყვნენ ხარიხებზე, რა ესაქმებოდათ გადაფერდებულ ბანთან. ყველაზე სასეიროდ მამალ გამოიყურებოდა, ამაყად თავაწეული გვერდულად დააბიჯებდა აყირავებულ ბანზე, თავმომწონედ იყურებოდა აქეთ-იქით. ნოემ სიცილი ვერ შეიკავა. მისი დანახვისას მამალმა, თითქოსდა სიცილის პასუხად, ცალი თვალით შეათვალიერა ნოე, მოაჯირზე შეფრინდა, ფრთხილად ააფათქუნა და ომახიანი ყიყლიყო დასძახა.
- დაბლა არ გადაფრინდე, - შესძახა ნოემ, სწრაფად მიიჭრა მოაჯირთან, ფრინველს ხელი დასტაცა და ღონიერად ჩაბღუჯა. ხელში ათრთოლებული ფრინველით, კვლავ ცისკიდურს შეაჩერდა ნოე; აღარ ეზარებოდა მოაჯირს მიღმა გადახედვა, აღარსად ჩანდა საძულველი წყალი. ჰაერში ორთქლის ბუღი ტრიალებდა. მზის სხივები მართლაც რომ სანაქებოდ ირჯებოდნენ. აორთქლებული ტენი ბღუჯაბღუჯა ადიოდა მაღლა, რათა მერე ცის უსასრულო სილურჯეში გამქვრეულიყო. ახალშობილი ქვეყანა თანდათან იშორებდა წარღვნის ნაკვალევს. ამ სანახაობამ ნოეს საკუთარი მდგომარეობა გაახსენა, როცა ერთიანად სველი აფოფხდა კიდობანზე და სანატრელ სიმშრალეს ეზიარა. სამოთხეში ეგონა ნოეს თავი მაშინ, რასაც ახლა შევყურებ, ჩემს მაშინდელ მდგომარეობას ძალიან ჰგავსო, თქვა ნოემ. სულ ერთიანად სველი ქვეყანა ზუსტად ჩემსავით მიილტვისო სიმშრალისკენ. მოაწევს ეს დროც, გავივლით მშრალ მიწაზე, მანამდე აჯობებს, დავიცადოთ. შენც აქ იყავი, თორემ ვერ გენდობი. მოაჯირიდან დაბლა რომ გადაფრინდე, ლამპალში ჩაიხრჩობი...
ეს ბოლო სიტყვები მამალს ეკუთვნოდა, მთელი ამ ხნის მანძილზე ჩაბღუჯული რომ ჰყავდა. გალიაში შეაგდო იგი ნოემ, კარი მიუკეტა. უნდა დაეცადათ, სანამ მიწა შეშრებოდა. წარღვნის შედეგად მიწა ფაფასავით იყო აზელილი და დარბილებული, ეს კიდობანიდანაც კარგად ჩანდა.
მომდევნო დილაც სრულიად უღრუბლო გათენდა. ცას ლურჯად გაჰქონდა კამკამი, გულიანად იცინოდა ცის თაღზე მსუფევი მზე, დაუნანებლად აფრქვევდა მცხუნვარე სხივებს, რომლებსაც ერთად ეფიცხებოდნენ ნოე და სულ ერთიანად სველი ქვეყანა.

დიდზე დიდი კიდობანი

თანდათან იცვალა იერსახე ახალშობილმა ქვეყანამ, აღარ ლაპლაპებდა მზის სხივებზე. თითქმის ისეთივე ელფერი ჰქონდა, რომელსაც ნოემ დაბადებიდანვე შეაჩვია თვალი. სარკესავით კრიალა ტბორებიც უკვალოდ გამქრალიყვნენ.
იჩქარა ნოემ კიდობნიდან გადმოსვლა, თოკის კიბეზე დაეშვა. ვაზის ნერგიც ხელთ ეპყრა, თავისი დანაპირების ერთგულს; თუ ოდესმე მიწაზე ფეხის დადგმა მეღირსა, უწინარეს ყოვლისა, ვაზის ნერგს დავრგავო.
და აჰა, აღსრულდა! დაადგა ფეხი სანატრელ მიწაზე ნოემ. სიხარულისაგან გული საგულეში აღარ ეტეოდა; როგორც იქნა, ეღირსა, გადააბიჯა კიდობნის მიღმა, სადაც ამდენ ხანს მოამწყვდია იმ უცნაურმა, გადაუღებელმა წვიმამ და წარღვნამ.
ძალიან დაღარული და უსწორმასწორო იყო ახლად შემშრალი მიწა, ნოე წარამარა ბორძიკობდა, მაინც უდიდესი სიამოვნება მოჰგვარა ამ პატარა გასეირნებამ. ფეხს მაგრად სცემდა მიწაზე, რა არის ცხადად შეეგრძნო მისი სიმკვრივე. აქ ხომ სულ ახლახანს წყალი იდგაო, იმეორებდა გუნებაში. თვალწინ წარმოუდგა, თუ როგორ გადააბიჯა კიდობანზე წყლიდან ამოფოფხებულმა, სანატრელ სიმშრალეს ეზიარა... ეხლაც იგივე განცდა დაეუფლა. თავს ისე გრძნობდა, თითქოს კიდობნის ბანზე გადააბიჯა, იმავე თოკის კიბიდან, ოღონდ ეს კიდობანი შეუდარებლად აღმატებული იყო, ვიდრე ის, განგებამ რომ შეახვედრა ცოცხალმკვდარს და იმედგადაწყვეტილს.       
ასიოდე ნაბიჯი გაიარა ნოემ მშრალ მიწაზე, ამის მერე შედგა, მობრუნდა, თავის კიდობანს შეავლო თვალი. რა მაღალი ყოფილაო, თქვა. კიდობანი ხომ წყალში ღრმად იჯდა წარღვნის დროს, მიწამ გაამჟღავნა მისი სიმაღლე. ფერიც ერთიანად ჩამუქებოდა. სახურავიც, ცოტა არ იყოს დაძენძოდა. მაინც დიდებული სანახავი იყო, მეფის სასახლესავით ფართოდ გაშლილი და მკვიდრი. ვერაფერს აკლებდა ის გარემოება, დამრეც ფერდობს რომ შერჩა გვერდზე გადახრილად. ნამდვილად არა უშავს რა, ვერავინ დაიწუნებს, თქვა ნოემ გულში საკუთარი კიდობნის ჭვრეტისას, მაგრამ სულ სხვაა დიდზე დიდი კიდობანი, ღვთის ხელით შექმნილი... მას ვერაფერი შეედრება... დიდზე დიდი კიდობანი ის დაღარული მიწა იყო, რომელზედაც იმ წუთას დააბიჯებდა ნოე. აღარასოდეს მიუტოვებია იგი ამ განცდას, რომ თითქოს რომელიღაცა იდუმალ კიდობანზე დააბიჯებდა.
ერთხანს კიდევ იარა სანატრელ სიმშრალეში, კმაყოფილი სახით იყურებოდა აქეთ-იქით... ალაგ-ალაგ რბილდებოდა მიწა ფეხქვეშ... ეგ არაფერი, მალე ეგეც გამკვრივდებაო, ამბობდა. მარჯვე ადგილი შეარჩია სამზეო მხარეს (ვაზს რომ მზე უყვარს, კარგად იცოდა), ჩარგო ვაზის ნერგი. როცა იქნება, შენგან დაწურულ ღვინოს დავლევო, ხმამაღლა გაიმეორა თავისი დაქადნება.
მერე ისევ კიდობნისკენ აიღო გეზი. ბევრი საშური საქმე ელოდა...
დღესვე უნდა დაიწყოს ოთხფეხის გადმობარგება, პირდაპირ საცოდაობაა გალიებში მათი ყოფნა, მით უმეტეს ახლა, როცა კიდობანი აყირავდა. ყველა მათგანს თავისებური ზრუნვა და მიხედვა სჭირდება, ნოე კი მარტოა, მარტოდმარტოს უნდა ეკისრა ეს ჭაპანი, ასეთი იყო ღვთის ნება.
უწინარეს ყოვლისა, საჩიხის გამართვა სცადა, პირუტყვი შორს არ გაილალოსო. ბევრი იჯახირა, ბოლოს რაღაცას მოაბა თავი, მადლობა ღმერთს, კიდობანზე ყველაფერი იშოვებოდა, რაც ამ საქმეს სჭირდებოდა. ამის შემდეგ ფერდობი მიიარ-მოიარა, რაც კი ხელთ მოჰყვა, რაღაც ნამტვრევები, ჯოხები, ხის ტოტები, ყველაფერი კიდობანკან მიათრია, ბორცვი აღმართა კიდობანთან ფერდობის ციცაბო მხარეს. დახსნა გალიები, ერთი მეორის მიყოლებით გადმოსხა მიწაზე მათი ბინადრები.
გაიარ-გამოიარეთო, ეუბნებოდა მათ, მუხლი გამართეთო. ცოტაც და, ამ დაღარულ მიწაზე ბალახი აბიბინდება, აგერ მზე დამემოწმებაო. ამ სიტყვებთან ერთად მაღლა, მზისკენ აიხედა ნოემ. მზემ, რაღა თქმა უნდა, გაუღიმა იმის ნიშნად, ამაოდ არ ხარჯავ სიტყვებსო, მალე ყოველივე ამწვანდებაო.
მართლაც დაიწყო სიმწვანემ ამოსვლა; მზე არ იშურებდა თავის მხურვალე სხივებს, მიწა ბარაქიანად იყო ნამთი გაჟღენთილი, მეტი რაღა იყო საჭირო? ნოე გაოცებული იყო... არადა, თითქოს უნდა გადაჩვეოდა გაოცებას, იმდენი სასწაული იხილა მისმა თვალმა... დღეს რომ სადმე გაივლიდა, ორიოდე დღის მერე იქაურობას ვეღარც კი ცნობდა, მწვანით ისე გაბარდულს იხილავდა.
- მიწიდან თქვენ კი არ ამოდიხართ, ამორბიხართ, - ეუბნებოდა ნოე მწვანედ აღაღანებულ ბალახბულახს.
ტანმაღალი ხეებიც არანაკლებ აოცებდნენ, ისე სწრაფად და მდიდრულად იმოსებოდნენ უხვი სიმწვანით. ტოტებსაც უჩვეულო სილაღით იწვდიდნენ ლურჯად მოკამკამე ცისკენ.
- როგორც ვატყობ, ცისკენ გასაფრენად ემზადებით, - მათ ასე ეუბნებოდა ნოე. არადა, რა საცოდავი სანახავნი იყვნენ სულ ახლახანს; სულ მთლად ჩაშავებულები და გაძარცულები.
ვაზის ნერგმაც იხარა, ახლადშემშრალ მიწაზე დარგულმა, მშვენივრად შეეგუა ახალმოსახლეობას. მისი ყოველი დანახვა გულს უხარებდა ნოეს, იმედს უათკეცებდა, რომ ოდესმე ამ ვაზის ნაყოფისგან დაწურული ღვინით აავსებდა თავის მრავალჭირნახულ დოქს.

წყაროს წყალი

მიჰყვებოდნენ ერთმანეთს მზით და იმედებით გასხივოსნებული დღეები. არც მათი დათვლა გახსენებია ნოეს. სამაგიეროდ ციური მნათობები ითვლიდნენ, ზუსტად მათთვის მიჩნეულ, განსაზღვრულ წამს აღმოხდებოდნენ ცისკიდურზე. ყურადღებით გადმოჰყურებდნენ ნოეს ფაციფუცს, მზარში ედგნენ, ამხნევებდნენ. დუმილით ახლაც მდუმარებდნენ, აზრადაც არ მოსვლიათ მდუმარების აღთქმის დარღვევა წარღვნის გასრულების შემდეგაც, მაგრამ მათი ნაპერწკლიანი გამოხედვა ცხადად ადასტურებდა, თუ როგორ აინტერესებდათ ნოეს საქმიანობა. ღვთის ხელით შექმნილ, დიდზე დიდ კიდობანზეც კარის მეზობლებად დარჩნენ ისინი ნოესთვის.
და რაღა თქმა უნდა, ღმერთის მდუმარების ექოც აღწევდა ნოემდე მნათობთა მდუმარებაზე არეკლილი. ესმოდა ნოეს და გრძნობდა მის ყოვლისმომცველ ძალას, კიდით კიდემდე განფენილს იცოდა არ მიატოვებდა ეს ძალა შუა გზაზე...
ის დღეც დადგა, წყლის ძებნა მოუწია ნოეს. მიწიერმა სანახებმა საბოლოოდ მიიღეს თავიანთი ბუნებრივი და ჩვეული იერსახე; წყალი ცალკე, ხმელი ცალკე. დაუყვა დაღმართს ნოე წყაროს მოსაძებნად გულში ეცინებოდა, ამას რას მოვესწარიო. თქმაც კი ძნელია, რარიგ მოაბეზრა წყალმა თავი. იყო დრო, მისი თვალით დანახვაც არ უნდოდა. ახლა კი, თუ არ მოძებნის, ცუდად წაუვა საქმე.
მიაგნო კიდეც, ხეობაში მოჩქაფუნებდა მშვენიერი ანკარა წყარო. რა სიამოვნებით შეუშვირა პეშვი ნოემ ჩქაფუნა წყაროს, დალია გემრიელი წყაროს წყალი, თავპირზეც შეისხა, როგორ არ ჰგავდა წვიმის წყალს, რითაც ამდენი ხანი არწყულებდა კიდობნის მთელ ბინადრებს და თავის თავსაც. დაღლილიც იყო, წყაროს ძებნაში საკმაოდ შორს მოიტოვა ის ფერდობი, სადაც მისი კიდობანი შემორჩა. ნოე ჩამოჯდა წყაროს პირას, მუხლის ქარი ამოიღო. თავს ბედნიერად გრძნობდა. ძალიან გაახარა წყაროს მიგნებამ. არას დაგიდევდათ, ასე შორიდან რომ უნდა ეზიდა წყალი, პირუტყვიც არ უნდა ჩამოეყვანა დასარწყულებლად. მთავარია, მისთვის მიჩენილ კალაპოტში იდინოს წყალმა, ყოველთვის თავისი ადგილი ჰქონდესო.
ჭეშმარიტად, ყველაფერმა იპოვა თავისი ადგილი წარღვნის შემდგომ, თანაც რა ლამაზად, რა პეწიანად... წყაროს ნაპირებზე მწვანე კორომები ამოხეთქილიყვნენ. ეს ჭიოტა ყვავილებიც, პირდაპირ გასაოცარია, საიდან გაჩნდენ ასე უცბად, სიცოცხლით სავსე მზერა შეაგებეს ნოეს, ფეხქვეშ ზღაპრული ხალიჩა გაუშალეს. ნოე გაოცებული დარჩა, ყვავილებშიც შეამჩნია ის მღვივარი, ცოცხალი ნაპერწკალი, რომელსაც მნათობებში უჭვრებდა. ცალკე მათი ფერადოვნებით მოიხიბლა. მოეჩვენა, თითქოს რომელიღაცა, დიდზე დიდი კიდობნის წიაღში ჩაეშვა და იქ უძვირფასესი საგანძური აღმოაჩინა.. ზუსტად ისე, როგორც წარღვნის დროს იპოვა თვალმარგალიტით სავსე ზარდახშა კიდობნის წიაღში ხეტიალისას. მაშინ ღვინოს ეძებდა, აქ წყლის ძებნისას შეეჩეხა ამ საოცრებას, ყვავილების ფერადოვან კორომს, რომელიც ნოეს აზრით, არაფით ჩამოუვარდებოდა კიდობნის საგანძურს. სწორედაც რომ პატიოსანი თვალივით უელავდათ უხვად ნამნაპკურები ნაირფერი ფურცლები... თანაც რა სურნელს აფრქვევდნენ... მათი სურნელება ღმერთის სუნთქვასთან იყო წილნაყარი, ესეც ცხადად შეიცნო ნოემ. ცის ლურჯი ღიობი თვალით მოძებნა. ხეობის ნაპირებს შორის გამომჭვირვალი, მის მიღმა მსუფევ ღმერთს გაუზიარა თავისი აღტაცება:
,,შენ შექმენი, შენ გამოძერწე ეს საოცრება, დიდზე დიდი კიდობანი. შენ აავსე იგი ყოველგვარი სიკეთით, ზღაპრული სილამაზით მოქარგე მისი ყოველი გოჯი. ეთი მეორის მჯობი ფერებით მოკაზმე ცა და მიწა. მხოლოდ შენ შეგეძლო ასეთი სასწაულის შექმნა. ოდესღაც მეც ვჯახირობდი რაღაცას (ნოეს სახელოსნოში მუშაობის დღეები გაახსენდა), ვცდილობდი რაიმე ხატების შექმნას ქვისგან. ბევრი არაფერი გამომვიდა, ერთი ისღა შემეძლო, სხვათა ნამუშაკარს მოვფერებოდი. ვერც ახლა ვახერხებ რაიმეს ისეთს, საქთმელად რომ ღირდეს. შენი ხელიდან გამოსულ სასწაულს უნდა ვეფერო და ვემსახურო. ესაა სულ, რაც შემიძლია...~

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები