ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2016


ნოსტალგიური ინსომნია

ამ სიბნელეში
თვითმფრინავიდან
მდინარეც არ ჩანს,
ჩემსავით ისიც
გაექცა ქალაქს,
ემიგრანტული
უძილობის ეშაფოტისკენ.
ჩუმად გადახტა თავდაღმართში,
როგორც თვითმკვლელი.
მეც, ისევ ბნელი ფიქრები მძალავს
დარდებსაც ვმალავ,-
არც იმას ვამხელ,
როგორ მჯერა,
რომ  შენ მიშველი.
ვერ ვუძლებ ტკივილს, გამისკდა თავი,
ეს გატეხილი ძილიც რა არის,
დარეკონ მინდა ცისკრის ზარებმა
ჩამიტყდა ჩემი სიცოცხლის ხიდიც.
ადრე ვიცოდი, გზაა მთავარი.
ახლა შინისკენ მომეჩქარება.
დრო კი არ ჩქარობს,
სულ დუნედ მიდის.
ჩემო ქალაქო, შენ გადამარჩენ,
შინდაბრუნებულს
შემხვდები მშვიდი.
სახლის კარს
ისევ ფართოდ გამიღებ.
შენ შემიფარებ და დამიჯერებ,
რომ მტანჯავს სხვაგან
უშენობის ცუდი ამინდი.
დიდი სიკეთით კვლავ გამაოცებ,
თბილი ნიავით შუბლზეც მაკოცებ...
დამეძინება ძველებურად,
ოცნებით სავსეს,
აღარ შევრჩები ღამეებს ასე -
მდინარესავით ცივი, შიშველი.
მომეცი ხელი, დამენახე,
ჩემო ქალაქო, დამიძახე,
მიშველი მართლა,
მართლა მიშველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები