ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
13 მარტი, 2016


პალმირა (ქალაქი მარგალიტი, წინდახედულების საზღაური)

ქალაქი-მარგალიტი

ათი წლისა შესრულდა უფლისწული ლაშა, დედოფალ ზენობიას ერთადერთი ძე. ძნელი იყო უკეთესი მიზეზის გამოძებნა საზეიმოდ... ზეიმობდა პალმირა, ქალაქი-მარგალიტი, როგორც მას უწოდებდა მტერი თუ მოყვარე, სიხარულმა დაისადგურა მის ქუჩებსა თუ ქუჩაბანდებში.
სიხარულმა ელვარება შემატა დედოფალ ზენობიას თვალებს, ისედაც გამორჩეულს თავისი შუქიანობით. ამ დღისთვის საგანგებოდ შეთხზული ოქროს გვირგვინით დაუმშვენა თავი უფლისწულს, დედობრივი გულმხურვალებით დალოცა და კეთილდღეობა უსურვა. მადლი მოახსენა სიხარულისგან ლოყებშეფაკლულმა ყმაწვილმა, თავი მდაბლად დახარა მშობელი დედისა და დედოფლის წინაშე... თან უნებურად ორივე ხელი შეაგება გვირგვინს, რათა თავიდან არ დაცურებოდა იგი, ხშირი კულულები წამოეშალა. ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა დედოფალს, ყმაწვილი ჯერაც ვერ შესჩვეოდა თავის დიდებულ სამკაულს. თვითონ ზენობიას ღამესავით შავი თმის ტევრი ეფინა მხრებზე. ჭიოტა მარგალიტებით შეკრულე-მოკაზმული, სადედოფლო გვირგვინს წყლის ჭავლივით რომ ერწყმოდნენ.
დედოფალმა ზენობიამ ოქროს საკარცხული დაუდგა უფლილსწულს სამეფო ტახტის გვერდით. მორჭმით იჯდა დედაშვილი, მეფური დიდებულებით ნათელდაფენილი. ერთი-მეორის მიყოლებით მოდიოდნენ საზეიმოდ შემოსილი დიდებულები, დაბადების დღეს ულოცავდნენ უფლისწულს, მის მრავალგზის სვებედნიერად აღნიშვნას უსურვებდნენ. არც ის ავიწყდებოდათ, აღტაცება გამოეთქვათ ყმაწვილი უფლისწულის მეტად სანდომიანი შესახედაობის გამო. როდესაც მაღალ მდგომარეობას ზურგს ღირსება უმაგრებს, ენამზეობას დიდი გასაქანი აქვს; სახოტბო სიტყვების ნამდვილი ნიაღვარი დადგა; ,,...ჯერ არ მინახავს, გვირგვინს ყმაწვილი ასე დაემშვენებინოს...~ ,,...მართლაც გამორჩეულად უხდებიან ერთმანეთს...~ ,,...ეს იმიტომ რომ თვითონ უფლისწულია გამორჩეული...~ ,,...მშვენიერმა მშვენიერი აღამაღლა...~
ჭკვიანად, წესიერად იჯდა უფლისწული ოქროს საკარცხულზე, უსმენდა ქებადიდების ნიაღვრებს და აღტაცების ტკბილ ბურუსში ეხვეოდა. ეს დაბადების დღე მართლაც განსაკუთრებით საამური იყო მისთვის, აკი ოქროს გვირგვინი მიიღო საჩუქრად... სხვა დროსაც მიუღია საჩურები, მათ შორის ზოგიერთი მეტად ღირებულიც, მაგრამ ისინი სახსენებელნიც არ იყვნენ იმასთან, რაც მშობელმა დედამ გაუმზადა. ისიც კარგად იცოდა ათი წლის ყმაწვილმა, მეტად სანდომიანი შესახედაობის რომ იყო; ატამივით ღვივოდა მისი პირისკანი, ჯერ ისევ ბავშვურად ნაზი და ხავერდოვანი. ხშირი კულულები ჩამოშლოდა ჯიშიანი კვიცივით აღერიდ კისერზე. ტანითაც კეთილაღნაგი გახლდათ, მალე დამეწევა სიმაღლეშიო, ამბობდა ზენობია, ტანკენარობით განთქმული. შუქიანი დიდი თვალებიც დედისგან გამოყოლოდა.
გვირგვინიც დიდებული რამ იყო, ამაოდ არ თქმულა ფერადოვანი სიტყვა: ,,მშვენიერმა მშვენიერი აღამაღლა...~ ბაჯაღლო ოქროს რკალი სათუთად დაენდო უფლისწულის ხშირ კულულებს, ოდნავადაც არ დაუმძიმებია ისინი. აქა-იქ გაფანტული ძვირფასი თვლები კი, ნუღარ იტყვით, როგორ აკვესებდნენ თვალებს. როგორც იქნა, ჩვენს სანატრელ ადგილას მოვხვდითო, ლამის ხმამაღლა ეთქვათ, ცოტაღა აკლდა, გვირგვინის შუაგულში, უფლისწულის შუბლს ზემოთ, კოხტად ნაძერწი ოქროს ქონგური შემაღლებულიყო, რომელზედაც იშვიათი სიდიდის ალმასი ბრწყინავდა ო, რა დიდი სჯა-ბაასი გამოიწვია იმ ალმასმა... ვიღაცას აზრად მოუვიდა, ერთმანეთისთვის შეედარებინათ ალმასის და უფლისწულის თვალთა ბრწყინვალება. ამას ყველა ფიცხლად გამოეხმაურა. რამდენიც არ იმსჯელეს დიდებულებმა, მაინც ვერაფრით დაადგინეს, უფლისწულის თვალები უფრო ბრწყინავდნენ, თუ ხსენებული ალმასი. ასე რომ, ეს საკითხი გადაუჭრელი დარჩა...
თმაჭაღარა ელომ, დედოფალ ზენობიას გამზრდელმა (ზენობია დედაზე უტკბესს რომ უწოდებდა), საკუთარი ხელით მოქსოვილი ხელსახოცი აჩუქა უფლისწულს, ასაფრენად გამზადებული, ოდნავ ფრთებგაშლილი არწივის მართვე იყო მასზე გამოსახული ისე ცოცხლად და ლამაზად, ვერც კი იფიქრებდი, თუ ეს ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ ძაფით იყო შექმნილი. არწივის მართვე მიართვა საჩუქრად უფლისწულს ზეზვამაც, ნათესავთაგან უახლოესმა, ოღონდ ზეზვას საჩუქარი მთლიანად ძვირფასი ქვებისგან იყო შექმნილი...
...და აი საოცრება; ერთმანეთის მსგავსი აღმოჩნდა ეს ორი საჩუქარი; ელოს მიერ საკუთარი ხელით ამოქარგული და ზეზვას მოძღვნილი არწივის მართვეები. ორივეს ერთნაირად ოდნავ გაეშალა ფრთები, თითქოს საცაა მიწას უნდა მოწყდესო. იფიქრებდი, ორივე ერთი ხელისგანაა გამოსული, ოღონდ მასალაა სხვადასხვაო. ზენობია გააკვირვა ამან. მართლა რა არ ხდება ქვეყანაზეო, ფიქრობდა გაოცებული, როცა ამ ორ მშვენიერ საჩუქარს შესცქეროდა. ნამდვილად იცოდა, რომ ერთმანეთისთვის თვალიც არ მოუკრავთ ელოს და ამ ძვირფასი ქვებისგან შეთხული მართვეს შემქმნელ ოსტატს.
სხვა საჩუქრებს კი, რომლებიც თავისი დაბადების დღეს მიიღო უფლისწულმა ლაშამ, ნამდვილად ვერ ჩამოვთვლით, მით უმეტეს, ვერც აღვწერთ, ალბათ მეტისმეტად ძნელი იქნება. არ ვიცი რამდენად გაგვიწევს სამსახურს სიტყვაკაზმულობა. კიდევ კარგი, ამის აუცილებლობაც არაა. ერთი იმასღა თუ ვიტყვით, ერთიმეორის მჯობი რომ იყო ყველა საჩუქარი... და საერთოდ, უჩვეულო პეწით და ლაზათით ბრწყინავდა იმ დღეს ზურმუხტის სასახლე... ასე უწოდებდნენ პალმირას მკვიდრნი სამეფო სასახლეს, რამეთუ დედოფალ ზენობიას საყვარელი ძვირფასი ქვით, ზურმუხტით იყო იგი ჭარბად შემკული. ზურმუხტის მოზაიაკა ამშვენებდა სეფე-დარბაზს, დედოფლის მოსასვენებელ სავანეს. ზურმუხტის თვლები ბრწყინავდნენ იმ ჩუქურთმებში, რომლებიც ძერწილ თაღებს და წერწეტა სვეტებს ევლებოდნენ გარს... დიახ, ყოველივე უმშვენიერესი და ზეაღმატებული იყო იმ დღეს ზურმუხტის სასახლეში, კედლებმაც გაიწგამოიწიეს, ვეღარ იტევდნენ მოზეიმე ხმების ნიაღვრებს.
როდესაც მილოცვა-დასაჩუქრება გასრულდა (კარგა ხანს კი გასტანა), დიდებულთა მცირე ამალა აახლა ზენობიამ უფლისწულს, ქალაქის ქუჩებში გასასეირნებლად გაისტუმრა. თან მსახური გააყოლა, მოზრდილი ხონჩით აღჭურვილი. ხონჩაზე ოქროს მონეტების ხვავი ბზინავდა. ყოველ მათგანზე გვირგვინდადგმული უფლისწული ლაშა იყო გამოსახული, ეს მონეტებიც საგანგებოდ უფლისწულის დაბადების დღისთვის მოაჭრევინა ზენობიამ. მსახური ნელი ნაბიჯით წინ მიუძღოდა ბრწყინვალე თავყრილობას, პალმირას ქუჩებში ნებანება მოსეირნეს. უფლისწული ხონჩიდან ჟამიდანჟამს მუჭით იღებდა ხოლმე ოქროს მონეტებს და აქეთ-იქით ფანტავდა პირდაპირ ქვაფენილზე.
უამრავი ხალხი გამოეფინა უფლისწულთან შესახვედრად. შეჰყურებდნენ... უფრო სწორად, შეჰფოფინებდნენ უფლისწულს, თვალს ვეღარ სწყვეტდნენ მის მეტად სანდომიან შესახედაობას. ანდა, თუ მაინც სწყვეტდნენ თვალსბ მხოლოდ იმისთვის, რომ მათ წინაშე ქვაფენილზე გაგორებული ოქროს მონეტა ჩაებღაუჯათ. მეორე წამს მათი თვალები ისევ უფლისწულისკენ იყო მიპყრობილი... და რაღა თქმა უნდა, მისი ბავშვური ხელისკენაც, ხონჩიდან მუჭით რომ იღებდა ოქროს მონეტებს...
ბევრი აღმოჩნდნენ მსურველნი, წილად რგებოდათ გვირგვინოსანი უფლისწულის გამოსახულებით დამშვენებული ოქროს მონეტა, თანაც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა მათი რიცხვი, ჭედვა და გაწევ-გამოწევა შეიქნა, წინსვლა შეფერხდა. დიდებულთა ამალა ბრწყინვალე კედლად აღიმართა უფლისწულის ორივე მხარეს. გზა მიეცით უფლისწულსო, გაჰყვიროდნენ. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ხონჩა მთლიანად არ დაცარიელდა.
ამის შემდეგ უფლისწული და მისი ამალა ისევ დაბრუნდა ზურმუხტის სასახლეში. ზეიმმა ახლა უკვე მწვანე ბაღში გადაინაცვლა, ირგვლივ რომ ერტყა ზურმუხტების სასახლეს. ბაღიც, რაღა თქმა უნდა, საგანგებოდ იყო გამშვენიერებული ამ სვებედნიერი დღისთვის. საითაც არ გაიხედავდი, ყველგან ულამაზესი ყვავილების კორომები მოჩანდა. სასეირნო ბილიკებიც ყვავილებით იყო მოფენილი. ამ ბილიკზე სეირნობიას ხშირად გადაეყრებოდით მომცრო მაგიდებს, რომლებიც ნაირნაირი ნუგბარით იყო დატვირთული. ყველას შეეძლო ეგემნა, რაც მოესურვებოდა. გასართობიც მრავლად მოიპოვებოდა. მწვანე მოლზე ელაგა სხვადასხვა ზომის ჭრელი ბურთები, ლახტი თუ რიკტაფელა... ყმაწყილთა გულის გასახარი სხვადასხვანაირი სათამაშოები.
ბაღის სიღრმეში გალიები ჩამწკრივებულიყო, ნაირნაირი გარეული ნადირი თუ ფრინველი... იჭვრიტებოდა იქიდან...
აქ კიდევ უფრო გაიხარა უფლისწულმა, თამაშით გაერთო. რა გასაკვირია, ის ხომ ბალღი იყო ჯერ... რაღა თქმა უნდა, დიდებულთა შვილებთან თამაშობდა, თუმცა შეეძლო ვინმე უცნობთანაც ეთამაშა, ხალხის პატარ-პატარა ჯგუფებს უშვებდნენ მეთვალყურეები სამეფო სასახლის ბაღში. ეს წესად იყო უფლისწულის დაბადების დღისთვის. ამ ჯგუფებში ახალგაზრდები ჭარბობდნენ, მათ შორის უფლისწულის ტოლებიც. მათ სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა, აკი რჩეულთა შორის მოხვდნენ. მსურველი ბევრი იყო, ყველას როდი ერგებოდა ის ბედნიერება, თვით პალმირას უფლისწულთან ეთამაშა. სულით და გულით ილხენდნენ სასახლის ბაღის სტუმრები, გემოს უსინჯავდნენ ნუგბარ რამე-რუმეებს, მერე კი ტოვებდნენ იქაურობას (ხშირად საამისოდ შეხსენება სჭირდებოდათ მეთვალყურეების მიერ), რათა მერე სხვებისთვის დაეთმოთ ადგილი.
მთელი ბაღი თამაშის მხიარულმა ხმებმა მოიცვა, ლამაზი ჭრელი ბურთი დაფრინავდა ჰაერში, ჟრიამულით დასდევდნენ ბავშვები, მათ შორის უფლისწულიც. ვინც მოასწრებდა და ხელს შეაგებებდა ჭრელ ბურთს, გამარჯვებულიც ის იყო. უფლისწული ტოლს არავის უდებდა სირბილსა თუ სისხარტეში, მაგრამ აი, ცოტათი გვირგვინმა შეუშალა ხელი, მარჯვედ ვერ დაუხვდა მისკენ გამოფრენილ ჭრელ ბურთს. შიშობდა, გვირგვინი არ ჩამოცურებოდა თავიდან, ეს კი ძალიან ბოჭავდა ყმაწვილს. ჭრელი ბურთიც ცხვირწინ ააცალა ვიღაც მისმა ტოლმა ბიჭუნამ, თანაც ისე, რომ არცკი გაუხედია ბურთისკენ, უფლისწულს არ აშორებდა სიხარულით გაბრწყინებულ თვალებს.
მოიხსნა გვირგვინი უფლისწულმა, ერთერთ პატარა მაგიდაზე დადო, ნაირნაირ ნუგბართა შორის, თვითონ ისევ თამაშს მიეცა. ახლა უკვე სულ ადვილად შეძლო მისკენ გამოფრენილი ჭრელი ბურთის ჩაბღუჯვა, სულით და გულით ნეტარებდა გახარებული უფლისწული.
აი კიდევ აფრინდა ჭრელი ბურთი ჰაერში, ამჯერად მეტისმეტად მაღლა... ეტყობა, ვინმე მოზრდილთაგანმა გატყორცნა იგი, ბავშვი ამდენს ვერ შეძლებდა. მეტად ფართო რკალი მოხაზა ჰაერში ჭრელმა ბურთმა, და ძნელი იყო მისი ჩავლება. ალბათ ძირს უნდა დაცემულიყო, ასეთი პირი უჩანდა.
ასედაც მოხდა, ძირს დაეცა ჭრელი ბურთი, მწვანე მოლზე გაგორდა იმ ადგილიდან საკმად მოშორებით, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. მაშინვე მისკენ გაექანა უფლისწული, მიგორავდა ჭრელი ბურთი, მისდევდა უფლისწული. ბაღის მყუდრო კუნჭულამდე სდია, და აჰა, დაეწია, მისწვდა ჭრელ ბურთს.
უცბად რაღაც გაურკვეველი ხმები ჩაესმა უფლისწულს, მთელ ბაღში უცნაური ჩოჩქოლი და მიმორბენა ატყდა. ბაღში მოსეირნეებმა ერთ ადგილას მოიყარეს თავი, რაღაცას შეჰყურებდნენ და როგორც ჩანდა, კარგადაც ერთობოდნენ, მხირაული წამოძახილები ისმოდა იქიდან.
ნეტავი რა ხდებაო, გაიფიქრა ცნობისმოყვარეობით ატანილმა უფლისწულმა. თავი მიანება ჭრელ ბურთს, შეჯგუფებული ხალხისკენ გაიქცა, მხიარულ ხმებს რომ აფრქვევდნენ. მიირბინა, შეარღვია მაყურებელთა წყება... მეტად უცნაური რამ დაინახა; ვიღაც უგვან არსებას, აშკარად ჭკუანაკლულს, მისი ოქროს გვირგვინი ეხურა თავზე და ცეკვავდა...
იდგა უფლისწული გაოგნებული, თვალს ვერაფრით უჯერებდა; ჰო, სწორედ ის გვირგვინია, იშვიათი სიდიდის ალმასით დამშვენებული, დაბადების დღისთვის რომ შეუთხზა მშობელმა დედამ... და ეს უძვირფასესი გვირგვინი ჭკუანაკლულს ჩამოუფხატავს გაბურძგვნილ, ჭუჭყიან თავზე.
ცეკვავს ჭკუანაკლული, უშნოდ იგრიხება და იმანჭება, აფრიალებს ჭუჭყიან, დაბრანძულ სამოსელს. გვირგვინიც ცეკვავს მასთან ერთად, ხან იქით გადაქანდება, ხან აქეთ, თითქოს გაცოცხლდაო, ისე ხტის.
მაყურებლებიც გამალებით უკრავენ ტაშს, წამქეზებლურ სიტყვებსაც არ იშურებენ, დიდად ხარობენ ამ სეირით.
- როგორ უხდება გვირგვინი, არა?
- პირდაპირ ხატავს.
- ერთმანეთისთვის არიან შექმნილები...
მსგავს სიტყვაკაზმულობას და ტაშს ერთად აყრიან ჭკუანაკლულს თავზე. ისიც ცეკვავს, არ იღლება მაღლა-მაღლა ხტუნვით. ამ ხტუნვაში გვირგვინი გვერდზე მოეღრიცა, კიდევ უფრო სასეირო სანახავი შეიქნა... მაყურებლები სიცილით იჭაჭებიან.
როგორც იქნა, დაუჯერა უფლისწულმა საკუთარ თვალებს, სხვა რა გზა იყო... საშინლად განრისხდა, მოუხმო მეთვალყურეებს, უბრძანა გვირგვინი წაერთმიათ ჭკუანაკლულისთვის. დაფაცურდნენ მეთვალყურეები, სასწრაფოდ აღასრულეს უფლისწულის ბრძანება. ხალხიც შეჩქვიფდა, სიცილი და ხუმრობა წამში მოისხიპა, ეს ცაკვაც აქაური გართობის ნაწილი გვეგონაო, წაიბუტბუტეს ზოგიერთებმა, თან აქეთ-იქით მიილალებოდნენ. ერთ წამში დაცარიელდა იქაურობა...
ერთი სიტყვით, ოქროს გვირგვინი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, ვერ დააცხრობდა უფლისწულის მრისხანებას.
- დაიჭირეთ! დასაჯეთ! - დაიყვირა მან სიბრაზისაგან ალმურადენილმა და ხელი მბრძანებლურად გაიშვირა ჭკუანაკლულისკენ, დარჭობილივით რომ იდგა უაზროდ გაღრეჭილი.
დაფაცურდნენ მეთვალყურეები, გაქაჩეს ჭკუანაკლული, შეაჩერდნენ უფლისწულს, ელოდნენ, რა სასჯელს განუწესებდა იგი თავხედ წესის დამრღვევს.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა ლონგინოსი, დედოფალ ზენობიას ეზოსმოძღვარი.
სად იყო აქამდე?
ყველგან და არსად; ამ ორი სიტყვით შეიძლება ვუპასუხოთ ასეთ შეკითხვას. ეს გახლდათ ერთერთი იმ ადამიანთაგანი, რომლებიც არ ჩანან, მაგრამ სწორედ მათზე ტრიალებს ცხოვრების ჩარხი. თითქოს არც კი არსებობენ, და ამ დროს ყველაფერს ატყვია მათი მზრუნველი ხელი და თვალი. ისინი საგანგებოდ არასდროს ეძიებენ ირგვლიმყოფთა ყურადღებას, მაგრამ ყურადღება თვითონ იკვლევს გზას მისკენ, რადგანაც მეტისმეტად სჭირდებათ იგი... სჭირდებათ იმ იშვიათი თვისებათა გამო, რომლებსაც ზეცა არც თუ ისე ხშირად იმეტებს მოკვდავთათვის. ესენია თაობების მიერ ერთნაირად შექებული, განსაკუთრებულ უნართა მთელი თაიგული; აღმატებული გონება, იშვიათი ალღო და შორსმჭვრეტელობა, ყველაფერი ეს შეზავებული ფრიად ზომიერ, თავმდაბლურ ხასიათთან. პალმირას სამეფოს ბურჯსა და საძირკველს უწოდებოდა ლონგინოსს დედოფალი ზენობია და პალმირას მკვიდრთაგან არავის მოუვიდოდა აზრად, ოდნავი ეჭვი შეეტანა ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში. უწინარეს ყოვლისა, სწორედ ლონგინოსი ახსენდებოდა ყველას, თუ რაიმე გაუგაბერს და უცნაურს გადაეყრებოდნენ, თუ რაიმე შემაბრკოლებელი გამოჩნდებოდა ქალაქ-მარგალიტის ბრწყინვალე აღზევების გზაზე.
უფლისწულის აღზრდაც ლონგინოსს მიანდო დედოფალმა ზენობიამ. მასწავლებლები უნდა შეერჩია მისთვის, საერთო გეზი მიეცა ყმაწვილის გონებრივი განვითარებისთვის. ჭკუაგონებისთვის. ეს მეტად დიდი პატივი იყო, უმეტესწილად მძიმე ტვირთიც, ლონგინოსს უარის თქმა აზრადაც არ მოსვლია, სიბრძნის კარს უღებდა ყმაწვილს, ცხოვრებისეულ გამოცანა-რებუსების ამოხსნას აჩვევდა. თანაც რა უბრალოდ აღასრულებდა ამას: მოწაფე და მასწავლებელი ხშირად სეირნობდნენ დიდ ბაღში, ზურმუხტის სასახლეს რომ აკრავდა გარს. ლონგინოსი ათას რამეზე ესაუბრებოდა უფლისწულს, შემთხვევას არ გაუშვებდა, მეტად სასარგებლო ახსნა-განმარტება არ მოეყოლებინა მისთვის.
- შეხედე ამ ხეს, - ამბობდა ლონგინოსი და მაღალ, ფართოდ ტოტებგაშლილ ხეზე უთითებდა, - დაუკვირდი, რა მკვრივია და ღონიერი მისი შტამბი, რა ლაღად გაუშლია ტოტები. აბა, ერთი სცადე, იქნებ დასძრა ადგილიდან... ვერ მოერევი, მეტად მყარად დგას, თვით ძლევამოსილების განსახიერებაა. მერედა სადაა მისი სიძლიერის წყარო? ფესვებში, აი სად! თუ ფესვები მოსცილდა, ხის ძლიერებაც წამში განქარდება, მაშინვე ძირს დაენარცხება, ერთი ხელის წაკვრაც საკმარისი იქნება ამისთვის. ფესვები კი ახალ ნერგებს ამოიყრიან და იმავე ადგილას შეიძლება კიდევ უფრო ღონიერი ხე აღმოაცენონ. ფესვებია ყოველგვარი ძლიერების თავი და თავი, მისი წყარო. ამ დროს ისინი სრულიადაც არ ჩანან, მიწის სიღრმეში არიან მიმალულები. უჩინრად და უხმაუროდ ყოფნაა მათი წესი... შეიძლება ითქვას, რომ თავმდაბლები არიან ფესვები, და მათი თავმდაბლობის წყალობით ზეობს მაღალი ხე; ყვავილობს, იფურჩქნება, ამწიფებს ტკბილ ნაყოფს...
- შენც სწორედ ამ მაღალ ხესავით შლი მხრებს, - აგრძელებდა ლონგინოსი უფლისწულთან საუბარს. - ბრწყინვალე სამეფოს მემკვიდრე ხარ.
ეს დიდი საჩუქარია, მაგრამ მძიმე ტვირთიცაა, განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს შენგან. შენც გჭირდება უხმაურო და უჩინარი ფესვები, ანუ თავმდაბლობა...
იყავ მაღალი, როგორც აი ეს ხე. იყავ თავმდაბალი, როგორც მისი ფესვები. თუ ამას შეიძლებ, ყოველთვის შეინარჩუნებ განსჯის სიცხადეს.
თვალის აჭრელება და თავბრუს დახვევა იცის სიმაღლემ, ამისგან მხოლოდ თავმდაბლობა თუ დაგიფარავს, სხვა ვერაფერი. აღზევებული მდგომარეობის მონად ნუ იქცევი.
არ დაგავიწყდეს: რაც უფრო მაღალია ხე, მით უფრო შორს მიმავალი ფესვები სჭირდება მიწის წიაღში. ანუ; რაც უფრო აღზევებული ხარ, თავმდაბლობაც მეტი გჭირდება.
ისიც გახსოვდეს: თავმდაბლობა მაღალთა ხვედრია, მდაბალნი მას ვერ შეძლებენ, ვერ იტვირთავენ.
ასე მოძღვრავდა ლონგინოსი უფლისწულს, და არა მარტო... საქმითაც აღასრულებდა იმას, რასაც სიტყვით ასწავლიდა, თავისი ცხოვრების ნირით მაგალითის მიმცემი იყო მისთვის. მუდამ უბრალოდ შემოსილი დაიარებოდა, არასდროს ეძიებდა საგანგებოდ გამოსაჩენ ადგილს, ამაო თავმომწონეობა უცხო ხილი იყო მისთვის. ლამის უჩინარი იყო, როგორც უკვე ვთქვით.
ჩვეულებისამებრ უჩინარი იყო ლონგინოსი უფლისწულის დაბადების დღესაც. შორიახლოს მყოფს ეჭირა თვალი, რომ ყოველივეს თავისი წესით და რიგით ედინა. არ გამოჰპარვია ბაღში ატეხილი ჩოჩქოლი, მაშინვე იქითკენ გაეშურა. ერთი შეავლო თვალი იქაურობას, მაშინვე იაზრა, რაც მომხდარიყო (მეთვალყურეეებმაც შეაწიეს ორიოდე სიტყვა), უფლისწულს მკლავში ჩასჭიდა ხელი.
- არ გაქვს მისი დასჯის ნება! - თქვა მშვიდი, შეუვალი ხმით.
- მან დამამცირა, ჩემი გვირგვინი მიითვისა! - წამოიძახა უფლისწულმა ბრაზისგან აკანკალებული ხმით, სახეზეც ერთიანად წამოწითლებულმა, - ასეთი რამ არავის ეპატიება...
-...ამ საბრალო არსების გარდა, - დაასრულა ლონგინოსმა უფლისწულის სიტყვა, - საკუთარ თავს გაიმასხარავებ მაგის დასჯით, სხვას ვერაფერს ეწევი...
უფლისწული შეყოვნდა, აღარაფერი თქვა, თუმცა სახე ისე უხურდა მრისხანებისგან, მთელი სხეულითაც კანკალებდა. ამას კარგად ხედავდა ლონგინოსი, უფლისწულს ზურგზე დაადო ხელი, ხერხემალზე დაუსვა.
- ჯერ გაუმაგრებელია შენი ხერხემალი, უმძიმს საწუთროს დარტყმის ატანა...
ამან ბალზამივით იმოქმედა უფლისწულზე, სახის სიწითლე გაუმქრქალდა, სხეულითაც ოდნავადღა თრთოდა. ლონგინოსმაც გააგრძელა თავისი სამოძღვრო სიტყვა, რაკი იხილა მისი კეთილი შედეგი.
- დამნაშავე სულ სხვა ვინმეა, ყოველ ღონეს ვიხმარ მის მოსაძებნად, აქ კი სულ სხვანაირად უნდა განსაჯო: ხომ გახსოვს, მუდამ გაფრთხილებდი, დიდმა სიმაღლემ თავბრუ არ უნდა დაგახვიოს, აღზევებული მდგომარეობის მონად არ უნდა იქცე.
აღზევებული ყოფა გხვდა წილად, თავით ფეხებამდე ოქროქსოვილი გმოსავს, ყველანი თვალებში შემოგციცინებენ, ყოველივე საოცრად მშვენიერია შენს ირგვლივ.
...და ამ მშვენიერების წიაღში უეცრად მეტისმეტად უმსგავსი სურათი წარმოჩინდა: ვიღაცამ შენი გვირგვინი ჭკუანაკლულს ჩამოაფხატა თავზე. მოსახდენი მოხდა, ვერაფერს გააწყობ, ისღა დაგრჩენია, მშვიდად გაუსწორო თვალი ამ საზიზღარ ხილვას. თავმდაბლობის გამოჩენაც სწორედ ახლა გჭირდება.
ჯერ არ გქონია ასეთი შემთხვევა, არ დაგჭირვებია თავის მოდრეკა გარდაუვალის წინაშე, ამიტომ გემწვავა ასე ძალიან.
რასაც სიტყვით გასწავლიდი, ახლა საქმით უნდა აღასრულო; ნურაფერს ერჩი ამ საბრალო არსებას, უბრძანე, გაუშვან.
ლონგინოსის სასიხარულოდ უფლისწული სრულიად დამშვიდდა, სახის ჩვეული ფერი დაუბრუნდა, სხეულითაც აღარ თრთოდა. ჭკუანაკლული ჯერ ისე გაქაჩული ჰყავდათ მეთვალყურეებს. უფლისწულის ბრძანებას ელოდნენ, რა სასჯელი დაეტეხათ მისთვის თავზე. ლონგინოსმა მისკენ გაიშვირა ხელი.
- იგი შეუვალია, როგორც ბედისწერა! - თქვა ხმამაღლა, რათა ყველას კარგად გაეგონა.
რას წარმოიდგენდა მაშინ ლონგინოსი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ცეცხლოვანი ჩირაღდნებივით აენთებოდნენ ეს სიტყვები, რომ კვლავ მოუწევდა მათი განმეორება, ოღონდ სულ სხვა დროსა და ვითარებაში. მით უმეტეს, არ შეიძლებოდა ამის შესახებ რაიმე სცოდნოდა ათი წლის ყმაწვილს, უფლისწულ ლაშას. მან ხელის ერთი აქნევით ანიშნა მეთვალყურეებს, თქვენი ტყვე გაუშვითო, მეთვალყურეებმა შეუშვეს ხელი ჭკუნაკლულს, ისიც თვალს მიეფარა...



წინდახედულების საზღაური

უფლისწულს მალე დაავიწყდა ეს პატარა თუმცაღა მეტად უგვანი ფათერაკი; ჭკუანაკლულის ცეკვა მისი ოქროს გვირგვინით... ის ხომ მხოლოდ ათი წლის იყო ჯერ... გულისძილით ეძინა იმ ღამით, სიზმრებიც ოქროთი დაფერილი ნახა.
იმავეს ვერ ვიტყვით დედოფალ ზენობიასა და ლონგინოსზე, მის ეზოსმოძღვარზე. ამ უგვანმა ფათერაკმა ორივეს დიდი თავსატეხი გაუჩინა, საზეიმო დღე სრულიად გააუფერულა მათთვის.
ვინ იხუმრა ასე უმსგავსოდ და თავხედურად, ვინ დაადგა ჭკუანაკლულს თავზე უფლისწულის გვირგვინი? ამაზე ფიქრი წამითაც არ ასვენებდა არც ერთს და არც მეორეს.
დედოფალმა ზენობიამ დილიდანვე გრაგნილებიან მღვიმეში იხმო ლონგინოსი. მოზრდილი დარბაზი იყო, მომრგვალებული ფორმის კედლები ჰქონდა. ჭერს თუ ახედავდი, იფიქროებდი, აქ ოსტატის ხელი არაფერს შეხებიაო. მთის ბროლის ნაირგვარი ნატეხები თითქოსდა შემთხვევით მიჰკვროდნენ ერთმანეთს, აქაურობას სწორედ რომ მღვიმეს ამსგავსებდნენ. კედლებში წალოები იყო დატანებული, რომელთა წიაღშიც გრაგნილები ინახებოდა. აქა-იქ თაროებიც ჩამოერიგებინათ, მარმარილოსგან ნაკვეთი. მათზე რაღაც უცნაური ფიგურები ელაგა... სიძველის აშკარა ნიშნების მქონე. გრაგნილებიც იყო იმ თაროებზე, სხვადასხვა ზომის და ფერის... დარბაზის შუაგულში აუზი კამკამებდა, მარმარილოსნაპირებიანი, ზენობიას საყვარელი ზურმუხტებით შემკული. წყლის სიზრქეში ნაირფერი თევზები დასხმარტალებდნენ.
ზენობია ხშირად სტუმრობდა გრაგნილებიან მღვიმეს, უყვარდა გრაგნილების კითხვა, იმ საოცარი სამყაროს თანაზიარობა, რომელსაც გრაგნილებიდან ეცნობოდა. რამდენ რამეს უზიარებდნენ ეს გრაგნილები თავისი დროის უგანათლებულეს ქალს... კარგად იცოდა ზენობიამ მათი ფასი, საგანგებოდ უფრთხილდებოდა ყოველ მათგანს.
ამის მერე აუზის პირას ჩაიმუხლებდა პალმირას დედოფალი, დასცქეროდა ოდნავი მოთიმთიმე წყლის ჭავლს და მის სიზრქეში მორიალე თევზებს. ფიქრში მეხმარება მათი ჭვრეტაო, ამბობდა ხოლმე.
როგორც წესი, პურის ნატეხი ყოველთვის იდო აუზის პირას. ზენობია აიღებდა პურის ნატეხს, კარგად მოაგუნდავებდა პურის გულს, ცალკე მას ჩააგდებდა წყალში, ცალკე პურის ქერქს. დასცქეროდა, თევზები როგორ აწყდებოდნენ; ხან ქვევით, ფერად კენჭებზე დაგდებულ პურის გულთან, ხან კი ზევით, წყლის ზედაპირზე მოტივტივე პურის ქერქთან. კარგად ერთობოდა ამით ზენობია. ჩვენც, ადამიანები, ზუსტად ასე ვაწყდებით ცას და მიწასო, იტყოდა ხოლმე. ოღონდ ერთი განსვხავებით; თევზებმა ძალიან კარგად იციან, რატომ იქცევიან ასე: პურს ეძიებენ აქაც და იქაც, ზევითაც და ქვევითაც. ჩვენ კი, ადამიანებმა, ვითომ კარგად ვიცით, რისთვის ვაწყდებით ცას და მიწას?
ამჯერად ზენობიას არც კი გახსენებია, პურის გული და ქერქი გადაეყარა თევზებისთვის. უძრავად იჯდა აუზის პირას, თვითონაც მარმარილოსგან ნაკვეთ ქანდაკებას ჰგავდა. ცუდი ნიშანიაო, ეს სიტყვა შეაგება გრაგნილებიან მღვიმეში შესულ ლონგინოსს. გასაგები იყო, რასაც გულისხმობდა; ჭკუანაკლულის ცეკვას უფლისწულის გვირგვინით. ლონგინოსმა ეჭვიანად გადააქნია თავი, წინასწარ ნიშნებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები ჰქონდა, გამოცდილებით ნაკარნახევი. საკმაო ხანი მოეთია ამქვეყნად, კარგად იცოდა, რა მუხთალია მისი ბუნება, რა მოლიპულია მისი სავალი გზები. ყოველ წამს შეიძლება მოგიცურდეს ფეხი, როგორი სიფრთხილითაც არ უნდა ადგამდე ნაბიჯებს. არც წინასწარ ნიშნებს სდებდა მაინცდამაინც დიდ ფასს, ამაო გარჯად თვლიდა მათ უკან დევნას, კიდევ უფრო აბნევენ ისედაც გზადაბნეულ, საბრალო მოკვდავებსო. უმეტესწილად ასეა... თუმცა ხანდახან რომ ნამდვილად აირეკლავენ რაღაცას მეტად მნიშვნელოვანს და გარდაუვალს, ესეც ძალიან კარგად იცოდა.
მიდი ახლა და არკვიე, რასთან გაქვს საქმე; უსაგნო მოჩვენებასთან, ნისლის ბულულივით რომ განიმქვრევა, თუ ცეცხლოვან გამონათებასთან, ჯერხნობით გამოუცნობ ჭეშმარიტებას რომ მიუძღვის წინ.
შეუძლებელია ამის წინასწარ განსაზღვრა, ქარის მადევარს დაემსგავსები, ამაოდ დახარჯავ დროს, რომლის ყოველი წამიც, ვინ იცის, რაოდენ ძვირფასია.
რაც გინდა, დაარქვი; გინდა ცუდი ნიშანი, გინდა უაზრო ფათერაკი, ამით არაფერი იცვლება. მოსახდენი მოხდა, ვიღაცამ ტალახი ესროლა პალმირას სამეფო კარს, გამორჩეული ბრწყინვალებით განთქმულს... და მან, ლონგინოსმა, პალმირას ბურჯმა და საძირკველმა, ვერ შეძლო მისი თავიდან არიდება. დიდია ნდობა ამ უჩინარი ადამიანისადმი, ამდენად, პასუხისმგებლობაც უდიდესია, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია მისთვის, როგორმე ამ უმსგავსო ხუმრობის სათავეს მიაკვლიოს.
ამიტომ ყველა სხვა საქმე გვერდზე გადადო ლონგინოსმა, ცხელ კვალზე მიჰყვა უმსგავსო ფათერაკს, სცადა გაეგო მისი ავანჩავანი.
ჯერჯერობით ყველაფერი ბურუსითვე იყო მოცული. ყველა გაოცებით იჩეჩავდა მხრებს, ვისაც კი რაიმე გამოკითხა. ჩვენ ვნახეთ, როდესაც ჭკუანაკლული უკვე ცეკვავდა ოქროს გვირგივნით, მაგრამ ვინ დაადგა თავზე გვირგვინი, არ ვიცით, არ დაგვინახავსო, ამბობდნენ.
რას წარმოვიდგენდით, თუ ვინმე ასეთ თავხედობას გაბედავდა, ჩვენ გვეგონა, თვითონ უფლისწული ლაშა ერთობოდა ასეთნაირად. თუმცა ცოტა უცნაური კი მოგვეჩვენაო, იქვე ამატებდნენ ხსენებული ცეკვის მხილველნი.
ყოველი შემთხვევისთვის, ჭკუანაკლულსაც გამოკითხა ლონგინოსმა, თუმცაღა, რა თქმა უნდა, დიდი იმედი არ ჰქონია, რაიმეს გავიგებო. ჭკუანაკლულმაც თქვა: ვიღაცამ, თავპირახვეულმა, ოქროს ფული ჩამჩარა ხელში, თავზე ოქროს გვირგვინი ჩამომაფხატა და მიბრძანა, იცეკვეო. რამდენჯერად არ შეუბრუნა კითხვა ლონგინოსმა, რა კუთხითაც არ მიუდგა, თუთიყუშივით ერთსა და იმავეს იმეორებდა ჭკუანაკლული, შეუძლებელი იყო მისგან რაიმეს გაგება. ოქროს ფული მომცაო, ხშირად იმეორებდა ამ სიტყვას, ბრიყვულ სახეზე სიამოვნება ეხატებოდა.
- მაჩვენე ის ფული!
ჭკუანაკლულმა ხელი უბეში ჩაიყო, ოქროს მონეტა ამოიღო. გამოართვა ლონგინოსმა, დახედა: სწორედ ის ოქროს მონეტაა, დედოფალმა ზენობიამ საგანგებოდ რომ მოაჭრევინა უფლისწულის დაბადების დღისთვის, გვირგვინდადგმული უფლისწულია მასზე გამოსახული.
ლონგინოსმა უკანვე მიუგდო ოქროს მონეტა ჭკუანაკლულს. ხელის აქნევით ანიშნა, გამეცალეო. იმანაც მაშინვე ისევ უბეში იკრა მონეტა და თვალს მიეფარა.
ეს ყველაფერი დაწვრილებით მოახსენა ლონგინოსმა დედოფალ ზენობიას, როდესაც გრაგნილებიან მღვიმეში ეახლა.
- ერთი რამ ნამდვილად ვიცი; ვინმე ახლობელის ხელით აღსრულდა ეს უგვანი ხუმრობა, გარეშეთაგან, ვფიქრობ, არავინ ურევია.
- ცუდი ნიშანია, - გაიმეორა დედოფალმა ერთხელ უკვე ნათქვამი სიტყვა. გაუგებარი დარჩა, ეთანხმებოდა თუ არა ახლახან მოსმენლ ვარაუდებს. ის კი აშკარა იყო, მეტისმეტად რომ შეეწუხებინა მომხდარს. გულით ეწადა, რაიმე გარკვეულიყო, როგორმე სინათლე მოჰფენოდა ყველაფერს.
თუ ვიპოვით დამნაშავეს, ნიშანიც გაქარწყლდებაო, დაუმატა ზენობიამ ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ. აუზის კიდეზე დადებულ პურის ნატეხს დასწვდა, თუმცა წყალში მის ჩაგდებას არ ჩქარობდა ფიქრიანი თვალებით იყურებოდა.
- ნიშნის გაქარწყლებაზე ვერაფერს ვიტყვი, - თქვა ლონგინოსმა პასუხად და ზენობიას შუქიან თვალებს გაუსწორა მზერა: - ზეცაზე სწერია ამ ნიშნის ავანჩავანი. ჩვენ, უბრალო მოკვდავთ, არ შეგვიძლია მისი ამოკითხვა. ყოველ შემთხვევაში, მეტად საეგებიო საქმეა მათი ჩხრეკა და კვალზე მიყოლა, მე ვამჯობინებ, იმ გზით ვიარო, რომელიც უფრო ნაღდია და გამოცდილი...
აქ ლონგინოსმა დედოფალს გაუმხილა, საყარიბოდ წასვლას ვაპირებო.
- როდის? - იკითხა ზენობიამ.
- ხვალისთვის.
- როგორც მახსოვს, ერთი თვის შემდეგ აპირებდი...
- ვჩქარობ, დედოფალი. მომხდარმა მეტისმეტად დამაეჭვა. არის ზოგიერთი რამ, დაყოვნებას რომ ვერ ითმენს, ვერც ვერავის ვანდობ. საკუთარი თვალით უნდა მოვჩხრიკო ყოველი, საკუთარი ყურით მოვისმინო.
- იქნებ აქ დარჩენა სჯობდეს... ცხელ კვალს ნუ გავაცივებთ, ყარიბობას მერეც მოასწრებ.
- არა მგონია, ასე სჯობდეს. ამ უმსგავსობის ჩამდენი შეიძლება აღარც კი იყოს აქ. შიშს დიდი თვალები აქვსო, ნათქვამია. იქნებ სადმე შორს მოუსვა. არც ისაა გამორიცხული, ხუმრობა იყოს ეს ყოველივე, სულელური, უმსგავსო ხუმრობა... შეიძლება რაიმე სხვა მიზანი არც ჰქონია ამის ჩამდენს... არა, დედოფალო. მე ახლა იქ უნდა ვიყო, შუბლი შუბლზე რომ აქვთ მიბჯენილი ჩვენს მეომრებს და გადამთიელებს, სადაც მტერი არაკეთილმოსურნე თვალით გვზვერავს...
იქ მეტია საფრთხზე, აქ საიმედო მეთვალყურეებს დავტოვებ... ვივლი შეცვლილი გარეგნობით, ვერავინ მიცნობს. უმცირეს ეჭვსაც ვერ აიღებენ, ვინა ვარ, რას მიველტვი. ვცდილობ.
ზენობიამ ერთხანს იყუჩა, ხელში შერჩენილი პურის ნატეხით, სადღაც შორს გაიყურებოდა ფიქრიანი თვალებით. მერე წყალში მოისროლა პურის ნატეხი, არ გაუცალკევებია პურის გული და ქერქი. თევზები ერთად დაესივნენ პურის ნატეხს, ჯიჯგნა დაუწყეს. ზენობიამ თევზებზე გადაიტანა მზერა, ერთხანს უყურა მათ სხმარტალს და წრიალს პურის ნატეხის ირგვლივ, მერე თავის დახრით მისცა თანხმობა ლონგინოსის განზრახვას, საყარიბოდ წასულიყო, ეს იყო ჩვევა პალმირას ბურჯისა და საძირკვლისა, რომელსაც სიკეთის გარდა არაფერი ჰქონია მიზნად, და მოჰქონდა კიდეც... ყოველ შემთხვევაში, ცუდი ჯერ არავისთვის არაფერი მოუტანია. პალმირას დიდი გულშემაკტივარია და იმიტომაც იქცევა ასე ლონგინოსი, ფიქრობდა დედოფალი და მოწყალე თვალით უყურებდა ამ ჩვევას.
გვიან ღამით, როდესაც პალმირა ძილს მიეცა, მათხოვრის ფლასში გამოხვეულმა ყარიბმა გააბიჯა პალმირას კარიბჭეში, დაღმართზე დაეშვა მის მიღმა, ეს იყო ლონგინოსი, იმზომამდე შეცვლილი გარეგნობით, რომ სრულიად შეუძლებელი იყო მისი ცნობა.
სწორედ იმ დროს დედოფალი ზენობია თავის მოსასვენებელში მიწოლილიყო რბილ საგებზე და უძილობას ებრძოდა. სარკმელში მთვარე ქათქათებდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები