ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
17 მარტი, 2016


პალმირა (თვალზომა, შვიდფურცელა)


ერთი ძველისძველი იგავის გახსენება უყვარდა ლონგინოსს: ,,იყო კაცი ვინმე, მდიდარი და პატივდებული. ჰქონდა სასახლე, ბჭემაღალი, ყოველმხრივ შემკული, ოთხივე კუთხივ ფართო სარკმლებით დამშვენებული. სინათლე ზეობდა ამ სარკმლების წყალობით დიდებულ სასახლეში, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი სხვა რამ დანიშნულებაც ჰქონდათ; გარემოს მოხილვა ყოველ მხარეს უნდა შეგეძლოს, ვინ იცის, მტერი საიდან მოგეპარებაო, ამბობდა მდიდარი კაცი.
გარდა ფართო სარკმელებისა, პატარა სათვალთვალოც ჰქონდა დატანებული იმ სასახლეს, სულ ქვედა სართულზე, ზედ მიწის პირას. იმ პატარა სათვალთვალოსაც სტუმრობდა ხოლმე ბჭემაღალი და ფართოსარკმლებიანი სასახლის პატრონი, ასე ამბობდა: გარემოს არ მარტო მაღლიდან, სულ დაბლიდანაც უნდა შეხედოოო. შეიძლება სწორედ იქ დაინახო რაიმე ისეთი, რომლის დანახვის ნიჭსაც ვერანაირი ფართო და მაღალი სარკმელი ვერ შეგძენსო.
მშვიდად, აუმღვრევლად ცხოვრობდა მდიდარი და პატივდებული კაცი. გარემოს მუდამ ყურადღებით ზვერავდა, იმ პატარა სათვალთვალოს ჩათვლით, და საფრთხე ვერ იკვლევდა მისკენ გზას.
მაგრამ აი, გავიდა ხანი. სიზარმაცე მოერია მდიდარ და პატივდებულ კაცს, უზრუნველობას შეეჩვია. ფართო სარკმელებიდან ძველებურად იყურებოდა, მაგრამ იმ პატარა სათვალთვალოს მოხილვას აღარ სთვლიდან საჭიროდ, ზედ მიწის პირას რომ იყო დატანებული. საფრთხეს მაინც არსაიდან ველიო, ფიქრობდა.
ამით ისარგებლა... ვინ? ალბათ განგებამ, სხვანაირად ვერ იტყვი. სწორედ იმ პაწია სათვალთვალოს წინ, ზედ მიწის პირას, შხამიანი სოკო ამოვიდა... ქუდზე ხაშხაშმოყრილი, თავისი მომაკვდინებელი ძალით საყოველთაოდ ცნობილი სოკო. არავინ იცის, როგორ და რანაირად (დამნაშავე მიუკვლეველი დარჩა), მდიდარი და პატივდებული კაცის სუფრაზე მოხვდა ის შხამიანი სოკო. მანაც მიირთვა და მიიღო კიდეც უფალმა. სწორედ უზრუნველობის ბრალით, რაც ბჭემაღალი სასახლის პატრონს დაემართა. ძველებურად რომ მოეხილა მიწის პირას დატანებული პაწია სათვალთვალო, დროზე შეამჩნევდა მის წინ ამოსულ შხამიან სოკოს, ასცდებოდა ის უბედურება.
ამიტომაც გამუდმებით უნდა ვზრუნავდეთ საკუთარი თვალსაწიერის გაფართოებაზეო, იტყოდა ხოლმე ლონგინოსი. ანუ, დაბლა უნდა დავეშვათ, ის პაწია სათვალთვალოც უნდა მოვიხილოთ ხანდახან, ზედ მიწის პირას რომაა დატანებული. არავინ იცის, სად და როდის ამოვა შხამიანი სოკო, ქუდზე ხაშხაშმოყრილი.
...`და აჰა, ამოვიდა კიდეც შხამიანი სოკო, თანაც როგორი; ოქროს გვირგვინი მოირგო ხაშხაშმოყრილი ქუდის ნაცვლად~. ამ ფიქრმა გაუელვა თავში ლონგინოსს, როდესაც ჭკუანაკლული იხილა, თავზე ოქროს გვირგვინით. რაღა თქმა უნდა, შხამიან სოკოს საცეცები ექნებოდა, სიღრმეში მიმალული. უწინარეს ყოვლისა, მათთვის გზის გადაჭრა იყო საჭირო. ყველაზე უკეთესი საშუალება ამისთვის ყარიბობა გახლდათ, საიდუმლო ნაცადი ხერხი, რომელსაც ჟამიდანჟამს მიმართავდა ხოლმე ლონგინოსი. აი, როგორ აღასრულებდა ამას: უწინარეს ყოვლისა, სახე-იერს მთლიანად შეიცვლიდა... საამისოდ საგანგებო ჯადო-წამლები ჰქონდა, წინაპართაგან გადმოცემული, რომლებსაც მერე თვითონაც ბევრი რამ დაუმატა, ლამის სასწაულის მოხდენის უნარი შესძინა... შეუძლებელი იყო ლონგინოსის ცნობა, როდესაც ხსენებული ჯადო წამლებით დაიზელდა პირისახეს. თვალების ფერის შეცვლაც შეეძლო, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიდა. გამოეხვეოდა მათხოვრის ფლასში, ფეხებს გაცვეთილ ხამლებში წაჰყოფდა და ასეთნაირად გარდასახული, გაემართებოდა საყარიბოდ... ნუჟრიანი ჯოხიც თან დაჰქონდა, საყრდენად და ძაღლების მოსაგერიებლად, როგორც ყარიბთა და მათხოვართა წესია. ჯოხს შიგნიდან რკინის სტილეტი ჰქონდა ჩატანებული, იარაღად გამოადგებოდა, თუ ამის აუცილებლობა შეიქმნებოდა ხოლმე.
თავის დღეში აღარ დავიწყებია ლონგინოსს ის დღე, როდესაც პირველად შეუდგა ყარიბობის ბილიკს, სრულიად უცხოს მისთვის. ო, როგორ გაუჭირდა, ყოველგვარი სიკეთით სავსე ცხოვრებას ნაჩვევს... ის ხომ პალმირას ერთერთი უმდიდრესი მოქალაქეთაგანი იყო... აღარც ეტლი, აღარც ბედაური. ფეხით უნდა ეზილა გზის ტალახი, პირისპირ შეხვედროდა ათასგვარ დაბრკოლებას და სიბინძურეს. უნდა აეტანა; დღისით სიცხე, ღამით სიცივე. მოეთმინა შიმშილი, სანამ ლუკმაპურს იშოვნიდა. სიმწრისგან ცრემლებიც კი ღვარა, ისე დაუმძიმდა ასეთი ყოფა. უკან მაინც არ დაიხია, არ თქვა უარი მისთვის მეტისმეტად მძიმე ბილიკზე, თუმცაღა ყოველწამს შეეძლო ეს. ვინ დაუშლიდა? დიდი იყო ამის ცდუნება, რვალზე უმტკიცესად დაუხვდა ლონგინოსი. გინდა გაიგო, რა ხილია ყარიბობა? ასეთი კითხვა დაუსვა თავის თავს... მაშინ ბოლომდე იტვირთე იგი, ბოლომდე გამოსცადე მისი თანმდევი ყველა ტკივილი, სხვანაირად არაფერი გამოვა.
ეს კიდევ არაფერი, ყველაზე ძნელი ასატანი ის ქედმაღლური ზიზღი იყო, რასაც ყოველ ნაბიჯზე აწყდებოდა ყარიბობის ბოლიკზე შემდგარი ლონგინოსი. რა მწარედ გამოსცადა საკუთარ ტყავზე პალმირას უპირველესმა მოქალაქემ ამ ზიზღის შემმუსვრელი ძალა... როგორ იქცევიან გზად შემხვედრნი? თითქოს ვერკი გამჩნევენ, სადღაც შენს მიღმა იყურებიან. თუ შემთხვევით წინ შეეჩეხები, მაშინვე პირს მოგარიდებენ. თუ შეგამჩნიეს, მხოლოდ იმისთვის, რომ დაგცინონ და აბუჩად აგიგდონ, რაიმეთი გაგამწარონ. წამითაც არ დაფიქრდებიან, ისე დაგატეხავენ თავზე ყოველგვარ სისაძაგლეს, რასაც კი ადამიანის გამრუდებული გონება შობს. აზრადაც არ მოსდით, რომ მათ წინაშე ცოცხალი ადამიანია, თუნდაც ბეჩავი ყარიბი... და არა უგრძნობელი ხის კუნძი.
ყველგან ერთი და იგივეა, საითაც არ უნდა წახვიდე. ვერსად ვერ დააღწევ თავს აბუჩად აგდებას და ზიზღიან მზერას, როცა დაბებკილ ფლასში ხარ გამოხვეული; ამაში ერთხელ და სამუდამოდ დარწმუნდა ლონგინოსი. ვთქვათ, რაიმეს ყიდვა გინდა. აბა, ერთი ჰკითხე გამყიდველს, ესა და ეს რა ღირსო. ზედაც არ შემოგხედავს, პასუხს არა და არ გაღირსებს. თუ არ მოეშვი, ბოლოს და ბოლოს გაიმეტებს პასუხს, მაგრამ რა უგემურად, რა საზიზღრად დაიღრიჯება ამ დროს. ერთი შენღა მაკლდიო, ცხადად აწერია სახეზე.
მერე კიდევ, თუ რაიმე ძველი აქვს და გადასაგდები, სწორედ იმის შემოჩეჩებას შეეცდება. ჭკუანაკლულად გთვლის, რადგან მათხოვრის ფლასი გაცვია. თუ ეს არ გაუვიდა, სულაც არაფერს მოგაწოდებს. შენთან არაფერს ვყიდიო, მოგახლის.
ესეც საკმაოდ ემწარა ლონგინოსს, სხვა დანარჩენ უკეთურებასთან ერთად... გემრიელი ლუკმა ვეღარ გადაყლაპა, რაც ყარიბობას შეუდგა და მათხოვრის ფლასით შეიმოსა. მაინც რა უსინდისოდ ექცეოდნენ გამყიდველები, პირდაპირ გასაკვირი იყო; დახლები რომ ერთიანად ახლადგამომცხვარი პურით და ნაზუქებით ჰქონოდათ დაზვინული, მაინც საიდანღაც გამოძებნიდნენ და რაღაც საზიზღარ ნატეხებს მიუყრიდნენ ხოლმე. ალბათ საგანგებოდ ჰქონდათ მისნაირებისთვის შემონახული. თუ გინდა, იყიდე, არადა წადი, დაიკარგე აქედან. ეს იმ დროს, როცა პირისგემოს მოყვარული გახლდათ უყვარდა გემრიელი სმაჭამა, თუმცა, როგორც წესი, ზომიერება არც აქ ავიწყდებოდა.
ერთხელ ისე გამწარდა ლონგინოსი გამყიდველის უსინდისობისგან, კინაღამ გასცა თავისი თავი, იფირქა, ჩემი ნუჟრიანი ჯოხით ყველაფერს დავლეწავ ამ დუქანშიო... მერე კი რაიმე უარეს სასჯელსაც დავატეხ თავზეო. კიდევ კარგი, დროზე მოეგო გონს. ნუჟრიანი ჯოხი მაგრად ჩაბღუჯა, საჩქაროდ გაეცალა იქაურობას. მიდიოდა, თან გამყიდველის ქირქილი მიაცილებდა. კარგად მიუხვდა, თუ რა გამწარებული დარჩა მათხოვრის ფლასიანი მუშტარი. ჰოდა, გაერთო კიდეც. ამაზე უკეთეს გასართობს სადღა იშვონიდა... როგორ დაიკლებდა ამ უდიდეს სიამოვნებას, უძლურის აბუჩად აგდებას.
კბილს კბილზე აჭერდა და ისე ითმენდა ყოველივე ამას ლონგინოსი, ეძიებდა იმ სარკმელს, საიდანაც შხამიანი სოკოს დანახვა იქნებოდა შესაძლებელი. კარგად იცოდა, მწარე გამოცდილების გარდა ვერაფერი მიიყვანდა იქამდე. გამოცდილების ფასი ჯერ კიდევ ჭაბუკობისას შეიცნო, ლაშქრობისას, როდესაც სულ პირველად ჩაისუნთქა ბრძოლის ჰაერი, როგორ არ ჰგავდა ეს ყოველივე იმას, რასაც მანამდე ბრძოლის შესახებ უამბობდნენ გამოუცდელ ჭაბუკს... მეგონა, რაღაც ვიცოდი, თურმე არაფერი მცოდნიაო, გულში ასე თქვა მაშინ ლონგინოსმა.
ზუსტად ასეთივე განცდა გაუჩნდა (თურმე არაფერი მცოდნიაო), როდესაც ყარიბობის ბილიკს კარგად მოუსინჯა კბილი. თითქოს მართლა სხვა სარკმელში გაიხედა, რომლის შესახებაც მანამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა.
იხილა ლონგინოსმა საკუთარი თვალით, თუ რა ჭუჭყი, რა სიმდაბლე და სიავე ფუთფუთებს მათხოვართა და უპოვართა წიაღში, რა ხარბი თვალით ზვერავენ ერთმანეთს, ითვლიან ყოველ გროშსა და ლუკმაპურს, სხვა მათხვორისთვის გადაგდებულს. ვაითუ ჩემზე მეტი სხვას შეხვდესო, ამის შიში არ ასვენებთ. თან რა უსაზღვროდ დაუნდობლები არიან, ამ მხრივ ნამდვილად არავის ჩამორჩებიან, თუ მარჯვე შემთხვევა მიეცათ და საკუთარი სიმხდალე (ყველა მათხოვარი მხდალია) დასძლიეს.
ერთხელ იმის მოწმე გახდა ლონგინოსი, მათხოვრებმა შუაში როგორ მოიყოლეს და კინაღამ გასრირეს ერთი უწვერული ყმაწვილი კაცი, უხვი მოსაკითხი რომ მოუტანა მათ. ლონგინოსმა უშველა იმ ყმაწვილ კაცს, გამოათრია ბინძური ზედახორიდან, და გამწარებით უყვიროდა მათხოვრებს, არაფრის ღირსები არ ხართო, თქვენთვის ღმერთმა ლუკმაპურიც კი არ უნდა გაიმეტესო. ვის ესმოდა მისი... უმაწვილმა თავს უშველა, უკანმოუხედავად გაიქცა, მათხოვრები ახლა ერთმანეთს დაერივნენ...
უყურა, უყურა მათ ლონგინოსმა, ჩაიქნია ხელი; ასეთი დუხჭირი ყოფა რომ ვერ ასწავლის ჭკუას ვინმეს, იმას ვერც ვერავინ ასწავლის რაიმესო, თქვა. ასეთებად დარჩებით მუდამ, რა ყოფაშიც არ უნდა იყოთ; ყელამდე ოქროთი აივსებით თუ კვლავინდებურად ნეხვში იგორავებთო.
თვითონ ლონგინოსსაც გადახდა ფათერაკი, რომელიც მერე აღარასოდეს დავიწყებია. ვიღაც ნაძირალებს გადაეყარა გზად მარტოდმარტო მიმავალი. ნათქვამია, მათხოვრის ფლასს ავსულიც კი გაურბისო. იმ ნაძირალებისთვის, ეტყობა, მართლა სულერთი იყო ყველაფერი ამქვეყნად. მოულოდნელად შუაში მოიქციეს ლონგინოსი, ხელები გაუკავეს და პირწმინდად გაძარცვეს, ერთი გროშიც კი აღარ შეარჩინეს. ნუჟრიანი ჯოხიც წაართვეს და თავის გზას ეწივნენ, თან მასხრად იგდებდნენ თავიანთ მსხვერპლს, ხელის გატოკებაც რომ ვერ მოასწრო.
ჩამოჯდა ლონგინოსი გზის პირას, ნაცემ-ნაგვემი, ერთიანად გაძარცული. მწარედ დაწყევლა წუთისოფელი, მის მიმართ ასეთი სიავე რომ გამოიჩინა. ამქვეყნად ნამდვილად არ ღირს ცხოვრებაო, ფიქრობდა. თან იმასაც შიშობდა, ვაითუ ძალა აღარ მეყოს, აქედან გავაღწიოო.
უცბად მიუჯდა გვერდით მათხოვარი... ნამდვილი მათხოვარი და არა მასავით გადაცმული. რა გაგჭირვებიაო, ჰკითხა მისი მოჟამული იერსახის შემხედვარემ. უამბო ლონგინოსმა თავისი ფათერაკი, ისიც შესჩივლა, აღარ ვიცი, აქაურობას თავი როგორ დავაღწიოო, ვაითუ გზაში ძალამ მიმტყუნოსო.
ჩაჰყო იმ მათხოვარმა ხელი თოფრაკში, კარგა ხანს აფათურა. ამიღო რაც კი გროშები მოეგროვებინა და ლონგინოსს გაუწოდა, აიღეო.
არ მინდაო, იუარა ლონგინოსმა, ძალიან შერცხვა ამ საცოდავი გროშების აღება...
არ მოეშვა ის მათხოვარი, მაინც აიძულა, აეღო მისი გროშები. რაღაც კბილის გასაკრავიც უწილადა, ერთხანს ძალას მოიკრებ, სანამ ამ მიყრუებული ადგილიდან გააღწევო.
ვეღარ თქვა უარი ლონგინოსმა, გამოართვა მათხოვარს ის საცოდავი გროშები, მართლაც ძალიან გაუჭირდებოდა უიმისოდ. ოღონდ გულში ჩაითქვა; როცა იქნება, მოვძებნი ამ უპოვარ არსებას, საოცრად გულკეთილს, და წყალობით ავავსებო. მართლაც ბევრი ეძია მერე, გაიკითხ-გამოიკითხა კიდეც, მაგრამ ისე მოხდა, მეტად აღარ შეხვედრია ის მათხოვარი ლონგინოსს, თითქოს ცად ამაღლდაო...
არც ბედისგან განებივრებულნი დარჩენილან იმ პატარა სათვალთვალოს მიღმა,  ისინიც როგორღაც განსხვავებულად წარმოჩინდნენ. აღზევებულთა ყოფა არც უწინ ფასობდა დიდად ლონგინოსისთვის, ცუდმედიდობა ყოველთვის უსიამოდ ხვდებოდა გულზე, ყარიბობის ბილიკმა განსაკუთრებით გაუცხოველა ეს განცდა. Mისი სისადავე და უბრალოება ხომ საანდაზოდ იყო ქცეული, თუმცა ახალმა სარკმელმა (მიწის ზედაპირზე დატანებულმა პატარა სათვალთვალომ) ბევრად მეტი სიცხადე შესძინა ამ ძველთაძველ კარგად ნაცნობ სურათს; გულს ურევდა ამქვეყნის ნებიერთა ბღენძიაობა და გაქსუეუბულ-გაზულუქებული იერი. რამდენი სიმახინჯე და შინაგანი უბადრუკობა იმალებოდა გარეგნული ბრწყინვალების მიღმა... და რა იშვიათი ხილია, როცა გარეგნული პეწი და შინაგანი ღირსებები ხვდებიან ერთმანეთს.
ერთი სიტყვით, ამაოდ არ უთელია ყარიბობის მძიმე ბილიკი ლონგინოსს, აუსრულდა, რასაც ასეთი მონდომებით მიელტვოდა, ჭეშმარიტად გაუმახვილდა თვალზომა. იმას ვერ იტყოდა, მუდამ შეუმცდარი ვიქნებიო. მეტისმეტად კარგად იცნობდა ცხოვრებას, ეს რომ დაეჩემებინა, მაგრამ ცხადად გრძნობდა, თუ რა დიდი სხვაობა იყო ყარიბობამდელ და შემდგომ თვალთახედვათა შორის, ადამიანური ყოფის სიჭრელე ხელისგულივით გადაიშალა მის წინაშე, და ამ სიჭრელის არცერთი მხარე აღარ იყო მისთვის დაფარული. მიაბიჯებდა და გაშლილი ეტრატივით კითხულობდა გზად შემხვედრ ადამიანებს. ერთი შეხედვისთანავე ცნობდა, ვინ რითი სუნთქავდა, რითი არსებობდა, რა საფიქრალი და საზრუნავი შეიძლებოდა ჰქონდოდა. ვინ იყო ჭეშმარიტად შეჭირვებული და ვინ ირგებდა ნიღბად შეჭირვებას. ერთს შეავლებდა თვალს ვინმე ბოგანოს და იტყოდა; საკმაოდ ბევრი რამ აქვს გადანახული, გროშს გროშზე აწებებს და დოვლათს ამრავლებსო. აი იმას კი, თავი ვითომდა ყინჩად რომ უჭირავს, სულს იქით ნამდვილად არაფერი აბადიაო. ყარიბობის მწარე გამოცდილებამ არგუნა ამისი უნარი... როგორღაც თავისთავად, შეუმჩნევლად აღსრულდა ეს ყოველივე.
ერთი დიდი სიკეთეც ახლავს ყარიბობას, ძველთაგანვე კარგად ცნობილი; ყველგან ადვილად იკვალავს გზას ყარიბის თვალი და ყური. მოწყალების თხოვნა უებარი საშუალებაა საამისოდ. აბა, ვინ მიაქცევს ყურადღებას დაბებვილ ფლასში გამოხვეულ მათხოვარს? არც არავინ. სრულიად დაურიდებლად ლაქლაქებენ იქვე, მის ცხვირწინ, საჭიროდ არ თვლიან რაიმეს დამალვას, ყარიობა ხომ ლამის არარსებობას ნიშნავს... არც ლონგინოსს უთქვამს უარი ამ სიკეთეზე, ბევრი რამის გაგება შეძლო მათხოვრად გარდასახულმა. მათ შორის ზოგიერთი ისეთი რამ, სხვა გზით რომ სრულიად მიუწვდომელი იქნებოდა მისთვის, ანდა ძალიან ძვირი დაუჯდებოდა.
ხელწამოსაკრავი სულაც არ ყოფილა ყარიბობის ნამდვილი სიკეთე, თვალის და ყურის ყველგან შეღწევის უნარი, მასაც თავისი ფასი და ადგილი ჰქონდა, თუმცა ლონგინოსისთვის სხვა იყო მთავარი; უპირატეს ადგილს თვალზომის გამახვილებას ანიჭებდა. ყარიბობის ყველაზე დიდი სიკეთეც ეს იყო, რაზედაც ლონგინოსს აღარასოდეს უთქვამს უარი. ჟამიდანჟამს კვლავ მიმართავდა ხოლმე ამ ნაცად ხერხს, შეუდგებოდა ყარიბობის ბილიკს ქვეყნის ავკარგის განსაჭვრეტად და, რაც მთავარია, თვალზომის ასალესად. როგორც ნებისმიერ იარაღს, თვალზომასაც სჭირდებოდა ალესვა, რათა არ დაჩლუნგებულიყო, ამის მისაღწევად საამისოდ ნამდვილად უღირდა ლონგინოსს აეტანა ათასგვარი უხერხულობა და წვალება, რასაც ყარიბობის მძიმე ბილიკი მოაწევდა მასზე.
სამაგიეროდ, რა საამური იყო ჩვეული ყოფა-ცხოვრების წიაღში დაბრუნება ყარიბობის მძიმე და ჭუჭყიანი ბილიკის შემდეგ რა ნეტარებით ისვენებდა თავისი სასახლის მდიდრულ პალატებში, რა რბილი იყო საგები, რომელზეც გულის ძილს მიეცემოდა ხოლმე ხანგრძლივი უძილობით განაწამები და დაღლილი. სულ მცირე, მთელი დღე და ღამე უნდა გამოეძინა, ხანდახან გადაამეტებდა კიდეც... მიირთმევდა ნუგბარ სასმელ-საჭმელს, უზომოდ მონატრებულს. ყოველივე ამას მხოლოდ მაშინ დააფასებ ჯეროვნად, როცა მიუსაფრობას გამოცდიო, ფიქრობდა ლონგინოსი. უამისოდ თითქოს რაღაც საკმაზი აკლდება ამ დიდებულ თაფლიან ნაზუქებს, რომელსაც წუთიწუთზე მომართმევენო. მისი სურნელი უკვე ცხვირში მიღიტინებსო, სიამოვნებით ეღიმებოდა ასეთ ფიქრებში გართულ ლონგინოსს, შვება და სიხარული ორმაგდებოდა მისთვის. ესეც ერთერთი სიკეთეგანი იყო, ყარიბობის მძიმე და მოუხერხებელ ბილიკს რომ გამოსწურა ლონგინოსმა, პალმარის უპირველესმა მოქალაქემ, სიბრძნით და გამჭრიახობით ქებულმა.


შვიდფურცელა


- შვიდფურცელა მომიტანე!
ზენობიას სიტყვებს გამოხმაურება არ მოჰყოლია.
- გესმის? ელო, შვიდფურცელა მომიტანე.
არც ახლა შეხმიანებია ვინმე. ზენობიამ თავი მოატრიალა, უკვე მოთმინებას ჰკარგავდა. როგორც იქნა, ფარდა გადაიწია, ელო გამოჩნდა. კითხვის გამომხატველი თვალით შეხედა დედოფალს.
- შვიდფურცელა მომიტანე-მეთქი, რით ვერ გაიგე.
ორივე ქალს შინაურულად ეჭირა თავი. ეს განსაკუთრებით ზენობიაზე ითქმოდა, სრულიად შეცვლოდა სახის იერი. სადღა იყო ის გოროზი გამომეტყველება, სეფედარბაზში რომ აჯილდოებდა მნახველთა მრავალრიცხოვან ურდოებს.
დედოფალი ისვენებდა, უცხო თვალისგან შორს მყოფი. ატლასის საგებზე ნებივრად მიწოლილიყო, თავის მყუდრო მოსასვენებელში. ელოც გვერდით ჰყავდა, სულზე უტკბესი გამზრდელი, როგორც ზენობია უწოდებდა. მის გვერდით ზენობია თავს ისევ ბავშვად გრძნობდა, ეს განცდა განსაკუთრებით საამო იყო მისთვის ბავშვობაში გადასახლება ცოტა ხნით მაინც ავიწყებდა უამრავ საზრუნავს, წვრილმანს და უსახოს.
აღარც ელო იბღინძებოდა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ. სეფე-დარბაზში საკუთარ თავდაჭერას ასეთი სახელი შეარქვა. თუმცა შუბლი მაინც შეეკრა, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი აღმზრდელის იერი მიიღო.
მან ისე დატუქსა ზენობია, თითქოს პატარა ბავშვს უჯავრდებაო:
- ნეტავი რაში გჭირდება შვიდფურცელა... არც წარბების მოლამაზებას გიპირებს ვინმე, არც ფრჩხილების დაქნას. ასეთი გახლდათ ელოს პასუხი ზენობიას დაჟინებაზე. სიტყვა გადაუკრა, მეტისმეტი გააზიზება რომ იცოდა ხანდახან დედოფალმა. დახელოვნებულ მოახლეებს მიანდობდა თავის მშვენიერ სხეულს. ფრთხილად, სათუთად ელაცილებოდნენ მოახლეები, ფრჩხილებს და წარბწამწამს ულამაზებდნენ. მთელ სხეულზე უცხო რამ საფენებს აფენდნენ, რათა კანს მარგალიტივით ებრწყინა. ზენობიას სიტყვით, მეტისმეტად მომქანცველი იყო ეს ყოველივე მისთვის, ამიტომაც თხოულობდა ასეთ დროს შვიდფურცელას, ანუ ჯადოსნურ სასმელს, რომელიც ნახევრად სიზმარეულ, თრობის მსგავს მდგომარეობაში ამყოფებდა. უამისოდ ვერ გავუძლებ ამდენ რამეებსო, ამბობდა ზენობია, რაც ელოს სასაცილოდ არ ყოფნიდა.
- შენ დედოფალი ხარ. ძალა უნდა შეგწევდეს, აბჯარი აისხა და საომრად წაუძღვე ლაშქარს. ამ დროს კი პაწია ქინძისთავით ჩხვლეტაც ვერ აგიტანია, - შუბლშეკვრით ამბობდა ელო.
- თუ საჭირო გახდა, ასედაც მოვიქცევი, - იყო ამაზე პასუხი.
ეს საუბარი ყოველთვის იმით მთავრდებოდა, რომ ელო, ბოლოს და ბოლოს, ემორჩილებოდა დედოფლის ნებას, მოჰქონდა მისთვის შვიდფურცელა. ზენობია ათასგვარ საბუთს ერთად დაახვავებდა, იმის დასტურად, თუ რაოდენ აუცილებელი იყო იგი მისთვის. ამჯერადაც ასე მოხდა, მშვენიერი სანახავი იყო დედოფალი, გაბუტული ბავშვივით მოითხოვდა შვიდფურცელას. ძალიან დავიქანცეო, ამბობდა. უამრავმა საზრუნავმა უკანასკნელი ძალა გამომაცალაო, მათ ხომ ვერსად დაემალები... მერე კიდევ, იმ ჭკუანაკლულმა რომ იცეკვა ოქროს გვირგვინით... ყველაზე მეტად სწორედ ამან გამაღიზიანა, ეს საზიზღარი ხილვა ვეღარ მომიშორებიაო.
ამ უკანასკნელმა საბუთმა გაჭრა. ელო მოფარდაგულს მიეფარა, მალევე გამოჩნდა, მაღლა აწეულ ხელში ოქროს თასი ეჭირა, პირთამდე გალიცლიცებული.
ზენობიამ ხელი შეაგება ოქროს თასს. პირთან მიიტანა, სასმელი პატარპატარა ყლუპებით მოსვა.
- თაფლი ძალიან ბევრია, ანგელოზის ცრემლი ცოტაა, - თქვა მან.
- ესეც მეტია შენთვის. - წაიბუზღუნა ელომ, კვლავ შუბლშეკვრით იყურებოდა. უნდა ითქვას, აშკარად მეტისმეტი მოსდიოდა ელოს. ზენობიას მუდამ შესწევდა იმის ძალა, არ დამონებოდა რომელიმე მიწიერ ლტოლვას... თუნდაც ამზომამდე საამურ სასმელს, როგორიც შვიდფურცელაა... მისივე სიტყვები რომ გავიმეოროთ, ზენობიას შეეძლო მბრძანებლობა საკუთარ სხეულზეც და სამეფოზეც... ძლევამოსილი გონება და მეტად უაღრესად ფართო თვალსაწიერი დიდად ეხმარებოდა ამაში. წამიერი გააზიზება არ იყო სათვალავში ჩასაგდები. ის ხომ ჭეშმარიტი ქალი იყო, ქალებს კი საკუთარი სილამაზე ღვინოსავით ათრობთ ხოლმე. თანაც ასეთი რამ აც ისე ხშირად ხდებოდა...
- ნუ იბღვირები, - წაიბუტბუტა ზენობიამ.
ძალიან უნდოდა, ელოს ყურადღება სხვა გამეზე გადაეტანა, იქნებ აღარ ებუზღუნა, და აჰა, მოაფიქრდა; იმ ოქროს თასის შესახებ წამოიწყო ლაპარაკი, საიდანაც სასმელს ნებანება სვამდა;
- შეხედე, ელო, რა უცხო სანახავია ეს ოქროს თასი. რაც თავი მახსოვს, მუდამ ჩემს გვერდითაა. ბავშვობისას სწორედ ამით მასმევდი ნაირნაირ ნახარშებს, ამ დროს კი სულ მეჩვენება, თითქოს ეს წუთია დავინახე...
- მართლაც, გამორჩეული რამაა, - დაეთანხმა ელო, ხმა უკვე მორბილებოდა.
- ანგელოზის ცრემლი ასე გემრიელი არ იქნებოდა, ასეთ მშვენიერ თასში რომ არ ესხას.
- სხვა ჭურჭელს ვერც ვაკადრებ...
ამაო სულაც არ ყოფილა მათი აღტაცება, ოქროს თასი მართლაც მეტად მომხიბლავი რამ იყო.
უწინარეს ყოვლისა, მისი საოცარი სისადავე გეცემოდათ თვალში, ბელტივით გლუვი იყო, არანაირი ჩუქურთმა არ აჩნდა, თუნდაც წერტილისოდენად... ერთ მხარეს ფართო მწვანე ფოთოლი აჰკვროდა, ზურმუხტის თვლებისგან შეთხზული. ფოთოლი შვიდ ნაწილად იტოტებოდა (ამიომაც ერქვა ამ თასს შვიდფურცელა). ისე ჩანდა, თითქოს ვიღაცის მწვანე შვიდთითა ხელი ოქროს თასის ჩაბღუჯვას ცდილობსო. ფოთლის შუაგულში მოზრდილი მარგალიტი ციმციმებდა, რძესავით თეთრი, უნაზესი ელფერის მქონე მარგალიტი.
- მარჯვე ხელი და შეუმცდარი ალღო ჰქონია ამის შემთხზველს, - ამბობდა ზენობია, თან აღტაცებით უჭვრეტდა ოქროს თასს. - ზურმუხტის ფოთოლი ნამდვილს ჰგავს, ისე მიჯრითაა თვლები ჩაწიკწიკებული. მარგალიტიც ნამდვილი ცრემლივით ციმციმებს.
- ანგელოზის ცრემლივით, - შეუსწორა ელომ.
- ჰო, ანგელოზის ცრემლივით... მიამბე ბარემ, როგორც ბავშვობისას მიამბობდი. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, ზოგიერთი რამ დამავიწყდა კიდეც.
- გიამბობ, ოღონდ ჯერ შენი თმის დავარცხნა დამანებე, - თქვა ელომ. ეს მისთვის დიდად საამური საქმე იყო.
ზენობიამ წამოიწია, თავი გაიქნია, თმის ხშირი ტევრი მხრებზე ჩამოეშალა. ელომ ხელი შეაგება ღამისფერ დალალებს, მათ ვარცხნა-დალაგებას შეუდგა. თითქოს გემოს ატანსო, ისე დინჯად ირჯებოდა, სახეზე სიამოვნების ნათელმა გადაუარა.
ზენობიამ თვალები მილულა, მთელი არსებით მიენდო ელოს მზრუნველ ხელებს, სულით ხორცამდე ბავშვობაში გადასახლდა... თუ ელო რაიმეზე გაკაპასდებოდა (ფიცხი ხასიათის გახლდათ), ზენობიას თმის დავარცხნა უებარი საშუალება იყო მის დასამშვიდებლად. ჯერ კიდევ ბავშვობიდან მიუხვდა ამას ზენობია თავის გამზრდელს, სულზე უტკბესს... ასეთი მშვენიერი თმა ქვეყნად არავის ექნებაო, იტყოდა ხოლმე ელო, ვარცინდა, ელაციცებოდა, ეფერებოდა ბზინვარე ხშირ დალალებს. ხანდახან მუჭში მოიწმყვდევდა თმის ტევრს, ხუმრობით თავისკენ მოსწევდა. ზენობიაც ვითომ ტუქსავდა, თმები ნუ დამაწიწკნეო. ელოც კვლავ გაუშლიდა თმას, ისევ იწყებდა მათ ვარცხნა-ფერებას... დიდად საამური იყო ეს საქმე ელოსთვის, ზენობიას ბავშვობიდან მოყოლებული.
- ნამდვილი ზღაპრის გუდა იყავი, - თქვა ზენობიამ, თავი კვლავ ბალიშს დაანდო, ახლა კი ზღაპარი მომიყევიო, ელოს უთხრა. ელომ სავარცხელი გვერდზე გადადო, იწყო ზღაპრის მოყოლა...
,,იყო დრო, როცა არაფერი არ არსებობდა. იყვნენ მხოლოდ მზის ღმერთი და სინათლის ანგელოზები. ირგვლივ მხოლოდ სიცარიელე სუფევდა, თვალს ვერაფერზე შეაჩერებდი.
მობეზრდათ სინათლის ანგელოზებს გამუდმებით სიცარიელის ჭვრეტა, ეახლნენ მზის ღმერთს, სთხოვეს, შეექმნა რაიმე, სიცარიელისგან განსხვავებული. მისი ატანა აღარ შეგვიძლიაო, მეტისმეტად მოგვეწყინაო.
დათანხმდა მზის ღმერთი, მოწყენილობა მასაც შეჰპარვოდა. შექმნა სამყარო მრავალფერადი; მწვანით შემოსილი ველ-მინდვრები, დაკბილული მთაგრეხილები, თოვლიანი ქუდებით შემკული. მარად მოუსვენარი ლურჯი ზღვები და მდინარეები. ყველგან ცოცხალი არსებები დაასახლა; ჰაერში ფრინველებმა გაშალეს ფრთები, ზღვები და მდინარეები თევზით აივსო, ტყეებში ნადირებმა იწყეს ხეტიალი. სულ ბოლოს ადამიანი შექმნა, როგორც გვირგვინი ყოველივე უკვე შექმნილისა.
გაიხარეს სინათლის ანგელოზებმა, ფართოდ გაშალეს ელვარე ფრთები, მოეფინენ მრავალფერად სამყაროს ახალშექმნილს, თვალი დაარწყულეს მისი ჭვრეტით.
მერე ისევ მზის ღმერთს ეახლნენ სამადლობელი სიტყვის სათქმელად, მათი თხოვნა რომ ყურად იღო. ო, რა დიდებულია ახლადშექმნილი სამყარო, მისი ჭვრეტა არასოდეს მოგვბეზრდებაო, გალობდნენ სინათლის ანგელოზები. უნაპიროა მისი სილამაზე და მრავალფეროვნება, ასევე უნაპიროა ჩვენი მადლიერება, ასეთი სასწაული რომ შეგვიქმენიო.
ეამა მზის ღმერთს სახოტბო სიტყვები... ანდა ვის არ სიამოვნებს ისინი? გაეღიმა, მაშინვე ცისარტყელა გამოისახა ცის თაღზე. ერთადერთი, შვიდფერი ცისარტყელა აკლდა სამყაროს მრავალფეროვნებას, და აჰა, ისიც დაიბადა...
ნეტარებდა მზის ღმერთი, ღვაწლმოსილი და დიდებული. ნეტარებდნენ სინათლის ანგელოზები, ახალშობილი სამყაროს მშვენიერებით მოხიბლულები.
თუმცაღა, ერთერთი აკლდა ანგელოზთა გუნდს, იგი არ გარეულა მათ შორის და, რაღა თქმა უნდა, არც სამადლობელი ჰიმნი უმღერია მიზის ღმერთისთვის. რატომ? იმიტომ რომ მეტისმეტად გაერთო მრავალფერადი სამყაროს ჭვრეტით... უფრო სწორად, ადამიანის ჭვრეტით და თვალთვალით.
აი როგორ იყო ყველაფერი: ანგელოზმა შეამჩნია, რომ ადამიანი რაღაცით გამოირჩეოდა მოზეიმე მრავალფერადი სამყაროსგან. მეტად უცნაური ჩრდილი ეფინა შუბლზე, გეგონებოდა, ღრუბელმა გადაუარაო, ასე მოეჩვენა ანგელოზს.
იმ კურთხეულ დროს ცა და მიწა ეხმიანებოდა ერთმანეთს, ანგელოზმა ჰკითხა ადამიანს:
- ეს რა უცნაური ჩრდილი დაგფენია შუბლზე, - ჰკითხა სინათლის ანგელოზმა, - თითქოს ღრუბლისა უნდა იყოს, ასე მეჩვენება.
- ღრუბელი აქ არაფერ შუაშია, - უპასუხა ადამიანმა, - ეს ჩრდილი დარდის და ზრუნვის კვალია, სახელად სევდა ჰქვია...
- ეგ რაღას ნიშნავს? მსგავსიც კი არაფერი გამიგია, - გაიკვირვა სინათლის ანგელოზმა.
- ეს იმას ნიშნავს, როდესაც უამრავი რამ ერთად გწეწავს და გტანჯავს, და აღარ იცი, რომელ ერთს მიადევნო თვალი...
იწყო ადამიანმა საკუთარი საზრუნავ-სადარდებლის ჩამოთვლა, ვეღარც დაასრულა... იდგა სინათლის ანგელოზი, ფრთებდაკეცილი და თვალდახრილი. უსმენდა ადამიანის ჩივილს თუ რა ძნელია მისი ყოფა; თუ რამდენი რამ აწუხებდა, რამდენ რამეზე უნდა ეფიქრა მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, რომ მისთვის არაა მოსვენება, არც დღისით, არც ღამით.
ბოლოს სამდურავით დაასრულა თავისი ჩივილი ადამიანმა: - გაუსაძლისია ჩემი ტვირთი. ვერ გამიგია, მზის ღმერთმა ყოფა ამზომამდე რად დამიმძიმა.
სინათლის ანგელოზს ძალიან შეებრალა ადამიანი, ცრემლიც კი მოადგა თვალზე, თუმცა თავი შეიკავა, გადაყლაპა ის ცრემლი. არ უნდოდა, კიდევ რაიმეთი დაემძიმებინა ისედაც შეჭირვებული ადამიანი. უთხრა, შენს სამდურავს აუცილებლად მივაწვდენ მზის ღმერთსო, გაშალა ელვარე ფრთები და ზეცისკენ აიღო გეზი.
შეასრულა კიდეც თავისი სიტყვა სინათლის ანგელოზმა, მზის ღმერთს დაწვრილებით მოუთხრო ადამიანის გაუსაძლისი ხვედრის შესახებ საჩივარ-სამდურავი:
- ადამიანს ყველაზე მძიმე ხვედრი ერგო მიწიერ ბინადართა შორის. ჭაპანწყვეტით უხდება თავის გატანა, შვებას კი ვერასდროს პოულობს. აურაცხელი საზრუნავი ტანჯავს და აწამებს, შეუძლებელია მათი ჩამოთვლა, თან რა უცნაური სანახავია: ისე გამოიყურება, თითქოს შუბლზე ღრუბლის ჩრდილი აფენია, იმ ჩრდილს თვითონ სევდა უწოდა.
- ის ხომ ადამიანია, - ბრძანა მზის ღმერთმა, - სევდის ჩრდილიც სწორედ ამიტომ დაეფინა შუბლზე. ადამიანი ჭრიჭინასავით უზრუნველი ვერ იქნება.
- ნუთუ არ შეიძლება, ადამიანი იყო, თანაც ჭრიჭინასავით უზრუნველი? - იკითხა სინათლის ანგელოზმა.
- არ შეიძლება! ბოლოს და ბოლოს, რაიმე განსხვავება ხომ უნდა იყოს მათ შორის...
ჭეშმარიტად ღმერთის საკადრისის სიტყვააო, გაიფიქრა ანგელოზმა. აღარ იცოდა, რა ეთქვა.
სინათლის ანგელოზებიც ახმიანდნენ, მზის ღმერთის ირგვლივ მოციმციმე გუნდად შემორკალულნი: ჩვენ ხომ მრავალფეროვნება გვინდოდა... და აჰა, მზის ღმერთმა შეგვიქმნა იგი. ადამიანის ტანჯვა და სევდა ერთერთი ფერია იმ მრავალფეროვნებისა, რომლითაც ასე ზეობს სამყარო. ვერცერთ მათგანზე უარს ვერ ვიტყვით, თავისებურად ყველა მშვენიერიაო, ხმაშეწყობით გალობდნენ ანგელოზები.
სხვა რა დარჩენოდა სინათლის ანგელოზს, გაშალა ელვარე ფრთები, ჩამოფრინდა ისევ ადამიანთან, რათა ზეციური განაჩენი ეუწყებინა მისთვის. რაღა თქმა უნდა, ადამიანი საზრუნავით გართული დაუხვდა; კანაფის მოსავალს იღებდა, რათა სხვადასხვა საოჯახო ნივთები დაეწნა მისი მოქნილი ღეროებისგან. ფართოფოთლებიან კანაფზეა ლაპარაკი, შვიდ ფურცლად რომ იტოტება.
- არ ინება მზის ღმერთმა შენი მძიმე ხვედრის შემსუბუქება, - აცნობა ანგელოზმა ადამიანს, თან ცრემლებს ყლაპავდა, - მუდამ ჭაპანწყვეტაში იქნები, სევდა და საზრუნავი არ მოგაკლდება, არც დღისით, არც ღამით...
მეტისმეტად დაღონდა ადამიანი ამის გაგონებისას, თავი დაბლა ჩაჰკიდა, მუხლშიაც ღონე წაერთვა... ხელში შერჩა ახლადმოჭრილი კანაფის ღერო, ბარაქიანად შემოსილი ფართო მწვანე ფოთლებით, შვიდ ფურცლად რომ იტოტება.
შეხედა ადამიანს სინათლის ანგელოზმა, კიდევ უფრო შეებრალა იგი, ვეღარ შეძლო ცრემლის შეკავება, თუმცაღა ძალიან ცდილობდა ამას... გადმოუგორდა ობოლი ცრემლი თვალიდან ანგელოზს. ოღონდ ის ცრემლი დაბლა არ დაცემულა, კანაფის ფართო მწვანე ფოთოლზე დაეპკურა, ადამიანს ხელში რომ შერჩენოდა...
...და უცბად იგრძნო ადამიანმა, შვების მომგვრელმა ნიავმა მოჰბერა საიდანღაც, მუხლში ღონე მოემატა, თვალშიაც გამოიხედა. გაოცდა მეტად, ნეტავი შვება რამ მომგვარაო. მიიხედმოიხედა; ვეღარსად დაინახა სინათლის ანგელოზი. ჩანს, უკვე ზეცისკენ აეღო გეზი, ოღონდ აი, ანგელოზის ობოლი ცრემლი მარგალიტივით ციმციმებდა იმ ფართო შვიდფურცელა ფოთოლზე, თვითონვე ხელში რომ შერჩენოდა უიმედობის შემოტევისას.
მაშინვე მიხვდა ადამიანი (გონება ყოველთვის უჭრიდა), სინათლის ანგელოზის ცრემლმა იშვიათი უნარი რომ შესძინა შვიდფურცელა მწვანე ფოთოლს, და ეს უნარი ბევრი სიკეთის წყარო შეიძლებოდა ყოფილიყო მისთვის. კვლავ გააგრძელა მუშაობა, ღონემოცემულმა და გამხნევებულმა. ახლადმოჭრილი ქორფა კონების მთელი მთა დაახვავა.
მას შემდეგ მუდამ ერთად არიან ადამიანი და შვიდფურცელა. ანუ ის მწვანე ფოთოლი, შვიდ ფურცლად რომ იტოტება. ტკივილს უამებს იგი ადამიანს, სიმხნევეს და სიხალისეს მატებს. ბევრი სხვა საოცარი თვისებებიც აღმოაჩნდა, რომლებმაც თანდათან გაამჟღავნეს თავი. ძველთაგანვე თქმულა: სული და სხეული არ იცნობენ ერთმანეთს ბალღის ამქვეყნად მოვლინებისას, უცხონი არიან ერთმანეთისთვის სხვადასხვა სამყაროდან მოსულებივით. ეს საოცარი მცენარე შვიდფურცელა მათ ეხმარება, რათა ერთმანეთი შეიცნონ და გაითავისონ. ამდენად იგი, შვიდფურცელა ნამდვილი სალბუნია ახალშობილთათვის და პირიქით, შვებას აძლევს მარადისობის გზაზე შემდგართ, სულის და სხეულის გაყრისას. ერთი სიტყვით, ცხოვრების მძიმე ტვირთს უმსუბუქებს ადამიანს შვიდფურცელა, როგორც სინათლის ანგელოზი შესთხოვდა მზის ღმერთს~.
- მეტად ფერადოვანი ზღაპარია, - ძილმორეული ხმით წაიდუდუნა ზენობიამ, - ამ ოქროს თასის შემთხზველმა ოსტატმაც იცოდა იგი. ზურმუხტის შვიდფურცელა ფოთოლზე სწორედ სინათლის ანგელოზის ცრემლი გამოსახა ობოლი მარგალიტით.
ელომ უხმოდ დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად, ზენობიამ კვლავ გააგრძელა ლაპარაკი ძილმორეული ხმით:
- მერე საიდანღაც მოვიდა ჯადოქარი, შვიდფურცელასგან სასმელი მოადუღა, თაფლში გააზავა და სახელად ანგალოზის ცრემლი უწოდა.
იმ ჯადოქარს ელო ერქვაო, დაუმატა ბოლოს.
ელო ამ სიტყვებს მყისვე გამოეხმაურა.
- სინათლის ანგელოზმა შეიბრალა ადამიანი, ადამიანი კი თვითონვე არ იბრალებს ხანდახან თავს, შვიდფურცელას მონა ხდება...
- ჰო, ხანდახან ასედა ხდება, - წაიბუტბუტა ზენობიამ. დასწვდა ოქროს თასს, ბოლომდე გამოცალა იგი. ახლა დამდვილად მეძინებაო, ჩაილაპარაკა. ელოს აღარაფერი უთქვამს, აიღო ოქროს თასი, ფეხაკრეფით დატოვა დედოფლის მოსასვენებელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები