ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
9 აპრილი, 2016


პალმირა (ლაშქარი, ლოდის სამი სახე, ორი გარდასახვა)

ლაშქარი

დიდ ბრძოლას პატარ-პატარა შეტაკებები მიუძღვის წინ. ჯერ ბუზანკალივით იკბინება მტერი, აქა-იქ აჩენს ნესტარს, სანამ ღრჯოლებს საბოლოოდ გაიშიშვლებდეს. ასე ყოფილა და ასე იქნება მუდამ.
ლონგინოზი შემაღლებულ ფიცარნაგზე იდგა, მეომრების მწყობრ რიგებს დასცქეროდა. მზის ტაძრის ქურუმებიც მობრძანებულიყვნენ. დედოფალ ზენობიასღა ელოდნენ, რათა ლაშქრის დალოცვა აღესრულებინათ. ფრიალებდნენ ბაირაღები, მზისფრად ელავდნენ მათზე ოქრო-მკედით აღბეჭდილი სიმბოლოები, ქალაქ პალმირას დიდების გამომხატველნი. ლაპლაპი გაუდიოდა საგანგებოდ ალესილ საომარ საჭურველს და ჯავშანს. გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა პალმირა, ქალაქი-მარგალიტი. სხვა გზა აღარ ჩანდა, თუმცაღა ბევრს ეცადა ლონგინოსი, სისხლიანი შეტაკება როგორმე აეცილებინა თავიდან. რა აღარ იღონა, რა საშუალებას არ მიმართა, როგორმე მოერიგებინა შეურიგებელნი, ამაოდ, უნაყოფოდ ჩაუარა ყველაფერმა.
ომი ომია, მეტისმეტად საეგებიო საქმეა... ეს გახლავთ მისი უმთავრესი თვისება. თუ სხვაზე უკეთესად არა, ნაკლებად მაინც არ იცოდა ეს ჭეშმარიტება ლონგინოსმა. ომში ჩაბმა, ეს იმას ნიშნავს, სასწორზე შეაგდო ყოველივე, რითაც ცოცხლობ და სუნთქავ. კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო, როგორც საკუთარი, ისე ახლობლების ყოფნა-არყოფნა. ვერაფერი წაშლის იმ კითხვის ნიშნას, როგორი სამზადისიც არ უნდა გასწიო ომისთვის... რამდენად ძლევამოსილი ლაშქარი გყავს, როგორ იარაღს ფლობ... კითხვის ნიშანი მაინც ყოველთვის არსებობს.
დაინთება ომის ქარცეცხლი, ძლევამოსილი მეომრები შეერკინებიან ერთმანეთს. მიწაც კი აკვნესდება მათ ფეხქეშ, იმდენად დიდი ძალი და ღონე დაიხარჯება. შემზარავ სურათებს შობს სიკვდილ-სიცოცხლის გრიგალი, რომელთა დანახვაც ყველას კარგად შეუძლია, მაგრამ ვერავინ ხედავს იმ სასწორს, რომელზედაც ბრძოლის ყისმათი იწონება. უხილავად ირწევა იგი მებრძოლთა თავებს ზემოთ, ასევე უხილავი ძაფებით იქსოვება მათი ყოფნა-არყოფნის ბილიკებიც.  ვის შეუძლია, თვალი მიადევნოს ყოველ მათგანს?
საცდელს, რაღა თქმა უნდა, არ დააკლებენ, მრავალნი მიაპყრობენ თვალს ზეცისკენ, იქ მოჰყვებიან გარდაუვალის ძიებას, და სულ ამაოდ... ვერავინ დაინახავს, ვინ და როგორ, რა ძალა ჩამოჰკრავს ჰაერში მოქანავე ბრძოლის სასწორს, საით გადახრის მას. ამას ნურავინ დაიტრაბახებს.
ლონგინოსმა უნებურად შუბლი მოისრისა, ფიქრებში გართულმა; არასდროს უღალატია თავისი ქებული წინდახედულებისთვის, სიფრთხილის რა ზომებს არ მიმართა, თითქოსდა შეუვალი დაბრკოლებები აღმართა პალმირას თვალსაწიერზე, შხამიანი სოკო მაინც ამოვიდა... თანაც რა გრძელი საცეცები აღმოაჩნდა, პიტალო კოშკში შეაღწია, ფუძის გველი წაჰგვარა ქალაქ-მარგალიტს. ბევრი უსიამოვნება მოჰყვა ამ დანაკარგს, ფუძის გველის დაკარგვას. საგანგებოდ იზრუნა მტერმა, ყველას გაეგო ამის შესახებ. ცისმარე დღე ქუჩაქუჩა დაატარებდნენ ფუძის გველს, მაღალ ტახტრევანზე დაბრძანებულს. ხელს მისკენ იშვერდნენ მეომრები და გაჰყვიროდნენ; მფარველმა ღვთაებამ მიატოვა პალმირა, და იგი განწირულია, აღარაფერი უშველისო.
როგორც წესი ამსოფლისა, სწორედ ასეთი შავბნელი ხმები ვრცელდებიან ყველაზე სწრაფად, თითქოს მართლა გველის ხვრელს მიჰყვებიანო, ყველგან აღწევენ, ყველგან შხამს და ღვარძლს თესავენ. მით უმეტეს, ამ ხმებს ცხადი სურათხატება მიუძღოდა წინ...
მართალია, მტერმა არ იცოდა, თუ რა საიდუმლო იმალებოდა ფუძის გველის მიღმა... ანუ ოქროს მოპოვების საიდუმლო, მაგრამ მტერი ამით ჯერჯერობით არაფერს ჰკარგავდა, შხამი და ღვარძლი თავის საქმეს დაუბრკოლებლად აკეთებდა. თვითონ ლონგინოსი კი (და საერთოდ, პალმირას გულშემატკივარნი), ვერაფერში იყენებდნენ ამ საიდუმლოს, ჯერჯერობით იგი ურგები იყო მათთვის, ყოველივე ბრძოლის ბედზე ეკიდა... ლონგიოსიც ემზადებოდა ამისთვის. გუმანით ყოველთვის გრძნობდა, ომი გარდაუვალი რომ იყო... სხვა საშველი აღარაა, ხმალი უნდა იპყრას ხელთ... მტერმა ერთი ზეიმი უკვე გასწია, როცა ფუძის გველი წაჰგვარა ქალაქ-მარგალიტს. აღარ უნდა მისცეს საშუალება, კვლავ იზეიმოს...
ლონგინოსი ფიქრებიდან მეომართა შეძახილებმა გამოარკვია. თავი ასწია, დედოფალი ზენობია მობრძანებულიყო უფლისწულთან ერთად. ლონგინოსს სახე გაუნათდა, აღტაცება ვეღარ დამალა; დედაშვილის ხილვით გამოწვეული, ამ მშვენიერი სანახაობით გამოწვეული.
ჭეშმარიტად, დიდი ძალა აქვს ადამიანურ მომხიბვლელობას, რაც ჭარბად გააჩნდა ზენობიას და კარგადაც იყენებდა. მართლაც უცხოდ ნაძერწ ქანდაკებას ჰგავდა, როგორც გუნებაში არაერთხელ აღუნიშნავს ლონგინოსს. სიტყვა უჭირდა, ხმაც ხელს უწყობდა, მსუყე, ღონიერი... მისი შუქიანი თვალების მზერა ხომ ერთნაირად აჯადოებდა დიდსა თუ პატარას. უფლისწულიც გამგონედ ამოდგომოდა მხარში მშობელ დედას, ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდა საომრად გამზადებულ ლაშქარს, ასეთ რამეს ხომ თავის სიცოცხლეში პირველად ხედავდა...
- კარგია, ძალიან კარგია, - გუნებაში ამბობდა ლონგინოსი, როცა მეომრების სახეებს უთვალთვალებდა. აშკარა აღფრთოვანება და თაყვანისცემა იკითხებოდა მათ თვალებში. ისინი აღმერთებდნენ თავიანთ დედოფალს... არა მარტო იმის გამო, რომ იგი მართლაცდა ფრიად მიმზიდველი შესახედაობის ქალი გახლდათ, ჭეშმარიტად დედოფლური იერის მქონე... ცხადად ხედავდნენ და გრძნობდნენ ყველანი, მეომრული სული რომ ღვივოდა მშვენიერ დედოფალში. ეს განსაკუთრებით ხვდებოდათ გულზე. ლამის ზეცას უწვდინეს ხმები, ისეთი ყიჟინა აღმოუტევეს, როცა ზენობიამ დაასრულა თავისი სეფე-სიტყვა.
მიჩუმდა მეომართა ყიჟინა, ახლა უკვე მხედართმთავრები წარუდგნენ პალმირას დამცველ მეომრებს. მათაც თქვეს თავიანთი სიტყვები, საომარი ცეცხლით მღვივარი. ომახიანი ხმით შეუძახეს მეომრებს, შეახსენეს ქალაქ-მარგალიტის ზეობა, მტერს რომ მუდამ თვალს უყენებდა... ეს ზეობა კვლავაც უკლებლად უნდა შევინარჩუნოთო, ჭექდნენ და ქუხდნენ მხედართმთავრები, თუნდაც სიცოცხლის ფასადო, არ გავახაროთ მტერი, ავის მსურველი ჩვენთვის.
ამის შემდეგ ქურუმის ჯერი დადგა. მანაც არ დააყოვნა, მაღლა აღაპყრო ორივე ხელი, მზის ღმერთს მოუხმო, საგანგებო გულმხურვალებით შეევედრა, მხნეობა და სიბრძნე შთაენერგა პალმირას დამცველი მეომრებისთვის, გამარჯვებისკენ მიმავალი ბილიკი გაენათებინა მათთვის. სიტყვას საქმეც მიადევნა ქურუმმა, მაღლა აღმართა ბაჯაღლო ოქროს დისკო, რომელზეც სხივთამფრქვეველი მზის სახე იყო ამოტვიფრული. ცაზე მსუფევ მზეს დაანახა იგი ქურუმმა, ერთნაირად გაიბრწყინეს ზეციურმა და მიწიერმა მზეებმა...
უფლისწულმაც თქვა სეფე-სიტყვა, მხნეობა და გამარჯვება უსურვა საომრად მიმავალ ლაშქარს... ო, რა გულისამაჩუყებლად დაიჟღერა ბავშვურად წკრიალა ხმამ, ახლადდაფრთიანებული ფრინველის ბარტყივით შეინავარდა ჰაერში.
მკაცრი სახეები მოურბილდათ მეომრებს უფლისწულის ხმის გაგონებისას, ბავშვი გვილოცავსო, ერთმანეთს ჩუმად გადაულაპარაკეს საამოდ მოესალბუნათ გულზე მზის ტაძრის ქურუმის დალოცვას არ უმოქმედია მათზე ამზომამდე.
ლონგინოსმა უნებურად თავის დაქნევით დაუკრა კვერი უფლისწულის სიტყვებს, წკრიალა ხმით წარმოთქმულს. დედოფალ ზენობიასთან თათბირი გაახსენდა ლაშქრის დალოცვის თაობაზე; სწორად განვსაჯეთ, ბოლო სიტყვა უფლისწულს რომ დავუწესეთო, გაივლო გულში.
თვითონ ლონგინოსს ერთი სიტყვაც არ უთქვამს მთელი ამ ხნის მანძილზე, უჩუმრად შეჰყურებდა, თუ რა წესით და რიგით მიდიოდა ირგვლივ ყოველი. მისი სეფე სიტყვა სიჩუმე იყო, ოღონდ ისეთი სიჩუმე, მიწაში ჩაზრდილ ხის ფესვებს რომ მოსდგამთ. შრიალებენ მწვანე ფოთლები, ყვავილები ნაირფერებით ყელყელაობენ, ფესვები მუდამ ჩუმად არიან, და სწორედ ეს სიჩუმეა საზრდო ყოვლისა...
მიწყდა თუ არა უფლისწულის ხმა, ლონგინოსმა მაშინვე გასცა ლაშქრის ადგილიდან დაძვრის ნიშანი. მხედართმთავრებმა შეუძახეს ლაშქარს, ერთ წამში ყოველივე ამოძრავდა ირგვლივ, მეომრებმა ნაბიჯები გადადგეს, გაუყვნენ ბრძოლის ველისკენ მიმავალ გზას.
მწყობრი ბაგუნით ჩაიარეს კოლონებად დამწკრივებულმა მეომრებმა მზისსახიანი ბაირაღები ფრიალებდნენ მათ თავებს ზემოთ. მიაბიჯებდნენ და არავინ უწყოდა, მათგან ვინ და რამდენნი დაბრუნდებოდნენ უკან, ვის რა ბედი მოეწეოდა, ვისთვის რა ხვედრს სჭედდა და ამზადებდა ომის ქარცეცხლი.
თვალს მიეფარა ბოლო ბაირაღის ფრიალიც, გაფანტვა იწყო მეომართა ფეხქვეშ ადენილმა მტვერმა. დედოფალმა ზენობიამ და ლონგინოსმა ერთმანეთს გაუსწორეს მზერა. ლოდი დაიძრა ხელისუკვრელად, ლოდი პალმირასკენ მოექანება, აი ეს უთხრეს ერთმანეთს თვალებით.


ლოდის სამი სახე

რა არის ყველაზე მძიმე? ლოდინი. რა არის ყველაზე საამური? ისევ ლოდინი. ასე სმენოდა ლონგინოსს ჯერ კიდევ ჭაბუკობიდანვე, თვითონაც სულით და გულით ეთანხმებოდა.
ჭეშმარიტად: არაფერია იმ წამებზე საამური, როდესაც საყვარელ ადამიანთან შეხვედრას ესწრაფვი. წინმსწრები წამები ყოველთვის მეტია იმაზე, რაც სასურველ შეხვედრას შეიძლება მოჰყვეს.
ასევე, რაიმე განსაცდელის ან ტკივილის მოლოდინიც მეტია მის აღსრულებაზე, ანუ იმ წამებზე, როდესაც ხორცს შეისხამს მოსალოდნელი...
ერთსაც და მეორესაც დახვედრა სჭირდება თავისებურად... ხბოსავით არ უნდა კუნტრუშებდე, თუ რაიმე საამურს ელი. არც თვალები უნდა დაითხარო, იმის შიშით, რაიმე უამური არ შემემთხვასო. ძალის მოკრეფაა საჭირო, როდესაც დადგები გარდაუვალის წინაშე.
ალბათ სწორედ ამიტომ დაერქვა მოლოდინი (ლოდთან წილნაყარი სახელი) რაიმე მოვლენის წინმსწრებ წამთა სიმრავლეს. დროის ქსოვილს ქმნიან ქსოვენ ეს წამები, ხელშესახებ სახეს აძლევენ მას.
სხვადასხვანაირია მოლოდინი, ზემოთქმულიდან გამომდინარე. ის შეიძლება ნიავზე უფრო მსუბუქი იყოს; ეს მაშინ, როცა რაიმე საამურს ელი. ანდა პირიქით, ისე დამძიმდეს, თვით ლოდსაც კი გადააჭარბოს, როგორც ახლა ჩვენ გვჭირს, პალმირას ქვეშევრდომებსო, ფიქრობდა ლონგინოსი. ვიბრძვით, ვცდილობთ და თან ველოდებით... უამისობა არასდროს არაა, რა ზედმიწევნითაც უნდა ფლობდე მოვლენათა სადავეებს. ველოდებით, თუ რას მოაწევს განგება ჩვენზე, საით გადაიხრება ბედისწერის სასწორი, ყველა ჩვენგანის თავს ზემოთ მოქანავე.
სხვა რა გზაა, უნდა გავუძლოთ, უნდა გადავაგოროთ ეს წამები, ლოდივით რომ დამძიმებულან.
...და რაღა თქმა უნდა, არის ლოდის მესამე სახეც; ესაა ლოდი, რომელიც კლდეს მოწყდა ხელისუკვრელად. იგი ქალაქ პალმირასკენ მოექანება, მაგნიტივით იზიდავს მისი სიმდიდრე და მშვენება.
ოქროსთავიანი და თიხისფეხებიანი კერპი ერთხელაც აღარ უხსენებიათ არც ლონგინოსს, არც დედოფალ ზენობიას. თითქოსდა უფრთხოდნენ, ხორცი არ შეესხა სიტყვას... პალმირაც ხომ ერთერთი კერპთაგანი იყო, მთელ დედამიწაზე რომ მოფენილან. აღარც სცხელოდათ საამისოდ, აურაცხელმა საზრუნავმა მორევის მსგავსად ჩაითრია მთელი ზურმუხტის სასახლე, მქისე ფარდის მიღმა მიმალა ყოველივე, რაც უშუალოდ ბრძოლის ქარცეცხლს არ უკავშირდებოდა.
უწინარეს ყოვლისა, უფლისწულზე უნდა ეზრუნათ.
- ლაშამ უნდა დატოვოს პალმირა, - მოითხოვა ზენობიამ.
ლონგინოსი დაეთანხმა, თვითონაც ამ აზრისა იყო, უკვე გამზადებული ჰყავდა სანდო ხალხი. გვიან ღამით გააპარეს უფლისწული და მისი მხლებლები, ისეთნაირად გადაცმულები, თითქოს უბრალო ვაჭრები იყვნენ. სამოსელის ნაკეცებში საგანგებოდ ალესილ იარაღს მალავდნენ. მარცვლეულით სავსე ტომრები დაახვავეს ეტლში, რომელშიაც უფლისწული იჯდა. ტომრებს ქვემოთ საგანძური იყო მიმალული. მათ შორის ის გვირგვინიც, დაბადების დღისთვის რომ მიიღო საჩუქრად მშობელი დედისგან. ზენობიამ მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა შვებით, როდესაც აცნობეს, უფლისწული უკვე ნახევარი დღის სავალზე გაშორდა პალმირას გალავანს, მალე სამშვიდობოსაც გააღწევსო.
საზრუნავი საზრუნავს მისდევდა, ერთი მეორეს ასწრებდა... ლონგინოსი თითქმის აღარც კი გამოდიოდა სათათბირო დარბაზიდან, მძიმედ დაყრდნობოდა ფართო მაგიდას, ერთიანად მოფენილს სხვადასხვა ზომის გრაგნილებით. უამრავი უწვრილესი ძაფი იყო გაბმული ზურმუხტის სასახლესა და ბრძოლის ველს შორის, სადაც პალმირას ბედი წყდებოდა. რამდენი რამის გათვალისწინება იყო საჭირო: ,,ვიფიქროთ უკეთესზე, მზად ვიყოთ უარესისთვის~, ამბობდა ლონგინოსი, თადარიგს აძლევდა მიმსვლელ-მომსვლელს, ფართო მაგიდის მის ირგვლივ ხალხის სრული ჯგრო ირეოდა გამუდმებით. ერთნი მიდიოდნენ, მეორენი მოდიოდნენ.
დედოფალიც მხარში ედგა პალმირას ბურჯს და საძირკველს. დროის უმეტეს ნაწილს ისიც სათათბირო დარბაზში ატარებდა. ცდილობდა არაფერი დარჩენილიყო მისი ყურადღების მიღმა, თუნდაც სულ უმცირესი წვრილმანი. ერთად განსაჯეს და ორივემ დაასკვნა, პალმირას გალავანს საგანგებო დაცვა რომ სჭირდებოდა. ჯერჯერობით თითქოს არაფერი ჩანდა საიმისო, მაგრამ სიფრთხილე საქმეს ნამდვილად არ აწყენდა. ლონგინოსმა საგანგებოდ შეარჩია მეომრები, გაბედულებით და სისხარტით გამორჩეულნი, მეთაურად მეკლდეური დაუყენა, კლდის ვეფხვს რომ ეძახდნენ. პალმირას გალავნის დაცვა დაავალა. საიდუმლო გასასვლელების გასაღებებიც ანდო, ჩააბარა. მეკლდეურმა გულზე დაიბრაგუნა მჯიღი, სანამ ცოცხალი ვარ, პალმირას გალავანს მომხვდური ვერ გადმოაბიჯებსო, თქვა მეომრის ხაფი ხმით. აკი ასედაც მოხდა...
იბრძოდნენ, ცდილობდნენ, და რაღა თქმა უნდა, ელოდნენ... (უამისობა არასდროს არაა) თუ რას მოაწევდა განგება მათზე. ირწეოდა ბრძოლის სასწორი, ამბები მოდიოდა ბრძოლის ველიდან... ბრძოლის ქარცეცხლი ხომ სრულიად ცვლის დროის სრბოლას, რაღაც გამოუცნობ, წამისწამად ცვალებად დროით იკანკლედს ქმნის, ამბებიც საოცარი სისწრაფით მისდევენ ერთმანეთს. ყურგამახვილებული ისმენდა მათ ლონგინოსი, და როცა რაიმე უსიამოვნოს შეატყობინებდნენ, წამით ის მათხოვარი გაუელვებდა თვალწინ, ფუძის გველი რომ ააცალა თვალსა და ხელს შუა. მათხოვარი თვალებში შემოჰყურებდა, და ნიშნისმოგებით იღიმებოდა, როგორც სიზმარში იხილა მერე.
ერთერთი ახალი ამბავი ის იყო, რომ უფლისწული ლაშა ზურმუხტის სასახლეში დაბრუნდა. ლონგინოსს სასწრაფოდ უხმეს დედოფალთან, გაფითრებული ზენობია გულში იკრავდა ერთადერთ შვილს და ზეცას მადლობას სწირავდა მისი გადარჩენისთვის. ათი წლის ბალღსაც შიშით უელავდა თვალი, თუმცაღა, როგორც მერე გაირკვა, საკმაოდ კარგად გაერთვა თავი განსაცდელისთვის.
მტრის მეომრებს გადაჰყროდნენ უფლისწული და მისი მხლებლები. გაუგებარი იყო (ასედაც დარჩა ბოლომდე, ვერავინ გაარკვია), შემთხვევით თუ წინასწარ ჩასაფრებულებს. ცხარე ბრძოლა გაიმართა, ათი წლის ბალღმა არეულობით ისარგებლა და თავს უშველა...
ეს ამბავი (ომისთვის სრულიად ჩვეულებრივი და თანმდევი) კარგიც იყო და ცუდიც. კარგი ის იყო რომ მშვიდობით გადარჩა უფლისწული, ერთი ნაკაწრიც კი არ ჰქონია. სამოსელიც კი (უბრალო ვაჭრის) ხელუხლებელი ჩანდა. ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც წასვლის წინ.
ცუდი ის იყო, რომ ვერ გაასწრო სამშვიდობოს უფლისწულმა. სჯობდა, რაც შეიძლება შორს ყოფილიყო ბრძოლის ველიდან... მთელი ავლა-დიდებაც დაიკარგა, რაც თან გაატანეს, მარცვლეულის ტომრებში ჩამალული... მათ შორის ის გვირგვინიც, საგანგებოდ რომ შეუთხზა ზენობიამ ათი წლის თავზე. მხლებლებიც ზოგი დაიხოცა, ზოგიც გაიქცა.
- რაც მთავარია, მშვიდობით გადარჩა უფლისწული, - თქვა ლონგინოსმა, - ისე გადავმალავ, ძეხორციელი ვერ მიაგნებს. არის სხვა საშველიც.
ზენობიამ უხმოდ დაუქნია თავი, ეს საშველი მანაც კარგად იცოდა; როგორც საკუთარ თავს გარდასახავდა ხოლმე ლონგინოსი ყარიბობის ჟამს, უფლისწულიც ისევე უნდა გარდაესახა და საიდუმლო გვირაბში გადაემალა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სხვა ღონე აღარ იქნებოდა დარჩენილი, ამაზე ლაპარაკს კი ორივე არიდებდა თავს.
ირწეოდა ბრძოლის სასწორი, ერთმანეთს ასწრებდნენ ბრძოლის ამბები, მეტისმეტად ჭრელნი, ხანდახან სრულიად გაუგებარნი... ერთმანეთში ითქვიფებოდა კარგიც და ცუდიც, თანაც ისე უცნაურად, მხოლოდ ბრძოლის დროს რომ შეიძლება მოხდეს. დროის იკანკლედიც სულ უფრო და უფრო აჩქარებდა სრბოლას, წამები ერთმანეთს ისე მისდევდნენ, თითქოს ცოფი შეეყარათო.
როგორ ცხოვრობდა ლონგინოსი იმ დღეებში? თვითონ ვერაფერს იტყოდა, ვინმეს რომ მოეცალა და ამის შესახებ ეკითხა მისთვის. სუნთქავდა, ჭამდა, სვამდა, ეძინა... თუ ძილი შეიძლება უწოდო რამდენიმე წუთით წათვლემას, როცა ამის საშუალება იყო... ერთი სიტყვით, თითქოსდა ცხოვრობდა, მაგრამ ისე, რომ თვითონ ვერ გრძნობდა ამას. ვეღარ აღიქვამდა სასმელ-საჭმელის გემოს, თავს ძალას ატანდა, როგორმე გადაეყლაპა ლუკმა, რათა ძალა ჰქონოდა ფეხზე მდგარიყო. თითქოს რომელიღაც საცალფეხო ბილიკს გადააბიჯაო, ისე ინაცვლებდა ძილიდან ღვიძილში, ანდა პირიქით. ისე მიეჩვია ამას, ოდნავადაც არ ეხამუშებოდა. ერთხელ საკმაოდ ღრმად გაიკარწრა ხელი, რომელიღაც საბრძოლო იარაღის მოსინჯვისას. სანამ მკლავი მთლიანად სისხლით არ შეეღება, მანამდე ვერ აღმოაჩინა ის ნაკაწრი. სამაგიეროდ, იმას კი აშკარად გრძნობდა, ჰაერი რომ იწვოდა პალმირაში... იწვოდა უხილავი, ჩვეულებრივ ცეცხლზე ბევრად უფრო მწველი ცეცხლით. სწორედ ასეთ ჰაერს სუნთქავდა ქალაქ პალმირას ბურჯი და საძირკველი. რაღა გასაკვირია, ერთიანად რომ დაეკარგა სხვა ყოველგვარი განცდა, ბუნებისგან ბოძებული. იმავე ჰაერს სუნთქავდა დედოფალი ზენობია, უჩვეულოდ მწველი ცეცხლით შეზავებულს. ეს ერთი შეხედვისთანავე ცხადი იყო; მისი შუქიანი თვალები გაღვივებულ ნაკვერცხლებს დაემსგავსნენ. ნაპერწკლებსაც აკვესებდნენ ნამდვილი ნაღვერდლებივით.

მიექანებოდნენ ცოფიანი წამები, თან სულ უფრო და უფრო მძიმდებოდნენ. ლონგინოსი მძიმედ ეყრდნობოდა გრაგნილებით მოფენილ მაგიდას, თითქოს ცდილობდა მასზე გადაეტანა სიმძიმე, გულზე ლოდივით რომ აწვა. ცუდმა იძალა ბრძოლის ველიდან მოღწეულ ამბებში. თავის შავბნელ საქმეს აკეთებდა ფუძის გველის დაკარგვაც.
ბევრს ეცადა ლონგინოსი, მაგრამ სათავე ვერ გადაუწყვიტა საყოველთაოდ გავრცელებულ ავ ხმებს, პალმირა განწირულია, რადგანაც მფარველმა ღვთაებამ მიატოვაო. არასასიკეთო იყო ეს ხმები და მის შედეგსაც იმკიდნენ პალმირას გულშემატკივარნი. ერთმანეთს მიჰყვებოდნენ სულ უფრო და უფრო ბნელი, უსიამო ამბები... ბრძოლის ველზე რაღაც გაუგებარი ხდებოდა. მხედართმთავართაგან ერთი ერთს ამბობდა, მეორე სულ სხვას, შველას და დახმარებას კი ერთნაირად ითხოვდა ყველა. თუმცა არც დამხმარე ძალის გაგზავნის შემდეგაც მიდიოდა საქმე უკეთესად. ისევ და ისევ ატყობინებდნენ ლონგინოსს ისეთ ამბებს, რისგანაც ლამის გული უჩერდებოდა; ამა და ამ ადგილას უკვე მტერმა მოიკიდა ფეხი, ყოველივე მოსრეს და დაანგრიეს. წინააღმდეგობასაც არავინ უწევს. მეომართაგან ზოგი გაიქცა, ზოგიც მტრის მხარეს გადავიდა; თვითონვე აოხრებდნენ და ბუგავდნენ ცეცხლში საკუთარ მშობელ მხარეს, თან უფრო მეტი გავეშებითაც, ვიდრე ამას მომხვდური სჩადიოდა. მათთვის აუცილებელი იყო, მომხვდურს გაემარჯვნა რათა მოღალატის სახელს აცდენოდნენ. ამიტომ სწორედ ისინი იყვნენ ყველაზე დაუნდობლები მტრის მხარეს გადასული მოკეთენი.
რა ხდება პალმირას თავს? - ეკითხებოდა ზენობია ლონგინოსს. ამ დროს თვითონ მას კი არ უყურებდა... სადღაც მის მიღმა იხედებოდა გაფართოებული თვალებით, თითქოსდა ცხადად ხედავდა ოქროსთავიან და თიხისფეხებიან კერპს, რომელიც მაგნიტივით იზიდავდა თავისკენ მტრის მძიმე მზერას, ლოდივით მძიმეს. ხედავდა ზენობია, როგორ ირწეოდა ოქროსთავიანი კერპი თავის სუსტ, თიხისგან ნაძერწ ფეხებზე.
ლონგინოსიც ხედავდა ვაგლახად დარწეულ ოქროსთავიან კერპს, თუმცა ამაზე არაფერს ამბობდა, პირიქით, უამრავ საბუთს ერთად დაახვავებდა, რომ ჯერ კიდევ იყო საშველი და იმედი არ უნდა გადაეწყვიტათ. თუმცაღა თვითონ მას ათასი ჭია ერთად უღრღნიდა გულს. გაუძლებს პალმირა? თუ დაეცემა? დიდი კითხვის ნიშანი ლამის ცხადლივ გამოიკვეთა ქალაქ მარგალიტის თავზე. ბრძოლის სასწორი მეტად საეჭვოდ ირწეოდა... რას უმზადებდა განგება პალმირას? ეს არავინ იცოდა, უკვდავი ღმერთების გარდა, ღმერთები კი იშვიათად იმეტებენ პასუხს მოკვდავთა შეკითხვებზე. თუმცაღა ცდა არ დაუკლიათ ზურმუხტის სასახლეში როგორმე შეერღვიათ მომავლის ბურუსი. განუწყვეტლივ ლოცულობდნენ მზის ტაძრის ქურუმები. ზენობიაც ხშირხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე სალოცავად, ელოც მასთან იყო.
ლონგინოსს სალოცავად ნამდვილად არ ეცალა, ცოფიანივით მსრბოლავ წამებს აყურადებდა... სულ უფრო და უფრო მძიმდებოდნენ წამები, საშინელი სისწრაფით მიექანებოდნენ სადღაც, გარდაუვალისკენ.
და აჰა, ისიც აღსრულდა; მოიჭრნენ მაცნენი, ამბავი მოიტანეს, მტერი სულ ახლოსაა, პალმირას გალავანს ლოდებს უშენსო.
ასე რომ, უკვე ნამდვილ ლოდად გარდაისახა მტრის მზერა, ლოდივით მძიმე.
- მეკლდეურს მიხმეთ, - თქვა ლონგინოსმა ამის პასუხად.
ერთი ესღა იყო უკანასკნელი იმედი, იშვიათი სისხარტის და გამბედაობის მქონე ვაჟკაცი. იქნებ გადაერჩინა პალმირა... უთხრა ლონგნოსმა სეფე-სიტყვა მეკლდეურს, პალმირას ბედიღბალი ჩააბარა. იქნებ მოხერხდეს, გადავარჩინოთ პალმირა და ვინ იცის, ბრძოლის ჩარხიც წაღმა შემოტრიალდესო. ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის დაკარგულიო.


მეკლდეურმაც მაშინვე მიაშურა პალმირას გალავანს თავის რჩეულ მეომრებთან ერთად. კვლავ მიჰყვნენ ერთმანეთს ლოდივით მძიმე... თუ ბევრად უფრო უმძიმესი წამები. რას მოაწევს განგება? შეხედავს თუ არა მოწყალე თვალით მათ უკანასკნელ იმედს? სუნთქვაშეკრულნი ელოდნენ ბრძოლის ამბებს. ახლა უკვე პალმირას გალავნიდან ამბავი მოვიდა, ალბათ ყველაზე თავზარდამცემი იმათგან, რაც აქამდე სმენოდათ; მომკვდარიყო მეკლდეური, თანაც ისე ანაზდად, ვერც კი მოესწრო ბრძოლაში ჩაბმა.
მოუსმინა ლონგინოსმა ამბის მომტან მსტოვარს, ათასი ფიქრი ერთად დაეხვია, ბურუსით მოცული ჩანდა ყოველივე. იქნებ მოკლეს? შეიძლება. ამას ახლა ვეღარავინ გაარკვევს, არც დროა და არც საშუალება. ამას გარდა, ზოგიერთი ადამიანი სხეულით თან დაატარებს უეცარი სიკვდილის ნიშანს, მეტად იდუმალს, რომელზეც თვითონ წარმოდგენაც არ აქვს. და არავინ იცის (ცხადია, არც თვითონ), თუ როგორ ამოქმედდება ეს იდუმალი ნიშანი. როგორი სახით იჩენს თავს, განგებამ ინება, სწორედ ახლა გაემჟღავნებინა თავი ამ იდუმალ ნიშანს, როცა სხვა საშველი და ღონე აღარ ჩანდა, მეკლდეურის გარდა თანმხლები მეომრების გუნდიც დაიქსაქსა, დანამდვილებით არავინ იცოდა, თუ რა ღონისთვის უნდა მიემართათ. არავის ენდობოდა ბოლო დროს ლონგინოსი. სხვას არავის ანდო საიდუმლო გასასვლელების მიმდევრობა. თვითონ მეკლდეურმაც ვერავის ვერაფერი უთხრა სიკვდილის წინ. სიკვდილმა ისე სწრაფად წაართვა სუნთქვა, ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო, ამბობდნენ მხილველნი.
- ეს უკვე ბედისწერაა, - გაივლო გულში ლონგინოსმა, აღარაფერი უთქვამს, ერთი ხელის მოსმით ყოველივე ძირს გადმოყარა ფართო მაგიდიდან. ეს ყველაფერი დაწვითო, ბრძანა. დიდად გაოცებულიც დარჩა, როდესაც მოიძებნენ ამ ბრძანების აღმსრულებლებიც ირგვლივ შემოხვეულ ჭრელ ჯგუფში.
იმავე წამს დედოფალ ზენობას მსუყე, მაღალი ხმა გაისმა:
- წაიღეთ, ვისაც რა შეგიძლიათ... გაიქეცით...
ამ სიტყვებს საშინელი ალიაქოთი მოჰყვა. ირგვლივ ყოველივე ირყეოდა, კვნესოდა, ზრიალებდა. ყველანი აქეთ-იქით დარბოდნენ, ისმოდა მტვრევა-მსხვრევის ხმა, გადაძახილ-გადმოძახილი. ერთიანად ირყეოდა და ზრიალებდა ზურმუხტის სასახლე დიდ ღელვაში მოხვედრილი გემივით.



ორი გარდასახვა

ლონგინოსმა და ზენობიამ წინკარს შეაფარეს თავი. იქ, სადაც საიდუმლო გასასვლელის კარები იღებოდა. მალე მათ ელო შეურთდა უფლისწულთან ერთად. ყველანი უძრავად იდგნენ, როგორც ქანდაკებები, სასახლეში ატეხილ ხმაურს აყურადებდნენ, ერთხანს გაგრძელდა მიმორბენა და გადაძახილ-გადმოძახილი, მტვრევა-მსხვრევის ხმა, ჩანს, არც ისე ცოტანი იყვნენ ზურმუხტის სასახლეში, ალბათ გარედანაც შემოცვივდნენ, დაემატა ვიღაც-ვიღაცეები. დაემხო ოქროსთავიანი და თიხისფეხებიანი კერპი. მტვერში ეგდო უმწეო და პატივაყრილი. ყველას შეეძლო, როგორც მოეგუნებებოდა, ისე მოენაცვლებინა მასზე ხელი.
თანდათან მიწყდა ალიაქოთი და გადაძახილ-გადმოძახილი, ზურმუხის სასახლეში სიჩუმე ჩამოვარდა, და ამ სიჩუმეში ცხადად გაისმა სულ სხვა ხმები, რომლებიც უკვე გარედან აღწევდნენ. პალმირას ქუჩებშიც დიდი არეულობა დაწყებულიყო, ომის თანმდევი განუკითხაობა მძვინვარებდა ყოველი მხრით. აქა-იქ კვამლის დაგრაგნილი სვეტები გამოჩნდნენ, სახლები იწვოდნენ ქალაქ-მარგალიტში. ვინ წაუკიდა იმ სახლებს ცეცხლი, მომხდურმა თუ დამხვდურმა, ეს არავინ იცოდა ზურმუხტის სასახლეში დარჩენილთაგან. აღარც ჰქონდა რაიმე მნიშვნელობა ამის ცოდნას. მათ უკვე სხვა საზრუნავი ჰქონდათ, მასზე უნდა ეფიქრათ.
ლონგინოსმა რამდენიმე ნაბიჯი წინ წადგა, დედოფალ ზენობიას მიუახლოვდა, გარინდებით რომ იდგა უცხო ქანდაკებასავით... სრულიად მშვიდი სახე ჰქონდა, ოღონდ ფერმკრთალი იყო ჩვეულებრივთან შედარებით.
- ვერ შევძელი, საფრთხე ამერიდებინა პალმირასათვის. ყოველგვარ სასჯელს ვიმსახურებ, დედოფალო.
ლონგინოსმა თავი დაბლა დახარა მორჩილების ნიშნად, მზად იყო მიეღო ნებისმიერი სასჯელი, რასაც დედოფალი ზენობია მოაწევდა მასზე, და რისი აღსრულების ძალაც ამ უკანასკნელს შესწევდა.
ზენობია არც კი შერხეულა ლონგინოსის სიტყვებზე. იფიქრებდი, მართლა ქანდაკებად იქცაო. რამდენიმე წამით იყუჩა და მერე ერთი შეხედვით მეტად უცნაური რამ თქვა:
- ბედაურის ნაბიჯით დადის სიზმარეული დრო...
ლონგინოსმა თავი ასწია, მალულად შეხედა დედოფალს. გულში გაივლო, ჩვენი ძველი საუბარი ახლა რაღამ გაახსენაო. თუმცა ასედაც ხდება (ეს მან კარგად იცოდა), მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე ყოვლად შეუსაბამო რამ შეიძლება მოუვიდეს ადამიანს თავში. გონება აქეთ-იქით აწყდება მახეში მომწყვდეული მხეცივით, განგანზე იწევს და დაეხეტება, ამით თითქოს ცდილობს, თვალი აარიდოს გარდაუვალს.
- ბედისწერა სულ სხვაა, იგი ბედაურის ნახტომს ჰგავს, - მძიმედ თქვა ზენობიამ ლონგინოსის შეხედვის პასუხად. - მან მაშინ შეჰკრა კამარა, როდესაც ჭკუანაკლულმა იცეკვა უფლისწულის გვირგვინით. ცუდად მენიშნა, ძალიან ცუდად...
- ჩანს, ასე ყოფილა... - ჩაილაპარაკა ლონგინოსმა.
- ყველანაირი დრო, სიზმარეულიც და ცხადიც, ბოლოს რომელიღაც იდუმალ მორევში ითქვიფება. იმ მორევს მარადისობა ჰქვია. - ზენობიამ წამით იყუჩა და დაუმატა, - ბედისწერის ბედაურიც სწორედ აქ ასრულებს თავის უფართოეს ნახტომს.
ლონგინოსი მიხვდა, რაც იგულისხმებოდა ამ სიტყვებში. დამარცხებულმა დედოფალმა თვალი უკვე გაუსწორა მარადისობას და ახლა მის წიაღში გადასასვლელად ემზადებოდა.
კი მაგრამ, უფლისწული? უნდოდა ეკითხა ლონგინოსს, მაგრამ სიტყვა ვეღარ დასძრა, რას უპირებ უფლისწულს?
- უფლისწულს შენ განდობ, - თქვა ზენობიამ ლონგინოსის ფიქრების პასუხად. - როგორმე აქედან გააღწიეთ. იცი, სადაც უნდა მიიყვანო. იქ არაფერი მოაკლდება. მერე კი, თუ ბედისწერამ ინება და ყველაფერი წაღმა შემოტრიალდა, დაბრუნდება და იმეფებს ისე ღირსეულად, როგორც პალმირას შეეფერება, ქალაქ-მარგალიტს.
ლონგინოსმა თავი მდაბლად დაუკრა იმის ნიშნად, ყველაფერი მესმისო.
ზოგი რამ კიდევ დარჩა აღასრულებელი, ამისთვისაც მზად იყვნენ, თითოეულმა მათგანმა კარგად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. ზენობია საკარცხულზე დაბრძანდა. ელო მიიხმო, ანიშნა, მომკაზმეო. ელოს თვალები ერთიანად ჩასისხლიანებოდა. ჩანდა, დიდი ხნის უძინარი რომ იყო, მაინც მარჯვედ ამოძრავდნენ მისი მრავალნაცადი მზრუნველი ხელები. ეს ხელები გამუდმებით ემსახურებოდნენ დედოფალ ზენობიას ჯერ კიდევ პატარაობიდანვე. ახლაც მზად იყვნენ, თავიანთი ვალი აღესრულებინათ. მხევალთაგან აღარცერთი აღარ დარჩა ზურმუხტის სასახლეში, ყველას მაგივრობა ელოს უნდა გაეწია, საგანგებოდ უნდა მოეკაზმა დედოფალი, როგორც ტახტზე დაბრძანეის წინ იკაზმებოდა ხოლმე.
უწინარეს ყოვლისა, ელომ თმა დაუშალა დედოფალს, საგულდაგულოდ დაუვარცხნა, მძიმე სქელ ხვეულად შეუკრა და კისერზე დაანდო. ირგვლივ მარგალიტების მძივები შემოავლო.
ამასობაში ლონგინოსმა უფლისწულს მოჰკიდა ხელი, მოფარდაგულის ერთერთ კუთხეში მიიყვანა, სადაც პირდაპირ იატაკზე თიხის მომცრო ქილები ეწყო... აქ ლონგინოსმა უფლისწულის გარდასახვას მიჰყო ხელი, ზუსტად ისე, როგორც საკუთარ თავს გარდასახავდა ხოლმე ყარიბობის ბილიკზე შედგომის წინ... ერთი-მეორის მიყოლებით ხსნიდა თიხის ქილებს. მათში ფუნჯს აწებდა და სახეზე უსვამდა უფლისწულს, რომელიც გამგონედ ემორჩილებოდა მის მარჯვენას. კარგად იცოდა, სხვა საშველი აღარ იყო... სულ მალე დაეტყო უფლისწულის სახეს არასასიკეთო ცვლილებები; კანი უცნაურად დაეღმიჭა და აეპრუწა, თვალებმაც დაელმება იწყეს... ფერიც მეტად უსიამოდ შეიცვალა; სადღა იყო ატამივით ხავერდოვანი, ვარდისფრად მღვივარი ლოყები, მათი ადგილი ავადმყოფურმა ნაცრისფერმა დაიკავა.
სწორედ ამ დროს ელომ საგანგებო ნელსაცხებელი სცხო დედოფალს, რისგანაც მისმა პირისკანმა, ატლასივით იწყო ბზინვა. დედოფლის წარბწამწამსაც მიწვდა ელოს მზრუნველი ხელი, ამის შედეგად ისინი კიდევ უფრო ჩამუქდნენ, ხავერდოვანება შეემატათ.
ლონგინოსმა ფუნჯი გვერდზე გადადო, უფლისწულის კულულებს მიწვდა, მხრებზე ბარაქიანად ჩამოშლილებს. მჯიღში მოიმწყვდია და რაღაც მძაფრსუნიან ხსნარში დაასველა. ორიოდე წამიც და... აბრეშუმივით რბილი კულულები ცხენის ძუასავით გახეშეშებულ ძენძს დაემსგავსა.
ამ დროს ელომ პატარა ზარდახშას ახადა თავი, რომელიც პირთამდე სავსე იყო სადედოფლო სამკაულებით... ერთიმეორის მიყოლებით იღებდა ელო ზარდახშიდან ყელსაბამებს, ბეჭდებს თუ საყურეებს, პატიოსანი თვლებისა და ბაჯაღლო ოქროსგან შეთხზულთ... დედოფალს არგებდა ხელებზე, მკერდზე, ყურებზე... ნაირფერადი სხივების ნაპერწკლები სცვივოდა მის მზრუნველ ხელებს.
ლონგინოსი უკვე მორჩა უფლისწულის ფერისცვალებას. აიღო მათხოვრის ფლასი, პატარა ქილების გვერდით რომ ეგდო, გაშალა და უფლისწულს გადააცვა, ტანზე მოარგო, იზრუნა, რომ კარგად გამოხვეულიყო მასში ყმაწვილის უმწიფარი სხეული. ფეხებზეც დაგლეჯილი ხამლები ჩააცვა, მხარზე შულდაკი გადაჰკიდა, ზუსტად ისეთი, მათხოვრები რა ატარებენ.
ელომ გაასრულა დედოფლის მოკაზმვა, ერთადერთი რამ რჩებოდა, გვირგვინის დადგმა. ისიც აღასრულა ელომ, თმის სქელი ტევრით დამძიმებულ თავზე დაადგა გვირგვინი დედოფალს, მხებზედაც სადედოფლო მოსასხამი მოახურა, ერთიანად მარგალიტებით ნაკერი. დინჯად, ღირსეულად ირჯებოდა, თუმცა თვალები კვლავინდებურად ჩასისხლიანებული ჰქონდა, სახეზედაც უზომო დაღლილობა ეწერა.
სწორედ ამ დროს ლონგინოსმა უფლისწულს უთხრა, დაიჩოქეო. ისიც დაემორჩილა, მანაც გამგონედ დაიჩოქა, ლონგინოსმა ხელი კისერში ღონივრად ჩაავლო, თავი დაახრევინა და ძირს წინასწარ დაყრილ ნაცარსა და კუპრში ჩაარგვევინა სახე. ეს კი მეტისმეტად ეუცხოვა უფლისწულს, სცადა წინააღმდეგობის გაწევა.
- ასეა საჭირო! - მკვეთრი ხმით შეუძახა ლონგინოსმა. უფლისწულიც გაჩუმდა, დაემორჩილა მის ხელს. სხვა რა გზა ჰქონდა...
მოფარდაგულის მეორე მხარეს ელო გამომცდელად ათვალიერებდა დედოფლის მორთულობას. მხევალთა მთელ ჯგროს შეენაცვლა, ზუსტად ისე მოკაზმა დედოფალი ზენობია, როგორც წესი და რიგი იყო, ერთი პატარა განსხვავებით; სულ ბოლოს ელომ მომცრო სატევარი მიაწოდა დედოფალს ზენობიას, იმანაც გამოართვა და მოსასხამის ნაკეცებში ჩამალა.
- შეიძლებ? - უფრო წარმოსახა, ვიდრე წარმოთქვა ეს სიტყვა ელოს გაფითრებულმა, დაღმეჭილმა ტუჩპირმა.
- ძალას მომცემს მისი ერთი დანახვაც კი... - ასეთი იყო ზენობიას პასუხი.
გაურკვეველი, ყრუ ხმები გაისმა ფარდებს მიღმიდან. ჩანს, მომხვდური უკვე შემოიჭრა ზურმუხტის სასახლეში, მისი დარბევა დაეწყო. ყოველივე მოესწრება, გაივლო გულში ლონგინოსმა... მან დროზე იზრუნა, რათა მომხვდურს გაძნელებოდა ზურმუხტის სასახლეში თარეში... წინასწარ საგანგებოდ ჩახერგა გასასვლელები.
დრო იყო, საკუთარი თავისთვისაც მიეხედა; ლონგინოსმა ამოაწო ფუნჯი ქილებში, თვითონვე წაისვა სახეზე... სულ მალე გადასხვაფერდა საკუთარი მრავალნაცადი ხელით. ბოლოს თვითონაც მათხოვრის ფლასში გაეხვია.
ამ დროისთვის ყრუ ხმებიც გაძლიერდა, მტვრევის და ლაწალუწის ხმებად გარდაისახა...
ყოველივე მზად იყო, სხვა აღარაფერი დარჩათ გასაკეთებელი. დედოფალი ზენობია წამოდგა საკარცხულიდან, ტახტზე დასაბრძანებლად სრულად შემოსილი. შეხედა ლონგინოსმა, თვალი ვეღარ გაუმართა; ზენობია ერთიანად ბრწყინავდა, იმ კელაპტარს ჰგავდა, უჩვეულო შუქით რომ იელვებს ჩაქრობის წინ.
- მოდი ჩემთან! - მიიხმო დედოფალმა გონჯი მათხოვარი, ანუ უფლისწული. ისიც მიუახლოვდა გაუბედავი ნაბიჯებით, ცრემლჩამდგარი თვალები შეაცეცა მშობელ დედას. ჭეშმარიტად, დიდი განსაცდელი მოაწია მის თავზე ზეცამ, მეტად მძიმე იყო ათი წლის ყმაწვილისთვის. ცალკე ლონგინოსის მიერ წასმული უცხო ხსნარები უწვავდნენ თვალებს, მათი მძაფრი სუნი სულს უხუთავდა.
- გაჰყევი ლონგინოსს, - უთხრა ზენობიამ შვილს. - საიმედო ადგილას მიგიყვანს. ჯერ კიდევ არის იმედი... იქნებ ბედის ჩარხი წაღმა შემოტრიალდეს, დამარცხება გამარჯვებად იქცეს. ასედაც მომხდარა... ყოველ წამს მზად უნდა იყო ამისთვის. შენც მხოლოდ მაშინ დაბრუნდები ქალაქ პალმირაში. დაგხვდება ტახტი, მთაზე უფრო მაღალი, ღრუბელზე უფრო წმიდა.
დედოფალმა, არამიწიერი მშვენეით გაბრწყინებულმა, გულში ჩაიკრა გონჯი მათხოვარი, აკოცა... ცოტათი წაისლუკუნა უყმაწვილმა უფლისწულმა და მალევე მიჩუმდა.
მტვრევის და ლაწალუწის ხმა კიდევ უფრო გაძლიერდა, მომხვდური თანდათან ძლევდა ჩახერგილ გასასვლელებს, ზურმუხტის სასახლის შუაგულისკენ იკვლევდა გზას. ზენობიამ და ლონგინოსმა ერთმანეთს შეხედეს. ,,დროა~. ანიშნეს ამით ერთმანეთს. ლონგინოსმა ხელი ჩაჰკიდა უფლისწულს, საიდუმლო გასასვლელისკენ წაუძღვა, პირველმა თვითონ გააბიჯა გამოღებულ კარში, მას უფლისწულიც მიჰყვა... ერთხელ კიდევ მოხედა მშობელ დედას ცრემლჩამდგარი თვალებით, სანამ კარს უკან მიიმალებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები