ხორცშესხმული თქმა
ორნიღა დარჩნენ წინკარში. სულ ახლოს გაისმა მტვრევის და ღრიანცელის ხმა, მომხვდური თანდათან ახლოვდებოდა... ზენობიამ ნაბიჯი წინ წადგა, სატახტო დარბაზისკენ აიღო გეზი. ელო წამოეწია, წინ გადაუდგა, გალიცლიცებული შვიდფურცელა მიაწოდა. ზენობია წამით შედგა, შეხედა შვიდფურცელას, უარის ნიშნად თავი გაიქნია. - თმები დამიკავე, თუ საჭირო იქნება, - ესღა უთხრა და კვლავ სატახტო დარბაზისკენ გაემართა.
რაღა თქმა უნდა, ორივე ქალს კარგად ახსოვდა ის სიტყვები, ზენობიას რომ აღმოხდა, ელოს გამუდმებული სიკერპით გაბეზრებულს: ,,ერთი იმ დღეს მომასწრო, თვითონვე მომიტანო შვიდფურცელაო~... გულზე ცუდად მოხვდა მაშინ ელოს ის სიტყვები. არც შემცდარა, გუმანმა ბევრად ადრე აგრძნობინა, თუ რა უმწარესი იქნებოდა ის წუთები, როდესაც ხორცს შეისხამდა ეს უნებური თქმა, უთხოვნელად მიართმევდა დედოფალ ზენობიას ანგელოზის ცრემლით გალიცლიცებულ ოქროს თასს. ახლა უკვე მათ აღარ სჭირდებოდათ შვიდფურცელა, ელომ მაშინვე გვერდზე მოისროლა იგი. ოქროს თასი ძირს გაგორდა, მერე პირქვე დაემხო. ცხადია, ანგელოზის ცრემლიც დაიღვარა. პირქვე დამხობილი ეგდო ძირს შვიდფურცელა. ახლა მართლაც ძალიან ჰგავდა ბაჯაღლო ოქროს ბელტს, კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა ზურმუხტის მწვანე ხელი, იმ ოქროს ბელტის ჩაბღუჯვას რომ ცდილობდა. თეთრი მარგალიტიც გამორჩეული სინაზით ციალებდა. გაივლის სულ ცოტა ხანიც და იშვიათი სილამაზის ოქროს თასს ვიღაცის ხარბი ხელი წაეტანება. მანამდე კი უნდა აღსრულდეს ის, რაც ელოს გუმანმა შეიცნო, ჯერ კიდევ როდის... სატახტო დარბაზის კარებთანაც მოეღწია მომხვდურს, აქაც საშინელი ღრიანცელის და მტვრევის ხმა ისმოდა. დედოფალი ზენობია ტახტზე დაბრძანდა. წელში გაიმართა, თვალი მოავლო ცარიელ დარბაზს, იმავე წამს მორყეული კარები გრუხუნით დაეცა ძირს, გზა გაიხსნა მომხვდურთათვის, წინ აღარაფერი ეღობებოდათ ვიღაცეებმა შემოიხედეს, იქაურობა ფრთხილად დაზვერეს, მერე ერთბაშად შამოცვივდნენ, კედლების გასწვრივ ორივე მხარეს ჩამორიგდნენ. სიფრთხილეს იჩენდნენ, ნადავლი ხელიან არ გაგვისხლტესო, თუმცა ამის ნიშანწყალიც არ ჩანდა. დედოფალი ზენობია მორჭმით იჯდა ტახტზე, ზედაც არ შეუხედავს შემოცვენილი მეომრებისთვის. მშვიდად, აუმღვრევლად იყურებოდა წინ, ცარიელ სივრცეში. მეომრებიც უძრავად იდგნენ, არც ხმას იღებნენ, ჩანს, ვიღაცას ელონენ. და აჰა, ისიც შემოვდია, უფრო სწორად, შემოაბნელა. თავპირი მუქი ყაბალახით გაეკრა, ჯაჭვი ემოსა თავით ფეხამდე, მხარზე მოსასხამი მოეგდო. მაშინვე იცინო იგი ზენობიამ, თუმცა არც ახლა შერხეულა, არც სახის გამომეტყველება შეცვლია. - იქნებ ინებო ტახტიდან აბრძანება, - ყაბალახის მიღმიდან ამოანთხია ჯაჭვისპერანგიანმა, - ის შენ აღარ გეკუთვნის. ცოტა ხნით იყუჩა ზენობიამ, ასე, ათამდე დაითვლიდა კაცი. მხოლოდ ამის შემდეგ დასძრა ხმა, მშვიდად, აუმღვრევლად. - იქნებ ისიცა თქვა, ვის ეკუთვნის იგი, - აქ ზენობია ისევ შეყოვნდა, მერე დაუმატა, - შენ ხომ არა, ზეზვა... ზეზვამ ყაბალახი გადაიწია, დაღმეჭილ სახეზე ოდნავშესამჩნევმა ღიმილმა გადაურბინა. - რატომაც არა! - ლიზღი ხმით სცადა ხვაშიადის დამალვა მან. - გზაკვალი აგბნევია, ზეზვა! - თქვა ზენობიამ მაღალი, მკვეთრი ხმით, ზარივით რომ რეკდა. - გადამთიელს გაუწიე სამსახური, და ნუ გგონია, პალმირას ტახტით დაგაჯილდოვოს. ვერასდროს მისწვდები ქალაქ-მარგალიტს, ისე როგორც მზის სხივს ვერ მისწვდები და ვერ მოიხელთებ. ზეზვა შეკრთა, ვერც შეძლო ამის დამალვა. ცხადი იყო, ზენობიამ მის იდუმალ ეჭვებს მიაგნო. ეს არ გამოჰპარვია ზენობიას, უფრო მწარედ მოიქნია სიტყვის მათრახი მოღალატე ახლობლისკენ: - ფინია ძაღლის არჩივია შენი ჯილდო, ამაში სულ მალე დარწმუნდები. ჩემს კარზე არც წყალობა გაკლდა, არც პატივი. ახლა სულ სხვაა... ზეზვამ უნებურად მახვილისკენ წაიღო ხელი, ეს სიტყვები მართლაც ძალიან ემწარა. - კმარა, - დაიღრინა გაავებით და ზენობიას თავის გაქნევით ანიშნა, ტახტს მოშორდიო. - გვირგვინს ეძებდი, თავსაც დაკარგავ. კარგად დაიხსომე, ზეზვა. - ამ სიტყვებთან ერთად ზენობიამ მახვილი გამოაძრო მოსასხამის ნაკეცებიდან და მაღლა შემართა. ზეზვამ ზიზღით, დამცინავად გაიღიმა, მეომრებმა ნაბიჯები წინ წამოდგეს, ტახტს მოუახლოვდნენ. ზეზვამ მათ შეუღრინა, უკან მიდექითო. ესღა აკლდა, სხვას შეეპყრო მისთვის ზენობია. მეომრეი გაერიდნენ ტახტს, კვლავ კედლის გასწვრივ ჩამორიგდნენ. ზეზვამ მოსასხამი მარჯვენა ხელშე გადაიხვია, იქნებ შემთხვევით ხელი გაკაწროდა, ამას მოერიდა დევკაცი სხვას არას დაგიდევდათ. დამცინავი ღიმილით გადმოაბიჯა ტახტისკენ. ზენობიამ ხელი გამართა, მახვილი წინ გაიწოდა, გაიბრწყინა ორლესულმა პირმა. ზეზვამ კვლავ გადმოდა ნაბიჯი, დამცინავი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. მისკენ მახვილგაწვდილი ზენობია ქანდაკებასავით უძრავად იჯდა ტახტზე. - ამაოდ ჯიუტობ, ზენობია. - წამოიღრინა ზეზვამ, ფრთხილად უახლოვდებოდა ტახტს. სულ ცოტაც და, მისწვდება სასურველ ნადავლს, ერთი ნაბიჯიღა დარჩა. უცბად ზენობიამ მახვილი ხელში შეატრიალა და ელვასავით სწრაფად მოიქნია. ზეზვა შედგა, წყევლა-კრულვა აღმოხდა... მეომრები ყვირილით მოიჭრნენ ტახტთან, თუმცა ნაბიჯი წინ ვერც მათ გადადგეს. ყველა ადგილზე გაქვავდა, ტახტზე მჯდარი დედოფალი ზენობია სულს ლევდა მათ თვალწინ, გულში მახვილჩაცემული. სულს ლევდა, მაგრამ როგორ... მეტად უჩვეულო სანახავი იყო. ახლაც ქანდაკებასავით უძრავად იჯდა ტახტზე, სახე ჰქონდა სრულიად მშვიდი, წინ იყურებოდა ფართოდ გახელილი შუქიანი თვალებით. სწორად ეჭირა გვირგვინით შემკული თავი, მხოლოდღა ოდნავ ძიგძიგებდა, სასიკვდილო კრუნჩხვით შეპყრობილი. ახლოს ვეღარავინ გაეკარა მომაკვდავ დედოფალს, თვით ყოვლისშემძლე სიკვდილმაც რომ ვერ შეუცვალა იერსახე. იდგნენ და შეჰყურებდნენ უხმოდ. წამით ძლიერად შეირხა დედოფლის სხეული, გვერდზე მიიდრიკა ერთიანად აძიგძიგებული. გვირგვინოსანი თავი აქეთ-იქით მიაწყვიტა სასიკვდილო კრუნჩხვამ. მაშინვე მის ზურგს უკან ვიღაცის ხელი გამოჩნდა, გვირგვინისკენ გაწვდენილი. ეს ელო იყო, ტახტის უკან მიმალული. მან მაგრად ჩაბღუჯა დედოფლის თმის ტევრი, მისივე შეკრული. ისევ ტახტისკენ მიიზიდა, არ დაანება სასიკვდილო კრუნჩხვას, დაბლა დაეხარა გვირგვინოსანი დედოფლის თავი. აი ასე დალია სული დედოფალმა ზენობიამ, მომხვდურთა თვალწინ. ღიად დარჩა ფართოდ გახელილი შუქიანი თვალები. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იჯდა ქალაქ-მარგალიტის, პალმირას ტახტზე. ქანდაკებასავით სწორად ეჭირა გვირგვინით შემკული თავი. აღასრულა რა თავისი ვალი, ელოც მაშინვე უკან გამოუდგა თავის აღზრდილს, ტახტის უკან ჩაიკეცა სულთმობრძავი.
მოზეიმე მტერი
სულ ერთიანად ზრიალებდა ზურმუხტის სასახლე, მაგრამ არა მტვრევა-მსხვრევისაგან, პალმირას დაცემას რომ მოჰყვა... ახლა უკვე წრეგადასული მხიარულებისგან. ძველ მფლობელთაგან აღარავინ დარჩა სასახლეში, ზოგი გაიქცა, ზოგიც მოკვდა. გვამები გაიტანეს, ახალმა მესვეურებმა. ნამსხვრევებისგან და სიბინძურისგან გაწმინდეს დარბაზები, იქაურობა. ცდა არ დააკლეს, ისევ ებრწყინა ზურმუხტის სასახლეს ძველებურად, რაღა თქმა უნდა, ეს უკვე შეუძლებელი იყო. აღარსად ჩანდა ძვირფასი თვლები, კედლებზე გაყოლებული ჩუქურთმებში ჩატარებული... მკითხველს ალბათ ემახსოვრება, ზურმუხტი ჭარბობდა მათ შორის, სახელწოდებაც ,,ზურმუხტის სასახლე~ აქედან წარმოსდგა. არავინ იცოდა, ვინ და როგორ დაიტაცა ისინი... არც იშვიათი ხელვონებით ნაქსოვი ხალიჩები ჩანდა სადმე... თუმცა მაინც მშვენიერი იყო იქაურობა, ძერწილ სვეტებს და მაღალ თაღებს ბევრი ვერაფერი დააკლო ბრძოლის ქარცეცხლმა. ამ მაღალი თაღების ქვეშ ახლა უცხო ლაპარაკი ისმოდა, უცხო ჯილაგის ადამიანები ხარობდნენ და ლაღობდნენ. საყოველთაოდ ცნობილი ამბავია; ზეცამდე წვდება ომახიანობით გამარჯვების მოზეიმე ხმები. მით უმეტეს, როცა გამარჯვება ასეთი ბრწყინვალეა. დაემხო უმდიდრესი და უმშვენიერესი ქალაქი პალმირა, ქალაქ-მარგალიტს რომ უწოდებდნენ. მომხვდურთა ალაფად იქცა მთელი მისი საგანძური. ჰოდა, რა გასაკვირია, თვით ზეცის თაღი რომ შეარყიოს ასეთი გამარჯვებით მოგვრილმა სიხარულმა. მომხვდურმა ბოლომდე გამოსცალა გამარჯვების ტკბილი სასმელი და ახლა თრობას მისცემოდა. საითაც არ უნდა წასულიყავით, ყველგან გადააწყდებოდით მოზეიმე ადამიანებს, სახელდახელოდ გაშლილ სუფრებთან რომ ლაღობდნენ. სუფრებზე როგორც იტყვიან, მუხლამდე ეყარა ნაირნაირი საჭმელ-სასმელი, ნიაღვრებად ჩქეფდა რჩეული სასმელები. ერთმანეთში აღრეულიყო სიმღერა, ცეკვა, ყიჟინა, ათასგვარი ოხუნჯობა თუ გასართობი. ყველას სიხარულის გამომხატველი ღიმილი უხევდა ლაშპირს. ოღონდ ოხუნჯობაში გამოეჩინათ თავი, ან რაიმე ახალი გასართობი მოეგონებინათ, ერთი ესღა იყო მათი საზრუნავი. ,,ტკბილია, მეტად ტკბილია გამარჯვებით მოგვრილი თრობა. ვაი მას, ვისაც ეს არ რგებია წილად~. ამ უძველეს ჭეშმარიტებას ადასტურებდა ირგვლივ ყოველივე. და ახლა უკვე გულუხვიც გამხდარიყო გამარჯვებული ლაშქარი. წესია ესეც; ძარცვა-გლეჯას საბოძვარის გაცემად მოსდევს, ისინი როგორღაც თანამეზობლობენ. ყველაზე უკეთ ეს წესი მათხოვრებმა იციან, ამიტომაც მოძალებოდნენ იქაურობას, ასეთ მარჯვე შემთხვევას ხელიდან როგორ გაუშვებდნენ. ზურმუხტის სასახლის ახალ მესვეურებსაც თავი არ შეურცხვენიათ; საჭმელ-სასმელს ხომ ლამის თავზე აყრიდნენ მათხოვრებს, შიგადაშიგ ოქროს ფულებსაც არ იშურებდნენ, ჩადენილი ცოდვების გამოსყიდვას ლამობდნენ ამით. მათხოვრები მოკრძალებით იღებდნენ მოწყალებას, თან ერთმანეთს უთვალთვალებდნენ სიხარბით ანთებული თვალებით, ჩემზე მეტი სხვამ არ ირგუნოსო. და მაინც, სიხარბის რა კოცონიც არ უნდა აგიზგიზებულიყო მათხოვრებში, ყველა კმაყოფილი რჩებოდა ბოლოს, რადგანაც უხვი იყო საბოძვარი, მათთვის გადაყრილი. არად უღირდა გამარჯვებულ ლაშქარს, საზღაპროდ მდიდარი ნაალაფევიდან რაღაც ნამცეცები გაეღო და გადაეყარა მათხოვრებისთვის, თავს მიწას რომ ახლიდნენ მადლობის ნიშნათ. ესეც გართობა იყო გამარჯვებულთათვის. ბრწყინვალე გამარჯვების თანმდევი, უცილობელი გართობა. და ზეიმობდა ყველა, მომხვდური და დამხვედრიც, მტერიც და მოყვარეც... სხვანაირად არც შეიძლებოდა. თუ ვინმეს რაიმე ედო გულში, უცხო თვალისთვის უნდა დაემალა აუცილებლად, რათა თავი არ გაეცა. მომხვდურთა ურდოებმა მთლიანად წალეკა იქაურობა, არსად ჩანდა რაიმე იმდაგვარი, რასაც მტრის ღირსეულად დახვედრის სურვილი ჰქვია... ამ მხრივ ოდნავი ნიშანიც კი არსად ილანდებოდა.
ასე გრძელდებოდა მთელი ათი დღე. ზეიმის ხმები ზეცას ნამდვილად მიწვდნენ, და მგონი გადაამეტეს კიდეც; თვით უკვდავ ღმერთებს დაურღვიეს მყუდროება. წამით ოდნავ შეირხნენ ზვიადი ღმერთები, მარადიული ნეტარეის წიაღში ჩაფლულნი. ღრუბლებს ზემოდან გადმოხედეს მოზეიმე ადამიანებს. დიდად მიმზიდველად არ ეჩვენათ ეს სანახაობა ალბათ; იბრუნეს პირი, ისევ ჩაეფლნენ კვლავინდებურად უმწვერვალეს ნეტარებაში. ათი დღის შემდეგ პალმირას დაცემიდან, როდესაც მზემ კარგა შეიმაღლა, ორი მათხოვარი გამოჩნდა ზურმუხტის სასახლის შემოგარენში... უფრო სწორად, ორი მკელობელი მათხოვარი... ერთერთი მათგანი, უფრო ხნიერი, წელში მძიმედ მოკაკულიყო, მაღალი კუზი აჯდა დაღრეკილ ხერხემალზე. ერთიანად თეთრი თმაწვერი თავკისერზე ჩამოსწეწოდა. ჩამომხმარ სახეს ცრემლი უსველებდა, ჩაწითლებული თვალებიდან წვეთწვეთობით ჩამომდინარე. ხელში ნუჟრიანი ჯოხი ჩაებღუჯა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე იშველიებდა. მეორეც არანაკლებ შემზარავი სანახავი იყო, პირი გვერდზე მოღრეცოდა, თვალებიც დაელმებული ჰქონდა... სახეზე მეტად უსიამოვნო ფერი ედო, გეგონებოდა თითქოს ბაყაყის ქერეჭი აფენიაო, ხელებზეც მოსდებოდა საზიზღარი უსიამოვნო ქერეჭი... ნაბიჯსაც მძიმედ ადგამდა, როგორც ნამდვილ სახიჩარს და მკელობელს შეეფერება, თუმცა ბევრად ახალგაზრდა ჩანდა თავის კუზიან თანამგზავრთან შედარებით. ორივე დაძენძილ ფლასში იყო გამოხვეული, ზურგზე მათხოვრული აბგა გადაეკიდათ. მძიმე შთაბეჭდილებას ახდენდა ამ ორი მკელობელი მათხოვნის დანახვა. შემხვედრნი გზას უთმობდნენ, რამდენადაც ამის საშუალებას ირგვლივ მოზიმზიმე ჭრელი ბრბო იძლეოდა... ერიდებონენ მათთან ოდნავ შეხებასაც კი. სხვა მათხოვრებსაც ქედმაღლური ზიზღი გამოეხატათ სახეებზე, როცა ამ ორს უთვალთვალებდნენ ეჭვიანი თვალებით. გუნებაში ანგარიშობდნენ, რისი წამღები შეიძლება ყოფილიყო ეს ორი, საიდანღაც მოხეტებული მკელობელი... თვითონ მათ რამდენი შეიძლებლოდა დაკლებოდათ ამით. ხომ ცნობილია, არაფერია ამქვეყნად მათხოვრის თვალზე უფრო ხარბი... ალბათ ბევრი არაფერი, გადაწყვიტეს მათხოვრებმა, მეტისმეტად საცოდავები ჩანან... ასედაც იყო; ახალგაზრდა საერთოდ ვერ იღებდა ხმას, მგონი ყრუმუნჯობაც სჭირდა... ხნიერი ჩახრინწული ხმით ითხოვდა მოწყალებას, მშიერ-მწყურვალს რაიმე მიწილადეთო, ამბობდა. მიუყარეს ვიღაცვიღაცეებმა სასმელსაჭმელი იმ ორს და სასწრაფდ იბრუნეს პირი მათგან. ხნიერმა მაშინვე აბგაში უკრა თავის მოსაკითხს, საჭმელი ვიშოვნეთო, ახალგაზრდას ჩასჩურჩულა ყურში. მკითხველმა ალბათ უკვე ამოიცნო ამ ორ მათხოვარში უფლისწული ლაშა და ლონგინოსი, მეფის კარის მრჩეველი. ათი დღეღამე იყვნენ დამალულები მიწისქვეშეთში. ლონგინოსმა საკუთარი ხელით რომ გაამზადა ოდესღაც... ყველაფერი მომარაგებული ჰქონდათ, საჭმელ-სასმელი, სანთელი დასახური და დასაგები, რათა არ შესცივნოდათ. სამი დღეღამე მაინც განსაკუთრებით ფრთხილობდნენ, სანთელს წამით თუ აანთებდნენ, როცა ამის აუცილებელი საჭიროება იქნებოდა, ლაპარაკითაც ჩურჩულით ლაპარაკობდნენ. იცოდა ლონგინოსმა, ბრძნად შობილმა და გამოცდილებითაც დაბრძენებულმა, ყველაზე საშიში სწორედ პირველი დღეებია დაპყრობილ ქალაქში მტრის შემოჭრისას. ყველაზე უხვ მოსავალს სწორედ მაშინ იმკის სიკვდილის ულმობელი ღვთაება. გამხეცებული მეომრები გავეშებით უტევენ ყველას და ყველაფერს, ცხელი დუღილით დუღს სისხლი მათ ძარღვებში; ოღონდ როგორმე მოკლან, მოსპონ, დაასახიჩრონ, დაამსხვრიონ, რაც შეიძლება ბევრი ნადავლი მოიძიონ, ამის გარდა სხვაზე აღარაფერზე ფიქრობენ ისინი. ადამიანებს ვერ უწოდებ მათ ამ დროს, ვერც ნადირებს, რაღაც სხვა გამოუცნობი არსებანი არიან. რომელი ნადირის გულბოყვი დაიტევს იმ ცოფს და მძვინვარებას, მეომრები რომ ანთხევენ ამ დროს. მაგრამ აი, გადის დრო. პირველი დღეების სიფიცხე კლებულობს, მეომართა გავეშება აღარაა ისე განუკითხავი, როგორც ქალაქში შემოჭრისას იყო. უკვე მაძღარია ნადირი, მათ არსებაში მთვლემარე... ნადავლიც მიითვალეს. ყოველ შემთხვევაში, მისი უმეტესი წილი... სისხლის მდუღარებაც ნელდება. ეს ყველაფერი კარგად იცოდა ლონგინოსმა, იმიტომაც ამყოფა უფლისწული ლამის სრულ სიბნელეში სამი დღე და ღამე, ემანდ რომელიმე ზედმეტად ფიცხმა მეომარმა გვირაბისკენ გზა არ გამოიკვლიოსო. უფლისწულსაც ეუბნებოდა ყოველივე ამას, არიგებდა, უნდა გაუძლოო. ასეთი დღე მოაწია ჩვენზე წუთისოფელმა, გამძლეობაც ახლა გვჭირდებაო. - ნადირმა უკვე დალია სისხლის უდიდესი წილი, უფრო ზანტია და მოუქნელი, სიფხიზლეც თანდათან კლებულობს, - თქვა ლონგინოსმა სამი დღის გასვლის შემდეგ. უფლისწულს დაუბარა, ცოტა ხნით მარტოდმარტო ყოფნა მოგიწევსო, ხელთ ჩირაღდანი იპყრა და კარგად ნაცნობ გვირაბს გაუყვა. გვირაბში არავინ იყო ნამყოფი, ძირს დაფრქვეულ წმინდა ქვიშას ისევ მათი ნაკვალევი აჩნდა მხოლოდ, ახალი აღარ შემატებოდა. ლონგინოსი სულ უფრო და უფრო შორს მიიწევდა, სანამ არ მიაღწია საიდუმლო კარს, სადაც უკვე აღწევდა ხმები ზურმუხტის სასახლის დარბაზებიან. ამ ხმების წყალობით უკვე შეიძლებოდა ზოგიერთი რამის იმის გარკევა, თუ რა ხდებოდა მიწის ზევით, პალმირას ნამუსრევზე. შეიტყო ლონგინოსმა, თუ როგორი სიკვდილით მომკვდარიყო დედოფალი ზენობია. ქანდაკებად იქცა სამეფო ტახტზეო, ასე გაიგონა საკუთარი ყურით, და მაშინ გულში ასე თქვა ლონგინოსმა: როგორც ჩანს, დედოფალმა ზენობიამ საქმით აღასრულა ის, რასაც უფლისწულს შეჰპირდა გამომშვიდობებისას. პალმირას სამეფო ტახტი ჭეშმარიტად მაღალია და წმინდა, თვით ყველაზე მძვინვარე მტერიც კი ვერ გაბედავს მის გაქილიკებას, რა დიდი სურვილიც არ უნდა ჰქონდეს ამისი. ისიც შეიტყო ლონგინოსმა, რომ სულ ამაოდ ჩაუყარა ზეზვას მეტისმეტმა გულმოდგინებამ, მტრისთვის გაეწია სამსახური. აღარავინ ირწმუნა მისი მტკიცება, ფუძის გველი ოქროს მაგნიტივით იზიდავსო, აკი საკუთარი თვალით ნახეს, თუ როგორ შემოეფცქვნა ფუძის გველს ოქროს ნაფიფქი, თან რომ გაჰყვა მოტაცებისას, ახალი კი აღარსად ჩანდა. ბევრი უტრიალეს ირგვლივ, თითქოს ცდა არ დააკლეს, რაც კი თავში მოუვიდათ, მაინც არაფერი გამოვიდა. ვერ შეიმოსა ფუძის გველი ოქროს ნაფიფქით, ვეღარც ბრწყინავდა ძველებური პეწით, ხისგან გამოთლილ უბრალო ფიგურად იქცა, სიძველისგან რომ სულერთიანად ჩაშავებულიყო. - შენ ალბათ გადამალე ნამდვილი ფუძის გველი, მის ნაცვლად სხვა შემოგვაჩეჩე, - უღრიალა ზეზვას მომხდურთა მთავარსარდალმა. იუკადრისა ზეზვამ ეს ბრალდება, თუმცა პასუხად ბევრი ვერაფერი თქვა სარწმუნო, ყოველ შემთხვევაში, აღარავინ უჯერებდა. შეყვნენ ერთმანეთს, დიდი შეხლა-შემოხლა მოუხდათ. ვინ იყო მათი შემკავებელი... ირგვლივ ომის ქარცეცხლი მძვინვარებდა... შეეწირა ზეზვა საკუთარ მზვაობარ ხასიათს, მისი მოკვეთილი თავი გაგორდა სისხლით აზელილ მიზაწე. ასე რომ, სრულად აუხდა დედოფალ ზენობიას სიტყვები ზეზვას; გვირგვინს დაეძებ, თავსაც დაკარგავო. ლაშას მაშინვე აცნობა ზეზვას ამბავი ლონგინოსმა. კმაყოფილი იყო, მოღალატეს მიეგო მისაგებელი... და რაც მთავარია, იმით იყო კმაყოფილი, რომ გაუმხელელი დარჩა ფუძის გველის საიდუმლო. ზეზვამ რაღაც კი ცოდა, მაგრამ ბოლომდე არა... ვერც მომხვდურმა შეძლო მისი ამოცნობა. - სამი რამ უნდა შეხვდეს ერთმანეთს, ოქრომ უწყვეტად რომ იწყოს დინება: ფუძის გველი, მიწის წიაღი და ჟანგისფერი წყარო. ფუძის გველი აუცილებლად პირდაპირ მიწაზე უნდა დააბრძანო. ნელნელა დაიფარება მონაცრისფერო ქერეჭით, რაღაც უცნაურ ქვეწარმავალს დაემსგავსება. მერე ჩვილი ბავშვივით უნდა აბანაო ჟანგისფერი მდინარის წყალში. მაშინვე ოქროს ქანდაკებასავით გაბრწყინდება, მონაცრისფერო ქერეჭი (არავინ უწყის, როგორ და რა გზებით, ეს საიდუმლოთა საიდუმლოა) ბაჯაღლო ოქროს ფენად გარდაისახება. ახლა შენც იცი ფუძის გველის საიდუმლო, იყო დრო, როდესაც მხოლოდ ორმა ვიცოდით ქალაქ პალმირაში ამის შესახებ; მე და დედოფალმა ზენობიამ. ამის დავიწყების უფლება არ გაქვს. გახსოვდეს, რაც გითხარი. ლონგინოსმა ხელი ზურგზე დაადო უფლისწულს; ახლა ისეთი რამ გითხარი, რაც არა მარტო ყურით, ხერხემლითაც უნდა გაიგონოო, უთხრა. ყველაფერს კარგად დავიმახსოვრებო, წაიბუტბუტა ყმაწვილმა გამგონედ. - ამოუცნობია ბედისწერის ბილიკები. - ამბობდა ლონგინოსი, თან უფლისწულს ხელისგულს უსვამდა უმწიფარ ხერხემალზე - ვინ იცის, იქნებ ისვე ხელთ ვიგდოთ ფუძის გველი. ოქროს ვეღარ ეღირსნენ მისგან, ალბათ აღარ გაუფრთხილდებიან საგანგებოდ. მისი საიდუმლო ჩვენთანაა, ცდა არ უნდა დავაკლოთ, თვითონაც ჩვენთან დაიდოს ბინა. ამის შემდეგ ლონგინოსმა მათ თავზე დატრიალებულ ამბებზე ჩამოაგდო სიტყვა, ამ მხრივ სათქმელი და განსასჯელი მართლაც ბევრი იყო. სიბნელე ჭეშმარიტებას ხელს როდი უშლის, - ამბობდა ლონგინოსი. - პირიქით, სწორედ სიბნელის წიაღში იწყებს იგი კაშკაშს, სულ სხვა ნათებით ნათობს. გავიხსენოთ თავსდატეხილი (გვაქვს ამის დრო), მივყვეთ, ვნახოთ, რა გზით ვიარეთ, ვინ რა ვიღონეთ, რათა აღსრულებულიყო გარდაუვალი. აგერ მე, ამ ხნისა მოვიყარე, გამოცდილება ნამდვილად არ მაკლია, ბუნებითაც ფრთხილი ვარ... ჩემი საყვარელი იგავი შხამიანი სოკოს შესახებ შენც იცი, შენთვისაც მიამბნია (ლაშამ თავი დაუქნია). ხომ მართლაც ისე მოხდა, როგორც იგავშია ნათქვამი: შხამიანი სოკო ჩვენს თვალწინ ამოიზარდა, ოქროს გვირგვინი მოირგო ქუდის ნაცვლად. მისი დანახვა შევძელით, თუმცა სხვა ვეღარაფერი გავაწყვეთ. არაფერმა გაჭრა, რა ხერხსაც არ მივმართე. ასე ინება ვიღაცამ, თუ რაღაცამ, მას ბედისწერა ჰქვია, და როცა მისი აღსრულების ჟამი დადგა, განსაცდელი ლოდივით დაგვატყდა თავზე... მივყვეთ დალაგებით (არსად გვეჩქარება), რა ხდებოდა მანამდე, სანამ დიდი ლოდი ქალაქ-მარგალიტს შემუსრავდა? შემიძლია ვთქვა: მანამდე განგება პატარ-პატარა კენჭებს ისროდა ჩვენსკენ, დაწყებული იქიდან, როდესაც ზედმეტი სიფრთხილე გამოვიჩინე, შედარებით ადრე წავედი საყარიბოდ, ვიდრე განზრახული მქონდა... მეკლდეურის სიკვდილით დამთავრებული, რომელსაც პალმირას გალავნის დაცვა ვანდე... რაც არ უნდა გამეკეთებინა, ყოველივე ერთად იყრიდა თავს, სანამ ბოლოს დიდ ლოდად არ გარდაისახა. თურმე სჯობდა უფრო უზრუნველი ვყოფილიყავი, სწორედ ზედმეტმა სიფრთხილემ დამღუპა. მტერმა (უნდა ვაღიაროთ, საკმაოდ ჭკვიანმა), კარგად გამოიყენა ჩემი აქ არყოფნა, სწორედ მაშინ აახლა საგანგებოდ მრავალფერადი ძღვენი დედოფალ ზენობიას, დაიპყრო მისი ყურადღება. სასახლის ბაღში მათხოვრად გადაცმული მეომარი შეაგზავნა, ნადირ-ფრინველის სკორეს ეზიდებოდაო, მითხრეს... ასეთ საქმეს ხომ ყველა დიდი ხალისით გადაულოცავს სხვას. ჰოდა, მოხდა მოსახდენი; პიტალო კოშკში შეაღწია მათხოვრად გადაცმულმა მეომარმა, მოგვტაცა ფუძის გველი. როგორ ნანობდა დედოფალი, საყარიბოდ ნასვლის ნება რომ დამრთო. იმ მათხოვარში მხოლოდ შენ ამოიცნობდი მეომარსო, სულ ამას იმეორებდა... ინება ზეცამ, პალმირას კარიბჭესთან შევეჩეხე იმ მეომარს, მათხოვრად გადაცმულს, ფუძის გველი რომ თან ჰქონდა... მაშინვე ამოვიცანი, რომ არ იყო მათხოვარი... როგორ გამისხლტა ხელიდან... ახლაც კი ვეღარ დამიჯერებია, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო; სულ ერთი წამით მივიხედე გვერდით... იმ ერთმა წამმა გადაწყვიტა ყველაფერი. თითქოს რაღაც ჩრდილმა გადამიქროლა თავზე, და მორჩა... ფრთაგაშლილი ორბიც რაღა მაშინ გამოჩნდა... სწორედ ეს მეჩვენება ყველაზე დიდ უცნაურობად... ასეა; ჩამოიქროლებს რაღაცა (არავინ იცის, რა ჰქვია იმ რაღაცას), მართლაც ჩრდილივით უღონო და უდღეური. თან წარიტაცებს სწორედ იმას, რაც ყველაზე მკვიდრი და შეუვალი გვგონია. თუმცა ვინ იცის, ორბს რომ არ ჩამოექროლა და, საერთოდ, არც მე გამეხედა გვერდზე წამით, ანუ, არ დაგვკარგოდა ფუძის გველი... არ წავაგებდით ომს? თუ მაინც წავაგებდით? ხომ საყოველთაოდ ცნობილია; როდესაც ბრძოლის სასწორი ჰაერში ქანაობს, სულ უმცირესი რამ გადასწონის ხოლმე. ვის შეუძლია იმის თქმა, რა იყო ის ,,უმცირესი რამ~, ფუძის გველი? თუ რაღაცა სხვა... დაბეჯითებით ვერაფერს იტყვი. რაც არ იცი, იმას ვერ განსჯი. ასე ინება ბედისწერამ, მისი განაჩენი შეუვალია. ვერც დაეწევი და ვერც გაასწრებ, რაც არ უნდა სწრაფად დარბოდე. წამიდანწამს ცვლის თავის ფანდებს. ფრთხილი ხარ, უზრუნველობით დაგამარცხებს, ჭკვიანი ხარ, სისულელით მოგერევა. თუმცა ყურების ჩამოყრა ნამდვილად არ ივარგებსო, ამ შეგონებით დაასრულა ლონგინოსმა თავისი საუბარი. შენც გექნება შენიშნული (გაქვს საკმაოდ განსჯა უკვე) თუ რა უამური სანახავია უბადრუკი დაბრიყვებული ადამიანი. იგი ყველას ეზიზღება ძირს მხოხავი მატლივით. გულით მხნე, შემმართებელი ადამიანი სულ სხვაა, მართლაც მეტად სანდომიანად გამოიყურება, გსიამოვნებს მისი დანახვა. ამითი ზეცა თითქოს გვანიშნებს, ნუ დაემონები ბედისწერასო, ბრძოლაზე ხელს ნუ აიღებო. უნდა იბრძოლო, სანამ თუნდაც ერთი წვეთი სისხლი გიჩქეფს ძარღვებში, სანამ თუნდაც ერთდერთი ამოსუნთქვაღა დაგრჩენია. თავჩაღუნული უსმენდა უფლისწული ლონგინოსს. გამოცდილება, იცოცხლე დაუგროვდა, თვითონად დაფიქრებულიყო ცხოვრების ავკარგზე. მძიმე განსაცდელი იწვნია ათი წლის ყმაწვილმა. უკიდურესი თავის დამდაბლება დასჭირდა, რათა ცოცხალი დარჩენილიყო. ლონგინოსმა სწორედ ამის შესახებ შეახსენა ლაშას. - ბევრჯერ მითქვამს შენთვის; იყავ მაღალი, როგორც აშოლტილი ღონიერი ხე. ამავე დროს იყავ მდაბალი, როგორც მისი ფესვები, მიწის წიაღში მიმალული. უნდა მიიღო და შეეჩვიო, თუ ზეცა დამდაბლებას გიბრძანებს. ეს გარდაუვალია ხანდახან, ამისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო, მეტისმეტად მუხთალია წუთისოფელი. სულ მალე დავტოვებთ ამ გვირაბს, უკვე საკმაო დრო გავიდა, ზევით ავალთ, სამზეოზე, შენ ნახავ დაქცეულ, გაპარტახებულ სამეფოს, რომლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყავი... და რაც ყველაფერზე უარესია ამქვეყნად, ნახავ გალაღებულ და გამარჯვებულ მტერს, შენი პალმირას ნანგრევებზე რომ ზეიმობენ. სწორედ მათ შეეჩეხები, როგორც კი აქედან გავაღწევთ... ჰოდა, აქედანვე გაფრთხილებ; თვალი უნდა გაუმაგრო ამ სანახაობას. ძნელია, მეტად ძნელია, მაგრამ სხვა გზა არაა, ვითომც აქ არაფერი, ისე უნდა შეხედო მოზეიმე მტერს. ერთი სიტყვით, დრო უქმად არ დაუკარგავს ლონგინოსს, სანამ მიწისქვეშეთში ისხდნენ, კარგად შეამზადა უფლისწული, მხნედ შეხვედროდა მეტად უამურ გარდაუვალ სანახაობას, როცა ზევით ამოვიდოდნენ. არც გაუმტყუნა იმედები ლაშამ ლონგინოსს, მხნედ მიაბიჯებდა, თან მასაც აშველებდა ხელს, როგორც დარიგებული იყო. - ვიცი, მეტისმეტად მწარეა შენთვის, - უჩურჩულებდა ლონგინოსი ლაშას ყურში, - ვერაფერს გააწყობ. უნდა გაუძლო, უნდა გაუმაგრო თვალი მოზეიმე მტერს. ლაშაც უძლებდა, სხვა რა გზა ჰქონდა, თუმცა ნამდვილად არ იყო ადვილი მისთვის... თავს დაბლა ხრიდა ყმაწვილი, ცდილობდა ხანდახან მაინც აერიდებინა თვალი უამრავი მოზეიმე სახისთვის მის ირგვლივ რომ ირეოდნენ და მისი სამეფოს ნამუსრევზე ლაღობდნენ. ასეთ დროს ლონგინოსი სიტყვას შეაშველებდა ხოლმე: - გამხნევდი, თავი მაღლა აიღე... მოზეიმე მტერს თვალი უნდა გაუსწორო, ამჯერად ასეა საჭირო. რამდენჯერ მითქვამს შენთვის; რა იცი, რა განუზრახავს ბედისწერას. უწინ, ბედსვიანობისას, სიზმრადაც ვერ ნახავდი იმას, რა დღეშიც ახლა ხარ. ვერც იმას წარმოიდგენ დღეს, ხვალ რას შეეჩეხები. თავი მაღლა აიღე და ყველაფრისთვის მზად იყავი. ყმაწვილიც ისევ მაღლა სწევდა თავს, კვლავ თვალებში შეჰყურებდა მოზეიმე მტერს.
ბედისწერის მარყუჟი
უფლისწულმა და ლონგინოსმა ბოლოს გალიებთანაც ამოყვეს თავი. უფრო სწორად, მათ ნამტვრევებთან. უფლისწული შეჩერდა, ყველაზე ხშირად სწორედ აქ ვთამაშობდიო, ჩაილაპარაკა. - ფრინველები ერთ გნიასს ატეხდნენ ხოლმე, როცა ახლოს ჩავურბენდი გალიას. - ერთიც აღარაა, - თქვა ლონგინოსმა... - იქნებ ზოგმა მოასწრო ეშველა თავისთვის და გაფრინდა, ვინ იცის... - აღარც შვლებია... - აი შვლებს კი მწვადებად შეწვავდნენ. მწვადები ახლაც იწვებოდა. იქვე დიდი ცეცხლი დაეგუზგუზებინათ წითელჩაჩქნიან მეომრებს. მარჯვედ ატრიალებდნენ შემფურებს. სახეები ერთიანად ულაპლაპებდათ, ცალკე ცეცხლის მხურვალებისაგან, ცალკე მაძღარი სმაჭამისგან. მათხოვრებსაც უწილადეს მწვადი, ისე რომ თხოვნა არც კი დააცალეს... (ანუ უფლისწულს და ლონგინოსს). - გულუხვობას იჩენს მაძღალი მტერი. - ჩაიფრუტუნა ლონგინოსმა - ლაშას გასაგონად, - მიირთვი, შეგერგება, შენი საკუთარი ბაღიდანაა... ლაშამ დაუჯერა, მწვადს კბილები ჩაუჭირა. მართლაც ძალზე გემრიელი იყო. მოულოდნელად შორიახლოს ხმამაღალი სიცილის და ტაშისცემის ხმა გაისმა. ყველამ იქითკენ გაიხედა, მათ შორის უფლისწულმაც და ლონგინოსმა. ხედავენ: ბაღის ერთ კუთხეში, მწვანე კორდზე ხალხის ჭრელი ჯგრო შეყრილა, სწორედ მათგან ისმის სიცილ-ხუმრობა და ტაში. თითქოს გასაკვირი არაფერია, ყოველ ნაბიჯზე ქეიფობს გამარჯვებული მტერი, მაგრამ აი რა იყო უცნაური: შემოკრებილი ჯგროს თავზე ჟამიდანჟამს ჩანდა ოქროს გვირგვინი. გაიბრწყინებდა და ისევ გაქრებოდა. თანაც ძალიან ჰგავდა იმ გვირგვინს, დაბადების დღეს რომ საჩუქრად მიიღო უფლისწულმა მშობელი დედისგან. ორმა მკელობელმა მათხოვარმა ერთმანეთს ჩაჰკიდეს ხელები, თავშეყრილი ხალხის ჯგროსკენ გასწიეს, რათა ახლოდან ენახათ ეს უცნაური ჩვენება. მივიდნენ, ჯგრო მისწიმოსწიეს, საეჭვო აღარაფერია; სწორედ ის ოქროს გვირგვინია, დაბადების დღისთვის რომ შეუთხზა დედოფალმა ზენობიამ თავის ღვიძლ შვილს. და ეს გვირგვინი ახლაც სულელს ადგას თავზე... სწორედ იმ სულელს, დაბადების დღეზე რომ იცეკვა და მაშინ ასე რომ განარისხა უფლისწული. რა დიდი ცნობა მაგას სჭირდება; ისევ ის შაბიამნისფერი, უაზრო თვალები, სახეზე შეყინული უცვლელი ღიმილი, გაბურძგნული ჭუჭყიანი თავი, და თავზე ფაქიზად ნაძერწი, დიდი ალმასით და ძვირფასი თვლებით დამშვენებული ბაჯაღლო ოქროს გვირგვინი. და როგორც მაშინ (უფლისწულის დაბადების დღეს), ახლაც ცეკვავს თავზე გვირგვინდადგმული სულელი. წინ და უკან დახტის, უაზროდ იქნევს ხელფეხს. ირგვლივ შემოხვეული მაყურებლები ტაშს უკრავენ, იცინიან, სულით და გულით ხალისობენ. ეძებდნენ ახალ გასართობს, და აჰა, იპოვეს. მეტი რაღა უნდოდათ... განსაკუთრებით მხიარულობდა მეომართა ერთი პატარა ჯგუფი. ზოგი დამცინავად თაყვანს სცემდა მოცეკვავე სულელს, ვითომდა ქედს იდრეკდა უფლისწულის წინაშე. ზოგიც პირდაპირ სახეში აყრიდა გროშებს. უფრო მაღლა ახტიო, აქეზებდა. ერთმანეთში სანაძლეოს დებდნენ, აბა რამდენ ხანს იცეკვებსო. როდესაც უფლისწულს შევიპყრობთ, იმასაც ასე ვაცეკვებთო, ამბობდნენ. - მიწიდან ამოვთხრი, როცა იქნება და მაინც ვაცეკვებ! - დაიროხროხა ერთერთმა მათგანმა, თავზე მაღალი ჩაჩქანით, ალბათ მათი უფროსი უნდა ყოფილიყო. ჩანს, სწორედ ამ მაღალჩაჩქანიანს ერგო წილად უფლისწულის გვირგვინი. ყური მოკრული ექნებოდა, სულელმა როგორ იცეკვა ამ გვირგვინით და ახლა თვითონვე ერთობა სასმელით შეზარხოშებულიო, გაივლო გულში ლონგინოსმა. ჰო, მისია გვირგვინი. ვხედავ, თვალს წამითაც არ აშორებს. რამდენიმე წამით დუმდა ლონგინოსი, შეჰყურებდა მოცეკვავე სულელს. მერე ლაშას მიუბრუნდა. - თურმე ბედისწერა გამოგცხადებია მაშინ, როდესაც ამ ჭკუანაკულელის ცეკვა იხილე თავზე შენი ოქროს გვირგვინით. მარყუჟი შეიკრა, ახლაც ხედავ იმავე სურათს. უფლისწული ხმას არ იღებდა, მოცეკვავე ჭკუანაკლულს არ აშორებდა თვალს. ლონგინოსმა მხარზე დაადო ხელი. - აჰა, შეხედე; ისწავლე, თვალი გაუმაგრო საკუთარ ბედისწერას, მე კი ხელს შევაშველებ შენს გაუმაგრებელ ხერხემალს. ლონგინოსმა ამ სიტყვებთან ერთად ხელისგული ხერხემალზე აუსვა უფლისწულს, რომელიც მდუმარედ და უძრავად რომ იდგა მოზიმზიმე ჯგროს შუაგულში, არც ხმას იღებდა, მხოლოდღა ოდნავ თრთოდა მთელი სხეულით. როკავდა თავზე გვირგვინჩამოფხატული სულელი. გროშების წვიმას უყრიდნენ და აბა, რა გააჩერებდა... ჭკუა ნამდვილად ჰყოფნიდა საიმისოდ, სარფას რომ გამოდევნებოდა. ამ ცეკვა-ხტომაში გვირგვინი გვერდზე მოეღრიცა, უფრო სასეირო სანახავი შეიქნა, ამან მხიარულების ახალი ტალღა გამოიწვია მაყურებლებში, ტაშიც უფრო გახურდა. გაქეზებულმა ჭკუანაკლულმაც უფრო მაღლა იწყო ხტომა, ოქროს გვირგვინიც ცოცხალივით ხტოდა მის თავზე, ხან აქეთ გადაქანდებოდა, ხან იქით... და მას თვალდაუხამხამებლად შესცქეროდა უფლისწული, თვითონ გვირგვინის პატრონი... შესცქეროდა საკუთარ ბედისწერას, უკვე სრულიად გაცხადებულს. შეძლო ათი წლის ყმაწვილმა მისთვის თვალის გამაგრება... რაღა თქმა უნდა, ლონგინოსის დახმარებით, მისი ხელისგულს გრძნობდა გამუდმებით საკუთარ ხერხემალზე. უეცრად რაღაცამ გაიბრწყინა მათ ფეხებთან, ვიღაცამ მონეტა გადაუგდო ორ მკელობელ მათხოვარსაც. ლონგინოსი დაიხარა, აიღო მონეტა, დააკვირდა. მერე უფლისწულს გაუწოდა ნამალევად. - აჰა, შეხედე... შეხედა ლაშამ, რას ხედავს; ოქროს მონეტაზე მისი სახეა გამოხატული, თავზე გვირგვინით... სწორედ იმ გვირგვინით, ამ საცოდავ სულელს რომ ჩამოაფხატეს მის გასამასხარავებლად. - ეს კარგი ნიშანია, უფლისწულო, - წაუჩურჩულა ლონგინოსმა, ხმაში სიმხნევე შემატებოდა, - უკვე მოგაგნო შენი დაბადების დღისთვის მოჭრილმა მონეტამ, იქნებ გვირგვინიც თან მოჰყვეს... ჩამწყდარი ამოსლუკუნება გაისმა პასუხად, ისეთი ხმით, ტირილსაც რომ ვერ ბედავს. მიუხვდა ლონგინოსი, რა ემართებოდა უფლისწულს. ძველი ბედსვიანობა ცხადლივ გაახსენა ოქროს მონეტამ. ათი წლის ბავშვმა შეძლო თვალი გაესწორებინა ბედისწერის დაცინვისთვის, მაგრამ ეს ოქროს მონეტა ბოლო წვეთი აღმოჩნდა, აშკარად უღალატა გამძლეობამ, ცრემლები ჩამოედინა არაბუნებრივად მოღრეცილ სახეზე. - წავიდეთ აქედან, - უჩურჩულა ლონგინოსმა უფლისწულს და მხარზე მოჰკიდა ხელი. ისიც დაემორჩილა. ორმა მკელობელმა მათხოვარმა ზურგი აქცია მხიარულ სანახაობას, ბაღის გასასვლელისკენ აიღეს გეზი. მოზომილად მიაბიჯებდნენ, აუჩქარებლად დატოვეს ზურმუხტის სასახლის შემოგარენი. არავის ზედაც არ შეუხედავს მათთვის, ყველა თავის წილ ნადავლს გამოდევნებოდა. გაუყვნენ პალმირას ქუჩებს, ოდესღაც ესოენ ნაცნობს, ახლა კი სრულიად უცხო რომ გამხდარიყო მათთვის. ნანგრევები და გადამწვარი ნასახლარები განსაკუთრებით ამძაფრებდა უცხოობის შეგრძნებას. დაუბრკოლებლად გააღწიეს ქალაქის კარიბჭიდან, გუშაგებს აზრადაც არ მოსვლიათ მათი შეჩერება. ათასი ჯურის მაწანწალათა მთელი ბრბოები ესეოდა იმ დღეებში დაქცეულ პალმირას, რომელ ერთს უნდა გამოჰკიდებოდნენ. იარაღი არ უნდა ჰქონოდათ, ამას აქცევდნენ დიდ ყურადღებას, დანარჩენის დარდი აღარ ჰქონდათ. დაუყვნენ დაღმართს უფლისწული და ლონგინოსი, ახლა უკვე პალმირას კარიბჭის მიღმა. არც ახლა ჩქარობდნენ. რად უნდა ეფიქრა გუშაგს, მათ დამნახავს, თითქოს ვინმეს გაურბოდნენ. ნაბიჯი ნაბიჯს მოზომილად მიჰყვებოდა. გუშაგმა, გალავნის თავზე წინ და უკან მოსიარულემ, ერთი კი შეავლო მათ თვალი და იმწამსვე სხვაგან გაიხედა. ...და აჰა, მეჩხერი ხეების წყებაც დაიწყო, რომლის იქითაც ბაღბოსტნები ბიბინებდნენ. ლონგინოსმა და ლაშამ აქ უკვე ბევრად უფრო უსაფრთხოდ იგრძნეს თავი. ცოტა ხნით გადმოხურულშიც კი შეჩერდნენ... სწორედ იმ გადმოხურულში, ფოლადის სამაჯურიანი კლანჯები რომ დაკარგა ვითომდა მათხოვარმა იმ ღირსსახსოვარ დღეს, დაისვენეს, მუხლის ქარი ამოიღეს, თან წამოღებულ საგზალს გაუსინჯეს გამო. - ნურაფრის გეშინია - ეუბნებოდა ლონგინოსი უფლისწულს. - მაქვს რაღაცრაღაცეები გადამალული სხვადასხვა ადგილას. არც მოგშივდება, არც მოგწყურდება. სანდო ხალხიც მყავს, გავაღწევთ აქედან, გავალთ სამშვიდობოს. მერე კი ვნახოთ, როგორ განსჯის ბედისწერა. ყოველ შემთხვევაში, ცდას არ დავაკლებთ. იქნებ ინებოს ზეცამ, დამცირებით ლტოლვილი, დაუბრუნდე დიდებით. ამ სიტყვების გაგონებისას ლაშამ თავი მაღლა ასწია. - მახსოვს, დედაჩემმა მითხრა; როცა დაბრუნდები, დაგხვდება ტახტი, მთაზე უფრო მაღალი, ღრუბელზე უფრო წმინდა... ზარივით დარეკა უფლისწულის ხმამ, როცა ამას ამბობდა. ლონგინოსმა კმაყოფილებით დაიქნია თავი, ყმაწვილი ისევ იკრებდა ძალას. ლონგინოსმა აბგას პირი მოუკრა, მხარზე გადაიგდო, უფლისწულიც მოემზადა, წინ შორი გზა ელოდათ. გამოვიდნენ გადმოხურულიდან, და სანამ გზას დაადგებოდნენ, ორიოდე წამით შეჩერდნენ. ეს ლონგინოსის ბრალი იყო; გულმა არ მოუთმინა, უკან მოიხედა, თვალით ის აღმართი აზომა, რომელსაც პალმირას კარიბჭე აგვირგვინებდა... ვინ მოსთვლის, რამდენჯერ დაუნახავს ეს დიდებული სურათი, ყოველთვის იხიბლებოდა მისი პეწით და ლაზათით. ქალაქ-მარგალიტს შესასვლელიც ისეთი აქვს, როგორიც ეკადრებაო, გაივლებდა ხოლმე გულში. ახლაც ძველებურად მოიხიბლა, შეჰყურებდა დიდი ხელოვნებით ოსტატურად და მკვიდრად ნაგებ კარიბჭეს, თან გულში სიმწარე მსჭვალავდა მახვილივით. ჰმ, მაშინ ვინ წარმოიდგენდა ამას, რა დღეშიც ახლა ვართ... მოულოდნელად ლონგინოსმა ხმა შეიმაღლა; - დაემხო კერპი თიხისფეხებიანი. ტალახში გდია მისი ოქროს თავი და მტერი ზეობს მასზე! - აღმოხდა ლონგინოსს, შეკავებული ბოღმა და ბრაზი ჟღერდა მის ხმაში. ალბათ დაიხრჩობოდა, ეს სიტყვები რომ არ ეთქვა. უფლისწულმა გაოცებით შეხედა. - რომელ კერპზე ლაპარაკობ? - იმ კერპზე, მაგნიტივით რომ იზიდავს მტრის ხარბ მზერას. ეს მზერა ერთ მშვენიერ დღეს ლოდად იქცევა და მისკენ გამოექანება... აქ ლონგინოსი გაჩუმდა, თავი გაიქნია, თითქოს ავი ზმანება მოიშორაო. მოვა დრო, გეტყვი მაგის შესახებაც, ახლა გავწიოთ, წინ, შორი გზა გველოდებაო, უკვე ჩვეულებრივი ხმით უთხრა უფლისწულს. მეტს ვეღარაფერს ეტყოდა ათი წლის ყმაწვილს, ვერ დაუხატავდა თიხისფეხებიანი და ოქროსთავიანი კერპის იდუმალ იერსახეს, ერთ დროს დედოფალ ზენობიას რომ გადაუშალა თვალწინ. ვერც ადამიანური ბუნების ბნელ ჯურღმულებში ჩაახედებდა. მართალია, გონებაგახსნილობა არ აკლდა ლაშას, გამოცდილებაც, იცოცხლე, დაუგროვდა, მაგრამ მაინც, ის ხომ ათი წლისა იყო, მეტის არა. ისევ გაუდგნენ გზას. აუჩქარებლად მიდიოდნენ, იმ ადამიანის ნაბიჯებით, მხოლოდ საკუთარ ფეხებს რომ მინდობია შორი გზის გასავლელად. სულ ფრო და უფრო შორდებოდნენ პალმირას კარიბჭეს, ზვიადად წამომართულს დამრეცი აღმართის თავზე, მათი სხეულებიც თანდათან პატარავდებონენ. უკვე ვეღარ გაარჩევდა პალმირას გალავანზე მოსიარულე გუშაგი, მათხოვრის ფლასი ემოსა იმ ორ მოგზაურს, თუ სულ სხვანაირ, ღირსეულ და ძვირფას სამოსელში იყვნენ გამოწყობილები... თუ, რაღა თქმა უნდა, თავს შეიწუხებდა მათი თვალიერებით... აკი არ თვლიდა ამას საჭიროდ... მხოლოდ იმასღა თუ შენიშნავდა, ერთერთი მათგანი იმ ორთაგან მაღლა რომ სწევდა ხელს, ცის კაბადონზე მორონინე სპეტაკი ღრუბლისკენ უთითებდა მეორეს. ეს, ცხადია, ლონგინოსი უნდა ყოფილიყო. ვინ იცის, მერამდენეჯერ უმეორებდა უფლისწულს ყოფილიყო, ისევ და ისევ ამხნევებდა უფლისწულს, უმეორებდა დედოფალ ზენობიას სიტყვებს: ისევ დაბრუნდები ქალაქ პალმირაში. დაგხვდება ტახტი, მთაზე უფრო მაღალი, ღრუბელზე უფრო წმინდა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ბედისწერის მარყუჟს ვერსად გაექცევი! ბედისწერის მარყუჟს ვერსად გაექცევი!
7. მომავალ შეხვედრამდე :)
მომავალ შეხვედრამდე :)
6. დიახ, საღამოს რომ წავიკითხე, მივხვდი რომ დასრულდა. :) ძალიან კარგი იყო და დიდი მადლობა თქვენ.
დიახ, საღამოს რომ წავიკითხე, მივხვდი რომ დასრულდა. :) ძალიან კარგი იყო და დიდი მადლობა თქვენ.
5. მადლობა. გაგრძელება აღარ იქნება. დასრულდა. გამომრჩა, მიმენიშნებინა, რომ ბოლო სამი თავია. დასრულდა მადლობა. გაგრძელება აღარ იქნება. დასრულდა. გამომრჩა, მიმენიშნებინა, რომ ბოლო სამი თავია. დასრულდა
4. შესანიშნავი იყო. სწორად დამიწერია ხუთი ქულა. :)
შესანიშნავი იყო. სწორად დამიწერია ხუთი ქულა. :)
3. მომე ტონა :)) მომე ტონა :))
2. მომე ტონა :)) მომე ტონა :))
1. ნუნუ-ნონა, ვინაიდან ახლა დრო არ მაქვს, ავანსად ვტოვებ ხუთ ქულას. საღამოს წავიკითხავ. ხელს არავინ შემიშლის.
გაგრძელება იქნება? ნუნუ-ნონა, ვინაიდან ახლა დრო არ მაქვს, ავანსად ვტოვებ ხუთ ქულას. საღამოს წავიკითხავ. ხელს არავინ შემიშლის.
გაგრძელება იქნება?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|