ზღვიდან ამომავალ მხეცს ვუტრიალებთ ირგვლივ... ის უკვე მთლიანად ამოვიდა ზღვიდან, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასარკვევი. წმინდა წერილში სწერია: ,,...მისცა მას გველეშაპმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ხელმწიფება~. რომელ ტახტზეა აქ ლაპარაკი? მინდა შეგახსენოთ: ყველაზე უდიდესი მხატვარი დედამიწაზე მზის სხივი გახლავთ. მზის სხივი ქმნის შუქჩრდილებს, ხატავს და აღწერს ყოველივეს, რასაც კი ჩვენი თვალი მიწვდება. მთვარის შუქიც ხომ მზის სხივების ანარეკლია... ერთი სიტყვით, ჩვენი ხედვა მთლიანად მზის სხივის ყოფნა-არყოფნაზეა დამოკიდებული. მაგრამ ახლა, როდესაც დრო-სივრცის უფართოეს რკალზე გადავინაცვლეთ (ანუ ვარსკვლავებამდე ავმაღლდით), უკვე აღარ ვართ დამოკიდებულნი მზის სხივზე, როგორც შუქის ერთადერთ წყაროზე. თითქოს ფარდა გადაიწიაო, სულ სხვა სინათლე შემოიჭრა რომელიღაცა იდუმალი სარკმლიდან. გამოუცნობი ბუნებაა ეს სინათლე, ვერ ვამჩნევთ თვითონ მას, მზის სხივებისგან განსხვავებით. ვერც ფერებს დაუთვლი, როგორც ცისარტყელას. ამდენს ვერ შებედავ, მაგრამ იმდენს კი ვხედავთ, თუ რა განსხვავებული შუქი მოეფინა ყველაფერს. ანუ, სულ სხვანაირად, ახლებურად წარმოჩინდა ყველაფერი, რასაც კი ეს იდუმალი სინათლე მიწვდა და მოეფინა. ამ საოცარმა, იდუმალმა სინათლემ ყველაფერი ახლებურად წარმოაჩინა, ბევრი ისეთი რამ გაამჟღავნა, რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდით (ამ სიტყვების გაგონებისას მე ოქროს ნიღაბის საყვარლად ჩახვეულ რქებს მივესიყვარულე თვალებით), მის დანახვაში მზის სხივი ვერ გვეხმარებოდა, რამდენადაც შეუვალია მის მიმართ. ჰოდა, რა არის ის, რაც მზის სხივისთვის შეუვალი ყოფილა? უპირველეს ყოვლისა ოქროს ნიღბის სხივისებური რქები (კიდევ კარგი, მოიფიქრა ამის თქმა), თუმცა ეს როდია ყველაფერი. ეს გახლავთ მეტისმეტად ფართო დრო-სივრცის არეალზე განფენილი შტრიხები და კონტურები... სწორედ მათ ჩაუსაფრდნენ ნიღბები, რომლებმაც ჩემამდე ილაპარაკეს... მეც მოვახერხე რაღაც, თვალი მოვკარი ხსენებული კონტურების გარკვეულ ნაწილს და მოყვანილობას. მინდა ჩემეული ხედვა მოგახსენოთ ამის შესახებ. ჩვენი ცთომილი თავისი განვითარების ხუთ ერას მოითვლის. მათი ჩამოთვლა, ვფიქრობ, აუცილებელი არაა, ისინი ყველასთვის ცნობილია. ვარსკვლავების სიმაღლიდან დავხედოთ ერათა მონაცვლეობას ვნახავთ, თუ რა თანმიმდევრულად მისდევენ ერთმანეთს, თითქოს ვიღაც უხილავი რეჟისორი წყვეტდეს, რომელმა რომელი უნდა ჩაანაცვლოს და როდის. ცვლილებათა ხანა მეტისმეტად მკაცრადაა განსაზღვრული. როდესაც მოაწევს ჟამი რომელიმე სახეობის აღზევებისა, ეს აღსრულდება კიდეც, წინ ვერაფერი დაუდგება. მანამდე არსებული ბიოლოგიური სახეობა თმობს თავის ადგილს მზის ქვეშ, მისი დრო ამოიწურა, ასეთია გარდაუვალი ნება ამ უწყვეტი ცვალებადობისა. მინდა თქვენი ყურადღება იმ ერაზე შევაჩერო, რომელიც კაინოზურს (ადამიანის ზეობას) უძღოდა წინ. მას მეზოზოის უწოდებენ... ასე რომ, მეზოზოური ერა... დინოზავრების ზეობის ხანა... ვარსკვლავების სიმაღლიდან დავხედოთ დედამიწას, ერთი კარგად მოვათვალიეროთ მთელი მისი ზედაპირი; ხმელეთი, წყალი თუ ჰაერი... აბა, სად არიან დინოზავრები? ,,ყველგან არიან!~ აი ამ სიტყვებით შევეხმიანებით, ,,ყველგან არიან~. აი ამ სიტყვებით, ასეთნაირად ვუპასუხებთ, თუ მსგავს შეკითხვას დაგვისვამს ვინმე. სადღა არ არიან... საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან დინოზავრებია; ხმელეთზე, წყალში, ცაში... მათ დაიპყრეს მთელი დედამიწა, ჰაერში ფრთები გაუშლიათ ყოვლად უჩვეულო შესახედაობის მფრინავ ხვლიკებს... მათი გაშლილი ფრთების სიგრძე რამდენიმე მეტრს აღწევს. წყალი და ხმელეთი, ჭაობი... ხომ, თქმა არ უნდა, მათ ეკუთვნით განუყოფლად. რა აღწერს მათ ნაირგვარობას და მრავალრიცხოვნობას. განუწყვეტლივ იქმნებიან სხვადასხვა სახეობათა განშტოებანი, ძალზე ძნელია მათ კვალზე მიყოლა. ზოგიერთ განშტოებას განსაკუთრებულად დიდი ზომის სხეული აქვს, შესაბამისად დიდი ღონითაც გამოირჩევა... შეიძლება ითქვას, ნამდვილ გიგანტებად იქცნენ დინოზავრები, ამ განშტოებას რომ ეკუთვნიან. მიწა ზანზარებს, მათი მძიმე ნაბიჯების ქვეშ. ერთერთი მათგანი გამოვიხმოთ ამ გიგანტებიდან. სახელად სტეგოზავრი ჰქვია. ზომებით ხომ ფრიად მოსული ვინმეა... დღევანდელი ადამიანი მის გვერდით სათამაშოსავით პატარა გამოჩნდებოდა... ცხადია, ღონეც სხეულის შესაფერისი უნდა ჰქონდეს. როგორც იტყვიან, კუნთები ასკდება ზედმეტი ღონისგან... ამას გარდა (მიაქციეთ ყურადღება), მთელი თავისი გიგანტური სხეული არაჩვეულებრივად მკვრივი გარსით (რქოვანით) აქვს შემოჯავშნული. თანაც ეს გარსი დაკბილულია... ასე რომ, ჩვენი ზორბა ჯეელის სხეული ერთიანად აღჭურვილია ფარებით და მახვილებით. რა კარგია, არა? ჩვენს გიგანტს არ სჭირდება; არც იარაღის საგანგებო საწყობები, არც საჭურველმტვირთველები... შეიარაღების მთელ არსენალს თან ატარებს... ჰოდა, წარმოიდგინეთ რა ძლევამოსილი უნდა იყოს, ამ ზომის და ღონის მქონე სხეული, თანაც კბილებამდე (ეს სიტყვა აქ სრულ ჭეშმარიტებას ასახავს) შეიარაღებული. მას შეუძლია თავისი დაკბილული კუდის ერთი მოქნევით შუაზე გაწყვიტოს ადამიანი, თუ სადმე გადაეყარა მას. იმაზე აღარაფერს ვამბობ, ბაღლინჯოსავით რომ შეუძლია მისი გასრესა... თუმცა ადამიანი რას მიქვია... ჩვენს მრისხანე ჯეელს ვერავინ უწევს მეტოქეობას იმ დროსა და სივრცეში, საიდანაც ის ჩვენ გამოვიხმეთ. როგორც იტყვიან, მას მტერი არ ჰყავს ბუნებაში. ანუ, მიეცა მეუფება დედამიწაზე... ალბათ მიაქციეთ ყურადღება; ფარებიც ვახსენე, როდესაც სტეგოზავრის შეიარაღებაზე მოგითხრობდით. თითქოს გასაოცარია, ფარები რიღასთვის სჭირდება? მას ხომ, როგორც ვიცით, მტერი არ ჰყავს ბუნებაში... გიპასუხებთ: ერთმანეთისგან თავდასაცავად სჭირდებოდათ ფარები... ერთმანეთს ესხმოდნენ თავს, ,,გავლენის სფეროებს~ ინაწილებდნენ, თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ. დავტოვოთ მეზოზური ერა, კაინოზოურში გადავინაცვლოთ. ეს ჩვენთვის სულ ადვილათ დრო-სივრცის უფართოეს რკალს მივყვებით, ახლაც ვარსკვლავების სიმაღლიდან დავხედოთ დედამიწას, მოვათვალიეროთ; აბა, სად არიან ადამიანები? ,,ყველგან არიან!~ აქაც ამ ორად ორი სიტყვით ვუპასუხებთ მსგავს შეკითხვას. სადღა არ არიან ადამიანები... ხმელეთზე, წყალში, ჰაერში... ამ ბოლო დროს კოსმოსშიც... მათ დაიპყრეს ყველა მიწიერი სტიქია, თავიანთ სამსახურში ჩააყენეს მათ წიაღში მთვლემარე ფარული ენერგიები... მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანს მიეცა მეუფება დედამიწაზე. მერედა როგორ, რა საშუალებით შეძლო ადამიანმა მთელი დედამიწის ზედაპირზე გაბატონება... ის ხომ ვერ დაიკვეხნის ისეთი წარმოსადეგობით, ჩვენს მიერ გამოხმობილი ზორბა ჯეელი (სტეგოზავრი) რომ იწონებდა თავს... არც ბუნებრივი შეიარაღება გაუმეტებია მისთვის განგებას... ადამიანი ამ მხრივ შეუდარებლად მოკრძალებულად გამოიყურება. ყოველივე აქედან გამომდინარე, ადამიანი უმწეო სათამაშოს ჰგავს გიგანტური ხვლიკის გვერდით, თითქოს არსებობის უფლებაც კი არ აქვს, ერთი შეხედვით ასე ჩანს, მაგრამ... (დიახ, აქ არის ,,მაგრამ~, რომელიც ყველაფერს გადაწონის). ადამიანს წარმოუდგენლად უფრო განვითარებული გონება მიანიჭა განგებამ, ვიდრე მის ზორბა წინამორბედს ჰქონდა. ამ მეტად ქმედითი, საოცარი გონებისმიერი ენერგიით ადამიანი ნამდვილ სასწაულებს ახდენს. ამის წყალობით იარაღი ნამდვილად არ აკლია ამ ჩვენს არც ისე წარმოსადეგ ჯეელს (ადამიანს), რაც ბუნებამ დააკლო, გონებამ აანაზღაურა... ოღონდ აქ ერთი უმთავრესი განსხვავებაა; სტეგოზურს იარაღი სხეულზე ჰქონდა ასხმული, თან დაატარებდა მუდამ, ადამიანმა კი საკუთარი სხეულის მიღმა გადაიტანა თავისი შეიარაღება... ასე ვთქვათ, სხვაგან მიუჩინა მას ადგილი, თუმცა არც ისე შორს, როგორც იტყვიან, ხელის გაწვდენაზე. ასე რომ, ადამიანმა იპოვა გამოსავალი, არაჩვეულებრივად განვითარებული გონების წყალობით, რაც ბუნებამ დააკლო, გონებამ აანაზღაურა. მის განკარგულებაში საბრძოლო იარაღის მთელი არსენალია. თანაც ეს არსენალი განუწყვეტლივ მდიდრდება და იხვეწება. მის მრავალფეროვნებას ხომ, ვერც კი ჩამოთვლი. ვთქვათ მოკლედ: ადამიანს მიეცა მეუფება დედამიწაზე, სხეულის ძლევამოსილება გონების ძლევამოსილებამ ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელს ნამდვილად არ ჰყავს მეტოქე ჩვენს ცთომილზე. სხვაგან, არ ვიცი... ,,მისცა მას გველეშაპმა ტახტი და მეუფება~, წმინდა წერილის სიტყვებია. მერედა, განა მართლა გველეშაპს არ ჰგავს ის საოცარი არსება, მეცნიერებმა სტეგოზავრი რომ უწოდეს? ალბათ ყველას გსმენიათ ზღაპრული გველეშაპის შესახებ... ისიც ხომ გიგანტური ხვლიკის მსგავსი არსება იყო, ოღონდ... ფრთებით აღჭურვილი. ჰოდა, აქაც ყოველივე ცხადია: დინოზავრთა ზოგიერთი სახეობა ჰაერში დაფრინავდა, როგორც უკვე ვიცით... ასე რომ, არც ფრთები დაჰკლებია დინოზავრთა მოდგმას, ანუ გველეშაპს. აქ ერთ საზღვრებშია თავმოყრილი დინოზავრთა ყველა სახეობის თვისებები; ხმელეთზე სიარული, წყალში ცურვა და ჰაერში ფრენა... სწორედ ამას ნიშნავს წმინდა წერილში მოხსენიებული გველეშაპი, ადამიანმა (ზღვიდან ამომავალმა მხეცმა) მისგან გადაიბარა მიწიერი ტახტი და მეუფება. ,,გაკვირდა მთელი დედამიწის მოსახლეობა და უკან გაედევნა მხეცს~. წმინდა წერილის ეს სიტყვები თვითონვე მეტყველებენ ყველაზე ცხადად. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ადამიანი (ზღვიდან ამომავალი მხეცი) ბუნების გვირგვინია, მან საკუთარი სხეულის წიაღში გაითავისა ცოცხალი არსების ყველა სახეობა, რაც კი ოდესმე დედამიწის ზურგზე გაჭაჭანებულა. ჰოდა, ყველა ეს სახეობა აღიარებს ადამიანის უპირატესობას და ძლევამოსილებას. ეს აღიარება სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვანაირად იჩენს თავს. ზოგი მას (ადამიანს) ემორჩილება... გნებავთ, ემონება. მოშინაურებული პირუტყვი მყავს მხედვალობაში. ზოგიც პირიქით, გაურბის და ემალება. ამით იგი საკუთარ მარცხს, ანუ უძლურებას აღიარებს ადამიანის წინაშე. გამარჯვებული არ გარბის, გარბის მხოლოდ დამარცხებული. გამარჯვებული თავის ნებას კარნახობს დედამიწის ყველა ბინადარს მისგან განსხვავებულს. ყველგან და ყოველთვის მისი ნებისაებრ მოქმედებს, და მას ზღვიდან ამომავალი მხეცი ეწოდა დღესდღეობით, ანუ ადამიანი მისი ყველაზე ზოგადი ნიშნით.
* * *
ცისარტყელას ნიღაბს ძლივს აცალეს სიტყვის დასრულება... ო, რა ჟრიამული ატყდა; ,,სად არიან?~ ,,ყველგან არიან~... ეს ორი სიტყვა მესმოდა ყველაზე ხშირად. ჩანს ნიღბებს ძალიან მოეწონათ ცისარტყელას ნიღბის მიერ დახატული, მათრლაცდა ფერადოვანი სურათი; ჯერ დინოზავრების ზეობა, მერე კი ადამიანის აღზევება. ძალიან გაუხარდათ (ჩემი აზრით), გველეშაპმა მხეცს რომ გადაულოცა მთელი თავისი ძლევამოსილება. ,,მხეცი სულ უფრო და უფრო უახლოვდება ადამიანს~; ასეთი გახლდათ მათი საბოლოო დასკვნა მოსმენილის შესახებ. ალბათ ციური მნათობებიც იზიარებდნენ ნიღბების დიდ სიხარულს. ვერც კი ავწერ, ისეთი რიალი და ფორიაქი შექმნეს ჩვენს შორსგაზიდულ სივრცეში. მერე კი, ცხადია, მე შემომაცეცეს თვალები ნიღბებმა: აბა, გველეშაპის შესახებ რას გვეტყვიო. - აბა, რა უნდა გითხრათ, - ვამბობ თავჩაღუნული, თან საკუთარ თავს ვამხნევებ... ,,ცოტაც გაუძელ, მხეცი უკვე ამოვიდა ზღვიდან... ალბათ მალე მორჩებიან... მთავარია, ოქროს ნიღაბი არ დავკარგო მხედველობიდან. მაგრამ ,,გაძლება~ სულ უფრო გაუსაძლისი ხდება... ნიღბები მეტისმეტად ხმამაღლა აჟრიამულდნენ, ამას ვერ მოვითმენთ, შემთხვევითობამ აუცილებლად უნდა გვითხრას რამეო, მოითხოვეს. - ჯერჯერობით არაფერი მომდის თავში, - ვამბობ შეშინებული, - ცოტა მაცალეთ, იქნებ რაიმე მოვიფიქრო... - მაინც, რამდენ ხანს უნდა გაცალოთ? - მკითხა ოქროს ნიღაბმა, სწორედ მან,... პასუხის მოლოდინში მთელი ტანით აღიმართა აუზის პირას და ჯიქურ შემომხედა... პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, მგალობელი ფრინველის ნიღაბი ჩაერია ჩვენს საუბარში: - ერთი რაღაც მომივიდა აზრად, - თქვა მან - ჯერ მე მომისმინეთ, შემთხვევითობამ მერე ილაპარაკოს.
მგალობელი ფრინველი
თითქოს უცნაურია, არა? უფართოეს დრო-სივრცის რკალზე გადავინაცვლე, ვარსკვლავებამდე ავმაღლდი თქვენთან ერთად; ზღვიდან ამომავალ მხეცს სწორედ აქედან ვუსმენ ყველაზე უკეთ. მან მე ხმა მომაწვდინა, ძლევამოსილია ეს ხმა და არა მარტო... ძალიან დახვეწილიცაა ამავე დროს. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ის ხომ ლაპარაკობს. ,,მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკა~, ასე ღაღადებს წმინდა წერილი. დიახ, ზღვიდან ამომავალი მხეცი ლაპარაკობს, ანუ მეტყველია, ანუ ადამიანია. დედამიწის დანარჩენი ბინადრები ვერ ლაპარაკობენ (ცხოველები, ფრინველები და ა.შ.) ყველანი ისინი შეიძლება ერთი ნიშნის ქვეშ გააერთიანო, ამ ნიშანს ,,პირუტყვი~ ეწოდება. ადამიანს და სხვა დანარჩენ ცოცხალ არსებებს უმთავრესად ეს ორი სიტყვა ,,პირუტყვი და მეტყველი~, განასხვავებს ერთმანეთისგან. სიტყვა ,,მედიდურზე~ მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. მეტად ღრმა აზრია მასში ჩაქსოვილი. ზღვიდან ამომავალი მხეცი მეტყველი ადამიანია... ეს იმას ნიშნავს, რომ იგი უაღრესად მაღალგანვითარებული ტვინით არის აღჭურვილი. აკი არაერთხელ ითქვა; მხეცის ერთმა (და არა შვიდმა) თავმა მთლიანად მოიცვა სამყაროს შექმნის უფართოესი არეალი, ოღონდ... შვიდ ნაწილად დანაწევრებული. ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენ უმნიშვნელოვანესი ორგანოა ტვინი. იგი უფაქიზესი მექანიზმია, უფლის ხელით შექმნილი და მომართული. მისი დანიშნულებაა (შეგახსენებთ ამის შესახებ), მართოს ყოველგვარი პროცესი, რაც კი სხეულს შეეხება, როგორც შინაგანი ცხოველმყოფლობა, ისე გარეგანი მოქმედებები, ერთობლიობაში აღებული. როდესაც ადამიანს შევყურებთ (ნებისმიერს), ვხედავთ მის აღნაგობას, სხეულის ზომებს, სახის გამომეტყველებას. ეს ყველაფერი ჩვენში მყისიერად აღიქმება, ჩვენ შეგვიძლია მაშინვე ვთქვათ, რამდენად პროპორციულია ადამიანის სხეული, მაღალია თუ დაბალი, როგორია მისი იერსახე... თუ ვინმე დაგვავალებს მის დახატვას, ყოველივე ამის ქაღალდზე გადატანას ვიწყებთ, თანაც ზედმიწევნით ვცდილობთ, არ დავარღვიოთ ის პროპორცია, რითაც იგი (მოცემული სხეული) დააჯილდოვა განგებამ. სახის დახატვას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ. თუ შევძელით და მოცემულ დავალებას თავი წარმატებით გავართვით,... ანუ თუ არ დავარღვიეთ ის პროპორციები, რითაც ჩვენი ხატვის ობიექტი იყო დაჯილდოვებული, ჩვენ გვექნება ადამიანის პორტრეტი, ზედმიწევნით მისი მსგავსი შესახედავად. ცოტა ხნით ფიზიოლოგებსაც დავუგდოთ ყური, როგორ აღწერენ ისინი ადამიანის სხეულს, როგორ ხატავენ მის პორტრეტს ,,თავიდან ფეხებამდე~. არც კი დაფიქრდებიან, ისე გეტყვიან ფიზიოლოგები, რომ მათთვის ტვინის ფუნქციებია მთავარი. ისინი სწორედ იმის მიხედვით ქმნიან ნებისმიერი სხეულის (ჩვენს, შემთხვევაში ადამიანის) პორტრეტს. თუ მბრძანებლობის რა ფორმას ირჩევს ტვინი. ანუ ტვინის რომელი უბანი მართავს ადამიანის სხეულის ამა თუ იმ ნაწილს. უპირველეს ყოვლისა, ხდება მართვის ცენტრების უზუსტესი აღნუსხვა, მერე კი მათი ერთმანეთთან დაკავშირება. ამის შედეგად ტვინის შუაგულ ხვეულზე იქმნება ადამიანის პორტრეტი თავიდან ფეხებამდე. მერედა, როგორია ეს პორტრეტი? ვიცი, არ მოგეწონებათ; დარღვეულია ყოველგვარი პროპორცია, რომელსაც საუკუნეების მანძილზე შევაჩვიეთ თვალი; ტვინის ხვეულზე აღიბეჭდება საოცარი კაცუნა, ნამდვილი ქონდრისკაცი. სულ პაწაწინა სხეულით, უზარმაზარი ხელფეხით და რაც მთავარია, წარმოუდგენლად დიდი პირით, ფიზიოლოგებმა მიაკვლიეს, რომ ტვინის მეტისმეტად დიდი მოცულობაა ჩართული იმ პროცესების მართვაში, რასაც მეტყველება ეწოდება. ფიზიოლოგების მიერ დახატული პორტრეტი (თავით ფეხებამდე) სწორედ ამაზე მიგვანიშნებს. ამგვარად, მივიღეთ უმსგავსი არსების უმსგავსი პორტრეტი, მედიდურად მეტყველი მეტისმეტად დიდი პირით... დიახ, სიტყვა ,,მედიდური~ აქ არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ,,უმსგავსი~ არსება, ანუ ზღვიდან ამომავალი მხეცი (იგივე ადამიანი), ამპარტავნებითაა შეპყრობილი. იგი იმასაც მიუთითებს, რომ მეტყველების უნარი მბრძანებელ სიმაღლეს იკავებს მასში. კიდევ ერთხელ დავხედოთ ზღვიდან ამომავალ მხეცს ვარსკვლავების სიმაღლიდან. დავინახავთ, მართლაც რა მედიდურია... მეტისმეტად მოსწონს საკუთარი თავი, მეტყველების უნარი რომ მიანიჭა განგებამ... მისი საშუალებით ზომავს ყველაფერს თავის ირგვლივ... ყოველ ცოცხალ არსებას მასთან (მეტყველების უნართან) მიმართებაში მიუჩენს ხოლმე კუთვნილ ადგილს. სიტყვა ,,პირუტყვი~ სწორედ ამის შედეგად იშვა, როგორც უკვე ითქვა ზემოთ... მისი საპირწონე სიტყვა ,,მეტყველი~ მხოლოდ ადამიანს, ანუ ზღვიდან ამომავალ მხეცს ეკუთვნის, და იგი მედიდურია მისი წყალობით. ამ მხრივ ბადალი არ ჰყავს მთელ დედამიწაზე.
* * *
მგალობელმა ფრინველმა უცბად შეწყვიტა ლაპარაკი, და აი რატომ; ოქროს ნიღაბი დასწვდა ჭრელ ბურთს და მაღლა შეისროლა. აჰა, ჟონგლიორობა მოენატრა-მეთქი, ვიფიქრე. მაგრამ არა, ბურთმა ლამაზი რეალი მოხაზა ჰაერში და შუა აუზში მოადინა ტყაპანი. ოქროს ხელებთან აღარ მიბრუნებულა. აუზში წყალი ათრთოლდა, აძაგძაგდა... წრიული ტალღები გასრიალდნენ ნაპირებისკენ... ასევე ათრთოლდნენ და აძაგძაგდნენ ნიღბების ორეულები. ყველანი მონუსხულებივით მივაჩერდით ჭრელ ბურთს, რომელიც ციბრუტივით ტრიალებდა შუა აუზში. თანდათან დამშვიდდა წყალი, ორეულებმა შეწყვიტეს ძიგძიგი, ჭრელმა ბურთმაც შეწყვიტა ტრიალი, უძრავად გაირინდა თავის ორეულთან შეტყუპებული. რა ლამაზი ბურთია, მართლაც... როცა დასველდა, კიდევ უფრო გალამაზდა, თითქოს შარავანდედით შეიმოსა... სისველემ მის მარგალიტისებურ ათინათს გაუსვა ხაზი. სულ ათიოდე წამს გაგრძელდა სიჩუმე, მგალობელმა ფრინველმა კვლავ გააგრძელა ლაპარაკი.
* * *
მინდა მგალობელი ფრინველი გავიხსენო, მაფშალია. ალბათ ყველას მოგისმენიათ მისი გალობა. ამის შესახებ ბევრი ვილაპარაკე წინა შეხვედრისას, ჰოდა, როგორ ფიქრობთ, განა შესაძლებელია იმ საოცრების სიტყვიერი გადმოცემა, რასაც მაფშალიას გალობა ჰქვია? ვითომ შეძლებთ იმ ზეციური ჰანგების სიტყვებით აღწერას, დაუნანებლად რომ აფრქვევს სულ ერთი ბეწო, მოკრძალებული შესახედაობის მქონე ფრინველი? სიტყვას ,,დაუნანებლად~ იმიტომ ვამბობ, რომ ეს გალობა მეტისმეტად უძვირფასესი განძია, ბუნების მიერ ჩვენთვის მოძღვნილი. მართალია, ის ჩვენსკენ სულაც არაა მომართული... მაფშალია უგალობს გულისსწორს, ახლადგამოჩეკილ ბარტყებს, მაგრამ ჩვენც ხომ ვუსმენთ, ვეზიარებით ამ სასწაულს. სულ ამაოდ დაშვრებით, თუ ამ სასწაულის სიტყვიერ აღწერას შეეცდებით. თუნდაც მოიხმოთ სიტყვათა აურაცხელი რაოდენობა, კილოკავთა მთელი ნიაღვრები, რომლებზეც კი ოდესმე ადამიანს უმეტყველია... მაინც არაფერი გამოგივათ. მაფშალიას გალობის ერთ ამობგერებასაც კი ვერ შეწვდებით, ახლოსაც ვერ გაეკარებით. ჰოდა, მე მინდა ვკითხო პატივცემულ ფიზიოლოგებს; როგორი პორტრეტი დაიხატებოდა ტვინის ხვეულზე, ამ საოცარი საგალობლის აღწერა რომ მოხერხდეს მასზე? ალბათ პასუხს ვერ გამცემთ, არცაა საჭირო. მე მგონი, არსებობს რაღაც, ჩვენს მოცვეთილ, სალაპარაკო სიტყვებზე უფრო აღმატებული. მე არ ვიცი, რა უნდა იყოს ეს ,,რაღაც~, მაგრამ მედიდურება შორსაა მისგან, ძალიან შორს. აი ეს კი ნამდვილად ვიცი. დრო-სივრცის უფართოესი რკალი სწორედ ამას მეუბნება და მანიშნებს. ,,მიეცა მას ხელმწიფება ორმოცდაორ თვეს სამოქმედოდ~. თქვენი ყურადღება წმინდა წერილის ამ სიტყვებს უნდა მივაპყრო. როგორც ხედავთ, ზღვიდან ამომავალი მხეცი თანდათან იშორებს იდუმალების საბურველს, რომელშიც ამდენ ხანს იყო გახვეული... ისე როგორც ოკეანე იყო მთლიანად ნისლში გახვეული. მოაწია ჟამმა, ნისლი და ოკეანე დაშორდა ერთმანეთს, გამოიკვეთა გამყოფი ზღვარი მათ შორის. თუმცა ნისლი ახლაც წვება ოკეანის ზედაპირზე. ისე, თავშესაქცევად... ზუსტად ასევე, სულ უფრო და უფრო მკაფიო ხდება დრო-სივრცის ფართო რკალზე განფენილი შტრიხები, რომლებმაც ზღვიდან ამომავალი მხეცი დაასურათხატებს ჩვენს თვალწინ. ვნახოთ, რომელიმე შტრიხი ხომ არ დარჩა ჩვენი ხედვის მიღმა. ზემოთ მოყვანილი ორმოცდაორი თვის შესახებაც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. მიაქციეთ ყურადღება; აქ თვეა ნახსენები. თვე, როგორც დროითი განზომილება, მთვარის რკალით განისაზღვრება. ასე რომ, ორმოცდაორი თვე როგორღაც მთვარის ვიწრო რკალზე უნდალ იყოს მორგებული, ეს უეჭველია. ჭექა-ქუხილის ღმერთის საყვარელ სიტყვებსა შეგახსენებთ: ,,ღმერთმა შვიდ დღეში შექმნა სამყარო~... ჩვენც არანაკლებ გვიყვარს ეს სიტყვები, ოღონდ მის გამოსახატავად დაფსა და ნაღარას არ მივმართავთ ხოლმე... ყველამ კარგად ვიცით, აქ ყოველი დღე მილიონობით და მილიარდობით საუკუნეებს მოითვლის. ღმერთმა ბნელი და ნათელი გაჰყო ერთმანეთისგან, დასაზღვრა მეტაგალაქტიკები, მათი რკალთა სიმრავლე... ეს გახლავთ დროის და სივრცის ისეთი უფართოესი განზომილება, რომელსაც ჩვენ, უბრალო მოკვდავებმა, უსასრულობა და მარადისობა ვუწოდეთ სახელად. როგორ გამოიყურება ყოველივე ამის გვერდით მთვარე და მისი რკალი, რომელსაც იგი დედამიწის ირგვლივ აღწერს~ ერთი პაწაწინა სათამაშოა და მეტი არაფერი... მასთან შედარებით ბევრად უფრო შთამაგონებლად მოჩანს მზის რკალი, გალაქტიკის ცენტრის ირგვლივ შეკრული, დაახლოებით ორას მილიონ წელიწადს რომ მოითვლის. მეტი სიცხადისთვის გარკვეული კანონზომიერება შეძლება მოვიშველიოთ: სამყაროს შექმნის შვიდი დღე ისე შეესაბამება ორმოცდაორ თვეს, როგორც მზისმიერი რკალი შეესაბამება მთვარის რკალს. მათ შორის ძაფების გაბმაა საჭირო, ოღონდ ეს ძაფები დრო-სივრცის უფართოესი რკალის წიაღში უნდა მოვიძიოთ. ეს იქნება დრო, რომლითაც დასაზღვრულია ზღვიდან ამომავალი მხეცის მეუფება ამ მშვენიერ ცთომილზე.
* * *
როდესაც მგალობელი ფრინველის ნიღაბმა წარმოთქვა სიტყვები; ,,ამ მშვენიერ ცთომილზე~, ხელი ჭრელი ბურთისკენ გაიშვირა, შუაგულ აუზში უძრავად რომ სუფევდა, თავის ორეულთან შეტყუპებული... და მე უცბად დავინახე (თითქოს ახლაღა ამეხილა თვალები), რომ ჭრელი ბურთი სულაც არ ყოფილა რაიმე სათამაშო ბურთი, თუნდაც ძალიან ლამაზი... ჭრელი ბურთი დედამიწა იყო. მის ზედაპირზე ეხატა ჩვენი მშობლიური ცთომილის კონტინენტები, კუნძულები, ოკეანეები... აი ნამდვილი საოცრება! ძალიან გამაკვირვა საკუთარმა სიბეცემ. ამდენ ხანს რატომ ვერ შევამჩნიე ასეთი, როგორც იტყვიან, ცხადზე უცხადესი რამ... მშობლიურ ცთომილს შევყურებდი, და მე იგი ვერ ამოვიცანი. რანაირად... იმიტომ ხომ არა, ასეთი პეწიანი რომ იყო შესახედავად... ისე როგორც ყოველივე ამ მშვენიერ წალკოტში. კონტინენტები, ზღვები, ოკეანეები... ეს ყველაფერი ძვირფასი ქვებივით ელავდა და ციმციმებდა. მარგალიტის მსგავსი ელფერიც ხომ მეტად განსაკუთრებულ პეწს აძწევდა. შეიძლება სწორედ მეტისმეტად მდიდრულმა შესახედაობამ ამიხვია თვალები. ოქროს ნიღაბიც რა მარჯვედ ჟონგლიორობდა ამ ლამაზი ჭრელი ბურთით. თურმე ნუ იტყვით, ჩვენი ცთომილით ჟონგლიორობდა, თანაც სწორედ ჩემს ცხვირწინ. საოცარია, ასე მაინც რამ ამიბა თვალები... სანამ ასეთ ფიქრებში ვიყავი გართული, ნიღბების ხმაური ჩამესმა. თურმე მგალობელ ფრინველს დაუსრულებია თავისი სიტყვა, ნიღბებიც ჩვეულებისამებრ გამოეხმაურნენ... ცხადია, ბავშვური აღტაცებით. - დროა, მოემზადო! - გავაფრთხილე საკუთარი თავი, - ბავშვურ ჟივჟივს მორჩებიან თუ არა, შენ დაგესხმიან თავს. ასედაც მოხდა... ნიღბების საქციელი ნამდვილ თავდასხმას ჰგავდა... ,,სანამ უნდა გაგრძელდეს ასე? როდისღა უნდა ამოიღოს ხმა შემთხვევითობამ?~ ცხოვრობდნენ ნიღბები. სანახევროდ გავთიშე ჩემი ცნობიერება (ერთხელ უკვე მივმართე ამ მეთოდს), წარმატებით ვუძლებდი ამ თავდასხმას, თან ოქროს ნიღაბს არ ვაცილებდი თვალს. ,,შენი გულისთვის რას აღარ გავუძლებ~, ასე ვეუბნებოდი გულში მშვენიერ ოქროს ქანდაკებას. მგონი შემეშვნენ, ნიღბები სხვა მხარეს მიბრუნდნენ. ოჰო, ოქროს ნიღაბს შეჰყურებენ, მგონი ლაპარაკს აპირებს... მაგას რა სჯობია, იქნებ თავისი საიდუმლოც გამოურიოს...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საოცარი საკითხავია, ზღვიდან ამომავალი მხეცი ოქროს ნიღაბზე უკეთესიო. მაფშალიას გალობა არა ,არასოდეს არ მომისმენია, ვარსკლავების გაგებაში ზერო ვარ. გველეშაპებზეც ვიცი , .დინოზავრებზე კი ფილმი ვნახე ამასწინათ . ბევრი რამ ვიცი . საერთოდაც საინტერესოდ წერთ საოცარი საკითხავია, ზღვიდან ამომავალი მხეცი ოქროს ნიღაბზე უკეთესიო. მაფშალიას გალობა არა ,არასოდეს არ მომისმენია, ვარსკლავების გაგებაში ზერო ვარ. გველეშაპებზეც ვიცი , .დინოზავრებზე კი ფილმი ვნახე ამასწინათ . ბევრი რამ ვიცი . საერთოდაც საინტერესოდ წერთ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|