* * *
შემომხვდა გოლიათი, თავით ღრუბლებს მოარღვევდა, მიწა იძროდა მის ფეხქვეშ. მომიახლოვდა, მზე ჩამოაბნელა ჩემს თავზე. - ვერა და ვერ გავიტანე მეათე გოლი, - დაიგრუხუნა ყურისწამღები ხმით. შევხედე, უშველებელი ბურთი ამოეჩარა მკლავქვეშ, ბურთზე მატერიკების კონტურები იყო გამოსახული, ლურჯი ოკეანეები. მომეჩვენა, თითქოს თვით დედამიწას შევყურებდი. - ცხრა გოლი თუ გაიტანე? - მე ჩემი მხრით ვკითხე. - რა თქმა უნდა, ცხრა გოლი გავიტანე, მეათე ვერა. - მეტი რაღა გინდა. განა ცოტაა? ათიდან ცხრა. - არავითარი აზრი არ აქვს, გინდა ცხრა გოლი გაგიტანია, გინდა მთლად ცარიელზე დარჩენილხარ. ათივე უნდა გავიტანო აუცილებლად. ჰკითხე იქ, სხვა სივრცეში ეცოდინებათ ამის მიზეზი, თუ რატომ ვერ გამაქვს მეათე გოლი. გოლიათი გამეცალა, მეც ჩემს გზას ვეწიე. ცოტა ხანში მძიმე გმინვა შემომესმა. მივიხედე; გოლიათი მიწაზე დამხობილა რაღაც მაღალი თაღის წინაშე. თურმე იმ თაღში უნდა გაეტანა ათი გოლი და ისევ მოეცარა ხელი, ამიტომაც გმინავდა ასე გამწარებით.
* * *
მებაღემ ისევ ასწია თავი, მომღიმარი თვალი გამისწორა. - აი, ასეთი სახით გამომიყვანა მეზღაპრემ, ასეთნაირად დამინახა... ამ სიტყვებთან ერთად მორცხვად გამიცინა მებაღემ. ცოტა უცნაურიაო, თავისთვის ჩაილაპარაკა. - მშვენივრად ხარ გამოყვანილი, - სასწრაფოდ შევაწიე სიტყვა, - ისეთი არაფერია, გულში ხინჯად რომ ჩაგრჩენოდა. მებაღემ თავი დამიქნია და ისევ მიუბრუნდა ხელნაწერს.
* * *
...~მებაღეც ვნახე, ხელში ჭრელი ყვავილების თაიგულით~. - ყვავილები ჯადოქრები არიან - თქვა და ყვავილებს მიესიყვარულა, - მათ იციან სინათლის ენა, ყველაზე სრულქმნილი ენა მთელს სამყაროში. იციან სინათლესთან ახლო მეგობრობის წყალობით. ისინი ხედავენ დროს, მაგრამ ვერ ხედავენ სივრცეს... ჩვენ, ადამიანები, ვხედავთ სივრცეს, მაგრამ ვერ ვხედავთ დროს, მათგან განსხვავებით. - მერედა, ამათგან რომელი მიგაჩნიათ საუკეთესოდ? - ვკითხე მე, - რომელი უფრო ახლოა მშვენიერებასთან? - ორივე მშვენიერია და საუკეთესო, ოღონდ სასურველია ერთად იყვნენ. მე ადამიანი ვარ და მინდა ორივეს ერთად ვფლობდე. ჰკითხე იქ, სხვა სივრცეში, იქნებ გითხრან, როგორ უთავსდება ერთმანეთს სივრცისმიერი და დროისმიერი ხედვა.
* * *
შორს ვიღაც კაცი გამოჩნდა. შევყურებ, თითქოს ორი თავი აქვს, თავი თავს ზემოდან ადგას. მომიახლოვდა, აკვარიუმი ედგა თავზე, ბურთივით მრგვალი, ის მომეჩვენა მეორე თავად. აკვარიუმში მედუზას გაეშალა მქრქალი საცეცები. - ის ჩემზე ჭკვიანია, - მითხრა და მაღლა, აკვარიუმისკენ მიმითითა. - მედუზას შესახებ ამბობ? - გამიკვირდა მე, - ის ხომ სრულიად უტვინოა, ამ სიტყვის ყოველგვარი მნიშვნელობით. - სამაგიეროდ მან იცის, რა არის სიკვდილი, - მრავალმნიშვნელოვანი სახით მითხრა ორთავამ, - აი, მე: შუაზე გავკვეთ მედუზას, - აკვარიუმი დაბლა ჩამოდგა, თავისი მუქარა აღასრულა - ხვალ ამ დროს ნახე, აკვარიუმში ორი მედუზა იქნება, ორივე ნახევარი აღიდგენს მთლიანობას. დღეს მკვდარია, ხვალ კი იცოცხლებს ორმაგი სიცოცხლით. გესმის? სიკვდილ-სიცოცხლე იქ ერთად არიან, ერთმანეთს თვალებში ჩაჰყურებენ, არაფერი აქვთ ერთმანეთისგან დამალული. აქედან გამომდინარე, მედუზამ იცის, რა არის სიკვდილი. მე კი არაფერი ვიცი მის შესახებ. ჰოდა, მითხარი, მედუზა ჩემზე ჭკვიანი არაა? - მედუზას ჭკუაზე რა მოგახსენოთ, სიკვდილი კი მართლაც უდიდესი საიდუმლოა, - ვთქვი მე. - ასეა, ასე, ჭკვიანია მედუზა. - დაიჩემა ორთავამ, - მისთვის სიკვდილი იგივეა, რაც ჩვენთვის მეორე ოთახში გასვლა. იკითხე იქ, სხვა სივრცეში, იქნებ გითხრან, როგორია მედუზას ცოდნა, როგორ გამოიყურება სიკვდილი მისთვის. იკითხე ამ უდიდესი საიდუმლოს შესახებ და მეც მითხარი, ძალიან დაგიმადლებ. ორთავამ ისევ თავზე შემოიდგა აკვარიუმი და თავისი გზით გასწია.
* * *
შემომეყარა ერთი ვინმე, ჰალსტუხიან-შლიაპიანი, ნოუთბუქი ჩაებღუჯა. აი, ასეთ რამეს მეუბნება: - ბალღი იბადება, მისი გონება იმ დროისთვის სუფთაა, ტვინში არაფერია ჩაწერილი. მერე, დროთა განმავლობაში თანდათან ვითარდება ტვინი, თან იტვირთება, გესმით? ორივე პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს, ჩატვირთვა და განვითარება. მე კი, ჯერ პროგრამა უნდა დავამუშავო, ასე ვთქვათ, განვავითარო, მერე კი ჩავტვირთო, სხვანაირად არ შემიძლია. ჰოდა, ეს ძალიან მაწუხებს. მინდა, რაიმე ისეთ მეთოდს მივაგნო, როცა პროგრამის ჩატვირთვა და განვითარება ერთდროულად აღესრულება, ისე, როგორც ახალშობილი ბავშვის შემთხვევაში ხდება, გესმის? სხვა სივრცეში, სადაც შენ მიდიხარ, ალბათ ეცოდინებათ, ეს როგორ ხდება. ნუ დაიზარებ, დაწვრილებით გამოიკითხე. ეს საუკუნის აღმოჩენა იქნება.
* * *
საქმიანი კაცი შემომხვდა, კეისით აღჭურვილი, დამინახა თუ არა, მაშინვე საქმიანი საუბარი წამოიწყო. - ძალიან მომგებიანი კაპიტალდაბანდებაა, - დიდის ამბით მაცნობა მან. - რაზე ამბობ? - ჩვენს ცხოვრებაზე! - ისეთი ტონით მითხრა, ეს როგორ არ იციო, - არსთა გამრიგემ მშვენივრად იცის თავისი საქმე და იგი არასდროს აგებს, გესმის? არასდროს, მუდამ მოგებულია. ჩვენ კი რამდენს ვწვალობთ, ვჯახირობთ და რა ხშირად ვრჩებით გაწბილებული. იშვიათად გვახარებს განგება. - ვერ გავიგე. - რა არის აქ გაუგებარი. მთელი ჩვენი ცხოვრება ვაჭრობა და გარიგებაა. არსთა გამრიგე ჩვენს წუთისოფელს ურიგდება, თავის კაპიტალს დებს მასში. - კაპიტალსო, ამბობ? - ჰო, ჰო, კაპიტალს. - მითხარი ერთი, რომელია ეს კაპიტიალი, რა ზომა-წონისაა. - სწორედ ეს მინდა ვიცოდე, - სასწრაფოდ მომახალა საქმის კაცმა, - რა კაპიტალია ისეთი, მუდამ მომგებიანი რომაა... დიახ, ასეა; არსთა გამრიგე უდიდესი საქმოსანია საქმოსანთა შორის, ისეთ კაპიტალს მიაგნო, რომელიც მუდამ მოგებას იძლევა. იკითხე ერთი, სხვა სივრცეში ალბათ ეცოდინებათ რაიმე მის შესახებ. მინდა, მუდამ მოგებული ვიყო, არ მიყვარს წაგება! ბრრრ...
* * *
ქალი შემომხვდა, ხუჭუჭა კრავი აეტატებინა. - საზღაპროა მისი თვინიერება, - თვალით კრავზე მანიშნა ქალმა, თან ხუჭუჭა ბეწვზე მიეფერა, - ყველგან თან დამყვება, გამგონედ, უხმოდ... არ სჭირდება არც დაძახილი, არც თოკის ჩაბმა, ურჩობის მსგავსს ნურაფერს ელი მისგან. ჩანს, თვითონ ზეცამ დაანათლა თვინიერება, თანაც როგორი უმწეოა... თავის დაცვა არაფრით შეუძლია. მისი ყოფნა-არყოფნა მუდამ იმაზე ჰკიდია, თუ რამდენად დაინდობს გარემოება. მე ვნახე უმწეობა, როდესაც საკუთარი ახალშობილი შვილი ვიხილე. სრულიად უღონო, პაწია სხეულს დავხედე და... გამაოგნა იმ უდიდესმა ძლევამოსილებამ, რომელიც მის უმწეობაში იკითხებოდა. ჩემს სიცოცხლეში აღარაფერი მინახავს მასზე უფრო ძლიერი და აღმატებული, იგი მთელ სამყაროზე მეტი იყო. ჩხავილი მორთო პაწია სხეულმა, ანუ: მიბრძანა, მემსახურეო... იმ წუთიდან ჩემი სიცოცხლე მას ეკუთვნოდა განუყოფლად. ...და იმის შემდეგ, სადაც უმწეობას ვხედავ, ვხედავ ძლევამოსილებასაც. მუდამ ერთად არიან განუყრელად, თუმცა შეიძლება ეს ერთი შეხედვით ვერ აღიქვა, ხანდახან დრომ უნდა თქვას თავისი სიტყვა, ყველაზე შეუმცდარმა მსაჯულმა. მინდა ვიცოდე, უმწეობამ თავის თავში როგორ დაიტია ძლევამოსილება, როგორ შეთავსდნენ შეუთავსებელნი. სხვა სივრცეში ალბათ იცია, ეს როგორ ხდება.
* * *
მეტად უცნაურ სამტყუპას გადავეყარე, სასაცილო სანახაობა იყო; ორნი წინ მოდიოდნენ მხარდამხარ, ერთი უკან მოსდევდათ, ასე, ათიოდ ნაბიჯზე. ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, ისე, როგორც ერთი კვერცხიდან გამოჩეკილებს შეეფერებათ. სამივე ერთად გამოექანა ჩემსკენ, როგორც კი დამინახეს. ,,ავლილი ბევრი გვინახავს, ჩამოვლილი არავინ~ - ერთხმად დაიგუგუნეს ეს გაცვეთილი ფრაზა, მერე შეკითხვების რიგი დადგა. - პირველად იყო სული, - თქვა ორთაგან ერთმა. - არაა მართალი, პირველად სხეული იყო, - გამოეხმაურა მეორე. - სიტყვას დაუკვირდი: სხეული, ანუ რაღაც ისეთი, რაც სულმა მოისხა, - ხმა აიმაღლა პირველმა. - ჯერ სხეული შექმნა უფალმა, მერე ჩაბერა უკვდავი სული. ეს ყველამ იცის, შენისთანა ბედოვლათის გარდა, - აგნიასდა მეორე. მესამე ტყუპისცალმა რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩვენსკენ, მოგვიახლოვდა. - პირველად გონება იყო, - მე მომმართა, იმ ორისთვის ზედაც არ შეუხედავს. - გონება ძერწავს მათ სულსაც და სხეულსაც. ამავე დროს, გონებაა ის ჯადოსნური სარკე, რომელშიაც მათი აზრები (ჰმ, საკმაოდ უბადრუკი) აირეკლება. იმ ორმა თავი ანებეს ერთმანეთთა ქიშპობას, შეერთებული ძალით მესამეს დაესხნენ თავს. ეს უკანასკნელი საკმაოდ მარჯვე გამოდგა, თავიდან ასე მოკრძალებული რომ ჩანდა. - რას გააწყობდით გონების გარეშე? - დაცინვით იმეორებდა იგი, - როგორღა იკამათებდით? თვით უზენაესიც აღიარებს გონების უპირატესობას, თქვენ ვინღა ხართ? ეს ჯადოსნური სარკე მისთვისაც აუცილებელია. აბა, დაფიქრდით: მან გონება ადამიანს უძღვნა. ეს იმას ნიშნავს, რომ უზენაესმა გონება გატყორცნა უშორეს სივრცეთა სიმრავლეებში, რათა შეძლოს მასში ჩახედვა. როგორ ჩაიხედავ სარკეში, თუ იგი მეტისმეტად ახლოა შენთან? - წარმოუდგენელი აბდა-უბდაა. - გაგონებაც არ მინდა - აყვირდა ის ორი. - ასეა, ასე! - დამცინავად იმეორებდა მესამე, - უზენაესი სწორედ გონების სარკეში უჭვრეტს თავის ჭეშმარიტ არსს. ასე და ამგვარად გააგრძელეს, აღარ მორჩნენ დავას. გაცლა დავაპირე მათგან. სამივე ერთად ამედევნა, როცა ეს შეამჩნიეს. ხვეწნა დამიწყეს, მათი თავსატეხი სხვა სივრცემდე მიმეტანა, ჩვენი დავა მხოლოდ იქ გადაწყდებაო. მეც შევპირდი, სხვა რა გზა მქონდა. სხვებიც მრავლად შემხვდნენ, გამიჭირდება ყველა მათგანის ჩამოთვლა. ისეთი არავინ გამოერია, გაკვირვება არ გამოეხატა, როცა გაიგებდნენ, საით მივდიოდი. ,,ავლილი ბევრი გვინახავს, ჩამოვლილი არავინ~ - გამუდმებით ჩამესმოდა ეს სიტყვები, ამის მერე შეკითხვები იწყებოდა: ...,რატომ? როგორ? რისთვის?~... მეც გულზე ვიჭდევდი მათ და წინ მივიწევდი. ნისლივით ფრიალებდა ყარყუმის მანტია, შარავანდედს მფენდნენ ოქროს გვირგვინი და სამკაულები, ნაპერწკლებს აფრქვევდნენ ჩემი ბედაურის ფლოქვები. რა შემაფერხებდა მასზე ამხედრებულს? კიდევ ცოტაც და... გავიჭრებოდი სხვა სივრცეში. შორს დარჩებოდა უკეთური ცთომილი, რომელსაც ასევე უკეთური მზე ანათებს, ამაში სრულიად დარწმუნებული ვიყავი.
* * *
უცბად ღამესავით შავი გამოსახულება შევამჩნიე შორით, სწორედ იქითკენ, საითაც ბედაურს მივაგელვებდი. მეტად უცნაური რამ იყო; გეგონებოდა, თითქოს ვიღაცას ნახშირის ფანქრით პირდაპირ ცის ტატნობზე გაევლო ზიგზაგი. თანდათან გაიზარდა, გაიფოფრა უცნაური ზიგზაგი, იმის მიხედვით, რამდენადაც ვუახლოვდებოდი. ბოლოს შავი ფერის კლდეებად გარდაისახა, წყვდიადივით ჩააბნელა მთელი ცისკიდური. მეუცხოვა ეს ყველაფერი, თუმცა დიდად არაფრად ჩამიგდია. ჯერ ისეთი დაბრკოლება არ შემხვედრია, ჩემს ბედაურს არ გადაელახოს. არც ეს იქნება გამონაკლისი. ბედაურს ქუსლი ვკარი. იმანაც შეკრა თავისი ნაქები კამარა, და სულ ტყუილად, შავ კლდეებს თავზე ვერ გადაევლო. რამდენჯერმე ვცადე იგივე, ყოველთვის გაწბილებული დავრჩი, ვერა და ვერ დალაშქრა ეს ახალი დაბრკოლება ჩემმა ბედაურმა, შავი კლდეები ქედს არ იდრეკდნენ მის წინაშე. ვცადე, გზა გამეკვლია შავ კლდეებს შორის, ვერც აქ ვეწიე საწადელს. მეტისმეტად მჭიდროდ მიჰკროდნენ ერთმანეთს ღამისფერი კბოდეები, შეუძლებელი იყო მათ შორის ბილიკის მონიშვნა. ამაოდ ვატანდი თვალებს ძალას, წყვდიადს წყვდიადი ემატებოდა, თითქოს საცაა მთელი სამზეო უნდა შთაენთქა თავის კურპისფერ წიაღში. ასე რომ, გადაულახავ დაბრკოლებად მექცა შავ კლდეთა წყება, წინ ვეღარ მივდიოდი მისი გადამკიდე, სწორედ ჩემს სავალ გზაზე აღმართულიყო. რაც შეეხება უკან დაბრუნებას, ამაზე ფიქრიც კი არ მინდოდა. აღარ ვიცოდი, რა მეღონა. სწორედ ამ დროს წყვდიადისფერი კლდიდან ყოვლად უცნაური არსება გამოფორთხდა, თვითონაც წყვდიადივით შავი. - მიცანი? - დაიხრიალა მან, - მე შენი სულთამხუთავი ვარ. შევხედე, მართლაც ის იყო, ჩემი სიზმარ-ცხადის ძველისძველი თანამგზავრი. ბალღობიდანვე თან მომდევდა განუყრელად, ხან მაჯლაჯუნად გამომეცხადებოდა, ხან ჭინკად თუ ტარტაროზად... და, რა ვიცი, კიდევ როგორ და რანაირად... რა სახე აღარ მიუღია, როგორ არ შეცვლილა და გარდასახულა, ერთადერთი მიზნით, რაც შეიძლება დიდი შიშის ზაფრა დაეტეხა თავზე ჩემთვის, რაც შეიძლება მეტად გავემწარებინე. ვინ ჩამოთვლის, რამდენი სიავე მახსოვს მისგან, თანაც რა არხეინად ინაცვლებდა სიზმრიდან ცხადში, ანდა პირიქით. - რა ხანია, აქ გელოდები, - ისევ გაისმა მისი ხრიალი, - ვიცოდი, აუცილებლად მოხვიდოდი. ხმისამოუღებლად მოვქაჩე აღვირი ბედაურს, ფართო ნახტომისთვის მოვემზადე. მინდოდა, რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდი ამ საზიზღარ, უგვან არსებას. მიმიხვდა, შავ მოჩვენებად აიფოფრა ყალყზე შემდგარი ბედაურის წინ და ქანდაკებასავით გააშეშა იგი. - გზა მომეცი! - დავუყვირე სულთამხუთავს, თან მათრახი ავწიე. ყური ვინ მათხოვა... ადგილიდან არ დაძრულა ჩემი სულთამხუთავი, უფრო ხმამაღლა მორთო ხრიალი: - ბალღობიდანვე თან მოგდევ, თუმცა შენ მუდამ მებრძოდი. როგორ არ სცადე, რა ღონეს აღარ მიმართე, თავიდან მაინც ვერ მომიშორე, განუყრელნი ვართ, განუყრელნი. თანაც, მე ეხლა ძალიან გჭირდები, ვერაფერს გააწყობ უჩემოდ, ვერ გასცდები უკეთურ ცთომილს, რომელსაც უკეთური მზე ანათებს. - შენგან სასიკეთოს არაფერს ველი, - ვთქვი და კვლავ ვცადე ბედაური ადგილიდან მომესხლიტა, და კვლავ ამაოდ. - არყოფნის ბილიკთან დგეხარ, შავი კლდეების მიღმა იწყება იგი - შეუსვენებლად ხრიალებდა ჩემი სულთამხუთავი, - ვერ გააღწევ სხვა სივრცეში, თუ ეს ბილიკი არ დალაშქრე. ეს ჯერ არავის მოუხერხებია ძეხორციელთაგან. - ჩემს ბედაურს წინ ვერაფერი დაუდგება - ვთქვი დამაჯერებლად. აი, აქ კი საზიზღრად ჩაიქირქილა ჩემმა სულთამხუთავმა. ძარღვებში სისხლი გამიყინა მისმა ქირქილმა, რაღაც საოცრად ჰგავდა მომაკვდავის ხრიალს. - არყოფნის ბილიკი ვერაფერს იგუებს, უკან ასმაგად და ათასმაგად მოგაგებს ყველაფერს, რასაც კი მის წიაღში თან გაიყოლებ. კატის ნაბიჯით უნდა იარო, ფრთხილად და უჩუმრად. ბოლომდე, ბოლომდე უნდა გახვიდე, უკან დაბრუნებაზე არც კი იფიქრო. ეს თქვა და განზე გადგა სულთამხუთავი, დაღვლარჭნილი ბრჭყალით მიმითითა, თუ საით უნდა გამეჭენებინა ბედაური. მივყევი მის მიერ ნაჩვენებ გეზს, სხვა საშველი და გასაქანი მაინც არ ჩანდა. მართლაცდა, შავი კბოდეები თითქოს განზე გაიწ-გამოიწიენ, მოვახერხეთ მათ შორის გასხლტომა მე და ჩემმა ბედაურმა. კიდევ ერთი ნახტომი და შავი კლდეების მიღმა აღმოვჩნდი, უკიდეგანო ველის პირისპირ. ჩემს წინ ბილიკი გაჭიმულიყო, რომლის ბოლო სადღაც შორეთში იკარგებოდა. ბედაურს აღვირი მივუშვი. მინდოდა, რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდი წყვდიადისფერ კლდეებს. სულთამხუთავი არ ცხრებოდა, წყვდიადის საფარში მიმალული, კვლავ მომძახოდა კლდეებს მიღმიდან: ,,უწინ მტრად მიგაჩნდი, მუდამ მებრძოდი. ეხლა სულ სხვაა, ჩემთან ბრძოლა აღარ გჭირდება, შენს მხარეზე ვარ, გასწი, იარე! ეცადე, არაფრით შეაშფოთო არყოფნის ბილიკი! განსაკუთრებით სიტყვას ერიდე, ერთი სიტყვაც კი არ უნდა წამოგცდეს, წაგლეკავს მისი გამოძახილი! უცნაური იყო; ფართო ნაბიჯით მიჰქროდა ჩემი ბედაური, კარგა მანძილზე უკან ჩამოვიტოვე წყვდიადისფერი კლდეების წყება, სულთამხუთავის ხმა კი მაინც ჩამესმოდა. უკან დაბრუნება გულშიც არ გაივლოო, ისევ და ისევ მაფრთხილებდა. აუცილებლად ბილიკის ბოლომდე უნდა მიხვიდეო, ამისთვის კი კატის ნაბიჯები დაგჭირდებაო. - ...არ დაგავიწყდეს: ვერაფერს ჰგუობს არყოფნის ბილიკი, ერთიათასად უკან მოგაგებს ყოველგვარ ძალისხმევას. საკმარისია სულ ოდნავი ამობგერებაც კი, ზესკნელი და ქვესკნელი ერთად დაგემხობა თავზე!~ ეს იყო სულთამხუთავის ბოლო სიტყვები, ხრიალით ამოთქმული, საზიზღარი ქირქილით შეზავებული, ძარღვებში სისხლს რომ მიყინავდა. მერე სიჩუმემ დაისადგურა. გულზე მომეშვა, მგონი მოვშორდი იმ წყეულს. კიდევ კარგი, აღარ ამედევნა. ახლა უკვე შემეძლო მშვიდად მომევლო თვალი ირგვლივ, დავკვირვებოდი იმ ბილიკს, რომელზეც ჯერ ფეხი არ დაედგა ძეხორციელს, სულთამხუთავის სიტყვით. ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი ჩანდა. უკვე ვახსენე უკიდეგანო ველი, წყვდიადისფერი კლდეების გადმოღმა რომ გადამეშალა თვალწინ. ეს სანახაობა თითქოს არაფრით განსხვავდებოდა ყოველივე იმისგან, რაც კლდის მიღმა დავტოვე. თუმცა, ერთი რამ მაშინვე მენიშნა; მეტისმეტად შორს გაზიდულიყო ცისკუდრი, ველიც მეტისმეტად ფართოდ გაშლილიყო. ასე, რომ, სიტყვა ,,უკიდეგანო~ აქ თავის შესაფერ ადგილზე სუფევდა. რაც შეეხება არყოფნის ბილიკს, მისთვის შეიძლებოდა უსასრულო გეწოდებინა, იმდენად შორს გაწვართულიყო. რა საამო იყო ამ ბილიკზე ქროლვა, აღწერაც კი ძნელია... წინ არანაირი დაბრკოლება აღარ მეღობებოდა, წყვდიადისფერი კლდეები უკვე მიიმალა ცისკიდურს მიღმა, ჩემს სავალ გზაზე კი მსგავსი აღარაფერი ჩანდა. ხელისუგლივით გაშლილიყო უკიდეგანო ველი, ალაგ-ალაგ იტალღებოდა, ეს იყო სულ... ჯერ არნახული სისწრაფით მიჰქროდა ჩემი ბედაური, ძლევამოსილად გრიალებდნენ მისი ფლოქვები, რაღაც წარმოუდგენლად უფართოეს კამარას ჰკრავდა ხოლმე, და მე ესეც მეცოტავებოდა, ძალიან ვჩქარობდი სხვა სივრცეში გაჭრას. სხვათა შორის, ფლოქვების გრიალმა მაშინვე შეიმაღლა ხმა, როგორც კი არყოფნის ბილიკს დავადექი, ნაპერწკლებიც უფრო ბარაქიანად იფრქვეოდა მათგან. ძვირფას სამკაულებსაც მოემატათ ელვარება. ცხადია, ოქროს გვირგვინსაც... უფრო გაბრწყინდა ოქროსფერი შარავანდედი, თან რომ მახლდა განუყრელად, განფენილობაც მოემატა. რაც შეეხება ყარყუმის მანტიას, წინანდებურად ნისლივით უჩუმრად ფრიალებდა ჩემს მხრებზე, და მეც ნისლისებურ სიმსუბუქეს ვგრძნობდი მთელ სხეულში. ეს იყო რაღაც აუწერლად საამური, ზეაღმატული განცდა. უკან დაბრუნებაზე არ იფიქროო, სულთამხუთავი მაფრთხილებდა, რა უადგილო მომეჩვენა ახლა ეს გაფრთხილება... ნეტავი რამ უნდა მაფიქრებინოს უკან დაბრუნება? წინ, მხოლოდ წინ, ბილიკის ბოლომდე! უკან დაბრუნებაზე ფიქრს გულშიაც არ გავივლებ. შეკითხვების კრიალოსანიც თან მახლავს; თან მომყვება უამრავი ,,...რატომ, როგორ, რისთვის...~ ისინიც თავის პასუხს ელიან. ჰო, ერთხანს ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, მეც გულდაარხეინებული მივაჭენებდი ბედაურს ჯერარნახული სისწრაფით, თუმცა მერე და მერე რაღაც უცნაურობებმა იჩინეს თავი. პირველი უცნაურობა ის იყო, რომ გაორმაგებული თქარათქურის ხმა გავიგონე, თითქოს ჩემს გარდა სხვაც შესდგომოდა არყოფნის ბილიკს, და ეს ,,სხვა~ პირდაპირ ცის კაბადონზე მიაგელვებდა თავის ბედაურს, ხმა როგორღაც ზემოდან ჩამომესმა. ავწიე თავი, თვალი გავუსწორე უძირო ლურჯ ზეცას, იქ არავითარი ბედაური და მხედარი არ დამინახავს. ხმა კი, ვერ აგიწერთ, ისეთი სიცხადით ჩამოდიოდა სწორედ ზემოდან. ძლევამოსილად გრიალებდნენ ზეციური ბედაურის ფლოქვები, ჩემი ბედაურის ფლოქვებს ერწყმოდნენ, და აი, ასე, გაორმაგებული გრიალის ხმით მივიწევდით წინ, არყოფნის ბილიკზე. ამასთან ერთად, ნაპერწკლებიც უფრო ბარაქიანად იფრქვეოდნენ ჩემი ბედაურის ფლოქვებიდან, ელვარებაც მოემატათ. ,,ვერაფერს ჰგუობს არყოფნის ბილიკი...~ გამახსენდა სულთამხუთავის სიტყვები. მართალი უთქვამს, როგორც ჩანს. არყოფნის ბილიკმა ჩემი ბედაურის ფლოქვების გრიალი დამიბრუნა უკან. მათგან დაფრქვეულ ნაპერწკლებსაც შემატა ძალა და ელვარება, ნაკვერჩხლებს დაამსგავსა. დიდად გაკვირვებული არ დავრჩენილვარ ყოველივე ამით, თავშესაქცევადაც კი მომეჩვენა, რაღაც უცნაურობებს ხომ ისედაც მოველოდი. მით უმეტეს, რომ არანაირ დაბრკოლებას არ ქმნიდნენ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით... ჩემი ბედაური წინანდებური სისწრაფით მიჰქროდა, მე წინანდებურად განვიცდიდი ქროლვით გამოწვეულ საოცარ სიმსუბუქეს, წამითაც არ მტოვებდა ეს სანეტარო განცდა. ,,იგრიალეთ და Yჰყარეთ ცეცხლოვანი ნაკვერჩხლები, ბედაურებო!~ გულში ასე მივმართავდი ვითომდა ორ ბედაურს, ,,ორივენი ერთად გავაღწევთ სხვა სივრცეში, ორ ხმაში გრიალით გავაღწევთ. ნაკვერჩხლების ცეცხლოვანი წვიმებიც ჩვენთან იქნება განუყრელად~. მალე ერთი რამ შევამჩნიე; გრიალის გაორმაგებულმა ხმებმა გაძლიერება დაიწყეს. მეტისმეტად შეიმაღლა ხმა, როგორც ჩემი, ისე ,,სხვა~ ბედაურის ფლოქვების გრიალმა. თანაც, რაც წინ მივიწევდი, გრიალის ძლევამოსილებაც მით უფრო მატულობდა. რაც შეეხება ფლოქვებიდან დაფრქვეულ ნაკვერჩხლებს, ისინი ამ დროისთვის ნამდვილ ცეცხლოვან ჩირაღდნებად იქცნენ. ,,აი ეს კი მართლაც უცნაურია~, ვფიქრობდი მე. ,,ვთქვათ, ფლოქვების გრიალის ხმა რაღაცამ აირეკლა და ექოს სახით დამიბრუნა. ეს გაძლიერება რაღას ნიშნავს?~ ამ კითხვაზე პასუხი ვერ ვიპოვე, ისევ სულთამხუთავის სიტყვები გამახსენდა, არყოფნის ბილიკი არაფერს ჰგუობსო. ,,ერთი ათასად უკან მოგაგებს ყოველგვარ ძალისხმევას...~ თითქოს ცხადად ჩამესმა ეს სიტყვები. როგორც ჩანს, რაღაც ამდაგვარი ხდება. აჯობებს, თუ ყურადღებას არ მივაქცევ ამ უცნაურობებს. სულერთია, უკან დაბრუნებაზე მაინც არ ვიფიქრებ, არა და არა! გულშიაც არ გავივლებ! წინ, მხოლოდ წინ! აუცილებლად უნდა გავაღწიო ბილიკის ბოლომდე, როგორი ძალითაც არ უნდა იგრიალონ ფლოქვების გაორმაგებულმა ხმებმა, ცეცხლოვანი ჩირაღდნების რა ნიაღვრებიც არ უნდა დამატყდეს თავზე. ასე ვაგულიანებდი საკუთარ თავს. გავუძელი კიდეც, კარგა ხანს გავუძელი ფლოქვების უჩვეულოდ ძლევამოსილ, გაორმაგებულ გრიალს. არც ცეცხლოვან ჩირაღდნებს ვეპუებოდი, უჩველო ბარაქიანობით რომ იფრქვეოდნენ ბედაურის ფლოქვებქვეშ. მაგრამ ბოლოს ისე გაძლიერდნენ ეს ხმები, სრულიად აუტანელი შეიქმნა. ჩემს ბედაურს თითქოს უროები გამოსხმოდა ფლოქვების ნაცვლად, ისეთი ხმების გამოცემა იწყეს. ცეცხლოვანი ჩირაღდნები კიდევ ცეცხლოვან ნიაღვრებად იქცნენ. იკითხავთ ალბათ, ყურებზე რატომ არ აიფარე ხელიო. მერწმუნეთ, სრულიად უსარგებლო იყო ყველაფერი, თუმცა ცდა არ დამიკლია. გრიალის ხმა მხოლოდ და მხოლოდ ყურებით როდი მესმოდა... თვით ძვლებშიაც კი ატანდა იგი. მთელ ჩემს სხეულში, სისხლის ყოველ წვეთში შეაღწია ამ უსაშინელესმა ხმამ, თანაც განა მხოლოდ გაორმაგებულად... არა! იგი ბოლოს ყველგან გაისმოდა. ყოველ მხარეს, საითაც არ გაიხედავდი. თითქოს ჩემს ირგვლივ ბედაურების მთელი რემა მოჰქროდა, რომელთაც უროები გამოსხმოდათ ფლოქვების ნაცვლად. მთელი უკიდეგანო ველი აავსო მათი ფლოქვების (თუ უროების) ცემამ და გრიალმა. ცეცხლოვანი ჩირაღდნები ცეცხლოვან ნიაღვრებად იქცნენ და მთლიანად დაფარეს შორსგაზიდული ცისკიდური. მეჩვენებოდა, თითქოს გრდემლსა და უროს შორის მოვექეცი. ამასთან ერთად, რაღაც საზიზღრად აღჭრიალდა ჩემი ბედაურის ძვირფასი აღკაზმულობა, თანავარსკვლავედის დარი... თითქოს ვიღაცა ბლაგვი ხერხით ჟანგიან რკინას კბილავსო. ვგრძნობდი, ვკარგავდი განსჯის უნარს, მეტის გაძლება ნამდვილად აღარ შემეძლო. ცოტაც, და ალბათ სულ მთლიანად გამაცამტვერებდა ეს გრდემლი და ურო, რომელთა შორისაც მოვექეცი. ძვლებს მთლიანად დამიმსხვრევდა, გზის გაგრძელებაზე ხომ ფიქრიც ზედმეტი იყო. მოვქაჩე აღვირი, ჩამოვქვეითდი... და, პირველი, რაც არყოფნის ბილიკს გავატანე, ჩემი ბედაური იყო, ტანით ნაძერწი, ბეწვით ბზინვარე, თანავარსკვლავედის დარი აღკაზმულობით. დავკარი ხელი გავაზე, გამეცალე-მეთქი. ისიც გამეცალა... უფრო სწორედ, გაქრა, თვალის დახამხამების უმალ შთაინთქა არყოფნის ბილიკის წიაღში. მისი კვალიც კი აღარსად ჩანდა. და იმავე წამს, როგორც კი ჩემი ბედაური გაქრა, სულთამხუთავის ქირქილი გავიგონე, ძარღვებში სისხლის გამყინავი, საზიზღარი ქირქილი, მომაკვდავის ხრიალში არეული. ზარდაცემულმა მიმოვიხედე, აქაც ხომ არ წამომეწია-მეთქი ის უმსგავსი არსება. არა, თვითონ არსად ჩანდა, მაგრამ ხმა კი საოცრად ცხადად ისმოდა. ერთიც ჩაიხრიალა და მიწყდა.
* * *
მოვითქვი სული, მოვიშორე ავი ჩვენება, და ახლა უკვე ქვეითად გავუდექი გზას. ცეცხლოვანი ჩირაღდნების ნიაღვრები აღარ ჰბურავდნენ შორს გაზიდულ ცისკიდურს, ცხადად ვხედავდი არყოფნის ბილიკს, თვით უსასრულობამდე გაწვართულს... და რაღა თქმა უნდა, არც ფლოქვების გრიალის ხმა ისმოდა, მეც ძალიან კმაყოფილი გახლდით ყოველივე ამით. ალბათ უცნაური სანახავი კი ვიქნებოდი... როგორი საქმეა; სრული სამეფო შესამოსელი, ოქროს გვირგვინი და... ფეხით სიარული. ერთი ძველისძველი, ყურით ნათრევი ანეგდოტური თქმა გამახსენდა, მეფეთა ფეხით სიარულს რომ შეეხება. თავისთავად ცხადია, ეს სხვასაც გაახსენდება, თუ ვინმე შემომხვდა წინ. კიდევ კარგი, სულიერთაგან არავინ ჭაჭანებს. აქ მე მარტო ვარ, სრულიად მარტო, არყოფნის ბილიკის პირისპირ, და ისიც მგონი აღარაა ჩემს მიმართ წინანდებურად უკარება და დაუნდობელი. უფრო დამთმობი გახდა, რაც ბედაურზე ვთქვი უარი. ერთი მხრით ძალიან საწყენია, ბედაურს რომ დავემშვიდობე; ქარზე უსწრაფესად ვეღარ მივქრივარ, უკვალოდ გაქრა სიმსუბუქის სანეტარო განცდა, ყარყუმის მანტია ნისლივით აღარ ფრიალებს ჩემს მხრებზე, წინ ტაატით მივიწევ, მაგრამ ამას დიდად არ დაგიდევთ. რაც მთავარია, იმ საზიზღარ გრდემლსა და უროს გადავურჩი, ძვლების დამსხვრევით რომ მემუქრებოდა. როცა იქნება, გავაღწევ ბილიკის ბოლომდე, მივწვდები სხვა ცთომილს, რომელსაც სხვა მზე ანათებს. აი ასეთ ფიქრებში გართული მივაბიჯებდი არყოფნის ბილიკზე. ყარყუმის მანტია ნისლის ფთილასავით მეფინა მხრებზე, მომეტებული ძალით ელვარებდნენ სამეფო ოქროს გვირგვინი და სამკაულები. გემახსოვრებათ ალბათ, უკვე აღვნიშნე, ოქროს სამკაულების ბრწყინვა ბევრად უფრო თვალშისაცემი გახდა იმ წუთიდანვე, რაც არყოფნის ბოლიკს დავადექი. უფრო გაბრწყინდა ოქროსფერი შარავანდედი, ირგვლივ რომ მებურა, განფენილობაც მოემატა. ამასთან ერთად, უფრო შეიმაღლა ხმა სამკაულების მიერ გამოცემულმა ნაზმა წკარუნმა, მთელი გზა რომ სმენას მიტკბობდა. თვით ოქროს გვირგვინმაც კი (აბა, რას ვიფიქრებდი!) გამოსცა რაღაც ხმები, ნიავის სისინის თუ შრიალის მსგავსი. როგორც ჩანს, შემხვედრ ნიავს ებაასება მისი წამახული ბოლოები, არყოფნის ბილიკმაც სწორედ მისი ექო გაამჟღავნა. ცალკე უნდა ითქვას ოქროთი ნაჭედი ფეხსამოსის შესახებ: სხმული ოქროს ქუსლები ჰქონდა ჩემს ფეხსამოსს, და ახლა ქვეითად სიარულისას, ერთმანეთში ბაასი გააბეს ოქროს ქუსლებმა და არყოფნის ბილიკის ქვიშამ. ეს ბაასი ბაკიბუკით გამოიხატება, რომელსაც შემაწუხებელს ნამდვილად ვერ დაარქმევ. პირიქით, საამოდ ხვდებიან ყურს. აი ასე მივიწევდი წინ, საამო ხმებით და ბრწყინვალე შარავანდედით გარემოსილი. ოქროს ქუსლების ბაკუნი მომავალი გამარჯვების საწინდრად მესახებოდა. ეჭვიც აღარ მეპარებოდა, რომ ყველა დაბრკოლება უკან მოვიტოვე, ჩემს წინსვლას ვეღარაფერი შეაფერხებდა არყოფნის ბილიკზე. უცბად სხვისი ნაბიჯების ხმა გავიგონე, და ეს ხმა რატომღაც ზემოდან ჩამომესმა, თითქოს ვიღაცა ზუსტად ჩემს თავს ზემოთ, პირდაპირ ზეცაზე მიაბიჯებსო. ქუსლებსაც ზუსტად ჩემსავით მიაბაკუნებდა, რომელსაც თან ნაზი წკარუნის ხმაც ერთვოდა. ნიავის ქროლვის მსგავსი ხმაც შემომესმა, ანუ სისინი და შრიალი ერთმანეთში არეული. ყურადღებით მოვათვალიერე უკიდეგანო ველი. სულიერთაგან არავინ ჭაჭანებდა, ცას ლურჯად გაჰქონდა კამკამი და ამ სილურჯეს არაფერი ბღალავდა, ხმები კი ისევ ჩამესმოდა საოცარი სიცხადით. მაშინვე ვიაზრე ხმათა გაორმაგების მიზეზი; აკი ჩემი ბედაურის ფლოქვების გრიალიც ზემოდან ჩამომესმა სულ პირველად, სანამ მთელ შორს გაზიდულ სივრცეს აავსებდა. როგორც ჩანს, ახლაც ასე მოხდა, ჩემი ნაბიჯების ხმა დამიბრუნა უკან არყოფნის ბილიკმა, რაღა თქმა უნდა, სამკაულების წკარუნიც მასთან ერთად. უნდა გითხრათ, დიდად არ დავზაფრულვარ ამ ახალი აღმოჩენით. ,,იბაკუნეთ, ოქროს ქუსლებო! რამდენიც გინდათ, იმდენი იბაკუნეთ ორ ხმაში~, - ასე მივმართე გულში საკუთარ ოქროს ქუსლებს, და თქვენც, ოქროს სამკაულებო, როგორც გინდათ, ისე შეიმაღლეთ ხმა. აბა, რა უნდა დამაკლოს თქვენმა ბაკუნმა თუ წკარუნმა? თუნდაც სისინ-შრიალი ვთქვათ, რომელთაც ოქროს გვირგვინი გამოსცემს. სად ეს ხმები და სად ჩემი ბედაურის ფლოქვების გრიალი, ის სულ სხვა იყო...~ აი ასეთნაირად გავიმხნევე თავი და გზა გავაგრძელე არყოფნის ბილიკზე. მივაბიჯებდი და ვერ ვძლევდი ცდუნებას, ხანდახან მაღლა ამეხედა, იმდენად ცხადი იყო შეგრძნება, თითქოს ცის კაბადონზე ვიღაცა მიაბიჯებდა. გულში ვნატრობდი, მეტად აღარ გაძლიერებულიყვნენ ეს ხმები. თითქოს დიდი არაფერია, მაგრამ მაინც ასე მერჩივნა. ეჰ, ნატვრა ნატვრად დარჩა, ყოველივე სულ სხვანაირად წარიმართა; საოცრად გაძლიერდა ოქროს ქუსლების ბაკუნი, ბედაურის ფლოქვების ხმას დაემსგავსნენ,კიდევ რამდენიმე ნაბიჯიც და მძიმე უროების გრიალიც გავიგონე. პირდაპირ გასაოცარი იყო, რანაირად უნდა გამოეცა ასეთი ბგერები ოქროსაგან ჩამოსხმულ, უნატიფეს ქუსლებს... არყოფნის ბილიკმა რატომღაც ასეთნაირად დამიბრუნა მათი ექო. არ მეჭაშნიკა ეს ამბავი, რაღაც არასასიკეთოს ვეჭვობდი, თუმცა ნაბიჯი არ შემინელებია. ჰოდა, სულ მალე გაორმაგებული გრიალის ხმა უთვალავ ხმებად იქცა. ასე მეგონა, მოგზაურთა მთელი ურდოები დააბიჯებდნენ უკიდეგანო ველზე, და ყველა მათგანი უზარმაზარი უროებით აღჭურვილიყო ქუსლების ნაცვლად. ო, რა მძიმედ, რა აუტანლად ეხეთქებოდნენ ეს უროები არყოფნის ბილიკის ქვიშას, ძვლების დამსხვევით მემუქრებოდნენ... თანაც რა ბარაქიანად აფრქვევდნენ ნაპერწკლებს... ესეც ახალი აღმოჩენა იყო ჩემთვის; რას წარმოვიდგენდი, თუ ამ უნატიფეს ოქროს ქუსლებსაც შეეძლოთ ნაპერწკლების ფრქვევა, ბედაურის ფლოქვების მსგავსად... ეს ნაპერწკლებიც თვალსა და ხელს შუა გარდაისახნენ; ჯერ ცეცხლოვან ნაკვერჩხლებად, მერე კი ცეცხლოვან ჩირაღდნებად. ისევ გრდემლსა და უროს შორის აღმოვჩნდი, მეტი რომ არ ვთქვათ. ოქროს სამკაულებსაც იგივე დაემართათ, მეტისმეტად გაძლიერდა მათი სანეტარო წკარუნ-წკრიალი, თან ხასიათიც როგორ შეეცვალათ; წკარუნ-წკრიალი ახლა უკვე საზიზღარი ჟღრიალის ხმად გარდაისახა, თითქოს ვიღაცა ბლაგვი ხერხით ჟანგიან რკინას კბილავსო. რაც შეეხება ოქროს ოგვირგვინთან ნიავის ბაასს, თქმაც კი მიძნელდება, იმდენად შეიცვალა იგი. არც კი ვიცი, რას შევადარო; შხამიანი გველის სისინი და ტყვიის წუილი რომ ათქვიფო ერთმანეთში, დაახლოებით ასეთ ხმიანობად გარდაისახა მათი უწყინარი შრიალი და სისინი. ამას მიუმატეთ ის გარემოება, რომ ეს ყველაფერი ორ ხმაში ჩამესმოდა. ამას გარდა, ერთი უცნაურობაც შევამჩნიე; რაღაც უჩვეულო, ცეცხლოვანი ნაკვალევი აღწერეს ჰაერში ოქროს გვირგვინის წამახულმა ბოლოებმა. ასე მეგონა, ცეცხლოვანი გველები იკლაკნებოდნენ ჩემს თავს ზემოთ. ,,არაფერს ჰგუობს არყოფნის ბილიკი~ ხმიანებდა ჩემს თავში ეს მართლაცდა სამახსოვრო ფრაზა. ვერაფერს გააწყობ, ასეთია არყოფნის ბილიკის ბუნება. გავუძლებ როგორმე, მაინც გავაღწევ ბოლომდე. ასეთნაირად ვიმხნევებდი თავს და წინ მივიწევდი, ცვლილებები კი ისევ გრძელდებოდა, თანაც სულ არასასიკეთოდ. არც ახლა მიშველა ყურებზე ხელების აფარებამ, რამდენადაც არც ეს ხმები ისმინებოდნენ მხოლოდ ყურებით. მათაც შემოაღწიეს ჩემი სისხლის ყოველ წვეთში, მეტად უსიამოვნოდ აკივლდნენ და აგნიასდნენ. საოცარი იყო, მაგრამ ნამდვილად ასეა; ეს გაუსაძლისი, კოშმარული ხმები უნატიფესად შეთხზულმა ოქროს გვირგვინმა და სამკაულებმა დამატეხეს თავზე. თანაც რა დამაბრმავებლად იწყეს ბრწყინვა... თვალისჩინი ლამის სრულიად წამართვეს. ერთადერთს, მხოლოდ ცეცხლოვან გველებს ვარჩევდი ჟამიდანჟამს, ჩემს თავს ზევით რომ იკლაკნებოდნენ. მერედა, რამდენნი იყვნენ... ასე მეგონა, საცაა ყელში მწვდებიან-მეთქი. დადგა ჟამი, ნაბიჯსაც ვეღარ ვდგამდი წინ, უკან დაბრუნებაზე კი ფიქრიც არ შეიძლებოდა, ეს ერთხელ და სამუდამოდ ავუკრძალე საკუთარ თავს. არც ეხლა ჩანდა სხვა საშველი, ისე, როგორც წინა შემთხვევაში, როცა ბედაურს შეველიე... მეც მოვიხსენი თავიდან ოქროს გვირგვინი; არ მეთმობოდა, ო, როგორ არ მეთმობოდა... მაგრამ მაინც დავატანე თავს ძალა და მოვისროლე... ჰო, საკუთარი ხელით მოვისროლე სამეფო ოქროს გვირგვინი, არყოფნის ბილიკის ქვიშას გავატანე. მერე მივყევი და მის კვალს გავუყენე დანარჩენი ძვირფასი სამკაულები; ოქროს ფარღული, მკერდს რომ მიმშვენებდა. ოქროს ბეჭდები, თითებზე ჩამორიგებულნი, და რაღა თქმა უნდა, ოქროთი ნაჭედი ფეხსამოსი, სხმული ოქროს ქუსლებით, ერთმანეთის მიყოლებით გადავყარე ეს ყველაფერი. ახლაც გაისმა სულთამხუთავის ქირქილი, მომაკვდავის ხრიალში არეული. გაისმა ისე ცხადად, თითქოს იქვე, ჩემს გვერდით იდგა ის უგვანი არსება. გულისგამყინავი და საზარელი ქირქილით გააცილა ყველა ოქროს ნივთი, ჩემს მიერ საკუთარი ხელით გადაგდებული. ამჯერად აღარ მიცდია მისი დანახვა: ვიცოდი, ამაო იყო. უსასრულობამდე გაწვართულ არყოფნის ბილიკს გავუსწორე თვალი. ახლა უკვე შევძლებდი მასზე სიარულს, ცეცხლოვანი გველები აღარ მიბნელებდნენ თვალებს, და არც მძიმე უროები მემუქრებოდნენ ძვლების დამსხვრევით. ჩემთვის ეს იყო უმთავრესი, რადაც უნდა დამჯდომოდა, უნდა გამეღწია სხვა სივრცეში. კინაღამ დამავიწყდა; როდესაც მკერდიდან ძვირფას ფარღულს ვიგლეჯდი, ხელში ქაღალდის ფურცელი მომყვა. დავხედე, ბავშვის წერილი აღმოჩნდა, საკუთარი დედისთვის გაგზავნილი, თვალითაც რომ არ ენახა ოდესმე... მე იგი გულისპირში მქონდა შენახული. ერთი შენღა მაკლდი, ვთქვი ბოღმიანად. ყველაფერი არყოფნის ბილიკს გავატანე, რაც გულს მიხარებდა; ბედაური, ტანით ნაძერწი, ბეწვით ბზინვარე, თანავარსკვლავედის დარი აღკაზმულობით... სამეფო ოქროს გვირგვინი, ძვირფასი სამკაულები... შენ რაღაში მჭირდები. მაშინვე გვერდზე მოვისროლე ბავშვის წერილი. ისიც გაქრა, შთაინთქა არყოფნის ბილიკის ქვიშაში.
* * *
მებაღემ კითხვა შეწყვიტა, შემომხედა. - აი, აქ პირველად ახსენა ბავშვის წერილი. ერთი სიტყვითაც არ უხსენებია აქამდე, როგორც გითხარი. მე თავი დავუქნიე, კარგად მახსოვდა მისი გაფრთხილება წერილის შესახებ. ზღაპარმაც დამაინტერესა, მგონი არ უნდა იყოს ურიგო. მებაღემ ისევ გააგრძელა კითხვა:
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ყვავილები მიყვარს ბუნებაში, ეზოში, ლარნაკში ყვავილებს ვერ ვიტან. მედუზას " უტვინობა" ძალიან საინტერესო ეპიზოდია. სამტყუპას აზრებიც საინტერესო იყო.
პირველი უცნაურობა ის იყო, რომ გაორმაგებული თქარათქურის ხმა გავიგონე, თითქოს ჩემს გარდა სხვაც შესდგომოდა არყოფნის ბილიკს, და ეს ,,სხვა~ პირდაპირ ცის კაბადონზე მიაგელვებდა თავის ბედაურს, ოო, აქ კი , ნეფერტარის ბრწყინვალე "ბედუინი" დამიდგა თვალწინ. ყვავილები მიყვარს ბუნებაში, ეზოში, ლარნაკში ყვავილებს ვერ ვიტან. მედუზას " უტვინობა" ძალიან საინტერესო ეპიზოდია. სამტყუპას აზრებიც საინტერესო იყო.
პირველი უცნაურობა ის იყო, რომ გაორმაგებული თქარათქურის ხმა გავიგონე, თითქოს ჩემს გარდა სხვაც შესდგომოდა არყოფნის ბილიკს, და ეს ,,სხვა~ პირდაპირ ცის კაბადონზე მიაგელვებდა თავის ბედაურს, ოო, აქ კი , ნეფერტარის ბრწყინვალე "ბედუინი" დამიდგა თვალწინ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|