ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
14 ივნისი, 2016


ბუმერანგი (დასასრული)

                          *  *  *

  ,,ფრიად შეფერთხილი დავადექი არყოფნის ბილიკს, აღარც ოქროს გვირგვინი, აღარც სამკაულები, თანაც ფეხშიშველა... ცხადია, ახლა კიდევ უფრო უცნაური სანახვი ვიქნებოდი... კიდევ კარგი, წინ არავინ მხვდებოდა.
  ახლა შევამჩნიე, თურმე მთელი არყოფნის ბილიკი წვეტიანი ქვებით ყოფილა მოფენილი. ძალიან უსიამოვნოდ მჩხვლეტდნენ ფეხისგულებში, ფეხშიშველა სიარულს მიუჩვეველს, მაგრამ ამას არ ვეპუებოდი, მაინც წინ მივიწევდი. წვეტიანი ქვები უკან ვერ დამახევინებდნენ, თუნდაც ქვიშა ვთქვათ. არც ის ყოფილა დიდად საამური, როცა ფეხშიშველა მიაბიჯებ. სხვა რამ დაბრკოლება ჯერ-ჯერობით არსად ჩანდა. იმედი მქონდა, აღარც გამოჩნდებოდა. მე ხომ აღარაფერი შემრჩა ისეთი, რაც არყოფნის ბილიკს შეაშფოთებდა. სამეფო სამოსელი და ყარყუმის მანტია ნამდვილად არაა სათვალავში ჩასაგდები, ვფიქრობდი მე, მათგან ალბათ არაფერი დამემუქრება, ერთი კი ცხადია: სამოსის შრიალის და შარი-შურის ხმა ისმის მეტისმეტად ცხადად. ჰო, სამოსის შრიალმა და შარიშურმა აშკარად შეიმაღლა ხმა. თუმცა, დიდი არაფერი, ამ ხმებს უსიამოვნო ნამდვილად არ ექთმის.
  ცოტაც და... სამოსის შრიალი და შარიშური სადღაც ზემოდან ჩამომესმა, თითქოს ვიღაცა პირდაპირ ლურჯი ცის კაბადონზე მიაშრიალებდა სამოსელს, ისიც ჩემსავით ფეხშიშველა და უგვირგვინოდ დარჩენილი, ერთი სიტყვით, შრიალის და შარიშურის ხმებიც გაორმაგდნენ.
  ეს არაფრად ჩამიგდია. აბა, რა უნდა დამაკლოს შრიალმა და შარიშურმა, თუნდაც გაორმაგებული სახით, უკან რანაირად უნდა დამახევინოს. ეს უკვე სასაცილო იქნება, მეტი რომ არ ვთქვათ.
  შეუჩერებლად მივიწევდი წინ, შორს გაზიდული უსასრულობისკენ. ხმებიც ძლიერდებოდნენ, რა თქმა უნდა გაორმაგებული სახით. ამასთან ერთად, ერთი უცნაური და უსიამოვნო სიახლე შევამჩნიე: რაღაც დამცინავი ქირქილის ხმა შეერია შრიალისა და შარიშურის ხმებში.
  დიახ, ეს მეტად უცნაური იყო, პირდაპირ თავგზა დამიბნია. სულთამხუთავის ქირქილს ის არ ჰგავდა. რაღაც სხვა იყო, სრულიად გაუგებარი. ვინ დამცინოდა, რა დამცინოდა... ჩემი საკუთარი სამოსელი დამცინოდა?
  კიდევ რამდენიმე ნაბიჯიც და... მთელი შორსგაზიდული სივრცე აავსო შრიალის და შარიშურის ხმებმა, თითქოს ჩემსავით ფეხშიშველა და უგვირგვინოდ დარჩენილი მოგზაურების მთელი ჯგრო შესდგომოდა არყოფნის ბილიკს, და მათაც ზუსტად ჩემსავით დასცინოდა საკუთარი შესამოსელი,. რაღაც საზიზღარი, დაუნდობელი, აბუჩად ამგდები ქირქილით დასცინოდა.
  ეს უკვე ძალიან შემაწუხებელი იყო ჩემთვის, თუმცა, არც ამას ვეპუებოდი... ისევ წინ მივიწევდი, ბილიკის ბოლოსკენ. რადაც არ უნდა დამჯდომოდა, იქამდე უნდა მიმეღწია.
ხმები სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდნენ, თან ხასიათიც ეცვლებოდათ.
დადგა ჟამი, როცა შრიალი და შარიშური სრულიად გარდაიქმნა. სულ სხვანაირად ახმიანდნენ ჩემი სამეფო სამოსელის კალთები. ასე მეგონა, ავსული ჰარპიების მთელი ჯგრო დამეხვია თავზე, ვეება ფრთებს ატლაშუნებდნენ, ყურისწამღებად გაჰკიოდნენ, ნისკარტებს ავად აკაპუნებდნენ.
  დამცინავი ქირქილიც შეიცვალა, იგი ახლა უკვე შემზარავ, გაავებულ ხარხარად იქცა. ო, რა ულმობელი, რა საზიზღარი დაცინვა იგრძნობოდა მასში... პირდაპირ გასაოცარი იყო, როგორ უნდა წარმოეშვა ეს კოშმარული, საზარელი ხმები იმ უნაზეს, რბილ ქსოვილს, რითაც ჩემი სამოსელი იყო შეთხზული. ამას მართლაც ვერ წარმოვიდგენდი, ვერცერთ კოშმარულ სიზმარშიც კი.
  მაინც წინ მივიწევდი, როგორმე ამ საზიზღარი ჰარპიებისთვისაც უნდა გამეძლო, სხვანაირად ვერ გავაღწევდი სხვა სივრცეში.
  არც მაშინ შევჩერებულვარ, როდესაც კიდევ უფრო ამაზრზენი და კოშმარული გახდა ეს ხმები, ყოველი მხრიდან რომ თავს მატყდებოდნენ. თითქოს ერთად გადაიხსნა უთვალავი საფლავი, უთვალავმა სუდარამ ერთად იწყო ფართხუნი ავად მოსისინე დიდ ქარში, აი ასეთნაირად ახმიანდა მთელი უკიდეგანო ველი ჩემს ირგვლივ. დამცინავმა და გაავებულმა ხარხარმაც კიდევ უფრო მოიცა ძალა, როგორღაც მოზეიმედ აჟღერდა, თითქოსდა ავსულთა ჯგრო მსხვერპლის უბედურებით ხარობსო.
  ძარღვებში სისხლი გამიყინა ამ ხმებმა, ნაბიჯის გადადგმაც აღარ შემეძლო. შემოვიძარცვე უმშვენიერესი სამეფო სამოსელი, ციებ-ცხელებიანივით ვიფხრეწდი ტანიდან უნაზეს ქსოვილს. არაფრით არ მინდოდა მასთან განშორება, მაგრამ არ იყო სხვა საშველი და ისიც არყოფნის ბილიკს გავატანე. და კვლავ გაისმა სულთამხუთავის ჩაქირქილება, მომაკვდავის ხრიალში არეული, გულის გამყინავი და საზიზღარი.
  ,,არაფერს ჰგუობს არყოფნის ბილიკი~, რა მწარედ გამოვცადე საკუთარ ტყავზე ამ სიტყვების ჭეშმარიტება. აღარაფერი შემრჩა, სრულიად არაფერი, ნამდვილ ბოგანოდ ვიქეცი.
  ,,უკან მაინც ვერ დამახევინებ, ვერ დამაბრუნებ უკეთურ ცთომილზე, რომელსაც უკეთური მზე ანათებს~, - ასე მივმართე გულში არყოფნის ბილიკს. ცხადია, სიტყვას ხმამაღლა ვერ დავძრავდი, კარგად მახსოვდა სულთამხუთავის გაფრთხილება: ,,სიტყვა არ დაგცდეს, წაგლეკავს მისი გამოძახილი~. უკან დახევას ნამდვილად არ ვაპირებდი, ერთი რაღაც ჩავიფიქრე, იქნებ გაემართლებინა.
  საქმე იმაშია, რომ ყარყუმის მანტია არ გავატანე არყოფნის ბილიკს, ხელიც არ ვახლე. რატომ? იმ წუთში ამის შესახებ ვერაფერს ვიტყოდი. იქნებ იმიტომ, რომ ვეკრძალებოდი მთლად შიშვლად დარჩენას. იქნებ ყარყუმს არ შეეშფოთებინა არყოფნის ბილიკი... ამის დიდი იმედი არ მქონდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, მაინც მეცადა.
  ამას გარდა, ეს ხომ ყარყუმის მანტია იყო, სამეფო შესამოსელის ნაწილი, მეფურობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი. ოქროს გვირგვინზე ნაკლებად როდი მენანებოდა. ჰოდა, ამიტომაც არ მეთმობოდა. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, ყარყუმის მანტია რომ არ გავუყენე სამეფო სამოსელის კვალს.
  იქვე ჩავიმუხლე, მოვიძიე წვეტიანი ქვები. ერთიანად დავანაწევრე ყარყუმის მანტია. უდიდესი ნაწილი წელზე შემოვიხვიე, არდაგის მსგავსად... ამით სიშიშვლეს თავი დავაღწიე. შედარებით მომცრო ნაკუწები ფეხებზე ამოვიკარი. უკვე ვთქვი, თუ როგორ მეხამუშებოდა ფეხშიშველა სიარული. მე ხომ ბოლომდე უნდა გამეღწია ამ ბილიკზე... ვშიშობდი, ვაითუ ვერ გამეძლო. ესეც არ იყოს, სულთამხუთავის სიტყვებიც გამახსენდა, კატის ნაბიჯებით უნდა იაროო... ყარყუმი ხომ იგივე კატაა.
  ჰოდა, გაამართლა ჩემმა პატარა ეშმაკობამ; რბილად, საამურად დამეფინა სხეულზე ყარყუმის ნაზი ბეწვები. აღარც შრიალის და შარიშურის ხმა ისმოდა, არც არაფერი ტლაშუნებდა, არც სისინებდა. უკვალოდ გაქრა ყველა კოშმარული ხმა. აღარც წამახული ქვები მჩხვლეტდნენ ფეხისგულებზე.
  ახლა კი ნამდვილად გავაღწევ ბოლომდე, ისეთი აღარაფერი შემრჩა, რაც არყოფნის ბილიკს შეაშფოთებდა. სიჩუმეა, სრული სიჩუმე... ისეთი, რომელსაც შეიძლება მოუსმინო. და არა მარტო... საკუთარ გულსაც მოვუსმენ, სწორედ რომ დიდი სიჩუმე მჭირდება მის მოსასმენად, უამისოდ არაფერი გამოვა.

                                * * *

  მებაღემ კითხვა ისევ შეწყვიტა.
  - აი აქედან უკვე გულის მოსმენაზეა ლაპარაკი, - მაცნობა მან, - შენი ხმის გაგონება მსურსო, საკუთარ გულს მიმართავს ამ ზღაპრის ავტორი. მინდა ლგავიგო, რას მეტყვიო. აღარ ახსოვს, სადღაც სხვა ცთომილზე რომ აპირებდა გაჭრას, რომელსაც ასევე სხვა მზე ანათებსო. აღარც უკეთურ ცთომილს და უკეთურ მზეს ახსენებს.
მე თავი დავუქნიე, გასაგებია-მეთქი. მებაღემ კითხვა განაგრძო.

                              * * *

  ...რა კარგია, რომ ყარყუმის მანტია არ გავატანე არყოფნის ბილიკს, ჩქამიც არ ისმის, ოდნავადაც კი. მდუმარების წიაღში მივაბიჯებ, მშვიდად, რბილად, მართლაცდა კატასავით უხმაუროდ. ჰო, კატამ ნამდვილად წამახმარა თათი...
ნეტავი ასე გაგრძელდებოდეს, სანამ ბილიკის ბოლომდე გავაღწევდე, თუმცა ვინ იცის...
როგორც ხედავთ, ეჭვები მაინც არ მტოვებდნენ. უკვე მოვასწარი, კარგად გავცნობოდი არყოფნის ბილიკს, ჩამოვარდნილი ღრმა სიჩუმე ქარშხლისწინა მყუდროებად მესახებოდა.
აკი ასედაც მოხდა საბოლოოდ...
  ჯერჯერობით კი ვტკბებოდი იმ საოცარი მდუმარებით, უკიდეგანო ველზე რომ გამეფებულიყო. თავში იმ სიტყვებს ვალაგებდი, საკუთარი გულისთვის რომ უნდა მეთქვა არყოფნის ბილიკის ბოლოს, ანუ იქ, სადაც თავი და გული ხვდებიან ერთმანეთს; მკერდმოშიშვლებული მოვიწევ შენსკენ (საკუთარ გულს მივმართავდი), აღარაფერი შემრჩა, სრულიად გამძარცვა არყოფნის ბილიკმა, თუმცა ამას როდი დავეძებ. როგორმე შენამდე მოვაღწიო, აი ესაა თავი და თავი... რომ იცოდე, რამდენი რამ მაქვს შენთვის სათქმელი, გზად შემხვედრებმაც რამდენი კითხვის ნიშანი ამკიდეს. თან მომყვება უამრავი  ,,...რატომ, როგორ, რისთვის...~ შენ ერთადერთს შეგიძლია მათზე პასუხის გაცემა; გული ხომ თავზე ბევრად უფრო ბრძენია, ოღონდ ესაა, საკუთარი სიბრძნე სიტყვებით ვერ გამოუხატავს. არყოფნის ბილიკის ბოლოს აღსრულდება ეს სასწაული, გულის სიბრძნე სიტყვების სამოსელით შეიმოსება.

                                  * * *

  -ხომ გესმის; მეზღაპრისთვის ერთი და იგივეა არყოფნის ბილიკის დალაშქვრა და საკუთარი გულის მოსმენა. ერთს ამბობს, იქვე მეორეს გულისხმობს, - შემეხმიანა მებაღე თავაუღებლად და ისევ განაგრძო კითხვა.

                                  * * *

  ...საკუთარ გულთან უხმო მუსაიფით მივიწევ წინ, ასევე უხმო ნაბიჯებით. კარგად მახსოვდა სულთამხუთავის გაფრთხილება, სიტყვა არ დაგცდეს, დიდია სიტყვის ძალა, წაგლეკავს მისი გამოძახილიო. ყუჩობდა უკიდეგანო ველი, უცნაურად შორსგაზიდული ცისკიდურით. ყუჩობდა არყოფნის ბილიკი, თვით უსასრულობასთან შერწყმული, ყოველივე თითქოს რაღაცის მოლოდინში გარინდულიყო.

                                    * * *

  უცბად რაღაც ხმა დაირხა, ოდნავ გასაგონი, უღონო. ერთი წამით გაიჟღერა და მაშინვე მიწყდა.
  სმენა გავაფაციცე, ხომ არ მომეჩვენა?
  ხმა ისევ დაირხა, შედარებით მომძლავრებულად. თითქოს სარკეში ჩაიხედაო, ასე განმეორდა და ორივენი ერთად მიწყდნენ.
წამიც და, ისევ დაირხა ხმა, რამდენიმე ბგერა უკვე ზედიზედ მიჰყვა ერთმანეთს.
ეჭვი არაფრისა იყო, რაღაც ხმები ნამდვილად შემოიჭრნენ მდუმარე უკიდეგანო ველზე.
ნეტავი საიდან, რა გამოსცემს ამ ხმებს?
  სულერთიანად დავიძაბე... შეიძლება ითქვას, დაჭიმულ სიმად ვაქციე მთელი სხეული, ჩავუსაფრდი უღონო ხმებს, რათა მათი წარმოშობის წყარო და ბუნება გამომეცნო.
გამოცდილება, იცოცხლე, დამიგროვდა. რანაირი ხმები აღარ მოვისმინე, რა სახის კაკაფონია აღარ დამატყდა თავს, სანამ ეს ოდნავგასაგონი ხმები მოაღწევდნენ ჩემამდე.
არადა, მეტისმეტად უცნაურია; მე ხომ ყველაფერი არყოფნის ბილიკს გავატანე; ბედაური, ოქროს გვირგვინი, სამკაულები, სამოსელი... საკუთარი ხელით მოვისროლე ეს ყველაფერი. ამდენად, არყოფნის ბილიკსაც არაფერი არ უნდა აშფოთებდეს.
ყარყუმს რაც შეეხება, ის სულ სხვაა,... როგორც უკვე ვთქვი. ყარყუმი არანაირ ხმებს არ გამოსცემს. პირიქით, სრულიად მიაჩუმათა ჩემი ნაბიჯები, მართლაცდა კატის ნაბიჯებად აქცია. სიჩუმეს ეფერება და უფრთხილდება ყარყუმის ყოველი ბეწვი.
ჰოდა, მეტად საოცარია, რა უნდა გამოსცემდეს ამ ხმებს?
  თავს ვიმტვრევდი ამაზე ფიქრით... მართალია, ეს უღონო ბგერები არაფრით მაწუხებდნენ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, მაგრამ ვინ იცის, რა მოხდებოდა, რა მელოდა წინ, როგორ შეიცვლებოდნენ ბგერები, ჯერჯერობით სრულიად უღონონი.
ბგერები კი ნამდვილად იცვლებოდნენ, უფრო და უფრო იმაღლებდნენ ხმას, რაც წინ მივიწევდი არყოფნის ბილიკზე. ამით ისინი ერთგვარად ჰგავდნენ თავიანთ წინამორბედ ხმებს.
  თუმცა განსხვავებაც იყო მათ შორის.
  საქმე იმაშია, რომ ყველა წინამორბედი ხმა ზემოდან ჩამომესმა. კარგად მახსოვს, როგორ გავიგონე ,,სხვა ბედაურის~ ფლოქვების ხმა სადღაც ჩემს თავს ზემოთ. რა მკაფიო განცდა მქონდა მაშინ, თითქოს ვიღაცა პირდაპირ ლურჯი ცის კაბადონზე მიაგელვებდა ბედაურს.
  ზუსტად იგივე მოხდა ყველა სხვა შემთხვევებშიც, სამკაულების თუ სამოსელის ხმების გაორმაგებისას. მათ ჯერ ზეცა დაიპყრეს, მხოლოდ ამის შემდეგ მოეფინენ უკიდეგანო ველს.
  ახლა კი ნამდვილად არ გამჩენია ისეთი გრძნობა, თითქოს ეს უღონო ხმები სადღაც ზევიდან მესმოდეს, ამის მსგავსს ვერაფერს ვიტყვი.
  ძალიან ვცდილობ, სმენას უკიდურესობამდე ვძაბავ, თავსაც აქეთ-იქით ვატრიალებ, მაინც ვერ გამირკვევია, საიდან აღწევენ ჩემამდე ეს უღონო ხმები, თავისი წინამორბედებივით ზემოდან, თუ რომელიმე სხვა მხრიდან.
აქ რაღაც სხვაა, მაგრამ რა? რა ჰქვია იმ ,,სხვას~, წინამორბედ ხმათაგან განსხვავებულს...
  ხმები არ მესმის არც ,,ზევიდან~, არც რომელიმე სხვა მხრიდან. ხმები როგორღაც ერთდროულად იბადებიან ,,ჩემში~ და ,,ჩემს გარეთ~. ვერაფრით ვერ იტყვი, რომელი რომელს ასწრებს. ამას ვერ გაიგებ, როგორც არ უნდა ჩაუსაფრდე, როგორც არ უნდა გაიმახვილო ყურთასმენა. ამ მხრივ სრულიად განსხვავდებიან თავიანთი წინამორბედი ხმებისგან, გარედან რომ დამატყდნენ თავს, მხოლოდ მოგვიანებით შემოაღწიეს სისხლის ყოველ წვეთში. მათ არ უცდიათ საკუთარი წარმომავლობის დამალვა. პირიქით, თითქოსდა საგანგებოდ, სწორედ თავიანთი წარმოშობის წყაროსკენ მიუთითებდნენ უდიდესი სიცხადით. ბედაურის ფლოქვების გრიალი თავიდანვე ფლოქვების გრიალი იყო, ასევე ოქროს ქუსლების ხმიანობა, და სხვა დანარჩენიც. არანაირი გაუგებრობის საფარველში ისინი არ გახვეულან ამ ახალშობილი ხმებისგან განსხვავებით.
გაძლიერებით კი შეუნელებლად ძლიერდებიან ეს უღონო (ჯერჯერობით) ბგერები. იმის კვალობაზე, რამდენადაც წინ მივიწევ, სულ უფრო და უფრო იმაღლებენ ხმას, და ერთგვარი რიტმულობაც აშკარად იჩენს თავს მათ ჟღერადობაში.
  ამ რიტმულობამ ცალკე თავსატეხი გამიჩინა. ვცადე ჩემი ნაბიჯებისთვის მისი მისადაგება, თუკი ასეთი რამ შესაძლებელი იყო. მე ხომ ყარყუმის ბეწვი ამოვიკარი ფეხებზე, რომელიც ყოველგვარ ხმებს ახშობდა.
  თუმცა ვინ იცის, იქნებ სწორედ ჩემი ნაბიჯების ექო დამიბრუნდა უკან... არც ამას გამოვრიცხავდი, მეტისმეტად გამოუცნობია არყოფნის ბილიკი.
მაგრამ გამოუცნობი ხმების რიტმულობა არ ემთხვეოდა ჩემი სიარულის რიტმს. რამდენიც არ ვუთვალთვალე, მათ შორის ვერანაირი შეხების წერტილები ვერ აღმოვაჩინე.
ასე რომ თავსატეხი თავსატეხად დარჩა, ვერა და ვერ ამოიხსნა. პირიქით, დაემატა კიდეც ბევრად უფრო იდუმალი, ახალი თავსატეხი...
  საქმე იმაშია, რომ რაღაცით მეტად მახლობელნი, მეტად ნაცნობნი მეჩვენებოდნენ ეს უღონო ხმები. თითქოს მათთვის უკვე მომესმინა, თანაც არაერთხელ, მაგრამ როდის და რა პირობებში, ამას ვერასგზით ვერ მივმხვდარიყავი.
  უნდა აღვნიშნო; ეს გარემოება განსაკუთრებით მიბნევდა თავგზას, მართლაც, მეტად გამოუცნობი ბუნების ჩანდნენ ეს ხმები.
  ერთი რამ ცხადია, ვფიქრობდი მე. ხმა და მისი გამოძახილი მეტისმეტად ახლოს არიან ერთმანეთთან, ამიტომაც ისმინებიან ,,ჩემში~ და ,,ჩემს გარეთ~ ერთდროულად.
ნეტავი მაცოდინა, რა გამოსცემს ამ უცნაური ბუნების მქონე ხმებს, რა უნდა იყოს ისეთი, ნაცნობიც რომაა და თან გამოუცნობიც ერთსა და იმავე დროს.
ამის ახსნა შეუძლებელი ჩანდა.
  ვნახოთ, იქნებ გზადაგზა გაირკვეს რაიმე, ვუთხარი ჩემს თავს უნაყოფო ჩხრეკა-ძიების მერე. ვივლი ამ გამოუცნობი, თანაც მეტად მახლობელი ხმებით გარემოსილი. მათ უსიამოვნოს ნამდვილად ვერ დაარქმევ. ტალღების მიქცევა-მოქცევა გამახსენეს, გეგონებოდა ზღვის ტალღები მისდევენ ერთმანეთსო. ერთგვარ სულსწრაფობასაც ამჟღავნებენ. ერთმანეთს უსწრებენ, არ აცდიან, და საერთოდ, უწყინარი ბუნებისა ჩანან. ეს არაა ისეთი ტალღების ხმიანობა, წალეკვით რომ გემუქრება. ვერ შემაფერხებენ ეს ტალღები, დიდი იმედი მაქვს, გავაღწევ არყოფნის ბილიკის ბოლომდე, იქ, სადაც საკუთარ გულთან საუბარს შევძლებ, ოღონდ მეტისმეტად ნუ გაძლიერდებიან ეს გამოუცნობი (და თანაც მახლობელი) ხმები, მძიმე და მქისე ნუ გახდებიან თავიანთი წინამორბედებივით.
  მძიმე და მქისეო? არა, რაღაც ბევრად უარესი... სახელიც კი ვერ მომძებნია... ახდა სწორედ ის, რისიც ასე მეშინოდა; მეტისმეტად გაძლიერდნენ გამოუცნობი ხმები, ტალღათა მიმოქცევის მსგავსნი. მათ ახლა უწყინარს ნამდვილად ვერ დაარქმევდი. ეს უკვე ქედშემაღლებული, მძიმე და მღვრიე ტალღებია, ნაპირს გაცოფებით რომ ეხეთქებიან და ძირფესვიანად აბრუნებენ ყველაფერს, რაც კი წინ შემოხვდებათ. თანაც როგორი გაავებით ღმუიან და ღრიალებენ... ისმის რაღაც საზიზღარი, გამყინავი ბგერები, აფთარის ხარხარის მსგავსი. ისმის ტკივილით და სიმწრით სავსე შემზარავი ამობგერება, რაღაცნაირი გაკაპასებული ხმები, სიავით სავსე და დაუნდობელი.
  ყოველივე ამას მიუმატეთ საზიზღარი ქირქილის და ხრიალის ხმა... დიახ, ჩემი სულთამხუთავის ხმა აქაც წამომეწია, თითქოსდა რაიმე აკლდა ამ ჯოჯოხეთურ კაკაფონიას, იმასაც თავისი რომ არ დაემატებინა. ქირქილებდა, თან მომაკვდავივით ხრიალებდა ჩემი სულთამხუთავი, და მე ძარღვებში სისხლი მეყინებოდა მისი გაგონებისას, ისედაც ღონემიხილს სრულიად~.
  მინდა ვთქვა: ხანდახან (საკმაოდ იშვიათად) რაღაც ნაზი, საამური ბგერები შემოიჭრებოდნენ ხოლმე საიდანღაც, მაგრამ სულ ერთი წამით, მაშინვე ითქვიფებოდნენ საზარელ ხმათა მორევში.
  მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, ჯოჯოხეთური ბგერებიც რომ ნაცნობნი და ახლობელნი მეჩვენებოდნენ. ამ მხრივ ოდნავადაც არ ჩამორჩებოდნენ უღონო ხმებს. პირიქით, უკან ჩამოიტოვეს კიდეც ისინი... ანუ, მე იმის თქმა მინდა, რომ ხმის გაძლიერების კვალობაზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ის ,,რაღაცა ნაცნობი და მშობლიური~, უღონო ბგერებშიც რომ ისმოდა და იგრძნობოდა. სწორედ ეს გარემოება მაკვირვებდა ყველაზე მეტად.
  ნეტავი მაცოდინა, რა გამოცანას მიწყობს ამჯერად არყოფნის ბილიკი, ვფიქრობდი მე. რატომ მეჩვენება ეს საზარელი ხმები ძალიან ახლობელ, ლამის მშობლიურ ხმებად. თანაც განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ასე გაძლიერდნენ. ნეტავი რატომ?
  ასეთმა ფიქრებმა არანაკლებ გამაწამა, ვიდრე იმ ჯოჯხეთურმა კაკაფონიამ, ერთდროულად რომ ისმოდა ,,ჩემში~ და ,,ჩემს გარეთ~. დანარჩენმა ყველაფერმა უკან დაიხია, უპირველეს ყოვლისა, საზარელ ხმათა უცნაური მახლობლობა მაინტერესებდა.
ეს ყველაზე იდუმალი რებუსი იყო, რომელსაც კი ოდესმე გადავყრივარ; თითქოსდა რომელიღაცა მძვინვარე, გავეშებული ცხოველი ცდილობდა რაღაცის თქმას, მაგრამ სათქმელი ბგერათა ვერანაირ საზღვრებში ვერ მოექცია. ის ვერაფრის თქმას ვერ ახერხებდა ჩემთვის, მე მისი სათქმელის ამოცნობას ვერ ვახერხებდი.
  ...და უცბად მივხვდი (წამზე უსწრაფესად, რაღაც გაელვებასავით იყო ეს მიხვედრა), თუ რა უნდა ყოფილიყო ამ ხმების წყარო, სად ღებულობდნენ სათავეს; ჩემი გულიდან ისმოდა ეს ხმები, ამიტომაც მეჩვენებოდნენ ასე ახლობელნი. არყოფნის ბილიკმა გაამჟღავნა ისინი, გულის ხმიანობაც დიდი ხმაურია მისთვის. ამას გარდა, მე ხომ მკერდი მოშიშვლებული მქონდა... არანაირი გამყოფი ზღვარი აღარ არსებობდა ჩემს გულსა და უკიდეგანო ველის შორსგაზიდულ სივრცეს შორის, ჩემი საკუთარი ტყავის გარდა, საკუთარი ტყავი კი, როგორც ჩანს, დაბრკოლებად აქ ნამდვილად ვერ ჩაითვლებოდა.
  სამწუხაროდ, გაოცებამ დაასწრო განსჯას, და მე ხმამაღლა შევძახე საკუთარ გულს:
  - ეს შენ მეხმიანები?
ამოვთქვი ეს სიტყვები, არც ისე ხმამაღლა კაცმა რომ თქვას, მაგრამ ესეც საკმარისი იყო, და მეტიც საკმარისზე: მე ხომ არყოფნის ბილიკზე მივაბიჯებდი, რომელიც ათასწილ უკან მოგაგებს ყოველგვარ ძალისხმევას. ასედაც მოხდა. არყოფნის ბილიკმა უკან დამიბრუნა ჩემი უნებლიე წამოძახილი, დამიბრუნა როგორც ათასი გრიგალი ერთად. იმ წამიდან, შემიძლია ვთქვა, საკუთარ თავს სრულებით აღარ ვეკუთვნოდი. ერთი ისღა გავარჩიე, ქარბორბალის მსგავსი რაღაც რომ დატრიალდა ჩემს ირგვლივ. ,,...ზესკნელი და ქვესკნელი ერთად დაგემხობა თავზე...~ წამით გამიელვა თავში სულთამხუთავის სიტყვებმა, და ყოველივე ბნელეთში დაინთქა.
  არ ვიცი, რამდენი ხანი ვიყავი ბნელეთის წიაღში. ნელ-ნელა დამიბრუნდა გონება, ძალა მოვიკრიფე, მივიხედ-მოვიხედე: ყარყუმის საცოდავი ნაგლეჯებიც აღარ შემრჩენოდნენ, ისინიც წაეგვარა ჩემთვის არყოფნის ბილიკს. სულმთლად გაძარცვული ვეგდე ტალახში, ნიშნისმოგებით მიღიმოდა უკეთური ცთომილის უკეთური მზე.

                                        * * *

  მებაღემ კვლავ მოსწყვიტა თვალი უსტარს.
- ხომ ნახე, აქედან ისევ უკეთურ ცთომილზე იწყებს ლაპარაკს, - მაცნობა მან, - სულ დაავიწყდა, საკუთარ გულს რომ უნდა შეხვედროდა. ეჰ, რას იზამ, მაინც რაღაცა გამოუვიდა... დასასრული კი მეტად სევდიანი აქვს ამ ზღაპარს. აჰა, ნახე: ,,რამდენი არ ვეცადე, მაინც ვერ გავაღწიე სხვა სივრცეში, ვერ ვიხილე სხვა ცთომილი, რომელსაც სხვა მზე ანათებს~.
  - მართლაც სევდიანი ზღაპარია, - დავეთანხმე მე. გონებაში ყრუდ ჩაკეტილი, კოშმარული ეზო ამოტივტივდა, უშნოდ აჩხორილი აინებით. - უკეთური ცთომილი და უკეთური მზე, რომელსაც ვერსად გაექეცი. რა უნდა იყოს ამაზე უარესი...
  - შეკითხვების კრიალოსანი? - შემახსენა მებაღემ, თან ფურცლებს აშრიალებდა, - ისიც ხომ სულ ტყუილად აიკიდა...
  - მართლაც... უამრავი ,,...რატომ, როგორ, რისთვის...~ დარჩა პასუხგაუცემელი.
მებაღემ პასუხი აღარ გამცა, კარგა ხანს აშრიალა ფერცლები და ბოლოს, იქიდან ქაღალდის პატარა ნაგლეჯი ამოქექა, ტალახი ეცხო გვერდზე.
  - ხომ იცანი? - მკითხა მან.
  - ჰო, ბავშვის წერილი დედასთან...
  - სწორედ. აჰა, ნახე, რას წერს მის შესახებ მეზღაპრე...
ზღაპარი თურმე ჯერ არ დასრულებულიყო, კიდევ რაღაც დარჩა სათქმელი, აი, ისიც:

                                    * * *

  ...წამოვკრიფე სხეული ტალახიდან, სულით ხორცამდე ნაგვემმა და ღონემიხდილმა. გამწარებული ვლანძღავდი საკუთარ თავს; ენას კბილი რატომ ვერ დავაჭირე, ცოტა ხანს გამეძლო როგორმე, უნებლიე წამოძახილით არ შემეშფოთებინა არყოფნის ბილიკი. იქნებ გამეღწია სხვა სივრცეში, მივწვდენოდი სხვა ცთომილს, რომელსაც სხვა მზე ანათებს. სულ ამაოდ ჩამიარა ამდენმა ტანჯვა-წვალებამ და მცდელობამ, და სწორედ ჩემი სულსწრაფობის გამო.
  უცბად შევამჩნიე, რაღაც ქაღალდის ნაგლეჯი ეგდო ტალახში, იქვე, ჩემს გვერდით. ავიღე, გავშალე; ბავშვის წერილი აღმოჩნდა, დედისადმი მიწერილი. თვალში მეცა სიტყვები: ,,...მე ხშირად მილანძღავენ შენს თავს, მაგრამ არაფერი მჯერა, არც დავიჯერებ არასოდეს...~
  პირდაპირ გაოგნებული დავრჩი. აქ საიდან უნდა მოხვედრილიყო ეს წერილი... მე ხომ იგი ხელის ერთი მოქნევით მოვისროლე, ოდნავადაც არ დამნანებია. განა სახსენებელია ეს უბადრუკი ქაღალდის ნაგლეჯი ყოველივე იმასთან შედარებით, რაც მე არყოფნის ბილიკს გავატანე; ბედაური, ტანით ნაძერწი, ბეწვით ბზინვარე. ოქროს გვირგვინი, ძვირფასი სამკაულები, სამეფო სამოსელი და ყარყუმის მანტია, ნისლივით მსუბუქი... ეს ყველაფერი უკვალოდ შთანთქა არყოფნის ბილიკმა, მხოლოდ ბავშვის წერილი დამიბრუნა.

                                  * * *

  - რას იტყვი? ხომ მართლაც ბუმერანგივით იქცევა ბავშვის წერილი, - მეკითხება მებაღე.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. წერილმა აღწერა რაღაც გამოუცნობი, ფართო რკალი. ამის შემდეგ ისევ დაუბრუნდა იმ ადგილს, საიდანაც გატყორცნეს. სწორედ რომ ბუმერანგის წესია.
  - ბუმერანგიც ამიტომ ჰქვია ამ ზღაპარს, - დააზუსტა მებაღემ.
ამაზეც ვეთანხმები:
  - სათაური მართლაც სწორადაა შერჩეული, ვერაფერს იტყვი.
  - უცნაური ამბავი კია... რაღა მაინცდამაინც ეს საცოდავი ქაღალდის ნაგლეჯი დაბრუნდა უკან...
  ამ სიტყვებით მებაღემ წერილი საქაღალდეში მოათავსა, უპირველეს ყოვლისა, მას მიუჩინა ადგილი.
  - მართლაც უცნაური ამბავია: წერილის გარდა ყველაფერი დაიკარგა, მთელი სამეფო შესამოსელი შთანთქა არყოფნის ბილიკმა, მხოლოდ ეს პატარა ქაღალდის ნაკუწი გადარჩა...
  მინდოდა გამეგრძელებინა ამაზე საუბარი, ერთად გვემსჯელა მე და მებაღეს, თუ რანაირად შეიძლებოდა მომხდარიყო ეს სასწაული. ენაზე მადგა უამრავი ,,...რატომ, როგორ, რისთვის...~
  მაგრამ სიტყვაც ვერ დავძარი... რატომღაც.
  ეტყობა, აღარც მებაღეს შერჩა საუბრის იშტა. ალბათ დაღალა ამ ზღაპარმა, სასმელმაც თავისი დაუმატა.
  მებაღე გაფანტული ფურცლების თავმოყრას შეუდგა, თან ოდნავ ქანაობდა. მეც ვეხმარებოდი. ნიღბები დარბაისლურად გადმოგვყურებდნენ კედლიდან. ამჯერად ისინი არაფერში ჩარეულან, კრინტიც არ დაუძრავთ მთელი ამ ხნის მანძილზე.
ალბათ უკეთესი იქნებოდა, მათაც ეთქვათ რაიმე. ეს განსაკუთრებით ჭექა-ქუხილის ღმერთს ეხება... ნეტავი მაცოდინა, დედის მაძიებელი ბავშვის წერილს რანაირად მოუხდებოდა მისი მგრგვინავი ხმა... უფრო შთამბეჭდავნი თუ იქნებოდნენ წერილის საოცარი სიტყვები, ,,... მე ხშირად მილანძღავენ შენს თავს, მაგრამ არაფერი მჯერა, არც დავიჯერებ...~ (და ა. შ.), ამ მეტად ომახიანი ხმის მქონე ღმერთს რომ დაექუხებინა ისინი.
  მე მიძნელდება ამის წარმოდგენა. ჭექა-ქუხილის ღმერთი კი ხმას არ იღებს, ისე როგორც დანარჩენი ნიღბები არა და არა!
  თუმცა ვინ იცის, იქნებ სწორედ სიჩუმით ლაპარაკობენ წერილის საოცარი სიტყვები, უნაპირო სიყვარულისა და თავგანწირვის გამომხატველნი... ჰო, მგონი ნამდვილად ასეა, სწორედ ეს სიჩუმეა ყველაზე უფრო შთამბეჭდავად მეტყველი.
იგი ისეთ სიმაღლეზე სუფევს, ვერანაირი მგრგვინავი ხმა ვეღარ მიწვდება, ამაოა ყოველგვარი ჭექა-ქუხილი.
  ალბათ სწორედ ამიტომ დუმს ჭექა-ქუხილის ღმერთი. კარგად იცის, რომ აქ თავს ვეღარაფრით მოიწონებს.
  არადა, როგორ უყვარს თავზარდამცემი შთაბეჭდილების მოხდენა...
  - მგონი წაგიხდა საქციელი, - ჩუმად, სულ ჩუმად ვეუბნები ჭექა-ქუხილის ღმერთს. მდუმარედ შემომყურებს თვალებში. მართლაც ჰგავდა საქციელწამხდარს, მიუხედავად მეტისმეტად პეწიანი, საოცრად შთამბეჭდავი გარეგნობისა.

                                    * * *

  ,,შემმოსეს მე სამეფო სამოსელით,~ - ისევ ჩამესმა მებაღის ხმა. ქაღალდის შეკვრა თაროზე ამ სიტყვების წაღიღინებით მოათავსა. სწორედ მიმხვდარვარ, ნამდვილად ესალბუნება ეს სიტყვები.
  გოლიათი, ერთი გოლიც რომ ვერ გაიტანა ათი შესაძლებლიდან; ასეთი მსჯავრი გამოუტანა მებაღემ საკუთარ თავს. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე თვლის.
ვინ იცის, იქნებ არც მთლად ასეა. ერთი რამ უდავოა: საოცრად მახვილი თვალი აღმოაჩნდა მებაღეს, შეუმცდარად ამჩნევს, თუ რაიმე ღირებულს და საინტერესოს გადაეყარა... ამაში ხელს ვერ უშლიან ცხოვრების უღიმღამო ფურცლები... ნაცრისფერი ბურუსი, ამგვარი ცხოვრების თანამდევი, ვერ ართმევს ხედვის ნიჭს. თუნდაც დედა-შვილის ამბავი რად ღირს. დიდი ადგილი დაუთმო მას თავის ნაამბობში მებაღემ, და მართებულადაც მოიქცა. მის თვალს არ გამოპარვია, თუ რამდენად შთამბეჭდავ, ღირებულ შემთხვევას გადაეყარა მათი სახით.
  ჰო, ამაზე ნამდვილად ღირს დაფიქრება. აი, ამ წუთში, როცა ჩემს თავში ნამდვილი ქაოსია; ერთმანეთში ირევა მებაღის ნაამბობი და ზღაპრის სიჭრელე, სწორედ ზემოთხსენებული შემთხვევა იკვეთება ყველაზე მეტი სიცხადით.
  მებაღე აღარ მოსცილდა თაროს, რაღაცრაღაცეების მილაგებას მიჰყო ხელი, თან თავისთვის ღიღინებდა. მე ისევ ჩემს ფიქრებს გავყევი.
  დედა-შვილი, ერთდროს ერთარსნი, მერე კი ერთმანეთისგან უსასრულო მანძილით დაშორებულნი (მებაღემ შეძლო ამ მანძილის დანახვა). დედა, შეიძლება ითქვას, მხოლოდ და მხოლოდ სხეულია, ხორცისა და ძვლების კუნძია. შვილი კი, სულია, თითქმის სრულიად თავისუფალი სხეულებრივი საწყისისგან; სხეული ვერ იტვირთავს ასეთ უნაპირო, თავგანწირულ სიყვარულს... მებაღის სიტყვით, დედა-შვილი არაერთხელ შეხვედრია ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთი ვერ უცვნიათ. შეიძლება წარმოიდგინო, რა სანახაობა იქნებოდა; დედა მაგიდას მისჯდომია, სიხარბით ანთებულ თვალებს საჭმელს ვერ აშორებს. ჭამს, რასაც კი მისწვდება, სხვა არაფერი ანაღვლებს. შვილი კი, იქვე, მის გვერდით მჯდომი, საჭმელს ზედაც არ უყურებს, დაფიქრებული ზის, ხანდახან თუ მიმოიხედავს, ეძებს მშობელ დედას, მისთვის სანატრელს, მის ოცნებებში ქალღმერთს რომ ედრება. თეთრხალათიანი მეთვალყურე შეახსენებს და მხოლოდ ამის მერე იწყებს ჭამას, თანაც ისე ჭამს, თითქოს ვერ კი გრძნობდეს საჭმლის გემოს. მისი ფიქრები ისევ სანატრელ დედასთანაა, რომელიც იქვე, მის გვერდით ზის, და მაინც... უცხონი არიან ერთმანეთისთვის, სრულიად უცხონი. ყოველ შემთხვევაში, ამ ცთომილზე ასეა, ანუ უკეთურ ცთომილზე, რომელსაც უკეთური მზე ანათებს, ზღაპრის ენით რომ ვთქვათ.
მაგრამ სხვაგან, სხვა ცთომილზე, რომელსაც სხვა მზე ანათებს, იქნება იცნონ ერთმანეთი, იმავე ზღაპრის ენას თუ გავყვებით.


                                    * * *

  უცბად მომესმა მებაღის ხმა, უნაპირო სიხარულით სავსე:
  - უპოვნიათ! ერთმანეთი უპოვნიათ!
  გამიკვირდა. დედა-შვილმა იპოვა ერთმანეთი? ამ წუთში ხომ სწორედ მათზე ვფიქრობდი...
არა.
  თურმე მებაღემ ეხლაღა შეამჩნია, მქისე კამათლის ორივე ნატეხი ერთად რომ იყო.
მე ხომ მის უჩუმრად შევაერთე ისინი.
  - საოცარია, რატომ ვერ ვნახე აქამდე! - ამბობდა მებაღე, ორივე ხელით მოწიწებით ეპყრა მქისე კამათლის ნატეხები და გაბრწყინებული თვალებით დაჰყურებდა. თეთრი თმა ნისლივით წამოშლოდა თავზე. თამაშით გახარებულ ბავშვს გავდა, თუ ანგელოზს, ან ორივეს ერთად.
  ნანატრი გოლი რომ გაეტანა იმ ათიდან, ასე თუ გაიხარებდა ნეტავი?
მე თვითონვე რომ, ბოლოს და ბოლოს, გამეგორებინა მქისე კამათელი და მთელი ქვეყნის ოქრო მომეგო, ჩემი სიხარული თუ იქნებოდა ასე ძლიერი...
ახლა ნამდვილად ბარი-ბარში ვართ, კიდევ ერთხელ გავახარე მებაღე. ვერავინ დამწამებს, რაიმეში ვიყენებდე ამ პატიოსან კაცს. შემიძლია მშვიდობით დარჩენა ვუსურვო, სუფთა გულით.

                                  * * *
 
  მოულოდნელად ოქროსმაძიებელი გამახსენდა და ამან ჩემზე ისე იმოქმედა, რომ ადგილზე შევხტი.
  ალბათ ისევ მესტუმრება, ისე როგორ გაძლებს, გული თუ არ მოიოხა.
ვუთხრა თუ არა, ეს ყველაფერი, რაც ამ ხნის მანძილზე ვნახე და მოვისმინე? დავაკვალიანო თუ არა ახლა უკვე სევდის სახლის მისამართით?
ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ არ ღირდა...
  ჯერ ერთი, რომ ეს ამბავი მისთვის არაფრით არ იქნებოდა სასარგებლო რაიმეთი. ნაღდად ვერაფერს გამორჩებოდა მთელ ამ მიეთ-მოეთს. ამას გარდა, შეიძლებოდა გზაც გაემრუდებინა მისთვის, წინასწარ მონიშნული გზისგან აეცდინა.
  - იარე შენი გზით, ოქროს მესაიდუმლევ, - გულში ასე ვიმართე მას. - შენთვის ასე აჯობებს. იქნებ რაიმე ისეთს გადააწყდე, ერთი დღის სავალზე ჩამოგვიტოვო მე და ჩემი ახლადგაცნობილი მებაღე.


                                  * * *

  - ისევ შევხვდებით, - ვეუბნები მებაღეს. ვფიქრობ, არაფერი უნდა ჰქონდეს ამის საწინააღმდეგო, სადღა იპოვის ჩემისთანა ბეჯით მსმენელს. მებაღეს არც კი გაუგია ჩემი გამოსამშვიდობელი სიტყვა, ისევ მქისე კამათლებით იყო გართული, საგანგებოდ ეძებდა თაროზე მათთვის ადგილს, რათა აღარასოდეს დასცილებოდნენ ერთმანეთს. ჩანს, ძალიან მოსწონს კოლექციონერობა, ესეც ხომ თავისებური აზარტია...
  საფიქრალი მეც მქონდა; მეტისმეტად ბევრი რებუსი დამიგროვდა, ვეცდები ზოგიერთ მათგანზე მაინც ვიპოვო პასუხი. რაც მთავარია, რაღაც ახალი ბილიკი ნამდვილად გავკვალე, სიზმარეული წალკოტისკენ მიმავალი, ალბათ ძველებურად აღარ გამიძნელდება მისი ხელახლა მონახულება.
  მაშინ რა ვიცოდი, თურმე სულ ტყუილად მქონდა ამის იმედი. ძალიან კი მოვინდომე, ცდა ნამდვილად არ დამიკლია; საგულდაგულოდ მოვჩხრიკე მთელი ეზო. მებაღეც მეხმარებოდა, ერთად მოვიარეთ გალავანი, სევდის სახლს რომ ირგვლივ ერტყა. მე ვუმტკიცებდი, ქვის მორღვეულ ყორეზე გადმოვფორთხდი-მეთქი. მებაღე ეჭვით აქნევდა თავს, გალავანი მხოლოდ ერთ ადგილას იყო ოდნავ დაზიანებული და ისიც სულ ახლახანს შეაკეთესო. ამას გარდა, ის დაზიანებული ადგილი პირდაპირ ქუჩას ესაზღვრება და არა რომელიმე ბაღსო. ასე, რომ ჩემთვის ძველებურად გაუგებარი დარჩა, თუ სად და როგორ ვიარე იმ დღეს, როცა ჩალუსკუმებული ჭიშკარი შევაღე შემთხვევით, რომელ ადგილას გადმოვლახე მორღვეული ქვის ყორე, თითქოს განგებ, კვამლის სქელი ფარდა რომ ბურავდა სწორედ იმ დროს.
  ერთი სიტყვით, ვეღარ ვპოვე წალკოტი, ვერც აყვავებული, ვერც დაქცეული, ასავალ-დასავალიც ვერ გავიგე იმდღევანდელი ჩემი მოგზაურობისა, მაგრამ ამაზე დიდად არ მიმტვრევია თავი, ჩხრეკა-ძიებასაც მალე შევეშვი. რატომ თუ იცით? იმიტომ რომ ერთი რამ ძალიან კარგად დავიმახსოვრე; რაიმე შემთხვევამ უნდა მიმიყვანოს იმ სიზმარეულ წალკოტთან, თუ ისევ მიწერია მისი ნახვა (სიზმარეულს, იმიტომ ვამბობ, რომ ხანდახან მგონია, თითქოს სიზმარში ვნახე ზღაპრულად მშვენიერი წალკოტი). ეს გამოუკლებლად ყველას ეხება, ვინც მისკენ გზის გაკვლევას მოინდომებს. ჰო, ასეა ნამდვილად, რაიმე შემთხვევამ უნდა მიგაგდოს იმ ჩალუსკუმებულ ჭიშკართან, მის შესახებ  რაიმე ცნობების მოკრეფას არავითარი აზრი არ აქვს. წინასწარ მითითებული მისამართით იმ წალკოტში ვერ მოხვდებით, ეს სრულიად გამორიცხულია.
  აქ შეიძლება ვინმემ შემახსენოს, თუ როგორ დავაკვალიანე ოქროსმაძიებელი, და იმანაც შეძლო წალკოტში მოხვედრა. მართალი ბრძანებაა, ოქროსმაძიებელი ნამდვილად მე დავაკვალიანე, და მის წინაშე გაიღო წალკოტის ჭიშკარი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ, ერთადერთხელ მოხდა, მეტად აღარ განმეორებულა. ამდენად, ისიც შემთხვევითობას შეიძლება მივაწეროთ...  ანუ, ეს ისეთი გამონაკლისია, საერთო წესს რომ ადასტურებს.   





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები