ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2016


&&&&&&&&&&&&

არავინ იკლავს თავს ამის გამო, -
რამდენჯერ მოგისმენია ეს სიტყვები და
ასეთ დროს წარმოიდგენ,
რომ ერთხელაც, როცა ეს მოხდება,
როგორ გადააქნევენ იგივენი თავს და იტყვიან,
რომ უჭირთ ამის დაჯერება,
რომ  "გუშინ გნახეს, იცინოდი."
მაგრამ შენ აქ ხარ, არსად წასულხარ და მათ,
მუდამ კეთილისმსურველებმა,
მათ ვინც "მუდამ მზად არიან, მოგისმინონ“,
არ იციან, რა ხშირად ნატრობ,
არასოდეს დაბადებულიყავი.
რა ხშირად ეკითხები თავს,
რომელი ჯობია: ერთხელ წასვლა თუ
მუდამ წასვლის სურვილი და ვერგაბედვა.
სისულელეა, ამ დაწყევლილ დედამიწაზე
გჯეროდეს, რომ ოდესმე მართლა გაგიგებს ვინმე,
რომ ოდესმე ვინმე შენი სულის დანახვას ეცდება,
აქ, სადაც სინამდვილეში
მხოლოდ სხეულებს ვხედავთ და ვგრძნობთ.
ნეტავ შემეძლოს, მეც შემეძლოს ზოგიერთივით,
სულს ვერ ვგრძნობდე
და მხოლოდ სხეულს ვუხდიდე ხარკს,
მხოლოდ სხეულს ვაბედნიერებდე.
როგორ? სხეულს ბედნიერების შეგრძნება
არ შეუძლიაო? სისულელეა, სულ პირიქით,
ხელს გვიშლის სული.
სისულელეა, ერთგულების გჯეროდეს აქ,
სადაც მხოლოდ მიტოვებაა მარადიული.
სისულელეა, წერდე რამეს, სიმართლის გარდა
და გეშინოდეს გულის გადაშლის;
დამიჯერე, მაინც არავის აინტერესებ,
თუ გინდა გარეთ გამოდი და იყვირე...
რა დაგრჩენია, აღიარე, რომ გააკეთე
ყველაფერი, რაზეც ამბობდი "არასოდეს",
აღიარე, რომ მხოლოდ ერთი აგური ხარ
ცოდვის სასახლის,
რომ უღალატე ყველა წმინდას
რაც კი გაგაჩნდა...
ჰო აღიარე და ჩარაზე
ყველა სარკმელი,
შემოარტყი გალავანი სულს და მერე კი
გადახტომა აღარ გჭირდება,
მაინც არ ჩანხარ,
როგორც ყველა,
ისე მარტო ხარ.

***
არავინ არავის აუბედურებს,
ყველა თითონ იუბედურებს თავს -
ამბობს ვიღაც და ხვდები,
მოგვეთხოვება, ბრძენებად დავიბადოთ,
თავიდანვე მზადმყოფნი დავიბადოთ
მავანთა სისასტიკის, მავანთა გულგრილობის,
და ღალატის თავიდან ასარიდებლად.
მზად იყავით, მომავალო მსხვერპლნო,
ყველა თქვენი ტკივილი თქვენვე დაგბრალდებათ,
და ყველა თქვენი სიტყვა, ყველა გრძნობა და ემოცია,
გამოყენებულ იქნება თქვენსავე წინააღმდეგ;
ამიტომ დუმილით, მხოლოდ დუმილით
შეგიძლიათ თავი დაიცვათ
უფრო მეტი ტკივილისაგან.
ყველანი ფეხზე წამოდექით,
(არა, სასამართლო არსად არ გადის),
წამოდექით და მოისმინეთ
დასაბამიდან გამოტანილი განაჩენი,
რომელიც საბოლოოა და
ცრემლებს არ ექვემდებარება.








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები