ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
8 ივლისი, 2016


ეკრანს მიღმა (დასაწყისი)

                                                                „მეჩეთში რომ ვართ, კვლავ ლოთები
                                                                განა არა ვართ,
                                                                განა ალაჰის იმედების
                                                                ანაბარა ვართ?
                                                                ერთ დროს აქ მოლას სალოცავი
                                                                ნოხი მოვპარეთ,
                                                                ისევ მოვედით ახალ ნოხის
                                                                მოსაპარავად.“
                                                                                          ომარ  ხაიამი
                                   

                                                         

    „ნაძირალა ყოველთვის ძალიან სანდომიანია“, ეს სიტყვები ხანშიშესული ოპერატორისგან მაქვს გაგონილი. აუცილებლად ასე იტყოდა, თუ ნაძირალას გადაღება უწევდა, თავის კინოაპარატსაც დიდი სიამოვნებით  უმიზნებდა აბრანძულ - დაბრანძულ სამოსელში გახვეულ მსახიობს. მოგვიანებით, გადაღებული მასალის გარჩევისას, თუ ნაძირალა გაიჭაჭანებდა კადრებში, მაშინვე დააყოლებდა: „ყველაზე ნაღდი ნაძირალაა.“
    მე თვითონ ჯგუფურ გადაღებებში ვიღებდი მონაწილეობას. მაშინ სრულიად ახალგაზრდა გახლდით, ოცნებებით ცაში ვარსკვლავებს ვეთამაშებოდი, დიდ რეჟისორობაზე ვოცნებობდი. უნდა ვაღიარო, ჯგუფურმა გადაღებებმა ძალიან მალე მომაბეზრა თავი. ვფიქრობდი, რომ ამ საქმისთვის დრო არ უნდა დამეკარგა, ჩემი  ნიჭის და გაქანების პატრონს სულ სხვა ასპარეზი სჭირდებოდა; თვითონვე უნდა შემედგინა მიზანსცენები, რეჟისორიც მე უნდა ვყოფილიყავი, კინოოპერატორიც, და რაღა თქმა უნდა, ფილმის მთავარი გმირიც. მისაბაძ მაგალითად დიდი რეჟისორები მყავდა, მთავარ როლს რომ ასრულებდნენ საკუთარ ფილმებში.
მხოლოდ ამ გზით თუ გაღვივდებოდა ჩემში ჩაბუდებული ნიჭი . . . ასე რომ, გვერდი სულ მალე ავუქციე გადასაღებ მოედნებს, დავდიოდი ჩემთვის აღმა-დაღმა, ვის ან რას აღარ ვიღებდი ჩემი საკუთარი კინოაპარატით, დაბადების დღეზე რომ მაჩუქეს. რაღაც პატარა, აბდაუბდა სცენებიც ავაწყვე, ჩემი ჭკუით, მეტად შთამბეჭდავი, ანუ თვალში მოსახვედრი. რაღა თქმა უნდა, მოვლენათა შუაგულში მუდამ მე ვიყავი.
    ახლა მეცინება, როცა მახსენდება, თუ რა ფანტაზიები მქონდა. უნდა გადამეღო ულამაზესი ქალები სულ ნაირგვარ რაკურსებში, ჭკუამიღმური კინო - ტრიუკები, მილიონები რომ ჯდება, თავზარდამცემი სიუჟეტები . . . მხოლოდ ასეთი რამეებით თუ გააოგნებ მაყურებელს.
    გავიდა დრო, კინოგადაღებებიც გვერდზე დარჩა, კინოაპარატიც და დიდ რეჟისორობაზე ოცნებაც. წყალი რომ ქვიშას გადარეცხავს, ისე წაიღო დრომ ყველაფერი; ბევრი რამ დამავიწყდა, ბევრი რამ მახსოვს. ყველაზე მკაფიოდ ხანშიშესული კინოოპერატორის სიტყვები შემორჩა ჩემს მეხსიერებას, ნაძირალა ყოველთვის ნაღდიაო, ხშიარდ რომ იმეორებდა. მაშინ ამ სიტყვებს ჩემთვის განსაკუთრებული წონა არ ჰქონია. დრომ ყველაფერი სხვანაირად წარმოაჩინა; ამას მოგვიანებით დავუკვირდი და ერთ მშვენიერ დღეს ვკითხე ჩემს თავს, რას ხედავდა ის ოპერატორი ასეთ მიმზიდველს ნაძირალას გარეგნობაში, ყველაზე მაღალ შეფასებას რომ არ იშურებდა მისთვის. ვითომ რა სცხია ასეთი? რა საშუალებით აღწევს იმ მიუწვდომელ სიმაღლეს, რასაც ნაღდი ჰქვია?
   
    თურმე სულ ადვილად: საკმარისია ვინმე სრულიად  ჩვეულებრივ ადამიანს, არაფრით გამორჩეულს,  გადააცვა რაიმე იაფფასიანი, აბრანძულ დაბრანძული სამოსელი, ცოტათი თმა გაუჩეჩო, ცხვირ- პირი ზომიერად მოუთხუპნო, ანდა რაიმე მინიშნება გააკეთო, რომ საგანგებოდ დაბანილ - გაპრიალებული არავის ეგონოს და უბრალოდ გადაიღო, მეტი არაფერია საჭირო. ის ნაღდია, ნამდვილად ნაღდი. და საერთოდ, ნაძირალას არც როლის შესრულება სჭირდება. იგი როლს მიღმა დგას. თამაში და რეალობა ერთი და იგივეა მისთვის. მსახიობის ნიჭი, რეჟისორის ხელოვნება, საგანგებოდ შერჩეული მიზანსცენა, მძაფრი სიუჟეტი, სრულიად ზედმეტია ეს ყველაფერი. უბრალოდ გადაიღე, ნებისმიერ რაკურსს მოერგება და ყოველთვის ნაღდი დარჩება, როგორც არ უნდა შეცვალო მიზანსცენა.
      ამ დროს კი მოგეხსენებათ, რა სადავიდარაბო რამეა კინოფილმის გადაღება, თუნდაც სულ მცირე ეფექტის ეკრანული გმირის სახის შექმნა . . . რამდენი ჭაპანწყვეტა სჭირდებათ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მთელ ურდოს: რეჟისორს, ოპერატორს, გამნათებელს, გრიმიორს, მხატვარს, პარიკმახერს და რა ვიცი კიდევ ვის,  რაღაც ფილმის მსგავსი რომ შეაკოწიწონ. რეჟისორს რუპორი აქვს მომარჯვებული და მთელი ხმით ჩაჰყვირის: „განლაგება არ მომწონს, შეცვალეთ, აქ ეს აკლია, იქ ის ზედმეტია, ეს წაიღეთ, ის მოიტანეთ“. . .  არის ერთი გნიასი, გაუთავებელი მიეთ - მოეთი, სანამ ბოლოს და ბოლოს ოპერატორი თავის აპარატს ჩართავდეს. მსახიობი თავის მხრივ ტყავიდან ძვრება, აჩვენოს, რომ ნამდვილად ისაა, ვისაც განასახიერებს და რა იშვიათად გაებმება ბადეში ის მოუხელთებელი ფრინველი, რასაც ეკრანული სიცოცხლე ჰქვია. მეტად ძნელია ჭეშმარიტების ნიშან - წყალი მოსცხო მთავარი როლის შემსრულებელს, შექმნა მისგან ხალხის საყვარელი გმირის სახე, რაც ყველა კინორეჟისორის ოცნებაა.
    ცოტა მოგვიანებით დავფიქრდი ამაზე, მაგრამ . . . ხომ დავფიქრდი, ესეც საქმეა. ასეთი დასკვნა გავაკეთე საკუთარ თავთან ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ (მიყვარს ჭკვიან ხალხთან ლაპარაკი): კინოეკრანი მეტისმეტად მგრძნობიარე გახლავთ, უმცირეს დეტალებსაც აღიქვამს და ამჟღავნებს, თანაც მეტად გაზვიადებულად. უნიჭოდ შესრულებული როლი, არასწორად შერჩეული რაკურსი და ნებისმიერი გადაცდომა მეტად უსიამოდ გეჩხირება თვალში, მეტიც, ყოველივე ეს ისტერიული ხმით ყვირის ეკრანიდან.
    ნაძირალას შემთხვევაში კი საქმე ასეა: აბრანძულ - დაბრანძული სამოსი არ შეიძლება რაიმეთი გააზვიადოს ეკრანმა, რატომ? იმიტომ რომ ნაძირალას თავისი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი უბრალოება გააჩნია,უბრალოებას ვერაფერს მიუმატებ და ვერც გამოაკლებ. აღმატებულ ხარისხშიც ვერ აიყვან და ვერც დაამცირებ, რაც არ უნდა მოინდომო. საკუთარი ძონძები ჯავშანივით იცავს ყოველგვარი ზედმეტისაგან. ვთქვათ,  ნაძირალას კოსტიუმს მარჯვენა სახელო აქვს გამოგლეჯილი, რეჟისორს  აზრად მოუვიდა, მარცხენა იყოს გამოგლეჯილი, მარჯვენა - მთელი, ანდა, დალაქავებული აქვს ერთი კალთა და ის მეორეზე გადაანაცვლოს, რა შეიცვლება ამით? სრულიად არაფერი.
    ამ საკითხის შესახებ ვილაპარაკე კანტიკუნტასთან (მოგვიანებით გაგაცნობთ). მისმინა, მისმინა და მითხრა, ამდენი აბდაუბდა რა საჭიროაო. ნაძირალა იმიტომაა ნაღდი, რომ თავის ნამდვილ ბუნებას ამჟღავნებს, თავის თავს თამაშობსო.
      -იმ მსახიობებზე რას იტყვი, მეფეების როლს რომ თამაშობენ? . . .
      - თუნდაც შუაზე რომ გაიფხრიწონ, ნაძირალასთან ახლოსაც ვერ მივლენ, ვერც გაეკარებიან.
    სხვა დროსაც არაერთხელ მივუბრუნდი ამ საკითხს. კანტიკუნტა მუდამ თავისაზე იდგა, რამდენიც არ უნდა მელაპარაკა ადამიანის მაღალი ბუნების შესახებ, ხანდახან ძვირფასი თვალივით რომ გამობრწყინდება ხოლმე.
    - ყველა და ყოველივე ყალბია, ნაძირალას გარდა, - მოკლედ მოსჭრიდა ხოლმე, - ადამიანი ნაძირალად არის დაბადებული და მხოლოდ მაშინ იქნება მეტ- ნაკლებად ასატანი, თუ ამის მიჩქმალვას არ შეეცდება, ეკრანი სწორედ ამ ჭეშმარიტებას ამჟღავნებს,  სწორედ ამიტომ ჩანს ნაძირალა ასეთი ნაღდი და სანდომიანი.
    კანტიკუნტასთან დავას არ ვაპირებ, ნამდვილი ჭკუისკოლოფია, მეტისმეტად ბევრი წიგნი წაუკითხავს; მე ერთი აზრი მიტრიალებს თავში და აქედანვე ვიტყვი: ძალიან მომწონს და მანუგეშებს ეს აზრი. უწინარეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, სრულად ვეთანხმები ხანშიშესულ კინოოპერატორს, ნაძირალა რომ ნამდვილად სანდომიანია კინოეკრანზე, - მოგვიანებით ეს მეც შევამჩნიე.
    მაგრამ აი,  რეალობაში როგორღაა საქმე? აქაც ხომ არსებობს როლი და მაყურებელი, ანუ, ჩვენ, ადამიანები და ღმერთი. აკი ასე ჩაგვჩიჩინებენ ბავშვობიდან, ღმერთისთვის დაფარული არაფერიაო, მუდამ თავზე დაგვყურებსო. ალბათ მართლა ასეა, ისეთი ჭკვიანები ამბობენ ამას. და მე, ძველი ნაძირალა, ნამდვილი ბოგანო, ვსვამ კითხვას: როგორი ვჩანვარ ღმერთის თვალში?  ვარ თუ არა სანდომიანი და ნაღდი. ღმერთი ხომ მაღლიდან დაჰყურებს ჩვენს მიეთ - მოეთს, როგორც მრავალსერიიან კინოფილმს.
    ამაზე ბევრი ვიფიქრე, თქმით კი ვერავის ვერაფერი ვუთხარი, თვით კანტიკუნტასაც კი.  როგორღაც ვერ გავბედე, ასე მეჩვენება, თითქოს ღმერთს რაღაცით ნიშანს ვუგებდე; ეს ხომ შენ, ყოვლისშემძლე ღმერთმა, ჩამაგდე ამ დღეში. (ღმერთის ნების გარეშე ხომ არაფერი ხდება) ჰოდა, ინებე, დატკბი ჩემი ყურებით.
    ერთ მიზანსცენას შემოგთავაზებთ (ხომ უნდა მეტყობოდეს, კინორეჟისორი რომ ვიყავი ერთ დროს): გაჩირაღდნებული ქალაქი, ხალხმრავალი ქუჩა, გაბრწყინებული ვიტრინები . . . სადაც მეტად ძვირფასი რაღაცეებია გამოფენილი. ვიტრინებთან გადაპრანჭული ადამიანები მიდი მოდიან, ქუჩებში ძვირფასი მანქანები დაგრიალებენ . . . „ნაძირალა“ მანქანას, ანუ მოცვეთილ მანქანას ვერსად დაინახავ, აქ ასეთ ჯაბახანას არ ატარებენ. რაც შემეხება მე, დიდი უპირატესობა გამაჩნია მანქანასთან შედარებით. არავინ მიშლის აქ სიარულს, (და ვერც დამიშლის, კიდეც რომ მოინდომოს); არსად, არცერთ ქალაქში, არცერთ ქუჩაზე არ მინახავს წარწერა, „ნაძირალები არ დაიშვებიან“... ჰოდა მეც ვსარგებლობ ღვთისა და ადამიანისაგან მონიჭებული უფლებით. მიმოვსეირნობ ბრწყინვალე ვიტრინების წინ და მიხარია (მართლა გეუბნებით), როდესაც შემხვედრნი თვალს ამარიდებენ აბუჩად ამგდები იერით. თავს სულ ადვილად ვინუგეშებ: მე ხომ ვიცი, რა სანდომიანი ვჩანვარ ღმერთის თვალში თქვენგან განსხვავებით, გადაპრანჭულებო. ახლაც, ამ წუთში,  ღმერთი მაღლიდან დამყურებს და სიამოვნების ღიმილს ვერ იკავებს. თითქოს საკუთარი თვალით ვხედავდე, ისე ვარ ამაში დარწმუნებული. ვითომ რა არის აქ დაუჯერებელი?  ღმერთი მე თვალს არ ამარიდებს, რითაც თქვენ ნამდვილად ვერ დაიტრაბახებთ; ისევ თქვენ გეუბნებით, გადაპრანჭულებო, მისი თვალთახედვა უმეტესწილად ჩემზე იქნება მომართული.
                                            *  *  *

    ახლა კი მიზანსცენა უნდა შევცვალო: ზაფხულის მიწურულია, მზე საშუადღეოზე დგას, ცხელა . . . მწვანედ გაბარდულ დამრეც ფერდობს ვაფარებ თავს. ერთ მხარეს მაღალი მთა  შლის მხრებს, მეორე მხარეს ქალაქი გართხმულა, დიდი, ჭრელი, ხმაურიანი ქალაქი, ძველიც და ახალიც ერთსა და იმავე დროს.
    მომწონს ეს ადგილი, ლამაზია და საამო, თავს მყუდროდ ვგრძნობ ბუნების წიაღს მინდობილი, ვსაზრდოობ მისი ყველა სიკეთით და გულუხვობით.
    ქალაქიც აქვეა, ხელის ერთ გაწვდენაზე.
    ყოველივე ამას აგვისტოს მზე დაჰყურებს, მორბილებულ მხურვალებას აფრქვევს.  საამური დროა, სითბო ყველაფერშია გამჯდარი, მიწა იქნება, მცენარე, წყალი თუ ქვა. დღისით ხომ კარგად დაისვენებ, შეგიძლია ღამეც გაათიო ღია ცის ქვეშ. საკუთარ ტყავზე გამოვცადე, რას ნიშნავს ყოველივე ეს. ზაფხულის მიწურული პირდაპირ სამოთხეა ჩემისთანა ბოგანო ადამიანისათვის. გაზაფხული და შემოდგომა მაინცდამაინც მოხერხებული არაა. რაც შეეხება ზამთარს, ამაზე ლაპარაკიც არ მინდა; ეჰ, ზამთარი ნამდვილი ჯოჯოხეთია.
    კიდევ კარგი, ზამთარი ჯერ შორსაა, აგვისტოს მზეს მწვანე ბუჩქები ნეტარებით ეფიცხებიან. აქა - იქ  ოქროსფერიც გამორევიათ..  შემოდგომის მოახლოების ნიშანი. ბუჩქებს იქით, ცოტა მომაღლოდ ნაძვის კორომი მოჩანს მუქ მწვანედ, ჩანჩქერს მაგონებს მათი დაშვებული რტოები. ღვთივკურთხეული სურათია ეს ყოველივე ერთად აღებული. კინოკადრსაც მშვენივრად მოერგებოდა ( ყველაფერს კინოკადრს მიღმა აღვიქვამ, ჩვევად მექცა), რა პეწს და ლაზათს შეიძენდა, რა ფერებით შეიმოსებოდა. . .  კარგი კინოოპერატორია საჭირო, ნაღდი კადრები რომ გამოსდის ხელიდან.
    ჰო, ირგვლივ ყოველივე დიდებულია, მშვენიერი, მაგრამ ჩემი საქმე როგორღაა? მე თვითონ როგორ ვეწერები ამ ღვთისკურთხეულ სურათში, როგორ გამოვიყურები ამ ცინცხალი ფერების ფონზე. აქაც თუ ვარ ნაღდი და სანდომიანი, როგორც ქალაქის ქუჩებში ხეტიალისას ვიყავი, უნიჭო კინოკადრს ხომ არ ვგავარ, რომელსაც ყველა უსიამოვნოდ არიდებს მზერას . . .
    როგორც საკუთარ თავს ვატყობ, ამ კითხვაზე პასუხს ასე ადვილად  ვერ ვიპოვნი. ბუნების ფერადოვანი წიაღი სულაც არ მეხმარება, პირიქით, კიდევ უფრო უარესად მიბნევს თავგზას. ისევ ქალაქის ქუჩებს ვუხმობ საშველად. ოჰ, ქალაქის ქუჩები, იქ თავს ყოველთვის შინაურულად ვგრძნობდი, ყოველთვის ბუნებრივად ვეწერებოდი ყოველგვარ გარემოში, რაც არ უნდა გალაქულ - გაპრიალებული ყოფილიყო. ჭრელა - ჭრულა სამოსელი, გაბღენძილ - გაზულუქებული იერი, ქონმორეული ლაპლაპა სიფათები, ღიპები და ჯიპები . . . ეს ყოველივე ხელს როდი მიშლიდა, პირიქით, მეხმარებოდა, მუდამ ნაღდი ვყოფილიყავი.
    აქ კი, ბუნების წიაღში რაღაც სხვაა,  რომელსაც ჩემი განსჯა ვეღარ სწვდება. აქ მე უცხო ვარ, კოსმოსიდან ჩამოვარდნილივით. ვერც კი გავბედავდი,  მეკითხა ღმერთისთვის, სასწაული რომ მომხდარიყო და ხმა მიმეწვდინა მისთვის, ნაღდი თუ ვჩანვარ მის თვალში. მეტად უადგილოდ, უხერხულად მეჩვენება ასეთი შეკითხვა, მითუმეტეს, არც მცხელა სამაგისოდ;
    საქმე იმაშია, რომ მწყურია, თანაც ძალიან . . . მეტი რომ აღარ შეიძლება, ისე ძალიან მწყურია. ეს იმ დროს, როცა წყალი სულ ახლოსაა, ფერდობს მიღმა, დაღმართზე, წყალსადენის მილი გადის. მილი დაზიანებულია და წყაროსავით მოჩქეფს ცივცივი წყალი. მეტად საამოა მისი დალევა აგვისტოს ამ ცხელ დღეს, მაგრამ ჩემს წყურვილს ეს ვერ უშველის, ვერავითარ შემთხვევაში, ვერანაირად ვერ უშველის . . .  ყელზე შარფი მაქვს მოხვეული, თხელი, გაქექილი შარფი (გამგები გაიგებს, თუ რატომ) და წყურვილისაგან ვიხრჩობი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები