. . .
არა და არ გამიმართლა ამ დილით. უკვე მოვასწარი აქაურობის მოჩხრეკა, სანამ მზე შეიმაღლებდა. ვერსად ვერაფერს გადავაწყდი, ბოთლები ისე დაეცარიელებინათ იმ ოხერ მოპიკნიკეებს, (თუ შეყვარებულებს, რა ჩემი საქმეა), წვეთიც არ იყო ჩარჩენილი რომელიმე მათგანში. ახლო მახლო დუქნებსაც ჩამოვუარე, რესტორანსაც ვესტუმრე, ვარდებში ჩაფლულს, ხეირი ვერსად ვნახე. მახსოვს, რა კარგად გამიმართლა ერთხელ, (სწორედ აქ, ვარდებიან რესტორანში) რამდენჯერმე ავუარ - ჩავუარე ღია კარებს, თავი მიხურდა, ენა მიშრებოდა, მთელ სხეულში მაკანკალებდა. ვცდილობდი მომესაზრებინა, რა მეღონა და როგორ, რომელი ხერხისთვის მიმემართა, რა საშუალებით მომეგდო ხელში რაიმე სასმელისნაირი . . . უცბად ვხედავ ვიღაცა ქალმა, გაშლილ სუფრასთან მჯდომმა, ღვინის გაუხსნელი ბოთლი (შორიდანვე კარგად შევამჩნიე) აიღო და მაგიდის ქვეშ შეაგდო. მაშინვე მივხვდი, რაში იყო საქმე; ქმარი ეჯდა წინ, სასმელისაგან გამოთაყვანებული, იმას დაუმალა. დავაღირე თავი, შევაბიჯე ღია კარებში მეტად საქმიანი იერით. პირდაპირ იმ სუფრას მივადექი, იქ ვითომ წავიბორძიკე, დავიხარე, ავიღე ბოთლი, ჩავიცურე უბეში, ერთი ნახევარწრეც დავარტყი და უკვე გარეთ ვიყავი. დიდზე დიდი მადლი მოვახსენე უფალს ამისთანა სასწაულისთვის. ჩემი აზრით ეს მართლა სასწაული იყო, რომელიც უბრალოდ უნდა დაიჯერო, ბევრი აღარ უნდა იფიქრო, თან მარჯვედ უნდა იყო, ხელიდან რომ არ გაგისხლტეს. ჩემდა სამწუხაროდ, დღეს აღარ მომხდარა რაიმე მსგავსი სასწაული, თუმცა იმედს მაინც არ ვკარგავ. ჯერ კიდევ არის დრო. იმედიც რომ დავკარგო, რაღა დამრჩება. არ გამიმართლა დილით, საღამოს ვეცდები, სღამოს შანსებიც მეტია. გამირბიან, თვალითაც არ მენახვებიან; ჩემს ძმაკაც ნაძირალებზე გეუბნებით. რატომ? იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, არაფერი ხეირი არ ექნებათ ჩემგან. სიფათზე მაწერია, რა დღეშიც ვარ. ისინიც ახლა სადმე ახლო მახლო დაწოწიალობენ, მაგრამ თავს არ ამჟღავნებენ. მოვა დრო, მათაც გაიცნობს ამ უსტარის წამკითხველი, თუ მოთმინება ეყოფა მის ბოლომდე წასაკითხად. სიმართლე რომ ვთქვათ, არც მე გამოვენთებოდი რომელიმე მათგანს, ისეთი მოჟამული იერი რომ ჰქონდეს, როგორიც მე მაქვს ამ წუთას. სარკეში ჩახედვა სულაც არ მჭირდება, ისედაც მშვენივრად ვხედავ საკუთარ თავს. ესეც ერთ ერთი დიდი უპირატესობაა, რაც ნაძირალებს გაგვაჩნია გადაპრანჭულებთან შედარებით. ჩვენ მუდამ სარკის მიღმა ვიყურებით, იქ, სადაც ჭეშმარიტება სუფევს. ძალიან ვნატრობ მეეზოვის ნახვას. ცხადია, მიზეზიც მაქვს. ხანდახან ჩვენს ფერდობს ჩამოუვლის ხოლმე, თვალყურს ადევნებს, მოსეირნეებმა მეტისმეტად არ დაანაგვიანონ. ვიღაც ბობოლების აგარაკებსაც უვლის, ვაზის ტალავერით დამშვენებულებს. (სადაც არ უნდა მიიხმონ სამუშაოდ ჩვენი მეეზოვე, უწინარეს ყოვლისა ვაზის ტალავერის გამართვას იწყებს, კიდევ კარგი, არავინ ეწინააღმდეგება) საკუთარი ეზოც აქვს ქალაქის განაპირას, ცხადია, ტალავერიც. ღვინოს წურავს და საერთოდ, ძალიან კარგად იცის ღვინის გემო. ამ საქმეში ნებისმიერ სომელიეს გაეჯიბრება. ჩვენთვის შინაური კაცია, რაიმე პატარა საქმეს გამოგვიძებნის ხოლმე ხანდახან იმ მდიდრულ აგარაკებზე, ორიოდე გროშს გვაშოვნინებს. თავისი მოწეული ღვინოც გაგვასინჯა არაერთხელ. როცა ძალიან გვიჭირს და ყელი წყურვილისაგან გვიშრება, საიდანღაც გააძრობს ხოლმე სასმელს. რა ღირსები ხართ, მაგრამ მაინც ცეცხლეთო, დააყოლებს ხოლმე. ახლაც სწორედ ამას ვნატრობ, მაგრამ სადაა, არავინაა, სულ არავინ . . .
გული მიგრძნობს, კანტიკუნტა იქნება ახლომახლო სადმე. უსტარის დასაწყისში ყველაზე ადრე ის ვახსენე და ალბათ შემთხვევით არ მომხდარა. იმსახურებს ამ პატივს, ნამდვილი ჭკუის კოლოფია, (ესეც მოგახსენეთ) უყვარს ფილოსოფიური მსჯელობა, ხანდახან კანტის ციტატებსაც გამოურევს ხოლმე, კანტიკუნტაც ამიტომ დაერქვა. განათლებით იურისტი გახლავთ. იყო დრო, ადვოკატის პრაქტიკას მისდევდა, კლიენტურაც ჰყავდა, ერთი სიტყვით, მის იურიდიულ კარიერას წინ არაფერი ეღობებოდა, სანამ ერთი პატარა, ბანჯგვლიანი არსება არ გამოეცხადა . . . ამაზე ცოტა დაწვრილებით შევჩერდები. როგორც ადვოკატს, კანტიკუნტას სასამართლო დარბაზებში ხშირად უწევდა ყოფნა. არაერთხელ უნახავს, ურიკით როგორ დააგორებდნენ სასამართლო საქმეების ტომებს, ერთმანეთზე დაზვინულებს. მოგეხსენებათ, რა მძიმე ტვირთია სასამართლო ტომები, ამისთვის ურიკას იყენებდნენ. ერთ მშვენიერ დღეს გამოაგორეს ურიკა, ერთმანეთზე დახვავებული სასამართლო საქმეებით დაზვინული, ვიღაც პირტიტველა ყმაწვილი ადგა თავზე, ალბათ პრაქტიკანტი. მიაგორებს ყმაწვილი ურიკას, არც იქით იხედება, არც აქეთ, პირნათლად ასრულებს თავის მძიმე მოვალეობას. აჰა, სულ ახლოს მოგორდა ურიკა, და რას ხედავს კანტიკუნტა; ტომების ხვავს ზემოდან ეშმაკი აზის . . . ნამდვილი ეშმაკი, ბანჯგვლიანი და რქებიანი . . . ძალიან დიდი არ ყოფილა, კატაზე ცოტათი დიდი და ძაღლზე ცოტათი პატარა, - თვითონ ასე აღწერდა მოგვიანებით. ზის ეშმაკი სასამართლო ტომებზე, იერი ხომ მეტად თავხედური აქვს, თითქოს სასამართლოს ტომები საგანგებოდ მისთვის დაუხვავებიათ; ეს კიდევ არაფერი; გაშლილი ხელისგულები მიუბჯენია ცხვირზე, გრძელკლანჭებიან თითებს ისე ამოძრავებს, თითქოს სალამურს უკრავსო და კანტიკუნტას ეჭყანება . . . ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, - ასე თქვა მერე ჩვენს შინაურობაში კანტიკუნტამ, პრაქტიკანტი ყმაწვილი რომ ვერაფერს ამჩნევდაო. მე ხომ მეჭყანებოდა ის ეშმაკი, მერე იმ ყმაწვილსაც დაეჭყანა და გამოაჯავრა გაშლილი ხელებით. ის კი მეტად სერიოზული სახით მიაგორებდა ურიკას. ნუღარ იტყვით, იქ კანტიკუნტას ამბავია აუტეხია: „დაიჭირეთ, მოაშორეთ!“ - მთელი ხმით ყვიროდა თურმე. შემოეხვია ირგვლივ ხალხი, მოსეირე თუ მოჭირნახულე, ეკითხებიან, ვინ და რატომ უნდა დავიჭიროთო. პასუხად კანტიკუნტა ურიკაზე უთითებს: ნუთუ ვერ ხედავთ, სასამრთლო ტომებზე ეშმაკი ზის, ბანჯგვლიანი და რქებიანი ეშმაკი, კატაზე ცოტათი დიდი და ძაღლზე ცოტათი პატარა. თან თვალები ისე აქვს გადმოქაჩული, ლამის ბუდეებიდან გადმოუცვივდეს. რა დიდი მიხვედრა სჭირდებოდა, თუ რა სჭირდა კანტიკუნტას; გამოუჩნდნენ მზრუნველები, დაამშვიდეს, გონს მოიყვანეს. თვითონაც მიხედა თავის თავს, როცა თავისი მდგომარეობა გაიაზრა. მკურნალობის სრული კურსი ჩაიტარა, თავი დააღწია იმ მეტად უსიამო ჩვენებას, ბანჯგვლიან არსებას. ერთხანს თითქოს ყოველივე რიგზე იყო. პრაქტიკანტი ყმაწვილი დააგორებდა სასამართლო საქმეებით დაზვინულ ურიკას, ეშმაკი აღარ იჯდა ტომების ხვავზე. მაგრამ . . . რად გინდა მერე, - ტანჯული იერით გაგვიმხილა კანტიკუნტამ მოგვიანებით, რამდენჯერაც დავინახავდი იმ დაზვინულ ტომებს და ურიკას, იმდენჯერ გავივლებდი გულში: როცა იქნება, ისევ დასკუპდება ამ ტომებზე ის ყოვლად უმსგავსი, ბანჯგვლიანი არსება, როცა იქნება, ისევ გამომეცხადება - მეთქი. აუხდა კიდეც ეს მოლოდინი ჩვენს ძმაკაცს; ერთ მშვენიერ დღეს ისევ დაინახა ბანჯგვლიან - რქებიანი ეშმაკი, კატაზე ცოტათი დიდი და ძაღლზე ცოტათი პატარა. ძველებურად წამოსკუპებულიყო სასამართლო საქმეების ტომებზე, ისეთი თავხედური იერით, თითქოს ამბობდა, სწორედ აქაა ჩემი ადგილი და აქედან ჩემს დაძვრაზე ნურც იოცნებებთო. გაშლილი ხელისგულებით კვლავ გააჯავრა კანტიკუნტა, თითქოს სალამურზე უკრავსო, თან დაეჭყანა. დაჰკრა ფეხი კანტიკუნტამ, უკან მოუხედავად გამოიქცა. ის იყო და ის, სამართლის მსახურთა ტაძარში თვალით აღარავის უნახავს კანტის ციტატების მოყვარული ჩვენი ძმაკაცი.
* * *
მეზღაპრეც გვყავს, ფირფიტას ვეძახით. სულ მუდამ რომელიმე ზღაპრების წიგნი დააქვს თან. თვითონაც წიგნივით გამხდარ - გაბრტყელებულია, ფირფიტაც ამიტომ შეერქვა. ერთ დროს თურმე ფილოსოფოსობდა, ლექციებს კითხულობდა რომელიღაცა სასწავლო დაწესებულებაში. კაცმა რომ თქვას, ამას რაღა დარჩენია ჩვენთან, მაგრამ ასე მოხდა, მასაც შეუჩნდა ეშმაკი, ოღონდ ყველაზე უწყინარი მთელი სამყაროს ეშმაკებს შორის. მათი ამბავი ასეთია: ფირფიტა მოიხელთებს რომელიმე წიგნს, უმეტესად ზღაპრებს. არც სხვას დაიწუნებს, თუ საინტერესო ეჩვენა. დაჯდება სადმე მყუდრო ადგილას. ცხადია, სასამელით სავსე ბოთლიც თან უნდა ჰქონდეს. ფურცლავს წიგნს ფირფიტა, კითხულობს დიდი ყურადღებით, თან ბოთლს მოიყუდებს ხოლმე, ბარაქიანად მოწრუპავს. დადგამს ბოთლს, აგრძელებს კითხვას, ცოტა ხანში ისევ ბოთლს მოწრუპავს . . . და ესაა მთელი ნეტარება ფირფიტასათვის, ბოთლი და წიგნი განუყრელად. როცა მასთან არიან ორივენი, ბედნიერების მწვერვალზეა. მერე კი ხდება რაღაც უცნაური: წიგნში ასოები ხტუნვას იწყებენ, გადახტებიან, გადმოხტებიან, ხან იქით, ხან აქეთ, ნამდვილი ეშმაკებივით იქცევიან. ირღვევა სტრიქონება, იცვლება შინაარსი. ფირფიტა ვეღარაფეს გებულობს წაკითხულიდან. ბოთლს მოიყუდებს, ისიც დაცლილა; სხვა რაღა დარჩენია, წიგნს ეშმაკებს გადაულოცავს, თვითონ გულის ძილით იძინებს. ხანდახან ფირფიტას ეშმაკები ძალიან გაცელქდებიან, მარცვლებს მოაგუნდავებენ თოვლის გუნდებივით და მერე იმ გუნდებისაგან რაღაცეებს ძერწავენ. ეს უკვე აღარ მოსწონს ფირფიტას, ცოტა არ იყოს, ეძნელება თვალი გაუსწოროს იმ უცნაურ ქმნილებას, რასაც ეშმაკები გამოძერწავენ მის თვალწინ. ერთს შეხედავს და მაშინვე ემალება. მერედა, რომ იცოდეთ, რა ადვილად ახერხებს ამას: საბანს წაიფარებს თავზე, ( თუ სადმე მოეძებნება საბანი) ან სხვა რამეს, რასაც ხელი მიწვდება, მეტი არც არაფერია საჭირო. აკი ვთქვი, ყველაზე უწყინარი ეშმაკები ჰყავს მეთქი. აქვე აღვნიშნავ: ფირფიტა და კანტიკუნტა რაღაცით გვანან ერთმანეთს, ორივე წიგნის ჭიაა, ორივე ფანტაზიორია, მეტად მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვთ, ფილოსოფიური მსჯელობა უყვართ. ცხადია, განსხვავებებიც არის, უპირატესად ეშმაკებთან მიმართებაში. ფირფიტას ომი არ აქვს გამართული თავის ეშმაკებთან კანტიკუნტასაგან განსხვავებით. ანუ, ფირფიტამ შეძლო, ბოთლი და ზღაპარი მოერიგებინა ერთმანეთთან, კანტიკუნტამ ეს ვერ შეძლო, ბოთლი და კანონი ვერ მოარიგა ერთმანეთთან. სად იყო და სად არა, თვალჭყეტიამ ამოყო თავი ბუჩქებს მიღმა, ერთი შემომაცეცა თვალები და მაშინვე დაყვინთა სიმწვანეში. მიხვდა, რა ხეირიც ექნებოდა ჩემგან. ალბათ ნაბიაც აქ იქნება სადმე. კურდღლები არ გეგონოთ, ადამიანები არიან. თვალჭყეტია თვალს ვერ ხუჭავს, თვალღია სძინავს კურდღელივით. ნაბიას პირიქით, თვალის გახელა უჭირს. თავგადაწეული და თვალმინაბული შეჰყურებს წუთისოფელს ერთი ვინმე მაგნატივით. ასეთი სახელებიც ამიტომ შეერქვათ. უმეტესწილად ერთად დადიან. საწინააღმდეგო ნიშნები ერთმანეთს იზიდავენო, ნათქვამია. ახლა, ვიცი, მოპიკნიკეებს უსაფრდებიან. ზაფხულის მიწურულს ხალხი ჩქარობს, ბუნების წიაღს ეწაფება. ჩვენისთანა ბოგანოსათვისაც იმეტებენ რაღაცას, თუ გაგვიმართლა. დიდი ქვეშქვეშა ვინმეა ნაბია, როცა შევყურებ, ასე მგონია, რაღაც ქუთუთოს მსგავსი სულზეც აქვს ჩამოფარებული. ჰქონდეს, არაფრად მჭირდება მისი გადაწევა. არადა, ერთ დროს თურმე კარგა დიდ ფულს ატრიალებდა, საქონელი გამქონდა და გამომქონდაო, იტყვის ხოლმე (რა საქონელი, არ აზუსტებს), მოგზაურობა ხშირად მიწევდაო. სწორედ მგზავრობის დროს შეემთხვა რაღაც ისეთი, რამაც სულ ერთიანად აურდაურია, მისი სიტყვით, კარტებივით დალაგებული ცხოვრება: საქმე, ბინა, ოჯახი, საყვარელი . . . არაფერი მაკლდაო. კერძოდ, მატარებლით მგზავრობაზეა ლაპარაკი. ზის თურმე ნაბია მატარებლის ვაგონში. იქ სხვა მგზავრებიც არიან, ნაბია მათ ყურადღებას არ აქცევს, ფანჯარაში იყურება. არც მგზავრები იკლავენ თავს ნაბიას უყურადღებობის გამო, თავისთვის მუსაიფობენ. მატარებელი მიჰქრის, დრო გადის, მანძილი მოკლდება. ნაბია ფანჯარას თვალს არ აცილებს; ამაში დიდად გასაკვირი არაფერია. ზოგიერთს მგზავრობისას ხმას ძნელად თუ ამოაღებინებ, თავის საფიქრალს მიჰყვებიან. ზოგიერთები პირიქით, სწორედ მაშინ გაიკრიფებიან ენად, როცა ფეხქვეშ ბორბლებს გაუდით დაგა - დუგი. ბოლოს მგზავრები ამჩნევენ, რომ ნაბია რაღაც უცნაურად იქცევა; ორივე ხელს ისე იქნევს, თითქოს რაღაცას გამწარებით უარობსო, თან თვალს ფანჯარას არ აცილებს. ცოტა ხნით დაწყნარდა ნაბია, მერე ისევ ატეხა ხელების გამწარებული ქნევა. ეს უკვე რამდენჯერმე განმეორდა. მგზავრებს ეს უცნაურად ეჩვენებათ, ერთხანს ჩუმად უთვალთვალებენ, მერე ფრთხილად ეხებიან მხარზე, თავისკენ მოახედებენ და ეკითხებიან: რა გჭირს, ხელებს ასე გამწარებით რატომ იქნევო. ნაბიამ, მეტად შეშფოთებულმა, რაც ცხადად ეტყობოდა ოფლით დაცვარულ სახეზე, ამცნო მათ, მატარებლის ფანჯრის ჩარჩოზე გარედან ეშმაკები არიან ჩამოკიდებულებიო. მგზავრებმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს, ერთმა ფანჯარაში გაიხედა საყოველშემთხვევიოდ. რამდენიმე წამი ჩუმად იყვნენ, მერე ისევ ნაბიას მიმართეს, ურჩიეს, იყვნენ იქ, თუ ვიღაცეები არიან ჩამოკიდებული, შენ რას გიშლიან, იქით აღარ გაიხედოო. - როგორ არ გავიხედო, - შეეკამათა ნაბია მგზავრებს, - მეძახიან, მოდი, შენც ჩამოეკიდეო. ამის მერე ნაბიას აღარ მოჰკლებია ჩარჩოზე ჩამოკიდებული ეშმაკები, მეტრო იქნებოდა, ავტობუსი თუ მატარებელი, ყველგან შეახსენებდნენ თავს. ბოლოს სახლშიც ესტუმრნენ, მისი ბინის ფანჯრებზე გარედან ჩამოეკიდნენ, გულითადად მიიპატიჟეს, მოდი, შენც ჩვენთან ერთად ჩამოეკიდეო, ნაბია კი მეათე სართულზე ცხოვრობდა. ეს ყოველივე იმით დამთავრდა, რომ ნაბიამ მგზავრობაზე აიღო ხელი, აღარც მეათე სართულზე ცხოვრება მოისურვა. მაღალ სართულებს ჭირის დღესავით გაურბოდა. მიწის ზედაპირთან ახლოს მოძებნა ბილიკი სასიარულოდ, ბოლოს ამ ბილიკმა ჩვენთან მოიყვანა . . .
თვალჭყეტიაც მაშინ გავიცანით, ნაბიას მოჰყვა. განუყრელი ძმაკაცები არიან, მგონი უკვე გითხარით. რამდენადაც ნაბია ჭკუადამჯდარია, , იმდენად თვალჭყეტია ყველაზე დიდი დაბდურია ჩვენს შორის. თავისებური ფანტაზიორობაც მოსდგამს. ხშირად გვაოცებს თავისი ჭკუამიღმიური აზრებით, ისეთ რამეს დააბრეხვებს ხოლმე, ხანდახან პასუხს ვერ ვპოულობთ. ნაბია თვალებს უბრიალებს ასეთ დროს. ეს კიდევ ცალკე სანახავია: ნაბიას თვალების ბრიალი თუ რაღაც მაგდაგვარი მცდელობა. ყოველ შემთხვევაში, თვალჭყეტია ცნობს მას, მაშინვე ხმას გაკმენდს. თვალჭყეტიას აზრები უმეტესწილად კოსმოსს უტრიალებენ ირგვლივ. შემთხვევით ყური მოჰკრა, კოსმოსის სივრცეში ალკოჰოლის შემცველი ნისლეულიაო. ანუ, იქ არაყი პირდაპირ ღია ცის ქვეშ მოჩქეფსო - ასე გადახარშა მისმა გონებამ ეს აღმოჩნა. იფიქრა, იფიქრა და მერე ჩვენც გაგვიზიარა თავისი ბრწყინვალე იდეა: - მილები გავიყვანოთ კოსმოსურ ნისლეულამდე, არაყი წყალივით იდენს, - თქვა დაჯერებული ხმით. ნაბიამ, ნამეტანი შორიაო, უთხრა. მაგსიგრძე მილებს სად ვიშოვნითო. - იცი, რამდენია იმ მთის გადაღმა? - იყვირა გახარებულმა თვალჭყეტიამ, როგორც ჩანს, უფრო სერიოზულ დაბრკოლებას ელოდა, - ჩემი თვალით ვნახე, კიდევ მაქვს შეგულებული ერთ - ორ ადგილას. ამაზე ნაბიამ მოთმინება დაკარგა. ისედაც ვერ იყო გუნებაზე, წყურვილით ყელი უშრებოდა. - ძალიან შორია - მეთქი, შეუშვი მაგ გოგრაში - უყვირა, - ვერც კი წარმოიდგენ, ისე შორსაა. მილებს კი არა, კოსმოსურ ხომალდს გაუჭირდება იქამდე მიღწევა, თან ძალიან ძვირი დაჯდება. ამას თვალების ბრიალიც მოჰყვა, თუ რაღაც ამის მსგავსი. თვალჭყეტია გაჩუმდა, აღარაფერი უთქვამს, მაგრამ სახეზე აშკარად შეეტყო, თუ რა გამალებით მუშაობდა მისი გონება, რათა კოსმოსური მასშტაბები გადაეხარშა. როგორც შემდგომში დავინახეთ, მოახერხა კიდეც ეს. თვალჭყეტიას ეშმაკიც კოსმოსთანაა წილნაყარი, უფრო სწორად ეშმაკები. საკუთარი აგარაკი ჰქონდა მაგ დაბდურს, მეტად ძვირადღირებულ ადგილას, იქიდან მთელი ქალაქი ზღაპრულად ლამაზი სურათივით ჩანდაო. პატარა ბაღიც ჰქონია, სულმთლად ამწვანებულ - აფერადებული. ყველაზე უფრო იმ ბაღში ყოფნა მიყვარდაო - ამბობს. ერთ დღესაც გამოსულა ბაღში და რას ხედავს, იქაურობა უცხოპლანტელებითაა მოფენილი. სკაფანდრები ეცვათ თურმე, მზის სხივებზე ოქროსფრად გაუდიოდათ ბრჭყვიალი. სად აღარ იყვნენ, ყვავილნარში, ბუჩქებში, ხეებზე . . . ყველგან დაძვრებოდნენო. ერთი - ორი უცხოპლანეტელი სახლის სახურავზეც დავინახე, მეტი რომ აღარ შეიძლება, ისეთი ცქვიტები იყვნენ, ხანდახან ყირაზე გადადიოდნენო. მაშინვე გავარდნილა თვალჭყეტია მეზობლებთან, მათთვის მიუხარებია, უცხოპლანეტელები მესტუმრნენო. მათი ენა არ ვიცი, ერთმანეთს ვერაფერს ვაგებინებთო. ისინიც მაშინვე გამოქცეულან, ერთს ისიც კი უთქვამს, მე დაველაპარაკები, როგორც საჭიროაო. ერთი სიტყვით, ცდა არ დააკლეს მეზობლებმა, მაგრამ უცხოპლანეტელებს ვერაფერი შეასმინეს. თუ რატომ, გაუგებარი დარჩა თვალჭყეტიასათვის. საბოლოოდ იმ აგარაკზე უცხოპლანეტელები დამკვიდრდნენ, ამით დამთავრდა მათი სტუმრობა. როცა არ უნდა მივსულიყავი, სულ იქ იყვნენო, ჩივის თვალჭყეტია, ჩემთვის იქ ადგილი აღარ დარჩაო. ერთი ორჯერ ვუთხარით თვალჭყეტიას, მოდი, ვესტუმროთ ერთად იმ უცხოპლანეტელებს, შენს აგარაკზე რომ მოიკალათეს, იქნებ ვინმე შენიანი ამოიცნო მათში, ან მეზობელი, ვინ იცის . . . არაფრის გაგონება არ უნდა. იქით ვეღარც გაახედებ, მითუმეტეს, რომ თვითონ უცხოპლანეტელები ხანდახან ისევ სტუმრობენ თვალჭყეტიას, თავი არ მოანატრეს, როგორც იტყვიან ხოლმე. თვალჭყეტიას თუ რამეს ჰკითხავ თავის უცხოპლანეტელებზე, ხალისით გაგიბამს საუბარს, არ დაგზარდება. როგორც ჩანს, ძალიან შორიდან მოდიანო, ამბობს. ვერაფრით ვერ ვეკონტაქტებით ერთმანეთსო. - მაინც როდის მოდიან? - ჰკითხეს ერთხელ, - დალევამდე , თუ დალევის შემდეგ? - მათი ნება არაა? - გაიკვირვა თვალჭყეტიამ, - როცა მოიგუნებებენ, მაშინ მოვლენ. - ისე ძალიან მდიდრები უნდა იყვნენო, - დააყოლებს ბოლოს. -რამდენჯერაც ვნახე, ყოველთვის ოქროს სკაფანდრები ეცვათო. კიდევ გვყავს ერთი ძმაკაცი, მისი სახელის ხსენება ნამდვილად არ მეპიტნავება. განა იმიტომ, რაიმე უსიამოვნება შემხვედროდეს მისგან, სულაც არა. რამდენი ხანია ჩვენი ძმაკაცია და ვაღიარებ, არაფერში ჩაჭრილა. უბრალოდ, სახელი ჟღერს მეტად უსიამოვნოდ. მე კი სრულებითაც არ მინდა დავემგვანო იმ მთხრობელს, რომელსაც ჰგონია, რაც უფრო მეტად აამყრალებს ჰაერს, მით უფრო თავზარდამცემ შთაბეჭდილებას მოახდენს მკითხველზე. მაგრამ, აბა, სად წაუხვალ ჭეშმარიტებას; ადრეჯვია(!) ერქვა სახელად. ასე რატომ ერქვა? ალბათ ღირს საამბობად. თურმე ჩვენს უსახელოს (ამიერიდან ასე მოვიხსენიებ) ერთი საოცარი თვისება ჰქონდა ბავშვობიდან; როცა კი მოინდომებდა, ჩაიყოფდა ხელს შარვალში უკანა მხარეს, მოისაქმებდა ხელის გულზე, სულ რაღაც წამებში აღასრულებდა ამ საქმეს, თანაც ფეხზე დგომელა, მერე ბავშვებს ესროდა . . . ხომ ხვდებით, რასაც. ნამდვილი სნაიპერი ყოფილა ამ საქმეში, მიზანს არასოდეს ააცდენდა. ამ თვისების წყალობით ომობანას თამაშისას ყოფილა სრულიად შეუდარებელი და შეუცვლელი. სწორედ ის გუნდი იმარჯვებდა, რომლის წევრიც უსახელო იყო. ერთი სიტყვით, უსახელოს სახელი ჭექდა და ქუხდა ბავშვებში. ბიჭებს მისი ცეცხლივით ეშინოდათ . . . უფრო სწორად, იმ საბრძოლო მასალის, რომელსაც იგი ასე ადვილად მოიპოვებდა. თანაც, რა საოცარი იყო, სურვილის მიხედვით ანაწევრებდა ხოლმე. ზოგიერთებმა სცადეს, მიებაძათ მისთვის. ჩაიყოფდნენ ხელს შარვალში, იჭაჭებოდნენ, არა და არა, მსგავსიც კი არაფერი შეეძლოთ. ერთ ერთს მარცხი შეემთხვა ასეთი მცდელობის დროს, მეტისმეტად ბევრი „საბრძოლო მასალა“ მოუგროვდა ხელისგულზე, მერე აღარ იცოდა, სად წაეღო . . . ოჰ, არა! შეუძლებელი იყო უსახელოს მიბაძვა, თვითნაბადი ნიჭით დაეჯილდოვებინა განგებას. ცხოვრებაც ასეთია: ბუნებისგან ასე განებივრებული ადამიანიც კი ჩვენთან მოხვდა. როგორ და რანაირად, არ ვიცით. რაღაცას საგულდაგულოდ მალავს, არც ჩვენ ვაცივდებით, როცა იქნება, ყოველივე გაირკვევა, ჩვენ არსად გვეჩქარება. კიდევ ერთ რამეს ვამჩნევთ: ელოდება ვიღაცას, თუ რაღაცას. დამიჭერია მისი მოუსვენარი მზერა, ქალაქის მხარეს მიპყრობილი. უსახელოსაც ჰყავს თავისი ეშმაკი, მწვანე გველების სახით. უკანალში მიძვრებიანო, ჩივის ხოლმე სახეშეშლილი, ვერა და ვერ მოიძია მისი წამალი. ერთხელ ნაბიამ ურჩია, ოყნა გაიკეთეო. იმან კიდევ, ვცადე, არ მიშველაო, - მწუხარედ ამცნო. თავდაცვის ერთადერთი საშუალება, რაც უსახელომ მოიძია, ის გახლავთ, რომ ხელს აიფარებს ხოლმე უკანა ნახვრეტზე, თუმცა თავდასხმის დროსაც ხომ ასე გამოიყურება. ასე რომ, გაუგებარია, თავდასხმისთვის ემზადება თუ თავდაცვის რეჟიმშია უსახელო, როცა უკანალზე ხელაფარებულს დაინახავთ, სანამ რაიმე შესატყვისი არ მოხდება. ძალიან კი აწუხებენ ის მწვანე გველები. მათი გადამკიდე უკან მოხედვა შეჯავრდა უსახელოს. ისინი ხომ ზურგსუკან არიან ჩასაფრებულნი, ამიტომ მუდამ წინ იყურება . . . ასეთი გახლავთ ჩვენი საძმაკაცო, თავის ეშმაკებიანად. ნაძირალები ჟამიდან ჟამ ერთიანდებიან ხოლმე რაღაც ჯგუფებად, მერე ისევ იშლებიან, მგლების ხროვასავით. ჰო, ერთ ვინმესაც გავიხსენებ, საქმე არ აწყენს. შემოგვეკედლა ერთხანს, შთამბეჭდავი შესახედაობის კაცი, ტანფეხით კარგად აწყობილი, ცხვირპირითაც დალაგებული. ერთი სიტყვით, მისი დანახვა გესიამოვნებოდა, თუ ცოტა უკეთესადაც ჩაიცვამდა, ცხადია. ახლა თავი როგორ ეჭირა? ნამდვილი დენდი გეგონებოდა. ციხიდან ახალი გამოსული ვარო, გვამცნო. სხვა არაფერი უთქვამს, არც ჩვენ გვიკითხავს რამე, წესად არ გვაქვს. ან თვითონ იტყვის, როცა იქნება, რასაც ახლა მალავს, ანდა ყოველივე თავითავად გამჟღავნდება. ასედაც მოხდა, რა დაიმალება ამქვეყნად. ერთმა ნაძირალამ გვიამბო (სხვა ხროვის წევრმა), შემთხვევით თურმე მის სასამართლო პროცესს ესწრებოდა, ( არ ვიცი, რატომ და ზოგიერთ ნაძირალას უყვარს სასამართლო პროცესზე დასწრება); ცხარე ცრემლით ავტირდი, როცა მაგის საქმე გაირჩაო, თქვა, ისიც შევამჩნიე, მოსამართლესაც საეჭვოდ უბრწყინავდა თვალებიო. თურმე მაგ სულწაწყმედილს თვალი ამოუთხრია ვიღაც ახალგაზრდა ქალისთვის . . . ერთადერთი ჯანსაღი თვალი. ისედაც ცალთვალა ყოფილა ის უბედური, მეორე თვალი ადრე ავარიაში დაეკარგა, მისი ცოდვით ქვაც დაიწვებოდაო. დიდი სიამოვნებით გამოვიტანდი სასიკვდილო განჩენს, მაგრამ კანონი ამის საშუალებას არ მაძლევსო, ამ სიტყვებით დაუსრულებია მოსამართლეს ის სასამართლო პროცესი. ის დღე იყო და ახლოსაც აღარ გავიკარეთ ტანწყობილი და ცხვირპირდალაგებული „დენდი“. არაფერი გვითქვამს, მაგრამ არც პური გაგვიტეხია მასთან, არც ჭიქა აგვიწევია. იეჭვა რაღაც, თავისებურად სცადა მდგომარეობის შემსუბუქება, სასმელი მოგვიტანა თავისი მისაყოლებლით, ზედაც არ შევხედეთ. ერთხანს იწრიალა ჩვენს ახლომახლო, მერე კი გაქრა. ჩვენც ეს გვინდოდა, კანტიკუნტას თქმისა არ იყოს. ეგზემპლარი, რომელიც ერთნაირად აატირებს უზენაეს მსაჯულს და სასამართლო პროცესზე შემთხვევით შემოხეტებულ ნაძირალას, ჩვენთან ერთად ვერანაირად ვერ მოძოვს. მას შემდეგ აღარაფერი მსმენია მის შესახებ, „დენდზე“ გეუბნებით. არც ის ვიცი, რომელი ეშმაკი წეწავდა მის სულს.
* * *
ალბათ ვინმე მეტყვის, ბარემ შენს საკუთარ ეშმაკზეც გვითხარი რამეო. აუცილებლად გეტყვით. ძალიანაც რომ მინდოდეს, ამას გვერდს ვერ ავუვლი. ერთი წუთით დაიცადეთ, მგონი აქეთ ვიღაც მოდის. თვალები მოვისრისე, სიმწრისაგან აცრემლებული თვალები . . . ასე იცის, როცა ეშმაკები თავს შეგახსენებენ ხოლმე. ჰო, ნამდვილად აქეთ უდევს გზა ვიღაცას. ნეტავი მეეზოვე იქნებოდეს. არა, მეეზოვე არ ყოფილა, უფრო თხელი აღნაგობისა ჩანს, თმა უკან აქვს გადავარცხნილი, მეეზოვის ჯაგარა თმისგან განსხვავებით. ვერც სამოსელით მიამგვანებ . . . რატომღაც ჩემი შარფის ფერი მეცა თვალში. არც ისე საინტერესო მეჩვენება მისი სტუმრობა, სრულიად ხელცარიელია, აქედანვე კარგად ვატყობ. როცა აქამდე მოაღწევს, ვნახავთ, ვინ არის, რას დაეძებს. ამქვეყნად არაფერი დაიმალება. მგონი მართლაც მეტისმეტად დავიწროვდა ჩვენი მიწიერი სამყარო. შევხედავთ, თუ არა, მაშინვე წიგნივით ვკითხულობთ ერთმანეთს ადამიანები. ეს ყველას ეხება, მხოლოდ და მხოლოდ ნაძირალები არ მყავს მხედველობაში. დედამიწის ყველა კუთხე - კუნჭულიც, თუნდაც ყველაზე მივარდნილი თუ მივიწყებული, სულ უფრო და უფრო ემსგავსება ერთმანეთს; ყველგან ერთნაირი შენობები, ქუჩები, აპარტამენტები, თვალისმომჭრელი ფეთქებადი ფერები . . . ყველგან ყველაფერი ერთნაირი, წყალიც უნიტაზებშიც ყველგან ერთნაირად ჩხრიალებს . . . ისღა დაგვრჩენია სასწრაფოდ დავტოვოთ დედამიწა, კოსმოსში დავიწყოთ განსხვავებული სამყაროების ძიება. ოღონდ სხვადასხვა მხარეს გავიქცეთ, იქაც შემთხვევით ერთმანეთს არ გადავეყაროთ. ერთი სიტყვით, ეშმაკი . . . დიდად არ მეხალისება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ რადგან შეგპირდით . . . ცოტა მაცალეთ, დავფიქრდე; ჰო, მე როგორც ძველი კინორეჟისორი, მიზანსცენის სახით წარმოვადგენ ყოველივეს, ერთ ეკრანულ გმირს გავიხსენებ, მე თვითონ გადავიღე ოდესღაც. დაწვრილებით მოგიყვებით, როგორ ვარიგებდი ჩემს მსახიობს გადაღებისას. სათქმელს ამით სიცხადე შეემატება, არც მე ვიწვალებ, არც მკითხველს გავაწამებ. ყურადღება! გადაღება იწყება! ხდება ხანდახან, გამოხვალ ქუჩაში, (ჩემს მსახიობს ასე ვეუბნები) მიაბიჯებ აუჩქარებლად, არც მარჯვნივ იყურები, არც მარცხნივ . . . დალევა გინდა, ძალიან, ძალიან გინდა, მაგრამ ჯერ ვერ მოგისაზრებია, სად და როგორ. ბოლოს მიადგები რომელიმე მყუდრო ადგილს, ვთქვათ, სარდაფში. შეხვალ, დაჯდები, მოგიტანენ სასმელს. დალევე ერთს, მეორეს, ჰა და ჰა, მესამეს . . . და აი, ვიღაცა მოვა, შენს მაგიდასთან დაჯდება. შეხედავ, სანდომიანი ყმაწვილია, თანამეინახედ გამოდგება. მასთან ერთად აწევ ჭიქას, ადღეგრძელებ. ისიც, ცხადია, არ ჩამოგრჩება, თავიდანვე კარგი თვალით შეხვდით ერთმანეთს. სასმელმა თავისი თილისმა შემატა თქვენს გაცნობას. ძალიან, ძალიან ახლობელი გეჩვენება ეს ყმაწვილი. მგონი იცნობდი კიდეც, მაგრამ სად, როგორ, ვერ გაგიხსენებია. აგრძელებ სმას, ისიც მოგყვება. და აი, დგება ნეტარი წამი, სასმელი საამოდ გთენთავს, შინაგან სითბოს და სიმსუბუქეს გრძნობ, თითქოს მთელ სხეულში მზემ დაიბუდაო, ცხოვრება აღარაა ლოდივით მძიმე; იმ ლოდივით, ყოველ წამს რომ გასრესას გიპირებს. უკვალოდ ქრება ყოველივე, რაც კი ოდესმე გაწუხებდა ; ფიქრი, განსჯა . . . სრულიად ზედმეტი გეჩვენება, მით უმეტეს, რომ არაფერია საფიქრალი, ყველგან სრული ჰარმონია სუფევს. ირგვლივ ყოველივე გადასხვაფერდა, ჩაჟამებულ სარდაფს თითქოს შუქი მიადგა, აღარაა წინანდებურად გულისშემაღონებელი. თანამეინახესაც ამჩნევ რაღაც ცვლილებას უკეთესობისკენ. სანდომიანობა არც თავდაპირველად აკლდა, ახლა ლამის უფლისწულს დაემსგავსა. თან როგორი ხალისიანია, როგორ უბრწყინავს თვალები. რა გულითადი იერით შემოგყურებს . . . კიდევ ერთი ჭიქაც და . . . ახლა უკვე გულზიარობის იდუმალი ძაფები გაიბმება თქვენს შორის. რა საოცარია ეს გულზიარობა, ღვინით სავსე ჭიქის გვერდით რომ ზეობს. ეს ჯადოსნური ნაკვერცხალია, გულის მიუვალ ჯურღმულებში რომ ბჟუტავს და რაღაც სასწაულით არა და არ ქრება. ღვინომ გააღვივა ის ნაკვერჩხალი. ერთმანეთს თვალებში შეჰყურებთ და როგორც სარკეში, ისე ხედავთ იმ იდუმალი ნაკვერჩხლის ნაპერწკლებს. ახლა უკვე თქვენი გულები ლაპარაკობენ ყოველგვარ ფერადოვან სადღეგრძელოზე უკეთ. ისინი უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე თქვენ თვითონ. კვლავ ასწევ ღვინით სავსე ჭიქას, ვინ იცის, მერამდენედ. აბა, ამის დათვლის თავი სადღა გაქვს, ანდა რატომ უნდა დათვალო. თანამეინახეც, რა თქმა უნდა, მოგყვება. სავსე ჭიქას გიჭახუნებს ჭიქაზე და იღიმება, კვლავ იღიმება მეტად გულითადად. ამ ღიმილზე ცალკე უნდა ითქვას: რაღაც საოცარი, მეტად სხივოსანი და თვალწარმტაცი ღიმილით იღიმება შენი თანამეინახე. შეჰყურებ და გუნებაში ამბობ: ჯერ არ მინახავს, ღიმილი ასე ვინმეს უხდებოდესო. თვალადაც ხომ მეტად სანდომიანია, ღიმილმა კიდევ უფრო დაამშვენაო. ლამის მთელ სამყაროს ასხივოსნებს და ანათებს ეს ღიმილი.. შენც მოგეფინა ამ სხივოსანი ღიმილის შუქი, უჩვეულოდ ზეაღმატებული გრძნობა შეგძინა. სადღაა სარდაფი თავისი ჩაჟამებული კედლებით, უკვე მეტისმეტად შორს გაცდი მათ. ცის ლურჯ თავანზე მიაბიჯებ, მთელი სამყარო შენს ფეხქვეშ გართხმულა. ალბათ სწორედ ესაა სამოთხე. ყოველ შემთხვევაში, სამოთხისებური განცდა ნამდვილად გეუფლება. და შენც იღიმები თანამეინახის ღიმილის პასუხად, ცდილობ, ღიმილში გამოხატო მადლიერება, აკი სამოთხეში დაგასახლა . . . საკითხავია, როგორ გამოგდის, ყოველშემთხვევაში, შენსას ცდილობ. თანამეინახესაც კარგად ესმის შენი, კვლავ გაჯილდოვებს სხივმოსილი, სანდომიანი ღიმილით. აჰა, კვლავ სავსე ჭიქების ჭახუნი, ფერადოვანი სადღეგრძელო, გულზიარი შემოხედვა, რომელსაც კვალდაკვალ მოჰყვება ის სხივოსანი, მომხიბვლელი ღიმილი, ლამის მთელ სამყაროს რომ ანათებს და სამოთხეში დაგასახლებს. . როგორც სანუკვარ წამს, ისე ელოდები ამას, თანამეინახეც აღარ გალოდინებს, კვლავ იღიმება . . .
. . . და ამ დროს ხდება შენთვის სრულიად გაუგებარი და მოულოდნელი რამ. თანამეინახის ღიმლი წინანდებურად სანდომიანი და სხივოსანი აღარ გეჩვენება. რაღაც მეტად უსიამო და უკეთური შეერია მასში. შეხედავ და თითქოს ისევ ისაა, მოლხენის ნამდვილი დიდოსტატი, მზეჭაბუკივით სანდომიანი, სამოთხეში რომ დაგასახლა, მთელი სამყარო ფეხქვეშ გაგიფინა, მაგრამ რა საზიზღრად, რა უკეთურად იღიმება; ეს უკვე ღიმილიც აღარაა, რაღაც საზარელი მანჭვაა. ავბედითი ნიშნისმოგება, გესლიანი, საზიზღარი დაცინვა და გაქილიკება, სხვათა ტანჯვით მოგვრილი ჯოჯოხეთური სიხარული, თუ კიდევ რაღაც უარესი, რასაც ვერანაირი სიტყვით ვერ გადმოსცემ. ეს ყველაფერი გამოსჭვივის ამ საშინელ ღიმილში, თუ მანჭვაში . . . მასზე საშინელი არაფერი გინახავს მთელი სიცოცხლის მანძილზე. თვალის დახამხამებაში სამოთხე უმალ ჯოჯოხეთად იქცევა, ეს იმიტომ რომ შენი თანამეინახე იქცა ჯოჯოხეთის მაშხალად. ამ გარდასახვას სხვას ვერაფერს უწოდებ. ერთი - ორი წამი სრულიად დაბნეული ხარ. არ იცი, რა იღონო, როგორ დაემალო ამ საშინელებას. იქნებ თავი მიაბრუნო გვერდზე, მზერა აარიდო, ანდა, თვალები დახუჭო . . . არა! ხვდები, რომ ეგ ვერ გიშველის. უნდა გაიქცე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაერიდო ამ საზარელ, ავბედით მანჭვას. მას ძეხორციელთაგან ვერავინ გაუძლებს, ამის ძალა არც შენ შეგწევს. და შენც გარბიხარ, სხვა რაღა დაგრჩენია . . . ცოტაა იმი თქმა, რომ უკანმოუხედავად გარბიხარ, აღარც წინ იყურები. კარები შეგხვდება, ამტვრევ, კიბე დაგიხვდება, თავპირს იმტვრევ. მერე ქუჩაში გარბიხარ (თუ მიაღწიე იქამდე), იქ უკვე მანქანები ამტვრევენ ერთმანეთს შენგან თავის გარიდების მცდელობისას, შენ კი რაღაც სასწაულით ისევ მრთელი ხარ. ალბათ მართალია, როცა იტყვიან, მთვრალ კაცს ღმერთი იფარავსო. სუნთქვა გეკვრის, მუხლები გეკეცება, ირგვლივ ყოველივე ბურუსში ეხვევა, მაინც გარბიხარ, მზად ხარ, ქვეყნის დასალიერამდე ირბინო, ოღონდ რაც შეიძლება, შორს გაექცე ამ საშინელებას . . . და უცბად აღმოაჩენ, რომ აღარ შეგიძლია სირბილი, იმიტომ რომ თავიდან ფეხებამდე გაკოჭილი ხარ. - რას მერჩით, რისთვის გამკოჭეთ? - იკითხავ, ცხადია. - სადღაც გარბოდი თავპირის მტვრევით, ძლივს დაგიჭირეთ, - ღებულობ პასუხად. აი, ასეთი გახლავთ ის ეკრანული სახე, ანუ ეშმაკისეული ღიმილის ერთერთი ვარიანტი, რომელიც მე, ძველმა კინორეჟისორმა, გავაჩალიჩე ერთ დროს. კარგადაც იმუშავა. ძლიერ ეფექტს ახდენსო, მეუბნებოდნენ. ეკრანულ სახეს თავისი გზა და განვითარება ჰქონდა, თაფლკვერასავით გემრიელი ფინალით. რეალობა სულ სხვაა. აკი, მის საჩვენებლად გავიხსენე ეს ყოველივე. პირდაპირ სულში, სისხლის ყოველ წვეთში, ძარღვის ყოველ მილიმეტრში თუ გულისგულში, აღარ ვიცი, როგორ ვთქვა . . . ჩამისახლდა ის საზარელი ღიმილი, სიცოცხლის ყოველი წამი მომიწამლა, თავი ვერანაირად ვერ დავაღწიე და, ალბათ, ვერასოდეს ვერ დავაღწევ. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი მიზეზი ის გახლავთ, რომ მუდამ სხვადასხვა სახით მეცხადება ის გულზიარი, მეტად სასურველი თანამეინახე, მოლხენის ნამდვილი დიდოსტატი. თავდაპირველად ყოველთვის სანდომიანია, მაგრამ განსხვავებულად. ამიტომ არ შემიძლია, წინასწარ ამოვიცნო იგი. ყოველთვის ვიღაცა სხვა მგონია, როდესაც ჩემს სუფრას მოუჯდება. მეორე მიზეზი ის გახლავთ, რომ არც იმის გამოცნობა შემიძლია, როდის იქცევა მისი მომხიბლავი ღიმილი საზარელ მანჭვად, ანუ როდის გადაიქცევა სამოთხე ჯოჯოხეთად. წინასწარ ამას ვერასოდეს ვხვდები. ეს საშინელი წამი ყოველთვის მოულოდნელია ჩემთვის. აი, სწორედ ეს არის სატანჯველთა სატანჯველი, ყოველგვარ ჯოჯოხეთურ წამებაზე უარესი, მთელი სიცოცხლე რომ მომიწამლა. რა იქნებოდა, იმ დალოცვილს (ჩემს თანამეინახეზე გეუბნებით, სუფრას ჩემს დაუკითხავად რომ შემოუჯდება ხოლმე) ბოლომდე შეენარჩუნებინა ის მომხიბვლელ - მომაჯადოებელი და თანაც შუქმფრქვეველი ღიმილი, საზარელი მანჭვით სამოთხე ჯოჯოხეთად არ გადაექცია ჩემთვის. ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, ღიმილში რა უნდა იყოს ისეთი საშინელი, ამ ზომამდე რომ გაგტანჯოს და დაგაფრთხოსო. დამიჯერეთ. ნამდვილად არის მასში რაღაც, თვით სიკვდილზე უარესიც კი. სიკვდილს არ გავექცევი ისე, როგორც მას გავურბივარ, ძეხორციელთაგან არავის ძალუძს მისთვის თვალის გასწორება. სხვათა შორის, ჩემს ნაძირალა ძმაკაცებსაც უკვირთ ჩემი ამბავი. აბა, ღიმილმა როგორ უნდა დაგაფრთხოს, რაც გინდა იქედნური თუ სატანური უნდა იყოსო, ამბობენ. მე ჩუმად ვარ, საპასუხოდ არაფერს ვეუბნები, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი: სხვისი ეშმაკი არავის არაფრად მიაჩნია, მხოლოდ საკუთარი ეჩვენება დიდ რამედ. რადგან ეშმაკებზე ჩამოვარდა სიტყვა, ვეცდები, ბოლომდე დავაზუსტო ყოველივე, როგორც ძველ კინორეჟისორს, გარკვეულობა მიყვარს; ეშმაკებსაც მიუძღვით თავიანთი წვილილი, რომ ჩვენ, ნაძირალების ერთ პატარა გუნდს, (სხვებიც არიან, მგლების ხროვასავით), ბუნების წიაღი ასე ძალიან რომ შეგვიყვარდა. უწინარეს ყოვლისა, საკუთარ თავზე გეტყვით: კიბეებზე ჩაგორებას ფერდობზე დაგორება მირჩევნია. მეტი აღარაფერი მკითხოთ. ახლა კი სხვებს მოვუსმინოთ: კანტიკუნტა - ბუნებაში არავინ დააგორებს სასამართლო საქმის ტომებით დატვირთულ ურიკას, ამიტომ ვერც ეშმაკი შემოსკუპდება მასზე და ვერ დაგიწყებს გამოჯავრებას. ნაბია - ბუნებაში არსად არაა ფანჯრები, არც ჩარჩოებია. აქედან გამომდინარე, ვერც ეშმაკები ჩამოეკიდებიან ჩარჩოებზე . . . თვალჭყეტია - ბუნებაში აგარაკები არ არის, ამიტომ ვერც უცხოპლანეტელები გევსტუმრებიან და ვერ მოიკალათებენ იქ სამისდღემჩიოდ. ფირფიტა - ბუნება ყოველთვის მშვენიერია, ამდენს ეშმაკებიც ხვდებიან და ვეღარ ბედავენ მისი ხელახლა გამოძერწვა სცადონ, წიგნის სტრიქონებისაგან განსხვავებით. ადრეჯვია - (დუმს). ბევრი ვიმსჯელეთ ერთმანეთში ზემოთთქმულის თაობაზე, ბოლოს ასე დავასკვენით, როცა ყოველივე შევაჯამეთ: ბუნებაშიც არიან ეშმაკები (ერთი მითხარით, სადღა არ არიან), მაგრამ ისე გამომწვევად ვეღარ იქცევიან, იმდენს ვეღარ თავხედობენ, როგორც რკინა - ბეტონის დახშულ სივრცეებში, სადაც პირდაპირ აიწყვეტენ ხოლმე, მათგან საშველი არაა. ბუნება მაინც სულ სხვაა. ღია ცის ქვეშ ეშმაკებს, კანტიკუნტას თქმისა არ იყოს, ზომიერება ნაკლებად ღალატობთ. კუნძზე შემომჯდარი უნახავს ის ბანჯგვლიანი არსება კანტიკუნტას, კატაზე ცოტათი დიდი და ძაღლზე ცოტათი პატარა, მაგრამ ისე გამომწვევად ვეღარ მეჭყანება, როგორც სასამართლოს ტომებზე შემოსკუპებულიო, ამბობს. ნაბიამაც არაერთხელ ნახა ხის ტოტებზე ჩამოკიდებული ეშმაკები, მაგრამ სად ხის ტოტები და სად ფანჯრის ჩარჩო მეათე სართულზე, მათი შედარებაც არ შეიძლებაო, ბედნიერი სახით ამბობს ნაბია. თვალჭყეტიაც გადაეყარა ბუნებაში უცხოპლანეტელებს, მაგრამ ყოველთვის სხვადასხვა ადგილას, თანაც თავს ნაკლებად აბეზრებენ, არც ყირაზე გადადიან. ალბათ გასაგებია, ასე რატომ შეგვიყვარდა ბუნების წიაღი. ერთი შენიშვნაც საკუთარი თავის მიმართ; უნებურად მისი სახელი წამომცდა . . . ალბათ ხვდებით, ვინც მყავს მხედველობაში, გპირდებით, ეს აღარ განმეორდება. შემდგომში უფრო ფრთხილად ვიქნები.
* * *
ამასობაში იმ უცნობმა აღმართი ამოათავა, ჩვენს სადგომს მოუახლოვდა. სწორად შემინიშნავს ჯერ კიდევ შორიდან; თხელი აღნაგობისაა, სახითაც პირხმელი, თმა რბილ ტალღად ეფინება კისერზე . . . და რაც მთავარია, უფრო ცხადად ვხედავ ჩემი შარფის ფერებს მის სამოსელზე. აი, ამას რა კარგად მოუხდებოდა ჩემი შარფი, ეს გავიფიქრე უწინარეს ყოვლისა, ვერც კი გამოარჩევდით ამ თხელი მოსაცმელისაგან. მოგეხსენებათ, ეს ყოველთვის არ ხერხდება, არადა, ფრიად სასურველი რამაა . . . სწორედ ზაფხულში, თორემ ზამთარში რა უჭირს. დამტვერილი ფეხთსამოსიც მეცა თვალში. - ეტყობა, ბევრი გივლია, - ვუთხარი და ჩვენი სადგომისკენ ვუჩვენე ხელით, - დაჯექი, დაისვენე. სადგომი, ეს გადაჭრილი ხეა, მიწიდან ამობურცული ღონიერი ფესვებით. აქ ჩამოვრიგდებით ხოლმე და ვისვენებთ, ჩვენ, ნაძირალები. ერთმანეთს აქ ვუზიარებთ, თუ რამე მოვიხელთეთ და თან ამის სურვილი გაგვიჩნდა. უცნობი ჩამოჯდა ხის გადანაჭერზე. შევყურებ, ვცდილობ, ამოვიცნო, რა ჩიტია. მგონი არ უნდა იყოს ერთი ჩვენთანაგანი, თუმცა არც გადაპრანჭულებს ჰგავს. ვნახოთ, გაირკვევა, მე არსად მეჩქარება, დასაკარგავიც არაფერი მაქვს. ხანდახან მართლაც რა კარგია ნაძირალად ყოფნა, ვერავინ ვერაფერს გამოგრჩება. არც დაცვა გჭირდება, არც არაფერი . . . - ცხელა, მოგწყურდებოდა, - ბოლომდე მოვირგე მასპინძლის როლი, რა იცი, რა ხდება, - შემიძლია წყალი შემოგთავაზო, თუ . . . ღვინო გირჩევნია? ბოლო სიტყვა ცხადია, ხუმრობით ვთქვი, აბა სხვა რა უნდა ყოფილიყო, რა უნდა მეფიქრა . . . მან კი, დალოცვილმა, შემომხედა, მშვიდად, აუმღვრევლად გამისწორა თვალი და . . . ღვინო იყოსო, თქვა. მე თავი დავიქნიე, გავიღიმე (მის სიტყვას, ხუმრობით ნათქვამ სიტყვას გავუღიმე) და ფერდობზე დავეშვი ღვინის მოსატანად. ხუმრობა ხუმრობის წილ; ვალში არ დამრჩენია. ბუჩქნარში ჩვენი საჭურჭლე გვაქვს მოწყობილი; ერთჯერადი ჭიქები, თეფშები აქა - იქ მიმალული და ხელადა, თიხის მოზრდილი ხელადა, გვსიამოვნებს ამ ხელადით ცივი წყლის დალევა, თან ღვინოსაც რომ გაგვახსენებს. ავავსე ხელადა ცივცივი წყლით, შევუდექი ფერდობს, ერთჯერადი ჭიქებიც გამოვაყოლე ხელს, ჩამოვასხი. - მიირთვი - ვუთხარი სტუმარს. მერე ჩემთვისაც ჩამოვისხი. უნდა ვქთვა, ფერი მაშინვე მეცნაურა, რაღაც არაა მთლად წყალივით . . . რა უნდა იყოს . . . იქნებ დაზიანებულ მილს თიხა შეერია. შეიძლება მეჩვენება - მეთქი, გავიფიქრე, აღარ მივაქციე დიდი ყურადღება. მივიტანე პირთან, მოვსვი, გუნებაში მომზადებული მაქვს რამდენიმე სიტყვა, ხუმრობის გაგრძელება, ასე ვთქვათ; მართლა კარგი იქნებოდა ახლა ღვინო, მაგრამ სად არის. ისღა დამრჩენია, წყალი დავლიო და ვიხუმრო. მაგრამ ვერ ვთქვი ეს სიტყვა, ვერაფრით ვერ ვთქვი, ხუმრობა ვეღარ გავაგრძელე . . . რატომ? იმიტომ რომ ღვინო დავლიე, ნამდვილი ღვინო და არა წყალი.. შევხედე ჩემს სტუმარს, უკვე დაულევია თავისი ჭიქა, უხმოდ ზის ჩაფიქრებული. არც მე ვიღებ ხმას. შესახედაობა, ცხადია, მშვიდი მექნება, ამას ყოველთვის ვაერხებ, მაგრამ აი, თავში ფიქრები ქარიშხალივით მიტრიალებენ. ხელადაში ნამდვილად წყალი ესხა, ჩემზე უკეთ ვის ეცოდინება? აკი მე ავავსე საკუთარი ხელით. არც მილში მოდიოდა ღვინო, იქაც დავლიე რამდენიმე ყლუპი წყალი. აქ, ამ ჭიქაში, რანაირად ჩამოვასხი ღვინო? თანაც რა ღვინო, მართლაც სანაქებო. ანდა, ვინ იცის, იქნებ მეჩვენება? მეტად უსიამო ეჭვმა გამკრა, რაღაც ავტოჰიპნოზივით ხომ არ მჭირს? არ ვიცი, ნამდვილად არაფერი ვიცი, მაგრამ სჯობია, ისევ ჩამოვასხა. მეორე ჭიქამ იქნებ ყოველივე გაარკვიოს, ნეტავი რა მოხდება? მეორე ჭიქაც ღვინო იქნება? ჩამოვასხი, (ცხადია, ჯერ სტუმარს დავუსხი) დავლიე, ისევ ღვინოა, თანაც რა ღვინო . . . არა და არა, არ მეშლება, არავითარი ავტოჰიპნოზი. რა თქმა უნდა, მეტად გასაკვირია ეს ამბავი, ჩემი საკუთარი ხელით წყლით ავსებულ ხელადაში ღვინო საიდან გაჩნდა? მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი საოცრებაა, მაგრამ ხმას არ ვიღებ, არაფრით ვამჟღავნდებ ჩემს გაოცებას, და აი, რატომ: ჩვენ, ნაძირალებს, რაღა არ შეგვემთხევა ხოლმე, ხან რას გადავეყრებით, ხან რას. სუფრაც ნაირნაირი გვაქვს ნანახი, ცოცხლებისთვის, მკვდრებისთვის . . . სწორედ ასეთ სუფრასთან მოვხვდი ერთხელ, მიცვალებულისთვის ცალკე გაშალა ჭირისუფალმა, საჭმელი ხომ ბლომად ელაგა (ქეიფი ძალიან უყვარდა თურმე იმ ცხონებულს), ორი მოზრდილი ხელადაც იდო. დამსვეს, საჭმელი მიწილადეს. ჭირისუფალმა ერთერთი ხელადა აიღო მიცვალებულის სუფრიდან და მომაწოდა. მეც მაშინვე მოვსვი ბარაქიანი რამდენიმე ყლუპი. - დიდებული ღვინოა, - ვთქვი მე ტუტუცმა, ხელადა დავდგი, საჭმელს მივეტანე. - ღვინოვო? ჭირისუფალი ქორივით დააფრინდა ხელადას, აიღო, კვლავ მიცვალებულის სუფრაზე დადგა, მეორე ხელადა გადმოდგა ჩემსკენ. თურმე აი, რა: ერთ ხელადაში ღვინო ყოფილა, მეორეში - წყალი. ჭირისუფალს ჩემთვის შეცდომით გადმოუდგამს ღვინიანი ხელადა, წყალი ჰგონებია. რაც უკვე დალიე, ისიც გეყოფაო, - დააყოლა, - თქვენნაირების თავი არ მაქვს, გამოთვრებით და აქაურობას აურევთო. ცოდვა გამხელილი სჯობს, კარგა დიდი დოზა მქონდა მიღებული იქამდეც, სანამ სუფრას მივუჯდებოდი. თუმცა ის ღვინო, ცხვირწინ რომ ამაცალეს, სულ სხვა იყო, იმას არ ჰგავდა, რითაც მანამდე გამიმასპინძლდნენ. მართლაც გამორჩეული ჩამოსხმა გახლდათ, თურმე საგზლად გამიზნული ყოფილა მიცვალებულისთვის. იმის მერე მწარედ დავიფიცე, რაც არ უნდა მოხდეს, თუნდაც მთელი ქვეყანა დაიქცეს, მაინც არაფერი შევიმჩნიო. არა და არა, არაფრით გავამჟღავნო, თუ ოდესმე მსგავსი რამ მოხდება და ღვინოს, ან რაიმე საამო სასმელს მოვიგდებ ხელში. ნაძირალებმა ისიც კარგად ვიცით, რომ ხანდახან ნამდვილი სასწაული ხდება, ოღონდ მარჯვედ უნდა იყო, ხელიდან არ გაგისხლტდეს და რაც მთავარია, ხმა არ უნდა გაიღო. მეც აღარფერს ვიმჩნევ, არანაირი შეკითხვა, გაოცება, ან რაიმე ამის მსგავსი. სრულიად განურჩეველი სახით ვიღებ ხელადას, ვამბობ ორიოდე ფერადოვან სიტყვას და ღვინოს ჭიქაში ვასხამ. - ჩვენც დაგვისხი, - სულ ახლოდან ჩამესმა . . . მოვიხედე, რას ვხედავ: ჩამორიგებულან, ყველანი აქ არიან, ქორივით მიყურებენ ხელებში. ფერხორცზე ვატყობ, არც მათ გაუმართლათ. სულ ცოტა ხნის წინ თვალითაც არ მენახვებოდნენ, ასე უცბად როგორ იკრეს სუნი? ქება - დიდება მათ ალღოს. თუმცა ასეთი ღვინის სურნელი ალბათ მეც მომწვდებოდა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი. ყველა მათგანს უკლებლივ ჩამოვუსხი, ცხადია ჭიქები მაშინვე გააძრეს, დაილოცეს, დალიეს; ოჰ, რა მიამიტი სახეები ჰქონდათ, ვერ გაიგებდი, წყალი დალიეს თუ ღვინო. ჩემზე ნაკლები არც მათ ევლოთ ამ მრავალჭირნახულ მიწაზე. იმდაგვარი ისტორია, რაც მე გადამხდა, ყველა მათგანს ჰქონდა გადახდენილი, არ ეშლებოდათ, როდის რა იყო საჭირო. სვამდნენ ღვინოს, თევზს და პურს აყოლებდნენ, თავშენახულმა ნაბიამ რომ გააჩინა საიდანღაც. ბოლოს და ბოლოს ვისზე ნაკლები ვართ, ვერცერთი გადაპრანჭული ვერ გვაჯობებს ეშმაკობაში. არადა, რამდენს დაგვცინიან, სასმელმა ტვინი ამოგიჭამათ, აღარაფერი გესმითო. ტყუილია, არავიზე ნაკლები განსჯა არ გვაქვს. კვლავ ჩამოვასხი, დალიეს ისევ ისე მიამიტი სახეებით. მერე კიდევ . . . ღვინომ ძარღვებს შეუტია, აჟუჟუნდნენ თვალები, გაფითრებულ სახეებს ფერი მოუვიდათ, ხმის ამოღების სურვილიც გაჩნდა. საინტერესო ამბებიც სწორედ აქედან დაიწყო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ურიკაზე დატვირთულ სასამართლო საქმის ტომებს ეშმაკი რომ აჯდა ზევიდან, მანდ მართლა მაგრად გამეცინა და თან მეტკინა. რა იქნება ის დრო დადგეს, როცა ეშმაკის ნაცვლად ადვოკატი მაგ საქმეებზე ანგელოზს დაინახავს. 5. ძალიან კარგი იყო.
ურიკაზე დატვირთულ სასამართლო საქმის ტომებს ეშმაკი რომ აჯდა ზევიდან, მანდ მართლა მაგრად გამეცინა და თან მეტკინა. რა იქნება ის დრო დადგეს, როცა ეშმაკის ნაცვლად ადვოკატი მაგ საქმეებზე ანგელოზს დაინახავს. 5. ძალიან კარგი იყო.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|