ყველას უსახელომ დაასწრო (აბა, იმას ვინ რას დაასწრებს), თევზი გაღეჭა, პური დააყოლა, მერე ღვინოს კიდევ ერთხელ გაუსინჯა გემო და თქვა: - თევზებზე გამახსენდა; თურმე იმდენი თევზია მდინარეში, რაღაც უამრავი . . . ამ დღეებში ვაპირებთ სათევზაოდ წასვლას, თქვენც მოგართმევთ, - თან სტუმარს უყურებს ცალი თვალით, - იქნებ ისეთი თევზი შემხვდეს, ლაყუჩებში ოქროს სტატირი რომ ექნება ექნება გაჩხერილი. ხედავთ? საიდან სად მოუარა უსახელომ, როგორც იტყვიან, არსად არაფერი ეშლება, უბრალო ვინმე რომ არ გვყავს სტუმრად, ამას მაშინვე მიხვდა. ერთი სასწაული უკვე მიითვალა, წყალი რომ ღვინოდ იქცა, ახლა მეორეც მოინდომა, თევზისა და ოქროს სტატირის სასწაული. ყოველი შემთხვევისათვის, ისროლა ანკესი, რა იცი, ხელს რა მოჰყვება. თანაც ოოოო, რა გამოხმაურება მოჰყვა თევზისა და ოქროს სტატირის იდეას, ერთბაშად ყველას გაგვიჩნდა სათქმელი. მთავარი იყო, ზედმეტი არაფერი წამოგვდენოდა, რათა სასწაული არ გაგვსხლტომოდა ხელიდან, დანარჩენს ვინ დაეძებდა. უსახელოს პირველი ნაბია გამოეხმაურა, თევზაობასთან დაკავშირებით მეც ერთი რამ გამახსენდა; აჯობებს ანკესი კოსმოსში ვისროლოთო, თქვა. დედამიწის ირგვლივ უამრავი თანამგზავრი დაეხეტება. ზოგი მათგანი თავის ნებაზეა მიშვებული, აღარავინ მართავს, არც არავის სჭირდება. სწორედ თევზებს გვანან, ოღონდ კოსმოსში ტივტივებენ მდინარის ნაცვლად. იქ მათი ნამსხვრევებიც მრავლადაა, თვლა არა აქვთ, იმდენნი არიან. ნამდვილად ვიცი, ძვირფას მეტალებს შეიცავენ. ტელევიზორში საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. ზოგი მათგანი მთლიანად ოქროსია, ზოგიც ლალის კრისტალებს დაატარებს თან. როგორმე უნდა მივწვდეთ, დედამიწაზე ჩამოვიტანოთ ის ძვირფასი ნამსხვრევები. ლალის კრისტალებს დიდი ფასი აქვთ. არა უშავს, თუ უბრალო ნატეხებიც გამოერევა, ჯართში ჩავაბარებდით . . . ასე და ამგვარად, გაუტია და გაუბერა ნაბიამ. მისი აზრით, სულ ადვილი უნდა ყოფილიყო ჩვენი სტუმრისთვის, ვაშლებივით დაეკრიფა ძვირფასი ნამსხვრევები, კოსმოსში თევზებივით მოტივტივე. იმისთვის რა იყო შეუძლებელი, ვინც წყალი ღვინოდ აქცია. ძველთაძველი ჭეშმარიტებაც შესანიშნავად იცის ქვეშქვეშა ნაბიამ, ბევრი მოითხოვე, იქნებ ცოტა მაინც შეგხვდესო. თვალჭყეტია დიდი ყურადღებით უსმენდა ნაბიას, თან თვალებს კიდევ უფრო ფართოდ აჭყეტდა, რაღაცით ძალიან იყო შეშფოთებული, თუმცა ხმას არ იღებდა, ერიდებოდა ნაბიას და როცა ნაბიამ, მრავლისმეტყველად თვალებმინაბულმა განაცხადა, მაგ საქმეს ნუღარ გადავდებთ, კოსმოსურ სივრცეში დროზე ვისროლოთ ანკესიო, თვალჭყეტიამ ვეღარ მოითმინა, წამოდგა და ნაბიას ყურში უჩურჩულა: - კოსმოსში ხომ უცხოპლანეტელები დაფრინავენ, ვაითუ შემთხვევით იმათ მოვსდოთ ანკესი. პასუხად ნაბიამ ხმა ჩაიწყვიტეო - დაუსისინა, თან თვალები დაუბრიალა (ჰმ) ვითომ დაუბრიალა. მათ ყურებას მართლაც არაფერი სჯობდა. კიდევ ერთი ჭიქაც და . . . ჩვენმა ფანტაზიამ ფრთები კიდევ უფრო გაშალა, ყველამ კარგად ვიცოდით, ახლა უკვე მეტად მრავალფეროვან იდეებს შევთავაზებდით ჩვენს ძვირფას სტუმარს. მას, ვინც ასეთი ღთაებრივი ნექტარით დაგვასაჩუქრა, ბევრად მეტი ხელეწიფება. ჩვენგან რა მიდის. ჩვენსას ვიტყვით, ვინ იცის, ხელს რა მოჰყვება. აბა, თქვით, ხმა ამოიღეთ, დააკაკუნეთ, დარეკეთ, კარი გაიღება. კინაღამ ყველაფერი გააფუჭა ფირფიტამ. გულში წიგნჩახუტებულმა თავისი საწუხარი გაუმხილა ჩვენს სტუმარს. ზღაპარი მოკვდაო, - სწორედ მას უთხრა, ჩვენსკენ არც კი იყურებოდა. რეალობამ, შეიძლება ითქვას, პირდაპირ გადაუარა ზღაპარს, მისგან აღარაფერი დატოვა, არადა ადამიანს უზღაპროდ რა ეშველება, ნამდვილად არ ვიციო. ზღაპარი, ეს იავნანაა ადამიანის სულისათვის. ჯადოსნური წყაროა, რომელშიც სიტყვები ოქროს თევზებივით დაცურავენ. სიტყვა სწორედ ზღაპრიდან იღებს სასიცოცხლო ძალას, თუ წყარო დაშრა, თევზებიც დაიხოცებიან . . . კანტიკუნტამ ფირფიტას სიტყვა ჩამოართვა, თუმცა ფირფიტა აღარც აპირებდა რაიმეს თქმას, ზეზეულად ჩამოეძინა გულში ჩაკრული წიგნით. ასე იცის ხოლმე, შუა საუბარში წაართმევს ძილი თავს, ერთ პირს გამოიძინებს, რაც დიდხანს არ გრძელდება, მერე ისევ შემოგვიერთდება. - მოკვდეს ზღაპარი, თუ სიკვდილი უწერია, - მსაჯულის ულმობელი ტონით განუცხადა კანტიკუნტამ, - სუსტები იღუპებიან, ძლიერები გზას აგრძელებენ, ასეთია ბუნების კანონი. დღევანდელმა რეალობამ შორს გაუსწრო ყოველგვარ ზღაპარს, აქედან გამომდინარე, ჩვენგანაც რაღაც ახლებურ მიდგომას მოითხოვს. აქ კანტიკუნტამ მრავალმნიშვნელოვანი პაუზა გააკეთა, მერე ხელები ფართოდ გაშალა . . . ძალიან კი მოუხდებოდა სამართლის მსახურთა მანტია, თმაც პარიკივით უფრიალებს, მგონი ჯერ არ მითქვამს, ხშირი თმა აქვს, ზომიერად დატალღული. - უფლებანი და მოვალეობანი - აი, ესაა მთავარი, - დიდის ამბით განუცხადა ფირფიტას, - ჩვენ, ნაძირალებსაც გვაქვს ჩვენი უფლებები, - აქ კანტიკუნტამ ყველა სათითაოდ მოგვათვალიერა, - და ისინი ერთი წამითაც არ უნდა დავივიწყოთ. ჯერ ერთი, ჩვენს გვაქვს სიცოცხლის უფლება, ისე, როგორც ყველას დედამიწის ზურგზე. ვერავინ გაბედავს ამ მხრივ ჩვენს წინ დადგეს, ვინც არ უნდა იყოს იგი; მეფე იქნება თუ იმპერატორი, თუ მაგნატთა მაგნატი. მეორეც: შეგვიძლია ვიაროთ, სადაც გვინდა და რამდენიც გვინდა, არსად შემხვედრია წარწერა, ნაძირალები არ დაიშვებიანო, არც ქალაქში, არც სოფელში, არც ბაღში, არც რომელიმე სახლის შესასვლელში. დედამიწა ჩვენც გვეკუთვნის, როგორც მის სრულუფლებიან მემკვიდრეებს, აქ არაფერია სადავო.
ერთი უყურეთ ამ ენადგატლეკილ კანტიკუნტას, რა კარგად გამოიყენა ჩემი მიგნება (გნებავთ აღმოჩენა). ეს მე, ძველმა კინორეჟისორმა დავინახე, შევამჩნიე, გავიაზრე, რომ არსადაა წარწერა: „ნაძირალები არ დაიშვებიანო“, რომ მთელი დედამიწის სივრცე ღიაა ჩვენთვის, ქუჩები, ბაღები თუ სახლები. დიახ, ეს მე აღმოვაჩინე, მერე ყველას გავუზიარე იგი, როგორც ჭეშმარიტ შემოქმედს შეეფერება, კანტიკუნტამ კი, ამ უსინდისო პლაგიატმა, ხელზე დაიხვია ჩემი აღმოჩენა და თავისას მიერეკება. - მაგრამ, აი, დადგა დრო, კოსმოსური სივრცის შესახებაც დავფიქრდეთ. საკითხი მეტად მწვავედ დგას. როგორც მეცნიერი თავები ამბობენ, დედამიწა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება სიცოცხლისათვის გამოუსადეგარი გახდეს, მისი დატოვება მოგვიხდესო. ყურები გამოგვიჭედეს კატასტროფებზე ლაპარაკით, ეკოლოგიით . . . და რავიცი, კიდევ რა და როგორ. ჰოდა, ძალიან მაინტერესებს, ჩვენი, ნაძირალების საქმე როგორ იქნება? ხომ არ დაგვტოვებენ დედამიწაზე, რომ მასთან ერთად დავიღუპოთ. არადა, მშვენივრად ვიცი, არც კოსმოსური სივრცეა დახურული ნაძირალებისთვის. არც იქ იქნება მინიშნება, ნაძირალები არ გაჭაჭანდნენო. საკუთარი თავის წარმოჩენა ყოველთვის ეხერხებოდა, ახლა კი შეიძლება ითქვას, საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა. მეტი აღარ შეიძლება, ისე თავმომწონეობს კანტიკუნტა . . . ჰმ . . . ძვირფასი სტუმრის ხათრით. ცრემლიც კი გაურია ხმაში, როდესაც შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: „კოსმოსი ღიაა ნაძირალებისთვის, მაგრამ როგორ მივაღწიოთ იქამდე? ვინ დაიცავს კოსმოსში ჩვენს უფლებებს?“ ამის მერე კი, არც მეტი, არც ნაკლები, ადგილები მოითხოვა ნაძირალებისთვის იმ კოსმოსურ ხომალდზე, რომლითაც ადამიანები ერთ მშვენიერ დღეს დედამიწას დატოვებდნენ, თან მეტად კატეგორიული ტონით განაცხადა: ნაძირალებს შორის ვინმე ისეთიც უნდა ერიოს, რომელიც კანტის მოძღვრების მცოდნე იქნებაო. და, აჰა, დატკბით, რა ურყევი საბუთებით გაამაგრა თავისი კატეგორიული მოთხოვნა: - ჩვენ, ადამიანები, დიდი ხანია ვცხოვრობთ დედამიწაზე, ამდენად, ჩვენი აზროვნებაც მიწიერია, ანუ, მორგებადია ამ რკალზე, რომელსაც დედამიწა აღწერს მზის გარშემო. ამ რკალიდან შევყურებთ მთელ სამყაროს, ყოველივეს მის მიღმა ან გადმოღმა აღვიქვამთ. კანტის კატეგორიული იმპერატივიც სწორედ ამ რკალის წიაღში იშვა (კანტის გარეშე როგორ გაძლებს). ახლა კი ვთქვათ, დავტოვეთ დედამიწა, გადავსახლდით სხვა ცთომილზე, თუნდაც მარსზე, როგორც ვიცით, მარსი უფრო ფართო რკალს აღწერს მზის გარშემო. ჰოდა,. რა მოუვა ჩვენს გონებას, როდესაც იგი უფრო ფართო რკალზე გადაინაცვლებს? ცხადია, შეიცვლება, მაგრამ როგორი იქნება ეს ცვლილება? მიწიერი ჭეშმარიტებანი როგორ წარმოჩინდებიან ასეთ შეცვლილ პირობებში, თუ შეინარჩუნებს თავის ღირებულებას კანტის კატეგორიული იმპერატივი . . . აი, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, ნაძირალებს შორის კანტის კატეგორიული იმპერატივის მცოდნეც ერიოსო, დაასკვნა კანტიკუნტამ. საინტერესოა, კანტის მოძღვრების მცოდნე როგორ მოერგება უფრო გაფართოებულ რკალს. მერე დააყოლა: რაღა შორს წავიდეთ, აგერ, თქვენს წინაშე ვდგავარ, კანტის მოძღვრება, შეიძლება ითქვას, ჯიბეში მიდევს, ჩემი ძმაკაცი ნაძირალები დამემოწმებიან - თან ჩვენ გადმოგვხედა. ჩვენც რაღა დაგვრჩენოდა, თავის დაქნევით დავადასტურეთ ეს უცილობელი ჭეშმარიტება. ამის მერე კანტიკუნტამ სასწრაფოდ დააძრო ჯიბიდან საბანკო ანგარიშის ტალონი. კაცმა არ იცის, რა სასწაულით გადარჩენილ - შემორჩენილი. ცხადია, სრულიად სუფთაა, იმ გაგებით, რომ გროშიც არ იდო ანგარიშზე და იქვე ამცნო ძვირფას სტუმარს, ამ ანგარიშზე ახლავე შეიძლება იმ თანხის დარიცხვა, რომელიც კოსმოსში ჩემს გამგზავრებას დასჭირდებაო. რიკოშეტიც ამას ჰქვია. აფერუმ, კანტიკუნტა! სიტყვა რომ დაასრულა, წამით სიჩუმე ჩამოვარდა. მისი სიტყვა ნაძირალებზე მომნუსხველად მოქმედებდა ყოველთვის, იგრძნობოდა ძველი სამართლის მცოდნე, მერე ამ სიჩუმეს თვალჭყეტიას ხმაც შეერია. - კოსმოსში ღვინოც დაგვჭირდება, - თქვა და ხელადას დასწვდა, რომელიც თურმე დაცლილიყო ამდენ ლაპარაკში, ღვინის მოსატანად წააცუხცუხა. თვალჭყეტია, როგორც ყოველთვის, შეუდარებელი იყო.
* * *
მაინც რა დაუზარელი ყოფილა მთელი ჩვენი საძმაკაცო: დაიცლებოდა თუ არა ხელადა, რომელიმე ჩვენთაგანი გარბოდა მის ასავსებად. დაზიანებული მილიდან ძველებურად მოჩქეფდა წყალი, ხელადიდან ღვინო და ეს აღარავის უკვირდა, არც მე, რა თქმა უნდა. არანაირი შეკიტხვა არ გვიჩნდებოდა ამასთან დაკავშირებით. „საიდან, როგორ, რანაირად . . .“ ეს სიტყვები ყველამ ერთად დავივიწყეთ. „თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოს“, ხომ არ ჩამოვრჩები ჩემს ძმაკაც ნაძირალებს; მეც დავაკაკუნებ, დავრეკავ, მთელი ხმით ვიყვირებ . . . თანაც, ძალიან კარგად ვიცი, სად დავაკაკუნებ, უკვდავების კარზე, აი, სად! უწინარეს ყოვლისა კანტიკუნტას უნდა ვუპასუხო . . . - კანტიკუნტას მეტად ფართო არეალი გააჩნია საკუთარი აზრებისათვის - წამოვიწყე და კანტის მოტრფიალე ნაძირალას თვალი გავუსწორე, - ისიც კი აინტერესებს, როგორ იმუშავებს მისი ტვინი მარსზე. ვეთანხმები, ეს მართლაც ძალიან საინტერესოა, იქნებ გავამგზავროთ იქ. თუმცა მე უფრო უკეთესი იდეა მაქვს: აჯობებს, მისი ტვინი გავაგზავნოთ მარსზე, თვითონ დედამიწაზე დარჩეს. ტვინის კონსერვაცია სულ უბრალო რამაა დღევანდელი უმაღლესი ტექნოლოგიებისთვის. აი ასე გავუსწორდი კანტიკუნტას. ამის მერე კი ხმას შევუმაღლე, (როგორც ძველმა კინორეჟისორმა) რიხიანად გამოვუცხადე, ყური კარგად დამიგდეთ, მიზანსცენა უნდა გამოვაცხადო - მეთქი. ძმაკაცებმა შეღვინიანებული თვალები მომაპყრეს კანტიკუნტას გამოკლებით, ხაზგასმულად გვერდზე იყურება. აბა, რა ეგონა, ჯერ სად არის. - დღეს ჩვენ სტუმარი გვყავს, მეტად სასურველი სტუმარი - წამოვიწყე იმით, რაც ენაზე მომადგა, - ჩვენ კიდე წუთისოფლის სტუმრები ვართ. რა გამოვიდა? სტუმრების სტუმარი. თუმცა, მე თუ მკითხავთ, მასპინძელს უფრო ჰგავს. ეს იქით იყოს, მთავარი სხვაა: ჩვენ გვინდა ჩვენი სასურველი სტუმარი მუდამ ჩვენთან იყოს, ხომ ასეა? ნაძირალებმა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნიეს, ნაბიამ სიტყვა დაადევნა, მაგისთანა სტუმარი ვის არ უნდაო - თქვა. - წუთისოფელს კი ჩვენ არ ვუნდივართ, - გავაგრძელე მე, - უფრო სწორად: დროებით ვუნდივართ. მოაწევს ჟამი, ჩაგვავლებს ხელს ქეჩოში, სრულიად უბოდიშოდ გვერეკება, კაცმა არ იცის საით. ეს წუთისოფლის მიზანსცენაა, მისი ბოლო სიკვდილია, სამწუხაროდ ჩვენ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია. ცოტა ხნით გავჩუმდი. სიკვდილის გარდუვალობის განცდამ მე თვითონვე შემაწუხა. ფირფიტამ შემაწია ხმა, თუ კნავილი, (კატასავით წვრილი ხმა აქვს) წუთისოფლის მიზანსცენას შეეშვი, მაინც ვერაფერს გამორჩები, შენი გვითხარიო.
ეჰ, ნაძირალები ვუსმენთ ერთმანეთს, აბა სხვა ვინ მოგვისმენს, თუ არა, ისევ ჩვენნაირი. სხვები (იგულისხმება რაღაცით ჩვენზე მაღლამდგომი) არც გვისმენენ, არც ხმას გვცემენ, ვერც კი გვამჩნევენ. თუ იძულებულნი გახდნენ, რამე გვითხრან, მაშინაც სადღაც ჩვენს მიღმა იყურებიან. ასეთია ნაძირალათა ხვედრი ამ მზის ქვეშ. ეს ხშირად შეგვიჩივლია ერთმანეთისთვის. თვალჭყეტიასაც ყური მოუკრავს და რომ იცოდეთ, რა საოცარი დასკვნები გააკეთა. მოაწევს დრო, მასაც მოისმენთ. დიდად საყურადღებო რამაა, მის თავში ხომ ყოველივე რაღაც განსაკუთრებულად გადაიხარშება ხოლმე. მთავარ სათქმელს ვუბრუნდები: ჩემი მიზანსცენა გაშლილი სუფრაა, რომელსაც არანაირი სიკეთე არ აკლია. (ათვალწუნებით გადავხედე ჩვენს სუფრას, თევზისა და პურის ამარა დარჩენილს. სამაგიეროდ ღვინო გვაქვს დიდებული) სუფრაზე ორი ხელადა დგას ზუსტად ერთნაირი . ვიღებ ერთერთს, დავისხამ, დავლევ. - დიდებული ღვინოა - ვამბობ, ნეტავი რა მრჯიდა, მაშინვე ამაცალეს ეს ღვინიანი ხელადა, მეორე დამიდგეს. იმ მეორეში თურმე წყალი ესხა და სწორედ ის იყო ჩემთვის, (ანუ სტუმრისთვის) განკუთვნილი. ეს ხომ შენი საკუთარი თავგადასავალია, - ნაბიას ხმა ჩამესმა. - ჰო,ასეა, ყველა მიზანსცენა სწორედ საკუთარი თავგადასავალიდან იკერება. ერთი სიტყვით, ღვინო ამაცალეს, წყალი დამიდგეს სანაცვლოდ. მე ასეთ სუფრასთან აღარაფერი მესაქმება, ვდგები და მივდივარ. კი, მაგრამ სად მივდივარ? აბა, ამას რა დიდი ხაზი და ლარი უნდა, სად შეიძლება ნაძირალა მიდოდეს. ისევ გაშლილი სუფრის საძებნელად. ჰოდა, მივაგენი კიდეც, ბევრი ვიარე, თუ ცოტა, ხომ გსმენიათ: ეძებე და ჰპოვებდეო. მივუჯექი სუფრას; ჩიტის რძე არ აკლიაო, სწორედ ამაზე იტყვიან. ვხედავ, აქაც ორი ხელადა დგას, ზუსტად ერთნაირები. ვიღებ ერთერთს. ცარიელი გამოდგა, მსუბუქად აჰყვა ხელს, მაშინვე მოვიშორე, დავდგი თავის ადგილას. ვიღებ მეორეს, ისიც ცარიელია . . . ეს უკვე აღარ მომწონს, ვერანაირი ჩიტის რძე ვერ გადასწონის ცარიელ ხელადას. - ხელადები ცარიელია! - ვყვირი მთელი ხმით, - ვინმემ აავსოს. პასუხად კი აი, რა ჩამესმა: - ეს ხელადები სწორედ შენ დააცარიელე. მივიხედ - მოვიხედე, თავი კარნავალზე მეგონა. ვინ აღარაა ჩემს გევრდით. ყველა ცოცხალი არსება აქაა, რაც კი ოდესმე გაჭაჭანებულა დედამიწის ზურგზე, ცხადია, ადამიანების ჩათვლით. მერე რა მხიარულებაა, ენით არც აიწერება. მე კი, აბა რა გამამხიარულბს, ორივე ხელადა ცარიელია, გესმით? ორივე. წვეთი ღვინოც არ დგას რომელიმე მათგანში. ამ დროს კი უკვე დალიეო, მეუბნებიან, ნეტავი როდის, ვერ გამიხსენებია. არც ამ სუფრაზე მესაქმება რამე, ვდგები და მივიდვარ. ძალიან უგუნებოდ, უფრო მეტიც: გაბრზებული ვარ. რატომ იდგა ორივე ხელადა ცარიელი, ვის გაუგია ჩვენში ასეთი რამ. თანაც, ჰმ, უკვე დალიეო, მეტი მასხრად აგდება რაღა იქნება? და აჰა, ისევ ვიპოვე გაშლილი სუფრა, მთავარია ძიება არ შეწყვიტო, რას აღარ იპოვი. აქაც საოცარი სიუხვეა ყოველგვარი სიკეთისა, არც კი იცი, საით გაიხედო და აქაც ორი ხელადა დგას, ორივე ზუსტად ერთნაირი. ეჭვის თვალით შევყურებ ორივეს, დიდი გამოცდილება დამიგროვდა. - მინდა წინასწარ ვიცოდე, რომელ ხელადაში რა ასხია, - ვამბობ ხმამაღლა, ჭკუა უკვე ვისწავლე. - ერთში წყალი ასხია, ოღონდ ჩვეულებრივი არ გეგონოს, უკვდავების წყალია, - ჩამესმა პასუხად. მივიხედ - მოვიხედე. აქაც ჭრელი კარნავალია, ოღონდ ნამდვილი კარნავალი წინანდელისგან განსხვავებით. ჭრელი გუნდი მახვევია ირგვლივ. თანაც რა ნაირგვარი ნიღბებია: რაც კი დედამიწაზე ცოცხალი არსება გაჭაჭანებულა, ყველა მათგანი ამ ნიღბებშია გაცოცხლებული. ვიცი, ამაო იმედია, მაინც ვათვალიერებ რომელი ნიღაბი მელაპარაკება? ეჰ, ასედაც ვიცოდი. რას ამოიკითხავ ნიღაბზე, თვითონ თუ არ გაამჟღავნა თავი. ამის სურვილს კი ნამდვილად ვერ ვამჩნევ რომელიმეს. მერე როგორ მხიარულობენ, ჭრელი კარუსელივით ტრიალებენ ჩემს ირგვლივ, მარტო მე ვზივარ დაძმარებული. - მეორეში რაღა ასხია? - ვკითხულობ ხმამაღლა, მინდა აქედანვე ვიცოდე, რასთან არის დაწყვილებული უკვდავების წყალი. - მაგას მხოლოდ იმის შემდეგ გაიგებ, როდესაც პირველ ხელადას დაცლი, - ასეთი იყო პასუხი. ვხედავ, საშველი არაა. ნიღბები გარკვეულ პასუხს არ მაღირსებენ. ან ორივე ხელადა ერთად უნდა დავლიო, ან ორივეზე ერთად უნდა ვთქვა უარი. ერთი კარგად უნდა დავფიქრდე, ისე არაფერს ვიღონებ. საკმაოდ გრძელი გზა გამოვიარე, სულაც არ ყოფილა იოლი გზა, უკვე ვხვდები რაღაც რაღაცეებს, სამი გაშლილი სუფრა ყოველგვარი სიკეთით სავსენი, ერთად დალაგდნენ ჩემს თვალსაწიერზე. იმ სუფრით დავიწყოთ, სადაც სრულიად ცარიელი ხელადები იდგა, თანაც მამუნათებდნენ, უკვე დალიეო. დიახ, მე დავლიე ისინი, ახლა უკვე ვიცი; ერთში წყალი ესხა,მეორეში ღვინო, ანუ სიცოცხლე და სიხარული ერთად დაწყვილებულნი. წყალი სიცოცხლეა, აი, ბიბლიაც ღაღადებს: „სიცოცხლის წყალი“, ღვინო კი, თქმა არ უნდა, სიხარულია. იქ გზის დასაწყისია, სიცოცხლე და სიხარული განუყოფელნი არიან, მათ ვერავინ განაცალკევებს, ამიტომ ვერც ვერავინ ამაცლის ცხვირწინ ღვინით სავსე ხელადას; და მეც თავს არ ვგრძნობ მფრთხალი სტუმარივით, მე ამ სუფრაზე მასპინძელი ვარ. მეორე სუფრა კი, ჩვენი ახლანდელი ყოფაა, ანუ გზის შუაგული. ეჭვით სავსე თვალით შევცქერი პირთამდე სავსე ორ ხელადას. კარგად ვიცი, ერთში წყალი ასხია, მეორეში ღვინო, მაგრამ ეს ცოდნა არაფრად მარგია. მე აქ სტუმარი ვარ, მფრთხალი, უგერგილო სტუმარი, არ ვიცი როდის ამაცლიან ცხვირწინ მდგარ ღვინიან ხელადას, ძალიან, ძალიან მეშინია მისი დაკარგვის, მეტი რომ აღარ შეიძლება, ისე. იმის შიში ცალკე მიხეთქავს გულს, ვაითუ ეს წყალი მიცვალებულის საგზალია, ეს მიცვალებული კი სწორედ მე ვარ. ერთი სიტყვით, მტერს არ ვუსურვებ, ისეთ დღეში ვარ. საშიშროებათა მთელი გორგალი მეხვევა თავზე. არც კი ვიცი მათგან რომლის უფრო მეშინია, ის კი ნამდვილად ვიცი, ამ სუფრაზე თავს მასპინძელივით ვერასოდეს ვიგრძნობ, ამიტომაც აქ ჩემთვის ყველაფერი მოწამლულივით უგემურია. ისევ მესამე სუფრასთან დავბრუნდით. აქ როგორღაა საქმე? რა შემიძლია ვთქვა განვლილი გზისგან დაბრძენებულმა. ვინა ვარ მე აქ, მფრთხალი სტუმარი, კრინტსაც რომ ვერ დაძრავს, თუნდაც თავზე დაამხონ ღვინიანი ხელადა, თუ მასპინძელი, ბუზსაც რომ ვერ აუფრენს ვინმე. არ ვიცი, მეტისმეტად გაურკვეველია ეს ყოველივე. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: აქაც სტუმარი ვარ, ოღონდ დიდი სურვილი მაქვს მასპინძლად ვიქცე. ჰოდა, ახლა დიდ გაუგებრობაში აღმოვჩნდი. ერთხელ უკვე ვიყავი მასპინძელი, ოღონდ ამ ძნელი გზის დასაწყისში. იქ ვეღარ დავბრუნდები, უკვე მეტისმეტად დავშორდი. აქ კიდევ ათასგვრი ეჭვები მიპყრობს: რას მომიტანს უკვდავების წყლის დალევა. თავს მასპინძლად ვიგრძნობ ამ სუფრაზე თუ ისევ მფრთხალ სტუმრად დავრჩები, მუდამ რაღაც ცუდის მოლოდინში რომაა. ეს „რაღაც ცუდი“ უწინარეს ყოვლისა, სიკვდილის შიშია, სწორედ მან შვა უკვდავებაზე ოცნება, მისკენ მივისწრაფვით მთელი არსებით, მაგრამ, აი, რა არის უკვდავების საპირწონე, რა ასხია მეორე ხელადაში, იქნებ ეს ისეთი უკვდავებაა, სიკვდილს რომ განატრებინებს. გავჩუმდი, გადავხედე ნაძირალებს, მაინცდამაინც არ მომეწონა მათი ცხვირპირი. მგონი მათი აზრები სადღაც სხვაგან დაჰქრიან, განსაკუთრებით თვალჭყეტია. ვითომ ჩემსკენ იყურება, ამ დროს თვალღია სძინავს, კარგად ვიცნობ მაგ ნაძირალას. მეც მოკლეზე წავედი. - ჩემი მიზანსცენა ასეთია: სიკვდილი უნდა დავამარცხო, მე მეშინია სიკვდილის, თქვენ? ნაძირალებმა შემომხედეს. ამ სიტყვამ ნაღდად იმოქმედა მათზე, ვის არ ეშინია სიკვდილის? - ჩვენც გვეშინია - თქვეს ერთხმად. - მე მინდა უკვდავი ვიყო, თქვენ თუ გინდათ? - გვინდა, გვინდა - ერთხმად აყვირდნენ. - ძალიან კარგი. ამაში შევთანხმდით. მაგრამ, აი, როგორი უკვდავება გვინდა, ესაა საკითხავი. რად გვინდა რაიმე უსახო, მოსაწყენი . . . - ნამდვილად არ გვინდა. - ვთქვათ და გრანიტის ქანდაკების მსგავსი, სასაფლაოებზე რომ უდგამენ გარდაცვლილებს. - არა, ასეთი უკვდავება ნამდვილად არ გვინდა. - ანდა ისეთი, დაძენძილ პერგამენტს რომ შემორჩენია და ძლივს რომ ამოიკითხავ; თან ობის სუნიც რომ ასდის. - არა, არა, არ გვინდა. - ჰო, ნამდვილად არ გვინდა. ჩემს მიზანსცენაშიც მსგავსი არაფერია, ჩვენ გვინდა უკვდავება, მაგრამ მძიმე და მოსაწყენი კი არა, არამედ ნათელი, ლაღი, ფრთებგაშლილი უკვდავება. ასე ვთქვათ, ღვინოსავით მხიარული. ნაძირალები ერთხმად აყიჟინდნენ. განსაკუთრებით სწორედ ეს მოეწონათ. - ჰო, ჰო, სწორედ ეს გვინდა, ღვინოსავით მხიარული უკვდავება, სხვანაირს რა თავში ვიხლით . . . რა ჭკვიანები ვართ არა? ჩვენ, ნაძირალები. არავითარი ძვირადღირებული ექსპერიმენტები, უმაღლესი ტექნოლოგიები, არავითარი ღეროვანი უჯრედები და ქრომოსომები . . . და რა ვიცი, კიდევ რა . . . ჩვენს ძვირფას სტუმარს ალბათ ხელეწიფება, გვაჩუქოს უკვდავება. რატომაც არა? თუ ასეთი დიდებული ღვინო გაიმეტა, იქნებ არც უკვდავებაზე დაგვწყვიტოს გული . . . - ღვინო აღარაა, ჩამოასხით, - ჩამესმა უცხო სტუმრის სიტყვა. თურმე ხელადა დაცლილიყო ამდენ ლაპარაკში. მოვაცუხცუხეთ ღვინო, დავლიეთ, განსაკუთრებით საამო გვეჩვენა . . . აქ რა იყო გასაკვირი; ჩვენ ხომ ღვინო და უკვდავება დავაწყვილეთ. სწორედ ამ დროს ფირფიტა ჩაგვეჩხირა თავისი ეშმაკებით, ერთი პირი გამოიძინა, ახლა ისევ დაგვიბრუნდა, აიჩემა, ზღაპარი უნდა გიამბოთ, იმათ რომ გამოძერწესო . . . თავის უწყინარ ეშმაკებს გულისხმობდა, სიტყვებს რომ აგუნდავებენ თოვლის გუნდებივით, იქედან კიდევ რაღაცრაღაცეებს ძერწავენ. დიდი სურვილი არ გვქონდა ფირიფტასთვის მოგვესმინა, მაგრამ ვერაფრით ვერ შევაჩერეთ, ისეთი კნავილი ატეხა, კატების კონცერტი გეგონებოდათ; ყველა თავისებურად თავმომწონეობს ძვირფასი სტუმრის წინაშე. ამ ცდუნებას ვერც ფირფიტა გადაურჩა.
აი, ეს ზღაპარიც:
- ერთხელ თურმე არსთა გამრიგემ ჩამოუარა დედამიწას. გეცოდინებათ, ალბათ, მთელი სამყარო მისთვის საკუთარი ბაღივითაა, ხელი ყველგან მიუწვდება. შედგა, დედამიწას (და მთვარეს მასთან ერთად) მიაპყრო მზერა. - ეცადეთ, თქვენც დაინახოთ, - გვეუბნება ფირფიტა. ძალიანაა მონდომებული, ყველაფერი ისე დავინახოთ, როგორც თვითონ წარმოუდგენია, - ერთ მხარეს დედამიწა ჰკიდია სივრცეში, დიდი, ლამაზი, ბუთხუზა ბურთი, - აქ ფირფიტამ მარჯვენა ხელი გაშალა ხელისგულით ზემოთ, თითქოს დედამიწის ბურთი ედო მასზე. - საპირისპირო მხარეს მთვარე გამოკიდებულა სივრცეში, ცოტათი ზემოთ, - ფირფიტამ მარცხენა ხელი აღმართა, მერე ჩვენ შეგვათვალიერა, - ხომ გასაგებია? ყველანი თავს ვუქნევთ. - დედამიწის ბურთს ჩრდილი დასთრევს უკან, სივრცეში კონუსვით განფენილი. ყველაფერს და ყოველივეს, ალბათ იცით, ჩრდილი დაჰყვება თან, ოღონდ კოსმოსში არ ჩანს. იქ ხომ ცა ღამესავით შავია. მხოლოდ ვარსკვლავებს არ აქვსთ ჩრდილი, თუმცა ეს სხვა ზღაპარია. სხვა დანარჩენი კოსმოსური სხეულები: ცთომილები, ასტეროიდები, თუნდაც სულ პატარა მეტეორები კუდებივით თან დაატარებენ თავიანთ ჩრდილებს. შეათვალიერა არსთა გამრიგემ დედამიწა, როგორც ყოველთვის, ახლაც მოიხიბლა მისი საოცარი სილამაზით. ცხადია, დედამიწის ჩრდილიც კარგად დაინახა, სივრცეში კონუსივით განფენილი. კოსმოსური სივრცის სიშავე ამაში ხელს ვერ შეუშლიდა, მერე მთვარეც შეათვალიერა მომაღლოდ ცაში გამოკიდებული. წამით დაფიქრდა, რაღაც ინიშნა ცთომილისა და მისი თანამგზავრის ურთიერთგანლაგებაში. მერე თქვა, ისეთი სანახაობის მოწმე გავხდი, რომლის წარხოცვა არ ეგებისო, ხელი აღმართა, სივრცეში რაღაც გამოუცნობი სხეული გამოსახა, ზუსტად ისე, როგორც ჭინკები ძერწავენ რაღაც უცნაურ სხეულებს წიგნის დაშლილი სტრიქონებიდან. - . . . და იმავ წამს, დედამიწაზე თავისი მძიმე ნაბიჯი დაადგა დიპლოდოკმა. - ხომ იცით დიპლოდოკი? - კითხვის თვალით შემოგვხედა ფირფიტამ. - ვიცით. - . . .მეტად საინტერესო ვინმეა, ძალიან დიდი, მძიმე სხეული აქვს, არ მახსოვს, რამდენ ტონას იწონის, ასევე მძიმე, დიდი, მოუქნელი კიდურები. აი, სწორედ ეს გახლავთ არსთა გამრიგეს მიერ სივრცეში აღწერილი, ერთი შეხედვით ყოვლად უცნაური სხეული. იგი სრულიად იმეორებს იმ სურათს, რომელიც იმ წამში დაინახა არსთა გამრიგემ და წარუხოცელი უწოდა კიდეც. სხეული მისი, თავისი მძიმე კიდურებიანად, დედამიწას გამოსახავს. თავი მთვარეა, სხეულის მიმართ მომაღლოდ მსუფევი. უსაშველოდ წაგრძელებული კისერი, ეს გახლავთ მანძილი დედამიწიდან მთვარემდე. ხოლო მისი საოცრად გრძელი, კონუსური ფორმის კუდი სწორედ რომ ჩრდილია, დედამიწა თან რომ დაატარებს კოსმოსურ სივრცეში და რომელიც ჩვენთვის უხილავია, მაგრამ აბა, არსთა გამრიგეს რა დაემალება. - ეს ზღაპარი იმათ გამოძერწეს ჩემ თვალწინ, - ასე დააბოლოვა ფირფიტამ. გასაგები იყო, თავის უწყინარ ეშმაკებს თუ ჭინკებს გულისხმობდა, წიგნის სტრიქონებს რომ შლიან, აბურთავებენ და მერე ახლებურად ალაგებენ.
კანტიკუნტამ დიდი ყურადღებით მოისმინა დიპლოდოკის ზღაპარი, თან როგორც ეტყობოდა, თავის საფიქრალსაც ფიქრობდა. მერე კი ჩვენც გაგვიზიარა. - კუდი ხომ ყველა ცხოველს აქვს, - თქვა მან, გამოდის, ყველა იმეორებს დიპლოდოკს, ოღონდ სხვადასხვა პროპორციებით. მაგრამ აი, ადამიანის შესახებ რა ითქმის? ისიც ცხოველია, გარკვეული გაგებით, ამ დროს კი კუდი არ აქვს. - როგორ არა, აქვს კუდი, - თქვა ნაბიამ, - კუდიანი ბავშვიც ხომ იბადება ხოლმე, როგორც გამიგია . . . - ეს ატავიზმის გამოვლინებაა.
იმსჯელეს ნაძირალებმა და დაასკვნეს, რომ კუდი ადამიანსაც აქვს, მაგრამ სხეულში მიმალული, პატარა, უჩინარი კუდი. - ყველანი კუდიანები ვყოფილვართ - წამოიკნავლა ფირფიტამ. მეტად კამყოფილი ჩანდა, მისმა ზღაპარმა ასეთი ფართო გამოხმაურება რომ ჰპოვა. თურმე კუდიანები ვყოფილვართო, - ნაძირალებს ეს ძალიან სასაცილო ეჩვენათ. სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს, რომ სრულებით აღარ ეშინოდათ ეშმაკების და კუდიანების, სიცოცხლის ბედნიერ წუთებს რომ უწამლავდნენ. რატომღა უნდა შინებოდათ, აკი თვითონაც კუდიანები იყვნენ. აი, სწორედ ამ აღმოჩენას მოჰყვა სიხარულის მძლეთამძლე ტალღა, ნამდვილი დროსტარებაც აქედან დაიწყო. ერთი ხელის მოსმით მოიშორეს ნაძირალებმა, თუ რაიმე საზრუნავი თუ საფიქრალი დაფათურობდა მათ მოცვეთილ გოგრებში, მთელი სულით და გულით მიეცნენ მხიარულებას. რას აღარ იგონებდნენ, როგორ ერთობოდნენ და ილხენდნენ, მართლაც ძნელი აღსაწერია, ვერც შევეჭიდები. აი, იმას კი ვერ გამოვტოვებ, ეშმაკებს როგორ აღადავებდნენ. სწორედ იმ ეშმაკებს, რომელთა შიშით ცოტა ხნის წინ ძარღვებში სისხლი რომ ეყინებოდათ. ყველა მათგანი თავისებურად გამოხატავდა ამას. მახსოვს, კანტიკუნტა იდგა ამაყად წელგამართული, არც გარბოდა, არც იმალებოდა. ორივე ხელი გაშლილი ხელისგულებით ცხვირზე მიებჯინა და „აბა, ერთი დამეჭყანე, თუ ბიჭი ხარ“, ვიღაცას ექადნებოდა გამომწვევი სახით. ცხადი იყო, ვის: სასამართლო საქმეების ტომებით დაზვინულ ურიკაზე შემოსკუპებულ ბანჯგვლიან ეშმაკს. ო, რა ბედნიერი იყო კანტიკუნტა, მთელი სულითა და გულით ლაღობდა. რაც შეეხება ეშმაკს, ნირწამხდარი იქნებოდა უთუოდ, , მისი დანახვა რომ შემძლებოდა. დანარჩენებიც არანაკლებ სასეირო სანახავი იყვნენ. ნაბიამ ხის ტოტები დაამტვრია, ფოთლები და მწვანე ყლორტები გააცალა, ბოლოები თასმებით მიამაგრა ერთმანეთს (თასმა მუდამ ჯიბეში აქვს, გამგები ამასაც გაიგებს). რაღაც ჩარჩოსმსგავსი გააკეთა, მერე ეს ჩარჩო ხის ტოტზე ჩამოკიდა, თვითონაც მის წინ მოიკალათა. უკან თავგადაწეული, თვალმიბნედილი შეჰყურებდა; ერთი ვნახავ, ამ ჩარჩოს როგორ ჩამოეკიდებითო, - ვიღაცეებს აბრაზებდა ბედნიერებისაგან გაბადრული სახით. გულით ხარობდა, სრულებით აღარ ეშინოდა თუნდაც ეშმაკების მთელი ლეგიონი დაბღაუჭებოდა მის ჩარჩოს. თვალჭყეტიაც აბა, ვის ჩამორჩებოდა. მას ხომ გამორჩეულ ეშმაკებთან, ანუ უცხოპლანეტელებთან ჰქონდა საქმე. სიზმარში მყოფივით დააბოტებდა აქეთ - იქით, ხან დაბლა დაიხედავდა, ქვას გადააგორებდა, ხის ტოტს გაჰკრავდა ფეხს. მერე იმ ადგილს ფართოდ თვალდაჭყეტილი დაჰყურებდა, „სად ხართ, ერთი მაინც დამენახვეთო“, ბუტბუტებდა მეტად კმაყოფილი იერით. უსახელო? დიდი არაფერი, იქნებ არც ღირდეს სათქმელად, მაგრამ მაინც მივათვალოთ დანარჩენებს: ბედნიერი სახით იყურებოდა ზურგს უკან, თან ჩუმჩუმად იცინოდა. ცხადი იყო, აღარ ეშინოდა მწვანე გველების. რაც შეეხება თვითონ ფირიფიტას, ეშმაკებთან ღადაობის უნებლიე შემოქმედს, გულისძილით ეძინა თავის უწყინარ ეშმაკებთან ჩახუტებულს. სულ მალე ჩაეძინა მას მერე, რაც დიპლოდოკი შემოაბრძანა ჩვენს თავყრილობაზე.
იქნებ ზოგს უცნაურად, უფრო მეტიც: სასაცილოდაც მოეჩვენოს ჩვენი ეშმაკების ამბავი, ნაძირალების თვაშექცევა მათზე ღადაობით, იქნებ მსახრადაც აგვიგდოს . . . ნამდვილად ვიცი, აქ სამასხარაო არაფერია. აბა, ერთი მითხარით, ვის არ ჰყავს თავისი საკუთარი ეშმაკი? რაო, ნაძირალებს თუ გვყავს, გადაპრანჭულებს ვითომ არა? აი, მაგათ ჰყავთ, თუ ჰყავთ. ჩვენი ეშმაკები, ფანჯრებზე ჩამოკიდებულნი თუ უცხოპლანეტელად გადაცმულნი, სად მოვლენ იმათ ეშმაკებთან. ისინი მათ კარგად მალავენ ჩვენგან განსხვავებით, ესაა სულ. იციან, როგორ მოაფარონ გარეშე თვალს, თანამედროვე ტექნოლოგიებიც ხომ მათ ხელშია. ახლა ისიცა ვთქვათ, თავიანთ სეიფებს როგორ კეტავენ. ეშმაკიც ვერ შეძვრებაო, სწორედ ამაზე ითქმის. ჩვენ, ნაძირალებს არ მიგვიწვდება ხელი ასეთ რამეებზე, ჰოდა, აბა რა გასაკვირია, გულს ასე რომ მოგვეფონა, აღარ გვეშინია ეშმაკების, დალევამდე თუ დალევის შემდეგ; რაღა მნიშვნელობა აქვს, სიცოცხლეს აღარ გვიწამლავენ ათასნაირი ხრიკებით, ამაზე უკეთესი რა უნდა ყოფილიყო, ჩვენც სიხარულით ცას ვუწვდინეთ ხელი. ამასობაში საღამო ხანიც წამოგვეწია, ბინდი ჩამოწვა ჩვენს ფერდობზე. ნაძირალებმა სანათურები გააძრეს, ვინ რა და როგორ: ერთმა მობილური, მეორემ სანთებელა, ზოგმა (ასეთები უმრავლესობაში აღმოჩნდნენ) სანთლები აანთეს. იციან თქმა ნაძირალებმა: როდესაც საზეიმო ტორტებს ჭრიან, ახლომახლო ჩაუარე, შეიძლება ერთი ნაჭერი შენც შეგხვდეს. იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ასეთი რამ. თუ არადა, სანთელს აუცილებლად დაითრევ. როგორც კი ჩააქრობენ, სანთლები მუდამ აქეთ - იქით იყრება, მათი ჯავრი არავის აქვსო. სანთლების შუქმა საოცრად დაამშვენა ჩვენი მოკრძალებული ტრაპეზი, იდუმალებასთან წილნაყარი მოფარფატე შუქი მოჰფინა ყველას და ყოველივეს ჩვენს ირგვლივ, მათ შორის ჩვენს ძვირფას სტუმარსაც. ო, რა საოცარი სანახავი გახდა, ლამის თვალის გასწორება გვიჭირდა, ისეთი დიდებულებით შეიმოსა. გეფიცებით, ვერცერთი ხატმწერი ვერაფერს შექმნის უფრო შთამბეჭდავს და აღმატებულს. იდუმალმა შუქმა ნაძირალების გახურებულ თავებსაც უწია, მათაც დედამიწის მიღმა გადააბიჯეს, ყოვლისშემძლეობის განცდამ ყველა დასაშვებ ზღვარს გადაამეტა. ჭკუამიღმური იდეების ნამდვილი წვიმა წამოვიდა, თანაც ამ იდეებს სულ უფრო და უფრო ემატებოდათ მასშტაბურობა. ახლაც „უსახელომ“ დაასწრო ყველას, (აბა, იმას ვინ რას დაასწრებს), მეტად ღრმააზროვანი იერით გვაუწყა, რომ კოსმოსური სივრცე სავსეა ასტეროიდებით, რომლებიც აქეთ - იქით დაეხეტებიან, ხანდახან დედამიწასაც ჩამოუქროლებენ. უმეტესობა უბრალო ლოდების გროვაა, მაგრამ ისეთებიც შეგხვდება, ძვირფასი მეტალების ნარევებს რომ შეიცავენ. ზოგიერთი კი, ნუ იტყვი და, მთლიანად ძვირფასია, ანუ დიდი ოქროს ზოდია. ზოგი კიდევ პიტალო ვერცხლია, ანდა პლატინა. კარგი იქნებოდა, მათი დედამიწაზე ჩამოტანა მოხერხდებოდეს, ავშენდებოდით და ეგაა. აჰა, „უსახელომ“ თევზაობაზე ხელი აიღო, რას მიქვია ოქროს სტატირი, (ესღა აკლია, ამისთანა წვრილმანებზე მოცდეს) ოქროს ასტეროიდი მოინდომა. ყოველი შემთხვევისათვის, ანკესი გადააგდო, რა იცი, რა ხდება, რა გუნებაზეა ჩვენი სტუმარი. მის საოცარ ძლევამოსილებაში ეჭვი არავის ეპარება. წყალი აქცია ღვინოდ, თანაც როგორ ღვინოდ, ლამის ღვინის უნახავები გაგვხადა. ეშმაკები განდევნა, თანაც როგორი გათავხედებულები. იმედი სრულიად გადაწურული გვქონდა, ოდესმე მათ თავიდან მოცილებას თუ შევძლებდით. ერთი ასტეროიდი რა ბედენაა მისთვის; ოქროსი, ვერცხლის თუ პლატინის, რა მნიშვნელობა აქვს. ნაბიამაც მხარი აუბა „უსახელოს“, დროა საზღვრები გავაფართოვოთ, დასახლებები შევქმნათ ასტეროიდებზე, ოღონდ ერთი რამის გათვალისწინებაა საჭირო. თუ ასტეროიდი მზესთან უფრო ახლოა, ვიდრე დედამიწა, მაშინ სახლებს ფანჯრები უფრო პატარა უნდა გავუკეთოთ, რომ ახალმოსახლეები მზის სხივებმა ზედმეტად არ შეაწუხოს. თუ პირიქით, უფრო შორსაა მზისგან, აი, მაშინ კი ბევრად უფრო ფართო ფანჯრები დასჭირდება, რათა მზის სხივები დაუბრკოლებლად შემოიჭრეს ფანჯრებშიო. სასურველია, თუ ჩარჩოებს ოქროსას გააკეთებენ. ლამაზიც იქნება და პრაქტიკულიც, - ამბობდა ნაბია ბედნიერი სახით, რაღა აწუხებდა, ჩარჩოზე აღარ ჩამოეკიდებოდნენ ეშმაკები. ახალმოსახლეობასაც ხელს აღარაფერი შეუშლიდა, თუ რაღა თქმა უნდა, დააფინანსებდნენ; ამ სიტყვებთან ერთად ნაბიამ თავისი მიბნედილი მზერა სტუმრისკენგააპარა. კანტიკუნტაც ახმიანდა. აი, ვის არ უყვარს სხვის ჩრდილში დგომა. ყური კარგად დამიგდეთ, მეტად მნიშვნელოვანი განცხადება უნდა გავაკეთოო, გამოაცხადა, მრავლისმეტყველი პაუზა გააკეთა, რაღა თქმა უნდა, შესაფერისი პოზის მიღების შემდეგ და აი, რა გვითხრა: - არ ღირს სხვისი გულმოწყალების იმედად ყოფნა. პირადად მე ამას არავის ვურჩევდი. სანამდე უნდა ველოდოთ, როდის ჩაგვირიცხავენ თანხას კოსმოსში გასამგზავრებლად. თუ ოდესმე დედამიწის დატოვება მოგვიხდა, აჯობებს საკუთარი კოსმოსური ხომალდი გვქონდეს. ჩვენ თვითონვე გადავწყვეტთ, როდის და რა პირობებში გავემგზავრებით კოსმოსში. ასტეროიდების საქმესაც თვითონვე მივხედავთ, ხარჯთაღრიცხვასაც შევადგენთ. სულ უკანასკნელ ჭანჭიკამდე ვიანგარიშებთ, რა მოცულობის დაფინანსება დაგვჭირდება.
ნაძირალებმა, გასუსულნი რომ ისხდნენ, (კანტიკუნტას ლაპარაკი მათ პირდაპირ აჯადოებდა) ბანი დააწიეს, დაფინანსება ნამდვილად დაგვჭირდება, მართლაც სანამდე უნდა ვიყოთ სხვისი ხელის შემყურე, ვინ რას გაიმეტებს. საკუთარი კოსმოსური ხომალდი უნდა გვქონდესო. ამ საქმეს კი, ცხადია, დაფინანსება დასჭირდებაო. ო, რა ამბავში იყვნენ ნაძირალები, პირდაპირ გული აგიჩუყდებოდათ მათი დანახვისას. განა რაიმე განსაკუთრებული ხდება? აი, ეს სიტყვები ეწერათ სახეებზე . . . გეგონებოდა, ყოველდღე მიირთმევდნენ ღვთაებრივ ღვინოს და იმ დაზიანებული მილიდან ყოველდღე მოჩქეფდა ეს სასწაული. თითქოსდა კოსმოსური ხომალდით მოგზაურობა მხოლოდ მომაბეზრებელი მოვალეობა იყო მათთვის და მეტი არაფერი . . . ერთი სიტყვით, თავი უნაკლოდ ეჭირათ. ამასთან წამითაც არ ავიწყდებოდათ ნაძირალების ოქროს წესი: „არავითარი ზედმეტი შეკითხვა!“ მიუხედავად იმისა, რომ ღვინო ყველას კარგად გაუჯდა თავში . . . აი, ასეთი ძალა აქვს მწარე გამოცდილებას. ახლა კიდე, კიდევ კოსმოსურ მასშტაბებს უკვე შეაჩვიეს თვალი და ყური, ნაკლებს აღარაფერს დასჯერდებოდნენ. გრანდიოზული იდეები კვლავ და კვლავ ცვიოდა. აჰა, მოისმინეთ, რას ამბობს უსახელო: - გამიგია, კოსმოსში ალმასის ვარსკვლავიც ყოფილა. გესმით? სულ მთლიანად ალმასის. თურმე რამდენიმე ტრილიონ ტონას იწონის. მხედველობიდან არ უნდა გამოგვეპაროს, როცა კოსმოსში გავფრინდებით. - ალმასი ხომ ბრწყინავს, - შეედავა ნაბია, - როგორ გამოგვრჩება მხედველობიდან. - თუ ჩრდილში მოექცა, ვეღარ ბრწყინავს, ვთქვათ, და რომელიმე ცთომილის ჩრდილში. ხომ გაიგონე, ფირფიტამ თქვა, ცთომილებს ჩრდილები კუდებივით დასთრევსო. ფირფიტას კი ბევრი წიგნი წაუკითხავს. - მაგაში მართალი ხარ, - დაეთანხმა ნაბია და თვითონაც გაიხსენა ამასთან დაკავშირებით, - გამიგია, ვარკვლავები თურმე ფეთქდებიან. ტელევიზორში მოვკარი თვალი. ამ დროს დიდი რაოდენობით ოქროს მტვერს აფრქვევენ. მერე ეს მტვერი ოქროს ღრუბელივით ტივტივებს კოსმოსურ სივრცეში. - ღრუბლებს რას გამოვრჩებით? - იკითხა უსახელომ. - როგორ თუ რას. ხომ შეიძლება იქედან ოქროს წვიმა წამოვიდეს. ამას პაუზა მოჰყვა. „უსახელო“ ახლა იმაზე დაფიქრდა, იმ ოქროს წვიმისთვის რა მოეხერხებინა. უცბად ფირფიტას ხმა გაისმა: - იქნებ ქოლგა წაგეღოთ თან. თქვა და ისევ დაიძინა. კანტიკუნტაც ისევ ახმიანდა, ისევ ტვინი ამოიღო მიზანში, როგორც ნამდვილმა ინტელექტუალმა: კოსმოსური სივრცე ტვინისთვის განსაკუთრებით საშიშიაო, - თქვა; როდესაც მზის სისტემას გავცდებით, (აჰა, მარსი უკვე აღარ აინტერესებს,) დრო ჩვენთვის სრულიად შეიცვლება, ტვინი და დრო კი განუყოფელნი არიან, არავინ იცის, რას მოიტანს ეს ცვლილება. აღარფერს ვამბობ კოსმოსის ხისტ გამოსხივებაზე. როდესაც ჩვენთვის სასურველ ცთომილამდე მივაღწევთ, ალბათ აღარაფერი გვემახსოვრებაო. ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს. ისევ უნდა გავიაროთ ქვის ხანა, ცივილიზაცია ხელახლა უნდა შევქმნათ. მაგრამ აი, თუ შევძელით და ტვინი შევინარჩუნეთ იმ მდგომარეობაში, როგორც მოგზაურობის დასაწყისში გვქონდა, მაშინ უკვე ტრამპლინის მდგომარეობში აღმოვჩნდებით. აღარ მოგვიწევს ველოსიპედის ხელახლა გამოგონება. აქ, როგორც კანტიკუნტას სჩვევია, მრავალმნიშვნელოვანი პაუზა გააკეთა. მერე ხმა უფრო შეიმაღლა, რათა მსმენელთა ყურადღება ერთი წერტილისაკენ მიემართა: - ჩემი აზრით, საკუთარ ტვინს არ უნდა მოვუწყოთ ასეთი გამოცდა. ჯობს შევქმნათ ახალი ცთომილი, სწორედ იმ ასტეროიდებისაგან, მრავლად რომ დაეხეტებიან კოსმოსურ სივრცეში. ცხადია, ისეთებიც შევურიოთ, ოქროს, პლატინას და ვერცხლს რომ შეიცავენ. თანაც ეს ყოველივე ჩვენთვის სასურველი მიმდევრობით დავალაგოთ. ცხადია, ზომაც უნდა დავიცვათ, ძალიან დიდი ცთომილი ჩვენ არ გვჭირდება, მიზიდულობა ძლიერი ექნება, წონა მოგვემატება და ვეღარ ვივლით. იქვე შედარებაც მოიყვანა კანტიკუნტამ: - ისე, როგორც ტანმაღალ, ძლიერ ხეს, ვთქვათ მუხას სჭირდება შესაფერისი ნიადაგი, რათა განვითარება სრულად მოასწროს, ასევე ადამიანის გონებასაც სჭირდება ცთომილთა მთელი კრიალოსანი, რათა სრუყოფილების მწვერვალს მიაღწიოს. ერთი ცთომილის დრო და სივრცე ამისთვის აშკარად არ არის საკმარისი. დედამიწაზე ადამიანის გონებამ მოასწრო რაღაც გზის გავლა, მივაგენით კანტის კატეგორიულ იმპერატივს, (უამისობა როგორ იქნება) სხვა ცთომილზე სხვა კანტი დაიბადება. აი, მაშინ კი ნამდვილად გვეშველება. ცთომილთა კრიალოსანში ერთი ისეთიც გამოერევა, რომლის სახელიც უკვდავებაა. აქ კანტიკუნტამ მე გადმომხედა ალმაცერად. ვის, ვის და კანტიკუნტას ნამდვილად ვერ დასწამებ, ერთ ადგილს ტკეპნისო. ჯერ ადგილები მოითხოვა კოსმოსურ ხომალდზე, მერე საკუთარი კოსმოსური ხომალდი ამჯობინა, ახლა კი, აჰა, ნახეთ, საკუთარ ცთომილს უმიზნებს. ნაძირალებმა მაშინვე დააწიეს ბანი, მოეწონათ ეს იდეა. ერთი სათადარიგო ცთომილი ნამდვილად გვჭირდებაო, თქვეს. თვალჭყეტიამ არც ახლა შეირცხვინა თავი. ვინ რას ასწავლიდა, როცა საქმე კოსმოსს ეხებოდა. სწორედ მას ეცხადებოდნენ უცხოპლანეტელები და არა სხვას. შიშით მათი აღარ ეშინოდა, ისიც კარგად იცოდა, თუ რა ზღაპრულად მდიდრები იყვნენ. აკი მუდამ ოქროს სკაფანდრები ეცვათ. ამიტომ თვალჭყეტიამ საქმიანი საუბარი წამოიწყო. არ ვიცი მისმა გონებამ როგორ გადახარშა შემდეგი სიტყვები: „ ნაძირალებს ვინ მოგვისმენს, თუ არა, ვინმე ჩვენნაირი“, „კოსმოსური მასშტაბების დაფინანსება“, „დიდი გაქანება, ზღაპრული მოგება“. . . გამუდმებით ეს სიტყვები ჩაესმოდა. თვალჭყეტიამაც აღარ დააყოვნა, სასწრაფოდ უნდა მოვძებნოთ უცხოპლანეტელი ნაძირალაო, - გამოაცხადა დიდის ამბით. - რას მიედ-მოედები? - შეუღრინა ნაბიამ. - აბა ნაძირალებს ვინ მოგვისმენს, თუ არა ისევ ნაძირალა, ანდა სხვა ვინ დაგვაფინანსებსო, - აი, რა თქვა მეტად კმაყოფილი სახით. ბედნიერი იყო, ეს რა კარგი რამ მოიფიქრა. ნაბიამ ვეღარაფერი თქვა პასუხად, მხოლოდ თვალები დააბრიალა. გულიანად გამეცინა მათ შემყურეს; როდესაც ნაბია შეძლებს თვალების დაბრიალებას, თვალჭყეტიაც მაშინ მიიღებს კოსმოსური მასშტაბის დაფინანსებას თავისი უცხოპლანეტელებისაგან.
მე სადღა ვიყავი? ეშმაკებთან ღადაობა, გრანდიოზული იდეების ცვენა . . . თითქოს განზე ვიდექი ყოველივე ამისგან, როგორღაც ასე გამომივიდა. არც იფიქროთ! სულით და ხორცით, გულით და გონებით ჩემს ძმაკაც ნაძირალებთან ვიყავი ყოველ წამს და ყოველთვის, მათთან ერთად ვლხინობდი, დავცინოდი ეშმაკებს, მათ იდეებს ვიზიარებდი. რაც არ უნდა ჭკუამიღმიერნი მომჩვენებოდნენ ისინი, ვერც ერთ მათგანს ხელს ვერ ვკრავდი. ოღონდ ერთი რამ უნდა აღინიშნოს: მე ჩემი ფიქრი მქონდა და ეს ფიქრი ჩვენს უცხო სტუმარს, ჩვენი სუფრის თავში თავიდანვე რომ დავაბრძანე, აი, სწორედ იმას ეკუთვნოდა. როცა ჩვენი დროსტარება უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, იგი ჩემი შარფით დავასაჩუქრე. ერთადერთი შარფით, რომელსაც არც დღე და არც ღამე არ ვიშორებდი და ამას წინ მეტად საინტერესო მიგნება უძღოდა. კარგა ხანია ერთი ეჭვი მაწუხებდა: მგონი ეს სანდომიანი სახე სადღაც უკვე მინახავს - მეთქი, გულში გავივლებდი, როდესაც ჩვენს სტუმარს შევხედავდი. დროის გასვლის კვალობაზეც (ხელადის დაცლაც მიათვალეთ) ეს ეჭვი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. „ის“ ხომ არ არის? - ვეკითხებოდი ჩემს თავს. ალბათ ხვდებით, ვინც მყავს მხედველობაში. ის, ვინც ჩემს სუფრას შემოუჯდებოდა ხოლმე, ჩემთან ერთად აწევდა ჭიქას, დღესასწაულად გარდაქმნიდა ჩემს მოკრძალებულ ტრაპეზს. ადამიანის იერსახის ამოკითხვა, მისი შეცნობა და გარდასახვის უნარის გასიგრძეგანება ჩემი პროფესიის ძირითადი ნაწილია. წესით არ უნდა შემეშალოს, ალბათ შევძლებ მის ამოცნობას - მეთქი, - ვფიქრობდი ჩემთვის. თუმცა ერთი რამ ძალიან მიშლიდა ხელს. უფრო მეტიც, შეუძლებელს ხდიდა მის ამოცნობას. შეგახსენებთ, თუ დაგავიწყდათ: „ის“ ხომ სხვადასხვა სახით მეცხადებოდა. თავდაპირველად უცნობი იყო, ოღონდ როგორღაც მეტად სასურველი უცნობი. შემოუჯდებოდა ჩემს სუფრას, ერთ - ორ ჭიქას ავწევდით, ნელ-ნელა მიჩნდებოდა იმის განცდა, თითქოს უცნობს კი არა, დიდი ხნის ნაცნობს შევყურებ, ოღონდ რატომღაც ვერ მომიგონებია, ვის. ახლაც ზუსტად იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რაც თავს უკვე არაერთხელ გადამხდენოდა. შევყურებდი ჩვენს ძვირფას სტუმარს, სულ უფრო და უფრო სანდომიანი მეჩვენებოდა სწორედ ჩემი თანამეინახის მსგავსად, თვალდათვალ მზეჭაბუკივით რომ გაბრწყინდებოდა ხოლმე. ჭეშმარიტად დიდი იყო მსგავსება, საკუთარი ორი თვალი მიდასტურებდა, „ის“ არისო. და განა მარტო თვალი, გულიც ამას მეუბნებოდა. კვლავ მომძებნა გულზიარობამ, ამ სასწაულთა სასწაულმა, ღვინის ჭიქის გვერდით რომ ზეობს. სანეტარო განცდით პირთამდე აავსო მთელი ჩემი არსება, ზუსტად ისე, როგორც მაშინ, ჩაჟამებულ სარდაფში ტრაპეზობისას. სარდაფის კედლები აქ არსად ჩანდა, სივრცე ჩემს ირგვლივ ბევრად უფრო ფართო იყო, მაგრამ უკვე ეს სივრცეც მევიწროებოდა. მეჩვენებოდა, თითქოს ფრთები გამომესხა. ალბათ ნამდვილად „ისაა“, მხოლოდ მას შეეძლო ასეთი ზეაღმატებული განცდით დაეჯილდოვებინა ძეხორციელი. მერე კი, საღამო ხანს, როდესაც სანთლები აანთეს ჩემმა ძმაკაცმა ნაძირალებმა, ეჭვი თითქმის გამიქრა. მე ვამბობ: „თითქმის“. სულ მალე ცხადი გახდება, რა მაქვს მხედველობაში. სანთლების შუქმა დამაჯერებლობა შესძინა ჩემს ვარაუდს, რომ ჩვენი ძვირფასი სტუმარი ნამდვილად „ის“ იყო, ჩემი ოდინდელი თანამეინახე. უწინ მხოლოდ მე მთვლიდა სტუმრობის ღირსად, ჩემს მაგიდას შემოუჯდებოდა ხოლმე მარტოობის ჟამს. ახლა კი ინება და ყველას ერთად გვესტუმრა, მთელ საძმაკაცოს. - . . . ბოლოს და ბოლოს, სად არის იგი? ახლოს არის თუ შორს? სხვა ცთომილებზე თუ ვარსკვლავებზე, თუ აქვე, დედამიწაზე? კანტიკუნტას ხმა იყო. ორივე ხელი გაუშლია ეშხში შესული მსახიობივით, თმაც რომ პარიკივით უფრიალებს. მართლაც როგორ მოუხდებოდა სამართლის მცოდნის მანტია,; ჭეშმარიტებას დაეძებდა თურმე, მისმა შემდგომმა სიტყვებმა მიმახვედრეს: - მე ვხედავ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, მაგრამ თვით ჭეშმარიტებას ვერ ვხედავ; ხან გვეუბნებიან, შორსაა, ვერ მიწვდებიო. ხან კიდე, ერთი ხელის გაწვდენაზე, ოღონდ ვერ ხედავთო. ბოლოს და ბოლოს, გვითხარით სად არის, სად ვეძებოთ. სტუმარს შეჰყურებდა, მას მიმართა ამ შეკითხვით. მან კი, დალოცვილმა, ხელი გამოიწოდა, ხელადას შეეხო, (ერთადერთხელ შეეხო მთელი ამ ხნის მანძილზე), დაიცალა, აავსეთო, თქვა. უნებურად ისე გამოუვიდა, თითქოს მიგვანიშნა, მანძილი ჭეშმარიტებამდე იგივეა, რაც მანძილი ღვინით სავსე ხელადამდეო. კანტიკუნტამ გულში ჩაიხუტა ხელადა, ბანცალბანცალით წავიდა მის ასავსებად. მე ისევ ჩემს ფიქრებს და ვარაუდებს დავუბრუნდი. - . . . ვფიქრობ, გუმანი არ მატყუებს, სწორედ „ის“ უნდა იყოს, ჩემი გულზიარი თანამეინახე. თითქოს სტუმარია, წუთისოფლის სტუმრების სტუმარი, მაგრამ მასპინძელს უფრო ჰგავს. თანაც როგორ მასპინძელს . . . ისეთი ნექტარი გვასვა, ძალზე ძვირად თუ ღირსებია ვინმე ძეხორციელს. დღესასწაულად გვიქცია ერთი სრულიად ჩვეულებრივი დღე.
ალბათ გაიღიმებს კიდეც, როგორც „ის“ იღიმებოდა, როცა ქეიფი ეშხში შედიოდა, ყოველ შემთხვევაში ამის დიდი იმედი მაქვს. აი, მაშინ კი საბოლოოდ ვიწამებ, რომ ნამდვილად „ისაა“, ეჭვისთვის ადგილი სრულიად აღარ რჩება. განა შეიძლება მისი ღიმილი რაიმეში შემეშალოს და ვერ ამოვიცნო? არაფერი მინახავს მასზე უფრო სხივოსანი, მხოლოდ მზეს თუ შეუძლია ასე გაღიმება. მახსოვს, უწინ, როდესაც რეჟისორობას ვეღირებოდი, მზის ამოსვლას ვუსაფრდებოდი სასურველი ფერების მისაგნებად. ყვავილებსაც ვათვალიერებდი დიდი ყურადღებით. არც ჩვილი ბავშვის ღიმილი გამომრჩენია მხედველობიდან. ეს ყოველივე ერთმანეთს შევადარე და ასეთი რამ ჩავწერე უბის წიგნაკში: ახლად ამოსული მზის ნათელი, ახლადგაფურჩქნილი ყვავილი და ჩვილი ბავშვის გაუცნობიერებელი ღიმილი, ეს ერთი და იგივე სახეა, სამ სხვადასხვა სარკეში არეკლილი. ის უბის წიგნაკი დიდი ხანია აღარ არსებობს, ჩანაწერი კი აღარ დამვიწყებია, ხშირად მახსენებდა თავს, თუნდაც ამომავალი მზის დანახვისას. მის ღიმილზეც ალბათ იგივე ითქმის, თუკი გავხდებით მისი ღირსნი. ასე ვფიქრობდი ჩემთვის, თან ჩვენს ძვირფას სტუმარს შევყურებდი თვალმოუცილებლად. თქმით არაფერი მითქვამს. მან კი, თითქოს ჩემი ფიქრები ამოიკითხაო, შემომხედა და გამიღიმა, სწორედ იმ სხივოსანი ღიმილით, მთელ სამყაროს მზეს რომ ფენდა ამომავალი მზესავით და რომლითაც „ის“ მიღიმოდა. ვერც კი აგიწერთ, რა იყო ეს ჩემთვის. თუკი ითქმის ვინმეზე, მის სიხაქრულს საზღვარი აღარ აქვსო, სწორედ მე შემეფერებოდა. და აი, რატომ: ჯერ ერთი, ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, რომ ბოლოს და ბოლოს შევძელი და ჩვენს სტუმარში ამოვიცანი ჩემი ოდინდელი თანამეინახე, ჭიქის ამწევი, ქეიფის გამწევი, გულზიარი და ხალისიანი. ღიმილმაც სწორედ ეს მიმანიშნა. ერთარსნი იყვნენ ორივენი, ამას წყალი არ გაუვიდოდა, თუ ღვინო. მეორეც: ძალიან კარგად ვიცოდი, ეს ღიმილი აღარ გარდაისახებოდა საზარელ მანჭვად, რომელსაც ქვეყნის დასალიერამდე გავურბოდი და რომელმაც სიცოცხლე ერთ გაჭიანურებულ ტკივილად, ნამდვილ ჯოჯოხეთად მიქცია. აღარ მეგონა, ოდესმე თავს თუ დავაღწევდი იმ საშინელებას, ძარღვებში სისხლს რომ მიყინავდა. ამაზე აღარც ვოცნებობდი. ახლა კი ურყევად მწამდა; ეს სხივოსანი, ნათლის მომფენი ღიმილი აღარ შეიცვლებოდა არასასიკეთოდ, ასეთი იყო, არის და ასეთად დარჩება ყოველთვის; ხალისიანი, გულზიარი, სიმშვიდის და სიხარულის მომფენი. მეც მომეფინა მისგან შუქი, რა გასაკვირია, ჩემს ირგვლივ სამმა სარკემ ერთად მოიყარა თავი, მე მათ ფოკუსში აღმოვჩნდი. ალბათ საკუთარ თავს ვეღარც კი ვიცნობდი, სარკეში ჩახედვა რომ შემძლებოდა. ნეტავი ახლა მკითხავდე სვინმე, იმ აბუჩად ამგდები ტონით, ყველა სიტყვაში გარდაუვლად რომ გამოსჭვივის, როდესაც ჩემზეა ლაპარაკი: „ჰეი, შენ, ვინა ხარ, რა ხარ, ვის დაკარგვიხარ . . .“, და იქვე არც კი დაგაცდის, თვითონვ პასუხობს თავისვე შეკითხვას: „ვინ და ერთი საცოდავზე საცოდავი არსება, სრული არარაობა, წყალწაღებული, ყოვლად უმაქნისი ნაძირალა, სადღაც უშენ ადგილს რომ შეხიზვნია და შიშით სული კოჭებში ეპარება, იქიდანაც არ მიაბრძანონ კარგა ლაზათიანი პანღურით.“ აი, ეს კი შეგეშალა, ვეტყვი იმ მეტიჩარას, ვინც ასეთ რამეს მკადრებს. მე სულაც არა ვარ ის, რაც აქამდე გეგონათ. მე . . . მე . . . არარაობა კი არა, ყველაფერი ვარ . . . არავინაა ჩემზე აღმატებული და ძლევამოსილი მთელი დედამიწის ზურგზე. თუმცა რა, დედამიწა რას მიქვია, მე უკვე გავცდი მის საზღვრებს, ცის ლურჯ თავანზე მივაბიჯებ, ღრუბლებზე უფრო მაღლა. მთელ სამყაროს ერთი მთლიანი ფოკუსიდან დავყურებ, როგორც ღმერთების ტოლი და სწორი კინორეჟისორი. აი, ასე ვეტყოდი ყველა მეტიჩარას, ვინც უკადრებელს მაკადრებდა, და აქ არაფერია გადაჭარბებული. სიტყვას გული აცოცხლებს, გული ასაჩუქრებს რიხიანობით, ჩემი გული კი პირთამდე აევსო ერთსაც და მეორესაც. ყველა ამ სიკეთის წყარო ხომ ჩვენი ძვირფასი სტუმარი იყო, ანუ, ჩემი თანამეინახე . . . ჰოდა, რა გასაკვირია, ძვირფასი სტუმრის რაიმეთი დასაჩუქრების სურვილი რომ გამიჩნდა? არ მინდოდა უმადური გამოვჩენილიყავი მის თვალში. ხვდებით ალბათ, შარფის ამბავს ვუახლოვდებით, მისი გადამკიდე ჩემს ძმაკაც ნაძირალებს სამასხარაო აღარ ელეოდათ კარგა ხნის მანძილზე, ამ დროს აქ სამასხარაო ნამდვილად არაფერია, ხომ გსმენიათ, „კეთილი გულით მოძღვნილიო“ . . . მე კი იმ შარფის გარდა აღარაფერი გამაჩნდა სულს იქით. თუმცა მოგვიანებით რაღაც გაურკვევლობამ იჩინა თავი, მეხსიერებასი ვერაფრით ვერ აღვიდგინე, რა გამოვიდა ჩემი თავგადადებული მცდელობიდან. ძმაკაცებსავ ვკითხე შეჭირვებულმა, (გულუბრყვილოდ კი გამომივიდა, მათგან აბა რას ველოდი ნეტავი), შარფით ვინ დავასაჩუქრე, ხომ არ დაგინახავთ - მეთქი. ის დავინახეთ, ჰაერში ბაირაღივით რომ აფრიალებდი, მაგრამ მერე რა ბედი გეწიათ შენ და შენს შარფს, მაგდენი არარ ვიცითო. ერთი სიტყვით, ბევრი აღარ მიფიქრია; სამოთხისებური განცდებით პირთამდე სავსემ და ნეტარი სიმშვიდით გარემოსილმა, მიწიერი ბილიკების მესაიდუმლემ და შეთავსებით ცათამპყრობელმა (ჩემზეა ლაპარაკი), ყელიდან მოვიხსენი ჩემი მრავალტანჯული შარფი, გავშალე და ჩვენს ძვირფას სტუმარს მოწიწებით შემოვახვიე კისერზე, თან დავაყოლე, შენს სამოსელს უფრო უხდება ფერით, ვიდრე ჩემსას მეთქი. ამ დროს ცოტათი წავიბოძიკე, მგონი ხის ფესვს წამოვკარი ფეხი. მერე ბუნდოვნად მახსოვს, იმ გადაჭრილი ხის ძირს ვებღაუჭებოდი, რომელზედაც ჩვენი სტუმარი თვითონვე დავაბრძანე, ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|