ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
7 აგვისტო, 2016


გარდასახვა

აეხილა თუ არა თვალი, ერთმანეთში უწესრიგოდ გადღაბნილი, კარუსელივით მბრუნავი სიჭრელე დაინახა... თითქოს უთვალავ ცისარტყელას ერთად ჩაუბამსო ფერხული. თანდათან დაიწმინდა მერე ეს სიჭრელე. ცისარტყელას რგოლებივით გამოეყო ერთმანეთს; მწვანე ფერი ხეებმა მიისაკუთრეს, ბარაქიანად შეიმოსნენ ხავერდოვანი ფოთლებით. ლურჯი და თეთრი ცამ მოიტაცა, თეთრი ღრუბლები სახეტიალოდ გაემართნენ ლილაქვისგან ნაძერწ გუმბათზე. ყვავილებმა ყოველგვარ ელფერს ერთად მოუყარეს თავი გამჭირვალე, სათუთი ფურცლებით, ცასა და მიწას შუა მონავარდე ფრინველები საქვეყნოდ ჰფენდნენ ათასფრად მოხატულ ბუმბულს... მათ არც წალკოტის სხვა ბინადარნი უდებდნენ ტოლს სილამაზეში, ხეებს იქიდან მფრთხალად მომზირალნი...
იმდენად ძლიერი იყო ამ სანახაობით გამოწვეული ხიბლი, ხმის ამოღებაც ვერ შეძლო გაოგნებულმა, მხოლოდ გაიღიმა... გაოცებით და სიხარულით შეჰღიმა ფერთა და ფორმათა ამ უსაზღვრო მრავალფეროვნებას, რისი დატევაც შეძლო მისმა მხედველობამ.
თითქოს ქარიშხალი ამოვარდაო, ისეთი შფოთვა და ფორიაქი ატყდა მაშინვე. ხეები ლამის მიწამდე ხრიდნენ მწვანე კენწეროებს გრიგალის ქროლვას აყოლილებივით. ყვავილებს ბღუჯა-ბღუჯად სცვიოდათ ნაირფერი ფურცლები და ჰაერში ნამქერივით ტრიალებდნენ. ფრინველებიც ზევით-ქვევით მიმოჰქროდნენ მიწის და ზეცის შუამავლებივით... და ყველა ერთად, ყოველგვარი სულდგმული, ღრუბლის ფთილა თუ ფრინველი, ერთ კეთილხმოვან ძახილად იმეორებდა: ,,ბედნიერია წალკოტის მკვიდრი~.
ეს სასიხარულო მისალმება ცეცხლოვან მდინარესავით ჩადნა მასში. ერთ სანეტარო წამად შეიკრა და გრძნეული კოკორივით გამოსკვნა. კიდეუ უფრო ნათელი ღიმილით შეჰღიმა ირგვლივ გადაშლილი სილამაზის უნაპირო ზღვასაც და ამ ნეტარ წამსაც.
,,ბედნიერია წალკოტის მკვიდრი~. - ჩუმი შრიალით გაიმეორეს ხეებმა და კვლავ გაირინდნენ. ნელ-ნელა ჩვეულ წესს და რიგს დაუბრუნდა ირგვლივ ყველაფერი. ფრინველებმა შეწყვიტეს ცასა და მიწას შუა უთავბოლო სრბოლა. ხის ტოტებში საიმედოდ მიყუჩებულ ბუდეებს მიაშურეს. ყვავილებმა ახალი კოკრები გაშალეს გაძარცულთა სანაცვლოდ. მათ შორის მიმოდიოდა წალკოტის მკვიდრი, განცვიფრებული ათვალიერებდა ირგვლივ ყველაფერს, ვეღარ ძღებოდა ფერთა და ფორმათა უსასრულო ნაირგვარობის ჭვრეტით.
მშვენიერი იყო ირგვლივ ყველაფერი, მაინც მისი ყურადღება ყვავილმა მიიქცია, იერით მზეს ჰგავდა, ფერიც მზის ჰქონდა: ცეცხლოვანი, მხურვალე, ამავე დროს, მიწის სინედლე შეეთვისებინა და ნაკადულის გამჭირვალება. ყველაფერმა ამან ერთად თავმოყრილმა განაცვიფრა წალკოტის მკვიდრი... თვალი ვეღარ მოსწყვიტა ცეცხლისფერ ყვავილს, სხვა დანარჩენი ყველაფერი გაფერმკრთალდა მისთვის, ისეთი ძალით მიიზიდა ამ ყვავილმა... მის არსებაში კოკორივით გამოსკვნილი გრძნეული წამიც თილისმასავით წინ უძღოდა ამ ლტოლვას... ცეცხლოვან მდინარესავით დაიძრა მასში დიდი სიხარული. იმ ცეცხლოვან მდინარეში გაითქვიფა ირგვლივ ყოველი... და იმავე წამს საკუთარი თავი იხილა იმ ცეცხლისფერ ყვავილად.
უმშვენიერესი ყვავილი შეემატა წალკოტს. მაღლა მწვანე ყლორტზე ცეცხლისფრად ელვარებდნენ სათუთი ფურცლები. ყოველ დილით გულიანი ღიმილით შეჰღიმოდა მზეს; ღამით ისევ კოკორივით შეიკუმშებოდა. სიზმარშიც მზის ღიმილს ხედავდა და მზის მხურვალება უქრობლად ენთო მასში. ცვარს ხარბად ისრუტავდა და ზეცას სარკედ უმარჯვებდა ნამისგან ალაპლაპებულ ფოთლებს. მის თავს ზემოთ მუდამ ფრთხიალი გაჰქონდათ პეპლებს თუ ფრინველებს. ,,ბედნიერია წალკოტის მკვიდრი~, - ჩურჩულებდნენ პეპლები და ხავერდოვანი ფრთებით ფრთხილად ეხებოდნენ. ,,ბედნიერია წალკოტის მკვიდრი~, - გასჭყიოდნენ ფრინველები და მთელი წალკოტი ეხმაურებოდა ამ ძახილს.
ერთხელ გასაოცარი სილამაზის ფრინველმა ჩამოუქროლა, მის მახლობლად დაეშვა რბილ მდელოზე. ისე გამომწვევად გაეშალა ნაირფერად მოხატული ფრთები, თითქოს სილამაზის შეჯიბრში იწვევდა წალკოტის უმშვენიერეს ყვავილს. მერე კისერი კოხტად მოიღერა, ერთმანეთს შემოჰკრა ცისარტყელასავით აელვარებული ფრთები და აფრინდა, ცის სილურჯეს შეერია.
თითქოს ქარმა დაჰქროლაო, ისე ათრთოლდა ამ ფრთამოხატული ფრინველის დანახვისას წალკოტის მკვიდრი, მიხვდა, ერთი წუთითაც არ შეეძლო უიმისოდ გაძლება. ვეღარ დაუბრუნებდა მზეს ყოველ დილით საპასუხო ღიმილს, ვეღარ შეიწოვდნენ მისი ფოთელბი დილის ნამს, ჩამოჭკნებოდა უსიცოცხლოდ და უსიხარულოდ დარჩენილი.
მაღლა გაიწვდინა მწვანე ტოტები დაუძლეველი ლტოლვით შეპყრობილმა. კოკორივით გამოსკვნილი გრძნეული წამი თილისმასავით წინ უძღოდა ამ ლტოლვას... იგრძნო, როგორ მოწყდა მიწას, ლურჯი ცისკენ აიჭრა, სულ ახლოს იხილა ისევ ის მშვენიერი ფრთამოხატული ფრინველი. ისევ დაიძრა მასში სიხარულის ცეცხლოვანი მდინარე, იმ ცეცხლში ჩადნა თვითონაც და მთელი წალკოტიც... და მაშინვე ფართოდ გაშლილი საკუთარი ფრთები დაინახა ცისარტყელას ყველა ფერებით მოხატული, ლურჯი ცის წიაღში მოლივლივე.
კიდევ უფრო მაღლა აიტაცა ამ მოხატულმა ფრთებმა წალკოტის მკვიდრი, კიდით კიდემდე უწვდინა წალკოტს თავისი სიხარული, განახლებული და უფრო ძლიერი. მის გვერდით ფრინველები გასჭყიოდნენ: ,,ბედნიერია წალკოტის მკვიდრი~. მთელი წალკოტი ეხმიანებოდა ამ ძახილს: ,,ბედნიერია წალკოტის მკვიდრი~.
ამაყად მხრებგაშლილმა მწვანე ხემ მიიზიდა ერთხელ მისი ყურადღება. მიწაში მკვიდრად ჩაზრდილმა ფესვებმა სულ ერთიანად დაატყვევეს. მიფრინდა ხესთან, მოხატული ფრთებით მიეფერა ძლიერ ფესვებს... ნაცნობმა ცეცხლოვანმა მდინარემ დაუარა სხეულში... და მაშინვე თვითონვე გაიწვდინა მწვანე რტოები, მძლავრი ფესვებით მიწას ჩაეზარდა. ,,ბედნიერია წალკოტის მკვიდრი~ - ისევ მიესალმნენ წალკოტის ბინადრები მის ახალ გარდასახვას.
ნებივრად ეფიცხებოდა მზეს მწვანე ხელ გარდასახული. გრძნობდა, სულ უფრო და უფრო ღრმად რომ მოცოცავდნენ მისი ფესვები მიწის წიაღში, იწოვდნენ მაცოცხლებელ წვენს, დღითი დღე სულ უფრო ბარაქიანად იმოსებოდა სიმწვანით, უფრო ფართოდ შლიდა რტოებს... მუდამ ამაყად და უძრავად იდგა მშვიდი სიხარულით მთვლემარე, მხოლოდ ნიავის დაქროლვისას თუ გამოფხიზლდებოდა ხოლმე.
ქორბუდა ირემი მიეახლა ერთ დღეს, ჩვეულებისამებრ გარინდებულს. თავი დაუდევრად გაუხახუნა დაკორძილ შტამბს, ორიოდე ქორფა ყლორტმა უწვდინა პირი და ისევ გაშორდა. ლაღად მირონინებდა ხეებს შორის, ტანფორეჯიანი ნაქანდაკარი.
მისკენ გაუწია გულმა მწვანე ხეს. უდიდესი ძალით დაეჭიდა მიწას, უნდოდა მაღლა ამოეზიდა ლამის ქვესკნელამდე ჩაზრდილი ფესვები, რათა ქორბუდას დადევნებოდა, მუდამ მის სიახლოვეს ყოფილიყო. ისევ დაიძრა მასში სიხარულის ცეცხლოვანი მდინარე...
როცა ცეცხლის მდინარე უკუიქცა და გრძნეული წამი ისევ გამოისკვნა კოკორივით, უკვე თვითონვე დარონინებდა ახლად ფეხადგმული ხეებს შორის. ხანდახან გამოჯიბრებით წინ გადაუდგებოდნენ მწვანე ხეები, ქორფა ტოტებს შეავლებდნენ ამაყად აღერილ ყელზე. ქორბუდა დაუდევრად გაუხახუნებდა თავს და ტოტების მტვრევით გასხლტებოდა მათ შორის. და ეს ძახილიც ,,ბედნიერია წალკოტის მკვიდრი~, თან სდევდა მუდამ, სადაც არ უნდა წასულიყო.
ამ ახალი ყოფით ტკბებოდა, სანამ კლდის ქიმზე ღვედივით გადმოკიდებულ ჩანჩქერთან არ მივიდა ერთხელ, წყლის დასალევად. განაცვიფრა მისმა სიცოცხლემ, სიკასკასემ, დაუცხრომელმა ცაკვა-თამაშმა, მზის სხივებზე ნაირფერებად ბრჭყვიალმა... არც დაფიქრებულა, ისე ისკუპა და გადაეშვა შიგ. ცეცხლოვანი მდინარე ჩანჩქერის გრილ ნაკადებს შეერია... მერე ისევ გამოისკვნა ცეცხლის მდინარე თილისმა კოკორივით... ახლა თვითონვე დაიწყო მზის სხივებზე კრთომა-თამაში და ბრჭყვიალი, კლდის ქიმზე ღვედივით გადმოკიდებულმა...
მერე იყო ტანდაწინწკლული ჯიქი, თეთრი ღრუბელი, მთვარის შუქი... ზღვასავით იყო მის თვალწინ გადაშლილი, ფერთა და ფორმათა უსასრულო მრავალგვარობა. თვალი მისი ვერ ძღებოდა მათი ჭვრეტით. როცა გული რომელიმე მათგანისკენ განსაკუთრებული ძალით გაუწევდა, მის არსებაში მთვლემარე გრძნეული წამი თილისმასავით წინ მიუძღოდა ერთი არსებიდან მეორემდე. და ყოველი ახალი სახე სიხარულის მუდმივი განახლება იყო მისთვის.
ერთხელ ახალი არსება იხილა წალკოტის მკვიდრმა. ამაყად გადააბიჯებდა მაღალი, გაშლილი სხეულით. მხრებზე გრძელი თმები ეყარა, უცნაურად მეტყველი, ფართო თვალებით შემოსცქეროდა. განსაკუთრებით მაშინ მოეწონა იგი წალკოტის მკვიდრს, როცა იმ არსებამ თავი გაიქნია და თმები უკან გადაიყარა. ძალიან მიიზიდა ამ უცხო არსებამ. გულმა ძალუმად გაუწია მისკენ... საიმდროოდ იგი პაწია, დაწინწკლული ჭიამაია იყო, ჰაერში ძვირფას ქვასავით დაფრინავდა.
მიფრინდა ჭიამაია თმებგაშლილ არსებასთან, თმებზე დაასკუპდა. დაიძრა მასში სიხარულის ცეცხლოვანი მდინარე... და იმწამსვე თვითონვე გაიქნია თავი, უკან გადაიყარა გაშლილი ხშირი თმები. ფართო მეტყველი თვალებით შეხედა ცას, მიწას, მის ირგვლივ აყვავებულ წალკოტს. და მთელი წალკოტი ჩვეული ძახილით მიესალმა მის ახალ გარდასახვას: ,,ბედნიერია წალკოტის მკვიდრი~.
გასწია მთელ წალკოტში სახეტიალოდ, კვლავ ახლად გარდასახულმა, ახალი, უფრო ძლიერი სიხარულით მთვრალმა. მიმოდიოდა ერთი კუთხიდან მეორემდე, ახალი ხედვით, ახალი თვალით და გულით ათვალიერებდა ირგვლივ ყველაფერს, ყოველ სულდგმულს. და როცა ჩაუვლიდა გვერდით ცეცხლისფრად მოელვარე მშვენიერ ყვავილს, ,,ეს ხომ მე ვარ~, იტყოდა ხოლმე. ყვავილიც თავს დაუქნევდა თანხმობის ნიშნად. როცა თვალს მოჰკრავდა ფრთამოხატულ ფრინველს, ,,ეს ხომ მე ვარ~, იმავე ძახილს იტყოდა მაშინაც. ფრინველიც ხმამაღლა შესჭყვივლებდა იმავე ძახილს. მიწაში ფესვებჩაზრდილ ტოტებმოშრიალე ხის დანახვის დროსაც ,,ეს ხომ მე ვარ~, იტყოდა ხოლმე... ხეც შიალით გამოეპასუხებოდა... თეთრი ღრუბელი ცრემლებს ღვრიდა სიხარულისაგან, როცა მისი ეს შეძახილი ჩაესმოდა, ქორბუდაც ამაყად მოიღერებდა კისერს და ნამიანი თვალებით მიაჩერდებოდა ამ შეძახილის პასუხად. ,,ესეც მე ვარ~, ახლა ჩანჩქერთან იტყოდა წალკოტის მკვიდრი, ჩანჩქერიც უფრო მეტი სიანცით და სიკასკასით მოჰყვებოდა ცეკვა-თამაშს... და ყველა აღიარებას, მისი არსებობის ყოველ აღმოჩენას მთელი წალკოტი განუწყვეტლივ ეხმაურებოდა: ,,ბედნიერია წალკოტის მკვიდრი~.
ასეთი სახით დიდხანს იხეტიალა წალკოტის მკვიდრმა, მშვიდად და უშფოთველად ტკბებოდა ამ ახალი არსებობის სიხარულით. სიხარულის თილისმაც ჩაუქრობლად თვლემდა მის არსებაში, კოკორივით გამოსკვნილი. ბოლოს, კიდევ მოეძალა გარდასახვის, არსებობის განახლების, სიხარულის განახლების სურვილი. მაგრამ... რამდენიც არ იხეტიალა მთელ წალკოტში, რამდენიც არ ეძება, თვალი ვერაფერზე შეაჩერა. მისი ყურადღება აღარაფერმა მიიზიდა. ყველგან ნაცნობი სახეები, ნაცნობი ფერები და ფორმები ხვდებოდა. ,,ეს მე ვიყავი, ესეც... ესეც...~ იმეორებდა განუწყვეტლივ. ამაოდ უხმობდნენ თავისკენ მშვენიერი ყვავილები თუ ფრთამოხატული ფრინველები. გული მათკენ აღარ მიუწევდა წალკოტის მკვიდრს, აღარ მიელტვოდა იმავე არსებად ქცევას. ვერ გძრნობდა თავის არსებაში იმ ცეცხლოვანი სიხარულის მდინარეს, რასაც მიჰყავდა ერთი არსებიდან მეორემდე.
მაშინ ხელები ფართოდ გაშალა წალკოტის მკვიდრმა, თითქოს მთელ წალკოტს უნდა მისწვდესო, მოუხმო თავის არსებაში მბჟუტავ სიხარულის თილისმას და ისურვა ერთბაშაც ყველგან და ყველაფერში დაედო ბინა, მთელ წალკოტს ერთად დაუფლებოდა...
ინატრა და ელოდა, როდის დაიძვრებოდა სიხარულის ცეცხლოვანი მდინარე, მთელ წალკოტს მასში ჩაადნობდა და ერთ არსებად აქცევდა.
არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა, არ დაძრულა მის არსებაში სიხარულის ცეცხლოვანი მდინარე...
სამაგიეროდ, თითქოს ქარიშხალი ამოვარდაო, ისეთი შფოთვა და ფორიაქი ატყდა მის ირგვლივ წალკოტში. მწვანე ხეები გრიგალს აყოლილებივით თითქმის მიწამდე ხრიდნენ მწვანე კენწეროებს. ყვავილებს ბღუჯა-ბღუჯად ცვიოდათ ნაირფერი ფურცლები და ჰაერში ნამქერივით ტრიალებდნენ. თეთრი ღრუბელი ღამესავით ჩაშავდა თვალისდახამხამების უმალ და ელვა გაიკლაკნა მასში. ნამიანი თვალებით საყვედურით შემოხედა ქორბუდამ და ხეების იქით გაქრა. ჯიქმა დამცინავად ჩაიკრუტუნა... ფრინველები მოუსვენრად მიმოქროდნენ მიწის და ზეცის შუამავლებივით და გნიასით იკლებდნენ ყველაფერს. ყური მიუგდო წალკოტის მკვიდრმა, უცნაური რამ გაარჩია მათ გნიასში.
- თვალხარბი ყოფილხარ, წალკოტის მკვიდრო, - გასჭყიოდნენ ფრივნელები, - შენ იცოცხლებდი ყოველ ჩვენგანში და ჩვენ ყველანი შენი ვიქნებოდით განუყოფლად. გრძნეული წამი მეგზურივით გაგიძღვებოდა ერთი სხეულიდან მეორემდე. შენს არსებაში არასოდეს დაშრებოდა სიხარულის ცეცხლოვანი ზღვა, გარდასახვის თილისმა ახალ წყაროებს ააჩქეფებდა. ახლა შენი უძღები გული მყიფე კედელივით აღიმართება ჩვენს შუა, სხეულით მიწას მიეჯაჭვები, მარად ერთ სახეში გამოკეტილი. მხოლოდ სიკვდილი დაგაბრუნებს ჩვენს წიაღში... თვალხარბი ყოფილხარ, თვალხარბი ყოფილხარ, წალკოტის მკვიდრო.
მერე მიწყნარდა ირგვლივ ყოველივე. ფრინველებმა შეწყვიტეს გნიასი, ისევ ჩვეული ხმით აჭიკჭიკდნენ, ხეებმაც მშვიდად მიუფიცხეს მზეს მწვანე ტოტები. ყვავილებმა ახალი კოკრები გაშალეს გაძარცულთა სანაცვლოდ, ელვაც სადღაც დაიკლაკნა.
- თვალხარბი ყოფილხარ, წალკოტის მკვიდრო, - წაიჩურჩულა პაწაწინა ჭიამაიამ. ჰაერში ძვირფას ქვასავით გაიელვა და გაუჩინარდა.
მისი ხმა აღარ გაუგონია წალკოტის მკვიდრს. ძირს, მიწისკენ დაიხედა: საკუთარი ფეხები დაინახა, მიწაზე ხის ფესვებივით მკვიდრად დანდობილი.
მოწყვიტა ფეხი მიწას, ნაბიჯი გადაადგა... მიწის სიმკვირვე და საკუთარი სხეულის სიმძიმე, ერთად შეიგრძნო ორივე, ჯადოსნურ კოკორივით გამოსკვნილ წამში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები