ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2016


სხვა იავნანა

„მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა, 
მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლში.“
ზვიად რატიანი.

მიმღერე... ჩვენ ხომ რა ხანია, ოცნებებს ვკვებავთ
მოგონებებით,  ხანაც მოდის სიზმრების სახით
მიუწვდომელი, შორეული წარსული ჩვენთან,
ბავშვობა მოდის, ჩვენი ეზო, ედემის ბაღი.

ჩვენ იმ ბაღიდან გამოგვყარეს ისე სასტიკად,
რომ შეერია ყველა სიტკბოს სიმწარის გემო;
ყოველ ღამე კი გვესიზმრება ზღაპრული ის ზღვა,
რწმენას ოდესმე დაბრუნების, ვერაფრით ვერ ვთმობთ.

მბჟუტავ იმედებს დღემდე ვკვებავთ ტკბილ-მწარე ლუკმით -
იქნებ როგორმე დავიბრუნოთ შვილი უძღები...
და ყველა ტკივილს ავადმყოფი ბავშვივით ვუვლით;
ჩვენ ხომ გადავრჩით...  მაშინ მოდი დღეს სხვებს უმღერე

შენ, მოწყალეო და კეთილო, ღმერთო მაღალო,
მათ, ვისაც სახლი აღარ ახსოვს, ან არც უნახავს,
იმათ უმღერე იავნანა შენი მარადი,
ვინც სიზმარშიც კი ვერ შეხვდება მათ, ვინც უყვარდა;

ვინც მარადიულ ბავშვად დარჩა, ანუ წავიდა,
გამოეთხოვა გამწარებულ სიცოცხლეს მთებში,
ვისაც საფლავიც არ ეღირსა, ან შორს სახლიდან
ვინც განისვენებს...
მათ ვინც მშობლებს ჩააკვდა ხელში.

ვინც მიწაშიც კი დევნილია, იმათ უმღერე,
იქ ოცნებები სიზმრებშიც კი აღარ სრულდება;
ვინც სამუდამოდ გულში ჩაკლა სიტყვა უთქმელი,
საკუთარ სახლში ვინც ვერასდროს ვერ დაბრუნდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები