| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 3 ოქტომბერი, 2016 |
პირველი აიყვანეს ჯვარზე, ჯალათებმა, უწინარეს ყოვლისა მას დასდეს პატივი, ხელ - ფეხით მჭიდროდ მიაკრეს ჯვარედინად დაჭედილ ხის ძელაკებზე. მისი სახელიც „დიმასი“, ხმამაღლა ამცნეს დამსწრეებს. ბრალეულობა, „შარაგზის ყაჩაღი“. კიდევ ორი მსჯავრდებული თვინიერად ელოდა იმავე ხვედრს, შეიარაღებული მცველების თანხლებით.
ჯვრის სიმაღლიდან გადმოხედა ღვთის გაჩენილ ქვეყანას ყოფილმა ყაჩაღმა. . . ჯერ ხომ ისევ სული ედგა, სხეული შეიგრძნობდა, თვალები ხედავდნენ. დაუსაბამო სივრცე გადაეშალა თვალწინ; გოლგოთას მთა, მთელი მისი შემოგარენი, ხელისგულივით ჩანდა ყოველივე. მთის მიღმა ცა და მიწა ერწყმოდნენ ერთმანეთს, ქალაქში შემომავალი გზის კლაკნილა თითქოს პირდაპირ ციდან ეშვებოდა. დასაზვერად ამაზე მარჯვე ადგილი ჩემს დღეში არ მინახავსო, უნებურად ამ აზრმა გაუელვა ჯვარცმულს. ცხოვრებისეულმა ჩვევამ შეახსენა თავი, კიდევ ერთხელ საცნაურჰყო ძველთუძველესი ჭეშმარიტება, ჩვეულება რომ რჯულზე უმტკიცესია. მჭიდროდ გამოსკვნილი თოკები მტკივნეულად ჩაფრენოდნენ მაჯებში, საკუთარი სხეულის სიმძიმე შეუბრალებლად ექაჩებოდა დაბლა, ფეხებზედაც მქისედ შეიგრძნობდა უხეში თოკის გორგალს. მზის სხივებმა არ დაახანეს, ყოველი მხრით ცეცხლი დაუმიზნეს ლამის ერთიანად შიშველს (მცირე არდაგი ეხვიათ თეძოებზე მსჯავრდებულებს). მწერებმაც იკრეს უმწეო მსხვერპლის სუნი, გუნდებად მიიტანეს იერიში. მწარე იყო ეს ყოველივე, მწარე და უკვე სრულიად აუტანელიც, თუმცა მშვენივრად იცოდა, ნამდვილი ტკივილი ჯერ შორს იყო. უმწარესი ტკივილი, რომელსაც ბოლოს სულის ამოხდენა მოჰყვება, როგორც გარდაუვალი შედეგი. კიდევ რამდენი ხანი უნდა ეწვალა, სანამ ამას ეღირსებოდა . . . ერთი ამასღა ელოდა, სხვა აღარაფერი დარჩენოდა. ჭრელი ბრბოც სწორედ ამას ელოდა, ჯვარცმულის ფეხთა ქვეშ მოზიმზიმე. მრავალსახიან ურჩხულს დავყურებო, ასე მოეჩვენა დიმასს, როცა ამ სიჭრელეს გაუსწორა მზერა. არც ის გამოჰპარვია, რა კარგად ეწერებოდა ეს ურჩხული გოლგოთის მთის მიდამოებში და რა მოსახერხებელი იყო ჯვრის სიმაღლე მისი უამრავი სახის საჭვრეტად. თვალის სიმახვილეს ყოველთვის უქებდნენ. „დიმასის თვალი უნდა ინატროს ყაჩაღმა“, ბევრჯერ სმენია ეს სიტყვები. თვითონაც დიდად აფასებდა ამ ღირსებას, კარგადაც იყენებდა. ბევრად ადრე ხედავდა მოქიშპეს, სანამ თვითონ ის იეჭვებდა რამეს. საყაჩაღოდ ჩასაფრებულიც, ჯერ კიდევ შორიდან არჩევდა, თუ რა ნუზლი მოჰქონდა შეგულებულ მგზავრს, ღირდა თუ არა ხელის გამოღება. შეეძლო (ანდაზასავით იტყოდნენ ხოლმე და არც ისე შორს იყო ჭეშმარიტებისაგან), თვალის ერთი გადავლებით სათითაოდ დაეთვალა მარგალიტები, მდიდრები რომ იმკობენ თავიანთ სამოსელს. უკვე აღარაფრად სჭირდებოდა ეს მართლაცდა შესაშური ღირსება, თვალის გამორჩეული სიმახვილე, და სწორედ ახლა შეიმოსა ყოველივე უჩვეულო სიცხადით. როგორც ჩანს, დილეგის სიბნელეში ყოფნამაც საგანგებოდ ალესა მისი თვლათმზერა, ამას გარდა, სიკვდილის წინა წუთებშიც ხომ რაღაც სხვა ხილვა ეხსნება ადამიანს . . . არასდროს არაფერი დაუნახავს დიმასს ასე მკაფიოდ და გამოკვეთილად, მისი აღსასრულის მომლოდინეთა სახეებს რომ ხედავდა ჯვრის სიმაღლიდან; ხედავდა ყველას ერთად და ამავდროს ცალცალკე, შორს მყოფებს თუ შედარებით ახლოს მყოფებს. ისინიც თავისდაუნებურად უადვილებდნენ ამ საქმეს; როგორც კი ჯვარზე აღამაღლეს, იქ მყოფთა თვალთმზერა მაშინვე ბურთივით შეიკრა ჯვარცმულის ირგვლივ. ყველა სახე მისკენ იყო მიბრუნებული, ყველა თვალი მას შეჰყურებდა. . . . და ყველა მათგანს რაღაც უცანურად მოზეიმე იერი ჰქონდა, ესეც შენიშნა დიმასის მახვილმა თვალმა, დილეგის სიბნელით საგანგებოდ ალესილმა. ისე ჩანს, თითქოს რაღაც უხარიათ, მეტად ბნელი, უკეთური სიხარულით უხარიათ. ეს მოზეიმე იერიც სწორედ ამან წარმოშვა, უკეთურმა სიხარულმა. ყველაზე თვალში საცემად სწორედ ეს მოეჩვენა ყაჩაღყოფილს, ჯვრის სიმაღლიდან მომზირალს. გუნდგუნდად ესეოდნენ ბუზები, თვალის ქუთუთოებშიც უძვრებოდნენ, დიმასი თავს აკატუნებდა მათ მოსაგერიებლად, თვალს კი წამითაც არ ხუჭავდა. ფართოდ თვალგახელილი და შეიძლება ითქვას, გაოცებული შეჰყურებდა ამ მოზეიმე იერს, ავბედითი შარავანდედივით გაფოფრილს ჭრელი ბრბოს თავზე. ისიც თითქოს კიდევ უფრო იკრებდა ძალას მისი დაჟინებული მზერის კვალობაზე, უფრო და უფრო იფოფრებოდა, სულ უფრო მეტ სივრცეს თხოულობდა. ერთიანად გადაფარა გოლგოთის მთა, მთელი მისი შემოგარენი, ასე უადგილოდ რომ შეახსენა ყაჩაღყოფილს ძველი ჩვევები. კიდევ უფრო მეტ სივრცეს თხოულობდა.
მეტად უცნაური რამ იყო, მსგავსიც კი არაფერი ენახა დიმასს აქამდე. უცხო ხილი სულაც არ ყოფილა მისთვის ეს ყველაფერი, რასაც ახლა ჯვრის სიმაღლიდან დაჰყურებდა. თვითონაც შესწრებია სხვათა სიკვდილით დასჯას, სწორედ ამ სახით, ჯვარზე გაკრულები რომ აღესრულენ. ყაჩაღებს, ცოდვებით დამძიმებულებს, მაგნიტივით იზიდავთ სხვათა ცოდვები. თვითონაც არ იცოდა კარგად, რისთვის მიხეტიალდა მაშინ გოლგოთაზე, იქ ყოფნა ხომ არც ისე უხიფათო იყო მისთვის. ფეხებმა თითქოს თავისით მიიყვანეს. ჯვარცმულს ხომ უყურა და უყურა, გარშემომყოფთაც ფხიზლად უთვალთვალებდა, არაფერს ტოვებდა უყურადღებოდ, ყოველ წამს მზად იყო ყველაფრისთვის. მაშინ დიმასს არ შეუმჩნევია ეს უცნაური, მოზეიმე იერი იქ თავშეყრილ მჭვრეტელთა სახეებზე, თანაც ასეთი გამორჩეული სიცხადით. როგორც ჩანს, ამ უკეთურების დასანახად სხვათა ჯვარცმა არ გამოდგება, მას მხოლოდ საკუთარი ჯვრის სიმაღლიდან თუ დაინახავ. ვინ იცის, თვითონ მასაც ისეთივე მოზეიმე იერი ჰქონდა მაშინ, რასაც ახლა სხვების სახეზე უჭვრეტს და ასე ეუცხოვება. მაინც რა ჩაციებით შემოჰყურებენ, თვალს წამითაც არ აცილებენ. მოზეიმე და ამასთან ერთად, დამშეული სახეები აქვთ; მისი სიკვდილი შიათ, მისი ტანჯვა - წამება. სცადა დიმასმა, თვალი აერიდებინა ამ მრავალსახიანი ურჩხულისათვის და ვერ შეძლო. თვალები მის დაუკითხავად გადარბოდნენ ერთი სახიდან მეორეზე. მაინც, როგორ გაუმახვილდა მხედველობა, თანაც სწორედ ახლა, როდესაც აღარაფრის დანახვა აღარ უნდოდა, ერთი იმასღა ნატრობდა, დროზე გაყროდა სული სხეულს . . . გაშლილი ეტრატივით კითხულობდა ყოველ მათგანს. ზეიმით ყველა ზეიმობს, ყველას უხარია სხვისი უბედურება, თუმცა სხვადასხვანაირად. აგერ ეს, რა გალაღებულია, პირდაპირ ნეტარების მწვერვალზეა. ნახა სასეირო სანახავი, მეტი რა უნდა. უხარია და არც მალავს ამას, ბუნებით თავხედია და უგულო. უმეტესნი სწორედ ამისთანები არიან, შემომყურებენ, თვალს წამითაც არ მაცილებენ, სრულია მათი ზეიმი. არიან ზოგიერთნი, ერთგვარი ჩრდილი ახლავს თან მათ მოზეიმე სახეებს. სიხარულით მათაც უხარიათ, ეს ცხადად ჩანს, მაგრამ როგორღაც შიშნეულად. რისი ეშინიათ? ცხადია, სიკვდილის . . . კარგად იციან, მათაც მოეწევა ეს გარდაუვალი ხვედრი. მათი სიხარული სიკვდილის შიშითაა გაზავებული, ამდენად მათი ზეიმი არაა ისე სრული, როგორც აი, იმ გალაღებულების, ჩემი დანახვით რომ ნეტარებენ, დიდმა სიხარულმა სიკვდილის შიშიც კი გადაავიწყა მათ. ვხედავ, ისეთებიც არიან, ჩემი ჭვრეტა რომ უმძიმთ, როგორღაც გული ეთანაღრებათ, თითქოს არც კი უნდათ ჩემი დანახვა, მაგრამ ცნობისმოყვარეობა სძლევთ, სასეირო სანახაობა ძალიან იზიდავს მათ თვალს. აი, აგერ, ისეთიც კი გამოჩნდა, რომელსაც ვებრალები. ჰო, ნამდვილად ვებრალები . . . გულით ლმობიერია და იმიტომ. ჩემი დანახვა ყველაზე მეტად სწორედ მას უმძიმს, ერთს შემომხედავს და მაშინვე ამარიდებს თვალს. ასეთები ყველაზე ცოტანი არიან. და, აი, ერთი სახეც, ყველაზე მეტად მოზეიმე, გალაღებული. მისი სიხარული შეუდარებლად აღემატება ყველა დანარჩენის სიხარულს, ერთად აღებულს. მიზეზიც აქვს, დიმასი მას ცხადად კითხულობს, ისე ცხადად, თითქოს ხელისგულზე ეფინოს ყოველივე, აი, იმ ხელისგულზე, ხის ძელზე მაგრად რომაა მიბმული. „ ჰო, ასეა, ეს მე, მე ჩაგაგდე ამ დღეში, მე ვუჩვენე ჯალთებს გზა შენსკენ, ყველაფერი ხელისგულზე დავუხატე. დიდი ხანია ვნატრობდი და აჰა, მეღირსა, როგორც იქნა, გხედავ ჯვარზე გაკრულს. მაქედან უკვე ვეღარ დააღწევ თავს, მხოლოდ მკვდარს ჩამოგიღებენ და ეს მიხარია ყველაზე მეტად. შენი ყოველთვის მეშინოდა, ჭკვიანი ხარ და თვალმახვილი, მაინც მოგაღორე. ვერ დაუძვერი ჩემს დაგებულ მახეს, თვითონვე მახის დაგების დიდოსტატი, ბადალი არ გყავდა ამ საქმეში. დიდხანს კი გიტრიალე, მარჯვე შემთხვევას ველოდი, ისიც დადგა . . . საქმე მოგიტანე, დიდად სარფიანი, ვიცოდი, თვალი გაგექცეოდა მასზე, შენ ხომ შორიდანვე ითვლიდი მდიდრების სამოსელზე ასხმულ თვალ - მარგალიტს. ყალბი იყო ის თვალ - მარგალიტი, ვაჭრებად მეომრები იყვნენ გადაცმულები, ალესილ მახვილებს მალავდნენ სამოსელის კალთებს მიღმა. არც კი შეგიმჩნევია, მე თვითონაც მახვილი მქონდა ჩაბღუჯული, როცა ამის თაობაზე მოგიტანე ამბავი. ვიცოდი, თუ ეჭვი შეგეპარებოდა, იქვე ეცდებოდი ჩემს გასაღებას და მზად ვიყავი ამისთვის. აღარაფერი გიკითხავს ჩემთვის, ისე იწყე ჩასაფრებისთვის მზადება. გესტასს მოუხმე, მისი მარჯვენა გჭირდებოდა, მისი მოქნეული მახვილი. იმანაც კი არ დაგაეჭვა, როცა გითხარი, შეიძლება გზა შეცვალონ, სხვა მხრიდან შემოვიდნენ ქალაქში - მეთქი. მე თვითონვე არ მქონდა იმ მეომრების დიდი იმედი, ჩემთვის ბილიკი დავიტოვე ყოველი შემთხვევისთვის. ანდაზად თქმულა და მართალი ყოფილა; როცა ჟამი დაჰკრავს, ყველაზე ჭკვიანიც კი ყველაზე უკანასკნელ ტუტუცად იქცევა, ყველაზე თვალმახვილს ორივე თვალი დაუბრმავდება. სწორედ ასე დაგემართა და ახლა გხედავ იმ ყოფაში, რომელიც ყველაზე მეტად მენატრებოდა. ვიცი შენი ასავალ - დასავალი, კარგად ვიცი, სად რა გაქვს გადამალული, ახლა ყველაფერი ჩემია, დიდი საგანძურის გადამალვა მოასწარით შენ და გესტასმა, ვინ იცის, რამდენი ცოდვაა მის მოქნეულ მახვილზე. თავისუფლების ყიდვაც კი შევძელი თქვენი საგანძურით. შენც კარგად იცი, ხელისუფლებს ძვირფას რამეებზე როგორ მიურბით თვალი, იმ საგანძურის თითქმის ნახევარი მათი თვალის სიხარბეს შეეწირა, მაგრამ მიღირს ამად, სრულიად არხეინად ვარ, ბუზსაც კი ვერავინ ამიფრენს, შენგან განსხვავებით . . . ბუზები გჭამენ ცოცხლად და მათი მოგერიება არ შეგიძლია.“ სხვა დროს და სხვა პირობებში ალბათ გაუკვირდებოდა დიმასს, ასე დაწვრილებით როგორ შეძლო სხვისი ფარული აზრების ამოკითხვა. ახლა აღარაფერი აკვირვებდა, აღარც შესწევდა ძალა ამისთვის. ისიც საკუთარ ტყავზე გამოსცადა, აღსასრულის წუთი უჩვეულო სიცხადით რომ წარმოაჩენს ყოველივეს. ყველაფერი დაწვრილებით ამოიკითხა ყოფილი თანამოძმის სახეზე. ალბათ შიშით ვეღარც დაიძინებდა, დიმასი თავისუფლებაში რომ ეგულებოდეს, ცხრა მთას იქით გადაიხვეწებოდა მისი შიშით. ახლა კი უსაზღვროა მისი სიხარული ასე უმწეოს რომ ხედავს. ზეიმითაც, ცხადია, ყველაზე მეტად ზეიმობს. წითურას ვეძახდით, ალისფერი თმები უფარავს თავ - კისერს, ახლა ლამის ჩირაღდანს დაემსგავსოს, ისე ბრწყინავს სიხარულით. უფრო დიდ სიხარულსაც ელის ისიც და დანარჩენებიც. ეს მაშინ, როდესაც წამებას დაუწყებენ ჯვარცმულს, მაჯებში და ფეხებზე ლურსმნებს ჩაურჭობენ. თვალის გარდა ყურსაც დაატკბობენ, გაათკეცებულად იზეიმებენ მისი ხმის, უფრო სწორად, მისი ყვირილის გაგონებისას. - ვერ ეღირსებით, ვერ ეღირსებით, ვერ ეღირსებით - უთხრა მათ დიმასმა, ყველას ერთად და უფრო იმას, წითურას, - ჩემი ხმის გაგონებას ვერ ეღირსებით. - ტუჩების გაუტოკებლად, უხმოდ უთხრა. ცხადია, მათ არაფერი გაუგიათ . მალე დიმასმა შეამჩნია, მოზეიმე სახეების თვალთხედვა ბურთივით აღარ იყო შეკრული მის ირგვლივ. მიხვდა დიმასი, რაშიც იყო საქმე; დნარჩენი ორი მსჯავრდებულიც გააკრეს ჯვარზე, ამიტომაც დაიფანტა მაყურებალთა ხედვის ისრები, ვისაც საით უნდა, იქით იყურება, იმ ჯვარცმულს მიაპყრობს თვალს, რომელიც უფრო მეტად მიიზიდავს მის ყურადღებას.
* * *
სრულიად მოულოდნელად ამ მრავალსახეობას მედილიგეს სახეც შეემატა . . . ძველს და ახალს თურმე ერთად იტევს და წარმოაჩენს აღსასრულის წინა წამი. თვალწინ ცხადად წარმოუდგა დიმასს, გესტასთან ერთად როგორ მიაყენეს უხეშად გამოჩორკნილ ხის კიბესთან, რომლის ბოლო დილეგის წყვდიადში იკარგებოდა. მედილეგეს ცნობისმოყვარეობა ეწერა სახეზე, ყურადღებით შეათვალიერა ორივენი. მიხვდა დიმასი, რითი მიიპყრეს მისი ყურადღება; იმედიანობა შეატყო მათ და ეს ძალიან ეუცხოვა. როგორც წესი, ზარდაცემულები არიან ახლად შეპყრობილები, ლამის თვალები გადმოუცვივდეთ შეშლილ სახეებზე. მუხლებიც ეკეცებათ. ხანდახან საჭირო ხდება, ძალისძალად მიათრიონ და ისე ჩაყარონ დილეგში. ყველამ კარგად იცის, დილეგი რომ სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს. ნუგეშის სიტყვა ახლდათ თან ახლად შეპყრობილ დიმასს და გესტასს, თანაც ისეთი სიტყვა, იშვიათად რომ ღირსებია ვინმე ძეხორციელთაგანს. ეს აძლევდა მათ მუხლში ძალას, თვალშიაც იმედის სხივს უნთებდა. სწორედ ეს არ გამოჰპარვია მედილიგეს, ვინ იცის, რამდენი ენახა მათნაირი, რამდენ შეპყრობილს გაევლო მის ხელში. სრულიად შემთხვევით გადაეყარა დიმასი იმ დღეს მოძღვარს. სამოძღვრო სიტყვაც (ანუ უდიდესი ნუგეში) თითქოსდა ასევე შემთხვევით მიიღო მისგან. სულ სხვა საფიქრალი ჰქონდა, ნაცნობ მჭედელთან მიდიოდა, საგანგებოდ გამოკვერილი სატევარი უნდა დაეხვედრებინა მისთვის. ერთმანეთი გადაკვეთა ყაჩაღისა და მოძღარის სავალმა გზებმა. დინჯად, აუჩქარებლად მოაბიჯებდა იესო (დიმასმა ამ დროისთვის უკვე იცოდა მისი სახელი), ხალხის ჭრელი გუნდი ეხვია ირგვლივ. მათგან უმეტესნი კურნებას ითხოვდნენ და ღებულობდნენ კიდეც, ზოგნიც ეკითხებოდნენ, ვისაც თავში რა მოუვიდოდა. იცოდნენ, იესოს ყოველივეზე ჰქონდა პასუხი. აგერ, სწორედ მის თვალწინ ჰკითხა ვიღაცამ, ვის შეუძლია ჩვენი ცოდვების აწონვა? სადაა სასწორი ამისათვის? საკუთარ გულს დაეკითხეო, - მიიღო პასუხად. ერთმანეთს გაუსწორდნენ მოძღვარი და ყაჩაღი, და მაშინ გადაწყვიტა დიმასმა, თვითონაც ეკითხა რაიმე მოძღვრისათვის, აკი, ასე ახლოს იყო მასთან. ბევრი არ უფიქრია, რაც თავში უცბად მოუვიდა, ის ჰკითხა: - მითხარი, მოძღვარო, რამდენ ხანს ვივლი ამ მიწაზე? შემდგომში, როდესაც საკუთარ შეკითხვას იხსენებდა, მსჯავრს სდებდა საკუთარ თავს დიმასი, რამ მომაფიქრა, ასეთი შეკითხვა რომ დავუსვი მოძღვარსო, ვინმე მჩხიბავი ხომ არ არისო. მაგრამ, აბა, სხვა რა უნდა მეკითხა, საკუთარ თავს ასე ეპაექრებოდა თვითონვე. ჯანს არ უჩიოდა, მაძღარი ცხოვრებით ცხოვრობდა, საკუთარმა ხელობამ, ყაჩაღობამ ანახა სარგებელი, ერთი ის აფიქრებდა, ცოცხალი და საღ - სალამათი თუ გადაურჩებოდა თავის მეტად სახიფათო ხელობას, რამდენ ხანს დაჰყოფდა სამზეოზე, ეს იყო მისი უმთავრესი საწუხარი. ისე, როგორც ყველას, მასაც ეშინოდა სიკვდილის. ვის არ ეშინია სიკვდილის? ყველას თავზარს სცემს მისი მრისხანე სახე, ყაჩაღი მაინც სხვაა, მისთვის მეტად ვიწროა ზღვარი სიკვდილ - სიცოცხლის გამყოფი. სიმხდალეს ვერავინ დასწამებდა, მაგრამ სიკვდილის შიში სიმხდალედ მაინც ვერ ჩაითვლება, - გულში ასე ფიქრობდა დიმასი, როდესაც მოძღვარს შეკითხვა დაუსვა. მოძღვარმა ღირსჰყო, პასუხი გაეცა შეკითხვაზე. მშვიდად გაუსწორა მზერა დიმასს და უბრალოდ უთხრა შემდეგი სიტყვები: - სანამ მე ვივლი, თქვენც ივლით, სამნი ერთად მოვწყდებით მიწას . . . ეს იყო და ეს, მეტი აღარაფერი უთქვამს, კვლავ გააგრძელა გზა ხალხის ჭრელი გუნდის თანხლებით. დიმასი გაკვირვებული დარჩა. ნეტავი ჩემს გარდა კიდევ ვის უთხრა ეს სიტყვაო, მესამე ვინღა არისო. მოიხედა, გვერდით გესტასი ედგა. გესტასი ხანდახან აეტორღიალებოდა ხოლმე იესოს თანმხლები ხალხის გუნდს, უსმენდა ქადაგებას, დიმასს ამისთვის დიდი მნიშვნელობა არასოდეს მიუნიჭებია. და, ახლაც სრულიად შემთხვევით შეეჩეხნენ ერთმანეთს, წინასწარ ერთმანეთი არ შეუნიშნავთ. წამით გაუსწორეს ერთმანეთს თვალი დიმასმა და გესტასმა, მაშინვე გაიყარნენ, სხვადასხვა მხარეს გაემართნენ. ცნობილი ამბავია, წესად არ აქვთ ყაჩაღებს ერთად სიარული, ცალ - ცალკე დაძრწიან მარტოხელა მგლებივით. სამოძღვრო სიტყვის შესახებაც არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის, არც მაშინ, არც მოგვიანებით, ერთხელაც აღარ უხსენებიათ. საძნელო მოეჩვენათ მასზე მსჯელობა და ფიქრი, ვაითუ, სადმე შორს გაგვიტყუოს, სადაც ჩვენი განსჯა ვეღარ წვდებაო. სადაც მე ვივლი, თქვენც ივლით და მითუმეტეს, შემდეგი ნათქვამი: სამნი ერთად მოვწყდებით მიწას. მოძღვრის სიტყვებში რაღაც დაფარულ აზრს ხედავდნენ, და რაც უფრო მეტს ფიქრობდნენ მასზე, მით უფრო ბუნდოვანი ეჩვენებოდათ. ცალკე ის უკვირდათ, როგორ აღმოჩნდნენ ერთმანეთის გვერდით სწორედ მაშინ, როცა ეს სამოძღვრო სიტყვა ითქვა. ერთი სიტყვით, დრო ვეღარ გამონახეს სამოძღვრო სიტყვებზე სალაპარაკოდ, იქნებ არც ისე ეშინოდათ სიკვდილის, ღალიანობა ედგათ, ბოლო ხანს ძალიან მოემართათ ხელი. სამაგიეროდ მოგვიანებით მოიცალეს, დილეგის წყვდიადში გამომწყვდეულებმა. დაწვრილებით გაიხსენეს იმდღევანდელი შეხვედრის ამბავი, როგორ გაუსწორა მათ თვალი მოძღვარმა, (მშვიდად, აუღელვებლად), რა უთხრა . . . „სანამ მე ვივლი მიწაზე, თქვენც ივლითო . . .“ ამ სიტყვების აზრი სრულიად ნათელი იყო. არანაირი ბუნდოვანება ან გაუგებრობა არ აკლდათ. ცოტა ის აფიქრებდათ, რაც ამ სიტყვებს მოსდევდა: „სამივე ერთად მოვწყდებით მიწას“, - აქ უკვე მთლად ნათელი არ იყო ყველაფერი, მაგრამ ამაზე დიდად არ უტეხიათ თავი. ერთხანს იმსჯელეს და მალევე შეეშვნენ; როცა იქნება, ყველა სულიერი მოსწყდება მიწას, ალბათ ამას ნიშნავსო. თავი და თავი ის იყო, რაც დასაწყისში თქვა მოძღვარმა: „სანამ მე ვივლი მიწაზე, თქვენც ივლით . . .“ ეს სიტყვები სინათლის წვრილ სხივს ჰგავდა, დილეგის სიბნელეში მოკიაფეს. ყაჩაღები სწორედ მას ჩააფრინდნენ მთელი ძალ - ღონით; სხვა რაღა დარჩენოდათ. ის იყო მათი ერთადერთი იმედი, თუკი ჰქონდათ რაიმე საიმედო; ერთადერთი ძაფი, რომელიც აკავშირებდათ ამქვეყნიურ ცხოვრებასთან . . . არავინ კითხულობდა მათ ამბავს და არც მოიკითხავდა, რამდენი ხანიც არ უნდა მჯდარიყვნენ დილეგის წყვდიადში, არც თავად სურდათ ვინმეს ნახვა. მედილეგემ უთხრა მათ: წესია ასეთი, თუ გინდათ თქვენს ახლობლებს შევატყობინებ თქვენს შესახებო. ამაზე ორივემ უარი თქვა; ღატაკი ოჯახებიდან იყვნენ. ოჯახის წევრები ვერაფრით დაეხმარებოდნენ სასიკვდილოდ განწირულებს. ერთი ის იყო, დარდსა და ვარამს დაიმატებდნენ. ეს არაფერში სჭირდებოდათ ყოფილ ყაჩაღებს. გვირჩევნია, იმის მოლოდინი ჰქონდეთ, ოდესმე ხელდამშვენებულები დავბრუნდებითო, გულში ასე ფიქრობდნენ. იქნებ ასედაც მომხდარიყო, თუ ღმერთი შეეწეოდათ. იქნებ მოძღვარი, რომელმაც ეს სანუკვარი სიტყვები უთხრა მათ, სწორედ ახლა სადმე დააბიჯებდა მიწაზე, არიგებდა ლოცვას, კურნებას, ახდენდა სასწაულებს. ხომ შეიძლებოდა, დიმასი და გესტასი რაღაც სასწაულით მის გვერდით აღმოჩენილიყვნენ. ასეთ სურათს უხატავდა მათ ოცნება, ამ სანატრელ სურათს, მზე დაჰნათოდა თავზე, მონატრებული მზე . . . ამითი ინუგეშებდნენ თავს ცოტად თუ ბევრად. განსაკუთრებით გესტასი მხნეობდა. ნამდვილად ვიცი, ღმერთი არ მიგვატოვებსო, ხშირად იმეორებდა. ხანდახან თითქოს სრულიად შეუსაბამოდ გაიხსენებდა იესოს ქადაგებიდან მოსმენილ სიტყვებს, შემთხვევით რომ ჩაბეჭდოდა მეხსიერებაში. ერთხელ დიმასს რაღაც მწერმა უკბინა ხელზე. რაღაც პატარა არსებები მუდამ დაფუთფუთებდნენ დილეგის მიწურ იატაკზე . . . დიმასმა წყევლა - კრულვა შეუთვალა მწერსაც და მის გამჩენსაც. სიბნელიდან გესტასი შეეხმიანა ამ პატარა თავგადასავალს: - თქვა მოძღვარმა, ნუ ჰყვედრით უფალ ღმერთს ტკივილის გამო, რასაც საწუთრო მოგაყენებთ. გახსოვდეთ, ტკივილი მისი ყველაზე უძვირფასესი საჩუქარია. იგია ერთგული, უღალატო მეგობარი თქვენი სხეულისა. სხვათა დანდობასაც ხომ სწორედ ის, ჩვენი საკუთარი ტკივილი გვასწავლის. - საამურ განცდაზე რაღას იტყვი? ის არაა ძვირფასი საჩუქარი? - იკითხა დიმასმა, თან სულს უბერავდა ნაკბენ თითს. - ისიც ძვირფასი საჩუქარია უფლისა, ოღონდ ნაკლებ ღირსეული. - ასე ბრძანა მოძღვარმა? - ეჭვით ჰკითხა დიმასმა, - იქნებ შენ თვითონ დაგესიზმრა რაიმე მაგის მსგავსი . . . - ნამდვილად ასე ბრძანა. კიდევ ისიც თქვა, სიამოვნება ტკივილის უმცროსი ძმააო, მას ძალიან უნდა უფრთხილდეთო. - ვითომდა რატომ? - ბუნებით ორპირია და მრუდე, შეიძლება მოგაღოროსო. ერთხელ ისეთი რამე გაიხსენა გესტასმა, კიდევ უფრო გააოცა თავისი ძმაკაცი. თურმე ვიღაცამ თქვა იესოს ირგვლივ შემოკრებილ გუნდში, სიძულვილი განუყოფლად ბატონობს ამ ქვეყანაზეო. იგი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სიყვარულიო. თავისი სიტყვა კი შემდეგნაირად დაასაბუთა: სწორედ სიძულვილმა მომცა ძალა, ჩემზე ბევრად უფრო ღონიერ მტერს მოვრეოდი, ათი კაცის ღონე ჩამიდგა მკლავში, სიყვარული ამდენს ვერ შემაძლებინებდაო. მოძღვარმა კი, აი, რა თქვა: სიძულვილი ყოველთვის ისევ სიყვარულს ემსახურებაო. ნამდვილად ასე თქვა? - გაიკვირვა დიმასმა. - ნამდვილად, ბოლოს ასე დააყოლა: სიძულვილი სიყვარულს ქიმუნჯს წაჰკრავს ხოლმე, ეხმარება, რათა მოსწყდეს მიწიერს, ზეციურს მოეფინოსო. დიმასს აღარაფერი უთქვამს პასუხად. გულზე კი ხვდებოდა ეს სიტყვები, რასაც გესტასი გაიხსენებდა ხოლმე, მაგრამ იმასაც გრძნობდა, მათში დიდი ბუნდოვანება იმალებაო, თანაც იმაზე არანაკლები ბუნდოვანება, რაც მოძღვრის ბოლო სიტყვებს ახლავს თან, „ სამივენი ერთად მოვწყდებით მიწას . . . „ დიმასის აზრით, ასეთ საკირკიტო რამეებზე სჯობდა მაშინ ეფიქრათ, თუ აქედან ცოცხლები გაასწრებდნენ და სამზეოს დაუბრუნდებოდნენ. თან იმასაც კარგად ხვდებოდა, რატომ ლაპარაკობდა გესტასი ამდენს. შიშს ებრძოდა, სიკვდილის შიშს, მათ თავებზე ავბედითად გაფოფრილს. სიმხდალეს გესტასს ვერავინ დასწამებდა; ასე რომ ყოფილიყო, ვერ ივარგებდა ამ საქმეში, ნებსით თუ უნებლიედ წილად რომ ხვდა. მალევე შეეშვებოდა. არაერთხელ უთქვამს გესტასს: თუ კაცი ფეხზე დადგება ჩემი მოქნეული მუშტის მერე, ხელს აღარ მოვუნაცვლებ, კიდეც რომ მომკლასო. საკუთარი მუშტის ძალამ ათქმევინა ეს ქედმაღალი სიტყვები. მაგრამ, აბა, რას იღონებ სიკვდილის აჩრდილის პირისპირ, მასაც მუშტს ხომ ვერ მოუქნევ. ბევრი სიკვდილი ენახა დიმასს; მისი ხელიდან გამოსული, თუ რაიმე სხვა მიზეზის შედეგი. ძალიან კარგად გაიგო ერთი უბრალო რამ: სიკვდილისთვის არასდროს არავინაა მზად, მასთან შეხვედრაც ყოველთვის მოულოდნელია და ნურც ნურავინ დაიტრაბახებს, მისთვის თალის გასწორებას შევძლებო. უნახავს დიმასს გულოვანი ვაჟკაცები, ბალღებივით ზარდაცემული. მხდალიც უნახავს, უცნაურად გულმოცემული, სიკვდილისათვის გულგრილად თვალის გამსწორებელი. ვერც თავის თავზე იტყოდა დიმასი, როგორ გაუსწორებდა თვალს სიკვდილს, როცა მისი ჯამი დაჰკრავდა, როგორ შეხვდებოდა გარდაუვალს. მით უმეტეს, არც ვინმე სხვაზე შეეძლო ამ მხრივ რაიმეს თქმა. არავინ იცის წინასწარ ამის შესახებ, მორჩა და გათავდა, - ეს იყო მისი ბოლო სიტყვა, თუ ამ საკითხზე მოუწევდა ლაპარაკი. ერთი რამეც კარგად გაიგო ყოფილმა ყაჩაღმა: თუ ერთხელ გაუსწორე თვალი სიკვდილის ზარდამცემ სახეს, მერე ყოველივე გადასხვაფერდება, სრულიად შეიცვლება ის სურათხატება, რასაც მთელი ცხოვრება შეაჩვიე თვალი. ეს იმას ჰგავს, აზვირთებული ტალღის წიაღში რომ გაიარო, შიშისაგან თვალსაც რომ ვერ უსწორებ. მის მიღმა უცნაურ სიმშვიდეს აღმოაჩენ. ყოველივე ერთ წერტილში გაყინულა ქარბორბალას თვალივით. ერთი სიტყვით, სიკვდილის მრავალგვარი სახე ენახათ ორივე ყაჩაღადყოფილს, დიმასს და გესტასს. არაერთხელ უმსჯელიათ კიდეც მის შესახებ იქ, სამზეოზე . . . ისე, როგორც სხვებს, მათაც იზიდავდა სიკვდილის დიდი იდუმალება, მაგრამ აქ, დილეგის წყვდიადში, სამუდამოდ აკრძალეს მისი ხსენება. თავი ისე ეჭირათ, თითქოს არც არსებობდა სიკვდილის აშკარა აჩრდილი, მათ თავს ზემოთ ავბედითად გაფოფრილი . . . და არც წითურა უხსენებიათ, ამ პატარა ყაჩაღური საძმოს მესამე წევრი, მათი გზამკვლევი, სიტყვისა და საქმის მიმტან - მომტანი. ისე, როგორც სიკვდილის, მისი სახელის ხსენებაც აკრძალეს. ამ სამეულმა მართლაც დიდი თავსატეხი გაუჩინა ქალაქის მოსახლეობას. ამაში წითურას მეტად დიდი ღვაწლი ედო. საკუთარი ხელისგულივით იცნობდა მთელ ქალაქს. იცოდა ვინ საით და როდის წავიდოდა, რას წაიღებდა, რას მოიტანდა. ნაძარცვის გაყოფის დიდოსტატიც ის იყო, უდიდესი წილის წამღებიც. და ახლა დიდად საეჭვოდ ეჩვენებოდათ ორივეს, წითურა მათთან ერთად რომ არ იჯდა ბნელ დილეგში. თუმცა ამაზე სიტყვას არ ძრავდნენ. არ სურდათ ამაზე ლაპარაკით დაემძიმებინათ ისედაც უნუგეშო ყოფა. მოაწევდა ჟამი, ყოველივე თავისით გაირკვეოდა. ერჩივნათ, ისევ სამოძღვრო სიტყვა გაეხსენებინათ ; „სანამ მე ვივლი, თქვენც ივლით“ , ამ სანეტარო წამს უტრიალებდა მათი გული და გონება, ყოველ წვრილმანს იხსენებდნენ, ამაზე ლაპარაკში გაჰყავდათ ბნელზე ბნელი დრო. მერე კიდევ ერთი ტუსაღი შემოემატათ. ჯერ წითურა ეგონათ, როდესაც დილეგის საძვრომი გაიღო და მედილიგემ ვიღაც შემოუშვა მათთან. არა, წითურა არ ყოფილა, გაუცრუვდათ მოლოდინი. სრულიად უცხო კაცი შერჩათ ხელში . . . ისიც მათსავით ყაჩაღი, ასე ამცნო მედილიგემ. მეტისმეტად სიტყვაძუნწი აღმოჩნდა. ბარაბა მქვიაო, თქვა, როცა სახელი ჰკითხეს. მეტი ვეღარაფერი ათქმევინეს. ძალაუნებურად მიჩუმდნენ დიმასი და გესტასი, უხმოდ ელოდნენ, თვითონაც არ იცოდნენ, რას . . . იმედი ღვივოდა მათში, როგორც ნაპერწკალი ნაგვის გროვაში. ცხადია, შიში თავზე დასტრიალებდა ამ მოლოდინს, გარდაუვალი აღსასრულის შიში. ეს დიმასს უფრო ეტყობოდა, ხანდახან მოთმინებას კარგავდა, დილეგში მოუთმენლად იწყებდა წრიალს. თუ სიკვდილს გვიპირებენ, ბარემ დროზე დაგვხოცონო, ბურტყუნებდა, - ამდენს რას გვალოდინებენო. გესტასი შედარებით მშვიდად იყო, უხმოდ აყურადებდა დიმასის ნაბიჯებს და მერე მოძღვრის სიტყვას შეახსენებდა ; „ . . . სანამ მე ვივლი, თქვენც ივლით . . .“ დიმასი ერთხანს კიდევ იწრიალებდა, მერე ისიც მიჯდებოდა დილეგის სიბნელეში, ერთადერთი სინათლის ძაფს, სამოძღვრო სიტყვას ჩაბღაუჭებული. არცერთი აღარ იღებდა ხმას, უხმოდ აყურადებდნენ ერთმანეთის ფიქრებს, წყვდიადის წიაღში მორიალეს; ნეტავი დამანახა , აი, ახლა, ამ წუთას, სად დადის იესო, სად ეხება მიწას მისი ნაბიჯი, რომელ ქალაქში თუ სოფელში. სანამ ის დადის მიწაზე, ჩვენც ვიქნებით. ის ხომ ჭეშმარიტი ღმერთია. მრავალნი ამბობდნენ ამას იქ, სამზეოზე. ჩვენც ასე ვფიქრობთ, უეჭველად აღსრულდება მისი სამოძღვრო სიტყვა. ერთი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როდის გამოგვიხმობენ დილეგიდან, როდის გავივლით კვლავ მიწაზე ერთად, ღმერთის სიტყვის ნებისამებრ.
და აი, თითქოს დადგა ნანატრი წამი, გაიღო დილეგის კარი. მედილიგემ ჩამოაბნელა ზემოდან ჩამომავალი რიბირაბო, ბარაბა გამოიხმო. ისიც უჩუმრად გაიძურწა დილეგიდან. დიმასმა და გესტასმა სცადეს ერთმანეთისთვის შეეხედათ სახეში. გულში ორივეს ერთი ფიქრი უტრიალებდა, ნეტავი რა ხდებაო. მდუმარება ჩამოვარდა, რომელიც ერთხანს გაიწელა. ისევ გაიღო დილეგის კარი, ახლა უკვე მათთვის, მედილიგეს მიჰყვნენ ოკრობოკრო კიბეებზე. ახლაც ცნობისმოყვარე მზერით შეხედა ორივეს მედილიგემ, როგორც კი დილეგს გამოსცდნენ და დღის შუქი მისწვდა მათ სახეებს. ჩანს, აინტერესებდა, რაიმეს იმედი თუ შერჩათო. არც დიმასს, არც გესტასს ეს არ შეუმჩნევიათ, ვერაფერს ხედავდნენ სინათლისგან თვალებაჭრელებულები, დილეგის სიბნელიდან ახლად თავდაღწეულები. მედილიგემ შეიარაღებულ მცველებს გადააბარა ისინი. იარეთო, უბრძანეს მცველებმა. მორჩილად მიჰყვნენ ყოფილი ყაჩაღები, თან თვალებს ხშირხშირად ახამხამებდნენ, რათა დღის სინათლეს შესჩვეოდნენ და მხედველობა დაბრუნებოდათ. რაღაც ჭრელი დომხალი ტრიალებდა მათ ირგვლივ, სხვას ვერაფერს ამჩნევდნენ. სადღაც დადგნენ. როგორც იქნა, ნელ - ნელა იწყო მხედველობამ დაბრუნება, ჭრელი დომხალიდან ფართო მოედანი გამოიკვეთა, თავშეყრილი ხალხიც დაინახეს, შეიარაღებული მცველები. დიმასმა და გესტასმა უნებურად ბარაბას დაუწყეს თვალით ძებნა, აკი, არც ისე დიდი ხნის წინ დატოვა დილეგი . . . მათი აზრით, ისიც აქ უნდა ყოფილიყო. ბარაბა არსად ჩანდა. მის ნაცვლად ვიღაც სხვა დაინახეს, მათსავით ხალხს გამორიდებული, შეიარაღებული მცველების რიგის გადმოღმა მყოფი. ამით დაასკვნეს, ისიც ჩვენსავით მსჯავრდებულიაო. ჰოი, რა საცოდავი სანახავი იყო. არც დიმასი და გესტასი იყვნენ პირზე ვარდგადაფენილები, მაგრამ ის უცხო მსჯავრდებული მათზე ბევრად უფრო ნატანჯი, უფრო ძალაგამოცლილიც ჩანდა.. ხელ - ფეხზე გაშოლტვის კვალი ეტყობოდა, თავზეც ეკლის გვირგვინი ჩამოეფხატათ მისთვის. ცხადი იყო, ვიღაცამ მთელი თავისი გულის ჯავრი ამოიყარა მასზე, ბოლომდე იზეიმა მისი სრული დაცემით. ხის მძიმე ჯვრები ჩამოურიგეს სამივეს, გზას გაუდექითო, უბრძანეს. პირველობა გესტასს ერგო, კვალში უცხო მსჯავრდებული ჩაუყენეს, ათიოდე ნაბიჯის დაშორებით, დიმასი სულ ბოლოს მიაბიჯებდა. ასე დაწალიკებით გაუდგნენ გზას, მძიმე ჯვრისგან წელში გადრეკილები. შორი - ახლოს შეიარაღებული მცველები მიჰყვებოდნენ, უფრო იქით სეირის მაყურებელთა ჭრელი გუნდი ირეოდა. აღარაფერი იყო გაუგებარი და საკითხავი. ხის ჯვარი რასაც ნიშნავდა, ძალიან კარგად იცოდნენ დიმასმა და გესტასმა. გზის მიმართულებაც ენიშნათ, გოლგოთის მთისკენ მიიწევდნენ. სწორედ იქ სჯიდნენ სიკვდილმისჯილებს. ამის შესახებ ორივეს გაეგონათ, საკუთარი თვალითაც ენახათ. სადღა იყო მოძღვარი? მისი სამოძღვრო სიტყვა: „სანამ მე ვივლი მიწაზე, თქვენც ივლით . . .“ კვალიც არ ჩანდა მისი, არც არაფერი ისმოდა. არავინ და არაფერი . . . ასეთ ყოფაში იყვნენ ორივენი.სრულიად უნუგეშოდ, მარტოდმარტოდ დარჩენილები სიკვდილის საზარელი სახის პირისპირ. და მაინც, იმედი არ ტოვებდა მათ. იმედი, რომელიც მეტისმეტად ჯიუტი ყოფილა მართლაც, მეტისმეტად სიცოცხლისუნარიანი. საკუთარ სიკვდილს ატარებდნენ ზურგით. დროის სულ რაღაც მცირე მონაკვეთი აშორებდათ მისგან. მაინც მოძღვარს ეძებდნენ თვალით, ჯვრის სიმძიმისგან წელში ორად მოკეცილები. თვალს ადევნებდნენ მცველებს მიღმა მოფუთფუთე ხალხის გუნდს, ხომ არ დააბიჯებდა მათ შორის ვინმე, ვინც მოძღვარს გაახსენებდა მათ. მაინც რაღაცის მოლოდინში იყვნენ . . . ის იცხო მსჯავრდებულიც თვალში უსიამოდ ეჩხირებოდა დიმასს. თურმე ასეთი უილაჯობა უსიამო სანახავია; ცხადად ჩანდა, როგორ უცახცახებდა მუხლები, ხის ჯვარი მეტსიმეტად მძიმე ტვირთი გამოდგა მისთვის, ძლივს ახერხებდა ნაბიჯების გადადგმას. ტაატით მიდიოდნენ ყველანი მისი გადამკიდე. არადა, საჩქარო აბა რა იყო დიმასისთვის და გესტასისთვის, რა ელოდათ მათ, მთის მწვერვალს რომ ააღწევდნენ, წამებით სიკვდილი . . . მაინც დიმასს გულს უწყალებდა უცხო მსჯავრდებულის უღონო ბარბაცი, ძლივსძლივობით მიახოკიალებდა ხის ჯვარს, ცხადად ისმოდა მისი მძიმე სუნთქვაც. აჰა, ვეღარც იარა, წამოიჩოქა ძალაგამოცლილმა. - ადექი! - დაუყვირა მცველმა, თან მათრახი მოუნაცვლა. მსჯავრდებული შეეცადა, გაემართა მუხლი, ცოტა ხანს იჯახირა და პირქვე განერთხა გზის მტვერში. აი, ეს მოჰყვა ამ მცდელობა,ს ჯვარი ზემოდან დაეცა. ხალხში ჩოჩქოლი ატყდა: „იესო დაეცა, იესომ ვეღარ იტვირთა ჯვარი!“ - მრვალათაგან მრავალი ხმით თქმული. დიმასმა ყური ცქვიტა, იესო,ნამდვილად ასე მოესმა. ნეტავი ვის გულისხმობენ? სად არის იესო, ნუთუ აქ, ამ ხალხში? თუ ასეა, რატომ ამდენ ხანს ვერ დაინახა, გესტასიც ხომ ეძებდა . . . თანაც ეს სიტყვა: „დაეცა!“, ეს რაღას უნდა ნიშნავდეს. დიმასმა სცადა, შეძლებისდაგვარად წელში გამართულიყო, თვალით ხალხის სახეების ჩხრეკა იწყო, იქნებ რაიმე ან ვინმე დაენახა. ამასობაში ვიღაც გამოჩნდა, სახელად იოსები. მან იტვირთა დაცემულის ჯვარი. უცხო მსჯავრდებული გათავისუფლეს მეტისმეტად მძიმე ტვირთისგან. ისევ გააგრძელეს გოლგოთის გზა. დროის რაღაც მონაკვეთის მანძილზე უცხო მსჯავრდებული დიმასის ახლოს, თითქმის მის გვერდით აღმოჩნდა. შეხედა დიმასმა, დააკვირდა, რაღაც ეცანურა . . . ის არის? თუ არა, არა მგონია . . . შეუძლებელია! რადა, თითქოს ჰგავს, ძალიან ჰგავს. თუმცა ძალიან შეცვლილია . . . ჰო, ნამდვილად ის არის, მოძღვარი, რომელმაც სამოძღვრო სიტყვა დაგვიტოვა მე და გესტასს. აი, თურმე რას ნიშნავდა ის სიტყვები, მათ ამდენი თავსატეხი რომ გაუჩინა. „სამნი ერთად მოვწყდებით მიწას . . .“ ჯვარცმა ხომ სწორედ ესაა, ჯერ სხეული მოწყდება მიწას, სანამ სული სხეულს გაეყრებოდეს.
შედარებით სწრაფად მიიწევდნენ წინ, რაც იოსებმა იტვირთა დაცემულის ჯვარი. მიაბიჯებდა დიმასი, მძიმე ჯვრისგან ქედდადრეკილი, სახე გვერდით მოეღრიცა, უცნობ მსჯავრდებულს არ აცილებდა მზერას. სულ უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ ნამდვილად იმ მოძღვარს შეჰყურებდა, შემთხვევით თუ განგებ, გზად რომ გადაეყარა. გესტასიც ხომ იქვე აღმოჩნდა. მისმა სამოძღვრო სიტყვამ იხსნა ორივენი, ამოიყვანა ბნელი დილეგიდან. ხომ შეიძლება, იქვე დარჩენილიყვნენ. ასედაც მომხდარა: უიმედობა უფრო ადრე ჰკლავს, ვიდრე თვით სიკვდილი. მერედა რისთვის, რიღასთვის გადარჩნენ. იმისთვის, რომ ახლა, სულ მალე, ჯვარზე გაკრულები წამებით აღესრულონ. თუმცა ვინ იცის, იქნებ ღმერთმა სხვანაირად განსაჯოს. ის ჭეშმარითი ღმერთია, მიუხედავად ბალღზე უფრო უმწეო ყოფისა. აკი წინასწარ განჭვრიტა ყოველივე. ჩვეულებრივი მოკვდავის ყოფა ვერ შეძლებდა ამას, ვერ დასძლევდა მანძილს მაშინდლსა და დღევანდელობას შორის. ჩვენ ვერ მივხვდით მაშინ, რას ნიშნავდა მისი სამოძღვრო სიტყვები, განსჯა არ გევყო საამისოდ. იქნებ ვერც ახლა ვხვდებით რაიმეს. გესტასის მზერა დაიჭირა დიმასმა. ისიც მისჩერებოდა უცხო მსჯავრდებულს. მგონი, მანაც იეჭვა რაღაც. სახე ერთიანად გაქვავებოდა, თვალები ცარცივით ჰქონდა გადათეთრებული. ცუდად ენიშნა გესტასის იერსახე დიმასს, ბევრის მნახველ ყაჩაღს. წინმსწრები სიკვდილის სუნი იგრძნო. ანუ, ისეთი სიკვდილის, სხეულს რომ დაასწრებს. საბოლოოდ დარწმუნდა კიდეც ამაში, როდესაც გესტასის ხმა გაიგონა.
* * *
მსჯავრდებულთა ჯვარზე დალურსმვა იწყეს ჯალათებმა. განგებ თუ შემთხვევით გესტასით დაიწყეს, ჩაქუჩითა და ლურსმნებით შეიარაღებულები მიადგნენ. ხმამაღლა მორთო ყვირილი გესტასმა. მეტად ემწარა, როცა ლურსმანი ჩაურჭეს ხელ - ფეხში. ბევრი რამ უთხრა ამ ყვირილმა დიმასს, ბევრი ტკივილისა და სიკვდილის მნახველს. გესტასი აღარ ჰგავდა იმ გესტასს, ოდესღაც რომ იცნობდა. ყოველივე ადამიანური წარხოცა მასში შიშმა, ტკივილმა, სრულმა უიმედობამ, თითქოს გონებაც აღარ შერჩა. უგონო პირუტყვის ზმუილს უფრო ჰგავდა მისი ხმა, ვიდრე ადამიანისას. და ახლა უკვე გესტასს მიაჩერდნენ მოზეიმე სახეები; ახალი ნუგბარი მიიღეს. სანახაობას ხმაც დაემატა, ერთიანად ტკბებოდა მათი თვალი და ყური. ყველა იქ მყოფთა მზერა ბურთივით შეიკრა გესტასის ირგვლივ, ისიც კი, წითურა, მას შეჰყურებდა. დიმასს ცოტა ხნით იმანაც აარიდა თვალი, მაგნიტივით მიიზიდა გესტასის ხმამ. ახალი ძალა მოიცა მოზეიმე იერმა მჭვრეტელთა სახეებზე, კიდევ უფრო ძლევამოსილად გაიფოფრა მისი ავბედითი შარავანდედი.
ცხადია, მაშინაც ისეთი სახეები ექნებათ, როდესაც უკვე მას, დიმასს, მიალურსმავენ ჯვარზე. როცა უკვე მის ხმასაც გაიგონებენ, ტკივილისაგან გაგიჟებული პირუტყვის ხმას, მაშინ უკვე ის დაატკბობს მათ ყურთასმენას. „ვერ ეღირსებით, ვერ ეღირსებით, ვერ ეღირსებით . . .“ უსასრულოდ იმეორებდა ამ ორ სიტყვას დიმასი, თითქოს ცდილობდა, ფარდასავით აეფარებინა მათი სიმრავლე, იქნებ ძალა შემატებოდა მათგან, ხმა არ დაეძრა ჯვარზე დალურსმნისას. კიდევ ერთი სიხარული და ბედნიერება არ შეემატებინა მოზეიმე სახეებისთვის. უფრო ახლოს გაისმა ლურსმანზე ჩაქუჩის ცემის ხმა, იესოს ჯერი დამდგარიყო, სულ მალე მასაც მაიდგებიან. „ვერ ეღირსებით, ვერ ეღირსებით, ვერ ეღირსებით“ - იმეორებდა გუნებაში, თან გაფაციცებით აყურადებდა მეზობელი ჯვრიდან მოდენილ ხმებს. მხოლოდ ჩაქუჩის ცემის ხმა ისმოდა . . . და კიდევ გესტასის ყვირილი თუ ზმუილი, ამ ორ ხმას აღარაფერი შემატებია. ჯერჯერობით სხვა არავინ ყვიროდა აუტანელი ტკივილისაგან.
მგონი რაღაც მოხდა, ჯერჯერობით გაუგებარი. ჯალათები გაეცალნენ ჯვარზე ახალდალურსმულს. მათ ნაცვლად მცველები მიუახლოვდნენ. ერთ ერთ მათგანს მაღლა აწეული ხელით ჯოხი მოჰქონდა, ჯოხზე ძმრიანი ღრუბელი იყო დამაგრებული. მიხვდა დიმასი, რაც მომხდარიყო; აუტანელი ტკივილისაგან გონება დაჰკარგა იესომ, ყველაზე უმწეომ და ღონეგამოცლილმა მსჯავრდებულთა შორის. დიმასმა გვერდზე მიაბრუნა სახე, დაინახა, იესოს თავი მკერდზე ჰქონდა ჩამოვარდნილი. საყნოსი ღრუბელი ცხვირთან მიუტანა მცველმა, რათა გრძნობაზე მოეყვანა იგი. ნება არ ჰქონდა ჯვარცმულს, ტკივილს გაქცეოდა, სანამ ცოცხალი იყო. ბოლომდე უნდა მიეღო სასჯელის ყველა სახე, მწარე სასმელის ყველა წვეთი. ამასობაში მასაც მოადგნენ. სულ ახლოს დაინახა დიმასმა ჩაქუჩმოღერებული ჯალათი, ლურსმანსაც მოჰკრა თვალი, მაგრად მომუშტულ ხელში ჩაბღუჯულს. მთელი სხეული სწორედ იმ მუშტივით შეკუმშა დიმასმა, სახე ნიღაბივით გაიქვავა, მაგრად მოკუმულ ტუჩ - პირს კბილები ჩაუჭირა . . . და რაც მთავარია, თვალი გაიმახვილა, ისედაც მახვილი დაბადებიდან, დილეგის სიბნელით კიდევ უფრო ალესილი. მოზეიმე სახეებს შეაჩერდა, (ახლა უკვე მისკენ შებრუნდა ყველა სახე), უმეტესად იმ ერთს, მისი უბედურებით ყველაზე გახარებულს, ყველაზე გალაღებულს და ბედნიერს და ყველაზე საძულველს მღვრიე ზეიმის წიაღში. დიმასი გრძნობდა, სიძულვილის განცდამ ცეცხლოვან ტალღასავით როგორ დაუარა მთელ სხეულში. მძიმე ჩაქუჩის მოქნევა, მწარე ჩხვლეტა, მაჯებზე და წვივებზე თითქოს ცეცხლი შემოენთო. მეტად მწარე და აუტანელი იყო ყველა ეს ტკივილი, უფრო უარესი კი იმის შიში, ვაითუ, ხმა დამცდესო. „ ვერ ეღირსებით, ვერ ეღირსებით . . .“, გუნებაში განუწყვეტლივ იმეორებდა ამ სიტყვებს, იქნებ დახმარებოდნენ, ხმა არ გაეღო. თვალის ქუთუთოებში ბუზები უძვრებოდნენ, თვალდაუხამხამებლად შეჰყურებდა მოზეიმე სახეების ჯგროს და უმეტესად იმ ერთს; ისინიც ეხმარებოდნენ, ნამდვილად ეხმარებოდნენ, როგორმე ხმა არ დასცდენოდა. წამით გონება მაინც დაჰკარგა აუტანელი ტკივილისაგან. სულ სხვა ყოფილა, როდესაც საკუთარი სხეულის სიმძიმე ლურსმნებს ექაჩება დაბლა და არა თოკებს. ხმა ხომ არ დამცდაო, უწინარეს ყოვლისა, ეს გაიფიქრა ისევ გონს მოსულმა. არა, მსგავსიც არაფერი მომხდარა. მისი ხმა არავის გაუგონია. ეს ცხადად ამოიკითხა მასზე თვალმოუცილებლად მიშტერებულ მოზეიმე სახეებზე, რაღაც ნამდვილად შეიცვალა მათში. სახეები თითოს გაქვავდნენ, მოზეიმე იერს გაოცება შეერია. რას უნდა გაეოცებინა ისინი, თუ არა მის შეუვალ სიკერპეს და სიჩუმეს. ჯვარცმულის გამძლეობა ძალიან ეუცხოვათ. მძიმედ, ხრიალით ამოისუნთქა დიმასმა, ყოველივე ამის დამნახველმა, ანუ, მთელი მკერდით; საეჭვო აღარაფერი იყო, როგორც იტყვიან ხოლმე, შეძლო შეუძლებელი. სწორედ ის, რაც თვითონვე ეჩვენებოდა შეუძლებლად. ხმა ნამდვილად არ დასცდენია, სულ მცირე ამობგერებაც კი. ტუჩპირი კბილებს საიმედოდ ჰყავდა ჩაბღუჯული. უფრო მეტიც, სახეც კი არ შეცვლია, კუნთი არ შეტოკებია სახეზე. ისეთივე იერი შეინარჩუნა, რაც მილურსმნამდე ჰქონდა, განურჩეველი, არაფრისმთქმელი, ოდნავ დამცინავიც კი. თვითონვე დაინახა საკუთარი იერსახე, მოზეიმე გაქვავებულ სახეებზე არეკლილი. თანაც ისე ცხადად, თითქოს წყლით სავსე გუბურაში ჩაიხედაო. დიმასი არ შეუცბუნებია ამ მოულოდნელ აღმოჩენას. თავი იმ მოთამაშესავით იგრძნო, ბევრად მეტი მოგება რომ ხვდა წილად ფსონის ჩამოსვლისას, ვიდრე წინდაწინ ვარაუდობდა. რას იფიქრებდა, თუ ამდენს შეძლებდა, პირში დასცინებდა მრავალსახა ურჩხულს. მრავალსახა მოზეიმე ურჩხულსაც სწორედ ეს ემწუთხა ყველაზე მეტად, ჯვარცმულის სახეზე აღბეჭდილი დამცინავი იერი. ძალა შემატა ამ პატარა, თუმცა, ალბათ მისი მდგომარეობითვის არც ისე პატარა გამარჯვებამ დიმასს, თვალიც თითქოს კიდევ უფრო გაუმახვილდა, გოლგოთის შემოგარენიც უფრო გაფართოვდა, ახლა უკვე თვით უსაზღვროებას ერწყმოდა იგი. დიდი თუ მცირე, ახლოს მყოფი თუ შორეული, ყველა და ყოველივე ერთად მოიცვა დიმასის თვალმა, რაც ტკივილის ზღურბლს უხმოდ გადააბიჯა. და რაღა თქმა უნდა, იმ ერთადერთსაც კარგად ხედავდა, ყველაზე მოზეიმეს, ბედნიერს და გალაღებულს მისი უბედურებით. ისიც კარგად დაინახა, ყველაზე ადრე სწორედ მას წაუხდა ნირი. რაღაც იეჭვა, მისთვის გაუგებარი და უცხო. აშკარად არ მოეწონა დიმასის დამცინავი იერსახე, მეტად უსიამოვნოდ დაურჩა, კლდესავით მტკიცედ რომ დაუხვდა დიმასი გაუსაძლის ტკივილს, ერთი ამობგერებაც რომ არ დასცდენია. იმანაც იგრძნო დიმასის დაჟინებული მზერა, ეს კიდევ უფრო არ მოეწონა, რაღაც მოუსვენრობა აშკარად შეეტყო; აწრიალდა, რამდენიმე უნებური მოძრაობა გააკეთა, სახეც გვერდით მიაბრუნა, მერე ისევ შემოხედა, თითქოს ეკითხებოდა, რას მომჩერებიხარო. შეჰყურებდა დიმასი დამცინავ - მოზეიმე სახით, თვალს წამითაც არ აცილებდა. კვლავ მოინაცვლა ფეხი იმ ერთერთმა, ყველაზე მოზეიმემ, მიიხედ - მოიხედა, ვითომდა ვინმეს ეძებსო, მერე ისევ მას, დიმასს შემოხედა . . . და აჰა, ვეღარც გაუძლო, შებრუნდა, ზურგი შეაქცია მისთვის ესოდენ ნანატრ, თან სასურველ სანახაობას. გაარღვია მოზეიმე სახეების ჯგრო, ერთიც აღარ მოუხედავს უკან, ისე მიიმალა. „ვერ დაიმალები“ - დააწია სიტყვა დიმასმა. დარწმუნებული იყო, გააგონებდა წითურას, მის ირგვლივ მყოფი გაფართოებული სივრცე მისცემდა ამის ნიჭს. „ ვერსად და ვერანაირად ვერ დაიმალები, თავს ვერსად შეაფარებ. მოაწევს ჟამი, ისე ცხადად დამინახავ, როგორც მე დავინახე ჩაქუჩმოღერებული ჯალათი საკუთარ ცხვირწინ. იმ ტკივილსაც მაშინ იგრძნობ, რომელსაც მე ახლა განვიცდი“. ამ დროს მართლაც მოისმა ხმამაღალი ყვირილი, გაუსაძლის ტკივილს რომ უნდა გამოეწვია. დიმასი ერთი წამით შეცბუნდა, ისიც კი გაიფიქრა, წითურას ხმა ხომ არ გავიგონეო . . . სწორედ ის ხმა, რომელიც, ვინ იცის, როდის უნდა აღმოეტევა, სულის ამოსვლასთან ერთად. არა, წითურა არაფერ შუაში ყოფილა, მას არ ეკუთვნოდა ეს ხმა. ჯალათებს იესო მოეყვანათ გრძნობაზე და ახლა ხმამაღლა ყვიროდა აუტანელი ტკივილისაგან მეტად შეწუხებული. დიმასს გაუკვირდა კიდეც, არ მოელოდა, თუ ამ ზომამდე ხმამაღალ ხმას აღმოუტევებდა ესოდენ ძალაგამოცლილი სხეული. ჩანს, ძალიან ემწარა გონსმოსულს ხელ - ფეხში ჩარჭობილი ლურსმნები, ბუზებიც განუწყვეტლივ ეხვევიან, მზის სხივები შეუბრალებლად უწვავენ მთელ სხეულს. მეტად მძიმეა ეს ყოველივე, მძიმე და აუტანელი, (დიმასზე უკეთ ეს ვინ იცოდა?) ამიტომაც ყვიროდა ასე მწარედ იესო . . . მოძღვარი, რომელიც სხვებს ასწავლიდა, „ნუ ჰყვედრით უფალს, თუ საწუთრო ტკივილს მოგაყენებთო,“ თვითონვე მწარედ მოთქვამდა აუტანელი ტკივილის გამო. „ უფალო, უფალო, რაისთვის დამიტევე მე?“- ბალღივით შესტირა იესომ უფალს, ამ სიტყვებთან ერთად სცადა, ზეცისკენ აღეპყრო თვალი. მცდელობაღა შერჩა, ბუზებმა არ მისცეს ამის საშუალება, ქუთუთოებში გუნდ - გუნდად უძვრებოდნენ, თავიც გვერდზე უღონოდ გადაუვარდა. მრავალსახიანმა მოზეიმე ურჩხულმა გადაყლაპა ეს ნუგბარი, კვლავ დამშეული იყურება, მეტს თხოულობს, ბევრად უფრო მეტს . . . მისი თვალი და ყური ახლა მთლიანად მწარედ მტირალი იესოსკენაა მიმართული, ყველა მოზეიმე სახე მისკენ მიბრუნდა. და რაც ყველაზე უარესია, მოზეიმე სახეებზე უკვალოდ გაჰქრა ის შეცბუნება, გაოცება, უკმარობის განცდა, რაც დიმასის საოცარმა გამძლეობამ და შეუვალმა სიკერპემ შვა. ხმა რომ ვერ დააცდენინეს. ეს მეტად უსიამოვნოდ დაურჩა დიმასს. „ ბალღივით უმწეო ხარ, - გუნებაში უსაყვედურა დიმასმა მწარედ მტირალ იესოს, - „ოღონდ მისგან განსხვავებით, ბევრად მეტი იცი, ვიდრე ყველა მოზრდილმა, ერთად აღებულმა. ამდენად, არც შეგეფერება, ბალღივით ტიროდე ტკივილისაგან.“ იესო კვლავ ყვიროდა, რა საწყენიც არ უნდა ყოფილიყო დიმასისთვის. ხმა კიდევ უფრო შეიმაღლა . . . სამწუხაროდ, არ შეეძლო ის ორი მხსნელი სიტყვა: „ვერ ეღირსებით, ვერ ეღირსებით . . . „ ფარივით დაეხვედრებინა ტკივილისათვის. სიძულვილის ნიჭმა აჩუქა ეს სიტყვები და შეუძლებელი შეაძლებინა დიმასს. იესოს არ აქვს სიძულვილის ნიჭი, იესო მხოლოდ სიყვარულია . . . გესტასიც ზმუილიც სწორედ ახლა გაისმა . . . ხანდახან ხმა უწყდებოდა, ჩანს, ძალა ღალატობდა, ახლა ისევ მოიცა ძალა . . . ერთმანეთში აირია ორი ხმა, ცხოველის მინაგვარი და ადამიანის . . . ეს განსაკუთრებით უსიამოდ მოხვდა დიმასის ყურთასმენას, გულში გაივლო: „ნეტავი იმდენი მაინც შემეძლოს, ეს ორი ხმა განვაშორო ერთმანეთისგანო.“ რა უნდა ეღონა? იმ ცეცხლოვან სიძულვილს ვერ უწილადებდა მეზობელ ჯვარცმულს, თვითონ მას ტკივილის უხმოდ ატანის ნიჭი რომ მისცა, მაგრამ ალბათ, ხმას მიაწვდენდა, არც ისე დიდი მანძილი იყო ჯვრებს შორის. დიმასი გასცდა საკუთარ ჯვარს, (ასედაც შეიძლება ითქვას) ამ განზრახვის აღსრულება მოინდომა; ძალიან კი გაუძნელდა, ძლივს გახსნა კრუნჩხვით მოკუმული ტუჩ - პირი. ჯერ გაურკვეველი ხრიალი აღმოხდა, ვერაფერი ვერ თქვა. როგორც იქნა, დაწეწკილი ტუჩ - პირი დაიმორჩილა, სიტყვა მოაყოლა ხრიალს; - მოძღვარო, მოძღვარო . . . მოესმა დიმასს, სუნთქვა გაუხშირდა იესოს. ყური მომაპყროო, იმის ნიშნად ჩათვალა, აღარც დააყოვნა, უთხრა სათქმელი: - ნუ ჰყვედრი უფალს . . . ცხადად გრძნობდა დიმასი, რომ მისმა სიტყვებმა მიაღწიეს მეზობელ ჯვარცმამდე, ყური, თვალი, მთელი სხეული, შეუმცდარად ამცნობდა ამას. კვლავ რამდენიმე ამოსუნთქვა მისწვდა დიმასის ყურს, ხრიალში არეული. ბოლო გასაქანი მისცა ტკვილის იესომ. მერე მიყუჩდა, სრულიად აღარაფერი ისმოდა მისგან. ხომ არ მოკვდაო, ისიც კი იეჭვა დიმასმა. არა, არ მომკვდარა, თავი მიიდრიკა ჯვარზე და ნიავივით ჩუმი ხმით თქვა: „იყავნ ნება შენი . . .“ ღმერთს უთხრა ეს სიტყვები, ცხადად გაიგონა დიმასმა. ალბათ სხვა ვერავინ გაიგონებდა ამ სიტყვებს, მაგრამ ერთ - ერთი მცველი მიუახლოვდა იესოს სწორედ ამ დროს. მასაც ალბათ ეგონა, ხომ არ მოკვდაო, როგორც დიმასმა იეჭვა. დიმასი დაუბრუნდა საკუთარ ჯვარს, დაწეწკილი ტუჩ - პირი კვლავ მოიქცია კბილებს შორის. „ ვერ ეღირსებით, ვერ ეღირსებით . . .“ ისევ და ისევ იმეორებდა ამ სიტყვებს გუნებაში. დიდი იყო ძალა იმ ცეცხლოვანი სიძულვილისა, რაც მთელ მის სხეულს მსჭვალავდა, მისი წყალობით მიაღწია თავისას დიმასმა, ერთმანეთისაგან განაშორა ცხოველისა და ადამიანის ხმა, მრავალსახა ურჩხულიც გაწბილებული დარჩა, სრული გასაქანი ვეღარ მისცა თავის ზეიმს, მის ყურთასმენას მხოლოდ გესტასის ზმუილი წვდებოდა და ატკბობდა, და ისიც საცაა მიწყდებოდა, სულ უფრო იშვიათად, უფრო სუსტად ისმოდა, სიცოცხლე ტოვებდა გესტასის სხეულს. დიმასიც გრძნობდა, ახლოს იყო მისი აღსასრულიც, სულ უფრო ხშირად ჰკარგავდა გონებას. უგონობის წყვდიადს რაღაც გაურკვეველი, ცეცხლოვანი ღრუბლები ენაცვლებოდნენ, ყაჩაღივით თავს ესხმოდნენ გონსმოსულს. ტკივილის განცდა, მოზეიმე სახეები, გოლგოთის უსასრულოდ ფართო თვალსაწიერი . . . ყოველივე იმ ცეცხლოვანი ღრუბლების მიღმა უჩინარდებოდა. და ბოლოს, როდესაც დიმასის სხეულმა მიაღწია სიკვდილ - სიცოცხლის მიჯნას, უგონობის წყვდიადიდან ცეცხლოვანი ნიშნებივით ამობრიალდნენ და გესტასის ხმით ალაპარაკდნენ სიტყვები, იდესღაც მოძღვრის მიერ წარმოთქმული: „სიძულვილი სიყვარულის მორჩილი მსახურია, მუდამ ებრძვის და ეტოქება, ამით ისევ მას ეხმარება, რთა მოწყდეს მიწიერს, ზეცას მოეფინოს მისი ძლევამოსილება . . .“ სულ ერთი წამით გაიელვეს ამ სიტყვებმა, სანამ განუყოფლად გაბატონდებოდა არყოფნის წყვდიადი, საბოლოოდ დაბურავდა ჯვარცმულის თვალსაწიერს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. არსს ვერ ჩავწვდი. უბრალოდ ახალი ვერსია თუ ....... არსს ვერ ჩავწვდი. უბრალოდ ახალი ვერსია თუ .......
2. იმდენ სასიამოვნო სიტყვას მეუბნებით, არც კი ვიცი, როგორ გითხრათ მადლობა . . . ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ამ მოთხრობასთან დაკავშირებით ყველანაირი აზრი, რადგან სახარებისეულ თემას ეხება იმდენ სასიამოვნო სიტყვას მეუბნებით, არც კი ვიცი, როგორ გითხრათ მადლობა . . . ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ამ მოთხრობასთან დაკავშირებით ყველანაირი აზრი, რადგან სახარებისეულ თემას ეხება
1. არაჩვეულებრივი ავტორი, შესანიშნავი მოთხრობით, წერის მანერით, კულტურული და დახვეწილი მეტყველებით, სიბრძნით... რაც მთავარია პროდუქტიული.
5 ქულა და ღრმა პატივისცემა თქვენ.
არაჩვეულებრივი ავტორი, შესანიშნავი მოთხრობით, წერის მანერით, კულტურული და დახვეწილი მეტყველებით, სიბრძნით... რაც მთავარია პროდუქტიული.
5 ქულა და ღრმა პატივისცემა თქვენ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|