ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პოეზია
28 ოქტომბერი, 2016


აუხსნელი ქარაგმა (დასაწყისი)

                            ე ვ ა

  არ ვიცი, პირველად ვინ დამიძახა ევა. მგონი ქარი უნდა ყოფილიყო, ის ხომ მეტად სულსწრაფია, ენაზეც არაფერი ამაგრდება. ,,ევა, ევა!~ ჩაიშრიალა ყურის ძირში, თან ფრთხილად დამარწია. მზემ, მთვარემ, წვიმამ, ღრუბლებმა, ყვავილებმა თუ მაღალმა ხეებმა, ყველამ ერთხმად გაიმეორეს: ,,ევა, ევა!~ მწვანე ბალახმაც კი მომაწვდინა ხმა და მითხრა, ეს სახელი მოგიხდებაო. ალბათ მართლაც ასეა, თორემ მწვანე ბალახი ხმას ძალიან იშვიათად თუ ამოიღებს, მისი თავმდაბლობა მთელ სამოთხის ბაღშია ცნობილი.
მერქვას ევა...

                          მ ზ ე

  მიყვარს მზე, მიყვარს მისი ალერსიანი, ოქროსფრად მოელვარე სახე.
მასაც ვუყვარვარ. შემომხედავს თუ არა, სულ ერთიანად გაბრწყინდება, ჩემი დანახვა უხარია და იმიტომ.
  იმ ოქროსფერ სხივებს ხომ არაფერი მირჩევნია, მზე ასე გულუხვად რომ მიგზავნის. მათბობენ, მახარებენ, ირგვლივ ყველაფერს ოქროსფრად ანათებენ და ალამაზებენ.
თან როგორი ოინბაზები არიან... ხან სულ ახლოს, ჩემს ცხვირწინ ციმციმებენ და ათინათობენ, ხან მოშორებით გადაინაცვლებენ, ანდა სულაც მიეფარებიან თვალს. მერე ისევ აელვარდებიან, სულ ახლოს, ხელის გაწვდენაზე.
ჰოდა, წავწვდი კიდეც ოქროსფერ სხივებს დასაჭერად, ისე მომხიბლა მათმა ელვარებამ. მაგრამ გამისხლტნენ, ვერა და ვერ მოვიხელთე.
  რა თქმა უნდა, მზემ დაინახა ჩემი მცდელობა, კიდევ უფრო ბარაქიანად დამაფრქვია თავზე ოქროსფერი სხივების ნიაღვარი.
  ახლა მათ მივეტანე, ვთხოვე, ნუღარ გამირბიხართ, ჩემთან დარჩით-მეთქი.
არ გამიგონეს, ისინიც მოუხელთებლები აღმოჩნდნენ თავიანთი წინამორბედებივით.
ის-ის იყო დავაპირე გავბრაზებულიყავი, რომ ამ დროს მზემ გულიანად გაიცინა.
გაიცინა და მეც გამაცინა, სულ დამავიწყდა ოქროსფერი სხივების ოინბაზობა...
ძალიან გადამდები სიცილი იცის მზემ, არ შეიძლება საპასუხოდ არ გაგეცინოს, როდესაც გულიანად შემოგცინებს ხოლმე.

                               
                            დ ა მ ა ლ ო ბ ა ნ ა


  დამალობანას თამაში მზემ მასწავლა, ღრუბლებს მიღმა რომ მემალება.
  - სადა ხარ, მზეო? - ვეძახი.
  მზე ხმას არ მცემს, თავს ისე იჭერს, თითქოს არ ესმოდეს ჩემი ძახილი. მერე უეცრად გამობრწყინდება ღრუბლებიდან და ,,ჭიტაო~, ნიშნისმოგებით დამიძახებს, თან გულიანად იცინის. მეც ვიცინი, მიხარია, რომ მზე ისევ ვიპოვნე.
მაღალი ხეების მწვანე გუმბათის მიღმაც იცის მიმალვა მზემ, თუმცა ეს მაინცდამაინც კარგად არ გამოსდის, მწვანე ფოთლებს შუა ოქროსფრად მბრწყინავი სხივები იჭრებიან და მის ადგილსამყოფელს მაცნობენ.
  - ჭიტა, დაგინახე, მზეო! - ახლა უკვე მე ვეძახი ნიშნისმოგებით.
მზეც გამობრწყინდება მწვანე ფოთლებიდან და სიცილით კვდება, რომ ასე ადვილად ვიპოვნე. მეც ვიცინი მასთან ერთად.
  ხან კიდევ მაღალი მთების მიღმა მემალება მზე. იქ შედარებით დიდხანს დაჰყოფს, მერე ოქროსფერი სხივების ბრწიყნვალე ამალასთან ერთად მეცხადება და ორივენი ერთად ვიძახით ჭიტას, თან ვიცინით, ვიცინით, ვკვდებით სიცილით.
არაფერი სჯობს მზესთან დამალობანას თამაშს.

                                    მთვარე


  მთვარეც ძალიან მიყვარს, ჩრდილებით თვალნახატი მნათობი. ღამეულ ცას ძალიან უხდება მისი ნაზი შუქის კონები. ოღონდ ესაა, მეტისმეტად ფერმკრთალია. ეს მუდამ მაოცებდა და ამის შესახებ ვკითხე კიდეც:
  - აი, შეხედე, მზე როგორ ბრწყინავს, სახე ერთიანად ოქროსფრად უელავს, შენ კი ძალიან ფერმკრთალი ხარ. რატომ ხარ ასე ფერმკრთალი?
მთვარემ ფიქრიანი თვალები მომაპყრო და ასეთი პასუხი გამცა:
  - სამაგიეროდ მე სახეს ვიცვლი, მზეს კი ეს არ შეუძლია.
მართლაც, სახის შეცვლა ძალიან კარგად ეხერხება. გაიხედავ, ისეა გალწობილი, ისეთი წვრილია, გეგონება საცაა გაწყდებაო. მერე შეხედავ და... ნახევრად მოკბეჩილ კომშს დამსგავსებია. კიდევ ცოტა ხანიც ...  სულ ერთიანად გაივსება, გაბადრული სახით შემოგხედავს. ნაზი სხივების კონებსაც ყველაზე ბარაქიანად სწორედ ამ დროს აფრქვევს. ასეთი რამ მზეს ნამდვილად არ შეუძლია, მუდამ ერთნაირი სახე აქვს.
ეტყობა, მთვარეს არ ავიწყდება, სახის სიფერმკრთალეზე რომ ჩამოვუგდე სიტყვა.
სიფერმკრთალე ხელს როდი უშლის სახის ცვალებადობას, პირიქით, კიდევ უფრო შთამბეჭდავს და მიმზიდველს ხდისო, ასე მითხრა ერთხელ.
  - კი მაგრამ, სახეს რატომღა იცვლი? - ვკითხე მე.
  - იმიტომ რომ არ მოგეწყინოს. ჩემი სახეცვლილება ხომ კარგად გართობს.
მართლაც ასეა..:.

                              მთვარე ვერ გავაცინე


  მთვარესთანაც ვითამაშე დამალობანა. თურმე თვალს ადევნებდა, როდესაც მზეს ვეთამაშებოდი და თვითონაც მოინდომა. ხან ღრუბლებს მიღმა დამემალა, ხან მაღალ ხეებს ამოეფარა. მერე ისევ გამოცურდა და ,,ჭიტაო~ დამიძახა. მზეზე ნაკლებად როდი გამოსდის დამალობანას თამაში. პირიქით, აჯობა კიდეც, ისეთ ადგილას გამოცურდა ღრუბლებს მიღმა, სრულებით რომ არ ველოდი, ძალიან გაოცებული დამტოვა.
  - ჭიტა! - ნიშნისმოგებით დამიძახა, როცა ჩემი გაოცება შეამჩნია.
ოღონდ ესაა, მუდამ სევდიანია მთვარე, სევდიანი სახით მეთამაშება. მე კი მიჩვეული ვარ თამაშის დროს ხმამაღალ სიცილს. ახლაც ვიცინი, მთვარეს აზრადაც არ მოსდის, სიცილში ამყვეს.
  აი, ისევ დამემალა და კვლავ გამაოცა. ახლაც ისეთ ადგილას გამოჰყო თავი, ვერასგზით რომ ვერ წარმოვიდგენდი, დამალობანას თამაშში მთვარეს ნამდვილად ვერავინ შეედრება, მათ შორის, ვერც მე და ვერც მზე.
  - გაიცინე, - ვეუბნები მე, - ნუთუ არ გიხარია... ხომ ხედავ, მაჯობე თამაშში.
  ისევ ისე სევდიანი დარჩა მთვარე, ვერა და ვერ გავაცინე.


                                  სხივების მსგავსება


  როგორ არ ჰგვანან ერთმანეთს მთვარის და მზის სხივები... მთვარის სხივები უმეტესად ძილის წინ მეწვევიან ხოლმე, თვალის ქუთუთოებზე ნაზად მეფერებიან, მამშვიდებენ, ძილს მგვრიან.
  მზის სხივები კი პირიქით, ძილს როდი მაცლიან... თვალის ქუთუთოებში დაუკითხავად იჭრებიან, რა დროს ძილიაო, მაფხიზლებენ.
ხომ ასე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მე მაინც ერთნაირად მომწონს მთვარის და მზის სხივები. რომელი გირჩევნიათ, რომ მკითხონ, ვერ ვუპასუხებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები