ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
6 ნოემბერი, 2016


აუხსნელი ქარაგმა (გაგრძელება)

  ქარი

  აი ვის უყვარს თამაში... მუდამ აღმა-დაღმა დაჰქრის, არ იღლება, არც ბეზრდება. ოღონდ ეთამაშე, მეტი არაფერი უნდა.
  ხან დავლურს ჩამოუვლის ჩემს ირგვლივ, რასაც მიწვდება, წამოხვეტავს და სახეში მაყრის, ხან კიდევ მიჰქრის, მიჰქრის დაუცხრომლად. თან მაქეზებს, სცადე, იქნებ დამიჭიროო. მეც გავედევნე, მაგრამ ვერა და ვერ მოვიხელთე, მუდამ ხელიდან მისხლტება. თან გულიანად ხარხარებს და ქშუტუნით მეუბნება, ხომ გასწავლე დაჭერობანას თამაშიო.
  - ახლა კვე შენ იჭერ, - ვუთხარი ქარს და უკანმოუხედავად გავიქეცი. ქარი სულ სიცილ-ხარხარით გამომედევნა. რაც კი შემეძლო, სწრაფად გავრბოდი, მაინც სულ მალე დამეწია, ხომ დაგიჭირეო, ყურებში ჩამიქშუტუნა, თან თმები ამიწეწა, ლოყებზეც სულ სილაქები მიტკაცუნა.
  მერე ისევ მე გამოვედევნე ქარს. ბევრი ვდიე, ძალიან მოვინდომე, მაგრამ მაინც ვერ დავეწიე.
არა, ქარს დაჭერობანას თამაშში ვერავინ აჯობებს, თვით მეც კი...

                          ქარის სახეცვლილება


  ისევ ჩამოიქროლა ქარმა, მაგრამ როგორღაც არ ჰგავდა თავის თავს. მეტად რბილად და ალერსიანად მომელამუნა ლოყებზე, თმაზეც სათუთად მომეფერა, როდი ამიწეწა... თავისი ჩვეული დავლური კი დაუარა, მაგრამ სულ ნელა, აუჩქარებლად, უწინდებურად როდი ფართიფურთობდა.
  - როგორ შეგცვლია ხასიათი, - ვუთხარი გაოცებულმა, - ქარს აღარც კი გავხარ.
  - მე ახლა ნიავი მქვია, - ჩამჩურჩულა ყურში სულ ჩუმად, საამო ხმით.
  ცოტა ხანს კიდევ იჩურჩულა და იღიღინა, ნელნელა მიილია მისი ხმა, სულ ოდნავღა შრიალებდა, ძლივსღა მესმოდა. მერე მთლად მიწყდა.
თურმე ჩაეძინა.

                            წვიმა და ყვავილები


  რა მდიდრულად, რა პეწიანად იმოსებიან ყვავილები... არაფერი სჯობს მათთან თამაშს. განსაკუთრებით ის მხიბლავს, მზის გულიან სიცილს რომ იმეორებენ, თვითონაც იცინიან და მეც მაცინებენ.
  სად იყო და სად არა, ქარმა წამოუბერა, ყვავილების ფერადფერადი ფურცლები აიტაცა და თავზე თქეშივით დამაყარა. ეს მეც მომეწონა, ფერადი ფურცლების ნიაღვრებს ორივე ხელი შევაგებე.
  აქაოდა არ ჩამოვრჩეო, წვიმაც გვესტუმრა, იმანაც დაიდო წილი ჩვენს თამაშში, გამჭირვალე გრილი წვეთების მძივები გააბა ჩვენსა და ღრუბლებს შუა. ისე გაერთო, ბოლოს მეტისმეტი მოუვიდა და სულ გავილუმპე. საკმარისია-მეთქი, ვუთხარი. ისიც მაშინვე ღრუბლის კალთებს დაუბრუნდა.
  სამაგიეროდ ყავილებს ძალიან მოეწონათ წვიმა, რაც შეიძლებოდა ფართოდ გაშალეს ფერადფერადი ფურცლები და წვიმის წვეთებს შეუშვირეს. გაივსნენ, გალაღდნენ წვიმის ნამით. მერე კი, როდესაც წვიმამ გადაიღო და ისევ მზემ გამოანათა, ერთიორად გაბრწყინდნენ და გალამაზდნენ, შევყურებდი და თვალს ვეღარ ვწყვეტდი, ისეთი ხასხასა ფერებით აელვარდნენ.
  - ყოველთვის ლამაზები იყავით, წვიმამ კი უფრო მეტად გაგალამაზათ, - აღტაცებით ვუთხარი ყვავილებს. მათაც დაირცხვინეს, ფერადფერადი წამწამები აახამხამეს.


                              მწვანე ბუჩქების მიღმა


  მწვანე ბუჩქებიდან ნაირნაირი სულდგმული იჭვრიტება, სათამაშოდ მიხმობენ. ერთხელ საიდანღაც ცისფერი ჩხიკვი მოფრინდა, ჩემს ცხვირწინ მწვანე მდელოზე იწყო გოგმანი. ძალიან მომეწონა მისი ჭრელი ფრთები, რა ლამაზი ხარ-მეთქი, ვუთხარი და ფრთხილად მივეფერე. თითქოს ამასღა ელოდაო, მაშინვე მხარზე დამასკუპდა, აღუღუნდა, აჭიკჭიკდა, რა ვიცი, რა ხმები აღარ დააფრქვია თავის კოხტა ნისკარტიდან. თურმე მიბაძვა ეხერხება, შეუძლია ყველა სულდგმულს გააჯავროს, რაც კი სამოთხის ბაღში მკვიდრობს.
მალე წითელმა ციყვმა ისკუპა მაღალი ხის ტოტიდან. ის ხომ მუდამ თამაშითაა გართული, ოღონდ არც ისე ადვილია თვალი მიადევნო, როგორც ქარი, ისე დაჰქრის ტოტიდან ტოტზე. ხან დაბლა დაეშვება, ხანაც კენწეროს მოევლება. დათვიც ახერხებს ხეზე ძრომიალს, მაგრამ ციყვთან სახსენებელიც კი არაა, სად აქვს ამდენი სისხარტე და მოქნილობა. თანაც თათები მუდამ თაფლით აქვს გათხუპნული. ძალიან მსუნაგია და იმიტომ.
  - აი, შვლის ნუკრიც გამოჩნდა, - მეუბნება ცისფერი ჩხიკვი. მართლაც, ვხედავ მობაკუნობს, მასაც მონატრებია ჩემთან თამაში, ნამიანი თვალებით შემომციცინებს, მაშინვე დაჭერობანას თამაში გავაჩაღეთ. ხან მე დავდევდი ნუკრს, ხან ნუკრი დამდევდა, ამ სირბილში ერთ პატარა ნაცრისფერ მხეცუნას შევეჩეხე. საოცრად გრძელი ყურები ჰქონდა და ცმაცუნა ტუჩპირი. როცა შეამჩნია, რომ მისკენ გავრბოდი (ამ დროს კი ნუკრს მივდევდი), თვითონვე მოკურცხლა უკანმოუხედავად. თურმე კურდღელს გადავყრივარ. ნუკრმა მითხრა, ეცადე არ დააფრთხო, ძალიან მშიშარააო.
  კურდღელი სულ მალე მიეფარა თვალს, მეტად სწრაფი სირბილი იცის. მე ისევ ნუკრს გამოვედევნე. მალე ორ უცნაურ არსებას შევხვდი, უფრო სწორედ, მათ შორის გავირბინე. ერთი მათგანი, შედარებით დიდი, რუხი ფერისა იყო, უძრავად, გაშეშებული კისერი ჰქონდა. მეორეს, უფრო მომცროს და სანახავად მეტად საყვარელს, თეთრი ხუჭუჭი ბეწვი მოსავდა. თურმე მგელსა და კრავს შორის გამირბენია, ნუკრმა მითხრა ამის შესახებ, თან დაუმატა, ესენი სულ ერთად თამაშობენო. ერთხანს ვუყურე მგელს და კრავს, არა უშავდა რა, კარგად ერთობოდნენ, ოღონდ მგელს თვალებიც უძრავი ჰქონდა საკუთარი კისერივით, ვერ შეატყობდი, ეხალისებოდა თუ არა თამაში. სამაგიეროდ, კრავი ძალიან მოლხენილი ჩანდა, მწვანეზე დახტოდა და ბუქნაობდა.
კარგა ხანს ვირბინეთ მე და შვლის ნუკრმა, დავიღალეთ და მწვანე მდელოზე მოვიკალათეთ დასასვენებლად. ვხედავ, ჩემსკენ მეტად უცნაური არსება მოაბიჯებს. თათებს ნელინელა ადგამს, თან ყვითელ თვალებს არ მაშორებს. იერიც, მეტი რომ აღარ შეიძლება, ისეთი ზვიადი აქვს. კისერზე ბარაქიანი ფაფარი აყრია.
  - ეს ლომია, ნადირთა მეფე, - მამცნო ნუკრმა, - მგონი მასაც შენთან თამაში უნდა.
ლომმა თანხმობის ნიშნად ოდნავ წამოიღრინა და მწვანე მოლზე მოიკალათა. ბასრკლანჭებიანი ტორები ერთმანეთზე დააწყო, ზემოდან სქელი ფაფრით დამშვენებული თავი დაანდო. მე ფაფარი ავუწეწე. მგონი ესიამოვნა, თვალები ისე მილულა.
უცბად საიდანღაც ისევ ცისფერი ჩხიკვი მოფრინდა და წინანდებურად მხარზე დამასკუპდა.
  - შეხედე, რამდენნი არიან, - ჩამჩურჩულა ყურში.
  მოვიხედე, ვინ აღარ დავინახე... სამოთხის მკვიდრთა მთელი მარაქა შემომჯარვოდა ირგვლივ. თვალმოუშორებლად შემომყურებდნენ, აშკარად ჩანდა, ჩემთან თამაშს რომ ნატრობდნენ.
  - თქვენთანაც ვითამაშებ. - ვეუბნები მათ, მაგრამ ლომთან თამაშს ჯერ მაინც ვერ ველევი. ისევ ვუწეწავ ფაფარს, მეორე ხელით ნუკრს ვეფერები ღუნღულა კისერზე...


                            ვარსკვლავთა მზერა


  მრავლისმეტყველია ვარსკვლავთა მზერა; ისე აკვესებენ თვალებს, თითქოს მანიშნებენ, რომ იცოდე, რამდენი რამ გვაქვს შენთვის სათქმელიო.
  მეც მქონდა ვარსკვლავებისთვის სათქმელი. ძალიან მომწონხართ-მეთქი, ასე ვუთხარი მათ. ღამეულ ცას მოციმციმე სხივებს აქსოვთ, კიდით კიდემდე ქარგავთ ბრწყინვალე გირლანდებით, მაგრამ ეს როდია ყველაფერი...
  ვარსკვლავები გაფაციცდნენ, აბა კიდევ რას გვეტყვისო.
  - მზე ხომ ლამაზია, ერთიანად ოქროსფრად უელვარებს სახე, - ვაგრძელებ მუსაიფს,    - არც მთვარე ჩამორჩება სილამაზით მზეს, თეთრად უქათქათებს მწყაზარი სახე. თქვენ კი, ვარსკვლავებო, ყოველნაირი ფერებით ბრწყინავთ. ზოგ თქვენგანს მოწითალო ელფერი დაჰკრავს, ზოგი მზესავით ოქროსფერია, ზოგიერთებს კი ლურჯი ცისა და თეთრი ღრუბლების ფერები მოუტაცნია. მრავალფერია თქვენი თვალების კამკამი, მიყვარს თქვენი ჭვრეტა.
  ერთი-ორად გაბრწყინდნენ ვარსკვლავები, ჩემი სიტყვები აშკარად ესიამოვნათ. ჯერ სადა ხარო, სიტყვა მომაწვდინეს, ბრყწინვალე სანახაობა წინ გაქვსო.
შეასრულეს კიდეც თავისი სიტყვა ვარსკვლავებმა, ნაირნაირი სახეების მოქარგვა იწყეს, ხან რას მიამსგავსეს და ხან რას, სამოთხის ბაღის ყველა მკვიდრი მოჰქარგეს ღამეულ ცაზე.
- აგერ ნუკრი, - ვამბობდი მე, - აგერ ფარშევანგი, ლომი, დათვი...
ყველა მათგანს მაშინვე ვცნობდი და სიხარულით ტაშს ვუკრავდი.
  მერე პაწია ცთომილები შემოიჭრნენ ცის თაღზე, მათ კუდიანი ვარსკვლავები მოჰყვნენ, მთელი ცა ცეცხლოვანი რკალებით და მარყუჟებით აავსეს. ეს კი მართლაც ძალიან თავშესაქცევი იყო, ხელებს გაჩირაღდნებული ცისკენ ვიწვდიდი, ნაირფერი სხივების კონები ჩემს თითებზე ბრწყინავდნენ, მართობდნენ და მახარებდნენ.


                        მზე თვალებს მიჭრელებს


  რამდენ ხანსაც მინდა, იმდენხანს შევყურებ მთვარეს და ვარსკვლავებს. მზის შესახებ ამას ვერ ვიტყვი. არ მაძლევს ნებას დიდხანს ვუყურო, თვალებს მიჭრელებს ხოლმე.
ერთხელ ვუსაყვედურე კიდეც ამის გამო, როცა თვალებაჭრებულმა ვეღარაფერი დავინახე.
  - მზეო, რატომ მიჭრელებ თვალებს?
  პასუხად მზემ ისე გულიანად გაიცინა, ვერც მე შევიკავე თავი სიცილისგან, ძნელია მზეს რაიმე უსაყვედურო, მეტისმეტად გადამდები სიცილი იცის.


                                      საქანელა


  რა მჭიდროდ გადაქსოვია ხვიარა მცენარის ღეროები ხის ტოტებს, მშვენიერი ჰამაკი გაუმართავთ... მაშინვე მოვიკალათე რბილ მწვანე საგებზე. ნიავიც დაბარებულივით ჩემთან გაჩნდა, ნელნელა დამარწია. მიჰქრის, მოჰქრის დაუზარელად, თან ენას არ აჩერებს, ათასნაირ საოცარ ამბებს მიყვება, რაც სამოთხის ბაღში უნახავს თუ გაუგია. კაჭკაჭმა კაკალი ნისკარტით ქვაზე მიამტვრიაო, წითელმა ციყვებმა ნაძვის გირჩებით გუნდაობა გააჩაღესო, სამოთხის ჩიტმა კვერცხები დასდო, მთელი ბაღი ბარტყების გამოჩეკას ელოდებაო. ვინ იცის, კიდევ რას აღარ გაიხსენებს. მწვანე ფოთლებიც ხმას უწყობენ ნიავს და ჩუმად შრიალებენ. მათ მიღმა ფრთახატულა ფრინველები მიმოჰქრიან, გეზად მითვალთვალებენ და საამურად ჟღურტულებენ. მგონი ისინიც ჰყვებიან რაღაცას მეტად საინტერესოს და გასახარელს, მაგრამ მე აღარ მესმის მათი, ნელნელა მეძინება.
როცა გამეღვიძა, ჰამაკი აღარ ირწეოდა, ნიავს ჩასძინებოდა. ხელი გავუწოდე მწვანე ტოტს, ისიც მაშინვე შეირხა, ჩემს თითებს ქორფა ფოთლები შემოაგება. ნიავსაც მაშინვე გაეღვიძა, კვლავ დაირწა ჩემი ჰამაკი, ფრთახატულა ფრინველებიც კვლავ აჟღურტულდნენ. ძალიან, ძალიან მომწონს ჰამაკში ნებივრობა. მომწონს, როცა ხის მწვანე გუმბათი ნელნელა ირხევა ჩემს თავს ზემოთ. მზე, მთვარე, ვარსკვლავები აუჩქარებლად ინაცვლებენ ადგილს ხის მწვანე გუმბათის მიღმა, თითქოს ისინიც ირწევიან ჩემს ჰამაკთან ერთად.
  უცბად ვხედავ, კაჭკაჭი კლანჭებით ჩააფრინდა ხვიარა მცენარის ღეროს, გაქანდა და გამოქანდა. ასე მეც შემიძლია-მეთქი, ვიფიქრე. გადმოვხტი ჰამაკიდან, ჩავეჭიდე ხელებით ხვიარა ღეროს, გავქანდი და გამოვქანდი, კაჭკაჭს თუ ვაჯობე, თორემ ნამდვილად არაფერში ჩამოვრჩენილვარ, ეს თვითონც შეამჩნია.
  - მართლაც მშვენიერი საქანელაა, - მითხრა დარბაისლურად. მეც ვქანაობ, ვქანაობ სულ უფრო და უფრო ძლიერად. უფრო ღონივრად შეირხა და აშრიალდა ხის მწვანე გუმბათი. მზემ, მთვარემ და ვარსკვლავებმა ბევრად უფრო ფართო რკალები გაავლეს ცის თაღზე, ხან ერთ, ხან მეორე მხარეს მოექცევიან ხის მწვანე გუმ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები