ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
15 ნოემბერი, 2016


აუხსნელი ქარაგმა (გაგრძელება)

    გველი ისევ გამოჩნდა

  გველი ისევ გამოჩნდა, მარწყვის მდელოზე დავინახე, თავი საკუთარ რგოლზე დაენდო და მზის სხივებზე თბებოდა.
  სად დაიკარგე-მეთქი, ვკითხე. ყველანაირ სულდგმულს ვხვდები ამ ბაღში, შენს გარდა. თვალი ერთხელაც კი ვეღარ მოგკარი მას შემდეგ, რაც მწიფე ლეღვი ერთად მივირთვით ხის კენწეროზე. გამორჩეულად გემრიელი, მოცინარე ლეღვი...
გველი წამოყელყელავდა, თავისი ორი ბნელი ლაქა მომაპყრო.
  - არსადაც არ დავკარგულვარ, მხოლოდ შენ ვერ მხედავ, - მითხრა და თავი ისევ დაანდო რგოლებს.
ესეც ახალი ამბავი, ნუთუ ასე ძნელი სახილველია გველი? არადა ტანად პატარა სულაც არ ეთქმის, მას რომ შევყურებ, ხის ღონიერი ტოტი მაგონდება, სივრცეში გატყორცნილი და გალაღებული.
  - მე მგონი, უმეტესად მაინც იქ უნდა იყო, სადაც ყველაზე გემრიელი ხილი მწიფდება,  - ვთქვი და მზის სხივებზე წითლად მოღაჟღაჟე მარწყვს წავწვდი.
  - მაგაში მართალი ხარ. მე ამ ბაღში პირისგემოს ვერავინ მასწავლის, - გავიგონე მისი პასუხი.


                                      სიზმარი


  მგონი მართალია გველის სიტყვები, მე ყველგან ვარ, მხოლოდ შენ ვერ მხედავო. მეტი ყურადღებით ვათვალიერებ ბაღის ბილიკებს და გველსაც უფრო ხშირად ვხედავ. ყოველი შეხვედრისას რაიმე უცნაური უნდა მითხრას ხოლმე. ამასწინათ სიტყვა ,,სიზმარი~ ახსენა.
  - სიზმარი რა არის? - ვკითხე მაშინვე. მანამდე მსგავსიც კი არაფერი გამეგონა.
ორი ბნელი ლაქა მომაჩერდა მდუმარედ და მერე გველმა აქეთ მკითხა, ამწუთას შენს ირგვლივ რასა ხედავო.
  - სამოთხის ბაღს ვხედავ, - ვუთხარი მე.
  - როდესაც თვალებს დახუჭავ და იძინებ, მაშინ რას ხედავ?
  მე დავფიქრდი. რას ვხედავ, როდესაც თვალებს ვხუჭავ და ვიძინებ? რას და... სამოთხის ბაღს. ჰო, მაშინაც სამოთხის ბაღს ვხედავ.
  - მათგან ერთ-ერთი სიზმარია, - სიტყვა შემაშველა გველმა.
  ახლა ამაზე დავიწყე ფიქრი. მე მგონი, სიზმარი სწორედ ის უნდა იყოს, რომელსაც თვალდახუჭული ვხედავ. ასედაც ვუთხარი გველს.
როგორც ჩანს, სწორად მივხვდი. გველმა ამაზე აღარაფერი თქვა. ახალი სიტყვა ახსენა,  ,,სიცხადეო~, აი ასე ჟღერდა იგი. ალბათ ღირდა მასზე დაფიქრება, მაგრამ მეტად მომბეზრდა ეს ყველაფერი. თვითონვე გავექეცი გველს. მეტად მიმზიდველია გველთან საუბარი, მაგრამ ძალიან მამძიმებს. ხანდახან თავიც კი ამტკივდება ხოლმე... თამაში მირჩევნია.


                                დავიწყება


  აი, კიდევ ერთი სიტყვა, რომელიც გველისგან გავიგონე. არც კი ვიცი, რის შესახებ ვლაპარაკობდით მაშინ, როცა პირველად ახსენა ეს სიტყვა. ჰო, გამახსენდა; დიდხანს ვისეირნე მწვანე ტყეში, გემრიელ ბოლქვებს წავაწყდი, ხასხასა ყვავილები რომ ამკობს, ისეთებს. ბოლქვები გემოზე მივირთვი, რაც აღარ მინდოდა, იქვე ბუჩქების ძირას დავტოვე, მერე მივაკითხავ-მეთქი. კარგა ხანი გავიდა, აღარ გამივლია იქითკენ. მერე ისევ მოვხვდი იმ ბუჩქებთან, ვნახე, ბოლქვებს გაედგათ მიწაში ფესვები, ისევ გაფურჩქნულიყვნენ ხასხასა ყვავილები.
  - ეს მშვენიერი დავიწყებაა, - მითხრა გველმა, როცა ეს ყველაფერი ვუამბე. თან იქვე დასძინა, დავიწყება ყოველთვის ასე მშვენიერი არ იქნებაო.
  ერთხელ საქანელაზე მომესურვა ქანაობა, მივაკითხე მოქნილი ღეროებისგან დაწნულ საქანელას, როგორც დავტოვე, ისევ ისე ეკიდა ხის ტოტებზე და თითქოს მელოდა კიდეც. ჩავავლე ხელები, გავქანდი და გაწყდა კიდეც საქანელა. მწვანე მოლზე გავგორდი, ხელი დამილურჯდა დაცემისგან, თუმცა მწვანე ბალახი მთელი მონდომებით ცდილობდა, როგორმე არაფერი მტკენოდა. მხოლოდ ამის შემდეგ გამახსენდა, რომ ეს საქანელა აღარ ვარგოდა და თვითონვე მივატოვე, შემეშინდა არ გაწყდეს-მეთქი.
  - აი, ეს კი ცუდი დავიწყებაა, - მითხრა გველმა. მეც ვეთანხმები. კარგი იყო, არ დამვიწყებოდა ეს ფათერაკი.
  - ზოგიერთი დავიწყება არც ცუდია, არც კარგი - მეუბნება გველი, მაგრამ მე უკვე მომბეზრდა ამადენი ფიქრი, არაფრის გახსენება აღარ მინდა, ახალი გასართობის საძებრად გავემართე. ცისფერ  ხჩიკვს გადავეყარე. ლამის სამოთხის ყველა სულდგმულს გამოაჯავრა. სიცილისგან ჩავბჟირდი. კიდევ კარგი, სიცილი არ დამვიწყებია.


                            ორი მზის ტბორი 

         
  ორი მზე ხვდება ერთმანეთს ამ ტბორში. ეს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, როცა წყლის შროშანის მოწყვეტას ვაპირებდი და წყალში ტყაპანი მოვადინე. დავჯექი ნაპირზე, მზეს მივეფიცხე გასათბობად. მზის სხივები მაშინვე ირგვლივ შემომეხვივნენ, მათბობდნენ, მახარებდნენ, თან სიცილ-კისკისით მაჯავრებდნენ, ასეთი უგერგილო როგორ ხარო, ნაპირზე ფეხი რით ვერ მოიკიდეო. მზის ელვარე ბურთი ჩემს ცხვრიწინ ეკიდა, დარბაისლურად მიემართებოდა დასალიერისკენ, თვალს არ მაცილებდა და ძალიან, ძალიან გულთბილად მიღიმოდა. საერთოდ შემჩნეული მაქვს; ჩასვლის წინ მზე განსაკუთრებით გულთბილად იღიმება, გამოხედვაც მეტად ლმობიერი აქვს, არც თვალებს გიჭრელებს და არც არაფერი...
    აი მზის ოქროსფერი ბურთი დაბლა დაეშვა, ცისკიდურს მიუახლოვდა... და მე ამ დროს მეორე მზე დავინახე, ზუსტად მასავით მნათი და ლმობიერად მომზირალი.
  - რა გიკვირს, მზემ ტბორში ჩაიხედა, ეს მისი სახეა, - ახლა ამაზე ატეხეს სიცილი ოქროსფერმა სხივებმა, შეამჩნიეს ჩემი გაკვირვება. თუმცა მე უმაგათოდაც მშვენივრად მივხვდი, მზემ თავისი ანარეკლი რომ დაინახა ტბორში, მე კი ორივე ერთად დავინახე.
  - ხომ არ გწყინს ჩვენი ხუმრობა? - წაიჩურჩულეს ოქროსფერმა სხივებმა, კიდევ ერთხელ მომეფერნენ და მზისკენ გაეშურნენ ფრენაფრენით. მზე ჩადიოდა და ისინიც თან უნდა მიჰყოლოდნენ.
  - რას ამბობთ, თქვენგან რა უნდა მეწყინოს. განა თქვენი წყალობით არ გავთბი? - ვეუბნები სხივებს პასუხად, თან მზეს თვალს არ ვაშორებ. აი იგი უკვე შეეხო ტბორის ზედაპირს. მზეებიც ერთმანეთს ტყუპი ხილივით მიეწებნენ. მერე ეს ტყუპი ხილი თანდათან გამთლიანდა, ორი მზე ერთ მზედ იქცა. მერე კიდევ ის ერთი მზეც თანდათან გაბრტყელდა, დაპარატავდა და თვალს მიეფარა.
  - ასე მგონია, თითქოს მზე მეთამაშება, - ვთქვი მე. მინდოდა სხივებსაც გაეგონათ ჩემი სიტყვები, მაგრამ უკვე გამქრალიყვნენ.
  მე მაინც ორი მზის ტბორი დავარქვი იმ ტბორს, თუმცა მშვენივრად ვიცი, რომ იქ მზე თავის ანარეკლს ხვდება და არა მეორე მზეს.


                                        ადამი


  დღეს გველმა პირველად ახსენა ადამი.
  მზეს ერთად ვეფიცხებოდით, გველსაც ძალიან უყვარს მზის სხივებზე ნებივრობა. თვლემა მომგვარა მოალერსე სხივების სითბომ, არც კი მესმოდა, რას მიყვებოდა გველი, მას ხომ სათქმელი არასოდეს დაელევა... მაგრამ ამ ახალმა სახელმა დამაინტერესა, როგორღაც ძალიან შთამბეჭდავად გაიჟღერა.
  - ვისზე ამბობ, რომელი ადამი? - ვკითხე ძილმორეულმა, თან თვალებს ძლივს ვახელდი.
  - ისიც სამოთხის მკვიდრია, ისე როგორც შენ, - იყო პასუხი.
  - შესახედავად როგორია? ხომ უნდა ვიცნო, როცა შევხვდები.
  ამ კითხვაზე გველი გაყუჩდა, თითქოს დაფიქრდაო.
  - როგორია და... შენ გგავს, - ყრუ ხმით მიპასუხა ბოლოს.
  მაშინვე თვალები ვჭყიტე, ეს კიდევ უფრო საინტერესოდ მომეჩვენა.
  - მე მგავს?
  - ჰო, ნამდვილად ჩამოგგავს.
  - მაინც რითი?
  გველი ზანტად დაიგორგლა, მგონი მასაც თვლემა მოერია და ძილს აპირებს.
  - ყოველ შემთხვევაში, იმდენად კი გგავს, რომ მისი ცნობა არ გაგიჭირდება, როცა შეხვდები.
  ამოთქვა თუ არა ეს სიტყვები, თავი საკუთარ რგოლებს დაანდო გველმა. აშკარად ძილს აპირებს, ლაპარაკის ხასიათზე არაა.
  ვცადე წარმომედგინა, როგორი უნდა ყოფილიყო ის გამოუცნობი ადამი, მაგრამ ვერ შევძელი. მზემ კიდევ ისე ამიჭრელა თვალები, ირგვლივ სულ წითელყვითელი რგოლები დატრიალდნენ. თავი გველის რგოლებზე დავდე და ჩამეძინა. რა გრილია გველის ტანი, მზე კი რა მხურვალეა...


                              ადამი თუთის ტბაში


  თუთების ხეივანს მივუყვებოდი, თან პირს ვიტკბარუნებდი. ყოველი მხრიდან მწიფე ნაყოფით აფერადებული ტოტები იზნიქებოდნენ. დაბლაც მრავლად ეყარა, მომაღლო ადგილას შედარებით ნაკლებად, უფრო ჩაღრმავებულ ადგილებში კი მიწა სრულიად დაეფარა თუთების გროვებს. ადამიც მაშინ ვნახე სულ პირველად, თუთის ხის ძირას იწვა, ფეხებს ხეზე უტყაპუნებდა, მის ირგვლივ ნამდვილი ტკბილი ტბორი გაჩენილიყო, ერთიანად დაეჭყლიტა მწიფე ნაყოფები, რომლებსაც კი მიწვდენოდა.
შევხედე, იმანაც მგონი შემხედა, მაგრამ ვერ კი დამინახა, ისე უაზროდ აჭყეტდა თვალებს. ერთხანს უხმოდ შევცქეროდით ერთმანეთს, მერე მე გავუცინე, მას გაცინება აზრადაც არ მოსვლია, ისევ ისე გაშტერებული მიყურებდა.
  - ადამი ხომ არ ხარ? - ვკითხე მე, - გველმა მითხრა, სამოთხის ბაღში ადამი ცხოვრობსო.
ხმაც არ გაუღია პასუხად, არც სახე შეცვლია, თითქოს ვერც კი გაიგონა ჩემი ხმა.
  - გველმა ისიც მითხრა, ადამი შენ გგავსო. შენ თვითონ რა აზრისა ხარ, ვგავართ თუ არა ერთმანეთს? - ისევ ვკითხე მე.
პასუხი არც ახლა მიმიღია.
  - არ გესმის ჩემი ხმა? - ვკითხე მოთმინებადაკარგულმა.
  ისევ დუმილი და უაზრო თვალები.
  ეჰ, ამასთან ლაპარაკი ნამდვილად არ ღირს-მეთქი, ვიფიქრე. თან იქვე წავწვდი გემრიელ თუთას, ამდენი ლაპარაკისგან ყელიც კი გამიშრა...
  და რა გგონიათ? ამ უაზრო არსებას, ასე გაშტერებული რომ მიყურებდა და ვერ კი მხედავდა, უცბად აზრი დააჩნდა თვალებში, მკვირცხლად წამოხტა, (ამას მისგან ნამდვილად არ მოველოდი) ხელიდან გამომგლიჯა თუთა და პირისკენ გააქანა.
ცოტა ხნით გაოცებული შევყურებდი ამ უცნაურ არსებას, ისიც მიყურებდა და ხმას არ იღებდა.
  მერე მე ისევ წავწვდი თუთას, მაგრამ ვერც მისი შეჭმა მოვასწარი, უცნაური არსება ისევ მეცა ხელებში და ისიც წამგლიჯა.
    ერთი ორჯერ ისევ ვცადე, არაფერი გამომივიდა, ვერცერთხელ ვეღარ შევჭამე მწიფე თუთა, იმ უცნაურმა არსებამ ყოველთვის გამომგლიჯა ხელიდან.
აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა. თუ ასე ძალიან უნდოდა თუთა, განა მის ტბორში არ იწვა?
მაგრამ თურმე ასეთი ხასიათი აქვს ამ ყმაწვილს, როგორც გველისგან გავიგე მერე. მითხრა, ნამდვილად ადამი გინახავსო, როცა ყველაფერს დაწვრილებით მოვუყევი. მისთვის მხოლოდ ისაა საინტერესო, რასაც დაედევნება, დაიჭერს, მოერევა. ალბათ მანამდე თუთას ზედაც არ უყურებდა, მაგრამ შენს ხელში რომ დაინახა, მხოლოდ ამის შემდეგ მოუვიდა აზრად მისი გასინჯვაო.
  ძალიან გაუმართლა ადამს, თუთის ჭამასაც კი ვერ მოახერხებდა, მე რომ არ გადავყროდი.


                                    ქარაგმა


  რა უცნაურია გველის ტყავზე გამოსახული ფორეჯები და ლაქები... ვცდილობ მათში რაიმე ამოვიცნო, ხან ყვავილს მივამსგავსებ, ხან მცენარის ტოტებს და ფოთლებს, ხან კიდევ ფრინველის ფრთებს, მაგრამ ბოლომდე არც ერთს არ ჰგავს.
  - ვერა და ვერ გამიგია, რა გახატია ტყავზე, - ვეუბნები გველს, თან თითებს ვუცაცუნებ ხმელ, სრიალა ქიცვებზე.
გველი გაყუჩდა, როდისროდის გამცა პასუხი.
  - ამაოდ ირჯები - ზანტად ამოთქვა. სულ ერთია, ვერ გაიგებ, რა მახატია ტყავზე.
  - რატომ ვერ გავიგებ?
  - იმიტომ, რომ ესენი ქარაგმული ნახატებია.
აი კიდევ ერთი ახალი სიტყვა! გველს გაკვირვებით შევხედე, იმანაც თავისი ორი ბნელი ლაქა მომაპყრო.
  - ქარაგმული ნახატი რაღაა? - ვეკითხები გველს.
  - ის, რაც უნდა ამოიცნო. ასე უბრალოდ ვერაფერს მიამსგავსებ.
უფრო მეტი დაკვირვებით ვათვალიერებ გველის ჭრელ ტყავს, ამ სიტყვამ დამაინტერესა.
  - უნდა გავიგო, რას ნიშნავს ეს შენი ქარაგმული ნახატები, - ვამბობ გამოჯიბრებით.
  - მაგის ამოცნობა რომ შეგეძლოს, მაშინ ძალიან ბევრ რამეს დაინახავდი.
  - მაინც რას დავინახავდი?
  - იმას, რასაც ქარაგმები გეტყოდნენ...
  - იქნებ შენ თვითონვე მითხრა ქარაგმების სათქმელი?..
  - ქარაგმების ამოსაცნობად ყველა თვითონვე უნდა გაისარჯოს, ყველამ საკუთარი ბილიკი უნდა იპოვოს მათთან მისასვლელად.
დავიღალე, აღარ მინდა ამდენი ქარაგმები. თავს ვშველი და გავრბივარ ყვავილებთან, ნამდვილ ყვავილებთან და არა ქარაგმებთან. ოღონდ ერთი გავუცინო, საპასუხოდ მთელი გულით მიცინიან, მათი სიცილი ყოველგვარ ქარაგმას მირჩევნია.


                              ტყავის გამოცვლა


  თურმე გველი ტყავს იცვლის, აი კიდევ ერთი ახალი ამბავი.
პირველად ვერ მივხვდი, ვხედავ, გალურსული წევს, ერთიანად გაწვართულა და არც კი იძვრის. თვალებიც რაღაცნაირი თეთრი ბურუსით აქვს დაფარული. არ მომეწონა გველის შესახედაობა, ახლოს აღარ მივკარებივარ, შორიახლოს ვიდექი და ისე შევყურებდი. თურმე რა სწორად მოვქცეულვარ; როდესაც გველი ტყავს იცვლის, ხასიათიც ეცვლება, ავი და ჭირვეული ხდება.
  განსაკუთრებით მისი თვალები მაშფოთებენ, თეთრ ნისლში გახვეული ორი ბნელი ლაქა. თითქოს მხედავენ და არც მხედავენ ეს უცნაური ლაქები.
გველი ოდნავ შეირხა, თითქოს წინ წაიწია. უფრო სწორად, ტყავი დაცურდა მისი ზურგიდან. ერთ ხანს გაყუჩდა, მერე ისევ შეირხა, ტყავი ისევ დაცურდა, როგორც იქნა, ნელნელა ამოძვრა საკუთარი ტყავიდან.
  თვალები კვლავ ბურუსით აქვს მოცული, ისევ შემაშფოთებლად გამოიყურება. ახალი ტყავი თითქოს იგივეა, ოღონდ ცოტათი მასაც გადაჰკვრია თეთრი ნისლი, ჩვეული ხასხასა ფერი აღარ აქვს. მაშინ არ ვიცოდი, ფერის მოსვლას თავისი დრო თუ სჭირდებოდა. ავარიდე თვალი ერთიანად თითქოსდა ნისლში გახვეულ გველს, მის მიერ გამძვრალ ტყავს მივუბრუნდი, ავიღე. მსუბუქი იყო და ხეშეში. აი ახალი გასართობი მეთქი, ვიფიქრე, ვცადე ჩავმძვრალიყავი მასში, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე.
  მერე გველმა იბანავა ორი მზის ტბორში, ტყავს დაუბრუნდა თავის წინანდელი ფერი, ისევ ისე ლამაზია და ცინცხალი მის ტანზე მოხატული უცნაური ფორეჯები თუ ლაქები. ხასიათიც მგონი გამოუკეთდა, თვალებიდან ნისლი გადაეწმინდა. და მეც გავბედე მასთან დალაპარაკება.
  - რატომ მე არ ვიცვლი ტყავს? - ვკითხე მაშინვე.
  - შენც გამოიცვლი ტყავს, ევა, ოღონდ ამას სულ სხვა სახელი დაერქმევა, - მითხრა გველმა ქარაგმულად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები