| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 25 ნოემბერი, 2016 |
მოცეკვავე ქარაგმა
- თუ იცი, თავიდან ბოლომდე ქარაგმა რომ ხარ? - ვეკითხები გველს. ეს აზრი მაშინ მომივიდა თავში, როცა გველი უცნაურად დახლართული ვნახე. მწვანე მდელოზე ნებივრობდა, მის საყვარელ მზის სხივებს მიფიცხებული, მისი დაკლაკნილი რგოლები ამოუცნობ სურათხატებას ქარგავდნენ. ჩემს სიტყვებზე გველი არც კი შერხეულა, ასე იცის, ყურს მოიყრუებს ხანდახან. - მარტო ტყავზე როდი გახატია ქარაგმები, შენ თვითონაც ქარაგმა ხარ, - გავუმეორე გველს. გველი ისევ უძრავადაა, ვითომ არც არაფერი გაუგონია. _ მაგრამ როდესაც დასრიალებ, ცეკვას იწყებენ შენს ტყავზე დახატული ქარაგმები _ ვეუბნები გველს, _ ამიტომ მაშინ მოცეკვავე ქარაგმა ხარ. აქ კი გველი შეირხა, ზანტად იწყო ზლაზვნა, მზის სხივებზე მიფიცხებულმა უცნაურმა სურათხატებამ ფორმა შეიცვალა, სხვა სახე მიიღო, გველი აღარ შეჩერებულა, ისევ გააგრძელა ნელი ზლაზვნა, საოცარი სურათხატებანი მიჰყვნენ ერთმანეთს... ვერ ვასწრებდი, ერთერთ მათგანს დავკვირვებოდი, მაშინვე მეორე ცვლიდა. თყავზე დახატული ქარაგმბეი ხომ, ნუღარ იკითხავთ, როგორ ცეკვავდნენ. თვალს ვერც კი მიადევნებდი. აღარც ვცდილობდი ამას, მხოლოდ მოცეკვავე რკალებს შევყურებდი. რა სახე აღარ დახატეს მწვანეზე გველის ჭრელმა რკალებმა, რა მოყვანილობა არ მიიღეს... შეუძლებელია მათი აღწერა... მზის ბადროსავით მრგვალი რკალიც კი გამოსახა საკუთარ კუდზე კბილებჩაჭიდებულმა გველმა... მერე ისევ ათასნაირად დაიკლაკნა და დაიგრიხა, უცნაური ხლართები კვლავ მიჰყვნენ ერთმანეთს. კარგა ხანს ვუყურე გველის უცნაურ კლაკვნა-გრეხას, ბოლოს თვალები ამიჭრელდა, სულ ერთმანეთში ამერია ისედაც დახლართული რკალები, თვალები დავხუჭე. აღარაფრის დანახვა აღარ მინდოდა... როცა თვალები ისევ გავახილე, გველის ჭაჭანებაც კი არსად ჩანდა.
მდინარე
- ყური დამიგდე, მინდა რაღაც გითხრა, - ბუტბუტით მეუბნება მდინარე. - რა უნდა მითხრა? - ვეკითხები, თან თვალი მის ამწვანებულ ნაპირზე მრჩება, სწორედ იქ, სადაც ფარშევანგები დაგოგმანებენ, მათთან თამაში მირჩევნია. - ვინ აღარ მინახავს ჩემს ნაპირებზე... - მაინც ვინ გინახავს? - მაგას რა ჩამოთვლის, - წყნარად მეხმიანება იგი, - ალბათ ვერასოდეს დავასრულებ, მათი ჩამოთვლა რომ დავიწყო, ვისაც კი ჩემს ნაპირებზე უსეირნია. მე იმის თქმა მინდა, რომ მათ შორის არავინ მინახავს შენსავით უზრუნველი და მხიარული. ასეთი რამ პირველად გავიგონე და ცოტათი გამიკვირდა. - დავიჯერო, სამოთხის ბაღში არავინაა ჩემსავით მხიარული? - მხოლოდ მზე თუ შეგედრება ამ მხრივ, სხვა არავინ. - მაინც რას ნიშნავს მეტი ან ნაკლები მხიარულება, რას შეიძლება შეადარო? - ვეკითხები მდინარეს. ვხედავ, ლაპარაკის ხასიათზეა და ხათრს არ ვუტეხ. _ მხიარულება სიხარულის ანარეკლია, სიხარული კი თავნება ტალღას მოჰგავს. ბუმბულივით მსუბუქად აგიტაცებს, ერთიანად ცისარტყელას ფერებში გაგხვევს, მერე კი, ხედავ სადღაც გვერდით დარჩენილა, სულ სხვაგან მიექანება, თითქოს ახალი კალაპოტი აირჩიაო. - მერე არ შეიძლება ისევ იპოვო სიხარული? - ეს ყოველთვის არ ხერხდება, ხანდახან იგი მეტისმეტად შორის მიაქვს დინებას. ამას უკვე სევდა ჰქვია. - სამოთხის ბაღში თუ გინახავს ვინმე სევდიანი? - როგორც არა... აი მაგალითად ტირიფი. იგი სულ ტირის, ტირის... ტირის... ძალზე შემებრალა ტირიფი, მაგრამ ახლა თამაშის გარდა სხვა აღარაფერი მინდა. - ვნახავ ტირიფს და გავამხიარულებ, - ვპირდები მდინარეს. თან გასაქცევად ვემზადები. - ნუკრსაც ძალიან ნამიანი თვალები აქვს, თითქოს ეს-ესაა ტირილს მორჩაო, - წყნარად დუდუნებს მდინარე. - ოდესმე ნუკრსაც გავამხიარულებ, სათამაშოდ გამოვიტყუებ... - ხანდახან მთვარე ჩამოიხედავს ჩემს ტალღებში, ისიც ძალიან სევდიანია, - თითქოს თავისთვის ბუტბუტებს მდინარე. - გველმაც თქვა ერთხელ, სევდიანი მთვარეო. - ვიცნობ გველს, - წაიდუდუნა მდინარემ, - არც ისაა მაინცდამაინც მხიარული. ფარშევანგების ყივილი გაისმა, მომბეზრდა ამდენი სევდა... - გასწი, ითამაშე, ფარშევანგები გიხმობენ, - ბუტბუტებს მდინარე, მიმიხვდა გულისნადებს. უკანმოუხედავად გავრბივარ. - როცა გველს ნახავ, ჩემგან მოკითხვა გადაეცი, - ხმა დამაწია მდინარემ.
ჩინარი
ჩრდილში ვისვენებდი თამაშით დაღლილი. უცბად მეტად საამო ხმა ჩამესმა, ,,ევა, ევა~ ვიღაც მეძახდა. მივიხედმოვიხედე, არავინ ჩანდა ჩემს გვერდით. ხმა კი ისევ მესმოდა ,,ევა, ევა!~ ჩუმი შრიალით იმეორებდა იგი. ზევით ავიხედე, გვერდით რომ ვერავინ მოვიძიე. უამრავი მწვანე ფოთოლი დავინახე, ბზრიალტრიალით ეცეკვებოდნენ საკუთარ ყუნწებს და ჩემს სახელს იმეორებდნენ. თურმე ჩინარის ძირას ჩამოვმჯდარვარ დასასვენებლად, ისიც მაშინვე შემეხმიანა თავისი კოპწია, ზურმუხტივით პრიალა ფოთლებით. რა დიდებულია ჩინარი, თან რა გულისხმიერია... ფართოდ გაუშლია გოლიათური მხრები, მზის მცხუნვარე სხივებიდან მიფარავს, თან საამური შრიალით მესაუბრება. ბევრნაირი ხმა მესმის სამოთხის ბაღში, მათ მრავალნაირობას რა ჩამოთვლის, მათ შორის ჩინარის ხმა ნამდვილად გამორჩეულია, განსაკუთრებით მესალბუნება თამაშით დაღლილ-დაქანცულს.
ნისლი
თეთრი ნისლი დაეფინა სამოთხის ბაღს, ყოველივე თავის ფაფუკ წიაღში ჩაიხვია. ვეღარ ვხედავდი ხასხასა ყვავილებს, მაღალი მწვანე ხეები აჩრდილებს დაემსგავსნენ, მზეც ნისლის თეთრი ფარდის მიღმა გაუჩინარდა. - ხელს მიშლი თამაშში, - ვუსაყვედურე ნისლის თეთრ ფარდას, - მზეც მომენატრა, ყვავილებიც. შენი გადამკიდე ვეღარაფერს ვხედავ. ყური ვინ მათხოვა! პირიქით, ნისლი კიდევ უფრო შესქელდა, მკვრივმა თეთრმა ბოლქვებმა ზევითქვევით იწყეს ფარფატი. ეს მე სრულიადაც არ მომეწონა. - ყველასთან ვითამაშებ სამოთხის ბაღში, - დავემუქრე ჩემს ირგვლივ მოფარფატე თეთრ ბოლქვებს, - თქვენთან კი არასდროს, გესმით? არასდროს არ ვითამაშებ. უცბად ვხედავ, თეთრმა ბოლქვებმა გაიწგამოიწიეს, ნისლის ფარდა გაირღვა და მზე დავინახე, მაგრამ როგორი... სულ მთლად შეცვლოდა იერსახე... მზეც თეთრი იყო ნისლის ქულასავით. ის ახლა მთვარეს უფრო ჰგავდა. - ჭიტა! დაგინახე მზეო, - შევძახე გახარებულმა. - მეც დაგინახე, - გამიღიმა მზემ. მკრთალი იყო ეს ღიმილიც, მაგრამ მზისთვის ჩვეული სიხალისე მაინც თან ახლდა. ისევ შესქელდნენ ნისლის ბოლქვები, მზეც ისევ მიიმალა მათ მიღმა. ცოტა ხანში კვლავ გაიწგამოიწიეს, და ახლა ყვავილები დამანახეს. ფერი ოდნავ გაკრთობოდათ, მაგრამ მაინც ლამაზები იყვნენ. - რა კარგია, რომ ისევ გხედავთ, ყვავილებო, - შევეხმიანე ყვავილებს. - ჩვენც გხედავთ, ჩვენც გვიხარია შენი დანახვა, - გამომეპასუხნენ ყვავილები. თეთრი ნისლის ფარდა კვლავ აეფარა ყავილებს, მერე ისევ გადაიწია და ტანმაღალი მწვანე ხეები აღიმართნენ ჩემს წინ. მთელი დღე ასე ვითამაშე ნისლის მკვრივ ბოლქვებთან. ხან შექუჩდებოდნენ, ხან გაიწგამოიწეოდნენ, ხან რას და ხან რას გაამჟღავნებდნენ, ნისლისგან ოდნავ იერშეცვლილებს, და ეს მეტად თავშესაქცევი იყო. მერე კი მაღლა აიწიეს ნისლის თეთრმა ბოლქვებმა, ცის ლურჯ თაღს დაუბრუნდნენ, თეთრ ღრუბლებად იქცნენ, მართლაც მშვენივრად გავერთე მათთან თამაშით, ოღონდ ეს იყო, რომ მდუმარედ მეთამაშებოდნენ, ერთხელაც არ გაუღიათ ხმა. ჩანს, ასეთი ხასიათი აქვთ, სიჩუმე უყვართ.
მზე და უკუნეთი
ვიცი, თვალებს ამიჭრელებს, მაინც შევყურებ მზეს. ვცდილობ, რაც შეიძლება დიდხანს ვუყურო. მაინტერესებს, სანამდე გავუძლებ. თავის მხრივ მზეც შემომყურებს, თან ჩემს თავგამოდებაზე ეცინება. თვალები უკვე ამიჭრელდა, მაინც არ ვეპუები მზეს, ისევ თვალმოუცილებლად შევყურებ, თვალებიც სულ უფრო მიჭრელდება. ახლა მზე ოქროსფერი კი აღარაა, არამედ ცისარტყელას ყველა ფერები გადასდის; წითელი, ყვითელი, ლურჯი... - აღარ მინდა შენი დანახვა, - ვეუბნები და თვალებს ვხუჭავ. - ეგ ვერ გიშველის, - იცინის მზე ნიშნისმოგებით, - ჩემს სხივებს მაინც ვერ დაემალები. - მართლაც მზე ისევ წითლად ბრიალებს დახუჭული ქუთუთოების მიღმა. ხელები ავიფარე დახუჭულ ქუთუთოებზე, მზე ერთხანს კიდე ბრიალებდა წითლად, მერე ნელ-ნელა გაბაცდა. - შემომხედე, ჩემთან ერთად გაიცინე, - მიხმობს მზე. მე ყურს არ ვუგდებ, ხელები კვლავ დახუჭულ ქუთუთოებზე მაქვს აფარებული. წითელი ბრიალა ფერი სულ მთლად მიინავლა, მისი ნასახიც კი აღარ დარჩა. - შენ ახლა უკუნეთს ხედავ, - ჩამესმა ვიღაცის ჩუმი ხმა. თვალები გავახილე. ჩემს გვერდით გველი იზლაზნება. ნეტავი ვიცოდე, თავიდანვე აქ იყო, როცა მე და მზე ვთამაშობდით, თუ ახლახანს მოცოცდა? ვკითხე, არ მიპასუხა, თითქოს ვერ გაიგონაო. უკვე ვიცი, ასეთი ხასიათი აქვს; თუ არ მოინდომა, ხმასაც ვერ ამოაღებინებ. უძრავად წევს და მიყურებს თავისი ბნელი ლაქებით. ჰო, მართლა, აი სადაა ნამდვილი უკუნეთი; მის თვალებშია ნამდვილი უკუნეთი.
დრო
კიდევ ერთი ახალი სიტყვა გავიგონე გველისგან, მან დრო ახსენა. ჯერ მაგის ჭამის დრო არ დამდგარაო, თქვა, როდესაც მკვახე ვაშლი დაინახა ჩემს ხელში. - რა არის დრო? - ვკითხე და მკვახე ვაშლი მოვისროლე. გველმა ხმა არ გამცა. რგოლებად დახვეული გაირინდა, თითქოს სძინავსო. - მითხარი, რა არის დრო? - არ მოვეშვი მე, - ესეც ქარაგმული სიტყვა ხომ არაა? - შეიძლება ასედაც ითქვას, - ზანტად ამოღეჭა გველმა, მგონი მართლა ეძინება, ისე ეზარება ლაპარაკი. - უფრო გასაგებად მითხარი, იქნებ ამოვიცნო ეს ქარაგმული სიტყვა, - ვეუბნები და მის ტყავზე მოხატულ ქარაგმულ ფიგურებს ვათვალიერებ, კარგად მახსოვს, რა ცხელი დღე დამადგა მათი ამოცნობის მცდელობისას. - დრო ქარაგმათა ქარაგმაა, - ყრუდ ამოთქვა გველმა. - ქარაგმათა ქარაგმა? - ვეკითხები გაოცებით, - ეს რაღაა, როგორ უნდა ამოვიცნო... რაიმე ნიშანი მითხარი მისი. - დრო მიჰქრის, - სისინებს გველი პასუხად. - მაშინ დრო ქარი ყოფილა, - ვამბობ და ქარის სისინი მაგონდება. - დრო მიედინება, - წაიდუდუნა გველმა. - მაშინ დრო მდინარე ყოფილა, - ვამბობ და თითქოს მდინარის წყნარი დუდუნიც მესმის. - დრო მიიზლაზნება, ხანდახან კი გარინდება შეიპყრობს, - მგონი მართლა ჩაეძინა, ისე ზანტად გაწელა ეს სიტყვები გველმა. - თუ ასეა, შენ თვითონ ყოფილხარ დრო. სწორედ შენ იზლაზნები, ხანდახან ისე ირინდები, რომ შენს ჭრელ ტყავს ვერავინ გამოარჩევს სამოთხის ბაღის სიჭრელისგან. ძლივს მოვასწარი ამ სიტყვების თქმა, რომ გველი უცბად აიყალყა, მერე მოსხლტა და მწვანეზე გასრიალდა. - მე ვარ დრო, შემომხედე, - სისინებს გველი და თან იკლაკნება, უცნაურ რკალებს ხაზავს მწვანე მოლზე, - მე არ მაქვს არც დასაბამი, არც დასასრული, მათ განუჭვრეტელი უკუნეთი ჰფარავს, მხოლოდ ჩემი მცირე ნაწყვეტი შემორჩენია სამზეოს. - მაშინ საკუთარი თვალებიდან გადმოსულხარ, - ვეუბნები, - უკუნეთს სწორედ შენს თვალებში ვხედავ. - დროის უკუნეთზე გეუბნები - თითქოს ქარი ფოთლებს მიაფრენსო, ისეთი ხმით მეუბნება გველი, - მე დროის უკუნეთის ნაწილი ვარ, რომელზეც მზის სხივი მისრიალებს, ისე როგორც მე თვითონ მივსრიალებ სამოთხის ბაღის მწვანე ბილიკებზე. ყველა მე მომდევს და ყველას ხელიდან ვუსხლტები. შენც სცადე, იქნებ მომწვდე, იქნებ შეაჩერო ჩემი სრბოლა. მართლაც ვცადე, გავეკიდე გველს, ჭრელი ნაკადულივით რომ მისრიალებდა ჩემს წინ. თითქოს დავეწიე, წავწვდი კიდეც, ორივე ხელით ჩავაფრინდი სრიალა ქიცვებით დაფართულ ჭრელ კუდს. ვერც კი გავიგე, ხელიდან ისე გამისხლტა და თვალს მიეფარა მაღალ ბალახში.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დრო ქარაგმათა ქარაგმაა, - საოცარი ნათქვამია. მაშინ საკუთარი თვალებიდან გადმოსულხარ, - ესეც.
დროის ნაწილი შესანიშნავია. დრო ქარაგმათა ქარაგმაა, - საოცარი ნათქვამია. მაშინ საკუთარი თვალებიდან გადმოსულხარ, - ესეც.
დროის ნაწილი შესანიშნავია.
1. კარგია, უდავოდ კარგია. 5.
კარგია, უდავოდ კარგია. 5.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|