ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
9 დეკემბერი, 2016


აუხსნელი ქარაგმა (გაგრძელება)

  აუტანელი ადამი
   


  ადამი სულ მთლად აუტანელი გახდა, არ შეუძლია მშვიდად და აუჩქარებლად ისეირნოს სამოთხის ბაღში. გამუდმებით დარბის, დახტის, ყირაზე გადადის, თან ისე ყიჟინებს, გეგონება ერთი კი არა, რამდენიმე ადამიაო. საიდან სად აღარ გაიონებ მის ყურისწამღებ ხმას... ხანდახან კიდევ ყოვლად უცნაურ გასართობს გამოიგონებს ხოლმე. იმ დღეს შევესწარი, ხეზე ჯოხს უბრახუნებდა, ხის ტოტებზე კი დაფეთებული წითელი ციყვი აწყდებოდა აქეთიქით. ერთი მითხარით, განა ამას თამაში ჰქვია? ძლივს დავამშვიდე მერე წითელი ციყვი, როცა ადამი ბოლოს და ბოლოს გაეცალა იქაურობას, მისი ყიჟინა ახლა სხვა მხრიდან მოისმა.
  ამ ბოლო დროს ქვების სროლა დაიწყო. მოაგროვებს ქვებს, დაახვავებს ერთ ადგილას, და რაც კი თვალში მოხვდება, ყველაფერს ქვებს უშენს. ძალიან უხარია, თუ მიზანში მოახვედრა (ნეტავი რა უხარია?). ოღონდ რაიმეს მოახვედროს ის ქვა, სხვას არას დაეძებს. იმ დღეს სამოთხის ჩიტს ესროლა ქვა, ამას როგორ ვიფიქრებდი? მესმის რომ მწიფე ვაშლს ესროლო ქვა, თუ ხეზე ასვლა არ გეპრიანება, ხის ტოტზე შემომჯდარ მშვენიერ ფრინველს რას ერჩი?
  სულაც არ მეხალისებოდა ადამთან ლაპარაკი, მაგრამ მეტის მოთმენა აღარ შემეძლო და სამოთხის ჩიტს გამოვექომაგე:
  - ხან ქვებს ისვრი, ხან ჯოხს უბრახუნებ ყველაფერს, რასაც კი მიწვდები, - ვეუბნები ადამს, - შენი ყიჟინისგან ხომ ყურთასმენა აღარ არის. აბა მიიხედ-მოიხედე, სამოთხის ბაღში ვინ იქცევა შენსავით? ასე ყველას თავს მოაბეზრებ.
  თქვენ გგონიათ, რამე მომისმინა? ის კი არადა, ახლა მე გამომიდგა ჯოხით. ძლივს გავასწარი. არა, მეტისმეტად სულელია და თავკერძა, მასთან არასოდეს ვითამაშებ.


                          ადამის მიმბაძველობა


  ადამმა ახალი თამაში მოიგონა; ბაძავს ყველა სულდგმულს, რომელიც კი სამოთხის ბაღში მკვიდრობს. კარგად გამოსდის. ხეს მოფარებული ვუთვალთვალებდი (აბა დავენახვებოდი იმის შემდეგ, რაც ჯოხით გამომიდგა?), როგორ გააჯავრა ხარირემს. თავზე განტოტვილი ჯოხები დაიმაგრა, გაექანა და ხეს დაეჯახა თავით. მართალია, შუბლზე მოზრდილი კოპი დააჯდა, სამაგიეროდ მართლა დაემსგავსა ჯოგში თამაშით გართულ ხარირემს. მერე ჯიქს გააჯავრა, ხის შტამბზე კლანჭებქის ლესვას მოჰყვა, მაგრამ მალე მიანება თავი, ფრჩხილები ეტკინა და ვეღარ გაუძლო. უცბად ძირს დავარდა, მთელი სხეულით გაიწვართა და კლაკვნა დაიწყო, აქაოდა გველი ვარო. რას აღარ მიბაძა, რა ჩამოთვლის. ბოლოს ფრინველების მიბაძვაც სცადა (კიდევ კარგი გაახსენდა)... ყველაზე უფრო სწორედ ეს მომეწონა; ორივე ხელს ფართოდ შლიდა, ვითომ ფრთებიაო ისე იქნევდა და დარბოდა. ვუყურე, ვუყურე, გულმა აღარ მომითმინა, მეც გავშალე ხელები, ვითომ ფრინველი ვიყავი, ფრთებივით დავიწყე ხელების ქნევა.
  ჰოდა, შემასწორო თვალი ადამმა. გული გადამიტრიალდა, სასიკეთოს არაფერს ველოდი მისგან. მაგრამ აი საოცრება! გაუხარდა ჩემი დანახვა (ეს მე არ შემეშლება), სახეზე ღიმილი გამოეხატა, ჩემსკენ გამოექანა ორივე ხელის ქნევით. მეც ავყევი, თუმცა ჯერ კიდევ ეჭვი მეპარებოდა. ტყუილად ვშიშობდი, ადამი ფრინველებს ბაძავდა და ამ თამაშის გარდა სხვა აღარაფერი აინტერესებდა, მე ისე მიყურებდა, როგორც მეორე ფრინველს.
ხომ გინახავთ, ლურჯ ცაზე დავლურს რომ ჩამოუვლიან ლაღად ფრთებგაშლილი ფრინველები. ჩვენც ზუსტად ისე ჩამოვუარეთ დავლური, ოღონდ მწვანე მოლზე. ძალიან კარგად გავერთეთ. ადამს სახე მზესავით უბრწყინავდა სიხარულით, როგორც ჩანს, ჩემთან თამაში ურჩევნია მარტოდმარტო ხელების ფართხუნს.
  მგონი არც ისე უვარგისი უნდა იყოს ეს ყმაწვილი, როგორც ამდენ ხანს მეჩვენებოდა..
.   

                          დავიწყებიდან დავიწყებამდე 


  ისე გავერთე ადამთან თამაშით, მწიფე ატმებიც კი გადამავიწყდა. სრულიად შემთხვევით წავაწყდი მერე, პეპელას როცა გამოვეკიდე, მომხიბლა მისი ჭრელი ფრთების ფარფატმა. როგორც კი ატამი ჩავკბიჩე, მაშინვე გველი გამახსენდა, მისი ქარაგმული საუბარი დიდი დავიწყების შესახებ, რითაც ასე შემაშინა. ხელები მწიფე ატმებით ავივსე და გველის მოსაძებნად გავწიე. სულ ადვილად ვიპოვე, ის კი არა და, მომეჩვენა, თითქოს მელოდა კიდეც.
  - შენ ქარაგმებით გიყვარს ლაპარაკი, - ვეუბნები გველს, თან ატამს ვკბეჩდი (ცხადია, გველსაც ვუწილადე) - დიდი დავიწყებაც არსებობს, რომელიც ყოველივეს დატბორავსო, მგონი ასე თქვი ჩვენი ბოლო საუბრისას.
  - კარგია, რომ არ დაგვიწყებია ჩემი სიტყვები.
  - ... და მეც უნდა გავიხსენო, რაც მის ფსკერზე მიიმალება...
  - თუკი შეძლებ... - გველის ხმა ორჭოფულად აჟღერდა.
  - მე ხომ გამახსენდა ჩემი ფერადი კენჭები...
  - ეს მაშინ, როცა პატარა ტბორი ამოშრა და სამზეოზე გამოფინა ისინი. დიდი ტბორი ძალიან, ძალიან დიდხანს იქნება უცვლელად, და შენც შეიძლება ვერასოდეს გაიხსენო, რაც მის ფსკერზე დაგრჩა...
  - განა ოდესმე ამის გემო დამავიწყდება? - ვთქვი და ატამი ჩავკბიჩე.
  - დავიწყებიდან დავიწყებამდე იხეტიალებ, ასეთი იქნება შენი გზა და ბილიკი, - ყრუდ გაისმა გველის ხმა.
  - გამაგებინე, რომელი დავიწყების შესახებ ლაპარაკობ, - ძლივს ამოვთქვი ეს სიტყვები, ატამი ძალიან გემრიელია...
  - სამოთხის ბაღის პატარა დავიწყება უკვე მოვიდა შენთან...
  - რას ამბობ? - გაკვირვების გამო ჰაერში გამიშეშდა ჩასაკბეჩად გამზადებული ატამი.
  - რამდენი ხანია მაფშალიას გალობა აღარ მოგისმენია. განა იმიტომ, რომ აღარ გალობს. თვითონვე აღარ უსმენ მას...
  - ჰო, მართლა, მაფშალია, როგორ მომწონს ჩემი სახელი, როცა მაფშალია მეძახის, - გამახსენდა მე.
  - იქნებ იმაზეც იფიქრო, ყვავილებს თუ აქვთ შენთვის რაიმე სათქმელი, ნაკადული რაზე ბუტბუტებს, ანდა რას მღერის ქარი...
 


                      პირველი გახსენება


  დამაფიქრა გველის სიტყვებმა, პატარა დავიწყება უკვე მოვიდა შენთანო.
  - არც კი იფიქროთ, რომ ოდესმე დამავიწყდეთ, - ვთქვი ხმამაღლა და მთელი გულით გავუღიმე მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს, ნაირფერ ყვავილებს და ტანმაღალ შრიალა ხეებს, სამოთხის ბაღის ყველა მკვიდრს, რომლებისთვისაც კი თვალი მომიკრავს მწვანე ბილიკებზე სეირნობისას. უცბად მთელი სამოთხის ბაღი ახმაურდა, ყველა ერთბაშად ალაპარაკდა, თურმე რამდენი სათქმელი დაუგროვდათ, სანამ მე, გველის სიტყვები რომ ვთქვათ, ცოტათი, სულ ცოტათი დამეფანტა გულისყური. მზემ ყველას დაასწრო, მოგვენატრეო, მითხრა და ისე გულიანად გამიღიმა, მხოლოდ მას რომ შეუძლია. გაფაციცებით შევყურებდი სხივთამფრქვეველ მნათობს, მისი იერსახე განსაკუთრებით ცხოველმყოფელი მომეჩვენა. ნეტავი მუდამ ასეთი იყო? არ ვიცი, არ ვიცი... ახლა მეტისმეტად მომწონს, მუდამ ასეთი მემახსოვრება იგი, ალერსიანად მომღიმარე, ტკბილად მოუბარი და სალმიანი.
მთვარემაც შეუერთა თავისი ხმა მზეს, არც მან დაიშურა გულითადი სიტყვები, თან გამაფრთხილა, მზის სხივებმა თვალები არ აგიჭრელოსო (როგორც ყოველთვის, ახლაც ფრთხილია და წინდახედული). ვარსკვლავებმაც მხიარულად ჩამიპაჭუნეს თვალები, შორიდან, ძალიან შორიდან მომაწვდინეს ხმა; ჩვენც ბევრი გვაქვს შენთვის სათქმელიო, ბევრ საოცარ ამბავს მოგიყვებით, თუ რომელიმე უმთვარო ღამით ჩვენთვის მოიცლი და ყურს დაგვიგდებო.
  ყვავილებს ვინ აჯობებს სიცილში? საკმარისია ოდნავ გაღიმებაც კი, მაშინვე აგყვებიან. ახლახ იმედნი იცინეს და იკისკისეს, ცამდე უწვდინეს ხალისიანი ხმები და ჭახჭახა ფერები. ერთი პაწია ყვავილი ჩემს თვალწინ გაიფურჩქნა, და ისე გაუხარდა ჩემი დანახვა, ლამის ყველა ყვავილი ჩამოიტოვა უკან ხმამაღალ სიცილკისკისში. თანაც როგორ ჰგავდა მზეს... ჰო, მართლა, ყვავილები ხომ ძალიან ჰგვანან მზეს, ყველა მათგანი მის სახეს და იერს იმეორებს მეტნაკლებად.
  სამოთხის ბაღის ბინადრებზე ხომ ნუღარ იტყვით, რა ამბავი ატეხეს... თითქოს პეპლების ჭრელი გუნდიაო, ისეთი ფერხული ჩააბეს მწვანე მოლზე, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომელი უფრო მეტს იმხიარულებდა. თან ყველა მათგანი ერთსა და იმავეს იმეორებდა, შენთან თამაში მოგვენატრაო. ცისფერმა ჩხიკვმა ახლად ყველას დაასწრო (მიხვდა რომ მაც მომნატრებოდა ისინი), მოფრინდა და მხარზე დამასკუპდა. სამოთხის ჩიტმა მაშინვე მეორე მხარეზე მოიკალათა... ფარშევანგმა მწვანე მოლზე ჩამოუარა დავლური... ბუჩქებიდან ნუკრი იჭვრიტებოდა ნამიანი თვალებით, თავის რიგს ელოდა ჩემთან სათამაშოდ... რა დამავიწყებს ყველაფერ ამას, რა კარგია, რომ პატარა დავიწყება მოვიშორე თავიდან. ახლა უკვე ვიცი: ვერც დიდი დავიწყება დამაკლებს რაიმეს, იმიტომ რომ თვითონ სამითხის ბაღი არ დამავიწყებს.



                          როცა მაფშალია ამღერდა...



  თურმე ჯერ კიდევ ვერ დამეღწია თავი საბოლოოდ პატარა დავიწყებისგან; ამას მაშინ მივხვდი, როდესაც მაფშალიას გალობა მომესმა. როგორც ყოველთვის, მზეს უგალობდა იგი, და კიდევ სიხარულს, თვით მზეზე უფრო აღმატებულს და მშვენიერს. ,,სიხარულით პირთამდე სავსეა ჩემი გული~. ახლაც ამ საგალობელს იმეორებდა მაფშალია, მეც კიდევ უფრო ხმატკბილი და მშვენიერი მეჩვენა მისი გალობა, ვიდრე ოდესმე მსმენოდა. კიდევ ურფო მეტი ძალისხმევით გაბრწყინდა ის საზეიმო ელფერიც, ამ პაწია ჩიტუნიას ნისკარტის გაღებისთანავე რომ ეფინებოდა ირგვლივ ყველაფერს.
მაგრამ თურმე ეს როდი იყო ყველაფერი...
  მაფშალიას ხმამ უფრო შეიმაღლა, ფართოდ გაშალა ნიავზე უფრო უმსუბუქესი ფრთები,  აიწია მაღლა, სულ მაღლა... და მე ვეღარაფერი გავარჩიე მაფშალიას საგალობელში, ვერცერთი სიტყვა... ეს იყო ღაღადისი უნაზესი და უმსუბუქესი, რომელსაც სიტყვა აღარ ამძიმებდა. სიტყვები აქ დაბლა ცვივოდნენ უსარგებლო ნაჭუჭებივით, მაღლა კი მხოლოდ უტკბესი ხმები მიიწევდნენ... და მე ცხადად გავარჩიე, უფლის სიმაღლემდე მიუწვდინა მაფშალიამ თავისი საგალობელი, უფლის ბაგესთან წვეთავდა მისი ტკბილი ხმა, უფლის ხმას ერწყმოდა...
  საოცარია, უწინ რამდენჯერ მსმენია მაფშალიას გალობა, მისი კეთილხმოვანებით დავმტკბარვა, აკი ჩემი სახელი ყველაზე მეტად მაშინ მომწონდა, როცა მაფშალია იმეორებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ მივყვებოდი ამ კეთილხმოვან ხმათა დინებას, ვერ ვარჩევდი, თუ როდის ერწყმოდა იგი უფლის ხმას. ახლა კი, დავიწყებიდან დაბრუნებული, ბოლომდე მივყევი მაფშალიას გალობას. მივდიე მის დინებას თვით უფლის საბრძანებლამდე, მოვუსმინე, თუ როგორ ერწყმის უფლის ხმას. ძალიან, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
  ასე რომ, მაფშალიამ გამიკვალა გზა და ბილიკი უფლის ბაგემდე, მისი წყალობით ვეზიარე უფლის ხმას. ვერცერთ სიტყვაში ვერ ჩავტევ ჩემს მადლიერებას ამ პაწია ჩიტუნიას მიმართ. სიტყვა აქაც უსარგებლო ნაჭუჭია. სულგანაბული ვუსმენ. ესაა სულ, რისი ძალაც შემწევს...


                            პატარა დავიწყება და უფლის თვალი



    კიდევ რამდენი საოცარი რამ გამჟღავნდა ჩემთვის, პატარა დავიწყების შემდეგ, ასე მეჩვენება, თითქოს ნისლის ფაფუკი ბოლქვები აიკრიფაო. უფლის თვალთა ბრწყინვალებაც კი ვიხილე .
  როგორც ვარდის კოკორი გაიხსნება გაფურჩქვნისას, ისე გაიხსნა სამოთხის ზეცა. სივრცეები ფერადი ფურცლებივით გადაიშალნენ, და მე დავინახე უთვალავი მზე. ბევრნი იყვნენ, ძალიან ბევრნი და ერთმანეთს ოდნავადაც არ ავიწროებდნენ, არც ხელს უშლიდნენ, ყველა მათგანი თავისი ბრწყინვალებით ნათობდა, რომელსაც თავისი ელფერიც თან ახლდა.
  ჩვენი მზეც დავინახე, ყოველდღე რომ ნათობს სამოთხის ბაღში. ოქროსფერი ყვავილივით გაიფურჩქნა დაფურცლულ სივრცეთა წიაღში. მე ის მაშინვე ამოვიცანი, და ძალიანაც გამიხარდა მისი დანახვა. რამდენი მზე ენთო ირგვლივ, მათგან ბევრი იყო გამორჩელუი ბრწყინვალებით გარემოსილი, მაგრამ ჩვენი მზე მაინც ყველას მერჩივნა. თავისი ჩვეული ნათებით ნათობდა, რომელიც მე ყველა სხვა მზეზე უფრო მესალბუნება და მომწონს. ახლა უკვე შემეძლო დიდხანს მეცქირა მისთვის, თვალებს აღარ მჭრიდა უფლის ბრწყინვალების გვერდით, მაგრამ მაინც სხვა მხარეს გამექცა თვალი, რამდენი რამ იყო სანახავი... თუნდაც მთვარე, ჩემთვის კარგად ნაცნობი მთვარეც გამოერია ამდენი მზეების რიგში. ფერმკრთალი სახე ჩემსკენ მოაბრუნა და ჩვეულებისებრ სევდიანად შემომხედა. მთვარეც ნათობდა თავის ნაზი შუქით, უთვალავ მზეთა ბრწყინვალება ხელს როდი უშლიდა, მასაც ეფრქვია თავისი მკრთალი შუქი ციცინათელებიც კი დავინახე, მნათი ნაპეწკლებივით კიაფობდნენ, ამ უსაზღვრო ბრწყინვალების წიაღში, არც მათ დაჰკარგვიათ ნათების ნიჭი.
  მერე კი პაწია ცთომილებმა და კუდიანმა ვარსკვლავებმა ჩააბეს ნამდვილი ფერხული, ძალიან თავშესაქცევი სანახავნი იყვნენ. განსაკუთრებით კუდიანი ვარსკვლავები. ოლისეთ მარყუჟებს ავლებდნენ ცაზე, რომ მათ ყურებას არაფერი სჯობდა. ნათებით ცხადია ისინიც ნათობდნენ, ამ მხრივ მათ ვერაფერს აკლებდა უთვალავ მზეთა თაიგულები. და საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შეიძლებოდა თავი ერთად მოგეყარა ყველა მნათობისთვის, ერთად შეგეკრიბა ყველა მათგანის ბრწყინვალება, მაგრამ უფლის თვალთა ბრყწინვალებასთან ახლოსაც ვერ მოვიდოდნენ. დიახ, უფლის თვალთა ბრწყინვალება ყველას და ყოველივეს აღემატება, ამავე დროს კი მის გვერდით არავის ეკარგება თავისი წილი ნათელი, თუნდაც სულ მცირე. აგერ, კუდიანი ვარსკვლავები. განსაკუთრებული ელვარებით სულაც ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ აქ მშვენივრად ნათობენ და ძალიანაც მართობენ თავიანთი საოცარი მარყუჟებით. ვუყურებ, ვუყურებ და არ მბეზრდება, მაინც როგორ არ იღლებიან, თავბრუც კი დამეხვა მათ შემყურეს...
  ჰოდა, ამ საოცარი სანახაობით თვალებაჭრებულმა დროზე ვერ შევამჩნიე, გაფერმკრთალება რომ იწყეს კუდიანმა ვარსკვლავებმა. ვხარობდი მათი შემყურე, ტაშს ვუკრავდი, ისინი კი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდნენ... და ზუსტად იმ ადგილიდან მზემ შემომცინა ჩემთვის ესოდენ ნაცნობი ალერსიანი ღიმილით, სამოთხის ბაღის თავზე კვლავ ლურჯი ცა კამკამებდა, ჩვეულ რიგს დაბრუნებოდა ირგვლივ ყოველივე. ერთი წამით დავფიქრდი და გამახსენდა, რომ არც კი მიცდია, უფლის თვალისთვის გამესწორებინა მზერა, მხოლოდ მის თანმდევ სხივთა კონებს შევყურებდი, ყოველივეს რომ აღემატებოდნენ ბრწყინვალებით. ამასთან ერთად, მეტისმეტად გავერთე იმ საოცარი სანახაობათა ჭვრეტით,  სამოთხის ცაზე რომ გადაიშალა. თითქოს ხელახლა ჩამესმა სამოთხის ჩიტის სიტყვები, შენ ყოველთვის ცოტათი დაუდევარი იყავიო. ძალიან, ძალიან ვეცდები, აღარ დავივიწყო ეს სიტყვები და უფრო მეტი ყურადღებით ვუყურო სამოთხის ზეცას, როდესაც იგი კვლავ დაიფურცლება ვარდის კოკორივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები