ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
22 დეკემბერი, 2016


აუხსნელი ქარაგმა (გაგრძელება)

    სიზმარი და მაფშალია


   
  მაფშალია დამესიზმრა, ყელმოღერებული გალობდა, მთელი ბაღი უტკბილესი ჰანგებით აავსო.
  - რა ტკბილად, რა საამოდ გალობ, მაფშალია, - ვეუბნები (ცხადშიაც არაერთხელ მითქვამს), - ნაირგვარი ხმები იბადებიან სამოთხის ბაღში, მაგრამ აქვე, ჩემს გვერდით რჩებიან. შენი ხმა კი მაშინვე მაღლა მიიწევს, მოწყდება თუ არა შენს ღაბუა ნისკარტს. უფლის ბაგესთან წვეთავს შენი ტკბილი საგალობელი, უფლის ხმას ერწყმის და მეც ორივეს ერთად გისმენთ...
  აი ასე ვეფერებოდი და ველაცილებოდი მაფშალიას სიზმარში, მისი გალობით მოხიბლული. გავიღვიძე თუ არა, მაშინვე მომესმა მაფშალიას გალობა.
  - რა კარგია, - ვთქვი გახარებულმა, - სიზმარმა დაასწრო ცხადს, ახლა უკვე ცხადში მოვუსმენ მაფშალიას.
  ჰოდა, ვუსმენ მაფშალიას გალობას, რომელიც მიიწევს მაღლა, სულ მაღლა, როგორც სჩვევია... აი უკვე გასცილდა იმ ზღვარს, სადაც საგალობლის სიტყვები ზედმეტი ბარგია და უსარგებლო ნაჭუჭებივით ძირს ცვივა.
  მაგრამ ეს რაა? მესმის მაფშალიას ხმა, მესმის მისი უტკბილესი ჰანგები, რომლებიც მისი ღაბუა ნისკარტიდან იფრქვევა, მაგრამ უფლის ხმა კი არ მესმის.
უფრო მეტი გულისყური მივაპყარი საგალობელს, რომელსაც მთელი სამოთხის ბაღი გარინდებული უსმენდა. იქნებ მოვისმინო უფლის ხმაც, მე ხომ ყოველთვის ორივეს ერთად ვუსმენდი...
  არა და არა. ჩემი ყურთასმენა ვეღარ მიწვდა უფლის ხმას. მაფშალიას ხმა ისევ მესმის, უფლის ხმა კი სადღაც მის მიღმა მიიმალა.
ვერაფერი გამეგო, მაგრამ აბა, რას ვიღონებდი. გულდაწყვეტილმა ავარიდე თვალი მაფშალიას, ყელმოღერებით შემომჯდარს ხის ტოტზე და მაშინვე გველი დავინახე. სწორედ იმ ტოტზე მორკალულიყო, რომელზეც მაფშალია გალობდა.



                          გველი და მაფშალია



  - რატომ აღარ მესმის ცხადში უფლის ხმა? - ვეკითხები გველს, - მე ხომ უფლის ხმა ცხადშიაც მესმოდა მაფშალიას საგალობელთან ერთად, ახლა კი მხოლოდ სიზმარში ვუსმენ.
  - ეს იმიტომ რომ სიზმარმა მიისაკუთრა შენი გულისყურის ის ნაწილი, რომლითაც უფლის ხმას უსმენდი, - მეუბნება გველი და ხის ტოტიდან მწვანე მოლზე ეშვება ზანტი ზლაზვნით.
  აჰა, გველს უკვე სცოდნია ჩემი სიზმარ-ცხადის დაშორიშორების ამბები.
  - სიზმარი და ცხადი რისთვისღა გაექცნენ ერთმანეთს? - ახლა ამაზე ვეკითხები გველს.
  - ერთმანეთს გაექცნენ, მაგრამ შორს არ წასულან, მათ შორის უამრავი უწვრილესი  ბილიკია გაბმული, ერთმანეთი კარგად ახსოვთ.
  - სანამდე ივლიან ცალკცალკე?
  - სანამ ისევ არ შეერთდებია.
  უცბად გველის ჭრელი რგოლების მიღმა ადამის დაჭყეტილი თვალები დავინახე.
გველის ქარაგმებით ისედაც თავგზააბნეული, ადამის დანახვამ ძალიან გამაბრაზა.
  - თუ იცი, ადამი რომ ფეხდაფეხ დამდევს? - ვეუბნები გველს და ადამს თვალებს უკმაყოფილოდ ვუბრიალებ.
  - სამოთხის ბაღში ისეთი არაფერი ხდება, მე რომ არ ვიცოდე.
  - რისთვის დამდევს, ასეთი რა დაემართა, თავს ისე მაბეზრებს, მეტი რომ აღარ შეიძლება...
  საგანგებოდ ხმამაღლა ვამბობ ამ სიტყვებს, რათა ადამმაც გაიგონოს და მიხვდეს, რომ მისი თვალით დანახვაც არ მინდა.
  გველმა კი ამაზე ისეთი უცნაური სიტყვები მითხრა, რომლის მსგავსი ჯერ არასდროს მსმენოდა:
  - შენ და ადამმა ერთად უნდა იხილოთ მზე.
გაოგნებული დავრჩი.
  - რა თქვი? - ვკითხე გველს, - იქნებ მომეყურა...
  - შენ და ადამმა ერთად უნდა იხილოთ მზე, - ისე იმეორებს გველი.
ამ სიტყვებმა კიდევ უფრო დამიბნია თავგზა. გველს ცხარედ შევესიტყვე, ვუთხარი, რომ მზეს ადამის გარეშეც მშვენივრად შევყურებ, და საერთოდ, მზეც კი არ მინდა ადამის საზიარო, ისეთი თავკერძა და სულელია...
  რაც შეიძლება ხმამაღლა ვამბობ ამ სიტყვებსაც, რათა ადამმა ესეც კარგად გაიგოს... თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამაოდ ვირჯებოდი. ადამს ხმა კი ესმის ჩემი, მაგრამ სიტყვებს ნამდვილად ვერ არჩევს, ისეთი უაზრო თვალებით იყურება.
აღარც გველი მისმენს თურმე, დანისლული თვალებით სადღაც ჩემს მიღმა იყურება. ისევ თავის ვარსკვლავს ესაუბრება, რომელიც ჩვენს მზეზე უფრო უხნესია.



                                ადამი თავს მაბეზრებს



  აღარ ვიცი, რა გზას ვეწიო, ადამს ვეღარსად ვემალები. საითაც არ უნდა წავიდე, ბოლოს აუცილებლად მომძებნის.
  არადა, ყოველთვის ვჯაბნიდი უწინ, დამალობანას თამაშის დროს. თითქმის ვერასოდეს მპოულობდა, რამდენიც არ უნდა ვეძებნე. ბოლოს მე თვითონვე დავუძახებდი: ,,ჭიტა!~ ანდა სიცილი წამსკდებოდა.
  ახლა კი, ,,ჭიტას~ დაძახებას ვინ გაცდის, ისედაც ძალიან ადვილად მპოულობს. თან რა უცნაურად იქცევა. დგას დაბნეული სახით, თვალებდაჭყეტილი მიყურებს და ხმის ამოღებაც ვერ მოუსაზრებია. რამდენჯერ ვკითხე, რისთვის დამდევ-მეთქი, ყურსაც კი არ იბერტყავს, თითქოს არც არაფერი მეთქვას.
  - იცი თუ არა, თავი ძალიან რომ მომაბეზრე? - ბოლოს ასე ვუთხარი. არც ამის პასუხად უთქვამს რაიმე, არც სახე შეცვლია. მე მგონი, საერთოდ ვერ ხვდება, რას ვეუბნები. ხმა ესმის ჩემი, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევს.
იმ დღეს წითელ ციყვს ვეთამაშებოდი. ისე ლამაზად დახტოდა ხის ტოტებზე, ისეთ მალაყებს აკეთებდა, მის ყურებას არაფერი სჯობდა. თან რა სასაცილო იყო... ციყვს ვაქეზებდი, რაც შეიძლება ფართო ნახტომი გაეკეთებინა და სიცილით ვკვდებოდი, როცა თავდაყირა დაეშვებოდა ხის კენწეროდან დაბლა.
  აი, ერთხელ კიდევ შეჰკრა კამარა ციყვმა და... უცბად მის მიღმა ადამის დაბნეული სახე დავინახე, მისი დაჭყეტილი თვალებით, ციყვმა მაშინვე თავს უშველა, ეგონა, ადამი ჯოხით გამომიდგებაო.
რის ჯოხი, რის ციყვი! ადამს იგი არ კი შეუმჩნევია, ჩემს გარდა ვეღარაფერს ხედავდა. ჩამიშალა თამაში.
  მაშინაც ძალიან უთავბოლოდ მოფრატუნდა ადამი როდესაც ვერხვის ძირას ვისვენებდი, მის საამურ ჩრდილქვეშ თავშეფარებული. მხარზე ცისფერი ჩხიკვი მეჯდა, ნაირნაირ ამბებს მიყვებოდა, რაც სამოთხის ბაღში მომხდარა მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე. მეც დიდი სიამოვნებით ვუსმენდი. უცბად ხის მწვანე ტოტების მიღმა ადამის თავი გამოჩნდა, თმაში ჯერ კიდევ შერჩენოდა ფერადი ფრთები. კაკანათში გაბმულ ჩიტებს რომ აძრობდა (რამდენი ხანია ამ ფრთებით დადის ადამი, მაგრამ თვითონ ამას ვერ გრძნობს). ჰოდა არ ესიამოვნა ცისფერ ჩხიკვს ფერადი ფრთებით შემკული ადამის გამოჩენა, გაჩუმდა, ხმაც აღარ გაუღია.
  ერთხელ პეპლებს ვეთამაშებოდი ყვავილებით გადაჭრელებულ მდელოზე, თვალს მტაცებდა მათი ფრთების სიჭრელე და სილამაზე. უცბად, თითქოს მიწიდან ამოძვრაო, საიდანღაც ადამი გაჩნდა. თვალი ავარიდე, მისთვის ხმის გაცემასაც არ ვაპირებდი, მაგრამ ერთი მეტად უცნაური რამ მოხდა: პეპლებმა ჯერ შეიმაღლეს, ჰაერში იწყეს რიალი, მერე კი გუნდგუნდად გაემართნენ ადამისკენ, მის ირგვლივ იწყეს ფარფატი. ძალიან სასაცილო სანახავი იყო ადამი; ხესავით უძრავად იდგა ყვავილოვანი მდელოს შუაგულში, მის ირგვლივ პეპლების ფერად-ფერადი გუნდები რიალებდნენ, ზოგიერთები იმ ფერადი ფრთების ბღუჯაზე სხდებოდნენ ადამს თავს რომ უმკობს დღემდე. თვითონ ადამს პეპლები არც კი დაუნახავს, მე არ მაცილებდა უაზროდ დაჭყეტილ თვალებს.
ყველა პეპელა ადამისკენ გაფრინდა, ჩემთან ერთიც არ დარჩენილა, მე კი ძალიან, ძალიან მინდოდა მათთან თამაში.
  არა, ეს უკვე მეტისმეტია.
  მდინარის ნაპირას ხომ არ დავმალულიყავი? იქ ხშირი ბუჩქნარია.



                              ენაწყლიანი მდინარე



  სტუმართომყვარეა მდინარე, მისი ნაპირები ხავერდოვანი მოლითაა მოგებული. თანაც რა ენაწყლიანია... ერთი წამითაც არ ჩუმდება, რას აღარ გაიხსენებს, რას აღარ მოგიყვება წყნარი დუდუნით. ჩამუხვლაც არ მაცალა, მნათობთა ჭვრეტა თუ გიყვარსო, მკითხა.
  - მნათობთა ჭვრეტას არაფერი მირჩევნია, ცის თაღზეც ხშირად შევყურებ და ორი მზის ტბორშიაც.
  - ალბათ შეამჩნევდი, რომ მთვარე ერთი ნახტომით უფრო ფართო რკალს ავლებს ცაზე, ვიდრე მზე.
  მე დავუდასტურე, რომ მთვარე მართლაც ასე იქცევა, რაც განსაკუთრებით ცხადად მისი ჩასვლა-ამოსვლის დროს შეიმჩნევა. მთვარე თითქოს მზეს ეჯიბრებაო, იხეტიალებს, იხეტიალებს და ბოლოს მაინც იმ უშორეს წერტილს მიადგება.
  - ჰოდა, გეტყვი, ასე რატომ იქცევა მთვარე, - დუდუნებს მდინარე.
მოხერხებულად მოვიკალათე მწვანედ გაბარდული ბუჩქის ძირას (რა კარგია, ადამის ჭაჭანებაც კი არსადაა!) მდინარემ ერთი ღრმად ამოისუნთა და დაიწყო:
  - ერთხელ მზე და მთვარე მწვანედ მობიბინე ველზე დაეშვნენ და ცეკვა გააჩაღეს. რომ იცოდე რა ლაზათიანი სანახავნი იყვნენ, როგორ უხდებოდნენ ერთმანეთს. სიცოცხლით სავსე და ნარნარი იყო მათი მიმოხვრა, თვალი უკეთესს რას ნახავდა...
  - მართლაც მშვენიერი სანახაობა იქნებოდა, - ვთქვი მე.
  - მთელი სამოთხე შეჰხაროდა მზის და მთვარის ცეკვას, ყოველი სულდგმული მათ შესციცინებდა, თვალს ვეღარ სწყვეტდნენ. ხეები და ბუჩქები ტაშს უკრავდნენ მწვანე ფოთლებით, ფრინველები ფრთებს აფათქუნებდნენ, ცის თაღი ცისარტყელებით მოიფინა...
  - მერე, მერე? - მოთმინება დამელია მე, - რა მოხდა ამ ცეკვისას?
  - ახლა რა ლაზათიანად იხდიდნენ მადლობას იმ დიდი აღტაცების პასუხად, რასაც სამოთხის მკვიდრნი იჩენდნენ მათი ცეკვის მიმართ - აუჩქარებლად ბუტბუტებს მდინარე  - მზე გულიანად იღიმებოდა და სხივებით ყველას კოცნას უგზავნიდა. მთვარემ, მართალია, გაღიმება ვერ შეძლო, მაგრამ დამერწმუნე, ისიც არანაკლებ ეშხიანად გამოიყურებოდა, ვიდრე მზე. მწყაზარ სახეზე იშვიათი ელფერი გადასდიოდა, არც ნაზი სხივების კონები დაუშურებია, ყველგან უხვად მოჰფინა, საჩინო გახადა მათი ხიბლი და პეწი...
  - მთვარეს ნამდვილად არ ეშლება ასეთი რამეები, - ვთქვი მე.
  - ოღონდ ხომ იცი, მთვარეს სახე ეცვლება მზესთან მიახლოებისას, - ბუტბუტებს მდინარე, - ამას გარდა, ფერიც ეკარგება. მეტად მკრთალდება მისი მწყაზარი და ნაზი ელფერი... მთვარე მაშინ ბრწყინავს მთელი თავისი სისრულით, როცა მზეს დაშორდება ხოლმე. ამიტომაც, როცა მადლობას იხიდნენ, მთვარე ყოველთვის ერთი ნახტომით შორს დგებოდა მზისგან. ჰოდა ასე, თითქოს ცალკცალკე, მაგრამ მაინც ერთად იხდიდნენ მადლობას აღტაცებულ მაყურებელთა წინაშე, არც ერთს და არც მეორეს ამით არაფერი დაკლებია, მთელი სისრულით ბრწყინავდნენ თავიანთი სილამაზით.
  - ეს რა კარგად მოუფიქრებია მთვარეს, - ვთქვი მე. მართლა ძალიან მომეწონა მისი მოსაზრებულობა.
უცბად მდინარემ ასეთი უცნაური სიტყვები მითხრა:
  - შენ და ადამიც ასევე იქნებით, როგორც მზე და მთვარე. შეიძლება ხანდახან სიფერმკრთალემ დაგძლიოს, მაგრამ ეს ნუ შეგაკრთობს. გახსოვდეს, ერთი ნახტომით მუდამ მეტი იქნები მასზე.
თქვა თუ არა ეს სიტყვები მდინარემ, ბუჩქის მწვანე კენწეროს მიღმა ადამის თავი გამოჩნდა, ორად ორი ფერადი ფრთაღა შერჩენოდა თმაში გარჭობილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები