მერიტიმ ვერცხლი არჩია ოქროს; ქედმაღალია ოქრო, მეტისმეტად ხმამღლა ამჟღავნებს თავის თავს, მზეს ეჯიბრება ბრწყინვალებით, ზეციურ მკვიდრთა სამყოფელს მოკრძალებით არ გაუღებს კარებსო, - ფიქრობდა. სწორი გამოდგა არჩევანი. ვერცხლი როგორღაც თავისებურად იხვევდა გულში ცის სილურჯეს, თავის სიფერმკთალეში აზავებდა. მერიტის ეგონა, ცის თაღზე დავაბიჯებო, როცა პირველად დაადგა ფეხი წმინდა ვერცხლის ძერწილ იატაკზე. შემდგომშიც აღარასოდეს განელებია ეს განცდა. ქანდაკებებმაც დიდად მოიხდინეს ვერცხლის სიფერმკრთალე. მათში ერთმანეთს შენივთებოდა მიწიერი და ზეციერი, რომლებიც ვერცხლმა კიდევ უფრო დაუახლოვა ერთმანეთს. მწყობრად შემოსჯარვოდნენ ვერცხლის იატაკს, იშვიათი სილამაზის ძერწილ მოაჯირს ქმნიდნენ. მზის მცხუნვარე სხივებმაც კი ვერაფერი დააკლეს ვერცხლის სიფერმკრთალეს. პირიქით, უფრო თვალში საცემი გახდა, ლამის ყინულისაგან გამოძერწილს დაემსგავსა მთელი ვერანდა. თითქოს გრილი ნიავიც კი მოჰქროდა მისგან, ხვატის წიაღში რაღაც სასწაულით აღმოცენებული. ჭეშმარიტად, მშვენიერი იყო ვერცხლის ვერანდა, როდესაც ლურჯი ცა ადგა თავზე გუმბათად, როცა მზის სხივები ოქროსფერი ნაპერწკლებით ავსებდა ირგვლივ ყოველივეს. მაგრამ სულ სხვა იყო მთვარის ნათელი, მხოლოდ მთვარემ გაამჟღავნა სრულად ვერცხლის ძერწილი ვერანდის მშვენება და ხიბლი. რძისფერი სხივები ნაკადულებივით დაცურდნენ ქანდაკებათა ვერცხლის სხეულებზე , ვერცხლის იატაკზე საოცარი სურათხატებანი მოჰქარგეს. გრძნობდა მერიტი, რა ახლობელნი იყვნენ ქანადაკებები და მთვარის სხივები. უამრავი უწვრილესი ბილიკი იმთავითვე გაიბა მათ შორის, როგორც კი ერთმანეთს შეაგებეს მზერა; და მერიტის ეჭვიც აღარ ეპარებოდა, ღმერთი გამოჰყვებოდა ერთერთ ბილიკს, ვერცხლის ძერწილ ვერანდაზე დაადგამდა ფეხს. მერიტიმ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ვერანდის შუაგულში აისვეტა, თავადაც ქანდაკების მსგავსი, ორივე ხელი მთვარისაკენ გაიწოდა, ლოცვის წამოწყებაც სცადა . . . როგორღაც ვერ შეძლო, გულისყური მოეკრიფა, ფიქრები აქეთ - იქით დაეფანტნენ. მერიტის ეს არ გაჰკვირვებია. გამოცდილებით კარგად იცოდა, თუ რა ძნელია ლოცვისთვის გულისყურის მოკრეფა, ფიქრები არ გემორჩილებიან, აქეთ - იქით დარბიან საჩიხიდან თავდახსნილი თიკნებივით. „უნდა შეძლო, ერთ მხარეს გარეკო ყველა თიკანი“ , - ასე მოძღრავდა მერიტის ღვიძლი დედა, შთამომავლობით ქურუმის ასული. ეს სიტყვები არასოდეს დავიწყებია მერიტის; წინ მიუძღოდნენ ყოველი ლოცვისას კელაპტრის შუქივით. ცოტა მოთმინებაა საჭირო და გულის დაუნჯება. მთვარეც დიდად დაეხმარება, ცის თაღიდან მომლოდინე თვალივით მომზირალი. და რაღა თქმა უნდა, ვერცხლის ქანდაკებები, მთვარის მკრთალი სხივების ნიაღვრებში გაყუჩებულები. აკი, ისინიც ელიან რაღაცას. უწინარეს ყოვლისა, თვითონ მას, მეფისა და ქურუმის ასულის, გრძნეულებით განთქმული ქალის შთამომავალს.
უწინარეს ყოვლისა, უცნაურად გაფოფრილ ვერცხლოვან ქანდაკებას მიაშურა მერიტიმ. მედუზას გამოსახავდა იგი, ფართოდ გაშლილი საცეცებით და ბრტყელი სხეულით. როგორც სარკეში, ისე ჩაიხედა მერიტიმ მასში. ამჯერად ეს იყო მისი მიზანი, ამიტომაც იწყებდა ქანდაკებათა რიგის თვალიერებას მედუზასთან სტუმრობით. დიდებულებით სავსე გამოსახულებას გაუსწორა წამით თვალი. თვითონაც ქანდაკებას ჰგავდა; ტანწყობილი და პირმშვენიერი, ძვირფასი სამკაულებით და სილამაზით გაბრწყინებული. სიამით შეჰყურებდა თავის თავს, მერე მეზობლად, ნახტომში გარინდებულ ვერცხლის ჯიქთან გადაინაცვლა . . . სათითაოდ ყველა მათგანს მიეახლა მერიტი, იხიბლებოდა მათი არამიწიერი შესახედაობით, თან გულში ყველას სთხოვდა, დახმარებოდნენ, ძალა მოეკრიფა სალოცავად. როგორც მთვარის სხივებს მატებთ ძალას, ერთი ათად აძლიერებთ მის ნათელს, ასევე ჩემი ლოცვაც გააძლიერეთო, სთხოვდა. ციური მწყემსი ერია ნაირგვარ ცხოველთა შორის. ნადირის ტყავი მოესხა ვერცხლისაგან ნაძერწ სხეულზე. დაწნული ხამლი ემოსა ფეხებზე, მარჯვენა ხელი წინ გაეშვირა, ზეციურ არსებათა გუნდს თუ უხმობდა თავისკენ, ან გეზს აძლევდა, საითკენ ევლოთ. გაურკვეველი იყო, რას გამოსახავდა მისი მარჯვენა. მერიტის ეს ოდნავადაც არ აფიქრებდა, პირიქით, ეს გაურკვევლობა უფრო მოსწონდა. – „ნეტავი რას მანიშნებ“, - გუნებაში ასე შეეხმიანებოდა ხოლმე ციურ მწყემსს, მის წინაშე მოკრძალებით მდგარი, - „იქნებ შენსკენ მიხმობ, ზეციურ ბილიკს დაეძებ ჩემთვის.“ - ოჰ, არა! - თვითონვე ეპასუხებოდა საკუთარ თავს, - მე არ ძალმიძს მოგეახლო, თავად უნდა ინებო დაეშვა ზეცით, მიწაზე. აქ უკვე გრძნობდა მერიტი, მისი ფიქრები აღარ ჰგავდნენ ურჩ თიკნებს, თითქოსდა ზეციურმა მწყემსმა დამწყემსაო. ხელებს წინ გაიწვდიდა, მხურვალე ლოცვა - ვედრებას წამოიწყებდა, ევედრებოდა ზეციურ მწყემსს, ვერცხლისაგან შეთხზულ ვერანდაზე დაედგა ფეხი. ყურს ნუ მოარიდებ ჩემს ლოცვას, სწორედ ის გაგიკვალავს გზას ჩემსკენ. მომეცი ნება, თუნდაც ერთი წამით ვიხილო შენი ღვთაებრივი სახე, თუ ამას ვეღირსე, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ექნებაო, უდიდესი მადლიერებით აღივსება ჩემი გულიო, მზად ვარ, სიცოცხლე შემოგწირო ამის სანაცვლოდ . . . ხმატკბილ საგალობლებს ამბობდა, ზეცას ასხამდა ზეციურ სამკვიდრებელს, სადაც ციური მწყემსი ქარივით ლაღი ნაბიჯებით მიმოდიოდა. შემდეგ კი, ლოცვით დაღლილი, პაწია ხალიჩაზე ჩაიმუხლებდა ხოლმე. ერთადერთი ეს ფაფუკი ხალიჩა არ ყოფილა ვერცხლისა ამ ვერანდაზე. ხალიჩას ხანდახან კარავიც ემატებოდა, ეს მაშინ, როცა მერიტის დღისით მოეგუნებებოდა აქ ყოფნა, კარავს გააშლევინებდა მსახურს, მზის მხურვალე სხივებს რომ დამალვოდა, თუმცა უმეტესწილად ღამღამობით ერჩივნა ვერცხლის ვერანდის მონახულება; სავსემთვარეობას ხომ არა და არ გამოტოვებდა. ბევრი ღამე გაათენა ამგვარად მხურვალე ლოცვა - ვედრებაში ჩაფლულმა. მთელი გულით და სული ევედრებოდა ზეციურ მწყემსს, ყურად ეღო მისი ვედრება, ღვთაებრივი ფეხი თუნდაც ერთი წამით დაებიჯებინა ვერცხლის ვერანდაზე . . . ჯერჯერობით ვერ ეღირსა ამ ბედნიერებას.
მაინც არ იშლიდა თავისას, არ წყვეტდა ლოცვა - ვედრებას; გაგონილი ჰქონდა, უწინ თურმე ეშვებოდნენ ზეცით ღმერთები მიწაზე; უმეტესწილად სწორედ ზეციური მწყემსი . . . შეუსმენიათ მხურვალე ვედრება; ფასს ისიც მატებდა ამ ვედრებას, თვითონ მეფის ასული რომ ამოთქვამდა. ვერცხლის ვერანდაც ხომ ჭეშმარიტად ღმერთისათვის იყო შექმნილი . . . კოშკიც, რომლის სახურავსაც ვერცხლის ვერანდა დაანდეს, ყველა შენობას აღემატებოდა სიმაღლით. შვეული კიბეების მთელი წყება უნდა აევლო მერიტის, რათა ბოლოს ვერცხლის იატაკზე დაედგა ფეხი. არ ზარობდა ამ ასვლა - ჩამოსვლას, ოღონდ ენახა ზეციური მწყემსი. თუმცა, ბოლოს უკვე ეჭვობდა, ვაითუ ზეციურ მწყემსს არად უღირს ჩემი ლოცვა - ვედრება, არად აგდებს ჩემს მზადყოფნას . . .
და სწორედ მაშინ აღსრულდა სასწაული, როდესაც მერიტი თითქოს აღარც კი ელოდა; ჯერ რაღაც ლანდივით გამოისახა მთვარის შუქით ავსებულ სივრცეში . . . ადამიანს ჰგავდა მოყვანილობით. აშკარად მიწისაკენ ეჭირა გეზი, დაბლა ეშვებოდა, თან სიმკვეთრეც ემატებოდა. სულ მალე განვლო მანძილი ცის თაღიდან ვერცხლის ვერანდამდე, ორიოდე ნაბიჯიც და . . . მერიტის წინაშე წარსდგა კიდეც.
მერიტიმ თვალები წამით დახუჭა, მერე ისევ გაახილა . . . ნამდვილად ასეა! მეტისმეტად უჩვეულო არსება სუფევს მის წინაშე, სუფევს ისეთნაირად, რომ არც კი ეხება ვერცხლის იატაკს; უწინარეს ყოვლისა, ეს გარემოება ენიშნა მერიტის: ზეციური სტუმარი ჰაერში ეკიდა, დაახლოებით ორი ხელის დადება სიმაღლეზე ვერცხლის იატაკიდან. ჭეშმარიტად, ზეციურ არსებას შევყურებო, - გაივლო გულში მერიტიმ, - მიწიერი საყრდენი, თუნდაც ვერცხლისაგან ნაძერწი, დიდად არ სჭირდებაო. მაშინვე წელში მოიხარა, მდაბლად სცა თაყვანი. როდსაც წელში გაიმართა, დაინახა, ზეციური სტუმარი კიდევ უფრო მიახლოებოდა ვერცხლის იატაკს, ერთი ხელის დადებაღა აკლდა . . . მერიტიმ მოკრძალებით გაუსწორა თვალი. ნადირის ტყავი წამოესხა მხარიღლივ, ზუსტად ისე, როგორც ვერცხლისაგან ნაძერწ ციურ მწყემსს. ფეხზედაც დაწნული ხამლი ემოსა. ერთი წამით უცნაური ეჩვენა მერიტის , ზეციური სტუმარი ასე რომ ჰგავდა ვერანდის ბინადარ ვერცხლის ქანდაკებას, მაგრამ სწრაფად მოისაზრა: მხატვრები და მოქანდაკენი ხედავენ ხანდახან ზეციურ არსებებს, მათ ხომ განსხვავებული თვალი აქვთო. სხვათა შორის, სწორედ მოქანდაკემ თქვა ერთხელ, (მერიტიმ შემთხვევით მოჰკრა ყური) ნადირის ტყავზე უფრო მეტად ადამიანს არანაირი სამოსი არ შვენისო. ეს ყოველივე ორიოდ წამში გაიაზრა მერიტიმ, თან შეფარვით უთვალთვალებდა ზეციურ სტუმარს, სულ უფრო და უფრო რწმუნდებოდა არამიწიერ არსებას შევყურებო. რა დიდებული იყო, რა ტანწყობილი . . . მთელ სხეულზე ხომ ნათელი ეფინა, თვალებიდანაც ელვას აკვესებდა . . . და, ეს თვალები მერიტის შეჰყურებდნენ . . . მოჯადოებულივით იდგა მეფის ასული, თავდახრილი და შემკრთალი, ეგონა, ცეცხლი შემომენთოო; მხოლოდ ზეციურ ქმნილებას თუ ექნებოდა ასეთი მომაჯადოებელი და ცეცხლოვანი მზერა. უნდოდა, რაიმე ეთქვა, თუნდაც ერთი სიტყვა, მადლი მოეხსენებინა ზეციური სტუმრისათვის, მისი ლოცვა რომ შეისმინა და ფეხი დაადგა ვერცხლის ვერანდას, მაგრამ ვერა და ვერ მოეხერხებინა; ისევ ზეციური სტუმარი წამოეშველა, მან ითავა, ეთქვა სათქმელი: - მხურვალეა შენი ლოცვა, მან გამიკვალა ბილიკი შენსკენ . . . მერიტის მოეჩვენა, რაღაც ტალღამ ამიტაცაო; თხემით ტერფამდე გამსჭვალა ზეციური სტუმრის ხმამ, მზერასავით ისიც ცეცხლოვანი იყო; ღრმად ამოისუნთქა და როგორც იქნა, დასძრა სიტყვა: - მინდოდა, საკუთარი თვალით მეხილა, როგორ ეშვებიან ღმერთები ზეცით მიწაზე . . . - ამ სიტყვებთან ერთად მდაბლად თაყვანი სცა ღმერთს, ზეციურ სტუმარს. - იშვიათია შენი მშვენება, - კვლავ გაისმა ზეციური სტუმრის ხმა, - მიწიერ არსებათა შორის ბადალი არ გყავს. მერიტის ხმა აღარ გაუღია, მხოლოდ სიამის ღიმილი მოეფინა სახეზე. მშვენების ხოტბის შესხმა არ უკვირდა, არასდროს აკლდა, მაგრამ ზეციური სტუმრის სიტყვას სულ სხვა ფასი ადევს. უსაზღვროდ ბედნიერად იგძნო თავი. სიხარულმა ლამის ჰაერში აიტაცა ზეციური სტუმრის მსგავსად, წამით ეგონა, ფეხით იატაკს არც კი ვეხებიო. და აჰა, სიხარულს სიხარული დაემატა, კვლავ გაისმა საქებარი სიტყვა ზეციური სტუმრის ბაგეთაგან: - არამიწიერი სილამაზით ყვავილობ, მაგრამ, ვაი, რომ . . . მერიტი გაფაციცდა, რას ნიშნავს: „ვაი, რომ . . .“ - მეტისმეტად ხანმოკლეა შენი ყვავილობა. ამ სიტყვებმა გააოცეს მერიტი. თანაც სწორედ ამ დროს ზეციური სტუმარი საბოლოოდ დაეშვა ზეცით მიწაზე, ანუ, მისი ტერფები შეეხნენ ვერცხლის ძერწილ იატაკს. ახლა უკვე ერთმანეთის პირისპირ იდგნენ მეფის ასული და ზეციური მწყემსი, ვერცხლის იატაკს ორივე ერთნაირად ეყრდნობოდა. მერიტი კვლავ დუმდა, საპასუხოდ ვერაფერი მოეფიქრებინა, მხოლოდ თვალებს ახელდა ფართოდ. ზეციური სტუმარი ისევ განაგრძობდა: - მალე დაჭკნები, სულ მალე, სიცოცხლეც წაგერთმევა, მკვდარ სხეულად იქცევი. ეს კი მეტად უსიამოდ ჟღერდა, მერიტი ლამის ცუდად გახდა ამის გაგონებისას, მაგრამ ამ დროს ისეთი რაღაც შეამჩნია, ყურადღება მასზე გადაიტანა და მგონი, ამან უშველა, იატაკზე რომ გულწასული არ დაეცა. ზეციური სტუმარი როგორღაც დადაბლდა, ასე მოეჩვენა მერიტის. გაკვირვებით შეათვალიერა და უცნაური რამ აღმოაჩინა: სტუმარს ტერფები აღარ მოუჩანდა, კოჭებამდე ჩაფლულიყო ვერცხლის იატაკში. გაოცებისაგან კინაღამ შეჰყვირა მერიტიმ; კიდევ კარგი, სწრაფად მოისაზრა: ზეციური სტუმრის სხეული ვერ ჰგუობდა მიწიერ საყრდენს, თუნდაც ეს საყრდენი წმინდა ვერცხლისა ყოფილიყო. ზეციური სტუმარი თვითონ ვერაფერს ამჩნევდა, აგრძელებდა ლაპარაკს, მერიტის ზეციურ სიყვარულს ეფიცებოდა. - მე შემიძლია ისეთი სიყვარულით შეგიყვარო, რომელიც არცერთ მიწიერ არსებას არ ღირსებია, - ამბობდა ზეციური სტუმარი, - მიწიერი სიყვარული წარმავალია, მე ზეციური მარადისობის თვალით დაგყურებ, ჩემს თვალში მუდამ იქნები სწორედ ისეთი, როგორიც ახლა ხარ, უბადლო მშვენებით გაბრწყინებული, ჯანსაღი და გონიერი. მაშინაც მეყვარები, როდესაც დროის ტალღები თავის კვალს დაამჩნევენ შენს მწყაზარ სახეს, სხეულს გამხმარი ხის ტოტს დაამსგავსებენ. მერიტი უსმენდა ზეციური სტუმრის სიტყვებს, თან თვალმოუცილებლად შეჰყურებდა, როგორ თანდათან დაბლდებოდა ზეციური სტუმრის სხეული . . . კოჭებს წვივები მოჰყვნენ, მერე მუხლებიც . . . აჰა, უკვე წელამდე მოადგა ვერცხლის იატაკი, თითქოს მასში ჩაიზარდაო. იქნებ შეჩერდეს, წამით მაინც . . . არა, ისევ აგრძელებს დაღმასვლას, უკვე მკერდამდეა, ცოტაც და მხრებამდე . . . მხრებიც ჩაიმალა წმინდა ვერცხლის იატაკში, მხოლოდ თავი მოჩანს, თავი ელაპარაკება მერიტის, ისევ უჭკნობ სიყვარულზე ელაპარაკება: - მაშინაც კი მეყვარები, როცა მოკვდები და გაიხრწნები, როცა შენგან აღარაფერი დარჩება კბილების თუ ერთი - ორი ძვლის გარდა. გაოგნებული მერტი ხმას აღარ იღებდა, მხლოდ თვალები გაეღო ფართოდ. სხეულს თავიც მიჰყვა, მანაც იწყო ჩაძირვა, ჯერ ნიკაპთან მოადგა ვერცხლის იატაკი, მერე ცხვირამდეც უწია, მალე ცხვირიც მიიმალა, მხოლოდღა შუბლი მოჩანდა. კიდევ ცოტაც და თავი მთლიანად ჩაიძირა ვერცხლის წიაღში. და რა უცნაური იყო: მისი ხმა ისევ ესმოდა მერიტის. ესმოდა მშვენიერი, აღმატებული სიტყვები, მარადიულ, უჭკნობ სიყვარულს რომ ეფიცებოდნენ; მაშინაც მეყვარები, როდესაც შენი სუნთქვა ჰაერს აღარ შეერევა, როცა შენი ნაფეხურები უკვალოდ აღიხოცება. მერიტიმ თვალი მოავლო ვერცხლის ვერანდას, უშფოთველად გარინდებულიყვნენ ვერცხლის ქანდაკებები, მთვარის რძისფერ სხივებში ერთიანად გახვეულები, თვითონ ზეციური სტუმარი აღარსად ჩანდა, კვლავ ზეცას ხომ არ დაუბრუნდაო, ისიც კი იეჭვა მერიტიმ, მაგრამ არა, ისევ გამოჩნდა, ოღონდ როგორღაც გვერდზე გადახრილიყო, ცალი ფეხითღა ეხებოდა ვერცხლის იატაკს, მეორე ფეხი ჰაერში ეკიდა. ლაპარაკით ახლაც ლაპარაკობდა, სიყვარულის მიუწვდომელ სივრცეებზე მოუთხრობდა მერიტის, რომელსაც უკვე აღარაფერი ესმოდა. ზეციური სტუმარი ისე გადაიხარა, იატაკს გაუსწორდა მთელი სხეულით, და ასე გვერდულად ჩაიმალა იატაკის სიღრმეში. ცოტაც და, ისევ გამოჩნდა, ახლა უკვე ქანდაკებათა მწკრივის ახლოს სუფევდა. უახლოვდებოდა ხან ერთ, ხან მეორე ქანდაკებას, მის წიაღში შეაღწევდა ხოლმე. რა უცნაური სანახავნი იყვნენ ამ დროს ქანდაკებანი; მეტად გაურკვეველ მოყვანილობას იღებდნენ, თან სხივმოსილებაც ემატებოდათ, ციური მნათობივით გაბრწყინდებოდნენ ხოლმე. მერე ისევ ტოვებდა მათ ზეციური სტუმარი, მეზობელ ქანდაკებას სტუმრობდა, თან მუდამ სხვადასხვანაირად; ხან გვერდულად შედიოდა ქანდაკების სხეულში, ხან ირიბად, ხან ზევიდან თუ ქვევიდან, ის ხომ უსხეულო არსება იყო . . . სწორედ ამიტომ ვერ იმაგრებდა თავს ვერანაირ საყრდენზე, რა მკვრივიც არ უნდა ყოფილიყო ეს უკანასკნელი. ამას კარგა ხანია მიხვდა მერიტი, თუმცა ამით დიდი შეღავათი არ უგვრძნია, მეტად უცნაურად ეჩვენებოდა ზეციური სტუმრის უეცარი გაქრობა და მერე ისევ გამოჩენა, უკვალოდ გაქრა მისი დიდებულება, პეწი და ლაზათი, ყოველივე უგერგილო ხუმრობას დაემსგავსა. ასეთ რამეს როდი ელოდა, როცა მხურვალე ლოცვით მოუხმობდა ციურ მწყემსს. ევედრებოდა, წამით მაინც დაედგა თავისი ღთაებრივი ფეხი წმინდა ვერცხლის საყრდენზე. მერიტის ერჩივნა, არც კი ეცქირა მისთვის, მაგრამ, აბა რა ეღონა, ისევ ზეცისკენ ხომ არ მიუთითებდა ზეციურ სტუმარს, ის კი ისევ ეფიცებოდა მიწიერ არსებათათვის მიუწვდომელ ეციურ სიყვარულს. სიყვარულს, თუმცა მერიტის აღარაფრის გაგონება აღარ სურდა.
და აი, ზეციური სტუმარი მიეახლა ციური მწყემსის ქანდაკებას, მერიტი გაფაციცდა, იქნებ ახლა მაინც სხვა სანახაობა ვიხილოო . . . წამით სადღაც გაქრა ზეციური სტუმარი, ალბათ თვალი ვერ მიადევნა მერიტიმ, მერე ისევ გამოჩნდა, მაგრამ რა ყოფით: მერიტიმ მისი ფეხები დაინახა, ძერწილი, ჩამოსხმული ფეხები, რომლებიც ვერცხლის ქანდაკების თავს ზემოთ გამოისახნენ. ზეციური სტუმარი თავდაყირა სუფევდა ვერცხლის ქანდაკების წიაღში. ამას ვეღარ გაუძლო მერიტიმ, თვალები დახუჭა . . .
რაღაც ხმა ჩაესმა, სრულიად სხვა ხმა; მერიტიმ თვალები გაახილა, წამით ვერაფერი დაინახა, მზის სხივები მთელი ძლევამოსილებით ბრწყინავდნენ ვერცხლის ვერანდაზე; პირდაპირ ვერცხლის იატაკზე ჩამძინებიაო - გაივლო გულში. თანდათან ყოველივე თავის ადგილას დადგა. ვერცხლის ქანდაკებები დიდებულად სუფევდნენ მზის ნათელში გახვეულები, ვერცხლის იატაკი გულში იხვევდა ციურ სილურჯეს, ვერცხლის ვერანდას ცის თაღს ამსგავსებდა. რაც შეეხება ზეციურ მწყემსს, არსად ჩანდა. მის ნაცვლად მერიტიმ მსახური დაინახა, მყარად მდგარი იატაკზე. დაწნული ხამლით მოსილი ფეხები არ ეფლობოდნენ ვერცხლის წიაღში. რა უცნაურია, მასაც ზუსტად ისეთივე ხამლი რომ ეცვა . . . ისევ ჩაესმა მერიტის ხმა; მსახური ეკითხება, კარავის გაშლას ხომ არ ინებებთო. მერიტიმ მზერა მოსწყვიტა მსახურის ფეხებს. სხვათა შორის, საკმაოდ მოყვანილებს. მათთვისაც შეიძლებოდა ძერწილი გეწოდებინა, უბრალო მსახური რომ არ ყოფილიყო მათი პატრონი. - კარავი? - გაიმეორა მერიტიმ ბურანში მყოფივით. ნელ - ნელა გაიაზრა ამ სიტყვის მნიშვნელობა. ჯერ ისევ ვერ დაეღწია თავი იმ უჩვეულო ღამის ხიბლიდან. - არა, არის საჭირო, დაბლა, მიწაზე ვეშვები . . .
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ბრავო, შესანიშნავი სიზმარი ვნახე. მაქვს ერთი რეკომენდაციის მსგავსი: ზეციდაც ჩამოსულის მიერ ჯერ ქანდაკებებში შეღწევა და მერე დაფლობა ვერცხლის იატაკში მგონი უკეთესი იქნებოდა.
მართლაც მშვენიერი იყო.
ბრავო, შესანიშნავი სიზმარი ვნახე. მაქვს ერთი რეკომენდაციის მსგავსი: ზეციდაც ჩამოსულის მიერ ჯერ ქანდაკებებში შეღწევა და მერე დაფლობა ვერცხლის იატაკში მგონი უკეთესი იქნებოდა.
მართლაც მშვენიერი იყო.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|