ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: თარგმანი
17 მარტი, 2017


ქვეყანა ვოლიერში (პალომა კონსტეიბლი „ვაშინგტონ პოსტი“)

წინათქმა. 
სტატია გამოქვეყნდა "ვაშინგტონ პოსტში" რამოდენიმე წლის წინ. ვთარგმნე და აქ მოვიტანე ერთი მიზნით: მინდა ჩვენს ჟურნალისტებს შევახსენო, რომ დიდ და მწვავე ამბებზე წერა, თითქოს პატარა და უმნიშვნელო მოვლენების ჭრილშიც  შესაძლებელია! უბრალოდ, რატომღაც სხვებს ეს დიდებულად გამოსდით...ყოველგვარი სკანდალის გარეშე.
ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ბებერი ლომი მარჯანა, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლომი გახდა.


ქვეყანა ვოლიერში

ქაბულის გაპარტახებული ზოოლოგიური პარკი: ნაწამები მაიმუნები და დასახიჩრებული ლომი.


ბებერი, ნახევრად ბრმა ლომი უხალისოდ ძიძგნის აქლემის ხორცს. 
ვიწრო გალიის კედლებს აწყდება ჟანგიან გისოსებზე ხახუნისაგან დრუნჩდასისხლიანებული დათვი.
შევარდენი  გაპუტულ  ფრთებს შლის და ამაყად დააბიჯებს თვეობით დაგროვილ სკინტლში.
ქაბულის ზოოპარკი  ჭურვებით დაფლეთილი ბინძური ციხეა.  აქ დაუსრულებელი ტანჯვისა და მოწყენილობისაგან სანახევროდ ჭკუიდან გადასული მაიმუნებიც ჰყავთ.  ისინი პატარა მაწანწალების  სამიზნედ ქცეულან, როდესაც ფეხსაცმელების წმენდას, წვრილმანი ნივთებით ვაჭრობას და ფიჩხის შეგროვებას მოითავებენ და  თავისუფალ დროს გამონახავენ, დაძონძილი და ტურტლიანი ბავშვები ზოოპარკში შემოდიან, ისინი მაიმუნებს წვეტიანი, გრძელი ჯოხებით ჩხვლეტენ, მუჭებით  სილას აყრიან, უწვდიან საჭმელს მაგრამ არ აძლევენ, ანთებულ სიგარეტებს უქრობენ პირში და კმაყოფილები ხითხითებენ, როცა გამწარებული ცხოველები ნამწვავებს საზარელი ყმუილით აფურთხებენ უკან.
„ეს ხომ ჩვენი ერთადერთი გასართობია!“ - ამბობს ფეხსაცმლის მწმენდავი ბიჭი.  იჩეჩავს მხრებს და წაწვეტებულ ჯოხს ერთ-ერთ გალიაში ყოფს.
მოხუცი დარაჯი ყვირილით გამორბის ბავშვისკენ: „ეე, გადი აქედან! თავად რას იზამდი, გალიაში რომ იჯდე და ეგრე გაწვალებდნენ?“  - „ვიბღავლებდი“ - პასუხობს ფეხსაცმლის მწმენდავი.

ქაბულის ზოოპარკი დიდად არ განსხვავდება  ერთ დროს ელეგანტური, ამჟამად კი დანგრეული დედაქალაქის სხვა უბნებისგან: მოწყალე ხელმწიფეების აშენებული ევროპული სასახლეები ახლა ღორღის გროვებადაა ქცეული.  ომის ოცმა და რელიგიური ფნატიზმის ექვსმა წელმა განათლებული ავღანელების უმეტესობა ქვეყნიდან გააქცია.  დატოვა  უდაბური  ადგილი, ნანგრევებს შეფარებული მათხოვრებითა და ლტოლვილებით.
გამხეცებულ,  სასოწარკვეთილ,  ოცმილიონიან ქვეყანას რადიკალი ისლამისტების გასამხედროებული ძალა - თალიბანი მართავს. მისი უპირველესი მიზანია  პურიტანი კონფორმისტების ერის გამოკვერვა.
ისლამის იდეალების დამკვიდრებაზე ზრუნვა თვითმმართველ და საშიშ რელიგიურ პოლიციას აქვს მინდობილი: ავტომატებით შეიარაღებული, მათრახიანი შავჩალმიანები სპორტული პიკაპებით დაქრიან ქალაქში. ისინი  მხოლოდ მათ დამქირავებელს - სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების აღმოფხვრის ძლევამოსილ სამინისტროს ემორჩილებიან.
ბაზრებში, დროდადრო, პოლიცია რუპორით გაჰყვირის: „ყველამ დაუყონებლივ დახუროს ფარდული, მეჩეთისკენ მიტრიალდეს და ლოცვა დაიწყოს“. საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე  შავჩალმიანები პიკაპებიდან გამოხტებიან ხოლმე, უბედურ ხალხს ავტობუსებიდან გადმოათრევენ,  ამათრახებენ, ჩხრეკენ; ამოწმებენ  რამდენად გრძელი წვერი აქვთ კაცებს და  შეესაბამება თუ არა წვერის  სიგრძე თალიბანის მიერ დადგენილ ნორმას, ეძებენ აკრძალულ კასეტებს, რომელზეც მუსიკა იქნება ჩაწერილი.
ღამის ქაბული მდუმარეა და უდაბური; მილიონიანი მოსახლეობა უჩინარდება- ვერავინ ბედავს გარეთ გასვლას კომენდანტის საათის შემდეგ.  ერთადერთი ავტომობილი, რომელიც  უკაცრიელ  ქუჩაში გხვდება  ავადსახსენებელი პიკაპია შეიარაღებული, ყველგანმყოფი რაზმით.
თალიბანის ოფიციოზი ამაყად აღნიშნავს, რომ მოსახლეობა  ემადლიერება მათ  მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. მართლაც,  1996 წელს,  რამდენიმეწლიანი კლანური  დაპირისპირების, ქაოსისა და ყაჩაღობის პერიოდის შემდეგ, რომელიც ადრეულ 90-იანებში, საბჭოთა ოკუპაციის დასასრულს მოყვა, თალიბანმა ქალაქზე და ქვეყნის დიდ ნაწილზე  კონტროლის დამყარება შესძლო.
ბვერი ქაბულელი  გრძნობს შვებას იმის გამო, რომ ქალაქი იარაღსა და კრიმინალში აღარაა ჩამხრჩვალი, მაგრამ სამაგიეროდ, ყველა მათგანი  რელიგიური პოლიციის შიშის ქვეშ ცხოვრობს.
თალიბანის სასამართლო შემზარავ სასჯელს აწესებს რელიგიური კანონის დამრღვევთა მიმართ:
ალკოჰოლიზმსა და სიძვაში ბრალდებული  საჯარო გამათრახებით ისჯება, წვრილმან  ქურდს ხელს აჭრიან, ჰომოსექსუალს ჩაქოლვა ელის.

დღევანდელ ქაბულში 25 წლის წინანდელი კულტურისა და განათლების კვალიც აღარაა:  სკოლები და მუზეუმები ომმა ნანგრევებად აქცია, მოსახლეობის საშუალო ფენა ემიგრაციაში წავიდა, ხოლო მათი ადგილი გაპარტახებული სოფლებიდან გამოქცეულმა, დამშეულმა ლეგიონებმა დაიკავეს. ეს ადამიანებიც  გვალვას,  სიღატაკესა  და სამოქლაქო ომს გამოექცნენ სოფლიდან.
ყველა ურბანული ინსტიტუტის მსგავსად ზოოპარკიც საშინლად დააზარალა 90-იანების კლანურმა ბრძოლამ. ბევრი ცხოველი შიმშილითა და უყურადღებობით დაიღუპა, ერთადერთი სპილო  რაკეტამ იმსხვერპლა,  ცხოველების დიდი ნაწილი პაკისტანის ზოოპარკებს მიჰყიდეს.
დღეს ვოლიერების უმეტესობა ცარიელია, სულ რამდენიმე ცხოველიღაა დარჩენილი, მაგალითად:  სვავების წყვილი, ორიც ნერვიული მგელი, რამდენიმე ბაჭია და მარტოსული პატარა ირემი. მათ კვებაზე უცხოური საქველმოქმედო ორგანიზაციები ზრუნავენ. მათვე მოჰყავთ ვეტერინარი,  თუკი რომელიმე ცხოველი ავად გახდა.

ლომი, სახელად  მარჯანა, ზოოპარკის განთქმული ბინადარია.  ომს გადაურჩა, მაგრამ დასახიჩრდა.  საბჭოთა ჯარებთან ომგამოვლილმა,  პროვინციელმა საველე მეთაურმა მის გვერდით ჰეროიკული ფოტოს გადაღება განიზრახა. შეწუხებულმა ლომმა ვოლიერში შესული მომხვდური სასიკვდილოდ დატორა. ბოევიკის ძმამ კი შური იძია -  გალიაში ყუმბარა შეუგდო;  სიკვდილს ძლივს გადაურჩა მარჯანა, მაგრამ ცალი  თვალი დაკარგა.
გასულ წელს, დიდი ხნის მეწყვილე მოუკვდა -  მისი ძუ გაუგებარმა ავადმყოფობამ იმსხვერპლა;  „ამის შემდეგ, მარჯანა მთელი კვირა  არ აკარებდა პირს საჭმელს“ - ყვება მოხუცი აბდულ სატარი, რომელიც ლომს 19 წელია უვლის, თვეში 15 $ ჯამაგირს იღებს და ზოოპარკის ტერიტორიაზე ბნელ ქოხში ცხოვრობს.
ყოველ დილით, სატარი უშიშრად მიემართება ლომის ბუნგისკენ და მისთვის აქლემის ხორცი მიაქვს: „ეჰ, ერთ დროს, მარჯანა ტყის სულთანი იყო... მაგრამ აი, ხომ ხედავთ...  ჩვენ მშვიდობიანი ურთიერთობა გვაქვს“.... ქუჩის ბიჭები მცირე ხანს სატარს ათვალიერებენ, მერე კი გაცილებით უკეთეს თავშესაქცევს პოულობენ, პნევმატურ ირაღს და სამიზნეებს, რომლებიც ესქპონატებივით დგანან ზოოპარკის გალიებს შორის.
„ძველ დროს, აქ მშვენიერი ზოოპარკი იყო!..“ - იხსენებს სატარი  - „ სულ ნასწავლი ხალხი მოდიოდა,  ახლა კი აქაურობა მაწანწალებით გაივსო, მაგათ რა იციან ცხოველები და მათი უფლებები?!..ერთადერთი, რის გაკეთებასაც ვახერხებ, ისაა რომ ლომი გისოსებიდან რაც შეიძლება შორ მანძილზე ვიყოლიო“
გასაკვირი არაა,  რომ მუდმივ ომსა და შიშში გაზრდილი, უწიგნური ბავშვების თაობა,  რომელიც თავის გადასარჩენად ურნაში მოპოვებული ნარჩენებით  იკვებება, ხოლო პოლიცია  მათხოვრობის, მაწანწალობისა და საჭმლის აწაპნვისთვის მუდმივად სცემს, - გალიაში გამოკეტილი, მათზე პატარა არსებების მწვალებელი  ხდება. არც ისაა გასაკვირი, რომ ზოოპარკის ხუთიოდე მაკაკა აგრესიითვე პასუხობს: ისინი გამომწვევად უყურებენ ბავშვების ჯგროს, ავად უკრეჭენ კბილებს,  მარჯვედ გლეჯენ ხელიდან ტკბილეულს და  ხანდახან უარესსაც ახერხებენ: გისოსებს შორის შემოყოფილ თითებზე ეძგერებიან და გამეტებით კბენენ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები