ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
20 აპრილი, 2017


გაქვავებული ქალღმერთი (გაგრძელება)

      ფიქრი და განსჯა არ შეეძლო, გუმანს კი უარი არ უთქვამს. უცნობი კოჭლი აღმოჩნდა, ლამის ერთნაირად მიბორძიკობდნენ ორივენი, გასცილდნენ ტაძრის შემოგარენს, ქალაქის ქუჩებიც გაიარეს. სიარულს მიუჩვეველი ქალღმერთი მალე დაიღალა, კოჭლი უცნობი არ იღლებოდა, შეუჩერებლივ მიბორძიკობდა და ქალღმერთსაც სიარულს აიძულებდა, მისთვის მკლავში ღონივრად ხელჩაკიდებული. ამ ყოფით კარგახანს იარეს ქალაქს გაცილებულებმა. მერე აღმართს შეუდგნენ. ასეთ გზაზე არასოდეს ევლო ქალღმერთს, ძლივსღა სუნთქავდა დაღლილობისაგან. უცნობმა წამითაც არ მისცა შესვენების ნება, ძალიან ჩქარობდა.
      როგორც იქნა შედგნენ. კოჭლმა უცნობმა ღარიბულ ქოხში შეიყვანა ქალღმერთი, დათვის ტყავით მოფენილ ტახტზე დასვა, მთელი ამ ხნის განმავლობაში არცერთს ხმა ხმა არ ამოუღია, დაღლილ -ნდაქანცულმა ქალღმერთმა მაშინვე დაიძინა, ისე რომ ტანზე შემობურული ფლასი არც კი მოუშორებია.
      როცა გამოიღვიძა, საჭმელ - სასმელით გაწყობილი ტაბლა დაინახა ტახტთან ახლოს მიდგმული. კოჭლი უცნობი არსად ჩანდა. მიიღო საჭმელ - სასმელი ქალღმერთმა, კვლავ ძილი მოერია, ძალიან იყო დაქანცული, ამდენი თავის დღეში არ ევლო, ახლა უკვე გაბედა, ფლასი გადაიძრო თავიდან, მსუბუქი სამოსელის ამარა დარჩა სამოწყალო ბოღჩიდან რომ ერგო ჭკუანაკლულთა გომურში.
      როცა გაიღვიძა იგივე სურათი იხილა: სასმელ - საჭმლით სავსე ტაბლა. ქოხში არც ახლა ჩანდა ვინმე. ცოტა რამ შეჭამა ქალღმერთმა, მერე ტახტიდანაც წამოდგა ღონემოკრეფილი. გაიარ - გამოიარა ქოხში. სისუფთავე სუფევდა ირგვლივ, არ ჰგავდა აქაურობა იმ ჭუჭყიან გომურს, ამდენ ხანს რომ თავს აფარებდა.
      ვიღაც შემოვიდა ქოხში. შემკრთალმა ქალღმერთმა სასწრაფოდ წამოიბურა თავზე ფლასი და მერეღა შეაცეცა თვალები. კოჭლი უცნობი იდგა მის წინ. ორივე ხელით კოკები ეპყრა წყლით სავსე. უცნობმა კოკები კუთხეში მიდგა, ჭუჭყი გაიცალეო დაუგდო სიტყვა და კვლავ თვალს მიეფარა.
        გამგონედ დაემორჩილა ქალღმერთი ამ სიტყვას, ისე როგორც ტაძრის შინაგანაწესს ემორჩილებოდა უწინ, ლამაზად მოხატულ სენაკში. შეიძლო, რაღაც მოეხერხებინა. ძალიან მოუქნელად, მძიმედ, ბორძიკ-ბორძიკით, მაგრამ ყოველივეს გაუმკლავდა. ზოგი რამისთვის თვალი ჰქონდა მოკრული ქუჩა - ქუჩა ხეტიალისას, ზოგ რამეს თვითონ მიხვდა, ფლასიც კი გაასუფთავა, უკვე ამდენს გასწვდა მისი გუმანი.
      შემდგომ დღეებშიც უცვლელად ასე გაგრძელდა. ქალღმერთს მუდამ ხვდებოდა სავსე ტაბლა გაღვიძებისას. კუთხეში მიდგმულ კოკებშიც მუდამ იდგა წყალი. ქალღმერთმა დაისვენა, ძალა მოიკრიბა, აღარ სჭირდებოდა გამუდმებით ლუკმა პურის ძიება, მისი ზანტი გონება თავოსუფალი იყო ამ უმძიმესი ტვირთისგან. სისუფთავის შეგრძნებაც საამო იყო მისთვის, ძველ დროს აგონებდა, როცა მის სხეულს სხვები ემსახურებოდნენ უდიდესი მოწიწებით და სიხარულით.
        ბოლოს ქოხიდან გარეთ გამოსვლაც გაბედა მოღონიერებულმა ქალღმერთმა, გარემოს თვალი გადაავლო. აღმოჩნდა, რომ ქოხი შემაღლებულ ბექობზე იდგა, აქედან ქალაქი ხელისგულივით ჩანდა.
      ქალაქის მიღმა მთათა მწვერვალები მიუყვებოდნენ ცისკიდურს, მათ შორის გამოირჩეოდა ყველაზე მაღალი, თეთრშუბლა მწვერვალი. ქალღმერთს მეტად ეამა მისი ჭვრეტა, ასე ეგონა ხელთუქმნელი ტაძრის გუმბათს შევყურებო. იმ ტაძრის გუმბათიც დაინახა და ამოიცნო, სადაც ამდენი ხანი გაატარა ლამაზად მოხატულ სენაკში.
      ქალღმერთი ისევ ქოხში შებრუნდა.  მყუდროება სუფევდა ქოხში და კოჭლი უცნობიც მზად იყო მის სამსახურად; ანაზდეულად გამოჩნდებოდა ხოლმე, საჭმელ სასმელს ან წყალს მოიტანდა, მერე ისევ თვალს ეფარებოდა.  ქალღმერთიც ღებულობდა ამ სამსახურ, როგორც სრულიად ჩვეულებრივ ამბავს, მისი ზანტი გონება არაფერს ჩხრეკდა და არც ეძიებდა. თითქოს დაბრუნდა ძველი დრო, ცოტაოდენი ცვლილებებით, ეს იყო სულ, რასაც მისი გონება წვდებოდა.
        ერთხელ კოჭლმა უცნობმა ჭრელი ბოხჩა მოიყოლა თან. ფეხი მოირთხა დათვის ტყავით მოფენილი ტახტის წინ, რომელზეც ქალღმერთი იყო დაბრძანებული და ბოხჩა გაშალა. წითელი ფერის სამოსელი ამოიღო ბოხჩიდან, ზუსტად ისეთი ლამაზად მოხატულ სენაკში რომ აცმევდნენ ქალღმერთს და გაუწოდა.
      _ ჩაიცვი!
      ქალღმერთი განუსჯელად დაემორჩილა. ჯერ ერთი, განსჯა და ფიქრი არ შეეძლო, მეორეც, თვალი მოსტაცა ლამაზმა სამოსელმა, ძველი დრო გაახსენა. მოიშორა ძველმანი, რაც ტანს უფარავდა. აინუნშიაც არ მოსვლია, უცხო მამაკაცი რომ იდგა მის წინ. ხელი ჩაავლო წითელ ძვირფას ქსოვილს, კოჭლი უცნობიც დაეხმარა, შეიმოსა ქალღმერთი, ზუსტად ისე, როგორც ტაძრად ყოფნისას ეცვა.
      კოჭლი უცნობი ისევ დაწვდა ჭრელ ბოხჩას, სამკაულები ამოალაგა. დიდი გულისყურით შეუმკო მკლავები, ყელ-კისერი, თავზედაც დიდებული ჯიღა დაადგა.
        ისევ მიუბრუნდა ბოხჩას, საღებავები ამოიღო. თვალები მოუსირმა ქალღმერთს, შუბლზედაც მესამე თვალი მიახატა.
        შემდგომ ამისა, უკან დაიხია სამიოდე ნაბიჯით, გულდასმით შეათვალიერა ქალღმერთი.
      ერთხანს ასე გაირინდნენ ორივენი: ქალღმერთი მთელი თავისი დიდებულებით გაბრწყინებული. კოჭლი უცნობი, თვალმოუშორებლად მისი მჭვრეტელი. სწორედ ის ჯიქური გამოხედვა იყო, რითაც იგი სხვებისგან გამოარჩია ტახტრევანში დაბრძანებულმა ქალღმერთმა. იფიქრა, ძველი დრო ნამდვილად დაბრუნდაო, თავი ბედნიერად იგრძნო.
      იმავე წამს ძირს გაიშხლართა, ხელ-ფეხი უთავბოლოდ აასავსავა, სცადა ეკივლა და ვერ შეძლო სულშეხუთულმა, ძლივს აღმოუტევა გაურკვეველი ყრუ ხმები, ტკივილისა და შიშის გამომხატველი. უსაზღვროდ შეშინდა ქალღმერთი, კოჭლი უცნობი ისე დაურიდებლად დაეძგერა, ეგონა, მკლავენო, გამწარებით ცდილობდა უცნობის მკლავებიდან თავის დაღწევას.
როცა ყოველივე დასრულდა, ქალღმერთმა ძლივს წამოეკრიფა იატაკიდან თავ - ტანი. უსაზღვრო შიში და ტკივილი მიაყენა კოჭლმა უცნობმა და ისე დაეუფლა. რად მოექცა ასე შეუბრალებლად, რატომ დაამცირა ამ ზომამდე? ფიქრი და განსჯა რომ შეძლებოდა ქალღმერთს, ალბათ მაშინაც არ იქნებოდა ადვილი ამის ამოცნობა.
      კოჭლი უცნობი სადღაც გაიძურწა. ქალღმერთი ისევ მარტო დარჩა ქოხში. დაისვენა, ნელ - ნელა დამშვიდდა, მერე ჩაეძინა. როცა გაიღვიძა აღარ ეცვა ძვირფასი ლამაზი კაბა, აღარც სამკაულები ეკეთა.

        მერე ისევ მოიკითხა კოჭლმა უცნობმა, შიშისგან თავ - გზა დაკარგა ქალღმერთმა, უკან მიაწყდა დაფეთებული. უცნობმა საჭმელ - სასმელი მოართვა, ანიშნა ნურაფრის ნუღარ გეშინიაო. ქალღმერთიც დამშვიდდა, საჭმელ - სასმელი მიირთვა მომშეულმა.
      ყოველივე თითქოს ისევ ისე ძველებურად წარიმართა, როგორც ამ ქოხში დასახლებისას პირველ ხანებში იყო: ქალღმერთი ისვენებდა, საჭმელს მიირთმევდა, ხანდახან ქოხიდანაც გამოვიდოდა გარემოსთვის თვალის გადასავლებად. თუმცა იყო ერთი, არცთუ უმნიშვნელო განსხვავება: კოჭლმა უცნობმა ენა ამოიდგა. სულ ორად ორი სიტყვა ახსოვდა მისგან ქალღმერთს (მისმა გონებამ ეს კარგად შემოინახა). ახლა შედარებით სიტყვაუხვი გახდა. ლაპარაკობდა, თუმცა უმეტესად საკუთარ თავთან. ეს დიდად არ აწუხებდა ქალღმერთს, არც ყურადღებას ძაბავდა მის მოსასმენად, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ძალაუნებურად მის გონებაში მაინც შეაღწია რაღაცამ. ისწავლა სულ უბრალო საჭმელის მომზადება, სამზარეულო დანის ხმარებასაც შეეჩვია. შეეძლო, იატაკი მოერეცხა, საკუთარ სამოსელსაც სუფთად ინახავდა უკვე.
        რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ ჭრელი ბოხჩით ხელდამშვენებული შემოვიდა ქოხში კოჭლი უცნობი. ქალღმერთი შიშით მიიკუნჭა კუთხეში, უკვე იცოდა, ეს რასაც მოასწავებდა. კოჭლმა უცნობმა ამჯერადაც დიდი გულმოდგინებით მორთო ქალღმერთის საკადრისი სამოსელით, შუბლზეც მესამე თვალი მიახატა. ერთხანს მოწიწებით და აღტაცებით შეჰყურებდა, მდაბლად თაყვანიც სცა. ამის მერე იატაკზე დაანარცხა იგი, უკიდურესად დაამდაბლა და დაამცირა. შემდგომში ასე გაგრძელდა მათი ყოფა; ქალღმერთი უმეტესწილად მარტო იყო ქოხში, ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობდა თავის ძველმანებში გახვეული, არც მესამე თვალი ეხატა შუბლზე. კოჭლი უცნობი მაშინვე შლიდა მესამე თვალს მისი შუბლიდან, როგორც კი საზეიმო სამოსელსა და სამკაულებს შემოაცლიდა. ბოლოს, დგებოდა დღე, როცა კოჭლი უვნობი შემოიძურწებოდა ქოხში, ხელში ჭრელი ბოხჩით. ამის დანახვისას ქალღმერთმა უკვე იცოდა, რაც მოელოდა, მორჩილად იხრიდა ქედს გარდაუვალის წინაშე.
სიტყვასაც არ სძრავდა, არც არაფერს საყვედურობდა, სრულიად განურჩეველი იყო ყველაფრის მიმართ, რაც არ უნდა დაეტეხა მისთვის თავზე კოჭლ უცნობს. ასევე გარდაუვლად აგონდებოდა (უამისობა არასოდეს ყოფილა) ჭკუანაკლულთა შორის გატარებული დღეები. თვალწინ ცხადად წარმოუდგებოდა იქ ნანახი ჭუჭყი და ბიწი, ყოვლადუმსგავსი სურათები.  მისი სხეულიც ხომ სწორედ ერთი იმათგანი იყო, იმ ბიწიერ სურათს ემსგავსებოდა, რასაც მაშინ ზიზღით და ძრწოლვით შეჰყურებდა. შეწუხებული ქალღმერთი ცდილობდა გაქცეოდა  საკუთარ სხეულსდა ვერ კი ახერხებდა. საზარელი იყო ამის განცდა.
      არც დღეებს ითვლიდა, ანგარიშის ხომ არაფერი გაეგებოდა. არ იცოდა, რამდენი ხანი დაჰყო მთამსვლელის ქოხში. ვერც ის მოესაზრებინა, თუ  რას უქადდა ასეთი ყოფა, რა შეიძლებოდა მოწეოდა მის სხეულს, სრულიად თავისუფალს ადამიანურ ვნებათაგან, ამავე დროს სიცოცხლითა და ჯან - ღონით სავსეს.
      ერთი ის იყო, კოჭლი უცნობის ლაპარაკს შეაჩვია ყური ქალღმერთმა. რაღაც - რაღაცების გაგება შეეძლო უკვე, ზოგსაც თვითონ უცნობი უხსნიდა, როცა ლაპარაკის საღერღელი აეშლებოდა. მთამსვლელი ვარო, უთხრა და თეთრშუბლაზე მიუთითა, როცა ქოხიდან გარეთგამოსულები ათვალიერებდნენ შემოგარენს. მერე აუხსნა, მთამსვლელი იმას ნიშნავს, მთის თეთრ მწვერვალამდე მიაღწიო, ფეხდაუკარებელ თოვლზე იცეკვო.
      ამის თქმისას თვალები სიცხიანივით აუელვარდა, ლაპარაკი გააგრძელა, მაგრამ უკვე საკუთარ თავთან, ჯერ ვიღაცას რაღაცას აყვედრიდა, ემუქრებოდა, ამას არ შეგარჩენო, მერე ისევ მთას მიმართა, შენ დამასახიჩრეო, უსაყვედურა.  თურმე თოვლში ჩასძინებოდა, ფეხი მიყინვოდა, ძლივს გადარჩენილა ცოცხალი.
      მაინც არ მოგეშვები, ისევ ავაღწევ შენს მწვერვალზე, ვიცეკვებ ფეხდაუკარებელ თოვლზეო, დაქადნებით ეუბნებოდა მთამსვლელი  თეთრშუბლა მწვერვალს . . . და იმდენჯერ მოისმინა ქალღმერთმა ეს სიტყვები, ბოლოს და ბოლოს მის ცნობიერებამდე მიაღწიეს. ქალღმერთმა გაიგო, რომ მთამსვლელი მთამ დააკოჭლა და აღარ შეეძლო ძველებურ ხელობას მიჰყოლოდა, თუმცა ამას ვერასდიდებით ვერ ეგუებოდა. არაფერი სჯობია მწვერვალზე ასვლას და იქ ცეკვასო, ხშირად იმეორებდა. ისიც გაიგო ქალღმერთმა, მთამსვლელს მოესწრო ცხოვრების სახსარი გადაენახა ძველი, კურთხეული დროიდან, როცა ჯანსაღად იყო.
      მას შემდეგ, რაც მთამ თავისი დაღი დაასვა მთამსვლელს (აწ უკვე ყოველს), შეეძლო უზრუნველად ეცხოვრა, რაიმე სხვა საქმისთვის მოეკიდა ხელი, თუ ამის სურვილი ექნებოდა, მაგრამ ვაი რომ არაფერი იზიდავდა ამქვეყნად, ცად აზიდული ამაყი თეთრი შუბლის გარდა . . .  ეს სიტყვები უცვლელად დაიმახსოვრა ქალღმერთმა, ისე ხშირად მოისმინა ისინი კოჭლი უცნობისგან. ისიც შეამჩნია (უკვე თვალიც გაუმსხვილდა საამისოდ), მთამსვლელს (ყოფილს) ერთნაირად უბრწყინავდა თვალები, როცა მორთულ - მოკაზმულს შესცქეროდა, ან როცა თეთრშუბლას იხსენებდა საკუთარ თავთან ლაპარაკში. ანუ, ეს საქმე, მთამსვლელობა, უფრო მეტი იყო კოჭლი უცნობისთვის, ვიდრე რომელიმე ხელობა შეიძლება იყოს ადამიანისთვის.
        ქალღმერთსაც ხომ სწორედ ასე უთხრა:
      - ასე მეგონა, მიუვალ, თეთრშუბლა მწვერვალს შეჰყურებდი, როცა ტახტრევანში მჯდარი, საზეიმოდ მორთულ - მოკაზმული დაგინახე . . .          მთამსვლელს თვალები სიცხიანივით გაუბრწყინდა, როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა.
          - სულაც არ მადარდებდა, შენი შემოხედვა უბედურების მომტანი რომ იყო, - ბოლოს ასე დააყოლა მთამსვლელმა, - მწვერვალსაც ხომ მოაქვს უბედურება, აგერ, დამაკოჭლა . . .
        ყველაზე საოცარი ალბათ ის იყო, როგორ ამოიცნო მტვერში დაცემული ქალღმერთი. ჩანს, ამაზე ფიქრით თავს აღარ იტკიებდა, ამოიცნო და მორჩა! მოიცნო მაშინ, როდესაც ქალღმერთს ვეღარავინ იცნობდა... ვერც მისი მომვლელი, ყველაზე ახლოს მყოფი, თმაჭაღარა მაია, ვერც ნიღაბსახიანი, ყოვლისმხილველი ქურუმი, სამი წლის გოგონა ქალღმერთად რომ დალოცა, მთამსვლელმა წამოიყვანა ქალღმერთი (როცა დაინახა, მაშინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, წინასწარ არ უფიქრია), კვლავ შემოსა ძველი დიდებით (საამისო სახსარი, კიდევ კარგი გააჩნდა), მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რაღა მერე დაემცირებინა იგი. რას სჩადიოდა ამას, არც ამაზე ფიქრით იტკიებდა თავს ყოფილი მთამსვლელი. როგორც ბუნების ლაღი შვილი ცხოვრობდა ისე, როგორც ეამებოდა.
      რაც შეეხება ქალღმერთს, მისთვის ძალზე შორეული იყო ყოველივე, რასაც სხეულებრივი სიამოვნება ჰქვია. ლამაზად მოხატული სენაკის დატოვების შემდეგ იმდენი ჭუჭყი და ბიწი იხილა, ერთხელ და სამუდამოდ შეიძულა სხეულის ყოველგვარი ლტოლვა. ამ სიძულვილის წაშლა ალბათ აღარაფერს შეეძლო, მით უმეტეს, რომ მთამსვლელს ეს სულაც არ უცდია. შეიძლება ითქვას, რომ ქალღმერთი გაქვავდა, სწორედ იმ ღმერთების ქანდაკებებს დაემსგავსა, ოდესღაც ასე ახლობელნი რომ იყვნენ მისთვის.



                                                          * * *


      ერთხელ, როდესაც მთამსვლელი ქალღმერთს რთავდა, რაღაც საეჭვო ენიშნა, მოუღეღა სამოსი, მუცელზე დააშტერდა, უცბად ხელი ჩაავლო მკლავში, კარებთან მიიყვანა და კინწისკვრით გააგდო ქოხიდან, სამათხოვრო ძველი ფლასი მიუგდო ნახევრად შიშველს. ქალღმერთს აზრადაც არ მოსვლია, რაიმე საყვედურის მსგავსი ეთქვა მთამსვლელისთვის, მის თავზე დატრიალებული ამბებიც ისევე უცხო იყო მისთვის, როგორც მისი საკუთარი სხეული. შემოიბურა თავისი ძველი ფლასი და მაშინვე ქალაქისკენ გაეშურა, ასე კარგად რომ ჩანდა ბექობიდან. ამდენად, არც გეზი შეშლია. უფრო სწორად, ტაძრისკენ მიდიოდა ქალღმერთი. ტაძრის მაღალ გუმბათს შეჰყურებდა და ეძიებდა თვალით, როდესაც ბექობის ანდა ხის ვარჯის მიღმა მიიმალებოდა. წინანდელთან შედარებით უფრო ყოჩაღად ადგამდა ნაბიჯებს, იშვიათად თუ ბორძიკობდა. ამ ხნის მანძილზე, რაც მთამსვლელის ქოხში გაატარა შესჩვეოდა სიარულს. დასვენებაც შეძლო, როცა დაიღალა, აღარავინ ეწეოდა მკლავზე, რაც შეიძლება ჩქარა იარეო. ცოტა ხნით ქვაზე ჩამოჯდა, ძალა მოიკრიბა და ისევ გააგრძელა გზა.
          როგორც იქნა მიაღწია ქალაქამდე. თავ - პირზე საგულდაგულოდ ჩამოიბურა ფლასი და ისე გაუყვა ქალაქის ქუჩებს არ შეჩერებულა, სანამ ტაძართან არ მივიდა. ადამიანთაგან არავის იცნობდა ამ ქალაქში, მხოლოდ ღმერთები იყვნენ მისი ძველი ნაცნობები; აკი გადმოხედეს კიდეც წყალობის თვალით, ვიღაც ქალმა ნაზუქის მოზრდილი ნაჭერი უწყალობა, როცა ქალღმერთმა პური სთხოვა. დანაყრდა ქალღმერთი, კმაყოფილი დარჩა.. მეტად გემრიელი გამოდგა ნაზუქის ნაჭერი. ცოტა ხნით ტაძრის შესასვლელთან ჩაიმუხლა, იქაურობა მოათვალიერა შეფარვით, დაინახა მათხოვრები, ჭკუანაკლულიც . . .  არცერთ მათგანს აღარ გაუკარებია. ტაძარს მიაშურა და იწყო მისი მსახურება. ძველებურად მეტისმეტად მოუქნელი აღარ იყო, მთამსვლელის ქოხში ისწავლა რაღაც - რაღაცები: იატაკის დაგვა, მოწმენდა, ჭურჭლის დარეცხვა - დასუფთავება. უბრალო საჭმლის მომზადებაც შეეძლო, სამზარეულო დანის გამოყენებაც შეაჩვია მთამსვლელმა. ქოხში ყოფნის დროს ქალღმერთი უვლიდა იქაურობას, ასუფთავებდა,  ჩვეულ გარემოდ მიაჩნდა იქაურობა. ახლა კი, ქოხის ნაცვლად, ტაძრის დასუფთავებას მიჰყო ხელი, ტაძარი ხომ მისი ძველი სამკვიდრებელი იყო.
      საგულდაგულოდ მოჩხრიკა ტაძრის მთელი შემოგარენი, თითებით ხვრეტდა მტვერსა და ნაგავს, უგულისყურო მლოცველების მიერ დაყრილ ნარჩენებს, კიდევ კარგი ძენძისგან შეკრული ცოცხალი მიაწოდა ვიღაცამ, მისი წვა - დაგვის შემყურემ, ამან ბევრად გაუადვილა საქმე. მოწყალების თხოვნა აღარ დასჭირვებია იმ საღამოს, ტაძრის მსახურებმა უწილადეს საჭმელი გულმოდგინე გარჯის სანაცვლოდ.
      შემდგომ დღეებშიც გააგრძელა ქალღმერთმა ტაძრის მსახურება. ხელისგულივით მოასუფთავა იქაურობა, დაუმადლებელი ლუკმა - პურიც ყოველ საღამოს ჰქონდა.
      წმენდდა, ხვეტდა, ირგვლივ უვლიდა ტაძარს. რიდით მალულად ახედავდა მაღალ ბჭეს, როცა შესასვლელს ჩაუვლიდა. უნდოდა ტაძრის შიგთავსიც დაესუფთავებინა და ვერ კი ბედავდა.

        და ბოლოს, ქალღმერთს აუხდა სანატრელი, შეაღწია ტაძარში, მისი შიგთავსის მსახურება იწყო. გარემოება დაეხმარა, როგორც ასეთ დროს იტყვიან ხოლმე. მეტისმეტად ბევრმა მლოცველმა მოიყარა თავი საზეიმო წესთაღსრულების დროს. ჩანს, უგულისყურონიც მრავლად ერივნენ მათში, მეტად გაძნელდა მათი ნაკვალევის აწმენდა ტაძრის ფილაქნებიდან. ტაძრის მსახურთაც რაღაც დაემართათ, გაუთავებელი დავა წამოიწყეს. ხმამაღლა აყვედრიან ერთმანეთს ყველაფერს მე ვაკეთებ, საქმეს ვეღარ ავუდივარ, შენ კი ამ დროს უქმად ზიხარო . . . მოგეხსენებათ, საყოველთაო სენია: ყველა ფიქრობს, მხოლოდ მე ვაკეთებ საქმეს, სხვები კი ჰმ, არაფრის მაქნისები არ არიანო. დავა უსასრულოდ გრძელდება, საქმე კი აღარ იცდიდა და ქალღმერთი ლანდივით შეერია იქაურობას. იწყო ქვის ფილების წმენდა, ნაყარ-ნუყარის მოგროვება და გახვეტა. თითქოს გასაკვირია, ამდენი როგორ გაბედა . . .  ალბათ მოდავეთა ხმამ მიაღწია მის ყურამდე და მიხვდა, ტაძარს ჩემი ხელი, ჩემი შველა სჭირდებაო. ისიც შეიძლება, ტაძრის მსახურთაგან უბიძგა ვინმემ, მისი გულმოდგინების მოიმედემ. ასეა თუ ისე, ქალღმერთიო ჩვეული გულმოდგინებით შეება ბნელ საქმეს და როცა ტაძრის მსახურები დავას მორჩნენ, რათა ბოლოს და ბოლოს საქმისთვისაც მიეხედათ, დაინახეს, რომ საქმის ნახევარი უკვე გაკეთებული იყო , თანაც ფრიად სანაქებოდ. ამას შეესწრო ქურუმი, დიდად არ გაკვირვებია, შეპყრობილად ჩათვალა იგი, სხვა დროსაც ენახა რაღაც ამის მსგავსი, მისი გულმოდგინებაც ჯეროვნად შეაფასა. საქმეც გაიჩარხა, ქალღმერთს ნება დართეს ტაძრის შიგთავსიც დაესუფთავებინა. ასეა მუდამ, ყველგან სჭირდებათ გამრჯე ხელები, ყველაზე მცირე, ყველაზე დამდაბლებული საქმის აღსრულებას რომ არ თაკილობენ.
      ის დღეც დადგა, შვიდი ქანდაკების მომსახურების ნებაც კი მისცეს. შვიდ ღმერთებს რომ განასახიერებდნენ და რომელიც ასე კარგად იცნობდა ქალღმერთი,  ოდესღაც ხომ მათი ტოლი და სწორი იყო, მათ გვერდით იდგა ლოტოსის ყვავილებით შემკულ საყრდენზე, თაყვანსაც სწორედ ისე სცემდნენ, როგორც ღმერთის ქანდაკებას.
      ო, რა ბედნიერად იგრძნო თავი ქალღმერთმა; გული საგულეში აღარ ეტეოდაო, სწორედ მასზე შეიძლებოდა ამის თქმა. ლანდივით მიმოდიოდა ქანდაკებიდან ქანდაკებამდე. ჯერ მდაბლად სცემდა მათ თაყვანს, კრძალვით და რიდით ახედავდა, მერეღა უბედავდა შეხებას, რათა მტვერი გადაეწმინდა მათი ქვის სხეულებიდან. რა სიყვარულით, როგორი რუდუნებით უცაცუნებდა ხელებს ღმერთების ქვის სხეულებს, უფრო ეფერებოდა, ვიდრე სწმენდდა მათ. სწმენდდა ქვისგან ნაკვეთ ლოტოსებს, ღმერთების კვარცხლბეკს რომ ამკობდნენ, სწმენდდა ქვისგან ნაკვეთ ხმალს, ღმერთს რომ ეპყრა ხელთ, ოღონდ ამ საქმიანობას ნუ დაუშლიდნენ, სხვა აღარფერი უნდოდა ამქვეყნად.
      თავშესაფარიც გამოუძებნეს ქურუმებმა ეგზომ თავდადებულ მსახურს,  სხვა მსახურებთან ერთად პატარა ხუხულაში მიუჩინეს ადგილი. თუმცა ქალღმერთს იქ იშვიათად თუ ნახავდა ვინმე, მხოლოდ ღამის გასათევად აკითხავდა თავის ხუხულას, გამუდმებით ტაძარში იყო, მის შემოგარენში, ანდა მის წიაღში. ცხადია, ხშირად ხვდებოდა ქურუმებს, თმაჭაღარა მაიასაც, რომლის ხელშიაც გაიზარდა სამი წლის გოგონა და უცნაური იყო, ვერცერთმა ვერ იცნო, თვით ნიღბისსახიანმა ქურუმმა, ანუ ქურუმთა ქურუმმა ვერ ამოიცნო იგი, თუმცა ფრიად მახვილი მზერა ჰქონდა ამ ჩამომხმარ მოხუცს, მართლაც რომ ძალიან ცვლის ადამიანის სამოსელი . . .
      დიდად შველოდა საქმეს ფართო ძველი წამოსასხამი, რომელშიც თავით ფეხებამდე ეხვეოდა ქალღმერთი.  ამასთან ერთად, მუდამ ქედწახრილი დადიოდა, თავს თითქმის არასდროს სწევდა მაღლა.
      ერთ რამეში კი ნამდვილად არ შემცდარა ბრძენთაბრძენი ქურუმი: ქალღმერთი ტაძარს გულით ემსახურებოდა და არაფერი უნდოდა სანაცვლოდ. ოღონდ ამის ნება მიეცათ, სხვას არაფერს ნატრობდა. ეს არ გამოპარვია ნიღბისსახიან ქურუმს, უამისოდ არ დართავდა ღმერთების მსახურების ნებას.
        და ქალღმერთიც, სხეულით გაქვავებული, მაგრამ გულით ჩირაღდანივით ანთებული, მსახურებდა ტაძარს, ეფერებოდა თავის ძველ ნაცნობ, ქვისგან ნაკვეთ ღმერთებს თავით ფეხებამდე თალხ სამოსში გახვეული, ქედდადრეკილი და მორჩილი. ვინ იფიქრებდა ამ დროს, მისი დამნახავი, თუ რა დიდი სიხარული დაჰქონდა სხეულით . . . სწორედ იმ სხეულით, ბავშვობიდანვე რომ გაუცხოვდა მისთვის, მერე  კი სრულიად  გაქვავდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები