* * *
დღე დღეს მისდევდა, ქალღმერთის მდგომარეობა ამ ხნის მანძილზე უკვე თვალში საცემი უნდა ყოფილიყო, მაინც ვერავინ ვერაფერს ამჩნევდა, ისე მჭიდროდ ეხვეოდა წამოსასხამში. თანაც მუდამ ქედდადრეკილი დადიოდა, ლანდივით უჩუმრად. ბოლო დროს თვითონაც მოისაზრა რაღაც, სინათლეს ერიდებოდა, ტაძრის მყუდრო კუთხე-კუნჭულებს ეტანებოდა, სადაც ნაკლებად წვდებოდა სანთლების შუქი. ბინდში ჩაფლულს ერჩივნა ყოფილიყო. თავის პატარა თავშესაფარსაც მხოლოდ გვიან ღამით მიაშურებდა ხოლმე. ისედაც ვერ ეგუებოდა იქაურობას, მარტოობას ნაჩვევს, უმძიმდა სხვა მსახურებთან ერთად ყოფნა. ასეთი ცხოვრებით ცხოვრობდა ქალღმერთი, დღევანდელი დღით სრულიად კმაყოფილი, ხვალინდელი დღის მიმართ სრულიად უზრუნველი. არ იცოდა... უფრო სწორად, ძალზე ბუნდოვნად თუ ესმოდა, თუ რას მოუტანდა ის მდგომარეობა, რომელშიც თავისდაუნებურად აღმოჩნდა.
* * *
მოაწია დღემ, დადგა ქალღმერთი გარდაუვალის წინაშე _ ბავშვის შობის დრო დაუდგა. ჯერ სუსტი ტკივილებით აუწყა მის წიაღში მიჩქმალულმა სიცოცხლემ, მოვდივარო. ქალღმერთი მაშინვე გაერიდა ადამიანებს, ყველაზე ბნელი ჯურღმული მოძებნა ტაძარში და იქ მიიმალა. სხვა ვერაფერი მოისაზრა ამაზე უკეთესი. ისევ ტაძრის მოიმედე დარჩა, იქნებ ღმერთებმა მიშველონო. იმ დღეს ჰაერი ძალიან შეიხუთა, ქალღმერთს სუნთქვა ეკვროდა, ბნელ მიყრუებულ კუნჭულში, ბინდბუნდში შიშით უელავდა თვალი, აკი საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი, როგორი სატანჯველია მშობიარობის ყოფა. სისხლიანი ჭიპლარიც კარგად დაამახსოვრდა . . . შორიდან კანტი-კუნტად აღწევდა ყრუ ხმები, ტაძარი ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობდა, არაფერი უწყოდა მის წიაღში მიმალულიო ქალღმერთის შესახებ. შორეული, ყრუ ხმები თანდათან მიწყდა, ბნელი კუნჭული კიდევ უფრო ჩაბნელდა, ჩანს უკვე დაღამებულიყო... ჰაერი ამ დროისთვის კიდევ უფრო შეიხუთა... ტაძარი საგულდაგულოდ ჩაკეტეს გარედან, ქურუმები და ტაძრის მსახურნი მოსასვენებლად წავიდნენ, ქალღმერთი ტაძარში დარჩა გამოკეტილი. ვერ ბედავდა ბნელი კუნჭულის მიტოვებას, თუმცა ტაძარში მის გარდა აღარავინ იყო. ტკივილები სულ უფრო და უფრო მეტი ძალით აწუხებდა. ქალღმერთი ტუჩებს იკვნეტდა, რათა ხმა არ გაეღო, ეშინოდა ვინმემ არ გაიგონოსო... მაგრამ შუაღამისას, როცა ტკივილმა მთელი ძალით შემოუტია (უცნაური კი იყო, ვერანაირი ხორციელი ლტოლვა ვერ იკვლევდა გზას მისი ქვადქცეული სხეულისკენ, ტკივილის განცდა კი როგორი ძლევამოსილებით დაეუფლა), ქალღმერთმა ვეღარ შეძლო ჩუმად ყოფნა, პირი ფართოდ გააღო და ხმამაღლა აყვირდა, შველას ითხოვდა უზომო ტკივილებისგან შეწუხებული. ვინ იყო მისი ხმის გამგონი, ტაძრის სქელი კედლების მიღმა ძალზე ძნელად თუ გააღწევდა რაიმე ხმა... თანაც გარეთ ჭექა-ქუხილი გრიალებდა, ჩახუთულ ჰაერს ელვის ისრები კვეთდნენ. ტკივილისგან გონდაკარგული ქალღმერთი გამოფოფხდა სამალავიდან, ხელების ფათურით გაიკვლია გზა წელში ოთხად მოკეცილმა, ღმერთებს მიაკითხა, მისთვის კარგად ნაცნობ ფართო დარბაზში. ბნელოდა ჩაუქრობელი კელაპტრის შუქი მეტად უძლური იყო მის გასაფანტად. ღმერთების უჩინრად სუფევდნენ სიბნელის, ფარდის მიღმა, ცისფერი ელვა გადასდიოდათ ქვის სახეებზე ჟამდაჟამს. _ მიშველეთ, მიშველეთ! _ შესთხოვა ღმერთებს მუხლებზე დაცემულმა, ტკივილებისგან მწარედ შეჭირვებულმა ქალღმერთმა. შვიდმა ღმერთმა ერთად დაიქუხა პასუხად, თან ელვის თვალისმომჭრელი ისრები დააყარეს. დელგმამაც სწორედ მაშინ დაუშვა ტაძრის გუმბათზე. ყველა ღმერთ ჩემზე მრისხანებსო, ასე ეგონა ქალღმერთს, ქვის იატაკზე განერთხა და ვეღარც წამოდგა, კვარცხლბეკზე ხელჩაფრენილმა და ტკივილებისგან გონდაკარგულმა შვა ბავშვი. როდესაც გონს მოეგო, ხელისფათურით იპოვა ბავშვი, გარედან შემოჭრილი ელვაც წაეხმარა. იმდენიც კი მოახერხა, ჭიპლარი მოეშორებინა მისთვის, ერთ დროს ნანახი სურათი გაიხსენა, მისი ყოფის მსგავსი. კალთა ჩამოახია წამოსასხამს, გაახვია ბავშვი, ესეც ჰქონდა ნანახი.. გაუნძრევლად იწვა ღმერთის ფერხთით, არაფერზე არ ფიქრობდა, არც არაფერს ელოდა. ტკივილიო აღარ აწუხებდა, ეს იყო ამჟამად მისთვის მთავარი, დიდი ტანჯვა მოჰგვარა შობის ტკივილებმა. დელგმა შეწყდა, აღარც ჭექა-ქუხილის ხმა ისმოდა. ნელ-ნელა სინათლე მოეფინა მაღალგუმბათიან დარბაზს და ღმერთების ქანდაკებებს. უკვე თენდებოდა. მალე მზის სხივი შემოიჭრა საიდანღაც. მისმა შუქმა გამოაფხიზლა ქალღმერთი, ქვის იატაკზე უძრავად მწოლიარე. ნელა წამოიწია ქვის იატაკიდან, მოსასხამის კალთა გადასწია, ცნობისმოყვარეობით გახედა ახალშობილს. ერთხანს თვალი აღარ მოაცილა პაწია არსებას. მერე ღმერთებს შეხედა... მერე ისევ ახალშობილ პაწია არსებას. უდიდესი გაოცება გამოეხატა სახეზე, კიდევ ერთი ღმერთი იხილა ქალღმერთმა მაღალთაღიან ტაძარში და ეს ღმერთი სწორედ პაწია არსება იყო, მის მიერ ქვეყნად მოვლენილი. ფიქრი არ შეეძლო, რაიმეს განსჯა ძალიან უმძიმდა, მაგრამ ეს ჭეშმარიტება ნათლად იხილა, ჭეშმარიტად, ღმერთი სუფევდა მის გვერდით. გულზე მაგრად მიიკრა ახალშობილი ქალღმერთმა და მასთან ერთად გაეხვია წამოსასხამში. ამ ყოფაში ნახეს დედა-შვილი ტაძარში შემოსულმა მსახურებმა. საზღვარი არ ჰქონდა ქურუმთა მრისხანებას, თუმცა არაფერი დატყობიათ სახეებზე, ყოველ შემთხვევაში, მთავარ ქურუმებს, სახე ახლაც ნიღაბს მიუგავდა. ბჭობა ქურუმთა ხანმოკლე იყო, სულ მალე გამოუტანეს განაჩენი იმ ურწმუნო მკრეხელს, რომელმაც ტაძარი შეურაცხჰყო. _ ერთმა სულიერმა გაათია ღამე ტაძარში ღმერთებთან და ასევე ერთი უნდა გამოვიდეს იქიდან. მაიამ აუწყა ეს განაჩენი ქალღმერთს, მისმა ყოფილმა აღმზრდელმა, უკვე ერთიანად გათეთრებულმა. გაუნძრევლად იჯდა ქალღმერთი ისევ იქ, სადაც იპოვეს. ახლობელი გულში ჰყავდა ჩაკრული. იმდენს კი ხვდებოდა, მეტად მკრეხელური რომ იყო მისი საქციელი, შიშობდა მეტად თავისი პაწიას გამო, მართლა გაქვავებულს დაამსგავსა ამ დიდმა შიშმა. როცა განაჩენი მოისმინა, ქალღმერთმა ხმამაღლა ამოიოხრა. ხმაზე ეტყობოდა, დიდი შვება იგრძნო რაღაცის გამო. მაშინვე წამოდგა, ლოტოსებით შემკულ კვარცხლბეკთან მივიდა, თავისი პაწია ზედ შემოსვა... თვითონ ხელმახვილიანი ღმერთის ქანდაკებისკენ მიტრიალდა, მის წინ დაიჩოქა, მოსასხამი გადაიძრო თავპირიდან, კისერი მოღერებულ მახვილს მიუშვირა. მხოლოდ მაშინ იცნო იგი ქურუმთა ქურუმმა, ერთბაშად დაიმანჭა მისი ნიღბისებური სახე... რაღაც გაურკვეველი ბგერები აღმოხდა... განაჩენის აღსრულება შეაჩერეს. არავინ არაფერს მოსწრებოდა ამის მსგავსს, ვერავინ იტყოდა, შესაძლებელი იყო თუ არა ყოფილი ქალღმერთებისთვის სიცოცხლის წართმევა. მეტისმეტად გაგრძელდა მსჯელობა ქურუმთა, ვერა და ვერ გამოიტანეს მსჯავრი. ქალღმერთი დაიღალა, ხელმახვილიანი ქანდაკების წინ კისერწაწვდენილი, თავი მაღლა აიღო. ვიღაცის ხელმს მოსასხამი წამოუბურა... მაია იყო, ერთიანად თმაგათეთრებული... ისევ გრძელდებოდა ქურუმთა ბჭობა... ვეღარ შეძლო მეტი ლოდინი ქალღმერთმა, ლოდინს ხომ ფიქრი უძღვის წინ, რაც მეტად უმძიმდა მის ზანტ, ბავშვობაში დარჩენილ გონებას. აიყვანა კვარცხლბეკიდან თავისი პაწია და ორივენი მშვიდობიანად გამოვიდნენ ტაძრიდან. ქალღმერთმა ჰპოვა ჭეშმარიტი ღმერთი, ახლა მისთვის უნდა გაეწია სამსახური, ასე უკარნახა გუმანმა, ფიქროთ და განსჯით მეტად მწირს. მერე კი მათი ასავალ-დასავალი არავინ უწყის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. 1. ნამდვილი ფანი ვარ ამ ავტორის. 5. ნეფერტარი. 2017-04-28 23:14:25
ნეფერტარო, შენ იმდენს იზამ, ამ ავტორს თავიდან დავიწყებ და ბოლოშიც გავალ. :) 1. ნამდვილი ფანი ვარ ამ ავტორის. 5. ნეფერტარი. 2017-04-28 23:14:25
ნეფერტარო, შენ იმდენს იზამ, ამ ავტორს თავიდან დავიწყებ და ბოლოშიც გავალ. :)
1. ნამდვილი ფანი ვარ ამ ავტორის. 5.
ნამდვილი ფანი ვარ ამ ავტორის. 5.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|