| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: საბავშვო 10 მაისი, 2017 |
უჩვეულო მღელვარება
თოჯინების ქალაქში დიდი მღელვარება და მითქმა - მოთქმა იყო. ამას იმწამს მიხვდებოდით, როგორც კი ქალაქის ქუჩებში გაისეირნებდით. თოჯინები ჯგუფ - ჯგუფად იდგნენ და რაღაცაზე გაცხარებით მსჯელობდნენ. აი, რას მოჰკრავდით ყველაზე ხშირად ყურს: - ვაითუ, კოხტამ აღარ იცეკვოს . . . მერედა, რომ იცოდეთ, რა შეშფოთებული სახეები ჰქონდათ თოჯინებს ამ სიტყვების წარმოთქმისას, ფარსაგი რამ სჭირდათ, აშკარა იყო. თოჯინების ქალაქში, ცხადია თოჯინები ცხოვრობენ, როგორც თვით სახელწოდებაც მიუთითებს. მართლაც მშვენიერი ქალაქია სუფთა, წერწეტა შენობებით, ისარივით სწორი ქუჩებით, მწვანე გაზონებით. ყოველ ნაბიჯზე ათასნაირ გასართობს გადაეყრები. იქ მუდამ მხიარულებაა, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ მოიწყენ. თავს ყველა თოჯინა შესანიშნავად გრძნობს. თუ რომელიმე მათგანს უხასიათობას შეატყობენ, მაშინვე ერთი ამბავი ატყდება, ირგვლივ შემოეხვევიან, გაიგებენ, რა უჭირს, რა ულხინს და აუცილებლად უშველიან. და აი ახლაც, ერთ - ერთ მათგანს, ფაიფურის ბიჭს, სასწრაფოდ სჭირდებოდა მეგობრების შველა. სახელად კოხტა ერქვა და ამართლებდა კიდეც ამ სახელს. ძალზე ლაზათიანი და პეწიანი შესახედაობის გახლდათ. სულ პრიალ - კრიალი გაუდიოდა, ისეთი სალუქი და ნატიფი იყო. მის დიდრონ, მეოცნებე თვალებში ლამის მთელი ცა ირეკლებოდა. მერედა, ცეკვა იცოდა ისეთი, ცეკვის უნახავს გაგხდიდათ. ოღონდ კი ცოტად თუ ბევრად მოპრიალებული იატაკი ენახა სადმე, მაშინვე ხელებს შლიდა და იცოცხლეთ, ისე დაბზრიალდებოდა, მისი ცქერით გულს ვერ იჯერებდით. რა მოქნილი, დახვეწილი იყო მისი ყოველი მოძრაობა . . . ახლა რა ფართო ნახტომებს აკეთებდა. . . ერთი სიტყვით, თოჯინების ქალაქში ვერ ნახავდით კოხტაზე უკეთეს მოცეკვავეს. თან დაუზარელიც იყო. ხშირად ცეკვავდა, თვალსა და გულს უხარებდა მაყურებლებს. თოჯინებს არ ახსოვდათ თუნდაც ერთი შემთხვევა, რომ კოხტას უარი ეთქვა მათთვის, როდესაც სთხოვდნენ იცეკვეო. ერთ მშვენიერ დღეს კი მოხდა სწორედ ის, რამაც ასე ააფორიაქა თოჯინების ქალაქი; კოხტამ გაგონებაც არ ისურვა, როდესაც თხოვეს იცეკვეო. ცდა არ დააკლეს თოჯინებმა, ბევრი ეხვეწნენ და ემუდარეს, სულ ამაოდ ჩაუარათ.
კოხტას სიზმარი
ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ კოხტამ სიზმარი ნახა: ნუ გაიკვირვებთ, თოჯინებიც ნახულობენ სიზმრებს. ანდა, რა არის აქ დაუჯერებელი. ისინი ხომ ყველაფერს ნამდვილი ადამიანებივით განიცდიან, ვითომ სიზმრებიც ადამიანებივით რატომ არ უნდა ნახონ. ახლა თვითონ სიზმრის შესახებ მოგახსენებთ: კოხტას ესიზმრა, ვითომ ბროლის გოგონასთან ერთად ცეკვავდა, რომელიც არაჩვეულებრივად ლამაზი და ჰაეროვანი იყო, თან ნისლივით მსუბუქად ცეკვავდა . . . კოხტას უდიდესი სიამოვნება განაცდევინა მასთან ცეკვამ, მეტისმეტად დაწყდა გული, როცა გამოიღვიძა და მიხვდა, რომ ყველაფერი სიზმარი ყოფილა. - ან ბროლის გოგონასთან ვიცეკვებ, ან საერთოდ ხელს ვიღებ ცეკვაზე - თქვა კოხტამ და შეასრულა კიდეც მუქარა, მას შემდეგ მისი ცეკვა აღარავის უნახავს. თავისთავად ეს ძალზე საწყენი გახლდათ. მით უმეტეს, რომ დღესასწაული იყო კარზე მომდგარი. უნდა ეზეიმათ ის თარიღი, როდესაც დედამიწაზე არსებულ უამრავ ქალაქს თოჯინების ქალაქიც მიემატა. ალბათ ახლა გასაგებია, თუ რატომ შფოთავდნენ თოჯინები ასე ძალიან, რატომ გაისმოდა წამდაუწუმ ის ავბედითი სიტყვები, ვაითუ კოხტამ აღარ იცეკვოსო. უამისოდ მართლაც დიდი ლაზათი დააკლდებოდა დღესასწაულს. ფუტკრის სკასავით ზუზუნებდა ქალაქი, თოჯინებს მეტისმეტი მღელვარებისგან თვალები გაფართოებოდათ, ზოგიერთ ფერიც დაჰკარგოდა. ხანდახან გამბედაობას მოიკრებდნენ, მივიდოდნენ კოხტასთან და ფრთხილად გადაუკრავდნენ სიტყვას ცეკვაზე. მე მხოლოდ ბროლის გოგონასთან ვიცეკვებ, სხვასთან არავისთან - ჯიუტობდა კოხტა. ბროლის გოგონას შესახებ თოჯინებს არაფერი სმენოდათ. არც ის იცოდნენ, თუ სად შეიძლებოდა მისი მოძებნა, ამიტომ სანუგეშოდ ხმას ვეღარ იღებდნენ, იხტიბარგატეხილნი ჩუმად ტოვებდნენ კოხტას.
ქარიფანტია
სად იყო და სად არა, ჰაერში ქარიფანტია გამოჩნდა. ნიავის ფრთებს აყოლილი ნება-ნება ინაცვლებდა ადგილს ქალაქის თავზე. იგი საჰაერო ბურთივით მსუბუქი იყო, ქარს მიჰქონდა და მოჰქონდა, საერთოდ დიდი მეგობრობა ჰქონდა ქართან. ქარიფანტია გაოცდა, როცა თოჯინები ასე დაღონებული ნახა. თითქოს ჩამკვდარიყო თოჯინების ქალაქი, ჩამი - ჩუმი არ ისმოდა ოდესღაც მხიარულ ქუჩებში. - ეს რა დაგმართიათ? - იკითხა ქარიფანტიამ. პასუხი ვერ მიიღო. თოჯინები სასიკეთოს არაფერს ელოდნენ ქარიფანტიასაგან. იცოდნენ, რა ქარაფშუტა იყო. ყურს ბოლომდე არც დაგიგდებდა, თუკი დაელაპარაკებოდი, შუა საუბარში მიგატოვებდა და სადღაც უკანმოუხედავად გაფრინდებოდა. მთელ ქალაქს გადაუფრინა თავზე ქარიფანტიამ, ყველგან ერთნაირად დაძმარებული თოჯინები ნახა, მაგრამ ვერავისგან ვერაფერი გაიგო. სამწუხაროდ, მეტად კარგად იცნობდნენ ამ ქალაქში. ოჰ, ეს ქარიფანტია! მხოლოდ მაშინ თუ დაგიგდებს ყურს, როცა ნიავს ჩაეძინებაო, - ბუტბუტებდნენ თოჯინები მისი დანახვისას და ნაბიჯს არც კი ანელებდნენ. აბა, ვინ რა იცოდა, ნიავს როდის ჩაეძინებოდა. ორი თოჯინა განზე გამდგარიყო და თავისთვის ჩურჩულებდნენ. ერთი ხავერდის დათუნია გახლდათ, მეორე რეზინის ბიჭი. ხავერდის დათუნიას ბაჯბაჯა ერქვა, რადგან მართლაც ბაჯბაჯით დადიოდა. რეზინის ბიჭი კი ხშირად უსტვენდა, ამიტომ სტვენია ერქვა სახელად. ხანდახან სრულიად უადგილოდ დაუსტვენდა ხოლმე, მაშინაც კი, როცა ხმის ამოღება საერთოდ არ შეიძლებოდა. - ამ ბოლო დროს კოხტას ძალიან შეეცვალა ხასიათი - ამბობდა სტვენია. - ხასიათი არც ადრე ჰქონია თაფლივით ტკბილი, - ჩაიბურდღუნა ბაჯბაჯამ, თათი თაფლში ამოაწო დ გააწკლაპუნა. თაფლით სავსე ქილა მუდამ დაჰქონდა ბაჯბაჯას, ენის წკლაპუნიც დასჩემდა, ვერა და ვერ მოიშალა ეს ჩვეულება. - როდის მოიშლი ენის წკლაპუნს? - უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა სტვენია. - როცა შენ სტვენას მოიშლი - მიიღო პასუხად. სტვენიას აღარაფერი უთქვამს, ხანდახან მართლაც სრულიად უადგილოდ დაუსტვენდა ხოლმე. ვერც ის ახერხებდა ამ ჩვევისაგან თავის დაღწევას. განუყრელი მეგობრები იყვნენ, ამასთან ერთად, კოხტაც ძალიან უყვარდათ, მისი ცეკვის ყურება ყველაფერს ერჩივნათ. არაერთხელ უთქვამთ თოჯინებთან საუბარში, კოხტა ძალიან ფაქიზი ბუნებისაა და არ შეიძლება ცოტათი ჭირვეული არ იყოსო. ახლაც ეს სიტყვები წაიბუტბუტა სტვენიამ, ბაჯბაჯამაც ღრმააზროვნად დაუქნია თავი. სწორედ ამ დროს ქარიფანტიაც წამოადგათ თავზე. ქარიფანტიამ მათაც ჰკითხა, რა ცხვირ - პირი ჩამოგტირითო, ბაჯბაჯას ხმაც არ გაუღია პასუხად, ერთი ათვალწუნებით აიხედა მაღლა. სამაგიეროდ, სტვენია გამოეპასუხა, თოჯინების გასაჭირის შესახებ მოუთხრო, ისიც კარგად იცნობდა ქარიფანტიას, მაგრამ ლაპარაკი ნამდვილად არ ეზარებოდა. ბედად, ნიავსაც ჩაეძინა ამ დროს. ქარიფანტია უძარვად დაეკიდა ჰაერში, ბოლომდე გულდსმით მოისმინა, რასაც სტვენია უყვებოდა. იგი განსაკუთრებით ბროლოს გოგონას სიზმრად ნახვის ამბავმა გააოცა. - მე ვიცნობ ბროლის გოგონას, - განაცხადა მოულოდნელად ქარიფანტიამ. სტვენიამ ხმამაღლა დაუსტვინა, ბაჯბაჯამ ენა უჩვეულოდ ხმამაღლა გააწკლაპუნა, მერე ორივემ შესძახა: - ნუთუ მართლა? ყურს არც კი უჯერებდნენ მეგობრები, მეტის მეტი სიხარულისგან რეტი დაესხათ. - იგი ბროლის კოშკში ცხოვრობს. რამდენჯერ გადამიფრენია თავზე იმ ბროლის კოშკისთვის. არ ვიცი, რანაირად და როგორ, მთელ ქალაქში მეხივით გავარდა ეს ახალი ამბავი, ქარიფანტიამ გოგონას ასავალ - დასავალი იცისო. სანამ სტვენია და ბაჯბაჯა გონს მოსვლას მოასწრებდნენ, მთელი ქალაქი აქ გაჩნდა. ერთმანეთს ულოცავდნენ, კოხტა აუცილებლად იცეკვებს დღესასწაულზეო, თან გეგმებს აწყობდნენ, თუ როგორ მიეკვლიათ ბროლის კოშკისთვის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ოიიიიი, რა კარგი საბავშვოა, შესანიშნავია პირდაპირ. 5.
ოიიიიი, რა კარგი საბავშვოა, შესანიშნავია პირდაპირ. 5.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|