ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
4 ივლისი, 2017


მოგზაურობა მოგზაურობისთვის (დასასრული)

იპოვეს


      თავი სიზმარში ეგონათ ქოლგოსანს და შაქარას, როცა კვლავ იხილეს დედამიწა.  აღსრულდა მათი ოცნება, შინ დაბრუნდნენ, მშობლიურ ცთომილზე, რომლის ბადალი არსად არაა მთელს სამყაროში.
      - ყოველთვის სანატრელია დედამიწა, მაგრამ როცა შორეული მოგზაურობიდან ბრუნდები, მაშინ ასმაგად უფრო სანატრელია იგი, - ამბობდა ქოლგოსანი და სიხარულის ცრემლებს იმშრალებდა თავისი თეთრი წვერით.
      - მართლაც კარგი მოგზაურობა გამოგვივიდა, - აღნიშნა შაქარამ, რომელსაც სიხარულისაგან ლოყები ალისფრად უღაჟღაჟებდა, - მაგრამ აი, იხვის ჭუკები ვერ ვიპოვეთ.
      თითქოს ამის პასუხად, მანქანაში ვიღაცის ხმა გაისმა:
      - ნაყინი მომენატრა!
      მანქანაში მყოფებმა ერთმანეთს გადახედეს. სიტყვების შინაარსს ისინი არ გაუოცებია, ნაყინი ყველას ძალიან უყვარდა, ძალიანაც მოენატრათ ამ ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, მაგრამ ეს ხმა, რომლითაც ეს სიტყვები იყო წარმოთქმული, ჯერაც არ გაეგონათ.
      ერთმანეთის სახეებზეც ამოიკითხეს, რომ არცერთ მათგანს არ უთქვამს იგი, და ისევ მანქანა მოათვალიერეს, ნეტავი ვინ ლაპარაკობსო.
      და ვინ აღმოაჩინეს, თუ იცით?
      ობობა ლაპარაკობდა თურმე!  მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც მანქანაში იმყოფებოდა, პირველად ახლა ამოიღო ხმა და მაშინვე ნაყინი მოითხოვა.
      - რა გაეწყობა, წავიდეთ და ვჭამოთ ნაყინი, - ჩაიბურტყუნა ქოლგოსანმა - მე მგონია, დავიმსახურეთ ამდენი თავგადასავლების  შემდეგ. ყვითელნისკარტას ჭუკების მოძებნას მერეც მოვასწრებთ.
      შაქარაც დაეთანხმა, იმედი ჰქონდა, შორს წასვლას ჭუკები ვერ შეძლებენო. რაც არ უნდა ონავრები იყვნენ, მაინც ჯერ ვერ იფრენენ მოზრდილი იხვებივით, თანაც ჩვენ ხომ დრო სულაც არ დაგვიკარგავსო.
      აქ შეიძლება მკითხველს გაუკვირდეს, როგორ, განა ცოტა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა მოგზაურებმა დედამიწა დატოვეს? ეს ხომ სასწაულს ჰგავსო.
      ეს რობიკოს დამსახურება გახლდათ. ამისთანებში ხომ ბადალი არ ჰყავდა. ალბათ ქოლგოსანი ვერ გაიკვლევდა გზას ასე ადვილად მწვანე ტყის უღრანებში, როგორც რობიკო ახერხებდა გზის გაკვლევას დროსა და სივრცეში. სადღა აღარ იყვნენ, მთელი სამყარო მოიარეს და ისევ ი დროის იმ წერტილში დაბრუნდნენ, როცა მოგზაურობას შეუდგნენ.
      ამრიგად, ჩვენი მოგზაურები ნაყინის საჭმელად გაემართნენ. გზას ობობა ასწავლიდათ, ერთი კარგი კაფე ვიციო. პირდაპირ გასაკვირი იყო, რაკი ერთხელ ამოიდგა ენა, ახლა აღარ ჩერდებოდა.
      კაფეთან დიდი ჭედვა იყო, ყველას მონატრებოდა იმ დღეს იქაური ნაყინი, ობობამ იმდენი იძრომიალა, მეგობრების კაფეში შეყვანა მოახერხა. თავისუფალი მაგიდაც დროზე იშოვეს, რომელზეც მიმტანმა ათქვეფილი, ჰაეროვანი ნაყინით სავსე კოხტა ჯამები ჩამოარიგა.
      მეგობრები წყნარად ისხდნენ და პირს იტკბარუნებდნენ უგემრიელესი ნაყინით. იგი ყველას ძალიან მოეწონა. განსაკუთრებით ქოლგოსანი მოიხიბლა, მესამე ულუფა ნაყინი მოატანინა.
      - რა გემრიელი ნაყინია - თქვა აღფრთოვანებით - ჩემს სიცოცხლეში ამაზე გემრიელი არაფერი მიჭამია.
      - დიახ, „მოხეტიალე  ნისლი“ ყველაზე საუკეთესოა  კოსმოსში,- გამოეხმაურა ობობა.
      ამ სიტყვების გაგონებისას ყველანი ადგილებზე შეხტნენ და ობობას მიაჩერდნენ.
      - რაო, რა  თქვი? - როგორც იქნა, ხმა ამოიღო ქოლგოსანმა.
      ხმა ძალიან ჩახრინწოდა, ალბათ ნაყინის ჭამისაგან.
      - მე ვთქვი, მოხეტიალე ნისლი საუკეთესო ნაყინია, მართლაც ნისლივით ჰაეროვანია.
      - რა შუაშია აქ მოხეტიალე ნისლი,- ერთხმად წამოიძახეს მეგობრებმა.
      - ამ ნაყინს, რომელსაც თქვენ მიირთმევთ, სწორედ ასე ჰქვია. ნახეთ, ნისლივით ჰაეროვნადაა ათქვეფილი.
      დახედეს მეგობრებმა ნაყინით თავმოდგმულ ჯამებს და შეამჩნიეს, რომ მართლაც ნისლს ჰგავდა.
      კი, მაგრამ, კოსმოსი? კოსმოსი რაღას ნიშნავს?
      - კოსმოსი კაფეს ჰქვია . . . და საერთოდ, ყოველგვარ ტკბილეულს, რაც აქ იყიდება, კოსმოსური სახელი ჰქვია: მოხეტიალე ნისლი, ცეცხლოვანი კომეტა, მეტეორების გუნდი, ვარსკვლავი . . . და რავიცი, კიდევ ბევრია. „გალაქტიკაც“ აქვთ,  რძიანი ნამცხვარი . . .
      ყველანი გაოგნებულები უსმენდნენ, კოვზები ჰაერში გაუშეშდათ, მაგიდაზე მდუმარება ჩამოვარდა.
      და ამ სიჩუმეში რაღაც საეჭვო ხმები შემოიჭრა, იხვების ჭუკჭუკს ჰგავდა, გვერდითი მაგიდიდან მოისმოდა.
      იმ მაგიდისაკენ მიიხედეს მეგობრებმა . . . და იხვის ორი ჭუკი დაინახეს, ერთი ღრიანცელით და ამბით მიირთმევდნენ „მოხეტიალე ნისლს,“  მაგიდაზე ცარიელი ჯამების ხორა იდგა.
      ობობამაც გაიხედა გვერდით მაგიდისაკენ, ოღონდ დანარჩენებისაგან განსხვავებით, მაშინვე ჩაღუნა თავი და ნაყინის ჭამა განაგრძო. ერთი ისღა ჩაილაპარაკა თავისთვის, რა ონავრები არიან ყვითელნისკარტას ჭუკებიო.


                                    კიდევ  ორიოდე  სიტყვა


      თითქოს სათქმელიც აღარაფერია, მაგრამ მაინც უნდა ითქვას ორიოდე სიტყვა.
      ჯერ ერთი, იმის აღწერა ნამდვილად ღირს, თუ როგორ განრისხდა ქოლგოსანი . . .  და განრისხდა უპირველეს ყოვლისა, იმ ლოკოკინაზე, რომლემაც ჩვენი მოგზაურები მცდარ გზაზე დააყენა. დანარჩენებს აღარ დაუცადა, გრძელი, თეთრი წვერის ფრიალით გაქანდა იმ მწვანე ბუჩქისაკენ, რათა მასზე ამძვრალ ლოკოკინას ერთი კარგად მოლაპარაკებოდა.
      - შემძვრალხარ ნაჭუჭში და ამ ქვეყნის აღარაფერი გესმის! - გააფთრებით დაესხა თავს ლოკოკინას.
      ლოკოკინა მაშინვე ღრმად შეიმალა ნაჭუჭში, თავი ერთხელაც აღარ ამოუყვია. სულაც არ აინეტერსებდა, თუ რას ეუბნებოდ განრისხებული ქოლგოსანი.
      ბოლოს და ბოლოს, ქოლგოსანი მიხვდა, სიტყვებს ტყუილად  ვხარჯავო და გაჩუმდა.
      ამასობაში გაბრაზებამაც გაუარა, ცოტა დაფიქრდა და  . . . მაინც კმაყოფილი დარჩა. მართალია, მცდარ კვალს მიჰყვებოდნენ, მაგრამ ყველაფერი ისეთი საინტერესო იყო; იმოგზაურა, ლამის მთელი სამყარო მოიარა, განა ეს არაფერს ნიშნავს? თანაც, რაც მთავარია, თავისი ქოლგის ახალი, საოცარი თვისება აღმოაჩინა.
      ამის წარმოდგენაზე ქოლგოსანს მთლად გამოუკეთდა გონება; გაიზარდეთო - უთხრა ჭუკებს, როცა ამ უკანასკნელებმა დააცემინეს, გაცივებულიყვნენ ამდენი ნაყინის ჭამით.
      ქოლგოსანმა საკუთარი ხელით დაუკრიფა ჟოლოს ნაყოფი და ყვითელნისკარტას მიართვა, ჭუკებს ნაყენი დაალევინეო. ყვითელნისკარტამ მადლობა გადაუხადა. აღარ იყო ისე დაღონებული, თუმცა ვერც მხიარულს უწოდებდი. რას იზამ, ძნელია ასეთი ონავრების აღზრდა.
      შაქარაც ძალიან კმაყოფილი დარჩა ამ მოგზაურობით. წონაში მოიმატა (სიროფში ბანაობის შემდეგ), თანაც ძალზე გაკაჟდა. ახლა იგი აღარც წყალში დადნება, თვით ცეცხლიც ვერას დააკლებს, მოხეტიალე ცეცხლთან ახლოს ყოფნის შემდეგ სალ კლდესავით გამაგრდა. სახეზე ისევ ტკბილი ღიმილი აქვს გადაფენილი. გამვლელ - გამომვლელნი თვალს ვერ აშორებენ და ვიტრინასთან  კარგა ხანს ჩერდებიან, რათა თვალი დაატკბონ. მერე თვითონაც მიაქვთ შაქარას ღიმილის რაღაც ნაწილი და ისე სცილდებიან იქაურობას, მაგრამ შაქარას ამით არაფერი აკლდება, კიდევ უფრო გულიანად იღიმება.
      რაც შეეხება რობიკოს, ამ მოგზაურობისგან არც არაფერი წაუგია, არც არაფერი უპოვნია: თავი ძალზე შეურაცხყოფლად იგრძნო ზედიზედ დაშვებული შეცდომების გამო და ყველაფერი პირწმინდად ამოშალა თავისი მეხსიერებიდან. ამდენად, ერთერთი, მწვანედ შეღებილი უჯრა ისევ ცარიელი დარჩა რობიკოს თავში. ისიც კი აღარ ახსოვს, თუ რას ნიშნავს მოგზაურობა მოგზაურობის გულისთვის.
      ო, რა ძნელია, ორიოდ სიტყვაში ჩასტიო სათქმელი ობობას შესახებ: მას იმ დღიდან გაუვარდა სწორუპოვარი მაძებრი სახელი, რა დღესაც „მოხეტიალე ნისლი“ მიირთვა კაფე „კოსმოსში“ და ყვითელნისკარტას ჭუკებს მიაგნო. ამის შემდეგ კი, თუ ვინმეს რაიმე დაეკარგება, ან ვინმე ჰყავს მოსაძებნი, აუცილებლად ობობას მიაკითხავს ხოლმე. ობობაც ქსელავს თავის აბლაბუდებს. ერთი შეხედვით გეგონება, თითქოს სხვა არაფერი აინტერესებდეს ამქვეყნად. მაგრამ გაივლის ხანი და ვისაც ეძებენ, აუცილებლად მის ქსელში აღმოჩნდება. ვინ მოსთვლის, რამდენი დაკარგული იპოვნა ამ ხერხით, მათი ჩამოთვლა რომ დავიწყოთ,  ალბათ დასასრული აღრა ექნება.
      ერთს ვიტყვი მხოლოდ: მწვანე ტყის ბინადრები დიდი ინტერესით მსჯელობენ ობობას სწორუპოვარვ სამძებრო ნიჭზე. ერთნი ამბობენ, რომ ობობა, რაღაც იშვიათი ალღოს წყალობით, სწორედ იქ იწყებს ქსელის გაბმას, სადაც ვინმეა მოსაძებნი. მეორენი პირიქით, თვლიან, რომ თვითონ მოსაძებნი მიდის იქ, სადაც ობობას უკვე ქსელი აქვს გაბმული. ამ ორი შეხედულებიდან რომელია მართალი, ამის თქმა ძნელია. ის კი უცილობელი ჭეშმარიტება გახლავთ, რომ მართლაც ძნელი მოსაძებნია ობობას მსგავსი მაძებარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები