(ჟურნალისტის ჩანაწერებიდან)
ვიღაცისთვის ორი კილომეტრი სარბენად გათვლილი დიდი მანძილია, ვიღაცისთვის კი საზღვრამდე ორი ნაბიჯი. ვწერ მავთულხლართებიდან ორიოდე ნაბიჯში. ადგილიდან, სადაც არც ისე თბილი სახლები და ზედმეტად ბევრი სიჩუმე დგას.
*** სოფლამდე მისასვლელი გზა იმაზე ცარიელი და გრძელი აღმოჩნდა, ვიდრე ვიფიქრებდი. ჩასვლისთანავე სახეში ცივი ქარი შემომეხალა, მერე უცხო სახეებიც ჯარივით დამიდგნენ თვალწინ. დიდხანს ვიდექით ერთმანეთის პირისპირ და ვიღიმოდით. მათთვის ერთადერთი უცხო ადამიანი მე ვიყავი და ისიც – დროებითი.
*** ყველაზე საშინელი სიტყვა რომელია? – მეკითხება ნინელი. არ ვიცი-მეთქი, ვუპასუხე. დავიბენი. – ომი. – მომიბრუნდა პაუზის მერე და სათვალე გაისწორა.– ომი ყველაფერია, რაც კი ცუდი არსებობს- სიკვდილი, ნგრევა, შიმშილი, ტირილი, ყვირილი, შიში, მარტოობა.ამაზე საშინელი გეგულება რამე? – თავი გავიქნიე და სიჩუმის ჩამოწოლას შევეგუე.
აქ კედლებს ჯერ ისევ ვერ მოუნელებიათ ბზარები, ადამიანებს – ერთმანეთის წასვლები. ითვლიან ჩამონგრეული სახლების რაოდენობას და 2008-ის მოგონებებში დაძრწიან. ვატყობ. როგორ არ უყვართ იმ წელიწადზე საუბარი და კითხვების დასმაც პატარა ბავშვივით მერიდება. სანამ მე კედლებზე ბზარებს ვითვლი და ვფიქრობ, ნინელი ომზე მიყვება.
თბილი გადასაფარებლები მიგვქონდა და ბაღის ბოლოს ვიმალებოდით შვილები, დედები, დები, მეზობლები, მეგობრები. მამები არ გვყავდა. შევიფარებდი ჩემს შვილებს გადასაფარებლის ქვეშ და ასე თენდებოდა. ალბათ, სწორედ ისინი იყო თეთრი ღამეები, რომლებსაც სიბნელის სიმწარე დაჰყვება. გვერდით სოფელში ტანკი რომ გაივლიდა, აქაურობა ისე ზანზარებდა, თითქოს ყურისძირში მოდის და ეგააო. ყველას გვეშინოდა, მაგრამ გაქცევა? გაქცევა ცუდი რამეა, თან ყველა თუ გარბის, მით უმეტეს. – ღუმელში ბოლო ნაჭერი შეშა შევდე და პიტნის ჩაი მოვსვი. როცა არ ვიცი, რა ვუპასუხო ადამიანებს, ასე ვიქცევი – ვზივარ ჩუმად და ვმოქმედებ მარტივად. ნინელის სულ ჰგონია, რომ მეშინია და ჩამოსვლის დღიდან მიმეორებს, აღარ ჩამოვლენ ისინიო.
-რომც ჩამოვიდნენ, არ მეშინია, დავრჩები. – მიღიმის და თითებს წრიულად ათამაშებს ღუმელის კუთხეზე. ძალიან არ მიყვარს, ნინელის ხელების ყურება, მთელი ცხოვრება მათზე ეტყობა – ყველა ტკივილი, ყველა.
-მერე რას იზამ?
-დავწერ. – ვპასუხობ და ვხვდები, რომ ამაზე უაზრო პასუხი არასდროს არავისთვის გამიცია.
– ამაზე საშინელს რას დაწერ? კედელს რომ ბზარები ემატება და ამ დროს ყველა ყრუვდება, ვისაც დახმარება შეუძლია. – ამ დროს მეც ძალიან მინდა ყრუ ვიყო და არ მესმოდეს მისი ამბავი, ბრმა ვიყო და ვერ ვხედავდე, როგორ უდგება თვალებში ცრემლები, როგორ კანკალებს მთელი ტანით და როგორ დარდობს. მე ომზე მეტად ადამიანების ასეთი ტკივილის მეშინია.
*** ერთ დღესაც წამოვედი. ის ორი კილომეტრი ჩემთვისაც ის ორი ნაბიჯის მანძილი გახდა, საკუთარ სამშობლოში რომ რუსი ჯარისკაცები მიდგანან და გაყინული სახეებით უყურებენ მორიგ ნადავლს. ჯანდაბას ვიღაცების ,,ურაპატრიოტიზმი”, როცა ადამიანები მავთულხლართების მეორე მხარეს მშობლების, შვილების, დების, ძმების, სხვა ადამიანების საფლავებს უყურებენ და არაფერი დარჩენიათ იმის გარდა, რომ თქვან ,,იქ ჩვენ ვცხოვრობდით.” არავის უნდა აღვიძებდეს დილით გასროლის ხმები და არავის უნდა ეშინოდეს, რომ სადღაც ახლოს ისევ აღარ სუნთქავს ვიღაც.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. კედელს რომ ბზარები ემატება და ამ დროს ყველა ყრუვდება, ვისაც დახმარება შეუძლია.
არა მხოლოდ შეუძლია, არამედ ევალება კიდეც :(
სამწუხაროდ ვერ გავიზარდეთ ვერ ჩამოვყალიბდით კარგ ერად გზასაც არასწორს ვადგავართ, ასე მგონია მე კედელს რომ ბზარები ემატება და ამ დროს ყველა ყრუვდება, ვისაც დახმარება შეუძლია.
არა მხოლოდ შეუძლია, არამედ ევალება კიდეც :(
სამწუხაროდ ვერ გავიზარდეთ ვერ ჩამოვყალიბდით კარგ ერად გზასაც არასწორს ვადგავართ, ასე მგონია მე
5. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.
4. აქ რომ აწეული ცერა თითის დახატვა შეიძლებოდეს დავხატავდი. ჟურნალისტის პროფესია ძალიან რთული და საპატიოა.
აქ რომ აწეული ცერა თითის დახატვა შეიძლებოდეს დავხატავდი. ჟურნალისტის პროფესია ძალიან რთული და საპატიოა.
3. მივასალმები ყველა იმ პროზაულ ნაწარმოებს, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენს უახლოეს ისტორიას. ძალიან კარგად აღქმული და გადმოცემული იყო ავტორო. მადლობა თქვენ ამისთვის.
– ომი ყველაფერია, რაც კი ცუდი არსებობს- სიკვდილი, ნგრევა, შიმშილი, ტირილი, ყვირილი, შიში, მარტოობა.ამაზე საშინელი გეგულება რამე? – თავი გავიქნიე და სიჩუმის ჩამოწოლას შევეგუე. <---- ემოციურად დამტვირთა.
+5 მივასალმები ყველა იმ პროზაულ ნაწარმოებს, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენს უახლოეს ისტორიას. ძალიან კარგად აღქმული და გადმოცემული იყო ავტორო. მადლობა თქვენ ამისთვის.
– ომი ყველაფერია, რაც კი ცუდი არსებობს- სიკვდილი, ნგრევა, შიმშილი, ტირილი, ყვირილი, შიში, მარტოობა.ამაზე საშინელი გეგულება რამე? – თავი გავიქნიე და სიჩუმის ჩამოწოლას შევეგუე. <---- ემოციურად დამტვირთა.
+5
2. ჯონათან :)) გმადლობ. ჯონათან :)) გმადლობ.
1. კარგია, ნამდვილი- პროზადაც და პუბლიცისტიკადაც.
კარგია, ნამდვილი- პროზადაც და პუბლიცისტიკადაც.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|