მე ვიყავი ქალი. და მე მიყვარდა. ბევრჯერ მიყვარდა. ჯერ ჩემი მეზობლის სტუმარი მიყვარდა ზაფხულში ჩამოსული, ვაშლებს ვუკრეფდი და ვაძლევდი, მერე ხეზე ასვლაც ვასწავლე და ის იქიდან მიყრიდა ვაშლებს, მე ვკრეფდი, ჩამოხტებოდა, ერთად ავკრეფდით, ქულაჯების ბოლოებს მაგრად გავიკრავდით, რომ დაბლიდან არ ჩამოგვარდნოდა და შიგნით ვიყრიდით, ისე გვევსებოდა მუცელი ვაშლებით, თითქოს ღიპიანი კაცები ვიყავით და დავდიოდით ღიპიანი კაცებივით, ჩავიდოდით მდინარეზე და ვაშლებს შორს, შორს ვისროდით. იმ ვაშლებივით წაიღო მდინარემ ჩემი 4 წლის სიყვარული.
მერე სკოლაშიც მიყვარდა. დედა მეუბნებოდა, რომ გათხოვდები, იქ ასე არ დაჯდეო, იქ ასე არ თქვაო და ამ იქ ასე-მ გადამაყვარა ჩემი სიყვარული. მე ხომ უნდა გავთხოვილიყავი და იქ ასე არ მექნა და როგორ მეყვარებოდა იქ. ამიტომ ავდექი და გადავიყვარე. მაგრამ როცა ვხედავდი, ვხვდებოდი, რომ ზუსტად ასე უქუხდათ ყურები და ზუსტად ასეთი შეგრძნება ჰქონდათ ადამიანებს გულის დარტყმისას.
მერე მოვიდნენ. ამათვალიერეს, ჩამათვალიერეს. მაჯაზე მომკიდა დედამთილმა ხელი, კარგი მაჯები აქვს, გაუძლებსო. ფეხებზე კაბა ამიწია და თავი დაიქნია. თვალებში შემომაშტერდა და მიყურა და მიყურა. თვალებს გამოასწორებს ქმარიო და წამიყვანეს თვალებგამოსასწორებელი და ქმრიანი და უსიყვარულო და დამფრთხალი და ვერგაქცეული და რაც უფრო ღამდებოდა, მით უფრო ღრმად ვთხოვდი სიკვდილს ღმერთს, უფრო ვაძლიერებდი ლოცვას, ვიჯექი ფეჩთან ჩვეულებრივი სახით და შიგნით ვლოცულობდი და რაც უფრო ვაძლიერებდი ლოცვას, მით უფრო მეჭუტებოდა თვალები, მთელი ძალით მეჭუტებოდა და მებუტბუტინებოდა. ,,ღმერთო, წამიყვანე" ,,ღმერთო, მიშველე" ,,ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე" ,,ღმერთო, დიდებულო" ,,მიშველე, ღმერთო, წამიყვანე აქედან" ,,გეხვეწები, ღმერთო, შენ მაინც მიშველე, ამას გამარიდე, წამიყვანე, სხვა საქმე მაკეთებინე, მაქარგინე, ღმერთო, მაქსოვინე, ოღონდ აქედან წამიყვანე, ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე" და ვკანკალებდი და ვკანკალებდი და ვკანკალებდი.
მეტი აღარაფერი მითხოვია ღმერთისთვის. როცა შვილი ცუდად გამიხდა, ერთხელ ვთხოვე მისი კარგად ყოფნა. მეტი არაფერი მითხოვია.
იყო ჩემი შვილო კარგად, ჩემი ქმარიც კარგად, მე ან როდის ვყოფილვარ.
ბოლოს ამოვისუნთქე. სიკვდილს თავისუფლების სუნთქვა ჰქონია. მე ვიყავი ქალი. ბევრჯერ მიყვარდა. ბევრჯერ დავიმარხე ჩემს სიყვარულთან. მერე ვიქეცი ქვად, სახელიც რომ გადაეშალა, ბალახმაც რომ გადაუარა, სახსენებელი რომ გაწყდა და თითქოს არც ვიყავი ქალი, რომელსაც ბევრჯერ უყვარდა და ვიყავი ერთი ციდა მიწა და ერთი ციდა მიწები იყვნენ სხვა ქალები. ახლა სხვა ქალებს უყვარდათ და ვაშლებსაც სხვა ქალები კრეფდნენ. მე ვიყავი და არც არავინ იცოდა, ვიყავი თუ არა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ძალიან დიდი მადლობა დათოსა და მუხას <3 <3 ძალიან დიდი მადლობა დათოსა და მუხას <3 <3
3. ვაშლებს ვუკრეფდი და ვაძლევდი, მერე ხეზე ასვლაც ვასწავლე და ის იქიდან მიყრიდა ვაშლებს <3 <3 +5 ვაშლებს ვუკრეფდი და ვაძლევდი, მერე ხეზე ასვლაც ვასწავლე და ის იქიდან მიყრიდა ვაშლებს <3 <3 +5
2. ვაიმე ^^ ძალიან დიდი მადლობა, შირო! <3 ვაიმე ^^ ძალიან დიდი მადლობა, შირო! <3
1. მე ან როდის ვყოფილვარ... ეს ძალიან მიყვარს <3 მე ან როდის ვყოფილვარ... ეს ძალიან მიყვარს <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|