***
ბებიაჩემს დედაჩემი თავიდანვე არ მოეწონა და მისი ოჯახიც თან მიაყოლა. ბებიაჩემი მთიდან იყო და მთა და ვაზი ძალიანაც ვერ მეგობრობენ ერთმანეთთან, ძირითადად არაყი ჰქონდათ და ცოტა ღვინო. ჩამოვიდნენ ქალაქში გოგოს დასანიშნად და ამათ დიდი თავმოწონებით 10 წლის დაძველების ღვინო დაახვედრეს. ბებიაჩემი გადაირია. რა უსტუმრო ოჯახი უნდა იყოს, რომ ღვინო 10 წელი სახლში გაუჩერდესო. აითვალწუნა ეს ,,უსტუმრო“ ხალხი, მაგრამ რაღას იზამდა, მისი კითხული არ იყო, მთავარია, შვილს მოეწონა.
ჩაიარა ქორწილებმა და ამბებმა. კორპუსში გაზრდილ დედაჩემს დედამისმა დაარიგა, სოფელში დილით ადრე უნდა ადგე და ეზო დაგავო, მეზობლებიც იტყვიან, ყოჩაღი რძალი მოსვლიათ და შენს დედამთილსაც გაუხარდებაო. ადგა დედაჩემი 6 საათზე და დაიწყო ეზოს გვა. ამ ამბავს ბებიაჩემი ასე ყვებოდა - დილით მეღვიძება და რაღაცა შარა-შურის ხმა მესმის, ვიძახი, რა ხდება, ეტყობა ვალია (მეზობელი) რამეს აკეთებს ის გიჟიო, ვთვქი და გადავბრუნდი, მაგრამ რომ აღარ გაჩერდა ეს ხმა, ავდექი, გავედი და ეზოს არ გვიდაო?! გავბრაზდი, გავბრაზდი, სულ გავგიჟდი, მაგრამ რაღას ვიზამდი, ვუთხარი, შედი, დაიძინეო, არ უნდა მაგას დაგვაო. არ იტყოდა ხალხი, ახალმოყვანილ რძალს დილის 6 საათზე ეზოს აგვევინებენო? ან რა სჭირდა ჩემს ეზოს დასაგველიო.
ძალიან ვერ შეეწყო ეს ორი კულტურა ერთმანეთს. დედაჩემს ვინც მოსწონდა, ბებიაჩემი ვერ იტანდა. დედაჩემს წყნარი, მშვიდი, თბილი ხალხი მოსწონდა, რაც ძალიან დიდი იშვიათობაა შუაგულ მთაში, ბებიაჩემი კი ვერ იტანდა, გაბუჟებულები არიანო.
ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ პაპას ძალიან უყვარდა დედა, მონატრებული ჰქონდა ლაპარაკი უცხოურ ენაზე, არ უნდოდა, დავიწყებოდა ომში ნასწავლი 7 ენა და დედაჩემს სულ რუსულად ელაპარაკებოდა. ბებიაჩემს ეგონა, მე რომ არ გავიგონო, იმიტომ ლაპარაკობენ რუსულადო და როცა ესენი რუსულად ლაპარაკს დაიწყებდნენ, გაიხურავდა კარებს და ბაღში მიდიოდა, მეხიც თქვენ დაგეცეთ და თქვენს რუსულსაცო.
გოგო რომ გამაჩინა, არ განაწყენებულა ბებიაჩემი, თვითონაც სულ გოგოებს აჩენდა. მაგრამ ის კი ეწყინა, რომ ამ ერთ გოგოზე ,,გაჩერდა“ დედა, როცა თვითონ 6 შვილი ჰყავდა, მეხუთეც რომ გოგო გაჩნდა, ხვთისო შემოვიდა ოთახში და მე ვუთხარი, რომ მოკვდე და გაწყალდე, სანამ ბიჭი არ იქნება, იქამდე არ გავჩერდებიო. კაცმა რომ თქვას, ძალიან მადლობელი ვარ ბებიაჩემის, ძალიან მომწონს სიცოცხლე და ბიჭისთვის თავი რომ არ გადაედო, მეც არ ვიქნებოდი, აი, მაინცდამაინც ბიჭი რომ უნდოდა, ეგ ბოლოს ინანა, ყველას გოგო სჯობიაო, ბიჭი უნდათ, რომ სახლში ვინმე დაურჩეთ, მაგრამ გოგო რომ მოგხედავს, ისე ვერავინო. მოსავლელად უნდოდა იმ დროს შვილი ყველას, ასე აღიქვამდნენ.
დედას მოსავლელად არ ვდომებივარ, სულ მეუბნებოდა, რომ ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, მეცეკვა, მემღერა, დამეკრა და მემხიარულა. მე მართლა ყველგან ვუკრავდი, სადაც პიანინოს ვნახავდი, ის პატარა რაღაც მელოდიებს ვაწყობდი და მახსოვს, ხალხს მართლა მოსწონდა და აღფრთოვანებულები იყვნენ, ეგ მელოდია მართლა არსებობს და ასწავლეთ, თუ მართლა თავისით აკეთებსო. დედამ მუსიკის მასწავლებელი მომიძებნა, თუმცა მერე მოკვდა, იმ სახლიდან გადავედით და ჩემთვის დაკვრა აღარავის უსწავლებია. მაგის მერე ბებიაჩემმა დედაჩემი შეიყვარა, თუმცა მაინც ყვებოდა, როგორ გვიდა ეზოს დილის 6 საათზე.
მთაში დატირებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, სამძიმრიდან მისული ყველა ყვება, ვინ როგორ ტიროდა და რას ამბობდა, მამიდაჩემებს კი ძალიან უნდოდათ, რომ როცა პაპაჩემი მოკვდა, კარგი სატირალი ტექსტები ჰქონოდათ. მე, როგორც ბიჭის შვილი წინ გამიშვეს სურათით, უკან მიცვალებულს მოასვენებენ კიბეებზე და ბებიაჩემი ხმამაღლა ტირის. მამიდაჩემებმა წინა ღამით ბებიაჩემს ასწავლეს, ხვალ ტირილში თქვიო, რომ ხვთისო, რა დიდებული კაცი იყავი, სიძეებმა გაგაპატიოსნეს, ისე უყვარდი ხუთივესო. ბებიაჩემმა ეს სიტყვა ვერ დაიმახსოვრა და მეორე დღეს გამოსვენებისას მთელი ხმით ტირის, ხვთისოოოო, რა კაცი იყავი, სიძეებმა გაგაუპატიურესო. გვერდებიდან მიაშველეს, გაგაპატიოსნესო. ამანაც, გაგაპასიოსნეს, გაგაპატიოსნესო, ისეთ პატივს გცემდნენ სულო. ხალხმა სიცილი შეწყვიტა.
ეს ნასწავლი ტირილი არასდროს მომწონდა, თუ გეტირება, იტირე, თუ არადა - არა-მეთქი, ვფიქრობდი. მაგის მერე ყოველ საღამოს, როცა ჩემი მამიდაშვილები ქსანზე მიდიოდნენ, ბებიაჩემი შედიოდა იმ ოთახში, სადაც პაპას სურათი იდო და ხმამაღლა ტიროდა. მერე უბრალოდ იჯდა. მერე ისევ ტიროდა. ამ ტირილს ვერავინ იგებდა ჩემ გარდა. ვერც ხალხი, ვერც მეზობლები და მე მივხვდი, რომ ბებიაჩემი მართლა ტიროდა. მას მერე გავიზარდე, გავიგე სიყვარული და მარტოობაც გავიგე და ხშირად მახსენდება ოთახში, პაპაჩემის სურათთან მოტირალი ბებიაჩემი და მისი სიტყვები, რომ ყველაზე ძნელი მარტოობა ყოფილა. თურმე როგორ მყვარებიხარ, შე ბეჩავო, შენაო, თურმე ჩავარდნილიც რამდენს მიკეთებდიო და უცნაურად თბილი სიტყვები არ ვიცი, ესმოდა თუ არა პაპაჩემს იქ, სადაც მერე ბებიაჩემიც წავიდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ნიკი, ძალიან საყვარელი ხარ :) <3 თან რომ არ ნებდები, არ მოგწონს, მაგრამ მაინც კითხულობ, იქნება და რამე გამოუვიდესო :დდ ნიკი, ძალიან საყვარელი ხარ :) <3 თან რომ არ ნებდები, არ მოგწონს, მაგრამ მაინც კითხულობ, იქნება და რამე გამოუვიდესო :დდ
3. ნინიავ, ესა მოთხრობა არ არის უფრო ახლობლებში მოსაყოლი ამბავია კი წავიკითხე ინტერესით, მაგრამ, როგორც ამბად ისე.
უკეთესებიც შეგიძლია შენა ნინიავ, ესა მოთხრობა არ არის უფრო ახლობლებში მოსაყოლი ამბავია კი წავიკითხე ინტერესით, მაგრამ, როგორც ამბად ისე.
უკეთესებიც შეგიძლია შენა
2. მუხა, ძალიან დიდი მადლობა! მუხა, ძალიან დიდი მადლობა!
1. ძალიან მომეწონა, არაჩვეულებრივი ფინალია. ძალიან მომეწონა, არაჩვეულებრივი ფინალია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|