ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზამთრის თალია
ჟანრი: პროზა
10 დეკემბერი, 2018


ბიპოლარული დღეები

ისევ ვგიჟდები.
კარგად გახდომას ვერ ვასწრებ, რომ ისევ ვგიჟდები. დღესაც ცუდად ვარ. აქედან წასვლა მინდა, მაგრამ ვერ წავალ ვერსად. დაბმული ვარ აქ ათასი რამით. წუხელ ვფიქრობდი, იქნებ რაიმე ახალი თავშესაქცევი გამოვნახო-მეთქი, მაგრამ სასაცილოა ეს, უბრალოდ სასაცილო. იმიტომ, რომ უკვე ვგიჟდები და ეს ნიშნავს, რომ ერთხანს სულ თავშექცეული და მხიარული ვიქნები. მძულს ჩემი თავი!
დავდივარ საღებავგადაცლილ კედლებს შორის, ფართო დერეფნებში. აქ ყველაფერს წამლებისა და დაუბანელი სხეულების სუნი აქვს. იატაკიც ალაგ-ალაგ აყრილია, ჭერზე წყლის ლაქებით დახატული უცნაური ფიგურები ჭუჭყიანი ფანჯრიდან დანახულ ღრუბლებს ჰგვანან. მაშინებს აქაურობა, აქაური სიცივე.
ცუდი ის არის, რომ ახლა არც ისე ცუდად ვარ, რომ მოვკვდე. და არც ისე კარგად, რომ ვიცოცხლო.
ჩემს ბნელ ქალაქში წვიმების დროს ავად გახდომა უკვე ნიშნავს სიკვდილს. ჩუმად მოვკვდი. არ ვთქვი, ავად ვარ-მეთქი, სანამ შემეძლო. სულ ასე ხდება, სანამ შემიძლია, არაფერს ვამბობ, მერე კი მხოლოდ ტუჩებისა და თვალების მოძრაობის ძალა მრჩება. ხმას ვერ ვაყოლებ ამოსუნთქვას.
როცა წვიმს, ბნელა და სულ მოღრუბლულია, სულ საღამოა. ეს სულს მიხუთავს და ავად ვხდები. ვწყვეტ სწავლას, კითხვას, მეგობრების მონახულებას, საწოლიდან აღარ ვდგები და ერთნაირი დღეების სათვალავი მერევა. მერე ბავშვივით ამიყვანენ საწოლიდან, მაბანავებენ და აქ მოვყავარ. ეს ხდება წელიწადში რამდენჯერმე. ბანაობის დროს მე ძუძუებზე ხელს ვიფარებ. დედაჩემი ზურგს მიხეხავს და არ ლაპარაკობს. მამაჩემი თვალებს მარიდებს და წყალს მისხამს. აბაზანაში ცივა და ორთქლში სუნთქვა ჭირს. თვალს ვუშტერებ ჩემს გამხდარ ფეხებს, წვეტიან მუხლებს და ვცდილობ, სიცივეზე არ ვიფიქრო. დედაჩემი მხარზე ხელს წამკრავს და ბრაზით ჩაიფრუტუნებს, "ნეტა ფეხებზე მაინც გაისვამდე ხელს." მე საპნიან ღრუბელს გამოვართმევ და უილაჯოდ ვიხეხავ ერთსა და იმავე ადგილს. "გაუშვი ხელი, არ გინდა," _ მეუბნება მამაჩემი და დედაჩემს საყვედურობს: "ხომ ხედავ, ავადაა და არ შეუძლია..." "აბა ასე სულ გამოშტერდება," _ თავს იმართლებს დედაჩემი. "შენ რა გგონია, ჩემზე მეტად გიყვარს?" _ აგრძელებს გამწყრალი. და მე არ მჭირდება არც ერთის სიყვარული. თანაც ორივეს სიყვარული მინდა.
ასეთი ძნელია ავად ყოფნა. სხვამ რომ უნდა გაბანაოს, ეგ ყველაზე დიდი სირცხვილია ავად ყოფნაში. დიდი ხანია, პატარა აღარ ვარ. თმები გამეზარდა ისეთ ადგილებზე, სადაც ადრე არ მქონდა და მეცხვენია. წყალი ცივდება. ვერ ვამბობ, რომ მცივა. დედა ამჩნევს და მითბობს. მე ვერაფრით ვეხმარები და ვწუხვარ. ავად როცა ვარ, რომც დამმდუღრონ, ხმას ვერ ვიღებ. გამთბარ ოთახში გავყავარ. მამშრალებენ. დედაჩემი თმებსა და ფრჩხილებს მითვალიერებს. მაცმევენ. გზაში უკანა სავარძელში ვზივარ. დედაჩემი თავს მიჭერს.
ეს კლინიკა მეორე სახლია და ვიცი, საითაც უნდა წავიდე. ისედაც სულერთია, სად ვიქნები. მაინც ვერაფერს ვგრძნობ. მაგრამ თან ვგრძნობ კიდეც. თითქოს ბნელ ღამეში მარტო ხარ გარეთ და გცივა. ირგვლივ ადამიანები არიან, მაგრამ შორს ვარ მათგან.
დედა და მამა მეხუტებიან და მიდიან. მე ქარში მოქნეული ხესავით ვირწევი, სანამ მედდა მაცმევს თეთრ, ლურჯი ყვავილებით დაწინწკლულ ხალათს. მერე წამალს მაძლევს და ვიძინებ.
სიზმრები არ მაქვს ასეთ დღეებში. ისე ვიღვიძებ, თითქოს არ ვიყავი და გავჩნდი. მერე თანდათან სიზმრებიც მოდიან. თავიდან _ ქაოტური და უშინაარსო, მერე და მერე _ რაღაცას ემსგავსებიან. სიზმრებით ვატყობ, რომ უკეთ ვხდები. წუხელაც მესიზმრა რაღაც. გავიღვიძე და ჩავიწერე:
"მე ვხედავდი ქალს წვმაში. არ იყო ნამდვილი, ვიცოდი, სიზმარი იყო. თითქმის არაფერი ეცვა. წვიმაში ცეკვავდა ჩემი სიზმრის ქალი, მხურვალედ როკავდა. ქარიც იყო, ჩამოცვენილი ფოთლები ეკრობოდა სველ ტანზე და დახუჭული თვალებით ცეკვავდა. წვიმის ხაზები უსერავდა შიშველ ყელსა და მუცელს, მკლავებს და მოქნილ ზურგს. ვინ იყო ეს ქალი, საიდან მოვიდა, არ ვიცი. სახე წაშლილი ჰქონდა. ალბათ დედაჩემის ახალგაზრდობა თუ იყო. ასე გაიცნობდა მამაჩემი, ასე შეიყვარებდა. ახლა ისინი ბერდებიან. მალე ვეღარ მომივლიან. მე კი ვარ აქ და ველოდები, რომ გავგიჟდები. ან იქნებ უკვე გავგიჟდი..."
როცა უკეთ ვხდები, თითქმის მაშინვე ვგიჟდები. რა უნდა იყოს ამაზე საშინელება... ამის მეშინია. ვიცი, მოვა სიტყვებისა და აზრების ქარიშხალი და ისევ დავიკარგები. ვილაპარაკებ უზომოდ ბევრს, ვივლი, ვიცინებ, დავხატავ, დავწერ, ვიმღერებ და აქედან ვერაფერს კარგად ვერ გავაკეთებ, მაგრამ მეგონება, რომ ძალიან კარგად, მსოფლიოში ყველაზე კარგად ვარ... აი, ესაა ნამდვილი ტანჯვა, ის კი არა, რომ წევხარ და ხმას ვერ იღებ.
დღეს ექიმს ვეჩხუბე. პასუხს ვთხოვდი რატომ ვერასდროს შეძლო ამის თავიდან აცილება. პასუხი არ ჰქონდა. მისმენდა და დანანებით მეთანხმებოდა. "მედიცინა ბევრ საკითხში ჯერ კიდევ უძლურია, გვაპატიე, მთავარია, წამლები დალიო და ჯგუფურ თერაპიაზე სიარულიც არ დაგეზაროს"_ მითხრა ბოლოს და დამაიმედა, რომ ჩემ გვერდით იქნება და სიგიჟეების ჩადენის უფლებას არ მომცემს.
ახლა შუადღეა. დავიღალე ამდენი უსარგებლო ფერადი აბის სმით. ზოგი მრგვალია, ზოგი _ მოგრძო, ზოგი ისე ძნელად იყლაპება, მგონია, ყელში გაჩერდა და ფესვებს გაიდგამს, ზოგი პირშივე იხსნება და საათობით მაზიდებს. სახელი არც ერთის არ ვიცი. მოაქვთ და მანამ მადგანან თავზე, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ დავლიე. ახლა კარგად ვარ და არაფრის დალევა არ მჭირდება. ზოგიერთს ვმალავ ლოყასა და ღრძილს შორის და მერე ტუალეტში ვრეცხავ. რომლების გადაყლაპვაც მიწევს, იმათაც უკან ვიღებ. სულ ადვილია, ჩვენს უნიტაზთან რომ დაიხრები და შიგ ჩაიხედავ, გული თავისთავად აგერევა.
სიჩუმის საათი გვაქვს. მოკუნტული ვწევარ საწოლზე და მუცელი ხელით მიჭირავს.
ისე მტკივა ეს ოხერი კუჭი, თითქოს ჯალათები გადამეყლაპოს და შიგნიდან მაწვალებდნენ, მარწუხებს მიჭერდნენ, მამათრახებდნენ.
მაგრამ რა მოსატანია ფიზიკური ტკივილები. ოღონდ სული ნუ მეტკინება, ოღონდ გული ნუ მეტკინება, ოღონდ შენ ნუ მეტკინები, ნუ დამეკარგები, თავო ჩემო. ოღონდ შენ დამირჩი და ნურსად წამიხვალ, ნუ მომატოვებ ბნელ ღამეში. არ გამიგიჟდე და დამირჩი ისეთი, როგორიც ხარ!
როგორია ლოდინი... როცა წინასწარ იცი, როგორ დაიკარგები, როგორ დაგცინებენ სხვები, შენზე უფრო სულელები და შეშლილები, როგორ გაერთობიან მდაბიო მედდები და რესპექტაბელური ექიმები შენს აჩქარებულ ასოციაციებზე, სიტყვიერ ქარიშხალზე, შენს ნახატებზე, რომლებიც გგონია, რომ შედევრია და, სინამდვილეში, გაწვრთნილ მაიმუნზე ოდნავ უკეთ დაგიხატავს სახლი და მის გვერდით მასზე დიდი სულელური ყვავილი... როგორია, როცა იცი, რომ წელიწადში რამდენჯერმე ერთი და იგივე ჯოჯოხეთი უნდა გამოიარო.
თანაც ეს ექიმიც, ეს ოხერი ექიმიც წინასწარ შეითანხმე, რომ სისულელის ჩადენის უფლება არ მოგცეს...
თუ გაინტერესებთ, როგორია ბიპოლარული დაავადება, მე გეტყვით, რომ გირჩევნიათ ყველა კბილი ერთად დაიძროთ ან ფრჩხილები აიგლიჯოთ, ასე მაინც ვერ გეტკინებათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები