ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გელაშვილი ანნა
ჟანრი: პროზა
11 დეკემბერი, 2018


სტატისტიკა

უხასიათოდ ადგა ზიზი ექთანი, ჰქონდა კიდეც მიზეზი, ღამის მორიგეობა უწევდა. როგორც ჩვევად ჰქონდა, ჯერ თავი გამოჰყო კარში, თვალებით მთელ სამეზობლოს მოედო, რაკი სულიერის ჭაჭანება არ იყო, კარში გამოყოფილ თავს ფიცარივით ტანიც გამოაყოლა, სიგარეტს მოუკიდა და სამი ნაფაზი ზედიზედ დაარტყა.

დილა კი იყო მაგრამ, ჩიხის ქვემოთ, საცხობის წინ თავმოყრილ კაცებს უკვე მოესწროთ დათრობა: "მე ამის დედა მოვ...ან, ბენზინის გარეშე ხომ არავინ ჩაგსვამს მანქანაში," - მუცელზე ხელის რტყმევით ამბობდა ერთ-ერთი.
ცოტა იქით სკოლის მოსწავლე ბიჭები შეჯგუფებულიყვნენ, გაკეცილი რვეულები შარვლის უკანა ჯიბეში ჩაეჩურთათ. ყველაზე დაბალი და მსუქანი ფეხსაცმლის წვერით ჩიჩქნიდა მიწას და ფიზკულტურის მასწავლებლის მისამართით უშვერი სიტყვებით იგინებოდა: "მე მაგის დედა მოვ...ან, მაგას მართლა მწვრთნელი ხომ არ გონია თავი?" "ბო...ი შვილი ვიყო ეგ ორშიმო კაცი თუ ღირდეს ნერვიულობად," -ამშვიდებდა სახენაიარევი ბიჭი.
ექთანი ხალხით სავსე მარშრუტში ავიდა. მძღოლი ცუდ გუნებაზე ჩანდა: "ამათი დედა მოვ...ან და კიდევ იმათი, ვინც ამათ პრავა მისცა"- კბილებში ცრიდა. "აქ გამიჩერე," - უკნიდან გადმოსძახა ვიღაცამ. "გაუჩერე, კაცო, გაუჩერე,"- წინა მხრიდან შეეშველნენ მგზავრს. საჩვენოს დაბრუნებულმა მძღოლმა უეცრად დაამუხრუჭა. "ბარემ მეც ჩავალ,"- ზიზი ექთანმა ხელისგულში გახურებული ხურდა გაუწოდა მძღოლს და ჩასვლისას ქალის ხმა მიჰყვა: "რა იყო, შე კაცო, ცოტა ნელა ვერ ატარებ ამ დედა მო...ულ მარშრუტკას? ხომ ხედავ ლამის აქ გავიშხლართე?"
ექთანმა ზემოთ აწეული კაბა მუხლებისკენ დაქაჩა და საავადმყოფოს შენობაში ცხვირშეჭმუხნული შევიდა. პალატებიდან გამოსული მძიმე სუნი დერეფანში ირეოდა, იმ დერეფანში, ახლა რომ ზიზი ექთანი ფეხსაცმლის ბაკი-ბუკით მიაბიჯებდა. "მოხვედი ზიზი ექთანო?" - ამოიკვნესა სიგამხდრისგან გალეულმა, მოხუცმა ქალმა. "მე მგონი წნევა მაქვს, იქნებ გამიზომოთ... "- გამოეხმაურა მეორე. "ზიზი ექთანო, ცუდად ვარ,"- გვერდით პალატიდან კაცის ხმა მოისმა... ექთანმა წარბშეუხრელად გაუკეთა ჭირვეულ პაციენტებს დამამშვიდებელი და ყავის დასალევად გავიდა.
  ავადმყოფებს რომ ჩაიძინათ, ზიზი ექთანმა ფეხსაცმელი გაიძრო, დაძარღვული, დამძიმებული ფეხები საწოლზე მოკეცა, მკლავით ყური დაიხშო და გაინაბა. მთელი ღამე ყრუდ ჩაესმოდა პაციენტების ხრინწიანი კვნესა -ვედრება: "ვაი დედა!" "სად ხარ დედა?!" "დედაჩემს დაუძახეთ"...
  ზიზი ექთანმა ხალათი გაიხადა, დერეფანი, კიბეები ისე ჩაიარა, არ ამოისუნთქავს, გარეთ გამოსულმა ღრმად ჩაისუნთქა სუფთა, გრილი ჰაერი. გასასვლელში, ფეხი გადაუბრუნდა და წაბორძიკდა. "ამის დედა მოვ...ანო,"- შეიკურთხა და გადაწყვიტა, იმ გზით წასულიყო, სადაც ნაკლებ ადამიანს შეხვდებოდა. ნისლჩამოწოლილ ჩიხში შეუხვია და გაუჩინარდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები