ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2019


-----

აჰა, ამ წელსაც, სასიცოცხლოდ დარჩა ორი დღე,
დროც მოკვდავია დაუნდობელ თავის წინაშე,
დღესაც პოეტის კადნიერი როლი მოვირგე
და მეტიჩრულად მგრძნობიარე ვითვლი წყვდიადებს.

რომლებიც სულში აღმართულან პირქუშ მთებივით,
გულის კედლები ჩაურაზავთ ამ რუხ ნისლებსაც,
ამ ორ ღამესაც ნირწამხდარი დავათენდები
და მერე ისევ განვაახლებ ჩვეულ რიცხვებთან.

იმ ძველ თამაშებს, ცხოვრება რომ ჰქვია სახელად,
რუტინა თვალებს ამომივსებს უდაბნოს ქვიშით
და დოგმად ქცეულ სწორი გზების გადასახვევთან,
ვფიცავ ეს წამიც დაჭრილია სიცოცხლის შიშით.

მახსოვს ის შიშიც უფროსწორად  მისხალი რწმენა,
უღმერთობაზე დაწერილი ლექსის კითხვისას
სისხლის დინება, წამიერად პირუკუ მექცა
და საკუთარმა ქედმაღლობამ მომისაკლისა.

გულში ჩურჩულით გავიფიქრე:    ზუსტად ეს არის,
რასაც ვუწოდებთ ხმაურიან გავარდნას მეხის,
ამპარტავნება ჩამომენგრა დამზრალ კლდესავით,
როცა მამაომ იმ დარბაზში შემოდგა ფეხი.

ის შიშიც მახსოვს, იძულებით, რომ ჩავკალ ჩემში
სიყვარული და მასთან ერთად ყველა სიწმინდე,
რომ ჩემი გული მარცვალ-მარცვალ დავმარხე მკერდში
და იმ წამიდან სამუდამო სევდა ვიშვილე.

მე მეშინია მომლოდინე დედის თვალების,
უცქერს შარაგზას ღამღამობით და უდგას ცრემლი,
როცა სახლამდე ორღობეებს ვაგვიანდები
და ფანჯარასთან კიდევ ერთხელ ამაოდ მელის.

მე კი უმიზნოდ მათარეშებს ღამის მარხილი
და მეამბოხე ცივი ქარი მემსხვრევა ძვლებში,
ეს უძილობაც რახანია სულში ახირდა
და მიწა-მიწა დავაბიჯებ ცოცხალი ლეში.

---------
ჰოდა მამაო, იმ დღეს როცა პატარა ცეცხლი
დამინთე მკერდში, კოცონია - გიზგიზებს ალი,
გწამდეს მამაო ვერ შემაცდენს ვერცერთი ვერცხლი!
მხოლოდ მოდი და საწყისისთვის დამსახე ჯვარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს